Jump to content
×
×
  • Create New...

აფხაზეთის კონფლიქტის სწავლება საჯარო სკოლებში – „ის, რაც ისტორიის სახელმძღვანელოში აფხაზეთის ომის შესახებ წერია, უბრალოდ სამარცხვინოა“


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

უკვე ათწლეულებია ქართველი პოლიტიკოსები გვარწმუნებენ, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი პრიორიტეტია. ამის მიუხედავად, როცა 2012 წელს სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, აფხაზეთის ომის შესახებ ვიცოდი მხოლოდ ის, თუ როდის დაეცა სოხუმი და ვინ იყვნენ ომის მონაწილეები. როგორც ჩანს, ოფიციალური პირები, რომლებსაც ქვეყნის პრიორიტეტების განსაზღვრა ევალებათ, ვერ ხედავენ განათლების მნიშვნელობას კონფლიქტის მოგვარების პროცესში.

IMG_1578-218x122.jpg„განათლების როლი ისტორიის ადეკვატურად აღქმაში ყველაზე მნიშვნელოვანია. მარტივად რომ ვთქვათ, კონფლიქტს ვერ მოაგვარებ, თუ არ იცი, რა მოხდა. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, სახელმწიფოს რა უნდა. გვეუბნებიან, რომ აფხაზებთან მშვიდობიანი გზით გვინდა შერიგებაო, რეალურად კი, სკოლის სახელმძღვანელოებში მოცემული მასალა, კონფლიქტის ხელშეწყობას უფრო ჰგავს“, – აღნიშნავს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში სტუდენტი და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მკვლევარი გაბრიელ ჩუბინიძე.

კონფლიქტის გააზრება და მისი ადეკვატური შეფასება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ კოლექტიურ მეხსიერებაზე, რომელიც საზოგადოებაშია თავმოყრილი. ისტორიული მეხსიერების კულტივირება საგანმანათლებლო სისტემიდან იწყება, რომელიც ახალგაზრდა თაობაში ცოდნისა და ფასეულობების დანერგვაზეა პასუხისმგებელი. მკვლევარი და მეცნიერი ელი პოდე თავის ერთ-ერთ ნაშრომში საუბრობს, რომ განვითარებად საზოგადოებებში, როგორც წესი, სახელმწიფო აკონტროლებს საგანმანათლებლო აპარატებს. შესაბამისად, ის ქმნის ერის კოლექტიურ მეხსიერებას იმის დადგენით, თუ რა შეიტანონ ან რა ამოიღონ სასწავლო გეგმიდან და სახელმძღვანელოებიდან. იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის კონფლიქტის აღსაწერად და გასაანალიზებლად ისტორიის გრიფირებულ სახელმძღვანელოებში მხოლოდ ერთი გვერდია გამოყოფილი, ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ სურთ სახელმწიფო ლიდერებს ჩვენი ისტორიული მეხსიერების გაქრობა და ე.წ. ,,სოციალური ამნეზიის“ გამოწვევა.

კონფლიქტის გააზრების პროცესში განათლების მნიშვნელობაზე გვესაუბრა ისტორიკოსი ბექა კობახიძეც. როგორც თავად აღნიშნავს, ყველგან, განსაკუთრებით კი კავკასიაში, კონფლიქტები მთლიანად დგას კოლექტიურ მეხსიერებასა და ეროვნულ ნარატივებზე.

IMG_1576-1-218x122.jpg

ნეშენალ ჯეოგრაფიკ საქართველო და ქლაუდ სტუდიო

„ყველაზე მეტად, რაც მთლიანად საზოგადოებას გვაკლია, კრიტიკული აზროვნებაა. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს კონფლიქტის ისტორია, როგორ შეიქმნა ქართველი და აფხაზი მოდერნული ერები, როგორ ჩამოყალიბდა მათი ეთნო-ისტორიული ნარატივები. რაც მთავარია, უნდა ვასწავლოთ მეორე მხარის შეხედულებები, იმის მიუხედავად, ვიზიარებთ თუ არა მათ. სხვანაირად შეუძლებელია, გავიაზროთ და ვიგრძნოთ მათი იმპულსები“, – აცხადებს ისტორიკოსი.

აღნიშნული საკითხით ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში დავინტერესდი. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შესასწავლად, ,,კონფლიქტის ანალიზისა და მართვის“ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, ჩავატარე კვლევა და გამოვკითხე ორმოცდაათზე მეტი აბიტურიენტი. გამოკითხულთა უმრავლესობისთვის, როგორც თავად აღნიშნავდნენ, აფხაზეთის თემა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუმცა კითხვაზე, თუ რა განაპირობებდა საკითხის მიმართ მათ ემოციურ დამოკიდებულებას, პასუხი არ ჰქონდათ. საგულისხმოა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ ძირითად ინფორმაციას იღებდა არა ისტორიის გაკვეთილებიდან, არამედ სოციალური ქსელიდან და სატელევიზიო გადაცემებიდან. როგორც ვხედავთ, ის, თუ რა წარმოდგენა შეექმნებათ ახალგაზრდებს აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ, მთლიანად დამოკიდებულია ინტერნეტში ხელმისაწვდომ ინფორმაციებზე, რომელთა ავთენტურობის შემოწმებაც ხშირად შეუძლებელია.

IMG_1579-218x122.jpg,,ისტორიის გრიფირებულ სახელმძღვანელოში აფხაზეთის ომს ერთი ქვეთავი ეთმობა. მოცემული ინფორმაციით მიხვდებით მხოლოდ იმას, თუ როდის მოხდა ომი და ვინ იყვნენ მონაწილეები. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენ ხომ გვინდა აფხაზეთის მშვიდობიანი გზით დაბრუნება? მაშინ, განათლებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ არა მხოლოდ ის, თუ რომელ წელს მოხდა ომი, არამედ მისი გამომწვევი მიზეზები – რატომ დაიწყო ომი, რა შეცდომები დავუშვით და ა.შ.“, – აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ისტორიის მასწავლებელი სოსო მიქელაძე.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მკვლევარი გაბრიელ ჩუბინიძე ფიქრობს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონკრეტული პოზიცია კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, თუ ქვეყნის პოზიცია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაა, ეს განათლების სისტემაზეც უნდა აისახოს, რადგან სკოლა ზუსტად აირეკლავს სახელმწიფოს პოლიტიკას.

,,მაქვს ეჭვი, რომ სახელმწიფოს არ აქვს ერთიანი პოზიცია, როგორ უნდა შეფასდეს აფხაზეთის კონფლიქტი. მათ ეს უბრალოდ არ იციან. ის, რაც ისტორიის სახელმძღვანელოში აფხაზეთის ომის შესახებ წერია, უბრალოდ სამარცხვინოა. ასეთი ცოდნით ჩვენ ვერ მივიღებთ სწორ და ადეკვატურად მოაზროვნე მოქალაქეებს“, – ამბობს გაბრიელ ჩუბინიძე.

იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ხაზგასმული აფხაზეთის კონფლიქტის სიღრმისეული სწავლების საჭიროება, რამდენიმე ძირითადი ფაქტორი იკვეთება: პოლიტიკური შეხედულებები და მიზნები, სამეცნიერო კვლევების სიმწირე და სახელმწიფოს მხრიდან ინტერესის არარსებობა.

,,ჩვენი პოლიტიკოსები, ბოლო 30 წელია, სულ იმის ხაზგასმას ცდილობენ, რომ კონფლიქტის ერთადერთი მიზეზი რუსეთია და აფხაზებს არაფერი აქვთ ჩვენი საწინააღმდეგო. ასეთ დროს, როდესაც სახელმწიფო მსგავსი იდეოლოგიის კულტივირებას ცდილობს, ბუნებრივია, ისტორიის სახელმძღვანელოებში აფხაზების როლისა და მათი დამოკიდებულებების ხაზგასმის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ასევე, ისტორიის გრიფირებული სახელმძღვანელოების შექმნისას, გარკვეულ მონოპოლიზაციასთან გვაქვს საქმე. არიან ავტორები, რომლებიც ათწლეულებია არ იცვლებიან. ამ ფაქტორთა ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ სისტემაში ცვლილებები არ შედის“, – ისტორიკოსი ბექა კობახიძე.

,,საქართველოს უახლესი ისტორია არ არის ობიექტურად შესწავლილი. აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ არ არსებობს სიღრმისეული კვლევები, რომლებსაც შეიძლება დაეფუძნოს ისტორიის სახელმძღვანელოები. და ზოგადად, ამ თემაზე უნდა საუბრობდნენ მეცნიერები და არა პოლიტიკოსები, რომლებიც ისტორიულ მოვლენებს, თავიანთი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე უკეთებენ ინტერპრეტაციას“, – მკვლევარი გაბრიელ ჩუბინიძე.

,,ისტორიული მეცნიერების განვითარებას, რაც აფხაზური კონფლიქტის შესწავლის მნიშვნელოვანი წინაპირობაა და შემდგომ განათლების სისტემაში მის გადმოტანას, დიდი ფინანსები სჭირდება. როგორც ჩანს, სახელმწიფოს არ აქვს ამის კეთილი ნება“, – ისტორიის მასწავლებელი სოსო მიქელაძე.

ისტორიკოსი ბექა კობახიძე ხაზს უსვამს ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის საკითხის მნიშვნელობას. მისი თქმით, აუცილებელია მასწავლებელთა გადამზადება ამ მიმართულებით, რადგან მათ დიდი ნაწილს, თავადვე დაშტამპულ ქართულ ნარატივებზე დაფუძნებული ცოდნა აქვს მიღებული უნივერსიტეტებში.

,,მასწავლებლებმა უნდა გადაიაზრონ გარკვეული ინფორმაციები. ჯერ თავად უნდა გათავისუფლდნენ საკითხის გარშემო არსებული არაერთი სტერეოტიპისაგან და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგნენ მოსწავლეთა სწავლებას“, – აღნიიშნავს კობახიძე.

ზემოთ მოცემულ მოსაზრებას იზიარებს ისტორიის პედაგოგი სოსო მიქელაძეც: ,,მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ყოველთვის ვცდილობ დამატებითი მასალების მოძიებასა და სახელმძღვანელოებში არსებული ინფორმაციების გამდიდრებას, ვფიქრობ, საჭიროა მასწავლებელთა გადამზადება, აფხაზეთის კონფლიქტის უკეთ სწავლების მიზნით. უამრავი ტრენინგი ტარდება სხვადასხვა თემაზე. რატომ არ არის შესაძლებელი, ერთი მათგანი მაინც დაეთმოს მოსწავლეებისათვის აფხაზეთის ომის სწორად მიწოდების საკითხს?“.

საჯარო სკოლების უმეტესობა არ აქცევს სათანადო ყურადღებას იმ საკითხს, თუ როგორ მოხდება თაობებში ისტორიული მეხსიერების გადაცემა. ისტორიის სახელმძღვანელოები არ შეიცავს წარსულისა და მისი შედეგების ანალიზისათვის საჭირო ფაქტობრივ ინფორმაციას. ასევე არ არის მოცემული კონფლიქტის ანალიზი სხვადასხვა პერსპექტივიდან და არ არის წარმოჩენილი კონფლიქტში მონაწილე თითოეული მხარის დამოკიდებულება. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფოს ან საკმარისი მატერიალური და ადამიანური რესურსი არ აქვს იმისათვის, რომ შეიტანოს ძირეული ცვლილებები ამ კუთხით ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ან უბრალოდ ვერ ხედავს სკოლაში მიღებული ცოდნის მნიშვნელობას ისტორიული მეხსიერების შემონახვის პროცესში.

,,დავიღალეთ ,,გაუმარჯოს“ და ,,საქართველო უნდა გამთლიანდეს“ ფრაზებით. თუ მოქმედებაზე არ გადავალთ, ეს ყველაფერი ემოციურ სადღეგრძელოებს დაემსგავსება. განათლების სამინისტრომ უნდა დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არსებული სისტემის შესაცვლელად, რადგან გამოსავალი სწორედ განათლებაშია“, -აღნიშნავს სოსო მიქელაძე.

edu.aris.ge-სთვის მოამზადა ინგა ღოღობერიძემ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share