Jump to content
×
×
  • Create New...

ბედიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

bedia-rvtismsoblis-mizinebis-tazari.jpg?

ბედიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (X-XIII), ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა), დგას სამონასტრო კომპლექსის ცენტრში. აგებულია ბაგრატ III-ის მიერ (სავარაუდოდ, 980-990), რომელიც  აქვე განისვენებს. 

არქიტექტურა. ძველ ტაძარს ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი გეგმა ნაწილობრივაა ცნობილი (შვერილაფსიდებიანი გუმბათიანი ეკლესია)  და რამდენიმე ქვაბკვეთილი ფრაგმენტი: კარის დამაგვირგვინებელი ტიმპანის ორი ქვა, განედლებული ჯვრის გამოსახულებითა და XI ს. კანკელის ნაწილები. ახლანდელი ტაძარი XIII საუკუნის მიწურულს არის აგებული ბედიელყოფილი ნიკოლოზ კათოლიკოსის მიერ. ტაძარი გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია სამი შესასვლელითა და ვიწრო გვერდითი ნავებით. გუმბათი დაყრდნობილია ორ ბურჯსა და საკურთხევლის კედლების კუთხეებზე. ტაძრის ფასადები კარგად გათლილი ქვითაა მოპირკეთებული, ბედიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი თავისი აღნაგობით (რამდენადმე უჩვეულო მხოლოდ აღმ. საფასადო მცირე ნიშებია), ინტერიერის დამუშავებითა და გარე სამკაულით იმდროინდელი ქართული ხუროთმოძღვრების ტიპური ნაგებობაა. განსაკუთრებით ენათესავება  სამცხის თანადროულ ტაძრებს. შესაძლოა, XV-XVI სს. ტაძარი კვლავ აღადგინეს (იმჟამინდელი უნდა იყოს გუმბათის ყელი). XX საუკუნის დასაწყისში ბედიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარის „მოვლა“ რუსმა ბერებმა ითავეს, თუმცა მხოლოდ ის მოახერხეს, რომ პერანგის დიდი ნაწილი ჩამოხსნეს, მერე კი საერთოდ მიატოვეს. ჩვენს დრომდე არც გუმბათს მოუღწევია. ტაძრის  სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა 1960-1970 წლებში (ი. ვარსიმაშვილი, ლ. რჩეულიშვილი). 1992-1993 წლებში საომარი  მოქმედებების დროს ბედიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სამხრეთ კედელს ჭურვი  მოხვდა. მონასტრის დასავლეთ მხარეს საკმაოდ დიდი სასახლეა, ხოლო ჩრდ. შესასვლელი  კარის თავზე არის XIV ს. სამრეკლო. 

bediis-tazari-interieri.jpg?w=193ბედიის ტაძარი. ინტერიერი

მხატვრობა. ტაძრის კედლის მხატვრობიდან, სამწუხაროდ, მხოლოდ მცირე ნაშთია  შემორჩენილი, სამხრეთ კედლის  აღმოსავლეთ ნაწილში გამოსახულია  ქტიტორი – ბაგრატ III (ტაძრის  მოდელით ხელში). მეფე გამოსახულია თვალ-მარგალიტით შემკული დიდი, მაღალი დაუკბილავი გვირგვინით. მეფის  უკან, დასავლეთით, მოჩარჩოებულ  ფართობზე წარმოდგენილია  ორი ფიგურა: გვირგვინოსანი  მანდილოსანი მხრებზე თეთრი მანდილით და მის წინ  მდგომი ყრმა. სამი ფიგურის ხელები მიმართულია ვედრების მოძრაობით ღვთისმშობლის გამოსახულებისკენ, რომელიც მოთავსებულია სადიაკვნოს  შესასვლელის თავზე. მეფის  ფიგურასთან შემორჩენილი  წარწერებიდან ირკვევა, რომ ეს ბაგრატ მეფეა, რომელსაც ეს  ტაძარი ღვთისმშობლისათვის მიუძღვნია. მეფის სახე  შესრულებულია თბილი და  მკვრივი მოვარდისფრო-ყვითელი ძირითადი ტონით. არ  არის გარკვეული, ეს პორტრეტი ბაგრატ III-ის „ისტორიული“ წარმოსახვითი პორტრეტია, თუ მოხატვის დროინდელი  მეფის – ბაგრატ V-ის. ტაძრის  ჩრდილოეთ კედელზე ქტიტორების  გამოსახულებასთან შემორჩენილია ხუთსტრიქონიანი წარწერის ნაწყვეტი. ასევე კედლებზე შემორჩენილია სხვა  კომპოზიციებიც (უსინათლოს განკურნება, საუბარი სამარიტელ დედაკაცთან,  ძველი აღთქმის სამება, წმინდანების ფიგურები და სხვ). დედოფლის გამოსახულებას ახლავს წარწერა – მარიხ (დადიანი, XVI საუკუნე).

წარწერები. დღეისათვის ცნობილია ბედიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კედლებზე, სამრეკლოსა და საეპისკოპოსო პალატზე სხვადასხვა დროს ამოკვეთილი 4 ქართული ასომთავრული წარწერა. მ. ბროსეს ცნობით, ბედიის ტაძრის დასავლეთ კედლის კუთხის ერთ-ერთ ქვაზე ამოკვეთილი ყოფილა წარწერა, რომელიც ამჟამად არსად ჩანს. სავარაუდოდ, იგი განადგურდა XIX საუკუნის II ნახევარში ტაძრის განახლებისა და მოპირკეთების დროს. მისი ტექსტი ასეთია: „წმიდაო ღმრთისმშობელო, მეოხ ექმენ წმიდისა ამის საყდრისა ამშენებელს, გალატოზთაუხუცეს სჳმეონს“. წარწერა შინაარსით ბედიის ტაძრის აგების დროს განეკუთვნება და X საუკუნით თარიღდება. მ. ბროსესავე ცნობით, ბედიის მონასტერში დასავლეთით მდებარე დანგრეული სამრეკლოს აღმოსავლეთ შესასვლელის თავზე ჩასმული იყო ფილა ასომთავრული წარწერით. იგი, როგორც ჩანს, იმ დროსაც დაზიანებული იყო, რადგან მ. ბროსეს მისი მხოლოდ ფრაგმენტები აქვს გამოქვეყნებული. ამჟამად ეს ფრაგმენტებიც არსად ჩანს. მ. ბროსეს მიერ გამოქვეყნებულ მასალებსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული (თ. ჟორდანიას პირადი საარქივო ფონდი, №393) წარწერის ტექსტის გადმონაწერზე დაყრდნობით, ეს წარწერა შეიძლება ასე წავიკითხოთ: „[† ღმერთო, შეიწყალე სული ამის] მაშენებლისა ნიკოლაოზ კათალიკოზისა და სოფრონ ბედიელისა – გონგლიბაჲსძეთასა; შეიწყალენ ღმერთმან“. 

წარწერაში მოხსენიებული ნიკოლოზ კათოლიკოსი, სავარაუდოდ, არის ბედიელყოფილი ნიკოლოზი. იგი XIII საუკუნის II ნახევრის მოღვაწეა (ე. მეტრეველი) და წარწერაც ამის მიხედვით XIII საუკუნის II ნახევრით თარიღდება. ერთ-ერთი გადარჩენილი და ჩვენს დრომდე მოღწეული წარწერა 3 სტრიქონად არის ამოკვეთილი ქვის ფილაზე, რომელიც ჩასმულია სამრეკლოს დასავლეთ კედელში. მისი ტექსტი ასეთია: „† ადიდენ ღმერთმან მეფეთა მეფე კოსტანტინე, ძე დავითისი, ამენ“. წარწერაში დასახელებული მეფე არის კონსტანტინე I, დავით ნარინის ძე, ამის მიხედვით წარწერა 1293-1327 წლებით თარიღდება. მეორე, ჩვენამდე მოღწეული ასომთავრული  წარწერა, ასევე 3 სტრიქონად არის ამოკვეთილი მოწითალო ფერის ქვის ფილაზე, რომელიც წარმოადგენს საეპისკოპოსო პალატის აღმოსავლეთ (მარჯვენა) შესასვლელის ტიმპანს. წარწერა ადგილ-ადგილ დაზიანებულია, მესამე სტრიქონი თითქმის გადაშლილია, მაგრამ მის შესახებ არსებული მასალის საფუძველზე მთელი ტექსტის აღდგენა ადვილად შეიძლება და იგი ასე იკითხება: „† აღმაშენებელი პალატისა ამის ბედიელი მიტრაპოლიტი (!)  ანტონი (ჟუანისძე; შეუნდვნეს ღმერთმან, ამენ]“. ანტონ ჟუანისძე, ლევან I დადიანის (1532-1572) თანამედროვეა. ამიტომ წარწერაც შეიძლება აღნიშნული პერიოდით დათარიღდეს.

იხილე აგრეთვე ბედიის მონასტერი

ლიტერატურა:

Рчеулишвили Л. Д.,купольная архитектура VIII-X веков в Абхазии, Tб., 1988;

Шервашидзе Л. А., Средневековая монументальная живопись в Aбxaзии, Tб., 1980.

სილოგავა ვ., ქართული წარწერების კორპუსი, წგ. 2,  დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკვ. 1 (IX-XIII სს.), თბ., 1980.

დ. თუმანიშვილი, ვ. სილოგავა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share