Jump to content
×
×
  • Create New...

ბედიის ბარძიმი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

bediis-barzimi.jpg?w=191

ჭედური თასი (X საუკუნის ბოლო), შუა საუკუნეების ქართული ოქრომქანდაკებლობის უნიკალური ძეგლი. XX საუკუნის 30-იან წლებამდე იგი ინახებოდა ილორის სალოცავში, რადგან ბედიის ტაძარი ძლიერ იყო დაზიანებული. ამჟამად ბედიის ბარძიმისგან გადარჩენილია მხოლოდ ზედა ნაწილი (სადგარი აღარ აქვს, როგორც ჩანს, ბარძიმის პირვანდელი  სადგარი დამოუკიდებლად ყოფილა დამუშავებული და მერე მიმაგრებული. გვიანდელი სადგარი XVI საუკუნეში მიუმატებიათ). დ. ბაქრაძემ სადგარი (ფეხი) ნახა 1865 წელს, მაგრამ ეს არ იყო პირვანდელი სადგარი, რასაც გვამცნობს მისი წარწერა: „ყოვლად წმიდაო დედოფალო ვლაქერისა ღვთისმშობელო, შემიწყალე მე, ბედიელ მიტროპოლიტი გერმანე ჩხეიძე, რომელი ღირს ვიქმენ კადრებად შემკობად ფეხსა წმიდასა ამის ბარძიმისა“. როდესაც დ. ბაქრაძემ 1883 წელს ისევ ნახა ბედიის ბარძიმი, აღნიშნა: „ეხლა ფეხი მოკვეთილი აქვს და იმისი წარწერაც დაკარგულია“. ბედიის ბარძიმი ბურთის მსგავსი უძირო თასია, გამოჭედილია ხალასი ოქროს (92%-იანი) ერთი მთლიანი მკვრივი ზოდისაგან (წონა – 752 გრ., სიმაღლე – 12,5 სმ, პირის დიამეტრი – 13.5-14 სმ, ძირი – 9.5-10  სმ); თასი ოდნავ მოდრეკილია. პირის კიდეებზე გარედან  გამოყოფილია გლუვი ოლე (დაახლოებით 1 მმ სიგანის), სადაც მთელ სიგანეზე ჩამოსხმულია ასომთავრული წარწერა, რომელიც  იწყება მაცხოვრის გამოსახულების ოდნავ მარჯვნივ. ბედიის ბარძიმი შესრულებულია 999 წელს, მისი ზედაპირი სვეტებიანი თაღედით 12 არედაა დაყოფილი.  თითოეული კამარის ქვეშ ანფასით განთავსებულია თითო ფიგურა. ორ კომპოზიციურ ჯგუფში არიან გაერთიანებული მჯდომარე და მდგომარე  ფიგურები. ერთ მხარეს „საყდარსა ზედა მჯდომი“ ქრისტეა გამოსახული, მეორეზე კი – მჯდომარე ღვთისმშობელი ჩვილით. მათ შორის, მარჯვნივ და მარცხნივ, თაღედით შეკრულ წრეებში, ანფასში გამოსახული არიან ხუთ-ხუთი ფეხზე მდგომი მოციქულისა  და მახარებლის ფიგურები. თითოეულ ფიგურას, ღვთისმშობლის გარდა, დართული  აქვს მარცხნიდან მარჯვნივ  გაყოლებული წარწერა. ყველა მდგომი ფიგურა კომპოზიციურად გაერთიანებულია  მჯდომარე ფიგურასთან. ეს მიღწეულია თავების ოდნავი დახრილობით შუა ფიგურისკენ – ფეხთა ტერფების მიმართულებითა და ხელების მოძრაობით. ღვთისმშობლისგან მარჯვნივ და მარცხნივ გამოსახული არიან წმ. პეტრე და წმ. პავლე, ქრისტეს გვერდით კი – წმ. იოანე და წმ. იაკობი. გამოსახულებები მაღალ  რელიეფშია გამოყვანილი. თავისა და პირისახის ნაკვთები ისეა გადმოცემული, როგორც თითქმის მრგვალ ქანდაკებაში. სწორედ ამიტომ ბედიის ბარძიმის ხანდაზმულობისა და მისი ხშირი ხმარების გამო ზოგან ნაკვთები გადახეხილია. მიუხედავად ამისა, მთლიანი ზოდიდან გამოჭრილი ბარძიმი არაჩვეულებრივი სიმკვრივისაა. გამორჩეული ოსტატობით არის შესრულებული მაცხოვარი, ღვთისმშობელი და ყრმა. უფალს, სამყაროს მეუფეს, მედიდური გამომეტყველება აქვს, ღვთისმშობელს კი – მწუხარე. დანარჩენი ფიგურები მოკლებული არიან ინდივიდუალობას. 

ბედიის ბარძიმის რელიეფში აშკარად იგრძნობა მონუმენტის ძიებანი. ოსტატი დიდი მონდომებით და მხატვრულად გადმოსცემს  ფიგურების სამოსს. ქრისტეს, ღვთისმშობლისა და ყრმის ჩაცმულობა გადმოცემულია მტკიცედ დადგენილი ხატწერით – მუდამ და უცვლელად გამეორებული ტრაფარეტით. სხვა შემთხვევაში ოქრომქანდაკებელი წარმოადგენს მოძრაობას, რომელიც მიჰყვება სამოსის ნაოჭების თავისუფალ დენას. ბარძიმის ზედაპირზე განთავსებული 12 ფიგურა (ოსტატმა არ გამოჭედა ორი მოციქული – ურწმუნო თომა და იუდა ისკარიოტელი) დეკორაციულად თაღედითაა გაერთიანებული. კამარები ეყრდნობა ორმაგ გრეხილ სვეტებს, ორივე მთავარი რგოლის კამარები კი – დამსხვილებულ ერთმაგ სვეტებს, რომლებიც ორნამენტირებულია ნაირნაირი სახეებით. ორნამენტული მორთულობა შესრულებულია ქანდაკებისებური და არა გრავირებული ან  სევადით გამოყვანილი ნახატით. ასე რომ, ბედიის ბარძიმის შემსრულებლის ხელოვნებაში უკვე თავს იჩენს ოქრომქანდაკებლობის ახალი პრინციპები. ბედიის ბარძიმი მეფე ბაგრატ III-მ და დედამისმა, გურანდუხტმა, შესწირეს ბედიის ტაძარს.

ლიტერატურა:

ჩუბინაშვილი გ., ბედის ოქროს ბარძიმი, საქართვ. სახელმწ. მუზეუმის „მოამბე“, 1940,  ტ. 10 – B.

თ. საყვარელიძე

იხილე აგრეთვე ბედიის ბარძიმი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share