Jump to content
×
×
  • Create New...

ბარაკონი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

barakoni-rvtismsoblis-tazari.jpg?w=1024ბარაკონი. ღვთისმშობლის ტაძარი

„ბარაკონი“ – ღვთისმშობლის შობის ტაძარი სოფელ წესთან (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ნიკორწმინდის ეპარქია). მდებარეობს მდ. რიონის მარჯვენა ნაპირზე, ამბროლაურიდან 7 კმ დაშორებით. 

„ბარაკონი“ ნიკორწმინდის სახელგანთქმულ ტაძართან ერთად, რაჭის ყველაზე დიდი საეკლესიო ნაგებობაა. იგი როსტომ რაჭის ერისთავმა XVIII ს. შუა  ხანებში, 1753 წელს ააშენებინა.

„ბარაკონი“ ქვით ნაშენი გუმბათიანი ტაძარია. მან დღემდე მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე მოაღწია. გეგმა მარტივი აქვს: უშვერილო და უმინაშენო სწორკუთხედი. ღრმა აფსიდა ბემის გარეშეა გამოყოფილი. პასტოფორიუმები სწორკუთხა და უაფსიდოა. მათ თავზე თითო ოთახია, რომლებიც შეწყვილებული ღია თაღებით ერთვის სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებს. ეკლესიაში პატრონიკეები არ არის. მასში სამი შესასვლელია: დასავლეთისა (ეკლესიის შუა ღერძზე), სამხრეთისა და ჩრდილოეთის (ჩრდილოეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მონაკვეთებში, ერთმანეთის პირისპირ). ყოველ მკლავსა და საკურთხეველში სამ-სამი სარკმელი ერთნაირადაა განლაგებული: შუა სარკმელი დანარჩენ ორზე ბევრად მაღლა მდებარეობს. ასევე თითო სარკმელია დასავლეთ კედლის განაპირა მონაკვეთებში, თითო – სადიაკვნესა და სამკვეთლოში, აღმოსავლეთიდან. გუმბათის ყელზე 12 სარკმელია. სამკვეთლო და სადიაკვნე საკურთხეველთან ფართო და ღია თაღებითაა დაკავშირებული, ამრიგად, საკურთხევლის სამივე ნაწილი ერთ მთლიან სივრცედ აღიქმება. კიდევ უფრო დიდი თაღებია სადიაკვნედან და სამრეკლოდან ტაძრის მთავარი სივრცისკენ, ისინი არსებითად, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების მხარეს მთელი სიგანითაა გახსნილი. საკურთხევლის სამივე ნაწილში ქვის ტრაპეზები დგას. ტაძრის ყველა თაღი და კამარა ნახევარწრიული მოხაზულობისაა. კედლები და კამარები მოუხატავია. კამარებისა და გუმბათის ქვა კარგადაა გათლილი. თლილი ქვისაა ბურჯები, გუმბათქვეშა სალტე, ყველა თაღი, გარდა სარკმელთა თაღებისა, კედლის სვეტები, პასტოფორიუმების წირთხლები, იატაკი. საკურთხეველი ორი საფეხურითაა ამაღლებული. სამხრეთ მკლავში, სადიაკვნის წინ, როსტომ ერისთავის საფლავია: უზარმაზარი ლოდი ეპიტაფიითა და მოჩუქურთმებული არშიით. ტაძარში შემორჩენილია ექვსიარუსიანი კანკელი, რომელიც საკურთხევლის სიმაღლეს ნახევარზე მეტად სწვდება. 

ტაძრის ფასადები მთლიანად თლილი ქვისაა. გუმბათის ყელი, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები, პორტალები, სარკმლები და ლავგარდნები მრავალრიცხოვანი ჩუქურთმითაა მორთული. აღმოსავლეთ ფასადზე, საკურთხევლის სარკმელთა ორივე მხარეს, კედელში თითო ნახევარწრიული ვიწრო ნიშია. სარკმლის საპირეების მორთულობის გარდა, აქ დიდი ადგილი უჭირავს ორნამენტულ ჯვრებს, დისკოებსა და არშიებს. დიდი ორნამენტული ჯვრებია დასავლეთ ფასადზედაც. 

„ბარაკონი“ თავის დროზე ქვის ფილებით ყოფილა გადახურული. ის ახლაც ჩანს თუნუქის ახალი სახურავის ქვეშ. 

ეკლესიის ქტიტორს, როსტომ ერისთავს, მრავალრიცხოვანი წარწერები ამოუკვეთია ტაძრის კედლებზე. დასავლეთ ტიმპანში არსებული წარწერიდან ვიგებთ მაშენებლის ვინაობას, ტაძრის აგების თარიღს და იმას, რომ ეკლესია ღვთისმშობლისადმი იყო მიძღვნილი. საინტერესოა ისიც, რომ წარწერის ტექსტის ავტორი და შემსრულებელიც („მჩხრეკელი ქვისა,) ერისთავის ძმა, აფხ. კათოლიკოსი ბესარიონი (1742–1769) ყოფილა. აღმოსავლეთ ფასადზე, დიდი ჯვრის ძირში მხედრული წარწერით მოხსენიებულია ტაძრის ხუროთმოძღვარი ავთანდილ შულავრელი. 1991 წლის ოქტომბერს მიწისძვრისგან დაზიანებული  „ბარაკონის“ რესტავრაციის დროს, ჩრდილოეთ ფასადზე, შუა სამრეკლოს ქვეშ, მანამდე ნალესობით დაფარული ხუროთმოძღვრის მეორე წარწერაც აღმოჩნდა.  შულავრელი ავთანდილის სახელი არც ერთ სხვა წარწერასა  და საბუთში არ ჩანს, მაგრამ, ცხადია, რომ იგი გამოცდილი  ოსტატი უნდა ყოფილიყო.

„ბარაკონი“ გვიანი ფეოდალური ხანის ეკლექტიზმის მკაფიო ნიმუშია, სადაც ნაწარმოების შინაგანი მხატვრული მთლიანობა და აზროვნების ლოგიკური თანამიმდევრობა არ არსებობს. გეგმისა და შინაგანი სივრცის ცალკეული ელემენტების განლაგება-გამოყენებით „ბარაკონი“ XII-XIII საუკუნეების მიჯნის ძეგლებს უახლოვდება, მეორე მხრივ, გეგმის პროპორცია – მისი მიახლოება კვადრატთან, კორპუსის ტანისა და გუმბათის სიმაღლეთა შეფარდება – მას უკვე XIII საუკუნის მიწურულისა და XIV საუკუნის ძეგლებთან აახლოებს. ასეთი ვითარებაა გარე მასებშიც: გუმბათის ყელზე ყოველ წახნაგზე ნამდვილი სარკმელია XII-XIII საუკუნეების გუმბათების მსგავსად, და არა ყრუ და ნამდვილი სარკმლების მონაცვლეობა, როგორც XIII საუკუნის მიწურულიდან და XIV-XV საუკუნეებში კეთდებოდა. ფასადთა დამუშავება იმ ხასიათისაა, როგორც XIII-XIV საუკუნეების მიჯნიდან იყო მიღებული: არავითარი ნიშანი დეკორატიული თაღედისა, გლუვი, შიშველი კედლების დიდი სიბრტყეები და მათზე განლაგებული ცალკეული სამკაულები, მოჩუქურთმებული  საპირეები, ჯვრები, როზეტები; თუმცა მოჩუქურთმებული ლავგარდნები უფრო ადრინდელ ტრადიციას ეხმაურება, რადგან XIII საუკუნის მიწურულიდან და XIV საუკუნეში ლავგარდნებს  აღარ აჩუქურთმებდნენ. იგივე  ითქმის ცალკეულ არქიტექტორულ და დეკორატიულ მოტივებზედაც, რომელთა შესაქმნელად ოსტატი სხვადასხვადროინდელ წყაროებს მიმართავდა. ინტერიერში ბევრი რამ მხატვრულად ვერ არის დაძლეული. შინაგანი სივრცე ფართოა, მაღალი, დაუნაწევრებელი. სივრცის ასეთი ხასიათი უფრო მძლავრ ცენტრს, დომინანტს მოითხოვს, გუმბათი კი თუმცა მაღალია, მაგრამ წვრილია და ამ სივრცისთვის შეუფერებლად სუსტი.

პასტოფორიუმების შესასვლელთა თავზე მრგვალი სვეტით გაყოფილი წყვილთაღიანი ღია სარკმლები მკაფიოდაა გამოყოფილი. ისინი ძალიან მუქ, ჩაბნელებულ ლაქებს ქმნიან კედლებისა და სვეტების თეთრ ზედაპირებზე და თითქოს საყრდენ წერტილებს წარმოადგენენ ინტერიერში. ეს მოტივი სვეტიცხოვლის გავლენას უნდა მიეწეროს, თუმცა ავთანდილისეული კომპოზიცია მასთან შედარებით მდარეა. სვეტიცხოვლიდან უნდა იყოს გადმოღებული სამ-სამად დაჯგუფებული სარკმლებიც, მაგრამ „ბარაკონში“ ისინი ერთმანეთზეა შემჯდარი. ხუროთმოძღვარი მას ოთხჯერ იმეორებს და ოთხივეჯერ ერთნაირად. 

ხუროთმოძღვრული დეტალების მხრივ ინტერიერი მწირია, ესენია: გუმბათქვეშა სვეტების კვადრ. ორსაფეხურიანი ბაზისები ღარიანი და ლილვიანი პროფილებით; ამ სვეტების, პილასტრების ტლანქი, მსხვილელემენტიანი სვეტისთავები.

ტაძრის ფასადთაგან მშენებლის ყურადღება უმთავრესად აღმოსავლეთისა და დასავლეთისაზე იყო მიპყრობილი. ორივე ინტენსიურადაა დამუშავებული არქიტექტორული და დეკორატიული მოტივებით. ოსტატი იცავს უმთავრეს წესებს – კომპოზიციის ერთადერთი საფუძველი სიმეტრიაა, თუმცა ელემენტების ურთიერთგანლაგების საკითხი, სარკმლების განთავსების რიტმი, პროპორციები აქ დაუძლეველია: აღმოსავლეთ ფასადზე ყველაფერი შუა ღერძზეა დახვავებული. ოსტატი ვერ ასხვავებს მთავარსა და დაქვემდებარებულ ნაწილებს. აღმოსავლეთ ფასადზე დიდი ორნამენტული ჯვრის ქვემოთ განთავსებული საკურთხევლის სარკმლითა და მის ქვეშ ჩაშვებული რთულპროფილიანი ჩუქურთმებიანი არშიით მკვეთრადაა აღნიშნული ცენტრალური ღერძი. მის ორსავე მხარესაა განლაგებული სხვა ელემენტები – მცირე ორნამენტული ჯვრები მთავარი ჯვრის ძირში, საკურთხევლის ორი ქვედა სარკმელი, ვიწრო ნიშები, პასტოფორიუმის სარკმლები, მათ თავზე კი – ზემო ოთახების სულ მრგვალი სარკმლები წრიულ საპირეებში. ოსტატმა გარკვეული ორიგინალობა გამოიჩინა შუა არშიის დამუშავებისას. ამ მოტივის ძირები XI და XII საუკუნეებს მიეკუთვნება, მაგრამ ისეთი განვითარებული სახის მრავალნაწევრიანი არშია, რომელიც ტაძარშია, ადრე არავის გაუკეთებია. დასავლეთ ფასადზე ცენტრალური ღერძი ასე მკვეთრი არ არის, მაგრამ მაინც მკაფიოდ ისახება პორტალის, ორ რეგისტრად განლაგებული სამი ცენტრალური სარკმლისა და სულ ზემოთ მცირე ორნამენტული ჯვრის მიერ. ამათ ერთვის ორი განაპირა სარკმელი, ორი დიდი და ორიც მცირე მოჩუქურთმებული ჯვარი. ორივე ფასადის წიბოებზე „წვეთებიანი“ გრეხილებია აყოლებული. დასავლეთ ფასადი თვალნათლივ მოწმობს, რომ ხუროთმოძღვარს არ გაუთვალისწინებია სარკმელთაშორისი მანძილები, რასაც აქ არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. განსაკუთრებით უსიამოვნოდ გამოიყურება ორი უზარმაზარი ტლანქი ჯვარი შესასვლელის ორივე მხარეს. 

გუმბათის ყელის მორთულობა უფრო ჩამოყალიბებულია. ხუროთმოძღვარს აქ საშუალება ჰქონდა, დამყარებოდა იმხანად უკვე შემუშავებულ სისტემას, რომელსაც უმნიშვნელო ვარიაციებით ვხვდებით XVIII ს. ქვის ორ სხვა გუმბათზედაც – თბილისის სიონსა და ლარგვისში. XIV-XV სს. გუმბათებისგან განსხვავებით, სარკმლის მორთულობას აქ წახნაგის მთელი სიგანე უჭირავს, XI-XIII საუკუნეების გუმბათებისგან განსხვავებით კი, სარკმლების ზემოთ არე მოურთველია, მკვეთრადაა ხაზგასმული ყელის წიბოები, თითოეულს გრეხილი ლილვი აქვს აყოლებული. ლილვები სარკმლის თაღებს სცილდება და ზედა ჰორიზონტალურ ლილვს ებჯინება. ამ შვეული და თარაზული გრეხილი ლილვების წყალობით გუმბათის ყელის ჩონჩხი თითქოს გრაფიკულადაა გამოსახული. საერთო სიხისტეს ვერ ანელებს შვეული გრეხილის კენწეროში აქეთ-იქით გადმოშლილი ფოთლები და სამკაულებიანი ბურთულები სარკმლებს ზემოთ. 

„ბარაკონის“ ფასადზე სარკმელთა მოჩარჩოების მარტივი თაღოვანი ტიპია გამოყენებული. ყველა სარკმელს საპირე უვლის გარს. აქაური სარკმლების ტიპი („სათაურისა, კუთხის კვადრატების, ბურთულებისა და სარტყლიანი „კონების“ გარეშე) ყველაზე ზუსტად იმ ტიპს უახლოვდება, რომელიც XIII საუკუნის ნახევრიდან უფრო გამოიყენებოდა.

პორტალების მოჩარჩოება თავისი არშიით ყველგან თაღოვანია. ეს საგულისხმოა, რადგან ყველა იმდროინდელი ქვისპერანგიანი ძეგლი განსაკუთრებულ მიდრეკილებას იჩენს სწორკუთხა საპირეებისადმი. სრულიად არ არის გამოყენებული არც ისრული მოხაზულობა, რომელიც საერთოდ უცნობია „ბარაკონისთვის“. 

XIII საუკუნის II ნახავრიდან გავრცელებული და XIV-XV საუკუნეების ფესვგადგმული ხერხი – ჩუქურთმისა და პროფილის „ჩაძირვა“ კედლის სიბრტყეში – აქაც ინარჩუნებს ძალას. თუმცა ამ „ჩაძირული“ პროფილების გვერდით ბარაკონის ოსტატი ხაზგასმითა და გადაჭარბებით რელიეფურ, თითქოს ხელოვნურად გაბერილ პროფილებს იყენებს. ეს უკვე XI საუკუნისთვის დამახასიათებელი ნამდვილი პლასტიკა აღარ არის, არამედ ტლანქი, გაბერილი, შინაგანად ცარიელი ფორმებია. 

სიჭრელე ჩანს ჩუქურთმის შესრულებაშიც. მათი კვეთა ზედაპირულია, დუნე, არაპლასტიკური. ლენტები და ფოთლები ისე წვრილია, ლითონზე ნაკვეთი ჩუქურთმის მექანიკურ გამეორებას გვაგონებს. ამ შემთხვევაში დაკარგულია მასალის – ქვის – გრძნობა. 

მოტივების მხრივ ბევრია გეომეტრიული სახე, მაგრამ შესამჩნევია ფოთლოვანი სახეებისკენ დიდი მისწრაფება. მცენარეული მოტივებისადმი ინტერესის ამგვარი გაღვიძება საგანგებოდაა აღსანიშნავი, რადგან XIII საუკუნის II ნახევრიდან დიდად ჭარბობდა გეომეტრიული სახეები. მათ დიდ უმეტესობას საფუძველი XI-XIII სს. მდიდარ და განვითარებულ რეპერტუარში აქვს  ჩაყრილი.

„ბარაკონის“ მორთულობა გვიანი ეპოქისთვის დამახასიათებელ სურათს წარმოადგენს. მორთულობა უხვია, ორნამენტაცია მშრალი, თითქოს გამოფიტული, ძირითადი წყარო ძველი ქართული ხუროთმოძღვრული დეკორის ფონდიდანაა, მაგრამ მისი სიმდიდრე მექანიკურად, დამოუკიდებელი გააზრების გარეშეა გამოყენებული. აქედანაა ეკლექტიზმი, დეკორისა და ხუროთმოძღვრების ჰარმონიული შერწყმის უქონლობა. ნიშანდობლივია, რომ მის მორთულობაში სრულიად არაა ფიგურული რელიეფები, რომლებიც XVII საუკუნის მიწურულსა და XVIII საუკუნის ძეგლებში, ჩვეულებრივ, საკმაოდ თვალსაჩინოა. 

ძალზე საგულისხმოა, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ქვისპერანგიან ძეგლთაგან განსხვავებით, ბარაკონის მორთულობაში არ ჩანს ირანული ან სხვა რაიმე უცხო მოტივების გაჟონვის კვალი. ეს ეხება როგორც მთლიანად კომპოზიციას (უპირველეს ყოვლისა – პორტალებს), ისე ხუროთმოძღვრულ პროფილებსა და ორნამენტულ სახეებს.

მიუხედავად მხატვრული ჩამოქვეითებისა და ძველი ნიმუშების დამახინჯებისა, „ბარაკონი“ უფრო სუფთად ინახავს ქართული ხუროთმოძღვრების დეკორის რეპერტუარსა და კომპოზიციურ ხერხებს, ვიდრე ამავე პერიოდის ანანურის ან ნიჩბისის  წმ. ნიკოლოზის ეკლესიები.

ლიტერატურა

ბერიძე ვ., XVI-XVIII  საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994.

მ. გაბაშვილი

Share on other sites

  • ფორუმელი

მე კიდევ რესტორან "ბარაკონზე" მეგონა თემა...
მოკლედ სანახავი მაქვს რაჭა :uxe:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share