Jump to content
×
×
  • Create New...

სახელმწიფო პანდემიით დაზარალებულებზე არათანაბრად ზრუნავს


Recommended Posts

  • ფორუმელი

ავტორები: ია ასათიანი და აიდან იუსუბოვა

საქართველოში კოვიდით ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოჩენისთანავე, ჩვენი მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის შექმნაზე ალაპარაკდა. 2020 წლის მარტში მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა სამოქმედო გეგმა, რომელსაც “მოქალაქეებზე ზრუნვა” უწოდა. გეგმის მისიაც ეს უნდა ყოფილიყო. თუმცა, ერთი წლის თავზე ვხედავთ, რომ ეს გეგმა თანაბრად ვერ უზრუნველყოფს ყველას გადარჩენასა და ხელშეწყობას. სიცოცხლე კი ყველას თანაბრად უნდა.

ანტიკრიზისული გეგმა მოიცავდა კომპენსაციების გაცემას იმ ადამიანებისთვის, ვინც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა ან პანდემიამდე თვითდასაქმებული იყო.  

სამსახურდაკარგულთათვის და უხელფასო შვებულებაში მყოფთათვის 1,200-ლარიანი ანაზღაურება განიზრახეს. მათ ექვსი თვის განმავლობაში 200 ლარი უნდა აეღოთ. თვითდასაქმებულებს კი ერთჯერად სამასლარიან დახმარებას დაჰპირდნენ.  

უმუშევრობის ორასლარიანი კომპენსაცია მიიღეს იმ ადამიანებმა, ვინც ხელფასს ოფიციალურად იღებდა. მათი მონაცემები სახელმწიფო უწყებებს დამსაქმებელმა თავად მიაწოდა. 

24 აპრილს, ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ორასლარიან უმუშევრობის მიზნობრივ სოციალურ დახმარებას 350,000-ზე მეტი ადამიანი მიიღებდა და ამისთვის 460 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა. 

social-1-1024x590.png

რამაზ გერლიანი, “ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” პრეზიდენტი  მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არ იყო მზად ამ პროგრამის გასატარებლად, მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან გეგმის შესამუშავებელი დრო ჰქონდათ. ეკონომისტი ფიქრობს, რომ ძალიან ვიწროდ იყო შერჩეული მოქალაქეების სპექტრი და ზედმეტად ბევრ ხისტ კრიტერიუმსაც მოიცავდა. 

“ხელისუფლება ამ მოდელის გასატარებლად საერთოდ არ იყო მზად, როდესაც ამბობ, რომ 350,000 ადამიანი მიიღებს ყოველთვიურად ორასლარიან კონპენსაციას და ამ დროს, რიგ თვეებში გაქვს 120,000, რიგ თვეებში 90,000, ეს არის, პრაქტიკულად, შენი მონაცემების თავდაყირა დაყენება. ეს ადასტურებს, რომ სწორი გათვლა კი არა, პროგნოზული გათვლაც კი არ ჰქონიათ.” 

ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისას არავის გაუთვალისწინებია, რომ მოსახლეობის ნაწილს უწევს რამდენიმე სამსახურში ერთდროულად მუშაობა, რომ ცხოვრების ელემენტარული პირობები შეიქმნას. მათ დაკარგეს შემოსავლის რამდენიმე წყარო, მაგრამ დარჩათ ერთი, რის გამოც ისინი ვერც ორასლარიან დახმარებას იღებენ და ვერც ოჯახის სარჩენად საკმარისი შემოსავალი უგროვდებათ. 

გარდა ამისა, 2020 წლის მაისში გაცემული ორასლარიანი დახმარება და ოქტომბერში გაცემული 200 ლარი განსხვავებულად მსყიდველუნარიანია, რადგან ფასები იზრდება ყველაფერზე, მათ შორის საკვებსა და მედიკამენტებზე. მაგალითად, ზეთი, რომელიც სამომხმარებლო კალათის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, მაისში ოთხ ლარამდე ღირდა, შემოდგომაზე კი ფასმა ექვს ლარს გადააჭარბა. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს 2020 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში საარსებო მინიმუმი 199 ლარია, მარტის მონაცემებით კი 206 ლარი. 

თბილისში ერთ-ერთი პაბის, “ნალის” ბენდის ხელმძღვანელი, დავით ქარჩავა გვიყვება, რომ პანდემიამდე ორ ბარში უკრავდა. შეზღუდვების დაწესების შემდეგ კი უმუშევარი დარჩა. უმუშევრობის კომპენსაციად 200-200 ლარი მხოლოდ სამჯერ აიღო. მანამდე ხელფასი ბენდის თითოეულ წევრს, ერთ სამუშაო ადგილზე, დაახლოებით, 700 ლარი გამოსდიოდა. 

“მთელი საქართველოს მუსიკოსები ჩემი მეგობრები არიან. სულ ყველა უმუშევრები ვართ. მე ახლა დიდი სიამოვნებით სხვა საქმეს მოვკიდებდი ხელს, უბრალოდ, ამ საქმის გარდა არაფრის კეთება ვიცი. აქედან გამომდინარე, ხელ-ფეხი მაქვს შეკრული. როგორ ვუძლებთ და როგორ ვცხოვრობთ, ეს კიდევ მეორე საკითხია.”

“შარშან რომ დაიწყო პანდემია, აპრილსა და მაისში საერთოდ არ გვიმუშავია. ბათუმის მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში ქირურგიის განყოფილების ექთანი ვარ. ორასლარიანი დახმარება უნდა აგვეღო, მაგრამ 2019 წლის ხელფასი 2020 წლის მარტში დამირიცხეს და ალბათ, ამიტომ არაფერი მოუციათ. ზოგადად, 4-5 თვე გვიგვიანებენ ხოლმე ხელფასებს. აგვისტოში და სექტემბერში აღარ დაგვრიცხვია  ხელფასი და გვითხრეს, რომ ჩაგვერიცხებოდა ორასლარიანი დახმარება. დღემდე არავის მოუცია ეს ფული,”- გვიყვება რუსიკო ჯინჭარაძე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს მკვიდრი, სულეიმან იუსუბოვი გვიყვება, რომ პანდემიისა და სამსახურის დაკარგვის გამო ყველა ჩლიქოსანი გაყიდა. “სოკარის გაზმომარაგების სამსახურში ვმუშაობდი მძღოლად. ხელფასი, დაახლოებით, 1,100 ლარი მქონდა. ოჯახს მხოლოდ მე ვარჩენ, სხვა არავინ მუშაობდა, ან სად უნდა იმუშავონ, სად არის სამსახური? თან სტუდენტი გოგო მყავს, რომლის სწავლის საფასურსაც ვიხდიდი. მარტის დასაწყისში გავჩერდით, მაგრამ დახმარება პირველად ივნისში ავიღე. სულ ხუთი თვე ჩამირიცხეს. მხოლოდ პურის ფული იყო, მეტი არაფერი. ამით ოჯახი როგორ უნდა ვარჩინო ან თავი როგორ ვირჩინო? ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნა. სახლში რაც გვქონდა, გავყიდეთ ყველაფერი. საქონელი, ცხვარი არაფერი დარჩა. ახლა გასაყიდიც აღარაფერი გვაქვს და წკიპზე ვართ. არც სამსახურის ისმის რამე. დახმარება უნდა ყოფილიყო ყველაზე, მუშაობდა თუ არა ადამიანი. ისედაც მიზერულს გვაძლევენ თავის გადასარჩენად და ისიც შერჩევით? სიცოცხლე ხომ ყველას უნდა,” – გვიზიარებს თავის ამბავს სულეიმან იუსუბოვი.

შემოდგომაზე, პანდემიის მეორე ტალღისა და წერტილოვანი შეზღუდვების გამო, უმუშევრად დარჩენილთათვის ორასლარიანი დახმარება კიდევ ექვსი თვით გაგრძელდა. 2021 წლის ბიუჯეტში ამ ხარჯისთვის 150 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხას აიღებს ის, ვინც 2020 წლის განმავლობაში ფორმალურ სექტორში, მინიმუმ, ორი თვე იყო დასაქმებული.

უმუშევრად დარჩენილთაგან განსხვავებით კიდევ უფრო რთული ვითარებაა თვითდასაქმებულთა ანაზღაურების ნაწილში. 

ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სამასლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებდა ყველა რეგისტრირებული და არარეგისტრირებული თვითდასაქმებული, რომელიც  2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან ჰქონდა შემოსავალი და წარმოადგენდნენ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელ დოკუმენტებს. 

კომპენსაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურის გვერდზე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, რეგისტრაცია, 251,000-ზე მეტმა ადამიანმა გაირა. პირველ ეტაპზე 300 ლარი დაახლოებით 170,000 ადამიანს ჩაერიცხა. 

აგვისტოში, პროგრამის დახურვამდე, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, მაგრამ ვერ დააკმაყოფილა კრიტერიუმები, 300 ლარი ერთჯერადად მაინც ჩაერიცხებოდა. ასეთი თვითდასაქმებული დეკემბრისთვის 81,000 აღმოჩნდა. 

მიუხედავად პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებისა, 2,350 დარეგისტრირებული თვითდასაქმებული სამასლარიანი დახმარების გარეშე დარჩა. კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა მუშების, ხელოსნების, ძიძების, დამლაგებლებისა და რეპეტიტორების ნაწილმა. მათ არ ჰქონდათ შემოსავლის ან რომელიმე ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დამადასტურებელი ცნობა. 

idqmbVXNlAn3F-kGEoT3n0-P6T1NmvP369sI59bt

მთავარი პრობლემა, რომელსაც ანაზღაურების ამ სქემაში სპეციალისტები ხედავენ, დასაქმების “ჩრდილოვანი” სისტემაა, როცა დასაქმებულს არ აქვს ხელშეკრულება და ანაზღაურების დამამტკიცებელი დოკუმენტი. ამასთან, ახლა ყველაფერი დამსაქმებლის ნებაზეა დამოკიდებული,  წარუდგინოს სახელმწიფოს სრული დოკუმენტაცია და დაამტკიცოს, რომ კონკრეტული პიროვნება მასთან მუშაობდა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი, ირაკლი პეტრიაშვილი ფიქრობს, რომ ეს დამატებითი წინაღობაა. 

“ახლა ყველაფერი დამსაქმებლის ხელშია. მან უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, ცნობა, მტკიცებულება სახელმწიფოს, რომ ვიღაც ჰყავდა დასაქმებული, მაგრამ, რეალურად, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ისინი, ვინც შრომითი ხელშეკრულების ან საშემოსავლოს გადახდის გარეშე ასაქმებდა ადამიანებს, ახლა იტყვის, რომ წლების განმავლობაში მალავდა გადასახადებს? და შემდეგ ეს ინფორმაცია მის წინააღმდეგ რომ გამოიყენოს ფინანსურმა პოლიციამ ან შემოსავლების სამსახურმა? ვიღაცას რომ “ლილოში” დახლი აქვს და დამხმარეს დღიურად 15 ან 20 ლარს უხდის, როგორ გგონიათ, ისინი ოფიციალურად გაფორმებულები არიან? ის დამხმარე ხო დარჩა უმუშევარი? ასეთი ხალხი ვერ იღებს ვერანაირ დახმარებას და ვერც სამუშაოს არსებობას ადასტურებს. აი, პრობლემაც ეს არის,” – ამბობს პეტრიაშვილი.

2020 წლის ნოემბრის შეზღუდვების გამო ეკონომიკური საქმიანობის დიდი ნაწილი ისევ გაჩერდა. თვითდასაქმებულები თუ დასაქმებულები ისევ შემოსავლის გარეშე დარჩნენ. სახელმწიფომ აამოქმედა ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპი, რომელიც თვითდასაქმებულთათვის ისევ ერთჯერად, სამასლარიან დახმარებას ითვალისწინებდა. ამჯერად, სახელმწიფომ კრიტერიუმები შეცვალა და დახმარება შესთავაზა მხოლოდ მათ, ვინც შემოსავალი 28 ნოემბრის შეზღუდვების გამო დაკარგა

24 დეკემბრის მონაცემებით, თვითდასაქმებულების კომპენსაციის მისაღებად 111,157 ადამიანი დარეგისტრირდა. აქედან 88,721-მა ადამიანმა თანხა უკვე მიიღო, ჯამში 26.6 მილიონი ლარი. 

ეკონომისტ რამაზ გერლიანის აზრით, ანტიკრიზისულ გეგმაში არ ჩანს, რომ სიტუაცია ცივი გონებითაა შეფასებული. გარდა ამისა, არსებული გეგმის მთავარი პრობლემა მისი კატეგორიებად დაყოფა და მოსახლეობის გარჩევაა, რომელიც ყოველთვის გამოიწვევს ქაოსს და უსამართლობას.  

“სახელმწიფოსთვის დასაქმებულიც და თვითდასაქმებულიც, ორივე უნდა იყოს დასაქმებულის სტატუსის მქონე. არ მესმის,  რატომ აქვთ თვითდასაქმებულებს 300 ლარი და ხელფასიან ადამიანებს ყოველთვიურად 200 ლარი, რაც, საბოლოო ჯამში, 1,200 ლარი გამოდის და 4-ჯერ მეტია. ორივეს ხომ ერთნაირი საჭიროებები აქვს? ეს კრიტერიუმები არის სრულიად გაუგებარი. სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-იც განურჩევლადობის პრინციპით გაიცა თანხები და ეს არის ყველაზე სწორი მიდგომა. როგორც კი შერჩევითობას იწყებ, იქ გარანტირებულია უსამართლობა, ცენტრიდან შენ ვერასოდეს გათვლი. ეს იყო გეგმის ყველაზე დიდი შეცდომა.”  

“ახმეტელის ბაზრობაზე ტანსაცმლის დახლი გვქონდა. ბაზრები რომ ჩაიკეტა, უმუშევრად დავრჩით. მარტშივე მივმართე სოციალურ სამსახურს დახმარებისთვის. მაისში ავიღე პირველად სოციალურის სამასი ლარი. ორი პატარა და ასაკოვანი დედა მყავს, ღმერთმა არ ქნას, ცუდად რომ გახდნენ, წამლის საყიდლად აფთიაქშიც კი ვერ წავალ, რადგან ამ სამასი ლარიდან ორასს ქირაში ვიხდით. დარჩენილი ასი ლარით კი ხუთი სული ვიკვებებით. ბავშვებს იმდენი რამე სჭირდებათ, ფეხზე ჩასაცმელიც კი არ აქვთ და ვერც ვყიდულობთ. ას ლარად ფეხსაცმელიც და საჭმელიც როგორ ვუყიდოთ? სოციალურის ასლარიანი კოვიდის დანამატიც არ გვეკუთვნის, რადგან 54,000 ქულა გვაქვს და რომ მოგვცენ ან 65,000-ზე მეტი ქულა უნდა გვქონდეს ან სამი შვილი უნდა მყავდეს. სანამ ვმუშაობდით არ გვშიოდა და არც ქუჩაში დარჩენის გვეშინოდა. პირველი დახურვის შემდეგ ცოტა ვიმუშავეთ, მაგრამ 28 ნოემბრიდან ისევ ასე ვართ,” – გვიყვება ელენე ლიპარტელიანი.

ელენეს მსგავსად, ამ ბოლო თვეებში ათიათასობით ადამიანი შეუერთდა სოციალურად დაუცველთა რიგებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის თებერვლიდან სოციალურად დაუცველების რიცხვმა 84,000-ით მოიმატა

“ეს არის ის მინიმუმი, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობას შეუძლია შესთავაზოს თითოეულ მოქალაქეს იმ საკმაოდ შეზღუდული რესურსებიდან, რაც ჩვენს ეკონომიკას გააჩნია. ამ კრიზისულ პერიოდში კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, ყველაფერთან ერთად, მოგვეცვა მაქსიმალური რაოდენობა ჩვენი ქვეყნის სოციალური ფენებისა და თითოეულ მოქალაქემდე, სხვადასხვა გზით, სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა და სოციალური დახმარება მისულიყო,”- განაცხადა გიორგი გახარიამ 2020 წლის აპრილში.  

მთავრობის განზრახვა, რომ მათი “ზრუნვა” ყველა მოქალაქემდე თანაბრად მისულიყო, სისრულეში ვერ მოვიდა.

The post სახელმწიფო პანდემიით დაზარალებულებზე არათანაბრად ზრუნავს appeared first on www.ifact.ge.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share