ფორუმელი Moor Posted 12 თებერვალი, 2021 Posted 12 თებერვალი, 2021 ავტორები: ნანუკა ბრეგაძე და მანანა ღოღობერიძე “ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის ეფექტური ნაბიჯების გადადგმის დრო,”- ამბობდა პრემიერმინისტრი გახარია პანდემიის დაწყებისას, წინა წლის მარტში, როცა პირველი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა გაგვაცნო. ამის შემდეგ, კიდევ სამი გეგმა წარადგინეს. გადაარჩინა თუ არა მათ მიერ ნაპოვნმა გამოსავლის გზებმა ქართული ბიზნესი, ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ. ქონების, დღგ-ს, საშემოსავლო და საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლება, ეს ის დახმარებებია, რომელიც ბიზნესმა სხვადასხვა ანტიკრიზისული გეგმით მიიღო. შეღავათების ნაწილით ყველამ ისარგებლა, ნაწილით კი მხოლოდ მათ, ვინც ტურიზმის სფეროში საქმიანობს. ყველა კომპანიისთვის ამოქმედდა ეს შეღავათები: 750 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან სრულად და 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში, 750 ლარის საშემოსავლოსგან გათავისუფლება; დაუფინანსდათ ბიზნესსესხების პროცენტები; ავტომატურად დაუბრუნდათ წინასწარ გადახდილი ე.წ ზედმეტი დღგ-ები. შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის იანვრის ჩათვლით, საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდა 42,925 დამსაქმებელს. 2019 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდა 1,259 საწარმო/ ორგანიზაცია. 2020 წლის ქონების გადასახადისგან კი გათავისუფლდა 107 ფიზიკური პირი. თუმცა, ქონების გადასახადზე შეღავათით მხოლოდ ტურისტულმა ბიზნესებმა ისარგებლა. მხოლოდ სასტუმროები, განთავსების საშუალებები, რესტორნები, სასმელით და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები, ტურისტული სააგენტოები და ტურ-ოპერატორები გათავისუფლდნენ 2019 და 2020 წლების ქონების გადასახადისგან. მხოლოდ განთავსების ობიექტებს დაუფინანსეს ბიზნესსესხებზე დარიცხული პროცენტის 80%. “აწარმოე საქართველოშის” პროექტებს ერთი წლით გაეზარდათ სესხის და ლიზინგის თანადაფინანსების პერიოდი, დაეწიათ სესხის მინიმალური ზღვარი. ავტოიმპორტიორებს კი საბაჟო გადასახადები გადაუვადეს. თითოეული შეღავათის უკან ხარვეზებია, რომელიც შემდეგ ბიზნესმენებმა საკუთარ თავზე იწვნიეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ მთავრობას კონკრეტული სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები ან საერთოდ არ ჰქონია, ან ჰქონდათ და მათი რჩევები არ გაითვალისწინეს. შესაბამისად, ზოგი ბიზნესი ამ დახმარებებს მიღმა დარჩა. “ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე”, – ამ ფრაზას ვისმენთ მარტის თვიდან. “ვნახოთ”, “გვაქვს მოლაპარაკებები”, “ჩვენ ვსაუბრობთ”, “ვგეგმავთ”, მაგრამ იყო მხოლოდ ლაპარაკი, ლაპარაკი, ლაპარაკი და ვერცერთ კონკრეტულ ნაბიჯს ვერ ნახავთ,” – ასე ხედავს მთავრობის “ეფექტურ ნაბიჯებს” გიდი, ალექსანდრე გიორგაძე, რომლის ისტორიასაც, სხვებთან ერთად, ქვემოთ მოგიყვებით. მეიჯარეების კეთილი ნების იმედად დარჩენილი ბიზნესები საქართველოში ბიზნესების ნაწილი იჯარის გადასახადს იხდის, რადგან საკუთარი უძრავი ქონება არ გააჩნიათ. შესაბამისად, იჯარის გადასახადი ბევრი მათგანისთვის დაუძლეველი პრობლემა აღმოჩნდა. ზოგს გაუმართლა და მეიჯარესთან გადავადებაზე მოილაპარაკა, ზოგმა კი ეს ვერ მოახერხა. სახელმწიფო ბიზნესმენებს მეიჯარეებთან ურთიერთობებში არ დახმარებია. მეიჯარეებთან მოლაპარაკება გაუჭირდა მარიკა თვარაძესაც, რომელიც ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ბარ-რესტორან “დების” მეპატრონეა. ყოველთვიურად, ქირაში 5,000 ლარს იხდიდა. ბოლოს, მეიჯარემ შეღავათი არ გაუწია და გადახდა ვეღარ შეძლო. ამიტომ, ახლა იძულებულია ადგილი შეიცვალოს და უფრო იაფიანი ფართი მოძებნოს. იგივე პრობლემაზე საუბრობს გასართობ ცენტრ “ლაიქის” მფლობელი, გიორგი მთიულიშვილი, რომელსაც კიდევ ბარი და რესტორანი აქვს. ის ითხოვს, რომ სახელმწიფო მათ მეიჯარეებთან თუ არა, ბანკთან ურთიერთობაში მაინც დაეხმაროს, რომ “იაფი კრედიტები” მისცენ და საიჯარო ვალდებულებებს ასე დაფარავენ. “საკუთარი ფართები აქვს 10 პროცენტს და 90 პროცენტს აქვს იჯარით. ამ მეიჯარეებმა ზოგმა დაგვაცადა, ზოგმა საერთოდ არ დაგვაცადა და გაკოტრდა კომპანიები. ახლა სახელმწიფოსგან ვითხოვთ, რომ იაფი კრედიტი გამოყონ. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები მეიჯარეებთან, არანაირი თანხა და “ქეში” ჯიბეში არ გვინდა, წარვუდგენთ ამ ხელშეკრულებებს და მათ საფუძველზე მოგვეცეს მინიმუმი, რომ გადავიხადოთ. თუ არის იჯარა 1,000 დოლარი, მოგვეცეს სესხად 500 დოლარი, რომ მეიჯარეს ვუთხრა, ასეთი მდგომარეობა რომ არის, 1,000 დოლარს ვერა, მაგრამ სახელმწიფო მაძლევს 500 დოლარს და ამაზე დროებით შენც დაკმაყოფილდი. ზუსტად ვიცი, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველას მეიჯარე დაკმაყოფილდება.” ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან მარტის შემდეგ საუბრობენ, თუმცა უშედეგოდ. “როდესაც გააჩერეს ქვეყანა და მივხვდით, არაფერი გვეშველებოდა, პირველივე დღეებიდან აქტიურად ვსაუბრობდით ეკონომიკურ გუნდთან, რომ ჩვენ ვერ გადავიხდიდით იჯარას და პასუხი დღემდე ერთია, რომ მიდის განხილვა,“ – ამბობს მთიულიშვილი. ორივეს, მარიკა თვარაძესა და გიორგი მთიულიშვილს ბიზნესსესხი აქვს და ფიქრობენ, რომ პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში მოხვდებიან. თუმცა, მარიკა თვარაძის თქმით, ეს პრობლემას მაინც ვერ მოუგვარებს. “დავუშვათ, მე 2,000-ზე მეტს ვიხდიდი და იქედან პროცენტის 80%-ს დაგვიფინანსებენ, მაგრამ ის დანარჩენი თანხა როგორ უნდა შევაგროვოთ და რა უნდა ვქნათ, არ ვიცი. არ ვმუშაობთ და მართლა წარმოუდგენელია, როგორ უნდა გადავიხადოთ,” – ამბობს თვარაძე “აი, ფაქტთან” საუბრისას. იჯარის გადახდა გაუჭირდა კერძო ბაღების სექტორსაც. კერძო სააღმზრდელო საგანმანათლებლო დაწესებულებების ასოციაცია “მნათის” პრეზიდენტის, გიგი სისვაძის თქმით, კერძო ბაღების უმეტესობას იჯარით დიდი ფართები აქვთ აღებული. რადგან სექტორი თითქმის წელიწადია გაჩერებულია და შემოსავალს ვერ იღებს, გადახდას ვეღარ ახერხებენ, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის მეიჯარეებისთვის. “მაგალითად, მე რომ მაქვს ფართი იჯარით აღებული, ფართის მესაკუთრეს აქვს სესხი ბანკში და მიბმული აქვს ეს სესხი ამ საიჯარო ვალდებულებასთან. ჯაჭვურ რეაქციაში არის ჩემთან პირდაპირ, ჩემი გაჩერება მისთვის პრობლემას წარმოადგენს,” – გვიხსნის სისვაძე. საბავშვო ბაღ “ფემილის” მფლობელი, ირინა წინწკალაძე ამბობს, რომ არც შეღავათები მიუღიათ და იჯარის პრობლემაც ტვირთად აწევთ. ზოგ მეიჯარესთან ახერხებენ მოლაპარაკებას, ზოგთან – ვერა. “იჯარაზე გადავადებები დასრულებული იყო, სექტემბრიდან უკვე ყველა მეიჯარეს ვალდებულებები ჩაერთო, რომ სესხები უნდა გადაეხადათ და ფიზიკურად, ისინიც ვეღარ იხდიდნენ. ერთ ფილიალში გვერიცხება იჯარის ნახევარი და მოგვიწევს მერე გადავიხადოთ და ორ ფილიალში ვიხდით შედარებით მცირე იჯარას, ვიდრე ვიხდიდით,” – გვიყვება ირინა წინწკალაძე. მისი თქმით, მარტიდან ან აპრილიდან თუ არ გაიხსნებიან, საიჯარო ფართებს ვეღარ შეინარჩუნებენ. აუცილებელია, იცოდნენ სავარაუდოდ როდის გააგრძელებენ ფუნქციონირებას, რომ შესაბამისი მოლოდინები გაუჩინონ თავიანთ მეიჯარეებს, მშობლებს და თანამშრომლებს. “ჩვენ ძალიან გვეეჭვება, რომ კიდევ შევძლოთ ამ საიჯარო ფართების შენარჩუნება. ის ხალხი მიხვდება, რომ ბუნდოვანი იქნება მათი მომავალი. იფიქრებენ, რომ ამ ბიზნესს პერსპექტივა არ აქვს, თვითონ წავლენ და იცხოვრებენ იმ სახლებში, ან მიზერულ ფასად გააქირავებენ. დიდი ალბათობით, პრობლემა შეგვექმნება საიჯარო ფართებზე და მოგვთხოვენ დაშლას,” – ამბობს წინწკალაძე საბოლოოდ, იჯარის ხარჯებით, რემონტით, ხელფასებით, მშობლებისთვის დაბრუნებული თანხით და სხვა ხარჯებით, ჯამში 120,000 ლარზე მეტი იზარალეს. საკუთარი ავტომობილები გაყიდეს, სესხები აიღეს, რომ აქამდე მოსულიყვნენ. ბიზნესის შენარჩუნება უნდათ, თუმცა როდემდე შეძლებენ, არ იციან. ეკონომიკის სამინისტრომ საბავშვო ბაღებზე ზრუნვა 2021 წლის 8 თებერვალს დაიწყო. ბაღებმა განაცხადები 1 მარტამდე უნდა შეავსონ. ამის შემდეგ, სააგენტო “აწარმოე საქართველოში” მათ გადაუხდის 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 1 მაისამდე სესხებზე, მიკროსესხებზე და ლიზინგზე დარიცხული პროცენტების ნაწილს. ერთჯერადი 300 ლარი მცირე მეწარმეებს ალეკო სარდანაშვილი ხვანჭკარაში ცხოვრობს და უკვე შვიდი წელია საოჯახო სასტუმროს მართავს. შეკვეთების რაოდენობიდან გამომდინარე, პერიოდულად, 2-5 ადგილობრივსაც ასაქმებს. პანდემიის დაწყების შემდეგ, დაახლოებით, 5-6 ათასი ლარის ჯავშანი გაუუქმდა. თუმცა, თუ მივათვლით პოტენციურ ვიზიტორებსაც, რომლებიც წლის განმავლობაში დაჯავშნიდნენ მის სასტუმროს, ზარალი ყველაზე ცოტა, 10,000 ლარია. ალეკო ღვინოსაც ასხამს. შესაბამისად, ტურისტების არმისვლა, ავტომატურად, ღვინის გაყიდვის კლებასაც ნიშნავს. “პანდემიასთან დაკავშირებით არავითარი შვებისმომგვრელი დახმარება არც მე და არც იმ ხალხს, ვინც ჩემი ტიპის საქმიანობაშია, არ ჰქონია. თუ თავისით, ჩუმად არ იმუშავა და მოახერხა. პატარა საოჯახო სასტუმროები გაწირეს, ფაქტობრივად. ერთადერთი, აგვისტოში მიეცათ საშუალება ემუშავათ, დანარჩენი არაფერი. აღრიცხვა გაეკეთებინათ, ვინ ხარ, როგორ აპირებ გამოძრომას, სტატისტიკა, რამდენით მოიკლო საოჯახო სასტუმროების შემოსავალმა, მსგავსი არაფერი ყოფილა, “ – ამბობს ის. ალეკო სარდანაშვილს ინდ.მეწარმის სტატუსი აქვს. ის თვითდასაქმებული გადასახადის გადამხდელია და სახელმწიფო მას ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას სთავაზობდა. “აპლიკაცია უნდა შემევსო და ერთჯერადი 300 ლარი მეკუთვნოდა, მეტი არაფერი. არ შევავსე, ილუზია არის, ვითომ ეხმარებიან. სინამდვილეში, არაფერი არ არის და პრინციპულად გადავწყვიტე, უარი მეთქვა,” – ამბობს სარდანაშვილი. მისგან განსხვავებით, ლაშა ხელაძემ, რომელიც გიდი არის და ასევე ინდ.მეწარმის სტატუსი აქვს, გადაწყვიტა ერთჯერადი სამასი ლარი აეღო, თუმცა რაგისტრაციისას იმდენ პრობლემას გადააწყდა, ბოლოს, უარი თქვა. მისი თქმით, კომპენსაციის მისაღებად სპეციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირდა. განაცხადში მის შესახებ ინფორმაცია კი ავტომატურად შეივსო შემოსავლების სამსახურიდან, სადაც მასზე, როგორც ინდ.მეწარმეზე, უკვე არსებობს მონაცემები. “რეგისტრაციის პროცესში აღმოჩნდა, რომ ამ საიტის გრაფაში, სადაც უნდა ყოფილიყო ჩემი მცირე მეწარმის საიდენტიფიკაციო, ავტომატურად “ჩააკოპირა” ჩემი პირადი ნომერი, ოღონდ შეცვლის ბერკეტი მე არ მქონდა. მე მგონია, რომ ეს ხარვეზი იყო მიზეზი, რომ ფორმა არასწორად შევსებულად ჩამითვალეს. დავიწყე ლოდინი, რა მოვა იქიდან პასუხი. პასუხად არაფერი არ მოდის და მერე მე ვიწყებ გარკვევას, თუ რა ბედი მეწია.“ მისი თქმით, დარეკა შესაბამის სამსახურში, სადაც უთხრეს, რომ ხარვეზის გამოსწორებას ონლაინ ვერ შეძლებდნენ და ამისთვის საჭირო იყო კონკრეტულ ადგილზე მისვლა. “იმ პერიოდში იყო ძალიან დიდი რიგები და ჩავთვალე, რომ საერთოდ არ მიღირდა 300 ლარად და ბოლომდე არ მივყევი. ეს მათხოვრული დამოკიდებულება ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. თავიდან ვიფიქრე, რომ ჩემი გადასახადებიდან აღებული ფულით ამ კრიზისულ პერიოდში რამე დახმარება მიმეღო, ჩავთვალე რომ რატომაც არა, ვცადოთ, მაგრამ ამდენ პრობლემას რომ წავაწყდი აღარ ღირდა,” – ამბობს ლაშა ხელაძე “აი, ფაქტთან” საუბრის დროს. ბიზნესისთვის აღებული, მაგრამ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების სუბსიდირება “ბიზნესის ხელშეწყობის გასაძლიერებლად” – ასე ჰქვია “აწარმოე საქართველოში”-ს პროგრამას, რომლითაც 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მარტამდე მეწარმეებს სესხებზე დარიცხული პროცენტი გადაუხადეს. ეს შეღავათი ეხება მხოლოდ ბიზნესსესხებს და არა სამომხმარებლოს, ან იპოთეკურს. ამის გამო, ზოგი მეწარმე გამოუვალ მდგომარეობაშია. მათ ფიზიკურ პირზე გაცემული სამომხმარებლო ან იპოთეკური სესხები აქვთ. მართალია, ეს თანხა კონკრეტული ბიზნესის დასაწყებად დახარჯეს, მაგრამ სახელმწიფო ამას არ ითვალიწინებს. არადა, მიუხედავად იმისა, რა არის მათი სესხის “სახელი”, შედეგი ერთია – შემოსავლის წყარო, რომლითაც ყოველთვიურ შესატანს ფარავდნენ, აღარ აქვთ. სამტრედიის კერძო ბაღ “ლილეოს” დამფუძნებელი თეონა ჩანქსელიანი გვიყვება, რომ სესხი ბაღისთვის გამოიტანა, თუმცა მისი მეუღლის, ანუ ფიზიკური პირის სახელზე. ამის გამო, შეღავათით ვერ სარგებლობს. შემოსავალი აღარ აქვს, თუმცა ყოველთვიურად 2,700 ლარის გადახდა მაინც უწევს: “სესხი ჩემი მეუღლის სახელზე იყო, მაგრამ, რეალურად, გავაკეთეთ ბიზნესისთვის. გაწერილია, როგორც ბაღისთვის გაკეთებული სესხი. სახელმწიფომ, სამწუხაროდ, არანაირი შეღავათი არ გაგვიკეთა, გარდა იმისა, რომ ერთჯერადი სამასლარიანი დახმარება ავიღეთ. გავაკეთეთ ახალი სესხი, რომელზეც გვაქვს საშეღავათო პერიოდი და იმით ვიხდით თანხას. ეკონომიკის სამინისტროსაც მივმართეთ, ეროვნულ ბანკშიც დავრეკეთ, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა.” შეჩერებული ბიზნესების ქონების გადასახადისგან გათავისუფლება თითქმის ერთი წელია, შემოსავალი არ აქვთ, თუმცა ქონების გადასახადს მაინც იხდიან კერძო ბაღები და გასართობი ცენტრები. ტურისტული ბიზნესებისგან განსხვავებით, ეს სექტორი უყურადღებოდ დარჩა. კერძო სააღმზრდელო საგანმანათლებლო დაწესებულებების ასოციაციის პრეზიდენტი, გიგი სისვაძე ამბობს, რომ ქონების გადასახადი ტვირთად რამდენიმე ათეულ ბაღს აწევს. ეკონომიკის მინისტრს რომ შეხვდნენ, დაუსაბუთეს, რატომ არ უნდა გადაახდევინონ ქონების გადასახადი იმ შენობისთვის, სადაც სამეწარმეო საქმიანობას უკრძალავენ. ნათია თურნავა მათ დაჰპირდა, რომ ფინანსთა მინისტრთან უშუამდგომლებდა და თუ სრულად ვერ გაათავისუფლებდნენ, გადაუვადებდნენ მაინც ქონების გადასახადს. კერძო ბაღები ამ დაპირების შესრულებას ელოდებიან. “ჩვენი პოზიციაა, რომ მთლიანად გაგვათავისუფლონ იმიტომ, რომ უსამართლობაა. ეს ხომ ჩემი არასწორი ეკონომიკური საქმიანობის გამო არ მომხდარა, ეს ხომ სახელმწიფო შეზღუდვიდან გამომდინარე მოხდა. როცა სახელმწიფო მიდგენს ნორმატიული აქტით, რომ შეჩერდეს საქმიანობა, სახელმწიფომ უნდა გამათავისუფლოს იმ გადასახადისგანაც, რომელსაც მუშაობის პერიოდში ვიხდიდი. მინისტრი დაგვეთანხმა, მართალს ამბობთო. უწყებათაშორის საბჭოზე განვიხილავთ ამ საკითხს და ვნახოთ, დახმარების რა პაკეტი იქნება შემუშავებულიო,”- ამბობს კერძო სააღმზრდელო საგანმანათლებლო დაწესებულებების ასოციაციის პრეზიდენტი. ქონების გადასახადის გამო პირადი საკუთრების გაყიდვა მოუწია გასართობ ცენტრ “ლაიქის” მფლობელს, გიორგი მთიულიშვილს. გადასახადი კი გადაუნაწილეს, მაგრამ შემოსავლის გარეშე დარჩენილი ბიზნესმენი ამასაც ვერ გაწვდა. “გადაგვინაწილეს, ტყუილს ვერ ვიტყვი. მერე გადანაწილებულიც ვერ გადავიხადე, ცხელ ხაზზე დავრეკე და კიდევ გადაგინაწილებთო. აპრილში გვიწევდა გადახდა და მარტში რომ დაკეტეს, ვერ გადავიხდიდი. სულ 2,500 ლარი მქონდა გადასახდელი, ორ შპს-ზე. აქედან, შპს “ეპოქაზე” 1,700 ლარი. სუბსიდირების პირობაა, რომ არ უნდა გქონდეს დავალიანება, ამიტომ, მანქანა და ოქრო დავალომბარდე და გადავიხადე 1,700 ლარი.” მთავრობის “ანტიკრიზისულ” ნაბიჯებს დაზარალებულების გარდა, ეკონომისტებიც უწუნებენ. მთავარ შეცდომებად მიიჩნევენ ბიზნესებთან შერჩევით მიდგომას, გაუმჭვირვალობას, ხალხთან კომუნიკაციის ნაკლებობას. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს ჯერ თავად უნდა ეფიქრა, რა შედეგს ელის კონკრეტული დახმარებისგან და შემდეგ ეს ხალხისთვის განემარტა, რაც ჯერ არ მომხდარა: “იყო რაღაც სიტყვიერი განცხადებების დონეზე, რომ აი, ტურიზმის სექტორს ძალიან უჭირს და მოდი, ქონების გადასახადი ცოტა ხნით არ გადავახდევინოთ. ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო რიცხვებში დათვლილი. ყველაფერი, რასაც მთავრობა აკეთებს, უნდა იყოს ახსნილი, ანგარიშს უნდა გვაბარებდეს. როცა შერჩევითად ასუბსიდირებ თუ ეხმარები, საჭიროა, მეტი ახსნა-განმარტება მოჰყვეს. გასაგებია, რომ ტურიზმის სექტორი დაზარალდა, მაგრამ საბავშვო ბაღი, რომელიც სულ დაკეტილია ამდენი ხნის განმავლობაში, ისიც დაზარალდა და ვერ ვიტყოდი, რომ უფრო ნაკლებად.” ცრუ მოლოდინები სახელმწიფომ გარდა იმისა, რომ ბიზნესებს ეფექტიანი შეღავათები ვერ შესთავაზა, პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის ილუზიის შექმნით, მათ არასწორი მოლოდინები გაუჩინა. ამან ისინი კიდევ უფრო დააზარალა. როგორც კერძო საბავშვო ბაღ “ფემილის” დირექტორი, ირინა წინწკალაძე გვეუბნება, ელოდნენ, რომ სექტემბერში მუშაობას განაახლებდნენ, ამას მათ შრომის ინსპექციაც ჰპირდებოდა. რეგულაციები რომ დაეცვათ, სათანადოდ მოემზადნენ, სადეზინფექციო და სანიტარული საშუალებები შეიძინეს, რაც მათი ჯიბიდან გაღებული დამატებითი ხარჯია. “იმის გამო, რომ ყველაფერი შევათანხმეთ შრომის ინსპექციასთან, პირველ სექტემბერს ველოდით გახსნას. ისედაც, ოფიციალურად, არ იყო არანაირი შეზღუდვა დაანონსებული. დიდი ფული დავხარჯეთ სანიტაიზერებში, დეზობარიერებში, ხალათებში, გადამზადებაში. სულ რაღაც 1 კვირით ადრე გვითხრეს, ვეღარ გაიხსნებით სექტემბერშიო.” ალექსანდრე გიორგაძე გიდია. მასაც აქვს თავისი კომპანია, რომელიც უკვე გაკოტრდა. შეღავათები მისთვის ფასადური იყო, კომპანია ქონებას არ ფლობდა და შესაბამისად, არც გადასახადს იხდიდა. რაც შეეხება საშემოსავლოს, აღარც შემოსავალი იყო და ამ გადასახადისგანაც ავტომატურად გათავისუფლდა. გამოვიდა, რომ მან სახელმწიფოს დახმარება ვერაფერში იგრძნო. სცადა მათთან საუბარი, შეხვდა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, მიუტანა პროექტი, თუ როგორ შეიძლებოდა ამუშავებულიყო სექტორი რეგულაციების დაცვით, თუმცა ამბობს, რომ არაფერი გაითვალისწინეს. საბოლოოდ, ქვეყნის გახსნასთან დაკავშირებით ცრუ მოლოდინები შექმნეს და ტურიზმის სფეროს ზოგი ბიზნესი კიდევ უფრო დააზარალეს. “თავიდან გვეგონა გავიხსნებოდით. გახსოვთ, ალბათ, ხმამაღალი ნათქვამი: “ჩვენ პირველი ქვეყანა ვიქნებით…” “მწვანე ზონა…” და ასე შემდეგ. შეიქმნა ცრუ მოლოდინი, რაც ბიზნესისთვის ძალიან მტკივნეულია. ძალინ დიდი დარტყმა მიაყენა იმიტომ, რომ ადამიანებს ეგონათ რომ ივლისიდან, აგვისტოდან ან სექტემბრიდან გაიხსნებოდნენ, რაღაც დოზით. დახარჯეს თანხა რეკლამაში, სასტუმროებმა რემონტი გააკეთეს, მოემზადნენ ახალი რეგულაციებისთვის, შეიძინეს რაღაცები და ეს ხარჯიც გადაიყარა წყალში,” – ამბობს ალექსანდრე, რომელიც გიდების საინიციატივო ჯგუფს ხელმძღვანელობს. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტი, გიორგი პაპავა ამბობს, რომ მთავრობის არასწორმა კომუნიკაციამ ბიზნესს შეუქმნა ფუჭი მოლოდინები, რამაც ზოგიერთი მათგანი კიდევ უფრო დააზარალა. მისი თქმით, მთავრობას არ აქვს განსაზღვრული წესები, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებენ, რა შემთხვევაში შეიძლება ეკონომიკის გახსნა. “მაგალითად, იანვრის ბოლოს რა პირობები უნდა ყოფილიყო ქვეყანაში, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ ეკონომიკა გახსნილიყო. ეს პირობები რომ სცოდნოდა კერძო სექტორს, კარგი იქნებოდა. ბიზნესისთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია იმიტომ, რომ მას სჭირდება რაღაც ეტაპები რომ დაგეგმოს. დღესაც, როგორც ვხვდები, ბოლომდე მკაფიო არ არის რა ხდება მარტიდან. ბიზნესი ის ხომ არ არის, დღეს ეტყვი და ხვალ გაიხსნება. მარაგი სჭირდება, თანამშრომლის დაქირავება, მთელი პროცესი უნდა დაგეგმოს. ვარ რესტორანი ან სასტუმრო, რომელიღაც კურორტზე და ვფიქრობ, გავიხსნები თუ არ გავიხსნები. ხარჯი უნდა გავწიო, რომ თუ გავიხსნები, იმ მომენტისთვის, კონკურენტუნარიანი ვიყო, კარგი სერვისი შევთავაზო და ამისთვის ბევრი რამ უნდა გავაკეთო,” – გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებას გიორგი პაპავა. “კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილიც ფიქრობს, რომ პანდემიის პირობებში სახელმწიფოს ვერ მოსთხოვ ზუსტ პროგნოზს, თუმცა გარკვეული მაჩვენებლების საფუძველზე ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა ჰქონოდათ მოლოდინები, როდის გაიხსნებოდნენ და როდის არა. “ხელისუფლებას, შეიძლება, არ ეთქვა კონკრეტულად რას იზამდა, მაგრამ აუცილებლად უნდა ყოფილიყო იმაზე საუბარი, რომ დავუშვათ, თუ 1,000 ინფიცირებული გვეყოლება დღეში, მაშინ ჩაგკეტავთ. კი საუბრობდნენ მეორე ტალღაზე, მაგრამ ძალიან ბუნდოვნად. ხელისუფლებას ასეთ სცენარზე არ უსაუბრია. სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ არ აწყობდა. ზაფხულში შეიქმნა ისეთი მოლოდინები, თითქოს ყველაფერი კარგად იქნება, გაიხსნება, ადამიანებმა დაგეგმეს მომავალი, ხარჯები გაწიეს და მერე აღმოჩნდნენ გაურკვეველ სიტუაციაში და ძალიან დიდ ზარალში.“ პანდემის დროს დაზარალებული ბიზნესის ხელშეწყობისთვის, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 51 მილიონი ლარი გამოიყო სასტუმრო, სარესტორნო და “ივენთ” კომპანიების სესხების თანადაფინანსებაზე. Პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, ბიზნესკრედიტების უზრუნველყოფისთვის, გამოიყო 47 მილიონი ლარის საგარანტიო თანხა. ეს თანხა კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში განთავსდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის ბიუჯეტიდან, ამ მიზნით კიდევ 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული. Სამშენებლო სექტორის იპოთეკური სესხების დაფინანსებისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო 9 მილიონი ლარი. 2021 წელს ამისთვის კიდევ 35 მილიონი ლარია გათვალისწინებული. The post ანტიკრიზისულმა გეგმამ კრიზისს ვერაფერი დააკლო appeared first on www.ifact.ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა