Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ ღირს წამლები ძვირი საქართველოში


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

მედიკამენტების სიძვირე საქართველოში ერთერთ მტკივნეული თემაა, განსაკუთრებით, დაბალი სოციალური ფენის ადამიანებისთვის. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ უღარიბესი ფენისთვის მედიკამენტებზე და ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები კატასტროფულად მაღალია. ოველწლიურად მედიკამენტების ფასი საშუალოდ 7,6%-ით იზრდება. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ფასის რეგულირება და ბაზარზე კონკურენციის ზრდა თუ არ მოხდა, მედიკამენტების გაძვირება მძიმე სოციალურ შედეგებს გამოიწვევს.

რატომ ძვირდება წამალი საქართველოში?

ფარმაცევტული კომპანიები გასაყიდი მედიკამენტების ფასს უცხოური ვალუტის კურსის შესაბამისად ცვლიან. რადგან ბაზარზე არსებული მედიკამენტების დიდი ნაწილი იმპორტირებულია, შესაბამისად, პროდუქტის ფასი მყისიერად რეაგირებს ლარის გაუფასურებაზე. ამას ემატება სახელმწიფოს მიერ ამ კომპანიებისთვის დაწესებული რეგულირების ტვირთი. ამ და სხვა ფაქტორების გავლენით მედიკამენტები მუდმივად ძვირდება.

ფონდ კურაციოს მიერ 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მიერ მედიკამენტებზე დახარჯული თანხა ჯანდაცვის საერთო ხარჯებში 36%-ს იკავებს და ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. რაც განსაკუთრებით სავალალოა, თანხის 97%-ს მოსახლეობა საკუთარი ჯიბიდან იხდის. მხოლოდ 2%-ს აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი (ე.წ. უფასო მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში). მოსახლეობის მიერ  შეძენილი მედიკამენტების 70% არის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მათთვის მუდმივი ხარჯია. პრობლემას ამწვავებს ექიმების მიერ საჭიროზე მეტი მედიკამენტის დანიშვნა. ხშირად ამის მიზეზი არის ფარმაცევტული კომპანიების წახალისების პროგრამები და სარგებელი, რასაც ექიმები იღებენ.

kendal-L4iKccAChOc-unsplash.jpgkendal/unsplash.com

ექსპერტები ასევე მიუთითებენ, რომ აფთიაქებში იაფფასიანი მედიკამენტები (ორიგინალური პრეპარატის ასლი, რომელსაც იგივე ქიმიური აგებულება აქვს) შედარებით ნაკლებად გვხვდება, ვიდრე ძვირადღირებული ბრენდული პრეპარატები, რასაც დამატებითი წვლილი შეაქვს მედიკამენტებზე გაუმართლებლად მაღალ დანახარჯებში.

ბაზრის მთავარი მოთამაშეები

ავერსი, გეფა (ფარმადეპო, ), PSP – ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები არიან და ბაზრის დაახლოებით 70% უკავიათ. მათი შემოსავლები და წმინდა მოგება ყოველწლიურ ზრდას აჩვენებს. ამის გადამოწმება კომპანიების აუდიტის ანგარიშებიდან (https://reportal.ge) არის შესაძლებელი.

რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, მედიკამენტების უმსხვილესი მწარმოებლები არიან შპს ჯიემპი და შპს ავერსი რაციონალი. საინტერესო ფაქტია, რომ ეს კომპანიები წარმოებისთვის მთლიანად იმპორტულ ნედლეულს იყენებენ.

გაზრდილი იმპორტი

საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის მოხმარებაში იმპორტირებული პროდუქციის წილი კვლავ მაღალია. 2019 წელს მედიკამენტების იმპორტმა $382.5 მილიონს მიაღწია, რაც მთლიანი იმპორტის 4.2%-ს აღწევს. ფარმაცევტული პროდუქციის უმსხვილესი იმპორტიორია თურქეთი, საიდანაც 2019 წელს $85,2 მილიონის მედიკამენტი არის შემოტანილი (მთლიანი იმპორტის 22.3%). უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა გერმანია (9.5%), უნგრეთი (8.4%), საფრანგეთი (7.1%), უკრაინა (5.0%), შვეიცარია (4.4%) და სხვა.

პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში მედიკამენტების ფასები მეზობელ ქვეყნებთან შედარებით 2-3-ჯერ ძვირია. ფასთა შორის სხვაობა განსაკუთრებით თვალშისაცემია თურქეთთან.

გირჩიმეტი თავისუფლების ხელმძღვანელი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ თურქეთთან შედარებით საქართველოში წამლების სიძვირეს არასწორი რეგულირება იწვევს:

მაღალი ფასების მიზეზი ის არის, რომ მსხვილი ბრენდული კომპანიების წამალი საქართველოში ძვირად შემოდის. იდენტური მედიკამენტის იაფად შემოტანა თურქეთიდანაც არის შესაძლებელი. შესაბამისი ნებართვისთვის მარეგულირებელი უწყება იმპორტიორს სთხოვს მწარმოებლის ხელმოწერილ დოკუმენტს, რომ ის ნამდვილად მისი წამალია. ბრენდულ კომპანიას, ბუნებრივია, მედიკამენტის იაფად გაყიდვა არ აწყობს. შესაბამისად, ის არ გასცემს ამ ნებართვას და იაფი წამლები აღარ შემოდის ქვეყანაში. გამოსავალი ის არის, რომ თურქეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან, სადაც წამლები იაფი ღირს, ნებისმიერს შეეძლოს მედიკამენტების შემოტანა.“

რეგულირების ტვირთიგაძვირების მიზეზი

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მედიკამენტების ფასების რეგულირებაზე მუშაობს. ამის შესახებ მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წლის ოქტომბერში განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წელს თებერვალში პარლამენტში თქვა, რომ მედიკამენტების ფასების საკითხი მიშვებულია, უზარმაზარი მოგებით ზრდიან მედიკამენტების ფასებს და ამას ჩარჩოებში მოქცევა სჭირდება. როგორ აპირებს მთავრობა წამლებზე ფასების დაწევას, უცნობია. ჯერჯერობით ის რეგულირების წესებს ამკაცრებს, რაც წამლის კიდევ უფრო გაძვირების მიზეზი ხდება.

2020 წელს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“, რომლის თანახმად, აღიარებული ქვეყნებიდან შემოსული მედიკამენტების ბაზარზე ხელახლა დაშვებისთვის (დაშვების ვადა 5 წელია), დისტრიბუტორმა 500 ლარი უნდა გადაიხადოს და მედიკამენტი ისე დაარეგისტრიროს.

გარდა ამისა, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, რომელიც ფარმაცევტული პროდუქტის ეროვნული და აღიარებითი რეჟიმებით საქართველოს ბაზარზე დაშვებას ახორციელებს, დოკუმენტაციის ექსპერტიზის ვადები 1 კვირიდან 20 დღემდე გაზარდა. პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განცხადა, რომ ეს ცვლილება წამლის ფასს არ გაზრდიდა. თუმცა, ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები საპირისპიროს ამბობენ.

რეგულირების გამკაცრებამ კომპანიების ხარჯების ზრდისა და წამლების გაძვირების რისკი რომ შექმნა, ეს სამთავრობო უწყებებს რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში უწერიათ: როგორც წესი, მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობა მცირე და საშუალო ბიზნესს განსაკუთრებით დიდ ფინანსურ ტვირთად აწვება, რაც მათი ბაზრიდან გასვლის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. ბაზრიდან მცირე და საშუალო საწარმოების გასვლა კი კიდევ უფრო მეტად გაზრდის ფარმაცევტულ ბაზარზე ჯერ კიდევ სუსტი ოლიგოპოლიების გაძლიერებას.

ამ პირობებში როგორ უნდა შეამციროს მთავრობამ მედიკამენტების ფასები, რთული სათქმელია. ფასზე მოქმედ ფაქტორებს თუ გავითვალისწინებთ, მომავალში მედიკამენტების კიდევ უფრო გაძვირებას უნდა ველოდოთ.

The post რატომ ღირს წამლები ძვირი საქართველოში appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share