Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ მოქმედებს ქულები მოსწავლეთა მოტივაციასა და თვითშეფასებაზე? – „მინდა, სკოლაში ნიშნები არ იწერებოდეს“


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

„მე არანაირი პრეტენზია არ მქონია ნიშნებზე, რადგან ჩემი მასწავლებლები ქულებს არასდროს გვაკლებენ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ნიშნები დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე, რადგან ეს მათში შიშის გრძნობას მატებს. ასევე, ზოგიერთ ბავშვს ეშინია მშობლის, რადგან დაბალი ნიშნის მიღების შემდეგ მშობლები ეჩხუბებიან. ასევე თანაკლასელებისგან ბულინგის, რაც ბავშვებს აშინებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სკოლაში ნიშნები არ უნდა იწერებოდეს“ – ეს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის ზურას სიტყვებია, რომელმაც  EDU.ARIS.GE-ს ნიშნის გავლენაზე საკუთარი პოზიცია გაუზიარა.

სკოლა, მასწავლებელი და სასკოლო ნიშანი მოსწავლეთა მოტივაციაზე დიდ როლს თამაშობს. გარემო სადაც სწავლობს, მასწავლებელი, რომელიც ასწავლის და შეფასება, რომელსაც იღებს გარკვეულწილად განსაზღვრავს მოსწავლის დამოკიდებულებას, როგორც სწავლის, ასევე სხვა უამრავი საკითხის მიმართ.

სასკოლო გამოცდილებიდან გამომდინარე მოსწავლეები აფასებენ საკუთარ თავს. როდესაც, მოსწავლე მაღალ ნიშანს იღებს, მას ძალაუნებურად უჩნდება განცდა, რომ ეს ნიშანი გაამართლოს და მეტ შრომას და ძალისხმევას დებს ამ საგნის შემეცნებაში.

ხოლო დაბალი ნიშნების მიღება მათ არწმუნებს, რომ წარუმატებლები არიან და ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევენ. გარდა ამისა, არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვადასხვა ფაქტორი, რომლის გამოც მოსწავლეებს აქვთ შიში ნიშნის მიღების, რის გამოც გაკვეთილის მოყოლისგან თავს იკავებენ. რაც ადასტურებს ფაქტს, რომ ნიშანს დიდი გავლენა აქვს მოსწავლეთა მოტივაციაზე.

როგორც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მაგისტრი (ფსიქოკონსულტანტი, სერტიფიცირებული არტ თერაპევტი, დიპლომირებული მითოდრამის სპეციალისტი) ნინო სხირტლაძე აღნიშნავს, დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა რწმენა იმისა, რომ შეფასებები/ნიშნები მნიშვნელოვანია. ვინაიდან ისინი უბიძგებენ მოსწავლეს სწავლისა და სამუშაოს შესრულებისკენ. ეს იყო ერთხმად აღიარებული ფაქტი, თუმცა არსებობს უამრავი მტკიცებულება, უბრალოდ დაკვირვებით, ან კვლევებით დამტკიცებული, რომ ნიშნები პირიქით ზოგჯერ აზიანებენ აკადემიურ მოტივაციას და აფერხებენ სწავლის პროცესს.

164155945_1171224409984569_7478290415645ფსიქოლოგები გამოყოფენ ორი სახის მოტივაციას გარეგანსა და შინაგანს. გარეგანია მოტივაცია, როდესაც სურვილს გარეგანი ჯილდო აღძრავს, ეს იქნება ფული, ნიშანი თუ შექება. შინაგანი მოტივაცია შინაგანი სურვილით იმართება. ათწლეულების მანძილზე კვლევებმა აჩვენა რომ მოსწავლეები მეტს მუშაობდნენ და სწავლობდნენ როცა ყურადღება გარეგანი მოტივაციიდან შინაგანზე გადაჰქონდათ უფროსებს. გარეგანმა მოტივაციამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შინაგან მოტივაციაზე. ასეთ დროს „ცუდი“ შეფასება შეიძლება ის დარტყმა აღმოჩნდეს, რომელიც აფიქრებინებს მოსწავლეს რომ მისი გონება ან სწავლის სტრატეგიები არ მუშაობს.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეთა შეფასება ისე, რომ მათ თვითშეფასებაზე არ იმოქმედოს, ფსიქოლოგი განმარტავს, რომ არსებობს დეშის და რაიანის სამოტივაციო ჩარჩო, რომელიც თვითგამორკვევის თეორიას ეფუძნება. ეს თეორია შინაგანი მოტივაციის 3 ელემენტისგან შედგება:

1. ავტონომია, 2. კომპეტენცია, 3. კავშირი.

ავტონომია- მოსწავლე გრძნობს არჩევანს, ის აკონტროლებს სწავლის პროცესს. ირჩევს სად დააბანდოს დრო, მისთვის საინტერესო ამოცანებში. ასეთ დროს დავალების სახით ეძლევა მეტი დამოუკიდებელი პროექტი, რომელსაც თავად შექმნის.

კომპეტენცია- ბავშვი უნდა გრძნობდეს სწავლის მნიშვნელობას, ის იზრდება პიროვნულად და უვითარდება ახალი უნარ-ჩვევები.

კავშირი- კუთვნილების განცდა, რომ მოსწავლე პატივ საცემია და ამ დროს ის უნდა გრძნობდეს ზრუნვას. როდესაც მოსწავლეები გრძნობენ მათ მიმართ პატივისცემას ისინიც პატივისცემით პასუხობდნენ. ასეთ დროს კონკრეტული სასწავლო გეგმა კი არაა მნიშვნელოვანი არამედ მოსწავლის დახმარებაა პრიორიტეტული.

ასევე, მისი თქმით, შეფასება უნდა იყოს მოსწავლის საქმიანობის წარმმართველი. მიღებული ნიშანი ბავშვისთვის და მშობლისთვისაც გასაგები, ანუ კონკრეტულად რა კრიტერიუმებით მოხდა შეფასება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.

თბილისის 112-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მაია სირაძე ადასტურებს მოსაზრებას, რომ მოსწავლეთა მოტივაციაზე და ქცევებზე ნიშანი დიდ გავლენას ახდენს.

164809791_199946294827531_73876373041993როგორც მან  EDU.ARIS.GE-სთან საუბრის დროს აღნიშნა, ხშირად ჰქონია მსგავსი შემთხვევა. მოსწავლეებს რომელიც მაღალ ნიშანს იღებენ ცვლილებები არ ეტყობათ და ისინი ჩვეულებრივი ტემპით და თითქმის უცვლელი მოტივაციით აგრძელებენ სწავლას, ხოლო დაბალი ნიშნის დაწერის შემთხვევაში მოსწავლე უფრო აგრესიული და პასიური გამხდარა, რის შემდეგ სწავლის სურვილიც არ ჰქონია.

იგივე თემაზე საუბრის დროს, ნიუტონის თავისუფალი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ნათია სუბელიანმა აღნიშნა, რომ მოსწავლეთა მოტივაციაზე უარყოფითი გავლენა რომ არ იქონიოს ნიშანმა და მათ თვითშეფასებაზე ცუდად არ იმოქმედოს, მნიშვნელოვანია ნიშნის მნიშვნელობა მასწავლებლის მხრიდან დაყვანილი იქნას მინიმუმამდე.

მოსწავლეებთან საუბრის დროს, მათ ნიშნის მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება გამოხატეს, თუმცა გამოიკვეთა სხვადასხვა პრობლემა, როგორც შეფასების სისტემასთან, ისე მასწავლებლებისა და მშობლების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით:

თამარი: ნიშანი ადრე ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა, მაგრამ ახლა ვაკვირდები, რომ მასწავლებლები ახლა თვითონაც არ აქცევენ ნიშანს ყურადღებას. ამაზე მხოლოდ ბავშვები ფიქრობენ, რადგან თვლიან, რომ ბავშვის ცოდნა ნიშნით განისაზღვრება. როდესაც დაბალ ნიშანს ვიღებ სულ ვცდილობ შემდეგ გამოვასწორო. თუ გაკვეთილი არ ვიცი, ვცდილობ ის მოვყვე, რაც წინა გაკვეთილებიდან დამამახსოვრდა. ყოფილა შემთხვევა, რომ გაკვეთილის არ ცოდნაში დაბალი ნიშანი მივიღე, თუმცა ამას ჩემს მოტივაციაზე არ უმოქმედია და ამის გამო ვფიქრობ, რომ ნიშანს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ალექსანდრე: უსამართლო ნიშნის დაწერა ცუდ გავლენას ახდენს ჩემზე. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, რომ მაღალი ნიშანი მეკუთვნოდა, მაგრამ მასწავლებელმა ისევ დაბალი დამიწერა და უთქვამს, რომ დაბალი ნიშნის მერე მაღალს არ წერს, რაც სწავლის ინტერესს მიკარგავს. ჩემი აზრით, სკოლაში ნიშნები იმიტომ არ უნდა იწერებოდეს, რომ ზოგიერთი ბავშვი დაბალ ნიშნებზე ნერვიულობს და შემდეგ ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის მათ.

ნია: ნიშანს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც დაბალი ნიშნის მიღების შემდეგ აღარ მინდოდა იმ საგნის სწავლა. შემდეგ, რომ დავფიქრებულვარ, მივხვდი რომ უნდა გამომესწორებინა ნიშანი და გაკვეთილიც მისწავლია. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა დაბალი ნიშნის გამო გული ამცრუებია საგანზე და მინერვიულია ნიშნის გამო. ჩემი აზრით, ნიშნები უნდა იწერებოდეს, მაგრამ მასწავლებელი მთელი კლასის წინაშე, საჯაროდ არ უნდა ამბობდეს ნიშნებს. მასწავლებელმა უნდა დააფასოს მოსწავლის სწავლა და ზოგჯერ მაღალი ნიშნითაც უნდა წაახალისოს.

ნინო: როდესაც მაღალ ნიშანს ვიღებ ყოველთვის მოტივაცია მეძლევა და ვცდილობ უფრო კარგად ვისწავლო. მაგრამ დაბალი ნიშნის მიღების შემდეგ ვარ მოწყენილი და ხშირად მიტირია კიდეც. თან, მასწავლებელიც დამმუქრებია, თუ რამე შემეშლებოდა პირდაპირ ორიანს დამიწერდა. დაფასთან რომ გავსულვარ და რაღაც შემშლია, იმის ნაცვლად რომ მასწავლებელს მინიშნება მოეცა, უთქვამს რომ ძალიან დაბალ ნიშანს დამიწერს. გაკვეთილი კარგად როცა ვიცი ხელის აწევის მაინც მეშინია, რამე რომ შემშლოდა დაბალი ნიშანი არ ამცდებოდა. მე მეშინია დაბალი ნიშნის და მეშინია, რომ ერთი დაბალი ნიშანი გავლენას იქონიებს ჩემს სწავლაზე. ბავშვები იმიტომ უნდა სწავლობდნენ სკოლაში, რომ მიიღონ განათლება და არა იმიტომ რომ ინერვიულონ ნიშანზე და ამის გამო ვერ ისწავლონ. ნერვიულობა კი ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს… სწავლა არ უნდა იყოს საშიში.

ლუკა: ნიშანი ჩემზე გავლენას არ ახდენს. ჩემი აზრით, ნიშანი აუცილებელია რომ ბავშვი კლასიდან კლასში გადავიდეს.

ტატო: კარგ და ცუდ ნიშანი სწავლაზე გავლენას არ ახდენს მაგრამ, როდესაც გაკვეთილი არ ვიცი და მე მიძახებს მასწავლებელი ვიძაბები და ვნერვიულობ, იმიტომ რომ მასწავლებელი ყვირის და მეჩხუბება. მასწავლებლები ნიშნებს საჯაროდ არ უნდა ამბობდნენ.

ბარბარე: ჩემთვის ნიშანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბევრ საგანში მაქვს მიღებული დაბალი ქულა და მერე ამ საგნის სწავლა აღარ მინდოდა. მინდა რომ სკოლაში ნიშნები არ იწერებოდეს. მეშინია დაბალი ქულის მიღების და ამის გამო საერთოდ არ ვყვები გაკვეთილს.

სანდრო: როცა დაბალ ნიშანს ვიღებ, ყოველთვის ვეკითხები მასწავლებელს რატომ მივიღე ეს ნიშანი. თუ სიმართლეს მეუბნება და მიხსნის, ამ ნიშანს მივიღებ და შემდეგ გამოსწორებას ვეცდები. მაგრამ, თუ მასწავლებელი მეუბრება რომ უბრალოდ მივიღე და არ მიხსნის ძალიან ვბრაზდები. ამის შესახებ კი ჩემს დამრიგებელს ვეუბნები.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, ნინო სხირტლაძემ განმარტა, რომ როგორც წესი, ნიშანი ითვლება სოციალური სელექციის მანიშნებლად, მაღალი აკადემიური ნიშნების მქონე მოსწავლეები აბარებენ უმაღლესში, წარმატებით საქმდებიან და მაღალანაზღაურებადი სამსახურები აქვთ. ხოლო დაბალი ნიშნების მქონდე მოსწავლეები მომავალი უმუშევრები და „ღარიბები“ არიან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი განწყობის მიხედვით მოქმედებენ მშობლებიც.

„მშობლებსა და მასწავლებლებს გავახსენებდი ერთ საინტერესო ფაქტს. ეს ყოველთვის ასე არაა. როგორც პირადი დაკვირვებით, ასევე ცნობილი ადამიანების მაგალითებზე დაკვირვებით ჩვენ ვხედავთ, რომ მენდელეევს ქიმიაში სამიანი ჰყავდა, ხოლო აინშტაინი გონებრივად ჩამორჩენილ მოსწავლედ ითვლებოდა. და საერთოდ , IQ იგივე გონებრივი ინტელექტი ნაკლებ მნიშვნელოვანია წარმატების მიღწევისას ვიდრე EQ ემოციური ინტელექტი“, – აღნიშნავს ნინო სხირტლაძე.

edu.aris.ge-სთვის მოამზადა მარიამ დარბაიძემ

მოსწავლის ზოგადი უნარები კონკრეტულ საგნებთან მიმართებაში შემოწმდება

„საქართველოში, დაწყებითი კლასების გარდა, არც ერთი საგნის პედაგოგი არ მზადდება, ამ საქმეში სერიოზული ხარვეზია“

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share