Jump to content
×
×
  • Create New...

ალტერბრიჯის მეცნიერული ხედვა სტრატეგიული კომუნიკაციის აქტუალობაზე


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

მიმდინარე წლის 19-20 მარტს, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია თემაზე – სტრატეგიული კომუნიკაციები დღეს: სირთულეები და შესაძლებლობები. ღონისძიება მიზნად ისახავდა საჯარო განხილვებს ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორიცაა, სტრატეგიული კომუნიკაციის როლი და მნიშვნელობა კერძო და სახელმწიფო სექტორში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში. ამასთან დაკავშირებით, კონფერენციის ერთერთი ორგანიზატორი, მაკო ჯაოშვილი, ალტერბრიჯის ვიცე რექტორი სტრატეგიული განვითარების მიმართულებით, კონფერენციის შესახებ კითხვებს პასუხობს.

კონფერენციის ორგანიზატორის, კონფერენციის დანიშნულებისა და მისი მონაწილეების შესახებ

სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ უმაღლესი განათლების სივრცეში ახალ ინსტიტუციას წარმოადგენს. ის დაფუძნდა 2018 წელს საგანმანათლებლო ცენტრ PRაკადემიის ბაზაზე და ზუსტად 1 წელიწადში მოიპოვა 6 წლიანი უპირობო ავტორიზაცია. მისიიდან გამომდინარე ჩვენი საქმიანობის მთავარი დანიშნულებაა განათლების, დასაქმების ბაზრისა და მეცნიერების ურთიერთშეკავშირებით იყოს ხიდი პიროვნული თვითრეალიზებიდან პროფესიულ დაოსტატებამდე. სამეცნიერო კონფერენციის მოწყობა ეხმიანება ჩვენს გრძელვადიან მიზნებს და სამწლიანი სამოქმედო გეგმის ერთერთი პრიორიტეტია. კონფერენციაში ჩაერთნენ ალტერბრიჯისა და სხვა უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი, მაგისტრები, დოქტორანტები, ახალგაზრდა მკვლევრები, დარგის სპეციალისტები. სამუშაო ენა იყო ქართული, თუმცა სამეცნიერო კრებულისთვის მონაწილეებს სტატიები შეუძლიათ ინგლისურად დაბეჭდონ. ოფიციალურ გახსნით ნაწილში ალტერბრიჯის ადმინისტრაციის გარდა დამსწრე აუდიტორიის წინაშე წარდგნენ პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, კერძოდ, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მხრიდან ევროკავშირისა და სტრატეგიული განვითარების პროგრამების დირექტორი, გოგიტა ღვედაშვილი, ხოლო საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხრიდან, CSR პროგრამის ხელმძღვანელი ლელა ხოფერია, რომლებმაც იმსჯელეს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების, ასევე ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობის ჭრილში სტრატეგიული კომუნიკაციის აქტუალობაზე. კონფერენცია ზუმის პლატფორმით ჩატარდა. მონაწილეებმა ვირტუალური ტურის მეშვეობით დაათვალიერეს ალტერბრიჯის ინფრასტრუქტურა და კომფორტული სივრცე.

სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი ძირითადი მიმართულებები და ძირითადი მიგნებები

კონფერენცია დაყოფილი იყო თემატურ სექციებად: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, განათლება, სამართალმცოდნეობა, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება. ბუნებრივია, აქტუალურ თემას წარმოადგენდა პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში ორგანიზაციათა მუშაობის ახლებური მიდგომები, რაც მომხსენებლებმა სხვადასხვა რაკურსით გაშალეს. განხილული იყო ონლაინ სწავლების თანამედროვე პლატფორმების გამოყენება, ჟურნალისტურ პრაქტიკაში სარედაქციო პოლიტიკის სტრატეგია, დისტანციურ რეჟიმში სამართალწარმოების სპეციფიკა, თანამედროვე ორგანიზაციის მართვაში ნარატივის როლი. გამომსვლელებმა იმსჯელეს თანამედროვე აუდიტში არსებულ სირთულეებზე, პოსტ-საბჭოთა პერიოდში დიზაინ განათლების ჩამოყალიბების თავისებურებებზე. მე, როგორც ერთერთმა მომხსენებელმა, ვისაუბრე პოლიტიკური კომუნიკაციის კვლევის საკითხებზე. შევეხე ჩვენს ქვეყანაში საკომუნიკაციო კომპეტენციებისა და განათლების დონის ამაღლებას მთავრობასა და საზოგადოებას შორის კონსტრუქციული დიალოგის წარსამართად. ჩემმა კოლეგებმა გაგვაცნეს soft skills ანუ რბილი უნარების პრაქტიკული მნიშვნელობა სწავლებასა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში; თანამშრომლობითი კომუნიკაცია, როგორც განათლების ეფექტური სტრატეგია; მიმოიხილეს საერთაშორისო გამოცდილება, როგორ ხდება ცვლილებების მართვა მცირე და საშუალო საწარმოებში. დასკვნით ნაწილი დაეთმო ყოველი სექციის მოდერატორის მიერ ძირითადი საკვანძო მომენტების შეჯამებულ წარდგენას, რამაც დამსწრე საზოგადოებას შეუქმნა საერთო სურათი სადისკუსიო ფორმატში განხილულ ყველა საკითხის გარშემო.

მიმდინარე და უახლოესი გეგმები

როგორც იცით, წელს პირველი ნაკადი მივიღეთ სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამაზე და ჩვენი სტუდენტების ჩართულობით ვახორციელებთ აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას ალტერბრიჯის ცნობადობის ასამაღლებლად. პარალელურად, მოვამზადეთ სასერტიფიკატო მიკრო მასტერ პროგრამები ერთი მხრივ, ბრენდის სტრატეგიის მართვაში, მეორე მხრივ, სტრატეგიული და ციფრული კომუნიკაციების მენეჯმენტში. დავგეგმეთ აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე და სხვა აქტივობები, რაც დაინტერესებულ მიზნობრივ აუდიტორიას გააცნობს ალტერბრიჯის შესაძლებლობებს. ამასთანავე, ვიწყებთ საჯარო მოხელის პროფესიული მომზადების აკრედიტებული პროგრამის განხორციელებას. სამეცნიერო-შემოქმედებითი მიმართულებით ვაგრძელებთ ყოველწლიური ელ-ჟურნალისათვის – „თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები“ თეზისების მიღებას. შემუშავების პროცესშია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები ფსიქოლოგიის განხრით. ზაფხულში გამოვაცხადებთ მიღებას ეგზისტენციალური ფსიქოლოგიისა და ლოგოთერაპიის განათლების შემდგომ 3 წლიან პროგრამაზე მსურველთა მიღებას. ჩვენს ერთერთ უცხოელ პარტნიორთან ერთად მოვამზადეთ EMBA პროგრამა, რომლის ოფიციალურ წარდგენა დაგეგმილია მაისიდან.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share