Jump to content
×
×
  • Create New...

Georgia Connect – ხიდი გერმანელ და ქართველ ფილმმეიკერებს შორის


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Georgia Connect გერმანიაში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელსაც ქართველი პროდიუსერი ნიკა აფრიაშვილი ხელმძღვანელობს.

პლატფორმა გერმანელ ფილმმეიკერებს ფილმების, აუდიო პროდაქშენის და პოსტ პროდაქშენის ქართულ სერვისებს სთავაზობს. – კომპანიის ერთერთი მიმართულება ორ ქვეყანას შორის კოპროდუქციული პროექტების წარმოებაც არის.Filmmaker.ge ნიკა აფრიაშვილს გაესაუბრა და მასთან ინტერვიუს გთავაზობთ. 

თქვენს შესახებ მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით ჯერ კინოს სამყაროში, შემდეგ კი გერმანიაში?

გერმანიაში უკვე ოთხი წელია ვცხოვრობ. საქართველოში ათამდე პროექტის პროდიუსერი/ლაინ პროდიუსერი/აღმასრულებელი პროდიუსერი ვიყავი. გადავწყვიტე სწავლა გერმანიაში გამეგრძელებინა და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის მაგისტრატურა დავამთავრე. ამჟამად ვმუშაობ კომპანიაში Factory Berlin. ეს არის უზარმაზარი ორგანიზაცია, რომელიც ბერლინსა და ჰამბურგში ოპერირებს. ფექტორიმ შემოიკრიბა სხვადასხვა სფეროს 5000-დე პროფესიონალი, აქ არიან კრეატიული კომპანიები, ცნობილი ბიზნეს კონცერნები(მაგ. Audi, Google, McKinsey, ), სტარტაპები, ერთ იდეის გარშემო გაერთიანებული 2-3 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები. სიმბოლური თანხის სანაცვლოდ Factory Berlin კომპანიებს საოფისე სივრცეს და საკუთარ სერვისებს სთავაზობს, როგორებიც არის მარკეტინგი, პიარი და მრავალი სხვა. კომპანიას მხარდაჭერა აქვს გერმანიის მთავრობისგან და სტარტაპ ბიზნესების დახმარებაზეა ორიენტირებული. Factory Berlin-ში პროექტ მენეჯერად და კონსულტანტად ვმუშაობ, რაც გულისხმობს ახალბედა კომპანიების დახმარებას და დაკვალიანებას.

რა პროექტებზე მუშაობდით საქართველოში?

საქართველოში ჩემი პროფესიული მოღვაწეობა თითქმის ყოველთვის ვიდეო და კინო სამყაროს უკავშირდება. საწყისი პლატფორმა სტუდია “სარკე” იყო – შეიძლება ითქვას ამ ინდუსტრიის პიონერი. ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულმა, საკუთარი ინტერესების რეალიზება ამ სფეროში გადავწყვიტე და რამდენიმე წლის განმავლობაში იმ პერიოდისთვის ყველაზე მსხვილი ქართული კომპანიებისთვის ვიღებდით რეკლამას. 2008 წლის შემდეგ, როდესაც ეკონომიკის კრიზის გარდაუვალი იყო, გუნდმა კინოს მიმართულება ავირჩიეთ, მეტიც, მიზანი ჰოლივუდისთვის ფილმების წარმოება, ან ყველაზე მცირე ამერიკული პროექტების საქართველოში განვითარება იყო. შეზღუდული რესურსების გამო უნიკალური ბიზნეს მოდელის შექმნის საჭიროება გაჩნდა და ეს გზა ჩვენთვის ჟანრული კინოს გადაღება იყო. პირველმა პროექტმა გაამართლა, და დანარჩენი უკვე მუდმივი შრომის შედეგია – 2015 წლამდე, სანამ გერმანიაში წასვლას გადავწყვეტდი, 8 პროექტამდე გადავიღეთ. 

როგორ გაჩნდა Georgia Connect-ის იდეა?

პროექტის იდეა რამდენიმე თვის წინ გამიჩნდა. საქართველოში მიღებულმა გამოცდილებამ და Factory Berlin-ში კინოსფეროში მოღვაწე მრავალი ადამიანის(სცენარისტები, რეჟისორები, პროდიუსერები) გაცნობამ, მიმიყვანა აზრამდე, რომ დამეფუძნებინა კომპანია, რომელიც გახდებოდა ხიდი ქართველ და გერმანელ ფილმმეიკერებს შორის. ვგულისხმობ არა მხოლოდ ლოკაციებს, არამედ კოპროდუქციას, პოსტ პროდაქშენის სერვისებს, მოკლედ ყველა ტიპის თანამშრომლობას, რომელიც შესაძლოა ორი ქვეყნის კინომწარმოებლებს ჰქონდეთ.

Nika-Apriashvili.jpg?resize=650%2C350Georgia Connect-ის დამფუძნებელი ნიკა აფრიაშვილი

რამდენად საინტერესოა გერმანელი ფილმმეიკერებისთვის საქართველო?

მრავალი ფაქტორი არსებობს და რამდენიმე მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას. ქართულ კინოინდუსტრიაში არაერთი მაღალი კლასის პროფესიონალი მუშაობს. ბოლო წლებში მათ მიერ შექმნილი პროდუქცია მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე და სტრიმინგსერვისებზე მოხვდა, როგორებიც მაგალითად კანი და სანდენსი, Netflix და Apple+ არის. შესაბამისად აქვთ საკმარისი გამოცდილება და შეუძლიათ გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობით შექმნან მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ევროპულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. იქნება ეს საფესტივალო კინო თუ მაღალბიუჯეტიანი ჟანრული ფილმები. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია ლოკაცია. საქართველოს მრავალფეროვანი ბუნება ხელშემწყობი ფაქტორია. გვაქვს ზღვის სანაპირო, მთიანი ლანდშაფტი, უდაბნოები და ტყეები. მაგალითისთვის საქართველოშია გადაღებული ინგლისური ფილმი Lady of Heaven, რომლის მოქმედება თავიდან ბოლომდე ახლო აღმოსავლეთში ვითარდება. გარდა ამისა დიდ ქალაქებში განვითარებულია კინოს გადაღებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, მაგრამ რეალურად ხშირ შემთხვევაში ქვეყნის არჩევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, დისტანციაა. გერმანიასა და საქართველოს მხოლოდ სამი საათი ფრენა აშორებს, ასევე უშუალოდ ქვეყანაში ერთი კლიმატური ზონიდან მეორეში გადაადგილება მხოლოდ რამდენიმე საათს საჭიროებს. ვფიქრობ Georgia Connect ამ ორი ქვეყნის ფილმმეიკერებს შორის ურთიერთობის ისტორიას ახალ ფურცელს შემატებს.

რა ბენეფიტებს მიიღებენ ქართველი ფილმმეიკერები Georgia Connect-ის დახმარებით? 

მთავარი ბენეფიტი კინოინდუსტრიის ეკონომიკურ ლოკომოტივად ჩამოყალიბება იქნება – არაერთ ქვეყანაში ეს სფერო ახალგაზრდებს მრავალ შესაძლებლობას აძლევს, გარდა ამისა ქვეყნებს შორის კულტურულ გაცვლას უწყობს ხელს. კინემატოგრაფიულ პრიზმას, რომ გავცდეთ, Georgia Connect თავის წვლილს და დამატებით ბიძგს მისცემს, საქართველოსთვის ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებას – ტურიზმს. ასეთი კარგი მაგალითია ხორვატია, სადაც Game of Thrones იღებდნენ და დღეს ხორვატია სხვა მნიშვნელოვან ტურისტულ ფაქტორებთან ერთად(ზღვა, კლიმატური ზონა, სამზარეულო – რაც ჩვენც გაგვაჩნია) მსოფლიო კინოინდუსტრიისთვისაც საინტერესოა.

გერმანიის გარდა სხვა ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობას თუ აპირებთ?

საწყის ეტაპზე გერმანია პრიორიტეტულია აქ არსებული კავშირების გამო, თუმცა არაფერი გვიდგას წინ რომ მომავალში სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შევთავაზოთ სერვისები და კოპროდუქცია.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიათ Georgia Connect-ის ოფიციალურ გვერდს.

The post Georgia Connect – ხიდი გერმანელ და ქართველ ფილმმეიკერებს შორის appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   10 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 8 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • Googlebot(2)