Jump to content
×
×
  • Create New...

ამბროსი ხელაია (წერილები, გამოსვლები, სასამართლოს ოქმი, ჩეკას ჩანაწერები)


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

 

 

 

ჩეკა ამბროსი ხელაიას შესახებ 

Spoiler

კათოლიკოსი ამბროსი და საკათალიკოსო საბჭოს წევრები არ დაკმაყოფილდნენ გენუის კონფერენციაზე კონტრრევოლუციური მოწოდებით და განაგრძნობდნენ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას, რაც გამოიხატა იმაში, რომ 1923 წლის 9 იანვარს საკათალიკოსო საბჭო, რომლის თავმჯდომარე იყო კათოლიკოსი ამბროსი. მას სახალხო კომისარ- თა საბჭომ გაუგზავნა ტელეფონოგრამა. იმის შესახებ, რომ სახკომსაბჭოს №68-ე დადგენილებით რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ტაძრები გადაეცა კომუნისტური ახალგაზრდობის კავშირს და ამიტომ ევალება საბჭოს გაუგზავნოს იმავე იანვარს 10-ს პირველ საათზე თავისი ორი წარმომადგენელი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში. თბილისის სამხედრო ტაძრების მღვდელმსახურების და სხვა საგნების ჩასაბარებლად. ამ ტელეფონოგრამის საპასუხოდ საკათალიკოსო საბჭომ კათოლიკოს ამბროსის თავმჯდომარეობით ასეთი დადგენილება გამოიტანა. ძალისა გამო 1921 წლის №21 დეკრეტისა, ვერ სცნო თავისათვის შესაძლებლად დასთმოს თბილისის წმიდა გიორგის (ყოფილი სამხედრო) ტაძარი არა სარწმუნოებრივი მიზნებისათვის… ამგვარმა გამოლაშქრებებმა კიდევ ერთხელ ნათელყო ის, რომ საკათალიკოსო საბჭოს კათოლიკოს ამბროსის მეთაურობით აუღია შეურიგებელი გეზი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ.

 

ამბროსი ხელაია: ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძესთან გამოსათხოვარი სიტყვა 

Spoiler

1907 წლის 16 ნოემბერი; შიომღვიმის მონასტერი

“ესრეთ ჰბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქუენი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა” (მათეს სახ. თ. 5, 16).

ესეც კიდევ ერთი მსხვერპლი ამ მოკლე დროში. გაუმაძღარმა და შეუბრალებელმა სიკვდილმა საქართველოს მოსტაცა ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე. თუმცა კაცი ღვთისაგან დაწესებულ კანონს ვერ გადაუვა და ყოვლად სამღვდელო ალექსანდრემ კიდევაც გარდააცილა თავის ხანგრძლივ სიცოცხლით იმ ზომას, რომელიც დადებულია რჩეულთათვის (ფსალმ. 89,10). მაგრამ ამ ნაირ ზეგარდმო მადლით ცხებულ ადამიანთა მიცვალებას კაცის გული მაინც ვერ ურიგდება, მას უნდა ყოველთვის ჰყავდეს იგი სამშობლო მხარის ნუგეშად.

ყოვლად სამღვდელო ალექსანდრეს თავდადებული მოღვაწეობა მშობლიურ ეკლესიის და სამშობლო მხარის აღორძინებისათვის უდიდესი მისაბაძი მაგალითია ჩვენ ქართველთათვის, მისი სხივოსანი სათნოებიანი სახე მუდმივი საუკეთესო გზის მაჩვენებელია.

“ესრეთ ბრწყინავდიან ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქუენსა ზეცათასა”-ო. გვიბრძანებს ქრისტეს წმიდა მოძღვრება და გვითითებს ამ ღირსეულ ცხედარზე, – განსვენებულის ხანგრძლივ, სათნოებიან და სახელოვან მოღვაწეობაზე.

რომელი ერთი განსვენებულის სათნოებით სავსე ხანგრძლივ, ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრების მხარეს უნდა მივაქციოთ ყურადღება?! ჩვენ არ ძალგვიძს ამ მოკლე სიტყვაში სავსებით დავახასიათოთ მისი ღირსაღსანიშნავი ცხოვრების ყველა მხარეები, ამისათვის საჭიროა მეტი დრო და მეტი ნიჭი და მჭევრმეტყველება.

განსვენებულმა ყოვლად სამღვდელომ გვასწავლა ჩვენ, რამდენათ შეიძლება ამ უკუღმართ დროშიაც ვიყოთ ნამდვილი ქრისტიანენი, – ქრისტიანული იდეალების მატარებელნი, როგორც მატარებელი ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულისა, – იმ სიყვარულისა, რომელიც ყველას ერთ რიგათ უნდა ეფინებოდეს, – არ არჩევდეს ახლობელს არა ახლობელისაგან, – რომელიც უნდა ავიწყებინებდეს პირად ინტერესებს და აბედვინებდეს სიცოცხლის შეწირვას მოყვასისათვის, – როგორც მატარებელი ამნაირი სიყვარულისა, ის თავის ცხოვრებით გვიმტკიცებს, რომ ეს ქრისტესაგან მის მიმდევართათვის დახატული იდეალი ამ ქვეყნად შესა- ძლებელია განხორციელდეს. ჯერ ისევ სტუდენტობის დროს, როდესაც ყაზანის მხარეში ხოლერა მძვინვარებდა, განსვენებული უშიშრად და თავგანწირულად ემსახურებოდა ამ საშინელი სენით შეპყრობილთ განურჩევლად მათი ჩამომავლობისა და სარწმუნოებისა, მისი თავგანწირულობა მოძმეთათვის, მისი მოურიდებლობა ამ საშინელი და მეტადრე მაშინ თავზარდამცემ სენისა ანცვიფრებდა ყველას, რაც ხაზგასმით აღნიშნულია თვით ყაზანის აკადემიის ისტორიაში. ეს ერთი ფაქტიც მშვენიერად ახასიათებს ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე ქრისტიანულს ცხოვრებას. ასეთივე დარჩა განსვენებული უკანასკნელ წუთამდის. ის თავის ხანგრძლივ ცხოვრებაში ამ ქვეყნად მრავალფერად ასრულებდა ამ დიად მცნებას, – მცნებას მოძმეთა სიყვარულისათვისას.

მისი ქველმოქმედება, მისგან აღდგენილნი ქართველთა კულტურის მაჩვენებელი ნაშთები, მისგან გამოცემული საღვთისმეტყველო და სამეცნიერო ჩვენ წინაპართა ნაწარმოებნი, მისის საფასით აღდგენილნი, მშობლიური გალობა, მისი შრომა და სიქველე მამულის შვილთა აღზრდაში და მრავალი სხვა მისი ამნაირი ღვაწლი ყველასაგან ცნობილია. მისი ღრმა სარწმუნოება ცხოვრებაში განხორციელებული, სიყვარული სამშობლო ქვეყნისა თვით მისი ქრისტიანულ სარწმუნოებასთან მჭიდროდ შეკავშირებული, – მისი პირუთვნელობა, უშიშრობა ამ სოფლის უფალთა და ძლიერთა მხილებაში და მრავალი სხვა მისი სათნოებიანი სულის თვისებანი ხდიდა მას ნამდვილ წარმომადგენელად იმ ძველი ჩვენი წმიდა მამათა, რომელთა მრავალმხრივმა ღვაწლმა დაიცვა ჩვენი სარწმუნოება, ენა და ეროვნება მოზვავებულ-აუარებელი მტერთაგან. ყველა ამაებზე უკვე ბევრი თქმულა და დაწერილა და მეც აქ არას ვიტყვი.

ვიტყვი ორიოდე სიტყვას მხოლოდ იმაზე, რაც აქ არ თქმულა, – განსვენებულის მოციქულებრივ მოღვაწეობაზე აფხაზეთში. ღმერთმა პირველ ხანებში მას არგუნა სამსახური და მოღვაწეობა ამ საქართველოს განაპირა მხარეში, ჯერ როგორც აფხაზთა შვილების აღმზრდელს, შემდეგ როგორც მისიონერ-მქადაგებელს და ბოლოს როგორც მწყემსთ-მთავარს. ის მუდამ თავგანწირულად ემსახურებოდა აფხაზთა მოქცევის საქმეს, – არ ზოგავდა საკუთარ საშვალებას სკოლათ დაარსებისათვის, – თავის ხარჯით ზრდიდა აფხაზთა შვილებს და ამზადებდა მათ მღვდლობის ხარისხში სამოღვაწეოდ, – მედგრად იცავდა სამღვდელოების და სამწყსოს ინტერესებს, უხვად ეწეოდა ქვრივ-ობოლთა, მის და სამწყსოს შორის არსებობდა მამაშვილური კავშირი, დაფუძნებული ჭეშმარიტ ქრისტიანულ სიყვარულზე. მას არ უყვარდა მდიდრული ცხოვრება, ცხოვრობდა თითქმის ეგრეთვე სადათ, როგორც ერთი უკანასკნელი ღარიბი მის სამწყსოთაგანი. ეს სადა ცხოვრება, ეს ხალხთან სიახლოვე ხდიდა მას ნამდვილ ძველ მშობლიურ ეკლესიის მწყემსთმთავართა მსგავსად.

მოვიყვან ერთს მაგალითს იმისას, თუ რანაირი გავლენა ჰქონდა განსვენებულის ამნაირ ცხოვრებას ხალხზედ, რანაირი უზომო ნდობა ჰქონდა დამსახურებული თვით მაჰმადიან აფხაზთა შორის. 1866 წლის ამბოხების ჩაქრობის შემდეგ აფხაზების უმრავლესობა იძულებული გახდა გადასახლებულიყო ოსმალეთში.

ამ უბედურ დროს, როცა აფხაზთათვის ყველა ქრისტიანის სახელის მატარებელი საზიზღარი იყო, მხოლოდ ყოვლად სამღვდელო ალექსანდრეს ჰქონდა აფხაზებთან კავშირი, მხოლოდ მას უზიარებდნენ თავიანთ ჭირ-ვარამს, მას ენდობოდნენ.

აი, ამ ხანებში მწყემსთ-მთავართან შემოდის ერთი მაჰმადიანი აფხაზი, სახელად ურუსი, თავისის თორმეტი წლის შვილით. როდესაც ყოვლად სამღვდელომ ჩვეულებრივი ალერსიანი კილოთი ჰკითხა ურუსს მოსვლის მიზეზი, უკანასკნელმა მოახსენა შემდეგი: “შენთან მოვედი, კეთილო მწყემსო და მამაო! მე სამუდამოდ ვეთხოვები სამშობლოს, მივდივარ ოსმალეთში საცხოვრებლად და ჩემი ვაჟი დავსტოვო შენთან, მეტი არა გამაჩნია რა, ცოლი და სხვა შვილები ადრე დავკარგე, არ ვიცი რა მომელის უცხო მხარეში, მაგრამ მაინც ვსტოვებ ჩემს საყვარელ სამშობლოს. არ მინდა ჩემი უბედურება გავუზიარო ჩემს ერთადერთ შვილს და შენთან მოვიყვანე, მოწყალეო მამაო, ვიცი მიიღებ, აღზრდი ქრისტიანულად და იქნება ბედნიერი”-ო.

თვალცრემლიანი მამა გამოეთხოვა საყვარელ შვილს, რომელიც განსვენებულის მეოხებითა და საფასით აღიზარდა და მღვდელობაში დიდი სარგებლობა მოუტანა ქრისტიანობას აფხაზეთში.

ამ ფაქტს განმარტება არ სჭირია. ამნაირ განწყობილებას სამწყსოსთან დიდი ნაყოფი მოჰქონდა. იწყეს აფხაზთა ქრისტიანობის მიღება, რომელიც კიდეც დამთავრდა თითქმის 80-იან წლებში ნეტარ ხსენებული აფხაზეთის მეორე მოციქულის ეპ. გაბრიელის დროს. ამის შემდეგ განვლო საკმარისმა დრომ, ქრისტიანული საქმე პროგრესულად დენის ნაცვლად რეგრესიულად მიმდინარეობს. უკანასკნელი ცნობებით, რამდენიმე სოფელმა უკვე უარყო ქრისტიანობა. მიზეზი ცხადია: არ არიან ალექსანდრე-გაბრიელისებრი მოციქულნი.

ნეტარხსენებულო მწყემსთ-მთავარო, სხვა შენი მრავალ მხრივ ღვაწლთან ერთად ამასაც არ დაივიწყებს ქართველი ერი, აფხაზეთის ქრისტიანი ნაწილი და იქაური სამღვდელოება.

განისვენე, ქართველთა მამაო და კეთილო მწყემსთმთავარო, ზეგარდმო მადლით ცხებულო მოღვაწევ, აღმაშენებლად წოდებულო, – განისვენე ამ შენგან განახლებულ-გამშვენებულ ტაძარში. ეს წმ. ტაძარი იქნება საუკუნო შენგანვე შექმნილი ნივთიერი ძეგლი შენს საფლავზე და ყოველ ქართველის გულში კი გედგმება სამუდამო უხილავი ძეგლი.

ილოცე, ჩვენო ახალო ღვთის წინაშე შუამდგომელო, – ილოცე სხვა ჩვენ წმ. მამებთან ერთად სამშობლო მხარის ქრისტიანულად და კულტურულად აღყვავებისათვის. ამინ.” (26, 9-13).

არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია

ამბროსი ხელაია: ილიას პანაშვიდის წინ წარმოთქმული სიტყვა 

Spoiler

სიონის ტაძარი, თბილისი, 1907 წლის 8 სექტემბერი

ვკადნიერდები და ვბედავ მეც ამ დიდებული ცხედრის წინაშე ვსთქვა ორიოდე სიტყვა.

დღეს მთელი საქართველოს დასტირის დიდებული მამულიშვილის ცხედარს. დღეს საქართველომ დაჰკარგა უდიადესი მგოსანი, საუცხოვო და თავდადებული საზოგადო მოღვაწე, სიამაყე ეროვნული ლიტერატურისა. არა გვყავს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, – მოჭირნახულე თავის ერისა. ის მოიკლა ბარბაროსების ბინძურის ხელით.

მაგრამ მოკვდა კი დიდებული ილია? “იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკვდილადმდე, და მოგცე შენ გვირგვინი იგი ცხოვრებისაო” (გამოცხ. 2,10), გვიბრძანებს ჩვენ უფალი, მოციქული იოანნე ღვთისმეტყველის პირით და ამით გვისახავს იმას, თუ რანაირი უნდა ვიყოთ ჩვენ ამ ქვეყნად, რომ დავიმკვიდროთ საუკუნო გვირგვინი უკვდავებისა. ნეტარია ის, ვინც ამ ქვეყნად პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, სწამს და თავგანწირულად ემსახურება სიმართლეს, ამას ისახავს მოქმედება-მოღვაწეობის საფუძვლად: “პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი” ამნაირის კაცისა (ფსალ. 115.6). ის უკვდავია მისი ნამოქმედარით, მისი ხსოვნა უკუნისამდე დარჩება მადლიერ ერში. ამისთანა კაცი სიკვდილის შემდეგაც თავისის ნამოქმედარ-ნაღვაწით მასწავლებელი და დამრიგებელია, რადგან, მოციქულის თქმით, ის სიკვდილის შემდეგაც მეტყველებს (ებრ. 11,4).

მაშასადამე არ მომკვდარა ილიაც; ის ცოცხალია. ის მხოლოდ გარდაიცვალა სიკვდილისაგან ცხოვრებად. თუმცა დასდუმდნენ მჭერმეტყველებით განთქმულნი ბაგენი, მაგრამ საქმენი მისნი მჭერმეტყველურადვე ღაღადებენ და იღაღადებენ. ის თვისი ნაშრომ-ნაღვაწით უკვდავად დარჩება, სანამ ქართველი ერი იარსებებს. ვიტყოდი მეტსაც: ქართველი ერიც რომ გადაგვარდეს, უკუღმართ დრო-გარემოებათა გამო, მაშინაც არ იქნება დაკარგული დიდებულ მგოსან-მოღვაწის ხსოვნა, ვინაითგან ამ დიდებული საქართველოს შვილის ნაწარმოები ეკუთვნის არა მარტო ქართველ ერს, არამედ მთელ კაცობრიობას, რომლის ნაწილსაც შეადგენს ქართველობა.

განსვენებული დიდებულია თავისი მრავლამხრივი მოღვაწეობით სამშობლოს საკეთილდღეოდ. მისი ღვაწლის სიდიადე არის მიზეზი, რომ ასე მწარედ დასტირის მას მთელი საქართველო. მაგრამ, ქართველნო, არა დაუვიწყარი დიდებული ილიაა საგლოვო- სატირალი, არამედ ბედისაგან განწირული ჩვენი სამშობლო,- მისი დამკარგველი. განა არ კმაროდა, რაც უკუღმართ დროვითარებამ უბედურება დაგვატეხა თავზე, რომ ჩვენ თვითონ აუწერელი უბედურება არ მიგვემატებია?! მაგრამ დასაჯერებელი კია, ეს უმაგალითო ბარბაროსული მკვლელობა ჩაედინოს საქართველოს შვილს. შვილს იმ საქართველოსი, რომლის თავგანწირულად სამსახურში გაატარა განსვენებულმა მთელი ორმოცდაათი წელიწადი.

თუ კი ეს ბრალი დაედო ქართველობას, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენი გახრწნილება, ზნეობრივი დაცემა, ველურობა, უკუღმართობა იქნება სატირალი. ამას უნდა ღრმად ჩაუფიქრდეთ, თუ გვინდა დავრჩეთ ქართველ ერად. განსვენებული კი ნეტარია. მან კეთილად განვლო გზა, მისი ნავალი და კვალი წარუშლელია, ეკლიანი გზა გაკაფულია. ის უკანასკნელ წუთამდის ერთგულად ემსახურებოდა იმ იდეალებს, რომლებიც ამ ნახევარი საუკუნის წინათ აირჩია ქართველი ერის საკეთილდღეოდ; ერთის ნაბიჯითაც არ გადაუხვევია, არ უღალატნია მათთვის და ამისათვის, მოციქულის თქმისაებრ, გზა არს მისთვის “გვირგვინი ცხოვრებისა” (გამოცხ. 2,10), გვირგვინი უკვდავებისა.

დიდებულ გვამთა გარდაცვალებასაც კი აქვს ჩვენთვის რაიმე მნიშვნელობა, ისიც უთუოდ რამეს გვასწავლის.მივიჩნიოთ ეს ბარბაროსთაგან დაღვრილი სისხლი ჩვენს ეროვნულ ცოდვათა განმწმენდად, უკუღმართ გზიდან მომქცევად, მთლად საქართველოს შვილთა შემაერთებლად, განმამტკიცებლად.

შევფიცოთ ამ წინამდებარე ცხედარს, რომ ვიქნებით ნამდვილი აღმასრულებელი ამ მცნებისა, რომელიც განსვენებულმა თვისის მოღვაწეობით გვიანდერძა.

თუ ჩვენ გვექნება ერთობა ეროვნულ იდეალების მსახურებაში, მაშინ უეჭველია ჩვენი სამშობლო მხარე შეიძლებს კიდევ წარმოშობის ილიასებრი დიდებული მოღვაწენი და მაშინ კი საბოლოოდ განიხარებს განსვენებულის დიდებული უკვდავი სული.

ღმერთო მაღალო და ძლიერო, გვაკმარე ეს უბედურება. ეს იყოს უკანასკნელი მსხვერპლი, სამშობლოს საკეთილდღეოდ და ჩვენთან ეროვნულ ცოდვათა სახსრად შეწირული ეროვნულ ტრაპეზად. სიდიადე ამ მსხვერპლისა თავდებია, რომ მომავალში ჩვენი უკუღმართობა, ჩვენი შეუგნებლობა მოსპობილ იქნება და ერთობილის ძალით შევუდგებით პირნათლად სამსახურს სამშობლო მხარის აღორძინებისას. თუ ამნაირი ღვაწლი დაგვდო ჩვენ ამ მსხვერპლის სისხლმა, თუ ჩვენ შეგვაერთა მამულისათვის თავდადებით სამსახურისთვის ეს იქნება უკანასკნელი ჭეშმარიტად დიდი ღვაწლი დიდებულის ილიასი, – მისი ხანგრძლივი შრომის სასურველი ნაყოფი და გვირგვინი. ჩვენის მხრითაც ეს იქნება ნამდვილი ვალის მოხდა, მისი ანდერძის აღსრულება და თან საუკეთესო პატივისცემაც განსვენებულის ხსოვნისა. ღმერთმან მოგვცეს ამის საშუალება.

საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, მამულისათვის თავდადებულო, დიდებულო მგოსანო ილიავ!” (12, 539).

არქიმანდრიტი ამბროსი

ამბროსი ხელაიას მიმართვა სახალხო გვარდიის ჯარისკაცებისადმი

Spoiler

მიტროპოლიტ ამბროსის მიმართვა სახალხო გვარდიის ჯარისკაცებისადმი

1919 წლის 12 დეკემბერი

“მახვილო, ვიდრემდის არა დასცხრები, კვლავ ეგე ქარქაშსა შენსა, განისვენე და დასცხერ” (იერემია, 47, 6).

ასე კვნესოდა გამუდმებული ომებისაგან გულდათუთქული წინასწარმეტყველი იერემია, როდესაც იგი ხედავდა თავისი სამშობლოს უბედურებას. არ სცხრება ახლაც მახვილი, არ ისვენებს და ძალაუნებურად ვურიგდებით იმას, რომ ღმერთს შევსთხოვოთ მოანიჭოს ჩვენს მხედრობას მტრებზე გამარჯვება, ვურიგდებით აუცილებლობას, ვიდღესასწაულოთ არა მშვიდობიანი მუშაობა, არამედ მებრძოლთა ინსტიტუტის დაარსების წლისთავი, – იმ მებრძოლთა რომელნიც აუცილებლობას მოუშორებია თავიანთ ოჯახებში შრომა-მუშაობისათვის.

ბრძოლა და სისხლისღვრა, საუბედუროდ, ჯერკიდევ საჭიროა სამშობლოს კეთილდღეობისათვის და იმისათვის გულის სიღრმიდან გილოცავთ, მამულისშვილნო, ამ დღესასწაულს, ორი წლისთავს საქართველოს სახელოვანი სახალხო გვარდიის არსებობის და მოღვაწეობისას. დიდმნიშვნელოვანია ეს დღე პირად ჩვენს ცხოვრებაში და საზოგადოთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლების ისტორიაში. დიდია ღვაწლი საქართველოს გვარდიისა ჩვენი თავისუფლების განმტკიცების საქმეში. ბევრი მტერი აღმოუჩნდა ჩვენს თავისუფლებას, ხოლო ამ მტერთა შორის განსაკუთრებით საშიშროებას წარმოადგენს შავ რეაქციის მოტრფიალე მოხალისენი. ყველანი დასცხენ, ხოლო ესენი არა სცხრებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ უკანასკნელ დროს წითელი ლაშქარი ძალზე ერეკება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფრონტებში მათი მდგომარეობა კრიტიკულია, ჩვენს წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას ეწევა. ყაჩაღურათ წაიყვანა ჩვენი გემი ჭოროხი, მათი სამხედრო გემები ფირალობენ ჩვენს საზღვრებში, ფოთში სროლაც აუტეხიათ. თავისუფლების მტრები არ სცხრებიან.

ბევრი სისხლი დაღვარა სახალხო გვარდიამ, კერძოთ და საზოგადოთ ჩვენმა ჯარმა, სამშობლოს კეთილდღეობისათვის, მის დასაცავად გარემომდგარ მტერთაგან ყველგან სახელოვნად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა. მაშ, იმედია, შავრაზმელ მოხალისეებსაც ჩვენი მხედრობა აჩვენებს თავის სიმამაცეს და დაარწმუნებს, რომ საქართველო აბუჩად ასაგდები არ არის, რომ საქართველო ისტორიულად გამოცდილია თავის სამშობლოს დაცვაში და არავის არ შეალახვინებს სისხლით და ტანჯვით მოპოვებულ თავისუფლებას.

ჩვენი მთავრობა არ თანაუგრძნობს სისხლისღვრას, ამაში ის ეთანხმება ქრისტიანულ მოძღვრების მისწრაფებას. სახარება წინააღმდეგია სისხლისღვრისა. ომების მოსპობას შეჰხარიდნენ წინასწარმეტყველნი; ისინი მწარე სინამდვილით დაღონებულნი მწუხარებით მოსთქვამდნენ “მახვილო, ვიდრემდის არა დასცხრები…”, ისინი სიხარულით ელოდნენ შორეულ მომავალში მაინც იმ დროს, ოდეს შესაძლებელი იქნება თხა და მგელმა ერთად იძოვონ და საომარი იარაღები გადაკეთდეს მიწის სამუშაო იარაღებად. მაგრამ ახლო მომავალში ამისი მოლოდინი შეცდომა იქნება. ისტორიული მსვლელობა იძულებული ჰყოფს ჩვენს ერს შეურიგდეს მწარე სინამდვილეს. ისტორია მეორდება. მუდამ ამნაირი იყო ჩვენი ხალხის ცხოვრება-მდგომარეობა. ვინ არ მტრობდა მას? სპარსელები, ოსმალება, მონღოლები, სელჩუკები, რომაელები, ბიზანტიელები, მთიელები, გადამთიელები და მრავალნი სხვანი სცდილობდნენ მოესპოთ ჩვენი ერისთვის თავისუფლება, დაპატრონებოდნენ ჩვენს სამოთხესებურ ქვეყანას, მაგრამ პატარა საქართველო, როგორც ბიბლიური პატარა დავითი, წინაღუდგებოდა ხოლმე გოლიათებს და ხმლით იცავდა თავის სამშობლოს.

რა აძლევდა მას ძალას მრავალ საუკუნეების განმავლობაში წარმოებულ უთანასწორო ბრძოლაში იმ აუარებელ და მძლავრ მტრებთან, რომელნიც რკინის რკალივით გარსშემორტყმოდნენ ჩვენს სამშობლოს? ამაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სარწმუნოებას, რომელიც თუ ხალხში განმტკიცდა, ჭეშმარიტად სასწაულმოქმედია. ამისთვის არ შემიძლია არ გამოვსთქვა ჩემი სიხარული იმის შესახებ, რომ თქვენ, სამშობლოს შვილნო და მამულის იმედნო, ეს თქვენი და მთლად ქართველობის დღესასწაული დაუკავშირეთ ეკლესიას, ღვთის მოგონებას, მისდამი ვედრებას. ამისთვის დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მცველი, მფარველი და შემწე მტერთაგან სამშობლოს დაცვაში იქნება თვით ღმერთი.

ძველად ქართველობა უძლეველი იყო სარწმუნოებით და მამულის სიყვარულით. ეს აძლევდა მას სიმხნეს. ტკბილი იყო მისთვის სარწმუნოების და მამულისათვის სიკვდილი, რადგან ეკლესია სარწმუნოებასთან ერთად უნერგავდა მას მამულის სიყვარულსაც. მარაბდის ომში საბრძოლველად გამოვიდა მროველი მიტროპოლიტი დიმიტრი, აზიარა ხალხი ბრძოლის წინ და თვითონ თავის მაგალითით ამხნევებდა მებრძოლთ და კიდევაც შეეწირა სამშობლოს, მოკლული იქმნა ბრძოლის ველზე. ამნაირი მაგალითები ჩვენს ისტორიაში ბევრია.

ძველად მორწმუნე ქართველს საბრძოლველად მიმავალს, თან მიჰქონდა ჯიბით მშობლიური მიწა და მით ეზიარებოდა ბრძოლის ველზე სიკვდილის წინ და იტყოდა: “მექმნეს მშობლიური მიწა ზიარებადო.” ამდენათ დიდი იყო მასში სარწმუნოება და სამშობლოსადმი სიყვარული.

თქვენც გიღვივით გულში ის გრძნობა მამულის სიყვარულისა და, როდესაც მას გააორკეცებს სარწმუნოება და ეკლესიისადმი სიყვარული, მაშინ უძლეველი იქნებით, მაშინ სირცხვილეულ იქნებიან მტერნი ჩვენის თავისუფლების.

მაშ, განიხარე ტკბილო სამშობლოვ, შენი საუკეთესო შვილნი შემოკრებილან დღეს სადღესასწაულოდ, რომ ამით მტკიცედ შეკავშირდნენ ჩვენის თავისუფლების მტრებთან საბრძოლველად.

განიხარე შენც, დედა ეკლესიავ, შენნი შვილნი შენ გიგონებენ, შენს ლოცვა-კურთხევას წარიმძღვარებენ თავის სამშობლოს დასაცველად მოღვაწეობაში.

ღმერთო, მიეცი ამათ ძალა საქართველოს მტერთაგან ხსნაში, რომ სამშობლომ შეიძლოს თავისუფლების განმტკიცება და კულტურის გზაზე ჩვენი ერის ჩქარის ნაბიჯით სიარული.”

 

ამბროსი ხელაიას სიტყვა დამფუძნებელი კრების მოწვევის წლისთავთან დაკავშირებით 

Spoiler

მიტროპოლიტ ამბროსი ხელაიას სიტყვა დამფუძნებელი კრების მოწვევის წლისთავთან დაკავშირებით

1920 წლის 28 თებერვალი

“თქვენ აზნაურებისა (თავისუფლებისა) ჩვენებულ ხართ, ძმანო, განა ხოლო აზნაურობა ნუ მიზეზად ხორცთა, არამედ სიყვარულისა, მისთვის ჰმონებდით ურთიერთარს” (გალატ. 5, 13).

ამ სიტყვებით მოგვმართავს მოციქული პავლე და ამით გვიმტკიცებს, რომ თავისუფლება არის ნიჭი ღვთისა. ეს სიტყვები საუკეთესოდ შეეფერება დღევანდელ დღესასწაულს, წლისთავს ამ თავისუფლების დაბრუნებისა. ვამბობთ “დაბრუნებისა”, ვინაითგან ეს ნიჭი ღვთისა წაგვერთვა ამქვეყნიურის უსამართლობით და ძალმომრეობით. 28 თებერვლის აქტმა დაგვიბრუნა ეს თავისუფლება და, რასაკვირველია, ეს დღე მათთვის, ვინც მოტრფიალეა თავისუფლებისა, ვინ მას მოელოდა და მისთვის იბრძოდა, არის დიდი სიხარულის დღე.

დიახ, ახლა დამყარდა იმნაირი წესწყობილება, როდესაც ხალხის სინდისმა თვალ-ყური უნდა ადევნოს მათ მოქმედებას, ვისაც ცხოვრება აყენებს მართვა-გამგეობის სათავეში. ახლა პიროვნება თავისუფალი უნდა იყოს უფლებამოსილთა თვითნებობისაგან, ვინაითგან დაიმსხვრა ბორკილები, რომლითაც მრავალი საუკუნოების განმავლობაში შებოჭილი ვიყავით, თვითეული ჩვენგანი პასუხისმგებელია მხოლოდ ღვთის და სინდისის წინაშე, წინაშე მართლმსაჯულებისა და კანონისა. საქართველოს რესპუბლიკისათვის დიდმნიშვნელოვანია ეს დღე, როგორც დღე დამფუძნებელი კრების მოწვევის და ამ გზით თავისუფლების გამაგრებისა და კანონიერების გზაზე დადგომისა. დიდი ბედნიერებაა, უდიდესი მონაპოვარია ხალხის კეთილდღეობისათვის.

ამისთვის, მამულიშვილნო, წრფელის გულით გილოცავთ ყველა ამას. ეკლესია და ქრისტეს სწავლა დამცველია თავისუფლებისა ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. ერთი რუსეთის მეცნიერი, რომელმაც შესწირა თავი თავისუფლებისათვის ბრძოლას, ამბობს: “ქრისტიანობას სწამს შეერთება იესო ქრისტეს პიროვნებაში ღვთისა და კაცისა, შეერთება მიწიერის და ზეციერისა, ღვთაებრივის და კაცობრიულისა და მოითხოვს ამნაირსავე შეერთებას, ამნაირსავე ღმერთკაცობას ყველა მორწმუნისაგან, ყველა ჩვენგანმა უნდა თავის არსებაში განასახიეროს ღმერთი სიტყვით და საქმით.” ჩვენ უნდა ჩვენს ცხოვრებაში განვახორციელოთ ზნეობრივი მხარე, რომელიც აძლევს სიმაგრეს და ძალას ჩვენს მოქმედებას. თავისუფლება უნდა გამოიხატოს მოძმეთადმი სიყვარულში, პატივისცემაში მოძმის პიროვნებისა, მისი რწმენისა და მისწრაფებისა. თუ ჩვენ სიტყვით ვქადაგებთ თავისუფლებას და საქმით მას ვარღვევთ და ვსცდილობთ მხოლოდ პირადი თავისუფლებისათვის, მაშინ ეს იქნება არა თავისუფლება, არამედ თვითნებობა.

რას ვხედავთ ახლა? არის განხორციელებული ჩვენში პიროვნების დაფასება? საუბედუროთ, არა. პიროვნების დაფასება გარეშე პარტიული თვალსაზრისისა არ არსებობს.

ჩვენში ძველ წესწყობილების დროს ზიზღს იწვევდა დიდების მოყვარეობა იმათი, ვინც მთავრობის მაღალ საფეხურებზე მსახურობდა, მაგრამ ახლაც არ ვხედავთ ამ დიდებისმოყვარეობას დემოკრატიულ არისტოკრატიის, ახალ მოდის თავადობას?

მექრთამეობა უწინდელის მოხელეებისა განსაცვიფრებლად მიგვაჩნდა, მაგრამ ამაში ახლა ჩამოვრჩებით ძველ მოხელეებს?

უწინ გვეჯავრებოდა სისხლისღვრა, ახლაც განა კაცი კაცისათვის მგელი არ არის? განა ერთმანეთის შეუბრალებლობა ახლაც იმნაირად არ მეფობს, როგორც ძველად?

რა არის ამის მიზეზი? რისთვის არ განგვკურნა ჩვენ თავისუფლებამ? მიზეზი იმაშია, რომ ჩვენ მოღვაწეობაში და მოქმედებაში ნამეტანათ შევამცირეთ ზნეობრივი ელემენტი. განვდევნეთ შკოლიდან და ცხოვრებიდან ქრისტეს სარწმუნოებრივი და ზნეობრივი სწავლა, ურომლისოდ ჩვენი მოღვაწეობა ცალმხრივია, მას არ ასულიერებს ღვთის სასოება ჩვენში, ერთმანეთის სიყვარული, ურომლისოდ თავისუფლება იღებს არასასურველ მიმართულებას… უამისოდ თავისუფლება ორივე გვერდით მჭრელი მახვილია, რომელმაც შეიძლება მოგვიტანოს სარგებლობის წილ მავნებლობა, გაამეფოს ანარქია, ამისთვის თავისუფლება, პეტრე მოციქულის თქმით, არა საფარველად უკეთურებისა უნდა გვქონდეს, არამედ ძმათა სიყვარულისათვის (პეტრე, I, 2, 1-7), ხოლო ასვლებით “არა მიზეზად ხორცთა,” არამედ სიყვარულით ურთიერთარს მორჩილებისათვის (გალატ. 5, 13), მშვიდობა და ძმურის სიყვარულის დაბრუნებისათვის ამქვეყნად. “უკეთუ ურთიერთარს იკბინებოდეთ და შეიჭმებოდეთ იხილეთნვე უკვე ურთიერთარს განილინეთ.” ვიმეორებ, დაუდვათ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქორსტეს ზნეობრივი სწავლა, მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელება და მაშინ, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო წევრნი სახელმწიფოსი. შევევედროთ უფალს მოგვცეს მან ამნაირი მიმართულება და მაშინ გვექნება ნამდვილი თავისუფლება, მაშინ გაიფურჩქნება ჩვენი სამშობლო მხარე და ვიქნებით ბედნიერნი”

 

ამბროსი ხელაიას სიტყვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად; სოხუმი, 1920 წლის 26 მაისი 

Spoiler

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ამბროსი ხელაიას სიტყვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად

სოხუმი, 1920 წლის 26 მაისი

მოგილოცავთ ამ დიდ და დიდმნიშვნელოვან დღეს საქართველოს განთავისუფლება-გათვითცნობიერებისას, მის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებისას. ეს დღე სასიხარულოა ყველა ერთგული მამულისშვილისათვის; მათთან ერთად მშობლიური დედაეკლესიაც ხარობს, ვინაითგან ის მომხრეა თავისუფლებისა, მანაც ბრძოლით მოიპოვა ეს თავისუფლება ერის თავისუფლებაზე ადრე; ხარობს, რომ ეკლესიური თავისუფლება დაედვა საფუძვლად სახელმწიფოებრივი თავისუფლებას. ეს გარემოება გვეუბნება, რომ ჩვენი ეკლესია არ არის ღირსი დევნისა, რომ ის არ არის კლერიკალობის მიმდევარი და რომ უსამართლობა და მავნებელია ტრაფარეტულად მივსდიოთ საფრანგეთის მაგალითს ეკლესიასთან ურთიერთობის დამყარების საქმეში. ჩვენში ეკლესიის თავისუფლებას მოყვა ერის თავისუფლება და დედა-ეკლესიაც თავის შვილთ უგზავნის ლოცვა-კურთხევას, ულოცავს თავისუფალ განვითარების გზას.

საქართველოს ისტორია გვიმტკიცებს, რომ ეკლესიამ დიდი ამაგი დასდო ჩვენს სამშობლოს, იხსნა ის გადაგვარება-განადგურებისაგან; მრავალი საუკუნოების განმავლობაში აუარებელ მძლავრ მტრების წინააღმდეგ ბრძოლის დროს სარწმუნოება ამაგრებდა და აძლევდა სიმხნეს ქართველ ერს და ეს მრავალმოწამე ერი, ეს იობი ხალხთა შორის, გამოვიდა გამარჯვებული და შეინახა თავისი ენა, ზნე, ჩვეულება და ეროვნული ელფერი. ესეც ცოტაა, აი, აუარებელი სიმრავლე მონუმენტალურ ნაშთებისა, რომელთა გარეგნული ხუროთმოძღვრული მოხაზულობა, მეცნიერთა სიტყვით, მისულა უმწვერვალეს განვითარებამდის. აი, სიმრავლე ხელთნაწერებისა, გონების ნაწარმოებებისა, რომელთა მეოხებით ჩვენ გვიცნობენ საზღვარგარეთ კულტურულ წინაპართა შვილებად. აი, დღეს წმ. ეკლესია იხსენიებს ექვთიმე ათონელს – მთარგმნელს და მწერალს XI საუკუნისას, რომლის ნაწარმოებთა სიმრავლე განსაცვიფრებელია. ყველა ამას აზის ბეჭედი სარწმუნოებრივ-ეკლესიური.

ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხ68 ვდომილია და მუდამჟამ იფარავდა მას. მაგრამ თქვენ იტყვით, რისთვის ახლა არ გვეხმარება დედა ღვთისა ძველებურადო? რისთვის მოგვაკლდა მისი მფარველობაო?

არა, ახლაც არა ვართ მოკლებული ღვთისმშობლის მფარველობას და ღვთის მოწყალებას, მაგრამ ჩვენ ჩვენის მცირე მორწმუნეობისა გამო არ ვხედავთ მას, არ გვინდა დავინახოთ. მოიგონეთ უკანასკნელი სამი წელიწადი. რა საშიშროება არ მოელოდა ჩვენს სამშობლოს? ფრონტიდან დაბრუნებული ჯარი გვემუქრება წალეკით, მაგრამ აგვცდა, გადავრჩით უვნებლად. ანარქია და სამოქალაქო ომმა მოიცვა მთელი რუსეთი, ჩვენში კი, თუმცა იყო ნიადაგი, ცდილობდნენ შინაური და გარეული მტრები, მან ვერ მოიკიდა ფეხი; ამხედრდნენ ჩვენს წინააღმდეგ მეზობლები: ოსმალენი, სომხები და რუსის მოხალისენი, მაგრამ მოგვეცა ძალა; მოგვადგა დიდი გრიგალი ბოლშევიზმისა, მაგრამ ესეც აგვცდა; ბოლოს ახლაც გვეომება სხვისგან ზურგმომაგრებული ყოფილი ჩვენი მოკავშირე სახლემწიფო (ადერბაიჟანი), მაგრამ სირცხვილეულ იქმნება ეს მოღალატეც… ვისი ხელი მოქმედებს ამ შემთხვევაში? ვინ გვიფარავს?

თვით სათავეში მყოფნი და პასუხისმგებელნი პოლიტიკაში გვეუბნებიან “გარემოება ხელს გვიწყობსო”, მაგრამ რაა ეს გარემოება? განა ეს ყველა ბრმა შემთხვევაა? განა მასში არ არის აზრი და წესრიგს არ ექვემდებარება? ვინ არის ამ მიზანშეწონილობის, კანონიერების მიზეზი? ვინ აძლევს ამ შემთხვევა-გარემოებებს აზრს, თუ არა ღმერთი. ამ დასკვნამდე მიდის მორწმუნე ადამიანი და მართალიცაა ის.

იესო ქრისტეს მოწაფენი ერთხელ გენისარეთის ზღვაზე ნავით მიდიოდნენ; იყო შუა ღამეს გადაცილებული. ამოვარდა ქარი, დაიწყო ღელვა, მათ საშიშროება მოელისთ, შეშინებულნი არიან. ამ დროს ხედავენ ზღვის ზედაპირზე მოდის ქრისტე, მათ მიიღეს მოჩვენებათ და უფრო შეშინდნენ. ქრისტე მაცხოვარმა უთხრა მათ: “ნუ გეშინისთ, მე ვარო” და დამშვიდდა ბუნება. ახლაც ჩვენთანაა ქრისტე.

როდესაც პეტრე იხრჩობოდა, ზღვაში მომავალ ქრისტეს შესთხოვა: “უფალო, მიხსენ მეო”; მან გაუწოდა ხელი და უთხრა: “ნუ გეშინის, მე შენთანა ვარო.”

მაშ, თავისუფალო სამშობლოვ, ნუ შეგეშინდება ცხოვრების ტალღების. ჩვენთან არს ღმერთი და როდესაც პეტრესაებრ შევსთხოვთ მას “უფალო, გვიხსენ ჩვენო,” ის გვეტყვის: “გამხნევდით, ნუ გეშინისთ, მე თქვენთანა ვარო.” მაშინ ჩვენ მარტონი არ ვიქნებით: ჩვენი შემწე იქნება ღვთისმშობელი და ქრისტე მაცხოვარი.

მაშ, მოვიკრიბოთ, აღვიჭურნეთ სარწმუნოებით და ღვთისადმი სასოებით და ამას შეუერთოთ თავგანწირული სიყვარული სამშობლოსადმი. მაშინ მტრები სირცხვილეულ იქმნებიან და ჩვენი ერის თავისუფლებაც განმტკიცდება. მაშინ ჩვენი სიხარულიც იქნება სრული და სამარადისო.

“უკეთუ ღმერთი ჩვენი კერძო არს, ვინა არს ძვირის მყოფელ ჩვენდა” (რომ. 8, 31).

 

ამბროსი ხელაიას სიტყვა სოხუმის სამხედრო რაზმის 3-ე წლისთავთან დაკავშირებით 

Spoiler

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი ხელაიას სიტყვა სოხუმის სამხედრო რაზმის 3-ე წლისთავთან დაკავშირებით

1921 წლის 14 იანვარი

მამულისშვილნო! გილოცავთ სამი წლის თავს თქვენის რაზმის არსებობისას. ამ სამი წლის წინ ის იყო ჯერ კიდევ სუსტი, როგორც ახალშობილი ჩვენი მხედრობა იყო ჩვილი, გამოუცდელი, მაგრამ ის მოინათლა ომების ქარცეცხლში, გაიზარდა, დავაჟკაცდა, გაძლიერდა. ის გახდა მამულის იმედი, მისი მედგარი მცველი, მტერთა მძლე.

მის გაძლიერებას, მის ძლევამოსილებას ხელს უწყობდა სარწმუნოება. ყოველ საქმეში დიდია მნიშვნელობა რწმენისა. ის საქმე, რომლის დაძლევა სწამს კაცს, დაწყებისთანავე ნახევრად გათავებულია გამარჯვებით. ხოლო როდესაც ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ღმერთი ჩვენ კერძო არს, ჩვენი დამხმარეა, მაშინ მხედრობაც უძლეველია. როდესაც მამულის დაცვას ვუკავ- შირებთ სარწმუნოების დაცვასაც, მაშინ მხედრობა გალომებულია. ამ სარწმუნოების და მამულის დაცვის მისწრაფებით ძლიერ იყო ძველად ჩვენი სამშობლო, ამით ლომგულობდა ქართველი მხედარი. ეს იყო მიზეზი, რომ ის ადვილად იგერიებდა უთვალავ მტრებს, რომელნიც პატარა საქართველოს რკინის რკალივით გარსშემორტყმოდა და იყო მათთვის საშიში; ამით შეინახა მან თავისი ვინაობა, თავისი ელფერი, ნაციონალური ზნე-ჩვეულება.

დიდი თემური, რომელიც ამბობდა, რომ ქვეყნების დაპყრობა ჩემთვის არის გართობა აგეთივე, როგორც ჭადრაკის თამაში, თემური, რომლის ომებს ადარებდნენ ქარიშხალს ყოვლის გამანადგურებელს, ჩააფიქრა საქართველომ. და ათქმევინა, მან მიიპყრო მთელი მისი ყურადღება.

მეორე არაუნაკლულესი აღმოსავლეთის საშიშროება – შაჰაბასი – მარტყოფში…

მე დიდი მადლობელი ვარ, რომ თქვენი რაზმის თუ ათასეულის არსებობის სამი წლისთავი დაუკავშირეთ სარწმუნოებას, რომ გაიხსენეთ ღმერთი, მას სწირავთ მადლობას. ეს ჩვენი მხედრობის ზრდაში დიდი სანუგეშო მოვლენაა.

რამ იხსნა საქართველო იმ ქარიშხალებისაგან, რომლებმაც მას უვნებლად თავს გადაუარეს ან, უკეთ ვსთქვათ, მოულოდნელად განზე გაუარეს. ამ სამი წლის განმავლობაში, თუ არა ღვთის განგებულებამ, რომელიც ჩვენ გვეწევა. მისი შემწეობით ჩვენ, ვით პატარა დავითმა, ვსძლიეთ გოლიათები (ფსალმუნნი, 151, 1-7 – ჯ. გ.).

გისურვებთ თქვენ დღეგრძელობას, ღვთის მფარველობას, სიმხნევეს და მტერთა ზედა ძლევას.”

 

ამბროსი ხელაიას სიტყვა მისი კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრებასთან დაკავშირებით 

Spoiler

სვეტიცხოველი, მცხეთა, 1921 წლის 14 ოქტომბერი

“საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარნო, ქართველ ერის მოძღვარნო სამღვდელო და სამონაზნო პირნო და აქ შეკრებილნო მორწმუნენო!

უღრმესი გულწრფელობით აღსავსე მადლობას გწირავთ, რომ მიიღეთ შრომა და ამ საღმრთო წირვაზე აღავლინეთ მხურვალე ვედრება ყოვლად მოწყალე ღვთისადმი სული წმიდის მადლის შემწეობის გამოსათხოვათ ჩემი უღირსებისათვის!

რა უნდა ვსთქვა ამ ჩემთვის დიდმნიშვნელოვან წამებში დიდებული სვეტიცხოვლის ამბიონიდან, საიდანაც გაისმოდა მრავალ მჭევრმეტყველ მამადმთავართა მკვეთრი სიტყვა. მეკარგება გაბედულობა, როდესაც ამ ისტორიულ ამბიონზე ვდგევარ და როდესაც წარმოვიდგენ ჩემს უღირსებას. მეხატება წარსული ჩემი ცხოვრება, რომელშიც მე ნათლად ვხედავ ღვთის ჩემს უღირსებაზე განგებულებას, მზრუნველობას, ვხედავდ, რომ ხელი უფლისა იყო ჩემ ზედა მარონინებდა იმ გზით, რომელიც არა სთნდა სულსა ჩემსა და რომელიც კაცობრიულ წარმოდგენით უნდა ამეცილებია თავიდან, რომელიც არ მინდოდა სოფლიურ მიდრეკილებათა და ქეფიც ხელობისა გამო ჩემისა. ახლაც მწამს, მომიწოდა უფალმა ამ დიდი და მძიმე მსახურებისათვის, მაგრამ რა მეთქმის მორჩილების მეტი და ამ წამებშიაც რა შემფერის თუ არ დუმილი.

მოციქულებს მოუწოდა უფალმა და ისინი არა სიტყვებით მიმართავენ მას, არა იმას სცდილობენ, რომ თავისი მჭევრმეტყველობით მოაწონონ ვისმეს თავი, არამედ მორჩილება-დუმილით სტოვებენ ყველაფერ და მისდევენ მომწოდებელს. გენისარეთის ტბაზე მესათხეველნი ითვალისწინებდნენ არა აწმყოს, არამედ იმას, რომ გახდებოდნენ “მესათხევლედ კაცთა” (მათე, 4. 10), შემოივლიდნენ მთელ ქვეყნიერებას, სძლევდნენ მეცნიერთა, მეფეთა და დიდებულთა ამა ქვეყნისათა, დაამხობდნენ წარმართობას და ქრისტეს სახარებას მიანიჭებდნენ გამარჯვებას. მიუხედავად ამნაირი დიდი მომავლის წინაგრძნობისა, მათ ირჩიეს დუმილით და სიტყვის მიუგებლად მისდიონ ქრისტეს მოწოდებას. მით უმეტეს მე არა მეთქმის რა, როდესაც მომავალშიც ვერას ვხედავ, არა ვხედავ, რომ შევიძლო რისიმე საყურადღებოს გაკეთება.

ან მართლაც რა უნდა ვსთქვა ჩემს უღირსებაზე? მაგრამ ამის შესახებ უკვე მაქვს ნათქვამი სხვა დროს და სხვა ადგილას და არ გავიმეორებ. მხოლოდ ვიტყვი პავლე მოციქულთან ერთად – “მე უძლურებასა შინა და შიშსა და ძრწოლასა” გავიყოფდი თქვენს შორის (I კორინთ. 2,3).

მამათმთავრობის ტვირთის სიმძიმეზე? მაგრამ ვინ ჩვენგანმა არ უნდა იცოდეს სიმძიმე და სიძნელე მოვალეობის ასრულებისა, მეტადრე ამ აუტანელ დროს, როდესაც სათავეში მეოფნი სიძულვილით და მტრულად უყურებენ ეკლესიას, როდესაც ურწმუნოება გარეგნულად მაინც გამეფებულა და სირცხვილათ მიაჩნიათ თავის სარწმუნოების გამოაშკარავება. მაგრამ ვიცი ჭეშმარიტება მოციქულის სიტყვებისა, რომ მომწოდებელი ღმერთია, ვინაითგან “არავინ თავით თვისით მიიღოს პატივი, არამედ რომელნი წოდებულ არიან ღვთისა მიერ” (ებრ., 5,4) და რომ “ყოველი მღვდელმთავარი, კაცთაგან მოყვანებული, კაცთათვის დადგეს იგი ღვთისა მიერ” (იბიდ, 5.1). მაშასადამე, ჩემი უღირსებაც, ვიმეორებ, ღვთისაგან მოწოდებულია ამ დიდ თანამდებობაზე და ის მომცემს ძალას ხალხისათვის მსახურებას, ვინაითგან მოციქული პავლესთან ერთად მეც მეუბნება უფალი “ძალა ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნებისო” (2 კორინთ. 12,6).

გამოვთქვა წუხილი სარწმუნოების დაცემის შესახებ ჩვენში? მაგრამ ესეც არ უნდა იყოს საჭირო. მახსოვს, რომ ჩემ წინამოადგილემ განსვენებულმა ლეონიდემ ამ ამბიონიდან კათოლიკოზობაზე აყვანის დღეს ბრძანა, რომ საქართველოს ეკლესია ოთხივე კუთხივ შავი ღრუბლით არის მოცული და სწუხდა, ვაი თუ ვერ გავფანტო ეს საბედისწერო ღრუბლებიო. მდგომარეობის უნუგეშობის დასამტკიცებლად მან მსმენელებს მიუთითა ამ დიდებულ ტაძრის აწინდელ მდგომარეობაზე და ბრძანებდა, რომ სვეტიცხოვლის ტაძარი არ არის ამ შემთხვევაში გამონაკლისი. “ღვთისა სახლი დღეს თითქმის ყველგან პატივაყრილია, დარბეულია, დამცირებული და ყოველგვარად შევიწროვებულია. სამღვდელოება და მორწმუნენი განიცდიან დევნა-შეურაცხებას, ქრისტიანობა მრავალთ დაუსახავთ მოსპობათ, მოკლედ, დღეს თითქმის ყველანი ამხედრებულან ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ და მისი მდგომარეობა მოგვაგონებს “კედელსა მიდრეკილსა და ღობესა დასწუნებულსაო.” ამნაირად ახასიათებდა განსვენებული მამათმთავარი ჩვენი ეკლესიის მდგომარეობას 1919 წელს და დასძენდა, რომ ვაი თუ ვერ გავაკეთო რამეო. გადავხედოთ ეკლესიის დღევანდელ მდგომარეობას. რას ვხედავთ ახლა? ვხედავთ, რომ ეკლესიის მდგომარეობა არამც თუ არ გამოკეთებულა, არამედ ბევრად უფრო გაუარესებულა, მის გარშემო შავი ღრუბლები უფრო და უფრო საბედისწეროთ გამხდარა. რისთვის ვერ შესძლო ეკლესიურ საქმის განახლება-გამოკეთება ამ დიდად ნიჭიერმა და მჭევრმეტყველ – პატრიოტ მღვდელმთავარმა? მისთვის, რომ მას გარემოება ხელს არ უწყობდა, მის გარშემო მჭიდროთ ვერ შეკავშირდნენ ეკლესიის კეთილდღეობისათვის თავდადებულნი მორწმუნენი. ეს ნათლად ამტკიცებს ჩემი სიტყვების სინამდვილეს, იმ სიტყვებისას, რომელიც წარმოვსთქვი სიონის ტაძარში პირველად შესვლის დროს, რომ თუნდაც გენიოსი გვყავდეს ეკლესიურ ცხოვრების სათავეში, ვერას გაარიგებს თუ თვით შეგნებულ მორწმუნეთა არ გაუწიეს მას დახმარება.

მაგრამ შორს ჩვენგან უიმედობა, ვინაითგან წარსულ ივნის-ივლისის სოფლების შემოვლამ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში დამარწმუნა, რომ ხალხმა პირი იბრუნა სარწმუნოებისაკენ, რომ მას სწყურია სარწმუნოებრივი სწავლა-მოძღვრების მოსმენა, რომ მას ეს სადღეისო აუცილებელ მისწრაფება-მოთხოვნილებად გახდომია, რასაც უწინ ადგილი არ ჰქონდა. ხალხის ამ გარდაქმნაში, სარწმუნოებისაკენ პირის დაბრუნებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის, ნუ გაგიკვირდებათ სოციალისტ-პროპაგანდისტებს, მათი სარწმუნოების საწინააღმდეგო ქადაგებას, მათგან ხალხის წმიდათა წმიდის შეგინება-შელახვას. დიახ ხალხში არის სარწმუნოება, ის აქამდის დაფერფლილი იყო, ახლა კი თანდათან ღვივდება. განა ამასვე არ გვიმტკიცებს დღევანდელი დღესასწაული, ეს სვეტიცხოველის თაყვანისსაცემად მოსულ მორწმუნეთა სიმრავლე და განა ყველა ეს არ გვარწმუნებს, რომ შორს უნდა იყოს ჩვენგან უიმედობა.

ჩვენს უიმედობაზე ღმერთი მოგვიგებს იმაზე მეტს, გვანუგეშებს უფრო მეტად და საგრძნობელად, ვინემ ანუგეშა წინასწარმეტყველი ილია, როდესაც ის ისრაელთა ურწმუნოებისა გამო აქაბის დროს სასოწარკვეთილებაში შთავარდა. “დამიტევებიეს ისრაელისა შვიდი ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრიკნეს მუხლნი მათნი ბაალს” (3 მეფეთა, 19,18). თუ ღმერთმა მაშინ ილიას უთხრა ეს სიტყვები, რომ არიან კიდევ შვიდი ათასი მორწმუნენიო, ახლა ის მიგვითითებს ამ სვეტიცხოველის და სხვა ტაძრების დღეობების დროს ზღვა მლოცველებზე, რომელთაც ქედი არ მოუხარეს ახლანდელ ურწმუნოებას და უღმერთობის ქადაგებას.

მაშასადამე, ნუ შეძრწუნდებიან გულნი ჩვენნი, ვესავთდეთ უფალსა. დადგება და მოახლოებულიც უნდა იყოს ის დრო, როდესაც ამ მორწმუნე ხალხიდან გამოვლენ ჩვენი ეკლესიის განახლებააღორძინების საქმეში დამხმარენი და ჩვენ ეკლესიურ ცხოვრების სათავეში მყოფნი არ ვიქნებით მარტონი. ამის საბუთს გვაძლევს არა ამერეთი მარტო, არამედ იმერეთიც, სადაც ხალხი სარწმუნოებრივი საქმეში კიდევ უფრო გათვითცნობიერებულია. სარწმუნოებრივ საქმეში ამერ-იმერნი ერთმანეთში შეთანხმებულ-შეკავშირებულნი არიან. ამ მხრივ დიდებულია დღევანდელი დღესასწაული სვეტიცხოვლობა. ეს არის არა მარტო დღესასწაული ტაძრისა, არამედ ამერ-იმერთა გამოხმაურება, მათი მჭიდროდ შეკავშირება ეროვნულად და ეკლესიურად, ვინაითგან ჩემი უღირსება, არჩეული ცათამობაძავ გელათის თაღებქვეშ, ამ ხახულის, აწყურის, გელათის და ბიჭვინთის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატების სავანეში, საქართველოს ემბაზმა – სვეტიცხოველმა, დღეს ლოცვა- კურთხევით მიმიღო. ბედნიერად მიმაჩნია ჩემი თავი, რომ იმერამერის კავშირი სიმბოლურად გამოიხატა ჩემს არჩევა-კურთხევაში.

დღევანდელი ჩვენი ერის მდგომარეობა იმას გვიმტკიცებს, რომ ხალხის ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი ცვალებადია, არ იცვლება მხოლოდ მისი სარწმუნოებრივი განცდა. ამისთვის საუკეთესო მატარებელი და დამცველი ეროვნული იდეალებისა არის ეროვნული ეკლესია. ერის პოლიტიკური ცხოვრების შეცვლა არ მოასწავებს ეროვნული სარწმუნოების შეცვლას. პოლიტიკურ რწმენაში და ცხოვრების ცვალებადობაში, სადაც ხშირათ ეროვნული იდეალებიც დავიწყებას მიეცემიან, უცვლელია მხოლოდ სარწმუნოებრივი ცხოვრების ნორმები, რის გამოც ეკლესიაში ეროვნული იდეაც სამარადისო და შეურყეველია.

ხალხი მჭიდროთ უკავშირებს ერთმანეთს ეკლესიას და სამშობლოს, ვინაითგან ეს მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში იცავდა თავის სამშობლოს, მაგრამ ქრისტეს ჯვარსაც ხელიდან არ უშვებდა. ის სისხლს ღვრიდა სარწმუნოების, სამშობლოს დაცვისათვის, მაგრამ სარწმუნოების დაცვაში ხედავდა უსათუოდ მამულის დაცვასაც. ეს მას შესისხლხორცებია, გახდომია ჭეშმარიტებად და აუცილებელ მოთხოვნილებათ. ახლაც ამნაირია ხალხის ფსიქოლოგია და როგორ გინდათ ამოგლიჯოთ ეს ხალხის გულიდან. მრავალ საუკუნოების განმავლობაში ამ მისი (ცხოვრების) ღრმად ჩაყრილ საძირკველზე მას აუშენებია მკვიდრი შენობა თავისი ეროვნული ცხოვრებისა და შემეცნებისა და როგორ გნებავთ ახლა ის საძირკველი გამოუცვალოთ ამ დიად შენობას და ჩაუყაროთ ახალი ამავე სიღრმეში? მოსახერხებელია განა ამნაირი ცდა, საძირკველის გამოცვლა არ შეარყევს თვით შენობას? თუ ეს მოსახერხებელია და საშიშარიც არ არის, მაშინ გკითხავთ, ამ ახალ საძირკველის გამაგრებისათვის რამდენი საუკუნის განუწყვეტელი მედგარი შრომის განმეორებაა საჭირო ხალხისათვის? ვისთვის ან რისთვის არის ეს საჭირო, სასურველი? ასე იტყვიან ისინი, ვინც ხალხს ართმევენ სარწმუნოებას, ეროვნულ შენობას უნდათ გამოაცალონ ბურჯი, რომელზედაც ის აშენებულია და ჩაუყარონ ახალი – ინტერნაციონალიზმის და ურწმუნოების საძირკველი, მაგრამ ფუჭი უსარგებლო და უნაყოფოა ამნაირი ცდა. ერთადერთი შედეგი ამისა შესაძლებელია მხოლოდ ის იქმნეს, რომ დროებით შეაჩერებენ ხალხის ეროვნულ განვითარებას.

აი, რას უნდა ჩაუფიქრდეს არა მარტო ეკლესიის მორწმუნე წევრი, არამედ ყველა, ვისაც თავის მოღვაწეობის მიზნად დაუსახავს ჩვენი ერის კეთილდღეობისათვის ზრუნვა, მისთვის სამსახური.

მაშ, მორწმუნენო მამულიშვილნო, ორივე – ეკლესიაც და სამშობლოც, ტკბილია, ორივე წმიდათა წმიდაა. შევიგნოთ ისტორიული გაკვეთილების ძალა, შევისწავლოთ ხალხის მრავალსაუკუნოებრივი ცხოვრების ნაყოფი, ხალხის ფსიქოლოგია და ის გვასწავლის და გვეტყვის, რომ საჭიროა შემოვკრბეთ ეროვნული ეკლესიის გარშემო. პოლიტიკური მდგომარეობის ცვალებადობასთან ნუ იქნება ცვალებადი ჩვენი შეხედულება სარწმუნოებაზე. ვემსახუროთ თავისუფალ ეროვნულ ეკლესიას და ის მოგვცემს ძალას შევანახვიოთ ჩვენს ხალხს ეროვნული სახე და თავისუფლება. ეროვნული ეკლესიის თავისუფლება გულისხმობს ეროვნულ თავისუფლებასაც.

აი, ამნაირად არა ხალხის საზოგადოდ, რომელსაც ინსტინკტად გახდომია ამის შეგნება, არამედ ინტელიგენციის გადაქმნის მოლოდინი მომცემს მე ძალას ჩემი ცხოვრების მიწურული საღამო შევსწირო ჩვენი ეკლესიის და ერის კეთილდღეობას, მათ სამსახურს. მხოლოდ ამ იმედით ვიტვირთე ეს დიდი ჯვარი მამამთავრობისა და ჩვენი მრავალტანჯულ ეკლესიის საჭეთმპყრობელისა.”

ამბროსი ხელაიას საგანგებო მიმართვა 1922 წლის გენუის საერთაშორისო კონფერენციას 

Spoiler

კულტურულ კაცობრიობას, გენუის კონფერენციაზე წარმოდგენილს

მონა ღვთისა ამბროსი, სულიერი მწყემსი და
პატრიარქი სრულიად საქართველოსა,
ქრისტეს მიერ სიყვარულით მოიკითხავს

ჯერ კიდევ წინაქრისტიანულს ხანაში, კავკასიის ძირში, შავისა და კასპის ზღვებს შორის, ქართულ მოდგმის ტომებმა შექმნეს პატარა სივრცით, მაგრამ ძლიერი ნებისყოფით და აქტუალური ნიჭით მდიდარი სახელმწიფო, რომელიც ცნობილია ისტორიაში საქართველოს სახელით და რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთადერთი მატარებელი იყო წინა აზიაში ქრისტიანული კულტურისა და ევროპული ჰუმანიზმისა.

მეთვრამეტე საუკუნის გასულს, გარეშე მტრებთან ბრძოლაში ძალამიხდილი ქართველი ერი ნებაყოფლობით მიეკედლა ერთმორწმუნე რუსეთს, იმ იმედით, რომ მისი მფარველობის ქვეშ საქართველო უზრუნველჰყოფდა თავის პოლიტიკურსა და ეროვნულ არსებობას, რაიცა აშკარად არის აღნიშნული 1783 წლის საქართველოს მეფის ერეკლე მეორისა და რუსეთის იმპერატორიცა ეკატერინე მეორის შორის დადებულს პოლიტიკურ ტრაქტატში, მაგრამ, სამწუხაროდ, გაცრუებულ იმედების ამარა დარჩენილი ჩემი სამშობლო 117 წლის განმავლობაში რუსეთის ბიუროკრატიისაგან განიცდიდა მხოლოდ მწვავე დესპოტიასა და აუტანელ შევიწროვებას. ამიტომ 1917 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულკულტურული ცხოვრების რესტავრაციას. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუშაობაში მას აფერხებდნენ შინაური და გარეშე მტრები, მან გამოიჩინა ისეთი ნიჭი და ეროვნული შემოქმედებითი ენერგია, რომ სამი წლის შემდეგ განათლებულმა ევროპამ სცნო მისი სახელმწიფოებრივი უნარი და ადგილი უბოძა საქართველოს დამოუკიდებელ, სუვერენულ-პოლიტიკურ ერთეულთა შორის. რასაკვირველია, ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი: მან დასძრა საქართველოს საზღვრებისკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილი საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაანთავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ და დღეს დღეობით ერთადერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება. თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გაველურების და გახრწნის კარამდე! ერს ართმევენ მამა-პაპათა სისხლით და ძვლებით გაპოხიერებულ მიწა-ტყეს, რომელსაც უცხოეთიდან შემოხიზნულთ ურიგებენ; მათი წყალობით ისედაც გაღატაკებულ ერს პირიდან ჰგლეჯენ მისი სისხლითა და ოფლით მოწეულ სარჩოს და გაუგებარის სიჩქარით იმავ უცხოეთში მიეზიდებიან. ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, მას უბილწავენ მამაპაპურ ეროვნულ კულტურას; დასასრულ, უბღალავენ წმინდათა-წმინდას, სარწმუნოებრივ გრძნობას და სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ, ნებას არ აძლევენ თავისუფლად დაიკმაყოფილოს რელიგიური მოთხოვნილება; მისი სამღვდელოება უკიდურესად დევნილია; მისი ეკლესია, ეს ძველის ძველთავე ფაქტორი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამაღლებისა და ძლიერებისა, დღეს უფლება აყრილია, იმდენად, რომ ნებაც კი არა აქვს თავისი შრომით, გარჯილობით და უნარით მოიპოვოს მუდმივი სახსარი არსებობისა. ერთი სიტყვით, ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არა აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისთვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას. ამიტომ ვითხოვ: 1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან. 2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშაოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებას და ეროვნულ-კულტურას შეესაბამება.

სრული იმედი მაქვს, რომ მაღალ პატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულებელჰყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემის პირით წარმოთქმულს, და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან.

კურთხევა უფლისა იყოს თქვენზედა და თქვენს კეთილშობილურ მისწრაფებასა და მუშაობაზე.

მდაბალი ამბროსი, პატრიარქი სრულიად საქართველოისა,

7/II-22 წ. ტფილისი

ამბროსი ხელაიას სიტყვები ქართველ პატრიოტთა სულის მოსახსენებლად პანაშვიდზე; 1921 წლის 18 სექტემბერი 

Spoiler

მართლმადიდებელნო ძმანო და დანო! პირველი მღვდელმსახურება ჩემს მიერ სამწყსოში შემხვდა ამ წმ. ტაძარში, შემხვდა დღეს, როდესაც სრულდება ხსენება იმათი, რომელნიც შეიწირნენ მსხვერპლად ჩვენთა ცოდვათათვის. ეს არის მიზეზი, რომ ჩემს პირველ წირვას დაესწრო ამდენი საზოგადოება. ღმერთს ენება, რომ სამსახური დამეწყო მოწყვეტილ მამულიშვილთათვის ლოცვა-ვედრების ღვთისადმი აღვლენით.
დიახ, ჩვენ ვიხსენებთ დღეს იმათ, ვინც ბრძოლის ველზე სისხლი დაღვარეს. ეს ჩვენი ქრისტიანული მოვალეობაა, მაგრამ ვიკითხოთ, რისთვის დაიხოცნენ? რა იყო მიზეზი მათი უდროოდ ამ წუთისოფლის გამოსალმებისა? ვიტყვი გაბედულად, რომ ისინი იყვნენ მსხვერპლნი ჩვენის უსჯულოებისა, ჩვენის ცოდვებისა და შეცდომებისა წინაშე ღვთისა და მამულისა. ეს სინამდვილეა, ვინაითგან აწმყო არის შედეგი სულისა. ჩვენ დავივიწყეთ ღმერთი, სარწმუნოება, სახარების უკვდავი იდეალები, მოძმეთა სიყვარული, კაცი კაცისათვის შეიქმნა მგელი. ვიძახით ერთობა, სიყვარული და თანასწორობაზე და ყველა ეს, თუმა მშვენიერი, სანატრელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ცხოვრებაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. არ არსებობს ნამდვილი ძმობა და თანასწორობა. ამის მაგიერ გამეფებულია ჩვენში შური, მტრობა და სიძულვილი. თუ გვინდა, რომ არ მეორდებოდეს ამნაირიმოვლენანი, ერთი რომელთაგანის მოსაგონებლად აქ ვართ შეკრებილნი, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ სარწმუნოებას, გავატაროთ, განვახორციელოთ ჩვენს ცხოვრებაში ქრისტეს იდეალები თანასწორობის, ძმობისა და სიყვარულისა.

ერთგულნი მამულიშვილნი იცავენ თავის სამშობლოს და არავის შეუძლია, არავის აქვს უფლება, სთქვას, რომ ისინი, ვის ხსენებასაც დღეს ვასრულებთ, არ ყოფილიყვნენ გამსჭვალულნი მამულის სიყვარულით, მისთვის არ დაეღვარათ სისხლი, ვინაითგან, უეჭველია, მათ ამოძრავებდათ მამულის დაცვის სურვილი. შეიძლება ბევრმა ეს არ გაიზიაროს, მაგრამ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ დახოცილთა სულის ვედრებას, მათ ფსიქოლოგიას, მათს რწმენას.

როგორც გინდა არ ვიფიქროთ, რა აზრისანი არ უნდა ვიყოთ, მაინც უნდა ვიწამოთ, რომ მათი სისხლი სამშობლოს მიწაზე დანთხეული არის წმიდა, ვინაითგან მას ამნაირათ ჰქმნის არა მარტო ის, რასაც ჩვენ მათზე ვფიქრობთ, არამედ თვით მათი სულისკვეთება, რომელმაც მათ მისცა ძალა თავი გაეწირათ.

ქართველთა ერის ისტორია სისხლით არის დაწერილი. ამ ისტორიაში ბევრი რამ არის ჩამაფიქრებელი, ცრემლების მომგვრელი, მაგრამ მასში პოეზიაც ბევრია. მართალია, სამშობლოს თავგადასავალს ქართველი თვალცრემლიანი იგონებს, მაგრამ ამ ცრემლებში იხარება მომავლის იმედიც, პოეტური აღმაფრენა. ეს არის სამწუხარო, მაგრამ სიხარულის მომგვრელი ცრემლები.

როდესაც ჩვენი ისტორია გვეუბნება, რომ წარსულში ქართველი ერის ცხოვრება იყო სავსე ტრაგიზმით, რომ მას რკინის რკალივით გარშემორტყმოდნენ აუარებელნი მტერნი, მას ემუქრებოდნენ გადაგვარება-ჩანთქმით, რომ ამის საშუალებად მიაჩნდათ ქრისტიანულ სარწმუნოების მოსპობა, და მაჰმადის სჯულის ძალით გავრცელება, რომ სცდილობდნენ შეეგინებიათ მათი წმიდათა წმიდა, რასაკვირველია, გული გვიწუხს. მაგრამ როდესაც წარმოვიდგენთ ჩვენი წინაპართა სიმხნე-სიმამაცეს, მათს ეკლესიის და სამშობლოს სიყვარულს, მათთვის თავდადებას, როდესაც ისტორია გვეუბნება, რომ ქართველი მიდიოდა მტრის მოსაგერიებლად და ჯიბით თან მიჰქონდა მშობლიური მიწა, სიკვდილის წინ მით ეზიარებოდა და იტყოდა: “მექმნეს მე ზიარებად სამშობლოს მტვერიო,” რომ მისთვის ტკბილი იყო სარწმუნოებისა და მამულისათვის სიკვდილი, რომ ქართლის დედა არა იმაზე სწუხდა, რომ მამულს და ეკლესიას შვილი შესწირა, არამედ იმაზე, რომ მეტის შეწირვა ვერ შეიძლო, როდესაც ყველა ამას წარმოვიდგენთ, გული სიხარულით გვევსება, ვამაყობთ, გვებადება მომავლის იმედი, რომ ის ხალხი, რომელსაც ასე უყვარს სამშობლო, არ მოკვდება, მას აქვს მომავალი.

აი, ის სისხლიც, რომელსაც დღეს ჩვენ ვიგონებთ, ამნაირს მნიშვნელობისაა; ის არის თავდები მომავალი თაობის სიმხნემამაცობისა, არის მაჩვენებელი იმისა, რომ წინაპართა სული მამულის სიყვარულისა, მისთვის თავდადებისა, არ გამქრალა ჩვენს ხალხში და, მაშასადამე, შეგვიძლია იმედით ვუყუროთ მომავალს.

დაე, მათი ხსენება იყოს საუკუნო ქართველი მამულისშვილების გულში, რომ ამით მათში ინერგებოდეს ის სულისკვეთება, რომელმაც მომავალშიაც არაერთხელ უნდა იხსნას ჩვენი სამშობლო, შეანახვინოს მას თავისუფლება და სარწმუნოება.”

 

პატიმრობიდან განთვისუფლებული პატრიარქ ამბროსის მიმართვა; 1925 წლის 11 მარტი

Spoiler

სიონის საპატრიარქო ტაძარი, თბილისი, 1925 წლის 11 მარტი

“სავსებისაგან გულისა ბაგენი იტყვიან” – ამბობს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და ამით გვითითებს ადამიანის ბუნების იმ მოთხოვნილებაზე, რომელიც თვითოეულ ჩვენგანს კარგად მოეხსენება, რომლის დასაკმაყოფილებლად ვცდილობთ გულზე მოწოლილი გრძნობანი სხვას გავუზიაროთ. ამ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებას ვგრძნობ მე ახლა, როდესაც ორი წლის და ორი თვის დაშორების შემდეგ ვდგევარ ამ წმიდა ტაძარში თქვენ წინაშე, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა და სხვა მიზეზის გამო, ეს წადილი გულში უნდა ჩავიკლა და დავკმაყოფილდე მხოლოდ თქვენდამი მადლობის გამოცხადებით იმისთვის, რასაც მე დღეს აქ ვხედავ. მე ციხეშიაც მესმოდა თქვენი გულისწუხილი ჩემი მდგომარეობის შესახებ. მესმოდა და ვგრძნობდი თქვენს თანაგრძნობას და ეს მამხნევებდა და ამატანია ის, რაც ამ საბჭოს დროს მე ავიტანე. ეს იყო შედეგი არა ჩემი ღირსებისა, არამედ იმისი, რომ თქვენ გიყვართ დედა ეკლესია და ატარებთ იმ ხარისხს, რომლის სატარებლად აირჩიეთ ჩემი უღირსება. აქ იხატება თქვენი ღრმა სარწმუნოება. რწმენის საქმეებში არ ემსგავსებით ლერწამს, რომელიც მუდამ ქანაობს და გადიხრება იქითკენ, საითკენაც ქრის ქარი, არამედ ხართ მტკიცენი და ურყევნი. ეს არის ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო. მე ჯერ არ შევდგომივარ ჩემი მოვალეობის შესრულებას, საჭიროა გავეცნო ჩვენი ეკლესიის მდგომარეობას, იმას, თუ რა გაკეთებულა ორი წლის განმავლობაში. შეიძლება ბევრს კიდევაც გაუკვირდეს ამნაირი ჩემი განცხადება და გულში გაიფიქროს, რა საჭიროა ეკლესიის მდგომარეობის გაცნობა, ვინ არ იცის და არ ხედავს, ჩვენი ტაძრები დაკეტილია, ზოგი მთლად დანგრეულია საძირკვლამდის, საეკლესიო სამკაულები, ხატები, ჯვრები და ძვირფასეულობა გადატანილია და სხვაო, მაგრამ მე საქმეს ცოტა სხვანაირად ვუყურებ: ნამდვილ ეკლესიას ვგულისხმობ თქვენში – მორწმუნეებში და არა შენობებში, სამკაულებში და ძვირფასეულებაში. კარგია ეკლესია მაშინ, როდესაც ის გამშვენიერებულია სარწმუნოების სიმტკიცით, მისი გაღრმავებით. ამ მხრივ, მე მწამს, რომ ეკლესია ახლა უფრო განმტკიცებული და გამდიდრებულია, ვინემ იყო უწინ. გარეგნულ ხელქმნილ ტაძრების სიღარიბეში ხელთუქმნელი ეკლესია უფრო გალამაზდა. ამას ნათლად ამტკიცებს მორწმუნეთა შემოკრება ამ წმიდა ტაძარში. ეს მეტად სანუგეშოა. მალე ნებითა ღვთისათა შევუდგები მოვალეობის შესრულებას. უნდა განვაცხადო, რომ ჩემი სამსახურის დროს სწავლა-მოძღვრების საგანი იქნება მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოება და ზნეობა, ეკლესიური ცხოვრების აღდგენა. მაგრამ რომ ჩემი სამსახური იყოს ნაყოფიერი, ამისთავის მარტო ჩემი ძალა არ არის საკმარისი. მე ამაში მეჭირება თქვენი – სამღვდელოებისა და მორწმუნეთა დახმარება. იმედი მაქვს, მიიღებთ მხედველობაში ჩემს მოხუცებულობას, უძლურებას და შემაწევთ თქვენს გამოცდილებას და მუშაობის უნარს, ხოლო ეს მოსახერხებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველანი განვამსჭვალებით ჩვენი დედა ეკლესიის სიყვარულით, ერთმანეთის ძმურად გატანით, როდესაც პირად ინტერესებს ვანაცვალებთ საზოგადო – ეკლესიურს. კათოლიკოსობა თავისთავად არ არის. როდესაც კათოლიკოსობაზე არჩევის შემდეგ ამ ამბიონზე ავდიოდი განვაცხადე, რომ მე ავდივარ გოლგოთაზე, რომ მე მიტვირთავს დიდი ჯვარი, რომლის სიმძიმის ქვეშ შესაძლებელია, დავეცე თუ თქვენი – მორწმუნეების და თანაშემწეობის დახმარება არ მექნება – მეთქი. ეს წინასწარმეტყველება გამოდგა, თუმცა ჩემი ნათქვამი თავისთავად არ იყო არავითარი წინასწარმეტყველება. ეს იყო დამყარებული გამოცდილებაზე, ახალ აღდგენილი ავტოკეფალური ჩვენი ეკლესიის სამი თუ ოთხი წლის ისტორიაზე. მე ვარ საქართველოს ეკლესიის მესამე საჭეთმპყრობელი. რაც მოუვიდათ კირიონს და ლეონიდს ყველამ იცის, რაც მომივიდა პირადად მე, ეს უკვე ცხადად ყველამ დაინახა. თუ კირიონსა და ლეონიდს სახელს უტეხდნენ სიტყვით თუ წერით, ეს მეც განვიცადე, თუ მათ გადაყენებას ცდილობდნენ, მეც არ დამკლებია ეს მოწყალება. მე უფრო მედგრად მომეთხოვა გადადგომა უმაღლესი საეკლესიო დაწესებულებიდან. რა იყო ამის მიზეზი? ამის მიზეზი იყო ჩვენი შეუგნებლობა, ჩვენი უდისციპლინობა… ჩვენ არ გვესმოდა, რომ ეკლესიის თავის სახელის გატეხა, არის იმავე დროს სახელის გატეხა ეკლესიისა, სახელის გატეხა თვით იმ მორწმუნეთა, იმ ერისა, რომელმაც აირჩია უვარგისი თავი და საჭეთმპყრობელი. იმ ქვეყნებში, სადაც მორწმუნე ხალხი მომწიფებულია საზოგადო ეკლესიურ მოღვაწეობისთვის, სხვანაირად იქცევიან, ირჩევენ ხშირად იმდენად მოხუცებულებს, ანუ ხანში შესულებს, რომელნიც მოკლებულნი არიან მუშაობის უნარს, მაგრამ მისი სახელით და მის მაგივრად აკეთებენ ეკლესიურ საქმეებს. როგორ სარგებლობენ მტრები ჩვენი უდისციპლინობით და შეუგნებლობით, მისი მაგალითი ბევრია, მაგრამ აქ მოვიყვან მხოლოდ ერთს. რუსეთის ეკლესიას არ მოეწონა ჩვენი ავტოკეფალიის გამოცხადება, რუსეთის ეკლესიიდან ყოველთვის გვიმზადებდნენ სხვადასხვა დაბრკოლებას…”

 

ამბროსი ხელაიას წერილი ჩეკას 

Spoiler

საქართველოს საგანგებო კომისიის (ჩეკას) თავმჯდომარეს

ამა თვის 13-ში მე ვიყავ მოწვეული თქვენ მიერ საგანგებო კომისიაში. ჩვენების ჩამოსართმევად ჩემს მიერ გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმის გამო.

მე ვფიქრობდი, რომ ჩემი განმარტება დამაკმაყოფილებელი იქნებოდა საქმის სათანადო მსვლელობისათვის, მაგრამ თქვენ მიერ დანიშნულმა გამომძიებელმა ქავჟარაძემ მომიწვია საგანგებო კომისიაში და მომთხოვა დავასაბუთო მემორანდუმში აღნიშნული დებულებანი. ამის გამო საჭიროდ ვრაცხ განვაცხადო შემდეგი. საქართველო დამოუკიდებელი იყო 1918-1921 წლებში. იგი იცნო რუსეთმა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით. მიუხედავად ამისა 1921 წლის თებერვალში რუსეთის ჯარებმა გადმოლახა საქართველოს საზღვრები და მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია, მოსპო ქართველი ერის სუვერენობა. ამ გარემოებას მოჰყვა საქართველოს დაქუცმაცება მისი ერთი ნაწილი გადაეცა აზერბაიჯანს, მეორე სომხეთს, მესამე ახლადშექმნილ ავტონომიურ ოსეთს. ცალკე რესპუბლიკების სახით გამოეყო აფხაზეთი და აჭარა. საქართველოს რკინიგზა შეუერთდა რუსეთისას, საქართველოს ჯარი გაითქვიფა რუსეთისაში, ქართული ენა განიდევნა სახელმწიფო დაწესებულებებიდან.”

კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი.

 

ნაწყვეტი ამბროსი ხელაიას სასამართლოს ხდომის ოქმიდან

Spoiler

1924 წლის მარტი

მოსამართლე წივწივაძე – რომელ ენაზე იყო დაწერილი მემორანდუმი?

კათოლიკოსი ამბროსი – ქართულ ენაზე.

მოსამართლე ბარათაშვილი – რა ხასიათი ჰქონდა თქვენს მემორანდუმს?

კათოლიკოსი ამბროსი – გენუის კონფერენციაზე იყო საქართველოს წარმომადგენელი და იქ უნდა დაცულიყო ჩვენი ერის სუვერენობა. ვფიქრობდი, რომ ჩვენს წარმომადგენელს ეს მემორანდუმი დახმარებას გაუწევდა და მეც ამიტომ გავგზავნე.

ბარათაშვილი იყო თუ არა შემთხვევა, რომ მღვდლები პროპაგანდას ეწეოდნენ არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ?

კათოლიკოს ამბროსი – არა, არ იყო. და რომ ყოფილიყო მე წინააღმდეგი წავიდოდი.

პროკურორი ოკუჯავა – თუ საბჭოთა წყობილება არა, როგორ წყობილებას ითხოვდით?

კათოლიკოსი ამბროსი – ისეთს, რომელიც ხალხის სურვილზე იქნებოდა დამყარებული.

პროკურორი ოკუჯავა – ხომ იცით, რომ საბჭოთა მთავრობის ხალხი ირჩევს?

კათოლიკოსი ამბროსი – ახლა ვიცი. პირველი ყრილობის შემდეგ, მემორანდუმის დაწერამდე ასე არ იყო.

მოსამართლე ერქომაიშვილი. რა მოელოდი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმით?

კათოლიკოსი ამბროსი – ვიცავდი საქართველოს სახლმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას.

მოსამართლე – რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?

კათოლიკოსი ამბროსი – პასუხობს, რომ მან დღესაც არ იცის, ვის ინტერესებს იცავს წითელი ლაშქარი, რომ როდესაც ის წითელი ლაშქრის გაყვანას ითხოვდა. მას ჰქონდა მხედველობაში ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით.

კითხვაზე – როდის იყო საქართველო თავისუფალი ადრე თუ წითელი ლაშქრის შემოსვლამდე ბრალდებოდა კათოლიკოსი უპასუხებს: წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ლაშქარი შემოვიდა საქართველოს დამოუკიდებლობა დაიკარგა. და რომ მისი აზრით ხალხიც ასე ფიქრობდა.

შეკითხვაზე: რაში ხედავს კათოლიკოსი მორწმუნეთა ინტერესების შელახვას და როდის იყო შელახული სარწმუნოებრივი ინტერესები ეკლესიისა, კათოლიკოსი პასუხობს: სარწმუნოებას ნიკოლოზ II იცავდა, მაგრამ მე მაშინაც ვიბრძოდი და ეხლაც ვიტანჯვი. ჩემი დაკვირვებით საბჭოთა ხელისუფლება თელავდა სარწმუნოებრივ ინტერესებს, ამაშინ მე დარწმუნებული ვიყავი და ეს გამართლდა კიდეც.

სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე: მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს და ურიგებენ სხვა ერებს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს?

კათოლიკოსი ამბროსი: არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გადაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოიტანთ საქართველოს რუკას.

თავმჯდომარე: თქვენ ამბობთ, რომ წინააღმდეგი ხართ უცხო სახელმწიფოს ჩარევისა და თვითონ კი ისეთ ხალხს მიმართავთ, რომელნიც მშრომელი ხალხის ინტერესებს არ იცავენ!

კათოლიკოსი ამბროსი: გენუაში იყო მოწვეული სამშვიდობო კონფერენცია, სადაც სხვათა შორის, ირჩეოდა პატარა ერების თავისუფლების საქმე. იქ იყო წასული საქართველოს წარმომადგენელი და მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის დაიცავდა საქართველოს დამოუკიოდებლობას. ამიტომ ვფიქრობდი მემორანდუმის გზით მის დახმარებას.

სასამართლოს წევრი რთველაძე – სცნობთ თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ხალხის თავისუფლების დამცველი?

კათოლიკოსი ამბროსი: მე მინდა საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე.

პროკურორი ოკუჯავა: დამისახელეთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?

კათოლიკოსი ამბროსი: ინტერვენციით.

პროკურორი ოკუჯავა: რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ლაშქარს?

კათოლიკოსი ამბროსი: იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.

პროკურორი ოკუჯავა: რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?

კათოლიკოსი ამბროსი: ასოცი წლის თავისუფლების და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.

პროკურორი ოკუჯავა: დამისახელეთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ხალხისა?

კათოლიკოსი ამბროსი: ენის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, როდესაც ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის.

სასამართლოს წევრი ერქომაიშვილი: მაგალითად რაში გამოიხატა რუსეთის ჯარის ჩარევა ეკლესიის თავისუფლებაში?

კათოლიკოსი ამბროსი: თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი, რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც.

 

სასამართლო პროცესზე ამბროსი ხელაიას სიტყვა: მე შევასრულე ჩემი მოვალეობა

Spoiler

სასამართლო პროცესზე ამბროსი ხელაიას სიტყვა

მე შევასრულე ჩემი მოვალეობა

სანამ რამეს ვიტყოდე იმ დანაშაულების შესახებ, რომელიც მე მედება, საჭიროდ მიმაჩნია განვაცხადო, რომ ჩვენ ღვთისმსახურნი ქრისტიანული სწავლა-მოძღვრების მიხედვით ვალდებულნი ვართ, დავემორჩილოთ “ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა” (რომ. 13,1), რადგანაც ხელმწიფებასა შინა მყოფნი “მსახურნი ღმრთისანი არიან” (რომ, 13,6), მათთვის უნდა ვილოცოთ (1, ტიმ. 2,2) და მათზე არა ვსთქვათ ბოროტი (საქ. მოციქ. 23,5), მაგრამ ბოროტის არა თქმა იმას არ ნიშნავს, რომ მათ მოქმედებას კრიტიკის თვალით არ შევხედოთ, მათი შეცდომები არ აღვნიშნოთ. ამისთვის ჩემს სიტყვაში მთავრობის შეცდომების აღნიშვნის დროს თუ რამე არამართებული წამომცდეს, გთხოვთ, ეს ჩარიცხოთ უნებლიე შეცდომათ, ანუ მიიღოთ უბრალო Lapsus Linguea-დ და ბოროტ განზრახულების ხასიათი არ მისცეთ. მე სახეში მყავს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.

ჩვენ – საკათალიკოსო საბჭოს მთელ შემადგენლობას – ბრალად გვედება ის, რომ არ შევასრულეთ მთავრობის წინადადება, გაგვეგზავნა წარმომადგენელი ყოფილი სამხედრო ტაძრის ჩამორთმევის დროს დასასწრებლად და რომ არ მოვისურვეთ ჩვენის ხელით ჩაგვებარებინა იგი არა სარწმუნოებრივი მიზნებისათვის მოსახმარად. საკათალიკოსო საბჭომ ეს თავისთვის ჩასთვალა მიუღებლად, რაც მას ჩამოერთვა წინააღმდეგობის გაწევად, მოღალატეობად, აჯანყებისაკენ ხალხის მოწვევად და სხვ. ამნაირი ბრალდების არსებობა მე გავიგე მხოლოდ უკანასკნელი დაკითხვის დროს და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ვერ გამიგია, საიდან შეიძლება ამნაირი დასკვნის გამოყვანა.

რელიგია არ არის სახელმწიფოსაგან წარმოშობილი და დაწესებული. მას აქვს თავისი დამოუკიდებელი საფუძველი არსებობისა, სახელმწიფო და ეკლესია ამის გამო ორი სხვადასხვა დაწესებულებაა, მათ აქვთ სხვადასხვა სფერო მოქმედებისა. თავისი დანიშნულების ასრულებაში ორივე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია. სახარების დევიზია: “კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა.” სახელმწიფო ეკლესიურ შინაურ ცხოვრებაში არ ერევა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთისაგან გამოყოფილია. დაე, გამოყოფილ ეკლესიას წაართვან ყველა უფლებები იურიდიული პიროვნებისა, მას მაინც დარჩება ერთი სფერო თავისუფალი მოქმედებისა, ერთი კუთხე, თავისი წმიდათა წმიდა, რომელშიაც სახელმწიფო არ უნდა შეიჭრას. ეს არის მისი შინაური რელიგიური ცხოვრება, რომელიც ექვემდებარება ღვთისაგან დაწესებულ ნორმებს. ვინც ეკლესიის მსახურთაგანი ამას გადაუხვევს, ის მოღალატეა სარწმუნოებისა. ამის გამო ამნაირ შემთხვევებში, როგორც გეუბნება ქრისტიანული სწავლა-მოძღვრება, ჩვენ ვალდებულნი ვართ ვემორჩილოთ უფრო ღმერთსა, ვიდრე კაცთა (საქ. მოც. 5,29). ეს ნორმები ეკლესიური ცხოვრებისა, ამნაირიურთიერთობა სახელმწიფოს და ეკლესიას შორის მიღებულია ყველა საქრისტიანო ქვეყნებში და არ გვეგონა, თუ ჩვენი მთავრობა ამას არ გაუწევდა ანგარიშს. ამ თვალსაზრისით ვსთქვით, რომ წინადადება ჩვენთვის მიუღებელი იყო, ვინაითგან იმის მიღებით ჩვენ გავხდებოდით ღვთის დადგენილების და სარწმუნოების მოღალატენი. ეს არის და ეს. ჩვენ აზრათაც არ მოგვსვლია, რომ ჩვენს ამნაირ კანონიერ განცხადებას მთავრობა მიიღებდა საწინააღმდეგოდ. მით უმეტეს, რომ ტაძარს ჰყავდა თავისი წინამძღვარი, რომლის განკარგულებაში იყო ეკლესიის ქონება და რომელიც თავისთავად იყო სასულიერო მთავრობის წარმომადგენელი. საქართველოში დაიკეტა 1200-ზე მეტი ეკლესია, ზოგი მთლად დანგრეულ იქმნა, მაგრამ არც ერთის შესახებ სასულიერო მთავრობისათვის არც კი შეუტყობინებიათ და რაღა სამხედრო ტაძრის ჩაბარება არ შეიძლებოდა უკათალიკოსო საბჭოთ?! გვცოდნოდა, რომ ჩვენს, ჩვენის თვალსაზრისით კანონიერ განცხადებას, საერო მთავრობა მიიღებდა საწყენათ, ჩვენ სხვანაირათ გამოვსთქვამდით ჩვენს აზრს და წინააღმდეგობას არ გავუწევდით. ამას წინათ რამდენიმე ჯარისკაცმა-ბაპტისტმა, განაცხადა, რომ მათ სარწმუნოება უკრძალავს ჯარში სამსახურს და ეს განცხადება სამხედრო სასამართლომ სცნო პატივსადებად და გაათავისუფლა ისინი სამხედრო ბეგარის მოხდისაგან. დარწმუნებული ვარ, უზენაესი სასამართლოც ასე შეხედავს ჩვენს განცხადებასაც და ამისთვის ამის შესახებ მეტის თქმა მიმაჩნია საჭიროთ. 1) დანაშაულად მითვლიან იმასაც, რომ მცხეთის და სიონის ტაძრების განძეულობის დამალვა ვიცოდი. ამნაირი ბრალდება მიმაჩნია გაუგებრობად, ვინაითგან ნივთების ქუთაისში წაღების დროს მე ვმსახურებდი სოხუმში და ნივთების დამალვა მოხდა უჩემოდ, 2) არც ჩემი და არც სხვების ჩვენებიდან არ სჩანს, რომ ეს მე ვიცოდი ნივთების აღმოჩენამდე. საიდან და როგორ არის ეს ბრალდება შეთხზული, არვიცი. და 3) მართლაც რომ ვყოფილიყავი დამალვის მონაწილე, მაშინაც ვერ ჩავთვლიდი ჩემს თავს დამნაშავედ, ვინაიდგან სამღვდელოება მოვალე იყო, ეზრუნა ეკლესიის ქონების დაცვისათვის და უხსოვარ დროიდან არეულობის და მტრების შემოსევის დროს განძეულობის დაცვისათვის მიმართავდნენ ამ საშუალებას. ამან შეგვინახა იგი, როდესაც მისი გადატანა მოხდა ქუთაისში, ეს განძეულობა არ შეადგენდა მთავრობის კუთვნილებას. ეს მოხდა ძველი მთავრობის დროს, როდესაც ეკლესიას არ ჰქონდა ჩამორთმეული საკუთრების უფლება. თუნდაც ჩამორთმეული ჰქონოდა, მაშინაც სამღვდელოების მოვალეობა იქნებოდა, რადგან მის ხელში იქნებოდა მისი მოვლა-დაცვის საქმე. ამის შემდეგ განსაცვიფრებლად მიმაჩნია საბრალდებო, ოქმში ხმარება სიტყვის “გატაცება”, მეტის თქმას ამის შესახებ არ ვსთვლი საჭიროდ.

უმთავრესი ბრალდება ჩემს საწინააღმდეგოდ წამოყენებული, როგორც საბრალდებულო ოქმიდან სჩანს და როგორც პროკურორის სიტყვიდანაც მესმა, არის კონტრევოლუცია. ჩემი კონტრევოლუციონერობა გამოიხატა გენუის კონფერენციაზე ჩემ მიერ წერილის გაგზავნაში, მაგრამ არ მესმის რა იყო კონტრევოლუციონერული ჩემს წერილში. ნუთუ ის ერთადერთი ძირითადი დებულება, რომ თითოეულმა ერმა თავისი საქმეები მოაწყოს ისე, როგორც ეს მას უნდა, მაგრამ ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის? უკანასკნელმა საერთაშორისო ომმა ბევრი უბედურება მოუტანა კაცობრიობას, მაგრამ მანვე ამართა დროშია, რომელზედაც მსხვილის ასოებით წააწერა: “მცირე ერების თვითგამორკვევის უფლება.” ეს ლოზუნგი იმდენად აღმაფრთოვანებელი, სანეტარო და სასიხარულო იყო, რომ მისთვის ანგარიში უნდა გაეწიათ. ასეც მოხდა. თვით ნიკოლოზ მეორის მთავარსარდალი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ერებისადმი თავის მიმართვაში ამბობს, რომ ის იბრძვის ამ ლოზუნგის განხორციელებისათვის. მეტყვით, ეს განცხადება არ იყო გულწრფელიო და მეც სავსებით გეთანხმებით, მაგრამ აქ მნიშვნელობა აქვს არა იმას, გულწრფელი იყო ეს განცხადება თუ არა, არამედ იმას, რომ მთავარსარდალი იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია ცხოვრების სინამდვილისათვის, ეღიარებია ის, რასაც თვითონაც არ თანაუგრძნობდა, დიახ, ის წამოაყენა ცხოვრებამ და მას ყველაზე უწინ ანგარიში გაუწია სოციალისტურმა მიმართულებამ, მაგრამ სტალინის სიტყვით, მეორე ინტერნაციონალმა და მისმა ლიდერმა კაუცკიმ ეს ლოზუნგი ჩამოაქვეითეს ავტონომიამდე, ხოლო პოლიტიკური და ეკონომიური მხარე დაუტოვეს ისევ გაბატონებულ ერებს. საბჭოთა ხელისუფლებამ კი გააფართოვა ის მცირე ერებისათვის პოლიტიკურად გამოყოფის უფლების მინიჭებამდე.

აი, ეს თვითგამორკვევის უფლება თხოულობს, რომ თითოეულმა ერმა თავისი ცხოვრება და მართვა-გამგეობა მოაწყოს ისე, როგორც თვითონ მოისურვებს და თუ სტალინის სიტყვა შეიცავს ჭეშმარიტებას, თუ საბჭოთა ხელისუფლებამ გააფართოვა თვითგამორკვევის ლოზუნგი და მცირე ერებს უბოძა უფლება პოლიტიკური გამოყოფისა, თავისუფლება-სუვერენობისა, მაშინ ცხადია თვით გამორკვეული და სუვერენული ერისათვის თავისუფლების წართმევა ამ ლოზუნგის დარღვევად უნდა ჩაითვალოს. მეტი არც მე მითქვამს რა.

მე არ ვეკუთვნი არცერთ პარტიას, ჩემთვის სულერთია რომელი პარტიის ხელში იქნება მართვა-გამგეობა, რომელს ექნება ძალაუფლება და რომლის დიქტატურა იქნება დამყარებული. ამის განხილვაში შესვლა ჩემი საქმე არ არის. მხოლოდ მრწამს და სასურველად მიმაჩნია მართვა-გამგეობა დამყარებული იყოს ხალხის ნებისყოფაზე და თვითგამორკვევაზე, ხალხის სურვილი ჩემთვის კანონია. ამ სურვილზე დამყარებული წეს-წყობილება მარგებელია ხალხის ეროვნული მთლიანობისათვის და მისი კულტურულად წინმსვლელობისათვის. მე არ გამეგონა, რომ მომხდარიყოს ხალხის დაკითხვა ამის შესახებ და ამის გამო, როდესაც პირველი დაკითხვის დროს დამისვეს კითხვა, არჩეულია თუ არა ხალხისაგან ახლანდელი ჩვენი მთავრობაო, მეტი რომ არ მეთქვა, ვუპასუხე: არ ვიცი მეთქი. როდესაც დამკითხველმა საყვედურით მითხრა, როგორ, ინტელიგენტმა კაცმა არ უნდა იცოდე, რომ წარსულ თებერვალს (ეს იყო 1922 წელს) იყო ყრილობა და მან აირჩიაო, მე ბოდიში მოვიხადე და მხოლოდ შევნიშნე, რომ მაშასადამე 1921 წ. თებერვლიდან 1922 წ. თებერვლამდის – ერთი წლის განმავლობაში – აურჩევლად უმსახურნია მეთქი. და ასეც უნდა ყოფილიყო, ვინაიდგან ერთი წელიწადი საჭიროც იქნებოდა ხალხის დაწყნარებისა და თვითგამორკვევისათვის. ჩვენ, ეკლესიის მსახურნი კი იმ აურჩეველ მთავრობასაც ვცნობდით, ვინაითგან ანგარიშს ვუწევდით ფაქტს – ეროვნული მთავრობის არსებობას და არ შევდიოდით კანონიერება-უკანონობის განხილვაში…

…მახსოვს პუციკოვიჩის გეოგრაფია, რომელშიც თითოეული კუთხის აღწერა დასურათებული იყო ადგილობრივ მკვიდრთა ტიპებით. ველიკორუსი გამოყვანილია: დიდი, ახოვანი, კმაყოფილი სახით და ამაყი გამომეტყველებით და ქვეშ მიწერილი ჰქონდა: “Хозяин земли русской”. სხვა ეროვნებათა წარმომადგენელი იყო მონის და დაჩაგრულის გამომეტყველებით. თვით სკოლა აწვდიდა ხალხს ამ დიდმპყრობელობით იდეას და რა გასაკვირია, რომ მისი მისწრაფებათ იქცა ყველასათვის ეცქირათ, როგორც მონებისათვის, მათ ქვეშევრდომთათვის. ოცდაათიოდე წლის წინათ მოწმე გავხდი შემდეგი სანახაობისა: ქ. სოხუმის ბულვარი, ზღვის პირად მრავალი მოსეირნე. აქვე დგას ორი რუსი ძალზე შეზარხოშებული. ერთი მათგანი უჩვენებს თოვლიან მთებზე და ეუბნება მეორეს: “Эти горы наши… Все народы там живушне наши подданные и все здесь гуляющие нам подчинены”.

და დააბოლოვა იმნაირი სიტყვებით, რომლების მოყვანა აქ არ შეიძლება. 1905 წ. მე ვიყავი დონის ოლქში და, როდესაც გავრცელდა ხმა, რომ კავკასიაში, საქართველოში გამოცხადდა თავისუფლება რუსეთის ბატონობიდან, ხშირი იყო შემთხვევა, რომ მეკითხებოდნენ როგორც ქართველს, ნუთუ მართლა საქართველო გამოეყოფა რუსეთსო. ეს შეუძლებლად მიაჩნდათ. მით უფრო, რომ ადგილობრივი რუსობაც ასე ფიქრობდა. როდესაც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მართლა დაარსდა საქართველოს რესპუბლიკა, სოხუმის რუსობა ვერ ურიგდებოდა საქართველოს თავისუფლებას. დიდი თუ პატარა, ნასწავლი თუ უსწავლელი, ყველა გაიძახოდა: “როგორ შეიძლება საქართველო იყოს თავისუფალი, ეს დროებითია, მოვა ჩვენი ჯარი და ისევ დავიმორჩილებთო. საქართველოს თავისუფლება სასაცილოდ მიაცნდათ, მას ასახელებდნენ: “Кукурузная республика ” ანუ “Республика на 1 1/2 часа”. ბატონობის იდეაზე აღზრდილი ბუნებრივათ გულკეთილი ადგილობრივი რუსი მოსურნე იყო ბატონობისა და თანასწორობას ვერ გუობდა.

…მაგრამ ძნელი სათქმელია ქართველი კომუნისტები, ვისი სურვილის აღმასრულებელნი იყვნენ ერთი კი ცხადია, მათ სურდათ საქართველო შესულიყო დიდი რუსეთის ფარგლებში…

…მათ არ სწამდათ საქართველოს თავისუფლება. გაზეთ “კომუნისტის” ერთ-ერთ შარშანდელ თუ შარშანწინდელ ნომერში ნათქვამია, რომ რევოლუციონერული თვალსაზრისი მოითხოვდა თავის დროზე ტფილისზე დაკვრას და პოლონეთზე გალაშქრებასო. გამოდის, რომ რევოლუცია თხოულობს ერისათვის თავისუფლების წართმევას. იმავე გაზეთის შარშანდელ ნოემბრის ერთ ნომერში (№263) ესევე აზრი უფრო ცხადად არის გამოთქმული. იქ ნათქვამია, რომ საქართველოს თავისუფლება კომუნისტური თვალსაზრისით არ იყო მისაღები, საქართველოში თავისუფლად დათარეშობდნენ იმპერიალისტური ჯარები, რაც დიდ საფრთხეს უმზადებდა რუსეთს და სხვა მეზობელ საბჭოთა რესპუბლიკებს, ამისათვის რუსეთის წითელი არმიის 11 თებერვლის ისტორიული ნაბიჯი მარქსისტულად გაგებული რევოლუციონერული ომების თეორიის მიხედვით გამართლებული ხდებაო.”

მე არ ვიცი მარქსისტულად გაგებული რევოლუციონერული ომების თეორია და ამის შესახებ ვერას ვიტყვი, მხოლოდ შევნიშნავ, რომ სახიფათოდ და მოლიპულ გზაზე დადგომად მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ საქართველოს მდგომარეობა საშიში იყო რუსეთისათვის… ეს ერთი. მეორეთ უნდა აღვნიშნო, რომ თავისუფლება თავისთავად არასდროს არ უნდა იყოს დასაგმობი. ის ყოველთვის სასურველია. არ ყოფილა ხალხი, რომელიც მას შეხაროდა, არ ეძებდა, რომლის მიღწევა არ მიაჩნდა ბედნიერებად. შესაძლებელია, საქართველოს ყოფილმა მთავრობამ ვერ მოიხმარა იგი, როგორც ამას რიგი მოითხოვდა, მაგრამ აქ თავისუფლება რა შუაშია. თუ ძველი მთავრობის დროს საქართველოში იმპერალისტური ჯარები თავისუფლად დათარეშობდნენ, დე, ახლა მთავრობამ აიღოს ეს თავისუფლება და განახორციელოს ის, როგორც საჭიროა, დე, ახალი სუვერენული რესპუბლიკის მთავრობის ხელში ნუ ითარეშებენ იმპერიალისტური ჯარები და საქართველოს თავისუფლება ნუ იქნება საშიშარი სხვა ერებისათვის. ეს იყო ჩემი აზრი და არა ახალი ხელისუფლების უარისყოფა, მაგრამ… აქ დავუსვამ მრავალწერტილს და გავჩუმდები. მხოლოდ არ შემიძლია, არ ავღნიშნო ის გარემოება, რომ საქართველოს თავისუფლება კომუნისტების ერთ ნაწილს მიაჩნდა სასაცილოდ და მასხრად აგდებდა, ერთი რუსული ასოებით დაბეჭდილი გაზეთი “Правда Грузии”… ამნაირად იხსენიებდა მას: “თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული და ნეიტრალური ზურნა.” აქ საჭირო არ არის კომენტარები. ყველა ეს სრულიად არაფერში არ ეთანხმება ხალხის თვითგამორკვევის და პოლიტიკურად გამოყოფის უფლებას, პირიქით. პირდაპირი მისი უარყოფაა. შეიძლება ვცდებოდე, რადგან მარქსისტული თეორია ჩემს სპეციალობას არ შეადგენს, მაგრამ არცოდნა არცოდვაა, ნათქვამია და ამისთვის მომეტევება.

მიუხედავად ზემონათქვამისა, მე მეუბნებიან, რომ ჩემი გამოსვლით ვითომ ვუღალატე ჩვენს მთავრობას, სახელი გავუტეხე მას, გავაბიაბრუე, არ უნდა მიმემართა გენუის კონფერენციისათვის, რომ ჩემის მიმართვით მე მინდოდა გამომეწვია ინტერვენცია, ევროპის შეიარაღებული ჯარებით ჩარევა საქართველოს საქმეებში, თითქოს ამით მე ხელი შევუშალე ჩვენს იქ წარმომადგენელს მის საქართველოს საკეთილდღეოდ ზრუნვაში. ამნაირი ბრალდება მე მიმაჩნია გაუგებრობის ნაყოფად და ამის გამო უსამართლობად. მე ჩვენი მთავრობის საწინააღმდეგო არა მითქვამს რა…

ჩემი წერილი მიმართული იყო დიდმპყრობელობის წინააღმდეგ და ეს ცხადად არის მასში გამოთქმული. ერთი სიტყვითაც არ დამიგმია ახალი ხელისუფლება საქართველოში, პირიქით, იქ გამოთქმულია, რომ მე არ შევდივარ იმის განხილვაში, როგორი უნდა იყოს მართვა-გამგეობა, რადგან ეს ჩემი საქმე არ იყო. წერილი დაწერილია ახალი ხელისუფლების არსებობის წლისთავზე, ხოლო ჩვენი ქრისტიანული მოძღვრებით ყოველი დამკვიდრებული მთავრობა განუკითხავად უნდა ვიცნათ და ვემორჩილოთ ყოველი სამოქალაქო ხასიათის საქმეებში. ამის გამო, ცხადია, მე მინდოდა დამოუკიდებლობა უკვე დამყარებული მთავრობისათვის. გენუის კონფერენცია მე წარმოდგენილი მქონდა, როგორც სახელმწიფოების წარმომადგენლების კრება, მოწვეული მშვიდობიანი მოლაპარაკებისათვის -კრება, რომელსაც საგნად ჰქონდა მცირე ერების პრეტენზიების განხილვა და ამისთვის ვფიქრობდი, რომ ყველას ჰქონდა უფლება მიემართა მისთვის თავისი აზრის გამოთქმით. მე ვიცი, რომ იქ იყო ჩვენი წარმომადგენელიც, რომელიც, დარწმუნებული ვიყავი, დაიცავდა ჩვენი ქვეყნის სუვერენობა-თავისუფლებას და რომელსაც ამაში ეჭირვებოდა დახმარება. ამ შემთხვევაში კი ჩემს წერილს შეეძლო რამდენადმე მაინც გაეადვილებია ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. თუ ის იყო საქართველოს წარმომადგენელი მხოლოდ სიტყვით, საქმით კი გამოდიოდა დამატებათ რუსეთის წარმომადგენლისა და დამცველად დიდმპყრობელობისა, მაშინ, რასაკვირველია, წერილი მას სამსახურს ვერ გაუწევდა, მაგრამ ეს უკანასკნელი არც იყო მიზანი წერილისა და, მაშასადამე ამაში არ შემიძლია ვიყო პასუხისმგებელი. ყველა ამის შემდეგ მე კიდევაც მიკვირს, რისთვის მასამართლებს საქართველოს უზენაესი სასამართლო და არა რუსე- თისა, მაგრამ ვინც უნდა გამასამართლოს – საქართველოამ იმისთვის, რომ მე ვიცავ ეროვნული ეკლესიის და ერის თავისუფლებას, თუ რუსეთმა იმისათვის, რომ ხმა ამოვიღე დიდმპყრობელობის წინააღმდეგ, სულ ერთია, ორივე შემთხვევაში ცხადად მტკიცდება, რომ საქართველო არ არის თავისუფალი რესპუბლიკა და მოქმედებს გარეშე დირექტივებით…

…სანამ კაცი კაცისთვის, როგორც ამბობენ რომაელები, მგელია, ჯარების ყოლა, რასაკვირველია, საჭიროა, მაგრამ ეროვნული თვალსაზრისით მოითხოვს, რომ ჯარი იყოს უსათუოდ ეროვნული.

მქონდა თუ არა უფლება მე, როგორც სასულიერო პირს, შევხებოდი კითხვებს, რომელნიც წამოყენებულნი არიან ჩემს წერილში? მეუბნებიან, რომ ჩემს უფლებებს გადავამეტე, რომ მე არ მქონდა უფლება გავრეოდი პოლიტიკაში და ამომეღო ხმა. არ ვიცი მაქვს თუ არა საბჭოთა ხელისუფლების თვალსაზრისით რაიმე მოქალაქეობრივი უფლება, მაგრამ ის ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენ თვითონ ვცდილობთ ცხოვრებაში გავიყვანოთ პრინციპები: “კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა” – ამის გამო არ ვერევით სახელმწიფო წყობილებისა და მართვა-გამგეობის საქმეში, მთავრობის უარყოფასა და წინააღმდეგობაში და სხვ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირში წყალი ჩავიყენოთ და არა ვსთქვათ რა, როდესაც ვხედავთ უსამართლობას, გარეშე ძალების მოძალებას, ხალხის შევიწროებას, ერისთვის საზიანო შეცდომებს და საზოგადოთ არ ვიტვირთოთ ხალხის სამსახური, მისი ინტერესების დაცვა და მისი მწუხარების საგანი არ ვამცნოთ ქვეყანას. ყველა ამას ქრისტიანული მოძღვრება არ გვიკრძალავს. ქრისტეს ებრალებოდა ერი, მას ემსახურებოდა და მასზე ზრუნავდა, ამბობდა ხშირად: “მეწყალის ერი ესეო” (მარკ. 8,2). “ნუ დაიდუმებთ ერისთვისაო,” გვეუბნება ჩვენი მოძღვრება და ამის აღსრულებას პირნათლად მისდევდა სამღვდელოება. გადაათვალიერეთ ისტორია და თქვენ იქ დაინახავთ ამის აუარებელ მაგალითებს. მოიგონეთ ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი და მათი გამოსარჩლება ხალხის კეთილდღეობისათვის, მათი ბრძოლა ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან, მის უსამართლობასთან, მოიგონეთ ამბროსი მედიოლანელი, რომელმაც მრისხანე იმპერატორი თეოდოსი არ შეუშვა ეკლესიაში მისგან თესალიაში მოხდენილი სისხლისღვრის გამო და მრავალი სხვა. გადახედეთ საქართველოს ისტორიას და აქაც დაინახავთ უამრავ მაგალითს, სამღვდელოების ბრძოლას არსებული წყობის და ერის ინტერესების დასაცავად ამქვეყნიურ ხელისუფალთა მძლავრებისაგან. სამღვდელოება ყოველთვის იყო დამცველი საქართველოს თავისუფლების იდეისა. რამდენად მოურიდებელნი იყვნენ მღვდელმთავარნი ამ შემთხვევაში, გვიჩვენებს შემდეგი მაგალითი. იმერეთის მეფე სოლომონ დიდის მემკვიდრე, ალექსანდრე, ურწმუნოებისა და სხვა დანა- შაულობებისათვის სამღვდელო კრებამ განკვეთა ეკლესიიდან და, როდესაც ის მიიცვალა, აუკრძალა მისი ქრისტიანული დამარხვა. ის დაასაფლავეს წესის აუგებლად ეკლესიის და სასაფლაოს გარეშე. თვალცრემლიანი მეფე სოლომონ დიდის მუდარებამ და თხოვნამ ვერ გაჭრა, ვერ შეაშინა მღვდელმთავართა კრებული. მოიგონეთ ანტონ ჭყონდიდელი და მისი გამოსვლა ტყვეთა ყიდვის წინააღმდეგ, რაც იმერეთის მეფეს და გურია-სამეგრელოს მთავრებს გადაქცეული ჰქონდათ სახელმწიფოს მართვის სისტემად, როგორც სავალდებულო ბეგარა. აუარებელი ახალგაზრდა ქალ-ვაჟი იგზავნებოდა სტამბულში სულტანისათვისაც ყოველწლობით. კრებამ ძალა დაატანა მეფეს და მთავრებს და ხელწერილი დაადებინა ამ სენის მოსპობისათვის. განსაკუთრებითი აღსანიშნავია რუსების დასავლეთ საქართველოში დამკვიდრების ხანა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში. ამ დროს ეკლესიის და ერის თავისუფლების დამცველებათ გამოდიან ქუთათელი და გაენათელი და ხალხის აჯანყებას სათავეში უდგებიან. ორივე გაამგზავრეს რუსეთისაკენ, მაგრამ მხოლოდ გენათელმა ექვთიმემ ჩააღწია ნოვღოროდში, სადაც ის უნდა დაებინავებინათ. იმპ. ალექსანდრე პირველმა მოისურვა მისი ნახვა, ჩაიყვანეს პეტერბურღში, იმპერატორმა დიდი ზეიმით და პატივით მიიღო, მაგრამ ამისთვის არ მოერიდა ემხილებია საქართველოს ეკლესიისა და ერის თავისუფლების წართმევისათვის და სამშობლოს დამცველების წამებისათვის, მას უწოდა ახალი ნერონი. ეს იყო მიზეზი, რომ ის გააგზავნეს სვირის მონასტერში ოლონეცკის გუბერნიაში, სადაც განისვენა და დასაფლავებულია. (2005 წელს წმინდანად შერაცხილი ექვთიმეს ნეშტი გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს გელათში ს.ვ.).

ამნაირად როგორც სარწმუნეობრივი, ისე ისტორიული მაგალითები მაძლევდნენ მე უფლებას ხმის ამოღებისას. არა, ეს უფლება არ არის, ეს არის მოვალეობა, და მისი აუსრულებლობა გამხდიდა მე უღირსად ჩემი თანამდებობისა – პასუხისმგებლად ღვთის ეკლესიისა და ერის წინაშე.

მიუხედავად ყველა ამისა, ჩემი წერილი იყო ნამდვილი ეკლესიური აქტი და თუ მან მიიღო გარეგნულად პოლიტიკური ხასიათი, ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ვინაითგან ასეთი თუ ისეთი პოლიტიკური მდგომარეობა, მისგან აღებული გეზის ცვალებადება გვაძლევს შეძლებას, წარმოვიდგინოთ პერსპექტივები ეკლესიის მდგომარეობისა მომავალში. ახალ ხელისუფლებას პირველ ხანებში უნდოდ უყურებდა და მეც მაფიქრებდა ეკლესიის მომავალი ბედი, ვინაითგან მთავრობის გეზი ეკლესიურ საკითხში სავსებით უარყოფითი იყო. თუ ხალხს არ მოსწონდა თავისუფლების დაკარგვა, მეც ვფიქრობდი, რომ პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვას მოყვებოდა ეკლესიის დევნა. და მისი თავისუფლებისმოსპობა, რაც სავსებით გამართლდა. ფაქტიურად ეკლესიის თავისუფლება ფეხქვეშ გათელილია და იურიდიულადაც ცდილობენ მის მოსპობას. შარშანწინ რუსეთში იყო გამართული დიდი კამპანია, ბევრს წერდნენ ეკლესიური ავტოკეფალიების მოსპობის საჭიროებაზე, რადგან რუსეთის მთავრობას სურდა ეკლესიურ ცხოვრებაშიაც შემოეღო ისეთივე ცენტრალიზაცია, როგორიც იყო დამყარებული პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამნაირი იყო მისწრაფება მთავრობისა საქართველოშიაც. ამ მიზნით უნდოდა მას საქართველოში დამყარებულიყო “ცხოველი ეკლესია” და ამის პროპაგანდას ეწეოდა სამღვდელოებაში. ზოგიერთნი წევრნი სამღვდელოებისა გაებნენ დაგებულ მახეში და ერთი მათგანი კიდეც ჩაეწერა მთავარ კომიტეტში. ამ მიზნით მეც მომეცა წინადადება, დამეწყო მიწერ-მოწერა “ცხოველ ეკლესიასთან.” დავმორჩილებოდი მას, ხოლო ერთ საბჭოს წევრთაგანს შეაძლიეს საპატიო თანამდებობა, ჩადგომოდა “ცხოველ ეკლესიას” სათავეში, მაგრამ ეს, რასაკვირველია, უარყოფილ იქნა, როგორც ცდა ეკლესიური თავისუფლების მოსპობისა და ეკლესიური ცენტრალიზაციისა. ეს იყო მიზეზი, რომ საქართველოს ეკლესიის მმართველი აპარატის წევრები ჩათვლილი იქნენ კონტრევოლუციონერებად, რეფორმების შემოღების მოწინააღმდეგედ, თუმცა საკათ. საბჭოს უკვე დაწყებული ჰქონდა საქმე ფართე რეფორმების შემოღებისა ეკლესიურ ცხოვრებაში. მაგრამ საქმე შეაფერხა საბჭოს თავმჯდომარისა და წევრების დაპატიმრებამ, ხოლო იმ პირებმა, რომლებიც მოწინავედ და პროგრესულად სთვლიდნენ თავიანთ თავს და დარჩნენ თავისუფლად სამოქმედო ასპარიზზე, რომელთა ლიდერის თავმჯდომარეობით სარეფორმო კომისიაც კი იყო არჩეული, ვერაფრის გაკეთება, როგორც მოსალოდნელიც იყო, ვერ შეძლეს (იგულისხმება ეპისკოპოსი დავითი ს.ვ.). საქმე იმაშია, რომ საკათ. საბჭოს უნდოდა რეფორმების შემოღება ეროვნულ ნიადაგზე, ადგილობრივი პირობების მიხედვით, ხოლო “მოწინავე” სამღვდელოების წრე, რომელსაც შეერჩია მოქმედების ასპარეზი, ფიქრობდნენ რეფორმების მოხდენას რუსეთის ეკლესიის ტრაფარეტით იმ მიზნით, რომ საქართველოს ეკლესია გაებათ მონობის უღელში, დაემორჩილებიათ ისევ რუსეთის ეკლესიისათვის.

რადგანაც ამნაირი უარყოფითი იყო მთავრობის გეზი სარწმუნოებრივ საკითხებში და მოველოდი ამნაირ შედეგებს, მე, როგორც ეკლესიის თავი, ვეძებდი საშუალებას ეკლესიის ინტერესების დაცვისათვის და ამ მიზნით მივმართე გენუის კონფერენციას.

აქ თავისთავად ისმება კითხვა, აქვს თუ არა ეკლესიის თავს უფლება ეკლესიის თავისუფლებასთან ერთად თქვას რამე ეროვნული თავისუფლების შესახებაც და, თუ არ აქვს, იქნება თუ არა ეს პოლიტიკურ სფეროში შეჭრა? ჩემის რწმენით, ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს ქრისტიანული სწავლა-მოძღვრება. ის გვეუბნება, რომ კაცი ღვთისაგან თავის სახედ და მსგავსად შექმნილია. ღვთის სახეობა და მსგავსება აღბეჭდილია მის სულიერ თვისებებში, რომელთა შორის უმთავრესი თვისებაა თავისუფლება. პავლე მოციქული გვეუბნება, რომ ჩვენ წოდებულ ვართ თავისუფლებისათვის. ქრისტემ მოგვანიჭა ეს თავისუფლება და მტკიცედ უნდა შევინახოთ იგი. ერთხელ განთავისუფლებულმა არ უნდა დავიდგათ ისევ მონობის უღელი (გალ. 5,1); გვეტყვიან რომ მოციქული ამბობს ინდივიდუალურ და სარწმუნოებრივ თავისუფლებაზე და ხალხის თავისუფლებას არ ეხებაო, მაგრამ ვინც ჩაუკვირდება მოციქულის სიტყვებს, დარწმუნდება, რომ ის გულისხმობს კოლექტიურ ინდივიდუმებს – ერებს და მათს ამქვეყნიურ ურთიერთობას. ამას მოციქული ცხადად გვიმარტავს, როდესაც გვეუბნება, რომ თავისუფლება უნდა გვქონდეს არა “საფარველად უკეთურებისა” (1 პეტ. 2,16), არა `მიზეზად ხორცთა,” არამედ ძმათა სიყვარულისათვის, ხოლო უკეთუ “ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ ნუუკუე ურთიერთას განილინეთ”, ამბობს იგი (გალ. 5, 13-15). ე.ი. თუ ერთმანეთში უთანხმოება და ბრძოლა გექნებათ, ვაითუ ამოწყდეთო. ცხადია, აქ ნათქვამია ადამიანების კრებულთა და ხალხთა შორის ურთიერთობებზე. ამის გამო თუ მე ჩემს წერილში შევეხე ერის თავისუფლების საკითხს, ამის უფლებას მაძლევდა საღი წერილი და ჩვენ, სასულიერნო პირნი ამ მოვალეობის ასრულებას გვერდს ვერ ავუხვევთ. ეს ერთი.

მეორეს მხრით, როგორ გინდა არ შეეხო ხალხის ცხოვრების საკითხებს, და ამან არ მიიღოს პოლიტიკური სახე, როდესაც ეკლესიის და პოლიტიკური ერთეულის შემადგენლობა ერთი და იგივეა – ეკლესიის წევრნი იმავე დროს არიან სახელმწიფოს წევრნი. ამის გამო ყოველ ჩვენს მოქმედებას, ყოველ სიტყვას შეიძლება მიეცეს პოლიტიკური ხასიათი, თუ ამის სურვილი გვექნება. ეკლესიის და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან გამოყოფა მე ისე მესმოდა, რომ გამოყოფილ ეკლესიის შინაურ საქმეებში სახელმწიფო არ ჩაერეოდა, მაგრამ სინამდვილე გვიჩვენებს, რომ ვსცდებოდი. 1922 წელს ერთი პროვინციელი ქალაქის ეკლესიაში ხალხს მივმართე სიტყვით, რომელშიდაც ვეუბნებოდი მას, რომ ის იყოს ერთგული ეკლესიისა, რომ ასრულოს ქრისტიანული მოთხოვნილება, რომ ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოდან, რომ მთავრობა ამის გამო არ ერევა მის შინაურ საქმეებში, მორწმუნეებს არ უკრძალავს იქონიოს თავისი სარწმუნოება, სინდისის თავისუფლება და სხვა თურმე ეს სიტყვაც ადგილობრივ ხელისუფალთ მოეჩვენათ საწინააღმდეგოდ და უთქვამთ, როგორ გაბედა ამის თქმაო. იყო შემთხვევა, მქადაგებელმა თავის სიტყვაში მოიყვანა ქრისტეს სიტყვები: “ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან” ეკლესიასო. აჰა, ჯოჯოხეთი გვიწოდაო. დასაბამიდან ქრისტიანობისა ეკლესიაში მიღებულია ლიტანიობა, მაგრამ ამასაც თვლიან კონტრევოლუციონერულ დემონსტრაციად და სხვა.

საქართველოს ეკლესია და სამღვდელოება არას დროს არ ყოფილან კონტრევოლუციონერული მიმართულების. თუ მათზე მსჯელობენ რუსეთის ეკლესიის ანალოგიით, ეს დიდი უსამართლობა იქნება. ჩვენმა ეკლესიამ და ერმა 120 წელიწადი გაატარა მონობაში. დიდი და ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დაიბრუნა თავისუფლება და სურს შეინარჩუნოს ის. სამღვდელოების ზრახვები ამის იქით არ მიდის. სულ სხვაა რუსეთის ეკლესია. პირველსავე საეკლესიო კრებაზე (1917-18 წლები) იყო გამოთქმული, რომ რუსეთის ხსნა მხოლოდ თვითმპყრობელ მეფეშია, მასზე მსჯელობდნენ და ოცნებობდნენ, ხოლო ამ კრების გაგრძელებამ (ვარლოვიცში) კიდევაც დაადგინა, მოწვეულ იქნას რუსეთის ტახტზე მეფე. დელეგატთაგან ხელს აწერდა 86 (როძიანკომ შეიკავა თავი), ერთმა მღვდელმთავარმა (მიტრ. პლატონი), როგორც გამოქვეყნებული იყო, შეადგინა საღმრთო რაზმი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად, – აბა, გვიჩვენეთ ამნაირი რამ საქართველოს ეკლესიის კრებების ან კერძო სამღვდელო პირის ისტორიაში? მიუხედავად ამისა, რუსეთის ეკლესია გაცილებით უფრო კარგ პირობებშია, ვიდრე საქართველოსი. რაშია საქმე? თუ აქ ჩემი წერილია მიზეზი, ხალხი და სამღვდელოება რა შუაშია? ის ჩემი დაწერილია ეკლესიური და ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით და მევე მეთხოვება პასუხი.

როგორ არის დაყენებული ეროვნული საკითხი? პირველად საბჭოთა ხელისუფლებას არც კი ჰქონდა თავის პროგრამაში ეროვნული საკითხი, ის უარყოფილი და დაჩრდილული იყო ინტერნაციონალურ მიმართულების უკიდურესობით (ის ემსახურებოდა მხოლოდ დიდმპყრობელობის იდეას). შემდეგ ამ საკითხს მიექცა ყურადღება. სტალინი ამბობს, რომ ნიკოლოზ მეორის დროს მხოლოდ და მხოლოდ ერების გარუსებაზე ფიქრობდნენო. ამაში მეც სავსებით ვეთანხმები, რადგანაც ჩემი 37 წლის მსახურების განმავლობაში ამ ბოროტებას ვებრძოდი ბეჭდვითის სიტყვით (ადგილობრივ და სატახტო პეტროგრადის ჟურნალ-გაზეთებში) და საქმით, რის გამო დევნა, ტანჯვა და მწუხარების მეტი არა დამიმსახურებია რა. მაგრამ განაგრძოს სტალინმა, როგორია ახლა ამ საკითხის მდგომარეობა. ახლა სულ სხვაო, ამბობს იგი, საბჭო- თა ხელისუფლება არ ცდილობს ყველა ერები ალაპარაკოს ერთ ენაზე. რაც უნდა პატარა იყოს ერი, ის სცდილობს შეუქმნას მას წერა-კითხვა და მწერლობა. მე-X ყრილობამ დაადგინა: 1. საბჭოთა ხელისუფლება ყველა ერებში მოეწყოს ადგილობრივი პირობების, ზნე-ჩვეულების და მიდრეკილების მიხედვით და შეფარდებით. 2. საქმის წარმოება და მიწერ-მოწერა უსათუოდ უნდა იქნეს ადგილობრივ ენაზე და 3. სკოლებში სწავლების ენად უნდა იქნას უსათუოდ ადგილობრივი ენა. მე-XII ყრილობამ კიდევ უფრო გააფართოვა ეროვნული საკითხი. ამნაირად საბჭოთა ხელისუფლება ეროვნული საკითხის უარყოფიდან გადაიხარა მის ცნობამდი, მისი სამსახურისაკენ (თუმცა ეს ჯერ, სავსებით არ არის განხორციელებული). ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ამას თხოულობდა ცხოვრება და ამისთვის ძალაუნებურად ანგარიში უნდა გაეწიათ.

მიუხედავად ამისა, ყველა რუსი კომუნისტი ამას არ თანაუგრძნობს. ლენინმა სთქვა: “გაფხიკეთ ზოგიერთი კომუნისტი რუსი და თქვენ დაინახავთ წითელ პატრიოტსა და შოვინისტსაო.” მათში ბევრია დიდმპყრობელობის იდეის მიმდევარნი – იმ დიდმპყრობელობის, რომელსაც ლენინმა უწოდა русопятство. X ყრილობაზე აღნიშნული იყო, რომ რუსი კომუნისტები განაპირა ქვეყნებში ამაყობენ თავის რუსობით, მათ სწამთ არა ფედერაცია, არამედ განუყოფელი რუსეთი. უკრაინის წარმომადგენელმა კომუნისტმა ზატონსკიმ აღნიშნა X კრებაზე, რომ პოლონეთის და გალიციის წინააღმდეგ მიმავალ ჯარს ამხნევებდნენ რუსული პატრიოტიზმით, რუსეთის განუყოფელობით. თვით სახელწოდება “საბჭოთა რუსეთში”` ზატონსკი ხედავს იმავე დიდმპყრობელობით იდეას და ამბობს: გერმანიაც რომ შემოგვიერთდეს, ნუთუ მაშინაც დარჩება სახელი “საბჭოთა რუსეთიო.”

როგორც რუსეთის დიდმპყრობელობას, русопятство -ს, წითელ პატრიოტიზმს, და რუსეთის განუყოფლობას, ისე ზატონსკის პროტესტს აქვს თავისი საფუძველი. აქ ნათლად მოსჩანს ბუნება ადამიანისა, სიყვარული თავისი ერისა და სამშობლოსადმი, პატრიოტიზმი, მართალია, პირველ შემთხვევაში ზოოლოგიურია, მაგრამ მაინც პატრიოტიზმია. ამნაირ მიმართულებას, რასაკვირველია, ლენინი და საუკეთესო კომუნისტები გმობენ, მაგრამ მისი არსებობა მაინც ფაქტია. ერთმა ჩვენმა უმაღლესმა ხელისუფალთაგანმა ერთ თავის სიტყვაში გამოსთქვა, რომ რუსეთის დიდმპყრობელობას უნდა ვებრძოლოთო. მაშ რაშია საქმე? მარტო ჩემთვის ხომ არ უნდა იყოს დანაშაული დიდმპყრობელობის წინააღმდეგ ხმის ამოღება. საზოგადოთ უნდა ითქვას, რომ ის დებულებანი, რომელნიც დაედვა ჩემს წერილს, არ ყოფილან უმნიშვნელო. იმნაირ ვითარებისათვის უნდა მიექციათ ყურადღება და მიაქციეს კიდეც.

ეროვნულ ცხოვრების მიმდინარეობაში დეფექტების მაჩვენებელი ფაქტებიო, მკითხავენ. არ ვიცი საჭიროა ფაქტების მოყვანა თუ არა. ამბობენ, რომ მდგომარეობა ახლა უარესია, ვინემ იყო. იმ დროს, როცა ჩემი წერილი იგზავნებოდა გენუის კონფერენციაზე. უარესობისას მე ვერას ვიტყვი, რადგან უკანასკნელი წელიწადი პატიმრობაში მყოფობისა გამო მოწყვეტილი ვარ საზოგადოებრივ ცხოვრებას, მაგრამ თუ ეროვნული ცხოვრების მდგომარეობის უარესობა სინამდვილეა, მაშინ საჭიროა გამოირკვეს, სად არის ამის მიზეზი. ჩვენი კომუნისტების ენერგია, რომის მოყვარეობა და ქართველი ერის საკეთილდღეოთ ზრუნვა მრწამს და ამისთვის, ვფიქრობ, ამის მიზეზები უნდა ვეძიოთ გარეშე პირობებში – ჩვენში მოქმედ გარეშე ძალების სიძლიერეში. იმედია ჩვენი მუშაკების ენერგია შეებრძოლება ამ ხელის შემშლელ პირობებს და დაძლევს მათ ერის საკეთილდღეოდ. ამჯერად კი მაინც მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:

ა. დაწესებულებაში ყველაზე უკეთ მე ვიცნობ საგანგებო კომისიას, რადგან ორ წელიწადზე მეტი ჩემი ცხოვრება მასთან იყო დაკავშირებული. ჩემი პირველი ამ დაწესებულებაში შესვლის დროს თავმჯდომარის კაბინეტის კარებთან მჯდომ დარაჯს ვკითხე ქართულად რაღაც, ხოლო მან მიპასუხა: ” Я по грузински, не знаю “. მე, რადგან ვიცოდი რუსული, მივიღე დაკმაყოფილება, მაგრამ რა ქნას რუსულის უცოდინარმა? მას მეკარესთანაც მოენე სჭირდება.

აფხაზეთიდან ჩამოვიდა გლეხი, შვილი ჰყავდა დაპატიმრებული ჩეკაში და მისი ნახვა უნდოდა, იარა მთელი ორი თვე და ვერავის გააგებია თავისი სურვილი, რადგან ჩეკაში წამყოლი მოენის შოვნა ძნელია. მერე ურჩიეს და თხოვნით მიმართა ჩეკის თავმჯდომარეს, რამაც გასჭრა, მიიღო დაკმაყოფილება. მაგრამ რამდენი დაუჯდა საწყალ გლეხს შვილის ნახვა? წამოსვლის დროს გაყიდა ხარ-კამეჩები სახარჯოდ და დაჰკარგა ორი საუკეთესო თვეების (მაისი და ივნისი), როდესაც აფხაზეთში წარმოებს ხვნა-თესვა სიმინდისა (სოფლის მუშაობა).

დააპატიმრეს ჩემთან მყოფი მღვდელმონაზონი ეფრემი, გავუგზავნეთ სადილი ქართულად დაწერილი ბარათით, დამიბრუნეს უკან, არ მიიღეს, ბარათი რუსულად უნდა იყოს დაწერილიო.

იქვე მოპასუხე ემუდარება გამომძიებელს, მომიყვანეთ მოენე და მალაპარაკეთ ქართულადო, გამომძიებელმა არ დაუკმაყოფილა თხოვნა და დაასაბუთა ამნაირად: “Все равно и по грузински также будет врать, как и по русски”…

ბ. ფოსტა. იმ ხანებში, როდესაც გავგზავნე წერილი გენუაში, ჩემმა კანცელარიამ გაგზავნა საქმის წერილი დუშეთის მაზრაში, დააბრუნეს ამანათზე რუსული წარწერით, რომ მისამართი რუსულად უნდა იყოს დაწერილიო. ერთმა დიდმა ხელისუფალმა თავის სიტყვაში გამოაქვეყნა შემდეგი: “ერთის ფოსტის უფროსისაგან მოვიდა მოთხოვნილება: რადგან საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენა სავალდებულოა, მოგვაშორეთ რუსი მოახელე ქართულის უცოდინარი, რომელიც ვერ ასრულებს მოვალეობას. ეს საკითხი მშვენიერათ გადავწყვიტეთ. რუსულ ენაზე მოსული ტელეგრამა რუსმა მიიღოს, ხოლო ქართულ ენაზე ქართველმა. მხოლოდ არ იყო მოხსენებული, იმ ფოსტის განყოფილებაში არსებობს თუ არა მოხელეთა მორიგეობა და თუ არსებობს, რას იზამს რუსი ქართულის უცოდინარი, როდესაც მისი მორიგეობის დროს მოვა დეპეშა ქართულ ენაზე. არის თუ არა ამნაირი პრივილეგია ქართველისათვის რუსეთში. მაგალითად მოსკოვში, პეტროგრადში, ვლადიკავკაზში და სხვაგან, სადაც ქართველობა ბლომადაა.

გ. რკინის გზა. უკანასკნელ დრომდე იქ ქართული ენა განდევნილი იყო. ერთმა ხელისუფალმა თავის სიტყვაში განაცხადა, რომ მთავრობას უსაყვედურებენ, რომ რკინის გზაზე საქმის წარმოება არ არის ქართულად. ახლა მუშავდება კანონ-პროექტი, ორის კვირის შემდეგ გამოვა, რომლის შემდეგ ქართველ გლეხს შეეძლება მოგზაურობა ქართული ენის საშუალებითო. ამ განცხადებამ სიხარული და ტაში გამოიწვია. გამოქვეყნდა ეს სასურველი კანონი, რომელიც გვეუბნება, რომ რკინის გზის სამმართველოში საქმე უნდა წარმოებდეს რუსულ და ქართულ ენაზე, რუსი – თუნდაც ქართული ენის უცოდინარი მოსამსახურენი საჭირონი არიან, რადგან საქართველოს რკინის გზა შესულია რუსეთის რკინის გზათა ცხრილშიო. და სხვ. იმის გამო, რკინის გზა შეუერთდა რუსეთის რკინის გზებს. ქართველს, რუსულის მცოდნეს, არ შეუძლია არაქართულ რესპუბლიკის ტერიტორიაში საპასუხისმგებლო ადგილები დაიკავოს რკინის გზის სამმართველოში, ალბად იმისთვის, რომ ქართველს ნდობა დაკარგული აქვს. ამას წინათ გაზეთში გამოცხადებული იყო, რომ რკინის გზაზე მომხდარ რაიმე გაუგებრობის შესახებ პრეტენზიები უნდა გაასაჩივრონ სარკინიგზო ცენტრალურ დაწესებულებაში, რომელიც იმყოფება მოსკოვში. ნუთუ არ შეიძლებოდა აქ, თბილისში დაარსებულიყო ამნაირი დაწესებულება ანუ განყოფილება მაინც, სადაც ყველა ქართველს თავის ენაზე შეეძლებოდა მიემართა საჩივრით.

დ. ამბობენ, რომ უმთავრეს საფინანსო დაწესებულებაში – სახელმწიფო ბანკში – ქართველის სამსახური იშვიათია და თუ ვინმე მსახურობს, უკავია სულ დაბალ მოსამსახურის ადგილი.

ე. განათლების კომისარიატში მხოლოდ შარშან გადავიდნენ საქმის ქართულ წარმოებაზე. 1923 წლის მაისის თვეში გამოვიდა კომისარიატის ბრძანება ამის შესახებ.

ვ. რაღაც სამედიცინო დაწესებულებაში უნდოდათ აერჩიათ პასუხისმგებელი მდივანი ქართული ენის უცოდინარი. კრების დამსწრეთაგანმა განაცხადა, რომ საქართველოს ფარგლებში მოსამსახურისათვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა, და ამისათვის მას “Раб Правда”-მ უწოდა შოვინისტი და პურიშკევიჩი.

სხვა მაგალითების მოყვანას მე არ შევუდგები, მაგრამ არ შემიძლია გვერდი ავუხვიო იმ შეკითხვას, რომლებსაც აძლევდნენ ყოფილი მენშევიკები ხელისუფალთ 1923 წლის აგვისტოს ყრილობის დროს, რადგან ეს შეკითხვები ხალხის სურვილების მაჩვენებელნი არიან:

ზ. თქვენ ამბობთ, ეუბნებიან ყოფილი მენშევიკები კომუნისტებს, რომ რუსეთის პროლეტარიატი არავის მისცემს ნებას, რომ ქართული ენა იქნეს დაჩაგრულიო. თუ ჩვენი რესპუბლიკა დამოუკიდებელია, რისთვის ჩვენმა პროლეტარებმა, კომუნისტებმა და ხელისუფლებამ არ უნდა იზრუნოს და მიიღოს ზომები ამის შესახებო.

თ. როდესაც ქართველი მსახურობს ქარხანაში, ვალდებულია ის უყვარდეს თავისი სამშობლო თუ არაო.

თ. რა საჭიროა იყო საქართველოს დაყოფა ავტონომიებად, განსაკუთრებით რა საჭირო იყო ოსეთის და აჭარის რესპუბლიკების დაარსება. საჭიროა თუ არა ყველა მაზრას, თემს და სოფელს ჰქონდეს ავტონომიური უფლებებიო.

ი. როდის გავა რუსეთის ჯარი საქართველოდან.

კ. როდესაც ქართველი გლეხი – რუსულის უცოდინარი – მიდის რომელიმე დაწესებულებაში, ვალდებულია თუ არა ის თავისთვის მოენე თვითონ იშოვოსო.

ლ. მიაქციეს ყურადღება ტფილისში ხალხის გამრავლებას და ცრემლში ამოვლებულ ირონიით ამბობენ: “მარქსმა სთქვა, ყველა ქვეყნის პროლეტარებო შეერთდით და არას დროს, არსად არ უთქვამს, ყველა ქვეყნის ლტოლვილებო ტფილისში შეგროვდითო” და სხვ.

ჩაუკვირდით ამ შეკითხვებს და თქვენ დარწმუნდებით, რომ ხალხი რაღაცით არ არის კმაყოფილი, რაღაც აწუხებს მას და ვერ გრძნობს თავს ბედნიერად. ჩაუკვირდით და თქვენ იმასაც დაინახავთ, რომ მე იმისთანა არაფერი მითქვამს, რაც სინამდვილეს ეწინააღმდეგებოდეს და მომაკვდინებელ ცოდვად შეიძლებოდეს ჩამეთვალოს.

შეიძლება ვინმემ მომცეს შენიშვნა, რომ ამდენს ვლაპარაკობ ეროვნული კითხვების შესახებ და თითქმის არაფერი მითქვამს ეკლესიის მდგომარეობაზე, მაგრამ განა საჭიროა რაიმეს თქმა ეკლესიის მდგომარეობაზე? თითოეული ჩვენთაგანი, რომელიც ხალხის ცხოვრებას უკვირდება, ნათლად ხედავს ეკლესიური ცხოვრების სინამდვილეს, ხოლო ვისაც ისტორია უსწავლია ან გასცნობია ოდნავ მაინც. იმან იცის, რომ ამნაირი დევნულობა, როგორც ჩვენში მოხდა, ისტორიამ არ იცის, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ქრისტიანობის პირველ საუკუნეებს, როდესაც მორწმუნენი იძულებულნი იყვნენ თავიანთი სარწმუნოებრივი მოვალეობების აღსასრულებლად ჩამძვრალიყვნენ კატაკომბებში, იმნაირი სისასტიკე, როგორიც ჩვენში გამოიჩინა კომუნისტურმა ხელისუფლებამ, არ ყოფილა არც რუსეთში და არც სხვა საბჭოთა ფედერაციის რესპუბლიკებში. რუსეთიდან ჩამოსულები განცვიფრებაში მოდიან, როდესაც გაიგებენ ეკლესიის მდგომარეობას საქართველოში. ამას წინათ გაზეთ “კომუნისტში” (30 ნოემბერი, 1923 წელი № 276) მოყვანილი იყო ცნობა, რომ განჯის მუსულმანურ სასულიერო წოდების წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთის აღმოსავლეთში ძალადობაზე მოხსენების მოსმენის შემდეგ გამოაქვეყნეს წერილი, რომელშიაც კიცხავენ ინგლისის იმ აგენტებს, რომელნიც არამუსულმან ქვეყნებში ავრცელებენ უმეცრებას და ცრუმორწმუნებას, სდევნიან სამღვდელოებას, საღმრთო უფლებებს და შეურაცხყოფენ მუსულმანთა წმინდა ადგილებს. ყველა ამისთვის კიცხავენ ბრიტანეთს და მადლობას უცხადებენ საბჭოთა ხელისუფლებას სამართლიანი მოპყრობისა და მისგან დამყარებული რწმენის თავისუფლებისათვის. ბედნიერი მუსულმანი მორწმუნენი! მათში არ ყოფილა დევნა სარწმუნეობისა! ბედნიერი მუსულმანური სამღვდელოება, რამდენად წინ წასულა იგი სამი წლის განმავლობაში, რამდენად გაუსწრია ჩვენი ქართული სამღვდელოებისათვის!!! ვაი, ჩვენი სირცხვილი! არც სომხების რესპუბლიკაში დაკეტილა არამც თუ იმდენი ეკლესიები, რამდენიც საქართველოში, მაგრამ იმედია, მომავალში ჩვენც მოგვეცემა რწმენის თავისუფლება.

სად იყო ამ სისასტიკის მიზეზი? ამბობენ, რომ ამის მიზეზი იყო თვით ხალხი. მას არ უნდოდა ეკლესიები, სამღვდელოება და სარწმუნოება, მაგრამ მართალია ეს? სასულიერო მთავრობის წარმომადგენლის თანდასწრებით ეკითხათ ხალხისთვის ფარული ხმის მიცემის საშუალებით, თორემ პირდაპირ გამოთქმას ხალხი ვერ ბედავს, რომ ამან არ გამოიწვიოს რეპრესიები ან რაიმე ბუგეულში მომხდარი უბედურების მსგავსი. თუ ფარული დაკითხვის შემდეგ მორწმუნეთა რიცხვი მცირე აღმოჩნდებოდა, მაშინ ჩვენ თვითონ დავკეტავდით ეკლესიას და მორწმუნეთ მივაწერდით სხვა სამრევლოს.

გადმოგვცემენ, რომ ერთ სოფელში (სამეგრელო) ეკლესიის დაკეტვის და მღვდლისათვის მღვდელმოქმედების აკრძალვის შემდეგ ერთ ღამეს მოჰგვარეს მღვდელს სამოცი მოსანათლი ბავშვი, რამდენი ყოფილა ამ სოფელში მორწმუნე? თითო ოჯახში ხუთი სული რომ ვიანგარიშოთ, გამოვა სამასი სული მორწმუნე. ახლა რამდენი მორწმუნე ოჯახი იქნებოდა, რომელსაც მოსანათლავი არ ეყოლებოდა. აი ეს და ამნაირი სოფლები ურწმუნოებად არიან გამოცხადებულები. მე ხელში მქონდა და შეიძლება ახლაც მქონდეს, აღწერილობა აბაშის ეკლესიის დანგრევის ისტორიისა. ბუგეულის ეკლესიის დაკეტვის ისტორია სასამართლოს კარგად მოეხსენება და სხ. სამეგრელოდან, ამბობენ, მოსანათლავი ბავშვები მიჰყავდათ და ჯვრისწერაში მიდიოდნენ იმერეთში, აფხაზეთში და სხვაგანაც. ყოფილა მაგალითი თბილისშიაც ჩამოყვანისა. მიცვალებულებს წესის აუგებლად მარხავდნენ, ხოლო წესის ასაგებად და წირვის გადასახდელად საწყლები მიდიან შორეულ ადგილებში. ამდენად დიდია შეწუხებაო, ამბობენ, მაგრამ შეიძლება ეს ხალხისათვის სასარგებლო იყოს სარწმუნოებრივად და ეკონომიურადაც? რას გვეუბნება ამნაირი მაგალითები?

როდესაც ხალხის ურწმუნოების მტკიცება არ გამოდგა საკმარისად, დევნულობის მიზეზად გამოაცხადეს ჩემი გენუის კონფერენციისადმი მიმართვა და დაიწყეს მტკიცება, რომ მანამდის არ ყოფილა სარწმუნოების დევნაო. თუ ეს ჭეშმარიტებაა, მაშინ ხალხის სურვილი აქ არა შუაშია და თუ ხალხის სურვილი იყო ეკლესიების დაკეტვა, უჩემწერილოდაც მოხდებოდა ის, რაც მოხდა. მეორეს მხრით, საკადრისი იქნებოდა მთავრობისათვის ჩემი დანაშაულისათვის ხალხის დასჯა სარწმუნოებრივად? მაგრამ ვიკითხოთ, მართალია ის მტკიცება, რომ ჩემი წერილის გაგზავნამდის არ ყოფილიყოს ვითომ დევნა სარწმუნოებისა? როდესაც ახალი ხელისუფლება მყარდებოდა საქართველოში, მე განვაგებდი სოხუმის ეპარქიას. რა ვნახე? სოხუმში ახალი მთავრობის თითქმის პირველი აქტი იყო ქართველებისა და აფხაზებისათვის საკათედრო ტაძრის ჩამორთმევა და გადაცემა რუსებისათვის, რომელბიც რაოდენობით სოხუმის მკვიდრთა ერთ მეოთხედსაც არ შეადგენდნენ და რომელნიც არ ემორჩილებოდნენ საქართველოს ეკლესიას. მეორე, ეკლესიისათვის არა საკეთილო ზომა იყო სამღვდელმთავრო სახლის ჩამორთმევა, ჩემი იქიდან ძალით გამოგდება, ბარგების ქუჩაში გამოყრა, ჩემი კომისარიატიდან კომისარიატში შეიარაღებული მილიციონერების საშუალებით ტარება და ჩემი ხუთი თვის განმავლობაში ხან ვისთან და ხან ვისთან თავის შეფარება. მე-3. კარის ეკლესიის დანგრევა. 4. კანცელარიისა და ისტორიისათვის ძვირფასი არქივის სანახევრო განადგურება და ნაშთის სამზარეულოსთან ნესტიან ოთახში შეყრა, სადაც სისტემატურად ნადგურდებოდა. 5. საეკლესიო სახლების ჩამორთმევა და მღვდელ-მსახურთა შევიწროება, რის გამო ზოგიერთი მღვდელთაგანი იძულებული გახდა, სოფელში შეეფარებია თავი და თავის რიგის შესასრულებლად იქიდან ეარა ქალაქში და სხვ. ყველა ეს მოხდა ახალი მთავრობის დამყარების პირველ თვესავე. იგივე მოხდა ფოთში, რის გამოც მღვდელმთავარი, რომელსაც ბინა წაართვეს, იძულებული გახდა სამსახურისათვის თავი დაენებებინა. საკათ. საბჭოს შუამდგომლობით შინაგან საქმეთა კომისარიატმა გასცა განკარგულება ფოთის სამღვდელმთავრო სახლის დაბრუნების შესახებ. მაგრამ ადგილობრივმა მთავრობამ უყურადღებოდ დასტოვა ცენტრალური მთავრობის განკარგულება. რუსეთის ცენტრალიზაციის სისტემას მტკიცედ ვიცავთ და ვემორჩილებით და შინ კი ვერ განგვიხორციელებია ეს სისტემა. შინაგან საქმეთა კომისარიატმა შეიმუშავა პროექტი, რომ ის შენობები მაინც დარჩნენ ხელუხლებელი, რომლებიც იმყოფებიან ეკლესიის ეზოებში. პროექტი დამტკიცებულ იქმნა ცენტ. აღმასრულებელი კომიტეტისაგან, მაგრამ სისრულეში მოყვანას ვერ ეღირსა. საკათ. საბჭოს საქმეებში ბევრია მაგალითები პროვინციის დაბა-სოფლებში სახლების ჩამორთმევისა და სამღვდელოების შევიწროებისა. ცხადია, ახალ ხელისუფლებას თავიდანვე ეტყობოდა, თუ რანაირი იქნებოდა მისი გეზი საეკლესიო საქმეებში და ტყუილია იმის მტკიცება, რომ ყველაფერი წერილის ბრალი იყოს, მე ამას ვერ დავუშვებ, იმდენად ვერ დავამცირებ მთავრობას, რომელსაც პატივს ვცემ.

გარეშე ამისა უნდა აღვნიშნო ერთი რამ. ისტორია გვიმტკიცებს, რომ დევნულობა უძლურია მოსპოს სარწმუნოება. პირიქით, შენიშნულია რომ დევნულობა აძლიერებს მას, მეცნიერთა აზრით, პირველ საუკუნეებში რომ არ ყოფილიყო სასტიკი დევნულობა, შეიძლება ქრისტიანობას არც კი გაემარჯვა, ჩამქრალიყო, მაგრამ ბრძოლამ მისცა მას ძალი არსებობის განმტკიცებისა. სარწმუნოება არის ხალხის სულიერი მოთხოვნილება. დევნულობა ამ მოთხოვნილებას უფრო აძლიერებს. ის ღრმავდება, იკუმშება და გუბდება და ამოხეთქავს გაძლიერებულის ძალით. ასე იყო ყველგან, ასე იქნება ჩვენშიც, საქართველო არ იქნება გამონაკლისად საზოგადო კანონებიდან. მაშინ ხალხს დასჭირდება ეკლესიები, სამკაულები და შესამოსლები. ვინ აღუდგენს მას დანგრეულ ეკლესიებს. დაუბრუნებს შესამოსლებს და ეკლესიურ აუცილებლად საჭირო სამკაულებს? მიზანშეწონილად და მოფიქრებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ეკლესიის შესახებ? მე მესმის მხოლოდ იდეური ბრძოლა, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარესაც უნდა ჰქონდეს უფლება თავისი რწმენის დაცვისა. მაგრამ კმარა ამის შესახებ, ვინაითგან ახლა თვით მთავრობა მიმხვდარია, რომ მისი მოქმედება გადაჭარბებული იყო. შეცდომა მოუვიდა. ეს ბეჭდვითაც კი გამოაქვეყნა მან, რაც მომასწავებელია გეზის შეცვლისა.

ჩვენ მოვიხსენიეთ, რომ ხელისუფლებამ აღიარა თავისი შეცდომებიო. აგრეთვე ყოფილი მენშევიკების ყრილობის დროს და სხვა შემთხვევებშიაც კომუნისტურმა პარტიამ განაცხადა, რომ მას ბევრი შეცდომები მოუვიდა, მაგრამ ამის აღიარების მას არ რცხვენია. დიდად სასახელო თვისებაა. ყოველი ადამიანი შეცდომის შვილია, შეცდომები მას თან სდევენ. მისი თანდაყოლილი თვისებაა, მაგრამ, როდესაც ადამიანი არ ჯიუტობს, როდესაც გულახდილად მისი აღიარებისა არ რცხვენია, ეს მომასწავებელია გასწორებისა და წინმსვლელობისა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი კომუნისტების დაყოფა ორ ბანაკად – ცენტრალისტებისა და უკლონისტებისა – შედეგია უკანასკნელთაგან ეროვნულ საკითხში თავის შეცდომების შეგნებისა და ეროვნული პრინციპების მიღებისა. პირველმა პარტიამ გარეშე ხელშემწყობლებისა გამო გაიმარჯვა, ხოლო უკლონისტები გარიყულ იქნენ იმის გამო, რომ დიდმპყრობელი ერისთვის საჭირო და მარგებელი იყო ცენტრალიზმი. ზინოვიევი თავის იმ წერილში, რომელმაც გამოიწვია დისკუსიები, ამბობს: “ისეთი ქვეყნის მმართველს, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, რუსეთის (ხაზი ჩემია) კომპარტიას არ შეუძლია არ იყოს ცენტრალისტურ ორგანიზაციად” – (“კომუნისტი” 9 დეკემბერი, 1923 წელი, №284). როგორც ამ სიტყვებიდანაც სჩანს, კომუნისტურ ხანასი სუყველა ერებისათვის არ არის საჭირო და სავალდებულო ცენტრალისტური წეს-წყობილება, ხოლო არ არის გამორკვეული საკითხი, არის თუ არა მარგებელი საქართველოსთვისაც ცენტრალიზმი და, ჩემის აზრით, ქართულ დისკუსანტებისათვის საჭირო იყო მიექციათ უმთავრესი ყურადღება ამ საკითხის გამორკვევისათვის.

საკავშირო ცაკის მესამე ყრილობაზე მოსკოვში ჩვენი მთავრობის წარმომადგენელმა წარადგინა დებულების პროექტი სადირექტივო კომისარიატის დაარსების შესახებ და ამის საჭიროების დასასაბუთებლად თქვა შემდეგი: “კლასობრივი მხრით ჩვენ ვართ აბსოლუტურად ცენტრალისტები”. მაგრამ იმავე დროს ანგარიში უნდა გავუწიოთ სსრ კავშირის ხალხთა ნაციონალურ თავისებურებებს და შევიტანოთ ეს ჩვენს კონსტიტუციაში. ცენტრალიზაცია, საერთო საკავშირო კომისარიატები, შეეფერებიან საბჭოთა ხელისუფლების კლასობრივ საფუძველს. მეორე მხრით, ჩვენ გვაქვს კომისარიატები, რომლებიც გამოხატავენ ნაციათა მისწრაფებებს და შეეფერებიან ცალკე რესპუბლიკების კულტურულ-ისტორიულ და ყოფა-ცხოვრების თავისებურებებს, ეს კომისარიატები აბსოლუტურათ ავტონომიური არიან (“კომუნისტი”. 10 ნოემბ. 23 წ. №259), აქედან ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ კულტურული ავტონომია, მაგრამ ისიც არ ვიცით დანამდვილებით, ამ სფეროშიც ვართ თუ არა სრულიად თავისუფალი და ის სადირექტივო კომისარიატი, რომელიც უნდა დაარსდეს, ალბათ საჭიროა ამ ავტონომიურ ფარგლების ვითარებისათვის. ბეჭდვით სიტყვას არც კი დაუსვამს საკითხი, გამოერკვია, აქვს თუ არა ქართველ ერს რაიმე საქმეებში დამოუკიდებლობა, არსებობს თუ არა რაიმე თავისუფლება. ეს კითხვა შეიძლება დაისვას ფორმალური მოსაზრებით, ხოლო ნამდვილად კი ზემოთ ნათქვამის შემდეგ ცხადია, რომ საქართველოში არ არსებობს ეროვნული თავისუფლება. კომუნისტური მოძღვრება წინააღმდეგია სახელმწიფოებრივობის არსებობისა და ხელს უწყობს მის სრულიად
მოსპობას. სტალინი ამბობს ამის შესახებ შემდეგს: “1917 წელს, როცა ჩვენ წინ, ოქტომბრისაკენ მივდიოდით, ჩვენ საქმე ისე წარმოგვედგინა, რომ გვექნება კომუნა, რომ ეს იქნება მშრომელთა ასოციაცია, რომ ბიუროკრატიზმს დაწესებულებებში მოეღებათ ბოლო და რომ სახელმწიფოს, თუ უახლოეს პერიოდში არა, ორი-სამი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მაინც, გადავაქცევთ მშრომელთა ასოციაციად. პრაქტიკამ კი დაგვანახა, რომ ეს არის იდეალი, რომლიდანაც ჩვენ კიდევ შორს ვართ, რომ იმისათვის, რათა სახელმწიფო განთავისუფლდეს ბიუროკრატიზმის ელემენტებისაგან, იმისათვის, რომ საბჭოთა საზოგადოება მშრომელთა ასოციაციად გადაიქცეს, საჭიროა მოსახლეობის მაღალი კულტურული დონე, საჭიროა გარშემო სრულიად უზრუნველყოფილი მშვიდობიანი პირობები. იმისათვის რომ საჭირო არ იყოს ჯარების დიდი კადრები, რომლებიც მოითხოვენ აუარებელ ხარჯებს და მძიმე უწყებებს, რომლებიც თავის დაღს ასვამენ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებსაც (“კომუნისტი”. 14 დეკ. 23 წ. №288). დიახ, თვით კომუნისტები დარწმუნდნენ, რომ კომუნიზმის განხორციელებაზე ფიქრი ძალიან ნაადრევია. განხორციელება კომუნიზმისა მოხდება მაშინ, როდესაც დადგება ის დრო, როდესაც გახდება შესაძლებელი დავინახოთ “თხა და მგელი ერთად ძოვდეს”, როდესაც, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, საომარი იარაღები სახნისებად იქნებიან გადაკეთებული, როდესაც კაცი კაცისთვის არ იქნება მგელი, ერთი სიტყვით, როდესაც ადამიანის ბუნება გარდაიქმნება. მართალია ეს დრო სანატრელია, მაგრამ ეს არის ოცნება, მართალია ძალიან ტკბილი, მაგრამ მაინც მხოლოდ ოცნება. დავუშვათ, რომ ეს ოცნება შეიძლება იქცეს სინამდვილედ და მისთვის საჭიროა მზადება, თანდათანობით განხორციელება ამ იდეალისა, მაგრამ ვერ გაგვიგია, რისთვის უნდა დაწყებულ იქნას უსათუოდ საქართველოდან, მისი დამოუკიდებლობის გაუქმებიდან. დაიწყოს თვით დიდმპყრობელობა და საქართველო – ცნობილი თავისი წამბაძველობით თვისებით – უსათუოდ მიყვება მის მაგალითს. უამისოდ ცენტრალიზაცია – წვრილ ერებისაგან თავისუფლების დაკარგვის საშუალებით მომხდარი, – მარგებელი იქნება მხოლოდ დიდმპყრობელი ერის ძლიერება-ბატონობის განმტკიცებისათვის. იტყვიან, ეს საჭიროა იმ კავშირისათვის, რომელიც არსებობს და მარგებულია პატარა ერების ფიზიკურად შენახვისათვისო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ ერებს შორის უფრო სამართლიანობა იქნება, ვიდრე ბატონსა და მონათა შორის.

ერთმა ჩვენმა ხელისუფალთაგანმა ერთ თავის სიტყვაში სთქვა: “1921 წლის განმავლობაში მე კიდევ მესმოდა საშიშროება ქართველი ერის ეროვნულად განადგურებისაო.” შესანიშნავი ეროვნული თვალსაზრისის გამომხატველი სიტყვებია. ბევრი რამეს გამოყვანა შეიძლება ამ სიტყვებიდან, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებისა გამო ამ ხელად ამის ტვირთვა არ შემიძლია. შევნიშნავ მხოლოდ, რომ თუ მას მოუვიდა ამნაირი საშიშროება, სხვებსაც და მათ შორის მეც მქონდა უფლება, დამბადებოდა იგივე საშიშროება და თუ დამებადა იგი, გეკითხებით თქვენ, ვიყავი მოვალე ამომეღო ხმა თუ არა? როდესაც სახლს ცეცხლი ეკიდება, ნუთუ გულგრილად უნდა ვუცქიროთ იმ იმედით, რომ ის თავისთავად ჩაქრება. მე ვფიქრობ და იმედი მაქვს თქვენც დამეთანხმებით, რომ თუ ვხედავდი ხალხის ეროვნულად მოსპობის საშიშროებას, მოვალე ვიყავი, ხმა ამომეღო, ხოლო ახლა ამ მოვალეობის ასრულებისათვის ვსდგავარ საქართველოს უზენაეს ეროვნულ სასამართლოს წინაშე, რომელიც მასამართლებს, როგორც დამნაშავეს.

ერთმა არა ქართველმა პასუხისმგებმა კომუნისტმა (და გაზ., “მუშა”-მაც №20, 1924 წ.) მითხრა, რომ მე ჩემის გამოსვლით გადავიკიდე ერის მშრომელი ნაწილი, მაგრამ რომელ ერს გულისხმობს?! ნუთუ ჩემი გამოსვლის წინააღმდეგი იქნება ქართველი ერის მშრომელთა უმრავლესობა, რომლის ინტერესებისათვისაც მინდოდა შემეწირა ჩემი თავი და ჩემი პირადი ინტერესები კიდევაც შევსწირე. არა, არ დავიჯერებ. გლეხობა, რომელიც შეადგენს ქართველი ერის 90% მეტს, რომელიც მუდამ დაჰყურებს დედამიწას და რწყავს მას თავისი ოფლით, რომელიც მისგან მოელიდ თავის საზრდოს, რომლის წინაპრების სისხლით მორწყული და ძვლებით გაპოხიერებულია სამშობლოს ველ-მინდვრები, ეს გლეხობა, მწამს, მუდამ იქნება თავის სამშობლოს მოსიყვარულე და მის თავისუფლების იდეის დამცველს არასდროს არ შეიძულებს და არც გადაეკიდება.

დარწმუნებული ვარ, იმ ქართველ მშრომელთ, რომელნიც ქალაქებში მუშაობენ, დროგამოშვებით მაინც აუძგერდება გული სამშობლოს ბედ-იღბლის და მდგომარეობის მოგონებით. ქართველი მუშის დამახასიათებელია ის თვისება, რომ ის იშვიათ შემთხვევაში წყვეტს კავშირს სოფელთან. შრომობს და ნაშრომის გადანარჩენი უმეტეს შემთხვევაში მიაქვს თავისი მამაპაპეული ოჯახის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჩვენში ძალიან ცოტაა ეგრეთ წოდებული ბოგანო მუშა. ის დარწმუნებულია, რომ მისი ინტერნაციონალური და კოსმოპოლიტური მსოფლმხედველობა არ არის თავის სამშობლოს სიყვარულის წინააღმდეგი, ამა თუ იმ ერისთვის ზრუნვა არ უშლის და არ ეწინააღმდეგება მის კოსმოპოლიტურ შეხედულებას. პირიქით, მან იცის, რომ ქართველი ერისთვის ზრუნვა იმავე დროს არის კაცობრიობის სამსახური, ვინაითგან ქართველობაც არი ამ კაცობრიობის ნაწილი. მართალია, ინტერნაციონალური მიმართულების განვითარების განვითარების პროცესში არი ერთი პერიოდი, რომელსაც უძახიან სანტიმენტალურ კოსმოპოლიტობას, რომლის შინაარსს შეადგენს ოცნებობა მთელი ქვეყნიერების ბედნიერებაზე და იმავე დროს მისი მიმდევარნი არ აქცევენ ყურადღებას თავის ოჯახს, თავის ხალხს, თავის სახელმწიფოს, თავისას ყველაფერს უცხოელზე დაბლა აყენებენ და აღფრთოვანებულია ყველა იმით, რაც სხვისია. მხოლოდ იმისთვის, რომ ის სხვისია. არ ვიცი, გავლილია თუ არა ეს ხანა ჩვენი ერის ცხოვრებაში. მხოლოდ ვიცი, რომ ამნაირი მიმართულება იყო ჩვენში და ახლაც არიან ზოგიერთები, რომელნიც მზად არიან დიდმპყრობელ ერთან დაკავშირებას შესწირონ ქართველი ერის თავისუფლება და ეროვნული ინდივიდუალობა. ამისთვის გასაგებია ზემოთ მოხსენებული შეკითხვა: “ქართველი, როდესაც ის მუშაობს ქარხანაში, არის თუ არა მოვალე უყვარდეს თავისი სამშობლო.” 1904 თუ 1905 წელს ჩვენი სამშობლოს რომელიღაც კუთხეში იყო შიმშილობა და გაზეთებმა გამართეს ფულის შეგროვება დამშეული ქართველებისათვის დასახმარებლად. ერთმა ქუთაისურმა სოც. დემოკრატიულმა გაზეთმა გამოსთქვა, რომ ის თანახმაა ააგროვოს შეწირულობა მხოლოდ იმ პირობით, თუ შეგროვილი ფული გაეგზავნება გერმანიის მუშებს. ამ განცხადებამ გააოცა საზოგადოება. შეეკითხენ ამის შესახებ ბებელს, რომელმაც განუმარტა შემკითხველს, რომ გერმანიის მუშებს იმ დროს არ ეჭირებოდა ქართველობის შემწეობა და ურჩია, რომ იზრუნონ თავის ერისთვის, მისი კულტურულად ამაღლებისათვის, რომ ის გახდეს ღირსეული წევრი ინტერნაციონალურ ოჯახისა და ეს უკანასკნელი იქნება სამსახური კაცობრიობისა. იმედია, ახლა ამნაირ სანტიმენტალურ კოსმოპოლიტობას ჩვენს მუშაობაში არა აქვს ადგილი, რომ მათ შეგნებულად უყვართ თავისი სამშობლო და მაშასადამე არც იქნებიან წინააღმდეგი ჩემი გამოსვლისა, რომელსაც საგნად ჰქონდა თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა, მით უმეტეს, რომ მე არასდროს არ ვყოფილვარ კონტრევოლუციური მიმართულების და არსად არ მითქვამს მუშათა დიქტატურის წინააღმდეგ. ამის გამო მე გავსცემ პასუხს მუშებს და იმედი მაქვს ქართველი ერის მშრომელი ნაწილი არ შეასრულებს ამ გაზეთს “მუშის”. რჩევას და არ “დამასამარებს”. არ მწამს, რომ მას ჰქონდეს ამნაირი გადაწყვეტილება, რადგან მე არას დროს არ ვყოფილვარ კონტრევოლუციონერული მიმართულებისა.

ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას. ვიბრძოდი როგორც მოქმედებით, ისე პრესის საშუალებით, რამაც შემძინა აუწერელი დევნულობა და ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ტკბილი და მყუდრო დღეები. ორჯერ განვიცადე სამშობლოდან ექსორიობა. ორჯერ ვიყავი გადასახლებული რუსეთში და ორჯერვე სამშობლოში დამაბრუნა რევოლუციამ (1905-1907 წ.). განსაკუთრებით სასტიკი იყო ჩემთვის მეორე გადასახლება, რომელიც მოხდა 1907 წლის იანვარში: წართმეული მქონდა ზოგიერთი უფლებები – არ მქონდა ნება წირვალოცვისა და მღვდელ მსახურებისა ისევე, როგორც ახლა – ამ ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ ეს უფლება წამართვა სათანადო მთავრობამ, ხოლო ახლა საერო მთავრობამ, რომელსაც ამის უფლება არ უნდა ჰქონოდა, ჩემი ცხოვრების უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში მე აღვნიშნავ სამ მომენტს, რომელიც დამახასიათებელია ახლანდელი ჩემი მდგომარეობისა. მეორე ექსორიობის დროს, მთელი 1909 წლის განმავლობაში, ჩემი საქმე ჰქონდა ხელში გენერალ-პროკურორს, ყოფილ იუსტიციის მინისტრს, ცნობილ შეგლოვიტოვს, მაგრამ მანაც ვერ სცნო შესაძლებლად ის გადაეცა სასამართლოსათვის. შესაძლებელია, ამ არარუსების მოძულესაც ეკლესიური თავისუფლების საკითხი მიაჩნდა იმდენად ნაზ და პატივსაცემ საკითხად, რომ მისი სასამართლოსათვის გადაცემა შეუფერებლად მიაჩნდა. ამის გამო საქმე მოსპო და მე დამიბრუნეს უფლებები, გარდა სამშობლოში დაბრუნებისა.

2. 1917 წლის რევოლუციამ მომისწრო ქ. სტარაია რუსაში, ნოვღოროდის გუბერნიაში, სადაც მე ვიყავი დანიშნული მონასტრის წინამძღვრად. რევოლუციის პირველ ხანებში სტ. რუსაში იყო არეულობა, სახლების რბევა, ძარცვა, და ჩემი მონასტერიც განსაცდელში იყო ჩავარდნილი, მას მოელოდა დიდი საშიშროება და არ ვიცოდი, რა საშუალებებისათვის მიემართა. ახალმა რევოლუციონურმა მთავრობამ სრულიად მოულოდნელად დამიბარა თავის ერთ კრებაზე და შემეკითხა, თანახმა ვარ თუ არა, რომ მთავრობამ იკისროს მონასტრის დაცვაო. მე, რასაკვირველია, თანხმობა განვუცხადე და მადლობაც გადავუხადე მზრუნველობისათვის. და მართლაც ამის შემდეგ მონასტერს არ ჰქონია არავითარი საშიშროება. ამის გამო, როდესაც პეტროგრადში გამიწვიეს მონაწილეობის მისაღებად იმ დელეგაციაში, რომელიც საქართველოდან იყო გაგზავნილი ეკლესიის თავისუფლების რუს. მთავრობისაგან დადასტურებისათვის, სამი თვის განმავლობაში იქ ყოფნის დროს სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რადგან მონასტრის დაცვის საქმე უზრუნველყოფილად მიმაჩნდა, რასაც დაადასტურებს აქ მყოფი დელეგაციის ერთი წევრთაგანი, რა იყო მიზეზი მონასტრისთვის რევოლუციონერული მთავრობის ამნაირი ყურადღებისა? რასაკვირველია არა ჩემი თვალების სიმშვენიერე, ჩემდამი სიყვარული, არა მათ ღრმა სარწმუნოება და სიყვარული მონასტერ-ეკლესიებისადმი, რადგან სტარაია, რუსას რევოლუციონერები თითქმის ყველა არა ქრისტიანები იყვნენ, არამედ ის გარემოება, რომ მე ვიყავი დასჯილი და ექსორიაყოფილი საქართველოდან თავისუფლების ძებნისათვის.

მესამე შემთხვევა, რომლის აღნიშვნა მინდა, ეხება საბჭოთა ხელისუფლების ხანას. პირველი დაკითხვის დროს, 1922 წლის ივნისში, დამკითხველი მაძლევს კითხვას: ნიკოლოზ მეორის დროს ვიყავი მე დასჯილი თუ არა. ვუპასუხე, რომ მთელი ჩემი სამსახური გავატარე დევნულობაში და ორჯერ რუსეთშიაც ვიყავი გადასახლებული, მაგრამ ნუთუ ესეც მინუსია ჩემს ცხოვრებაშიმეთქი. მიპასუხა: “არა, ეს უცილობელი პლიუსი არისო.”

როდესაც ამ სამ მომენტს ვითვალისწინებ ახლა, ვერ მომიხერხებია ისინი შევუთანხმო ერთმანეთს. საქმე იმაშია, რომ მიზეზი დევნულობისა ერთ და იგივე იყო როგორც ნიკოლოზ მეორის დროს, ისე შემდეგაც და ვერ გამიგია, როდის ვიყავი დამნაშავე, მაშინ, როდესაც შეგლოვიტოვმაც კი ვერ მომცა თავისუფლების ძებნისათვის სამართალში, თუ ახლა, იმავე დანაშაულისათვის, თუ ეს დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს. თუ 1917 წ. როგორც თავისუფლების მძებნელს, პატივით მეპყრობოდნენ რევოლუციონერები, ახლა უაღრესი სოციალისტური მიმართულების დროს, როდესაც გამოცხადებულია მცირე ერების თვითგამორკვევის უფლება და, მაშასადამე, თავისუფლებისაც, ვერ გამიგია, რისთვის უნდა ვიდევნებოდე და ვიდგე ეროვნულ სასამართლოს წინაშე, როგორც დიდი დამნაშავე.

თუ მე ვიცავდი ჩვენი ერი თავისუფლებას, თუ ამის უფლებას მაძლევს ჩვენი სარწმუნოებრივი მოძღვრება, თუ საბჭოთა ადგილობრივი მთავრობის საწინააღმდეგო არა მითქვამს რა და მხოლოდ ვიცავდი მის დამოუკიდებლობას, თუ მე ხმა ამოვიღე რუსეთის დიდმპყრობელობის საწინაარმდეგოდ, იმ დიდმპყრობელობისა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას გვირჩევს ერთი ჩვენი უმაღლესი ხელისუფალთაგანი, თუ საბჭოთა ხელისუფლება აღიარებს ერთა თვითგამორკვევას, გაფართოებულს პოლიტიკურად გამოყოფამდის, მაშინ მე ვერ გამიგია, რისთვის უნდა ჩამომერთვას დანაშაულად ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვა და დიდმპყრობელობის დასაგმობად ხმის ამოღება.

ვათავებ და ვიტყვი, რომ მე შევასრულე ჩემი მოვალეობა და როგორის თვალით შეხედავს ეროვნული უზენაესი სასამართლო ჩემგან ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეს, ამას დაგვანახებს ის განაჩენი, რომელიც გამოტანილი იქნება. ასევე განაჩენი დაგვანახებს იმასაც, საბჭოთა ხელისუფლება მართლა იზიარებს მისგან აღიარებულ ლოზუნგს ერთა თვითგამორკვევისას, თუ ეს მხოლოდ იდეალია, რომლის განხორციელებას უნდა ველოდოთ შორეულ მომავალში. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩვენს წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვის ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიურ ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვარისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების უკანასკნელ თითქმის 37 წლის განმავლობაში.

ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, – იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს. როგორც მორწმუნე ვიტყვი – იყოს ნება ღვთისა! – და მოგმართავთ ქრისტეს სიტყვებით: “ასულნო იერუსალემისანო, ნუ სტირთ ჩემზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა” (ლუკა 23,28).

ამბროსი ხელაია: მიმართვა სოხუმის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეებისადმი 

Spoiler

ცხუმ-ბედიელი მიტროპოლიტი ამბროსის მიმართვა სოხუმის საკათალიკოსო ტაძარში შეკრებილი მორწმუნეებისადმი

1918 წლის 1 სექტემბერი

“მადლი თქვენდა მშვიდობა ღვთისა მიერ მამისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა” (გალატ. 1,3)

მოციქულის ამ სიტყვებით მოგმართავთ თქვენ, მართლმადიდებელნო ქართველნო, წევრნო საქართველოს ეკლესიისანო! სიყვარულით მოგესალმებით.

მე დიდი ხანია ვეძებდი შემთხვევას, მენახა ამ ღვთივდაცულ ქალაქის ქართველობა, მინდოდა გამეგო აქაური მდგომარეობა, თქვენი ქრისტიანული მისწრაფებანი, თქვენი მშობლიური, აწ უკვე თავისუფალი ეკლესიის ინტერესების დაცვის სურვილი, ამ მისწრაფებისა და სურვილის სიღრმე-სიდიადის რაოდენობა. ჰქონდა სხვა საბუთიც ამ ჩემს სურვილს. სოხუმი ჩემთვის განსაკუთრებით დაუვიწყარია. აქ აღმეხილა მე პირველად გონების თვალი, აქ ვმსახურობდი როგორც მოძღვარი და, კიდეც თქვენშიც ვხედავ ნაცნობ პირებს, რომელთანაც მქონია სულიერი კეთილი განწყობილება. აქ გავიგე და შევიგნე ჩვენი ეკლესიის მონობაში ყოფნის აუტანლობა, მდგომარეობის სიმწვავე, – ის, რომ მორწმუნე ერი გამეფებული არაქრისტიანული რეჟიმის გამო ჩქარის ნაბიჯით მიექანებოდა გაურწმუნოების გზაზე. აქ გადაგვარება-გარუსების პოლიტიკა უკიდურესად იყო გამეფებული. აქ ჩამესახა პროტესტის გამოცხადების აუცილებლობა. აქიდან – სოხუმიდან იწყება ჩემი ეკლიანი გზით სიარული, აქ იყო დასაბამი ჩემი ტანჯვადევნულობა- ვაება-უბედურებისა. მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რომ სოხუმი იყო აგრეთვე დასაბამი ჩემის ახლანდელის შედარებით ბედნიერებისა, ვინაიდან მე ბედნიერათ მიმაჩნია ჩემი თავი, რომ ვიხილე ის, რასაც ელტვოდნენ ბევრნი მამულიშვილნი, მაგრამ ვერ იხილეს, ე.ი. მაქვს საშვალება თქვენთან ერთად გავიზიარო ბედნიერება ეკლესიურად და ეროვნულად თავისუფლებაში ყოფნისა. მაშ, ჩემთვის ყოველთვის სასიხარულო იყო და იქნება ნახვა, თქვენთან ყოფნა, რომ დავრწმუნდე თქვენს სარწმუნოებრივად და ეროვნულად განმტკიცების გზაზე დადგომაში.

დიახ, ჩვენი ეროვნული ეკლესია ახლა თავისუფალია, მისი ბედ-იღბალი ახლა ჩვენს ხელშია და ვისაც აინტერესებს სარწმუნოებრივი კითხვები, ვინც მის აუცილებელ საჭიროებაში დარწმუნებულია, მისი გამაგრებას ხელი უნდა შეუწყოს. ვისაც სწამს ჩვენი ეკლესიის ამაგი წარსულში, – ის, რომ მან – დედა ეკლესიამ – მრავალ საუკუნეების განმავლობაში დაიცვა ჩვენი ეროვნება, შეგვანახვია ჩვენი ვინაობა, გვიხსნა გადაგვარება-განადგურებისაგან, – რომ მის შვილთა და მის წიაღში შექმნეს მდიდარი ლიტერატურა, ხუროთმოძღვრება, მოგვცა ის მდიდარი საგანძური ლიტერატურულ ნაწარმოებთა, რომლის მცირე ნეშტი, რაც ბარბაროს მტერთა ხელს გადაურჩა, – შენახულია ჩვენს და სხვა ქვეყნების მუზეუმებში და რომელთაც განცვიფრებაში მოჰყავთ უცხო ქვეყნების მეცნიერები, – ვისაც სწამს ყველა ეს და შეგნებული აქვს, უსათუოდ ისიც უნდა იწამოს, რომ ამნაირი ეკლესია პატივსაცემია, ის სამომავლოშიაც შეძლებს მოუტანოს სარგებლობა მშობლიურ ერს.

ამ ერთწელიწად ნახევრის წინ ჩვენმა ეკლესიამ მიიღო თავისუფლება, დააღწია თავი ასი წლის მონობას, აიყარა მონობის ბორკილები. მაშინ ჩვენ ვამბობდით, რომ ყველამ ხელი უნდა მოვუმართოთ ეროვნულ ეკლესიას, გავამაგროთ მისი თავისუფლება, რადგან ეს მოპოვებული თავისუფლება ჩვენ მიგვაჩნდა ეროვნულ თავისუფლების საფუძვლად, ქვაკუთხედად. აკი მართალიც გამოდგა. ამ ორი-სამი თვის წინათ ჩვენ ვეღირსეთ პოლიტიკურ-ეროვნულ თავისუფლებასაც. ეკლესიის მოღვაწენი და თვით ეკლესიაც გამოდგნენ პიონერებად ხალხის ეროვნულ-პოლიტიკური განთავისუფლების საქმისათვის. მაშ, ღირსია ჩვენი ეკლესია ყურადღებისა.

ჩვენი ეკლესია წააგავს ახლადგანკურნებულ ავადმყოფს, რომელსაც ფეხები იმდენათ არ გამაგრებია, რომ მას საშიშროება არ მოელოდეს დაუხმარებლად სიარულის დროს. საჭიროა მხარში ამოდგომა, დახმარება, რომ მთელი საუკუნის განმავლობაში სიდამბლეში მყოფი და ახლადგანკურნებულ და ფეხადგმული ეკლესიამ შეიძლოს გამოიჩინოს ის ცხოველმყოფელი ძალა და უნარი მოქმედებისა, რომლითაც ის განთქმული იყო ძველად. იოანე კესარიელი იტყვის თავის “ფიზიოლოგიაში” იმ ერთნაირ ხვლიკზე, რომელიც დაბერდება და კბილებ ჩაცვინული ხდება და მღვიმეში სძინავს. ასი წლის შემდეგ ის გამოდის მზეზე, მისი ყვითელი კანი ლურჯად აბრწყინდება, კბილები ამოუდის და ახალგაზრდავდება. საქართველოს ეკლესიაც ასი წელიწადი დამწყვდეული იყო მოუძლურებული, მოქმედების უნარისაგან გაძარცული, მაგრამ ახლა მას მოხვდა მზის სხივები და ისიც გადახალისდებაგაბრწყინდება. ეს მოხდება მხოლოდ ჩვენის მეოხებით და ხელშეწყობით.

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

 

ამბროსი ხელაია - ბიოგრაფია 

Spoiler

კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) 1861-1927

ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ამბროსი, ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია, დაიბადა 1861 წლის 7 სექტემბერს, ზუგდიდის მაზრის სოფ. მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, სოხუმის ეპარქიაში მღვდლად ეკურთხა და იქვე, ჯერ სოხუმში, შემდეგ ახალ ათონსა და ლიხნში მსახურობდა. სასტიკად ეწინააღმდეგებოდა იმპერიის რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში. პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდა. ამავე დროს ასწავლიდა ქართულ ენას და იღვწოდა აფხაზეთში ქართული ენის განსამტკიცებლად.

1897 წელს, 36 წლის ასაკში, მამა ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. ერთი წლით ადრე იგი დაქვრივდა, თუმცა თავისი სამი შვილი გვერდიდან არ მოუშორებია, თან ჰყავდა ყაზანში სწავლისა და გადასახლებაში ყოფნის დროსაც კი. გადმოცემით, ის იყო ნიჭიერი, უაღრესად პატიოსანი, კეთილი, სათნო და ერთგული ადამიანი. მისმა საკანდიდატო დისერტაციამ „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში”, ისეთი ყურადღება დაიმსახურა, რომ პროფესორმა სთხოვა, შეევსო ზოგიერთი თავი დამაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად წარედგინა. ამბროსი ხელაია იქვე, ყაზანში აღიკვეცა ბერად და არქიმანდრიტის ხარისხშიც აიყვანეს, მალე კი საქართველოში დაბრუნდა და ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

არქიმანდრიტმა ამბროსიმ დიდი წვლილი შეიტანა ჭელიშის მონასტრის აღორძინებაში. აქ აღმოაჩინა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ე.წ. ჭელიშური ხელნაწერი, აგრეთვე „ჭელიშური ოთხთავის“ სახელით ცნობილი წმიდა სახარება.

1904 წელს, თბილისში სინოდალური კანტორის წევრად და ფერიცვალების მონასტრის წინამძღოლად გადაიყვანეს. მაშინვე აქტიურად ჩაება ე. წ. ავტოკეფალისტთა მოძრაობაში, რომელიც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. მოძრაობაში მონაწილეობისათვის 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს.

1907 წელს კი, ესწრებოდა იმ საეკლესიო კრებას, რომელმაც სემინარიებსა და სასულიერო სასწავლებლებში საღვთისმეტყველო საგნების ქართულ ენაზე სწავლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის მართლმადიდებული ეკლესიის სინოდი დიდი აღშფოთებით შეხვდა ამ ფაქტს. საქართველოს ეგზარქოსმა ნიკონმა კაზაკების ძალებით დაარბია ავტოკეფალისტთა კრება, მის მონაწილეებს მათრახებით სცემეს, მაგრამ ნიკონი ამით არ დაკმაყოფილდა და პეტერბურგს მოსთხოვა: „სემინარიას, თუ იქ ეროვნულ ენაზე შემოიღებენ სწავლებას, აღეკვეთოს სახელმწიფო ხაზინის დახმარებაო“.

1908 წლის 28 მაისს სინოდის კანტორის კიბეზე რევოლვერის ტყვიით მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი, მართალია, მკვლელი ვერ იპოვეს, მაგრამ დაიწყეს ნიკონის „იდეური მოწინააღმდეგეების“ ავტოკეფალიის მომხრე მღვდლების დევნა და გადასახლება. რუსეთში გადაასახლეს არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, ასევე ნიკონის მკვლელობაში მონაწილეობა დასწამეს ეპისკოპოს კირიონს. მართალია, ბრალი ვერც ერთს ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ ორივე დასაჯეს: მამა ამბროსის მღვდელმსახურება აუკრძალეს და გაგზავნეს რიაზანის სამების მონასტერში, სადაც ერთ წელზე მეტ ხანს სასტიკ რეჟიმში უწევდა ცხოვრება. სრულიად რუსეთის წმიდა სინოდი უგულებელყოფდა არქიმანდრიტის ყოველ თხოვნას სამშობლოში დაბრუნების შესახებ.

ამასობაში საქართველოში ვრცელდებოდა ხმები, რომ ამბროსი ხელაია მატერიალურად კარგად იყო უზრუნველყოფილი და უბრალოდ არ უნდოდა დაბრუნება. ამაზე წმინდანი თავის წერილში: „ჩემი ექსორიანი“ გულისტკივილით წერდა: „ზოგიერთნი მთვლიან მე ბედნიერად, რომ მოვშორდი საქართველოს და ვითომ მატერიალურად კარგად მოვეწყვე. ამ წერილის დამწერთ ალბათ ჯერ არ გამოუცდიათ მარტოობა სულისა, არ გამოუცდიათ ის სიმწვავე, რასაც განიცდის სამშობლოდან გადახვეწილი, თუ კი გადაგვარების გზაზე არ არის დამდგარი და გული შესტკივა სამშობლოს მდგომარეობაზე“.

1917 წელს ამბროსი დაბრუნდა საქართველოში. ის ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხეს. ამავე დროს განაგრძო ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. 1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარმა გლობალურმა ცვლილებებმა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ხელსაყრელი მომენტი შექმნა.

1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ხოლო 16 მარტს თბილისში შედგა სასულიერო მოღვაწეთა კრება, რომელმაც დაადგინა, რომ ამიერიდან სიონის ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო.

1921 წლის სექტემბერში წმიდა სინოდი მიტროპოლიტ ამბროსის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად ირჩევს. ბოლშევიკების მიერ ოკუპირებული ქვეყანა უმძიმესი განსაცდელის წინაშეა: იწყება ეკლესიის დევნა, ქართული ენის უფლებების შეზღუდვა და ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემა. კათოლიკოსი ცდილობს მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს და 1922 წელს გენუის საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც 29 სახელმწიფოს წარმომადგენელი ესწრება, უგზავნის მემორანდუმს.

„ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, უბილწავენ ეროვნულ კულტურას… მას უბღალავენ წმიდათაწმიდას, სარწმუნოებრივ გრძნობას“, – წერს იგი მემორანდუმში და ქართველი ერის სახელით საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყობას ითხოვს.

გენუის კონფერენციაზე მემორანდუმის გაგზავნა უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ამ ფაქტს მთავრობა გულხელდაკრეფილი არ შეხვედრია და მალე კათოლიკოსი ამბროსი დააპატიმრეს. სასამართლო პროცესზე პატრიარქთან ერთად საკათოლიკოსო საბჭოს 9 წევრიც განისჯებოდნენ.

მათ ბრალად დასდეს: გენუის კონფერენციისადმი მემორანდუმის გაგზავნა, საქართველოს ეკლესია-მონასტრების საგანძურის გადამალვა, საეკლესიო ქონების სააღრიცხვო წიგნების არასწორი წარმოება და სამხედრო ტაძრის (რომელიც დღევანდელი მთავრობის სასახლის ტერიტორიაზე იყო) კომკავშირისადმი გადაცემის პროცედურაში საპატრიარქოს წამომადგენლის გამოუცხადებლობა.

 

გთავაზობთ რამდენიმე ამონაწერს 1924 წლის მარტში გამართული სასამართლო სხდომის ოქმიდან:

 

მოსამართლე ბარათაშვილი – რა ხასიათი ჰქონდა თქვენს მემორანდუმს?

კათალიკოსი ამბროსი – გენუის კონფერენციაზე იყო საქართველოს წარმომადგენელი და იქ უნდა დაცულიყო ჩვენი ერის სუვერენობა. ვფიქრობდი, რომ ჩვენს წარმომადგენელს ეს მემორანდუმი დახმარებას გაუწევდა და მეც ამიტომ გავგზავნე.

პროკურორი ოკუჯავა – თუ საბჭოთა წყობილება არა, როგორ წყობილებას ითხოვდით?

კათალიკოსი ამბროსი – ისეთს, რომელიც ხალხის სურვილზე იქნებოდა დამყარებული.

მოსამართლე ერქომაიშვილი – რას მოელოდი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმით?

კათალიკოსი ამბროსი – ვიცავდი საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას.

მოსამართლე ერქომაიშვილი – რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?

კათალიკოსი ამბროსი – მე დღემდე არ ვიცი, ვის იცავს რუსის ლაშქარი. როდესაც წითელი ლაშქრის გაყვანას ვითხოვდი, მე მხედველობაში მქონდა ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით.

მოსამართლე ერქომაიშვილი – როდის იყო საქართველო თავისუფალი?

კათალიკოსი ამბროსი – წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.

სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე – მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს

კათალიკოსი ამბროსი – არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოვიტანთ საქართველოს რუკას. თუ ასეთი გზით დამტკიცება და სასამართლოს შეხედულებით საჭირო არ არის – მაშინ გავჩუმდები.

სასამართლოს წევრი რთველაძე – სცნობთ თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ქართველი ხალხის თავისუფლების დამცველი?

კათალიკოსი ამბროსი – მე მინდა საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე.

პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?

კათალიკოსი ამბროსი – ინტერვენციით.

პროკურორი ოკუჯავა – რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ჯარს?

კათალიკოსი ამბროსი – იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.

პროკურორი ოკუჯავა – რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?

კათალიკოსი ამბროსი – ასოცი წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.

პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ქართველი ხალხისა?

კათალიკოსი ამბროსი – ერის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, რომ ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის.

მოსამართლე ერქომაიშვილი – მაგალითად რაში გამოიხატა რუსეთის ჩარევა ეკლესიის დამოუკიდებლობაში?

კათალიკოსი ამბროსი – თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც

პროკურორი მაჭავარიანი – რელიგიურია, თუ როგორი თქვენ მიერ გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მემორანდუმი?

კათალიკოსი ამბროსი – რელიგიური. და თუ პოლიტიკური მიმართულება მიიღო, ეს გამოწვეულია არსებული მდგომარეობით.

პროკურორი მაჭავარიანი – ტერიტორიის საკითხის შესახებ პოლიტიკურია თუ რელიგიური?

კათალიკოსი ამბროსი – პოლიტიკურიც და რელიგიურიც, რადგან ტერიტორიის დაკარგვა დაკარგვაა ეკლესიისათვის.”

 

პარალელურად გაზეთებში თითქმის ყოველდღე შუქდება სასამართლო პროცესი სათაურით „კათალიკოს ამბროსის და მისი „ძმების“ (ბრჭყალებში) გასამართლება“. სადაც არაერთხელაა აღნიშნული: „ბრალდებულთა შემოყვანის დროს დარბაზში გაისმის ხმები: „ძირს ამბროსი“, „ძირს კონტრრევოლუცია“, „ზიზღი ამბროსის“.

სხდომები წყდება, რადგან მუშა-მოსამსახურეები იყრიან თავს გარეთ და გაიძახიან: მოგვეცით, ჩვენ გავასამართლებთ მუშათა კლასის მოღალატეებსო. იწერება კადნიერი ლექსები, სტატიები. მაგ. „ბრალდებულნი თავს დამნაშავედ არ სცაქცობას, ტყუილს, ინსინუაციებს, ისინი ხომ მოვაჭრენი არიან სიმართლით, და სინდისით“. როდესაც პატრიარქი ტოვებს სასამართლო შენობას, საგანგებოდ მოწვეული კომკავშირელები მას კვერცხებს ესვრიან.

და ყოველივე ამის შემდეგ კათალიკოსი ამბობს საბოლოო სიტყვას სასამართლოზე, სადაც ნიშანწყალიც არ ჩანს ნანახი უმადურობისა. პირიქით, ესაა სიტყვები ერის პატრიარქისა, რომელიც სიკვდილის საშიშროების წინაშეც იბრძვის, ზრუნავს და უყვარს:

„ნუთუ ჩემი გამოსვლის წინააღმდეგი იქნება ქართველი ერის მშრომელთა უმრავლესობა, რომლის ინტერესებისათვის მინდოდა შემეწირა ჩემი თავი და ჩემი პირადი ინტერესები და კიდევაც შევწირე. არა, არ დავიჯერებ…“ და კვლავ: „გლეხობა, რომლის წინაპრების სისხლით მორწყული და ძვლებით გაპოხიერებულია სამშობლოს ველ-მინდვრები, ეს გლეხობა, მწამს, მუდამ იქნება თავისი სამშობლოს მოსიყვარულე და მისი თავისუფლების იდეის დამცველს არასოდეს არ შეიძულებს და არც გადაეკიდება“.

აი, კიდევ რამდენიმე ამონარიდი მისი საბოლოო სიტყვიდან ძირითად ბრალდებებთან დაკავშირებით, რაც ეკლესიური აზროვნების ერთგვარ ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს: „ჩვენ, ღვთისმსახურნი, ქრისტიანულ სწავლა-მოძღვრების მიხედვით, ვალდებულნი ვართ, დავემორჩილოთ „ხელმწიფებასა მას უმთვრესსა“ (ლაპარაკია მთავრობაზე), რადგან ხელმწიფებასა შინა მყოფნი „მსახურნი ღმრთისანი არიან“, მათთვის უნდა ვილოცოთ და მათთვის არ ვსთქვათ ბოროტი, მაგრამ ბოროტისა არა თქმა იმას არ ნიშნავს, რომ მათ მოქმედებას კრიტიკის თვალით არ შევხედოთ, მათი შეცდომები არ აღვნიშნოთ… თუ ვხედავდი ეროვნული მოსპობის საშიშროებას, მოვალე ვიყავი ხმა ამომეღო“.

საეკლესიო განძის დამალვის ბრალდებაზე წერს: „მე ვმსახურებდი სოხუმში და ნივთების დამალვა მოხდა უჩემოდ… მაგრამ მართლაც რომ ვყოფილიყავი დამალვის მონაწილე, მაშინაც ვერ ჩავთვლიდი ჩემს თავს დამნაშავედ, ვინაიდან სამღვდელოება მოვალე იყო, ეზრუნა ეკლესიის ქონების დაცვისათვის და უხსოვარი დროიდან არეულობის და მტრების შემოსევის დროს მიმართავდნენ ამ საშუალებას“.

„თქვენი წინადადება (ლაპარაკია ეკლესიის კომკავშირისთვის გადაცემაზე) ჩვენთვის მიუღებელი იყო, ვინაითგან ამის მიღებით ჩვენ გავხდებოდით ღვთის დადგენილებისა და სარწმუნოების მოღალატენი. ეს არის და ეს“.

დაბოლოს: „როგორც ჩვენ წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვისაც ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვრისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების თითქმის 37 წლის განმავლობაში.

ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, – იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს. როგორც მორწმუნე ვიტყვი – იყოს ნება ღვთისა! – და მოგმართავთ ქრისტეს სიტყვებით: „ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირთ ჩემზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქვენთა“ (ლუკ. 23, 28).

არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს. კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის განაჩენი ითვალიწინებს სიკვდილით დასჯას, მაგრამ მხცოვანი ასაკის გამო უსჯიან თავისუფლების აღკვეთას 8 წლამდე, სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონფისკაციით.

ციხეში ყოფნისას მის შვილებს რამდენჯერმე მიეცათ მამის მონახულების საშუალება. ისინი იგონებდნენ, რომ კათოლიკოსი ხვდებოდა მათ ყოველთვის მხნედ და მშვიდად, თითქოს არაფერი აწუხებდა. თუ რამდენად მძიმე იყო პატიმრობის პერიოდი, იქიდანაც ჩანს, რომ მას მოსთხოვეს, თავისი ნებით გადამდგარიყო პატრიარქობიდან, რაზედ უარი თქვა. ამის შემდეგ მის ფიზიკურ უძლურებაზე ლაპარაკი, ალბათ, არ ღირს.

1924 წლის ბოლოს გამოცემული ამინისტიით კათოლიკოსს სასჯელს უხსნიან.

როგორც მისი შვილიშვილი, ქალბატონი ანა კლდიაშვილი მოგვითხრობს, ერთ დღეს ბებიამისს (კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსის ქალიშვილს) მეზობელმა ბიჭმა ამბავი მოუტანა, კათოლიკოსი მეტეხის ხიდზე გადმოდისო, ეს ამბავი ისე სწრაფად მოედო ქალაქს, რომ როცა კათოლიკოსი სიონში მივიდა, ტაძარი უკვე მრევლით სავსე დახვდა. შევიდა თუ არა სიონში, ხალხი მუხლებზე დაემხო. მაშინ აღმოხდა თურმე სიხარულით „როგორც ჩანს, ქრისტიანობას საქართველოში ვერა ძალა ვერ გაანადგურებს“.

1924 წელს, ამნისტიის ძალით ღირსი ამბროსი აღმსარებელი გაათავისუფლეს და წირვის ჩატარების უფლება მისცეს. ტაძარში უამრავი ხალხი მივიდა. შევიდა თუ არა კათოლიკოსი სიონში, ხალხი მუხლებზე დაემხო. მაშინ აღმოხდა თურმე კათოლიკოსს სიხარულით – „როგორც ჩანს, ქრისტიანობას საქართველოში ვერა ძალა ვერ გაანადგურებსო“. თუმცაღა, ღონემიხდილ მწყემსმთავარს, შუა წირვის დროს, როდესაც ამბიონიდან მრევლს ჯვარს სახავდა, გული წაუვიდა და დაეცა. მალე კათოლიკოსი ეკლესიის მართვას ჩამოაცილეს, რეპრესიები და ცილისწამება მის წინააღმდეგ არ წყდებოდა.

შემორჩენილია ქადაგებები, რომლებიც მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ წარმოთქვა. თავის პირველ ქადაგებაში ორი წლის განშორების შემდეგ მან მადლობა გადაუხადა მრევლს იმ თანაგრძნობისათვის, რასაც გრძნობდა მათგან ამ მძიმე პერიოდში და თქვა: „ეს იყო შედეგი არა ჩემი ღირსებისა, არამედ იმისა, რომ თქვენ გიყვართ დედა ეკლესია და აფასებთ იმ ხარისხს, რომლის სატარებლად აირჩიეთ ჩემი უღირსება… რწმენის საქმეებში არ ემსგავსეთ ლერწამს, რომელიც მუდამ ქანაობს და გადაიხრება  იქითკენ, საითკენაც ქრის ქარი, არამედ ხართ მტკიცენი და ურყევნი. ეს არის ჩემთვის განსაკუთრებით სასიხაულო“. მისი მამობრივი ზრუნვა მრევლზე განსაკუთრებული ძალით ჩანს ამავე ქადაგებაში. ის ამბობს, რომ სანამ თავის მოვალეობას შეუდგება, სურს გაეცნოს, რა მდგომარეობაა ჩვენს ეკლესიაში. ალბათ გაგიკვირდებათ, ხომ ისედაც ცნობილია, რომ ეკლესია-მონასტრები დაქცეულია და გაპარტახებულიო. მაგრამ, ეკლესიაში გულისხმობდა თვითონ მათ და მათ გულებს. როგორც შემდეგ ამბობს, ეს ეკლესია მას ახლა უფრო მშვენიერი ეჩვენა, ვიდრე მანამდე.

კათოლიკოსი ამბროსი გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია სიცოცხლეში თავისუფლების სიმბოლო იყო, გარდაცვალების შემდეგ კი – ეროვნული გმირი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 1995 წელს წმ. მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით წმინდანად შერაცხა. დაკრძალულია სიონის ტაძარში და მისი ხსენების დღე 16(29) მარტს აღინიშნება

ამბროსი ხელაია: “სიტყვა წარმოთქმული ილია მართლის ცხედრის წინაშე!”

ვკადნიერდები და ვბედავ ამ დიდებული ცხედრის წინაშე ვსთქვა ორიოდე სიტყვა.
დღეს მთელი საქართველო დასტირის დიდებული მამულის შვილის ცხედარს. დღეს საქართველომ დაჰკარგა უდიდესი მგოსანი, საუცხოვო და თავდადებული საზოგადო მოღვაწე, სიამაყე ლიტერატურისა. არა გვყავს ილია ჭავჭავაძე – მოჭირნახულე თავის ერისა. ის მოიკლა ბარბაროსების ბინძურის ხელით.
მაგრამ მოკვდა კი დიდებული ილია? “იქმენ მორწმუნე, ვიდრე სიკვდილადმდე და მოგცე შენ გვირგვინი იგი ცხოვრებისაი” (გამოცხადება 2,10). – გვიბრძანებს ჩვენ უფალი მოციქული იოანნე ღვთისმეტყველის პირით და ამით გვისახავს იმას, თუ რანაირი უნდა ვიყოთ ჩვენ ამქვეყნად, რომ დავიმკვიდროთ საუკუნო გვირგვინი – გვირგვინი უკვდავებისა. ნეტარია ის, ვინც ამქვეყნად პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, სწამს და თავგანწირულად ემსახურება სიმართლეს, ამას ისახავს მოქმედებად – მოღვაწეობის საფუძვლად. “პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი” ამნაირის კაცისა (ფსალმუნი 115,6). ის უკვდავია მისი ნამოქმედარით, მისი ხსოვნა უკუნისამდე დარჩება მადლიერ ერში. ამისთანა კაცი სიკვდილის შემდეგაც თვისის ნამოქმედარ-ნაღვაწით მასწავლებელი და დამრიგებელია, რადგან, მოციქულის თქმით, ის სიკვდილის შემდეგაც მეტყველებს (ებრ. 11,4).
მაშასადამე, არ მომკვდარა ილიაც. ის ცოცხალია. ის მხოლოდ გარდაიცვალა სიკვდილისაგან ცხოვრებად. თუმცა დასდუმდნენ მჭევრმეტყველებით განთქმული ბაგენი, მაგრამ საქმენი მისნი მჭევრმეტყველურადვე ღაღადებენ და იღაღადებენ. ის თავისი ნაშრომ-ნაღვაწით უკვდავად დარჩება, სანამ ქართველი ერი იარსებებს. მეტიც: ქართველი ერიც რომ გადაგვარდეს, განადგურდეს უკუღმართ დრო-გარემოებათა გამო, მაშინაც არ იქნება დაკარგული დიდებულ მგოსან-მოღვაწის ხსოვნა, ვინაითგან საქართველოს ამ დიდებული შვილის ნაწარმოები ეკუთვნის არა მარტო ქართველ ერს, არამედ კაცობრიობას, რომლის ნაწილსაც შეადგენს ქართველობა.
განსვენებული დიდებულია თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით სამშობლოს საკეთილდღეოდ. მისი ღვაწლის სიდიადე არის მიზეზი, რომ ასე მწარედ დასტირის მას მთელი საქართველო. მაგრამ, ქართველნო, არა დაუვიწყარი ილიაა საგლოვ-სატირალი, არამედ ბედისაგან განწირული ჩვენი სამშობლო, – მისი დამკარგავი. განა არა კმაროდა, რაც უკუღმართ დრო-ვითარებამ უბედურება დაგვატეხა თავზე, რომ ჩვენ თვითონ აუწერელი უბედურება არ მიგვემატებია?! მაგრამ დასაჯერებელი კია, ეს უმაგალითო ბარბაროსული მკვლელობა ჩაედინოს საქართველოს შვილს, იმ საქართველოსას, რომლის თავგანწირულად სამსახურში გაატარა განსვენებულმა მთელი 50 წელიწადი.
თუკი ეს ბრალი დაედო ქართველობას, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენი გახრწნილება, ზნეობრივად დაცემა, ველურობა, უკუღმართობა იქნება სატირალი. ამას უნდა ღრმად ჩავუფიქრდეთ, თუ გვინდა დავრჩეთ ქართველ ერად. განსვენებული კი ნეტარია. გზა გაკაფულია. ის უკანასკნელ წუთამდის ერთგულად ემსახურებოდა იმ იდეალებს, რომლებიც მან ამ ნახევარი საუკუნის წინათ აირჩია ქართველი ერის საკეთილდღეოდ. ერთის ნაბიჯითაც არ გადაუხვევია, არ უღალატნია მათთვის და ამისთვის, მიციქულის თქმისაებრ, მზა არს მისთვის “გვირგვინი ცხოვრებისა” (გამოცხადება 2,10), გვირგვინი უკვდავებისა.
დიდებულ გვამთაგან გარდაცვალებასაც კი აქვს ჩვენთვის რაიმე მნიშვნელობა, ისიც უთუოდ რამეს გვასწავლის. მივიჩნიოთ ეს ბარბაროსთაგან დაღვრილი სისხლი ჩვენს ეროვნულ ცოდვათა განსაწმედად, უკუღმართ გზიდან მოსაქცევად, მთლად საქართველოს შვილთა შესაერთებლად, განსამტკიცებლად.
შევფიცოთ ამ წინამდებარე ცხედარს, რომ ვიქნებით ნამდვილი აღმასრულებელნი იმ მცნებისა, რომელიც განსვენებულმა თვისის მოღვაწეობით გვიანდერძა ჩვენ. თუ ჩვენ გვექნება ერთობა ეროვნულ იდეალების მსახურებაში, მაშინ უეჭველია ჩვენმა სამშობლო მხარემ შეიძლება კიდევ წარმოშოს ილიასებრი დიდებული მოღვაწენი და მაშინ საბოლოოდ განიხარებს განსვენებულის დიდებული უკვდავი სული. იყოს უკანასკნელი მხვერპლი, სამშობლოს საკეთილდღეოდ და ჩვენთან ეროვნულ ცოდვათა სახსრად შეწირული ეროვნულ ტრაპეზზედ. სიდიადე ამ მსხვერპლისა თავდებია, რომ მომავალში ჩვენი უკუღმართობა, ჩვენი შეუგნებლობა მოსპობილ იქნება და ერთობლივის ძალით შევუდგებით პირნათლად სამსახურს სამშობლო მხარის აღორძინებისას. თუ ამნაირი ღვაწლი დაგვდო ჩვენ ამ მსხვერპლის სისხლმა, თუ ჩვენ შეგვაერთა მამულისათვის თავდადებით სამსახურში, – ეს იქნება უკანასკნელი, ჭეშმარიტად დიადი ღვაწლი დიდებულის ილიასი – მისი ხანგრძლივი შრომის სასურველი ნაყოფი და გვირგვინი. ჩვენის მხრითაც ეს იქნება ნამდვილი ვალის მოხდა, მისი ანდერძის აღსრულება და თან საუკეთესო პატივისცემაც განსვენებულის ხსოვნისა. ღმერთმან მოგვცეს ამის შეძლება.
საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, მამულისათვის თავდადებულო, დიდებულო მგოსანო, ილიავ!

არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია)
1907 წელი.

 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share