Jump to content
×
×
  • Create New...

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

24 მარტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-სა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და შემდგომი განვითარება. საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობა ითვალისწინებს აკადემიური გაცვლისა და სტუდენტთა თანამშრომლობის მხარდაჭერას, ერთობლივ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის მიღებას, კვლევის სხვადასხვა მიმართულებაში თანამშრომლობის განვითარებას, ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, ვორქშოპებისა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და დევნილის სტატუსის მქონე ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თანამშრომლობასა და შესაბამისი პროექტების/პროგრამების ერთობლივ განხორციელებას, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმით გათვალისწინებულია ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობა როგორც აკადემიური, ისე სამეცნიერო და რა თქმა უნდა სტუდენტური ცხოვრების კუთხით. მემორანდუმის გაფორმების ცერემონიასთან ერთად, გაიმართა სრული ინფრასტრუქტურული დათვალიერება, კამპუსის ტური. ჩვენი სტუმრების მხრიდან არის უაღრესად კარგი გამოხმაურება, რაც ძალიან გვახარებს.“ – განაცხადა ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუმრად არიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები რექტორის ხელმძღვანელობით. ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მოიცავს როგორც აკადემიურ, ისე სამეცნიერო მიმართულებებს და ზოგადად, თანამშრომლობის გაღრმავებას. ეს არის პირველი მემორანდუმი, რომელიც გავაფორმეთ საქართველოში კოლეგა უნივერსიტეტთან. ჩვენ ვქმნით სპეციალურ პირობებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც განათლება მიიღეს ე. წ. გამყოფი ხაზის მეორე მხარეს და, ასევე, ლტოლვილის სტატუსის მქონე ახალგაზრდებისთვის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზად არის უზრუნველყოს მათთვის განათლების ხელმისაწვდომობა და ამას განვახორციელებთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.“ – განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. ეს არ არის რიგითი მემორანდუმი, ეს თავისი დატვირთვით არის მასშტაბური და ყოვლისმომცველი, რომელიც მოემსახურება არამხოლოდ უნივერსიტეტის ხვალინდელ დღეს, არამედ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. ჩვენ, რაც აქ ვნახეთ ეს არის შთამბეჭდავი, უზარმაზარი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისთვის.“ – განაცხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მიმდინარე გაზაფხულზე აბიტურიენტებისთვის დაგეგმილია ღია კარის დღეები. ასევე, მშობლებისა და აბიტურიენტებისთვის რეგულარულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   15 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 13 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(1)