Jump to content

გაცნობებთ რომ გიფები ედიტორიდან ისევ მუუშააოობს :fofo:

Season 9 Yes GIF by Friends

×
×
  • Create New...

შიო ლალუაშვილი – პოემა მხარეს, რომელსაც დიდი ხანი ვერ ესტუმრები


Recommended Posts

  • ფორუმელი

http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/03/shio-lauashvili345.jpg

1

მოვიწევ შენკენ, ვხაზავ მონაკვეთებს და ვზომავ სიგრძეს,

ჩემი ნაბიჯები ისე მოკლეა, როგორც ფარდობითობა მზისა და სივრცის

და შენ კი ისე უძრავად დგახარ, ისე მოირგე ქვის ტანსაცმელი,

რომ განდგომილობა ხელშესახებ ცნებად აქციე.

რაღა დავარქვა მომავალ მონახულებას, წყურვილის მოკვლა?

რას შევთავაზო ჩემივე თავი, თუკი სახელებს გარეთ დავტოვებ

და ისე შევალ  შენს კარიბჭეში, გამჭვირვალე და ჰაერზე მსუბუქი?

როდის ჩამოხსნი ჩემს ტანისამოსს, როდის მომაწვდი ნოტიო ნაჭრებს,

რათა ხორბლებში შევიხიზნო, მათშივე ჩავქრე.

ჩემო ძვირფასო, რად ამოწურე შენი როლი სიმფონიაში,

რად მიიჩნიე ყველაფერი გასაცლელ საფერფლედ?

თანაარსებობა ისე რთულია ამ ჩემს კითხვებთან,

ისე მარტივად ჩნდებიან ისინი, რომ გაიმეტებ სასიკვდილოდ, მათ შორის მასაც,

რომელიც თითქმის არ დაისმის როცა იძირები, როცა დაფრინავ.

ნეტავ თუ შეგწევს ძალა ძილისთვის? ნეტავ თუ უძლებ?

საგზლით იარე სიზმრების გზებზე, ძალა დაზოგე

და ყოველ დილით სამგზავრო ჩანთა ამბებით ავსე.

 

2

იმ ძველ სიმღერებს აღვიძებენ ბნელი კედლები,

შენი კედლები, ობით სავსე, ფრესკების მსგავსი,

რომლებიც ერთდროს გვაფიქრებდნენ სასწაულებზე,

გამოზაფხულზე კარგავდნენ ტონებს,

ერთფეროვნებას გვაძალებდნენ, ჩვენ კი გვჯეროდა,

რომ ღმერთი მხოლოდ ზამთარში გვსტუმრობს.

გაზაფხულამდე გვაძლებინებს თავისი სილუეტით

და მერე კედლის სიღრმეში ქრება.

 

3

რატომ მითხარი: „დაე დაეცი, რათა ბოლოს თხრიდე ორმოებს,

დაე იცხოვრე სოროებში, რათა ბალახის ფესვებიდან წოვდე სასმელ წყალს

და ხეთა რიგებს ხელშეუხებლად მერქანს აძრობდე“.

სად დავეყუდე, რომ შენს ზღრუბლზე კაქტუსები აყვავებულან

და ფერწასული ეზოების გამოთოვლისთვის ძალა მონახეს,

იმათ ვინც ღამით ამავე თოვლს გუნდებად ყრიდა ღობის უკნიდან.

და იქ კუთხეში, სადაც ფეხი არასდროს ხვდება,

მარხია ვიღაც, ვისი ნაბიჯიც არ უნახავს ქვეყნად არავის,

ვისაც არასდროს მოხვედრია გულმკერდზე ტერფი,

არ გატკეპნილა მისი ნეკნი ნაშალი მიწით

და მის მუცელზე მზესუმზირები არ ამოსულან.

ხოლო როდესაც ჭიშკრის ჭრიალს ვგებულობ, ვხვდები,

რომ სტუმარს უნდა შევეგებო დერეფნის ბოლოს

და არეკლილი მისი სურათი, მამცნობს ვინაა.

მერე კი აქეთ, სადაც ვისვენებ, სადაც არ ვჩანვარ,

ვხვდები, რომ დროა გაღვიძების, ხელის გაწვდენის.

 

4

და ის ვინც გალობს, მოჩვენებად ქცეულა ჩემთვის,

მისი ხმები კი შენს კედლებზე ჩრდილებს წააგავს.

დიდება შენდა, ვინც დამარხე დედაშენი და-ძმებთან ერთად

და მიებარე თოვლის კაცებს ცივ უფსკრულებში,

ხოლო როდესაც ამობურცე მიწის წყლულები,

მაშინ ნადირებს ბუნაგებში გამოეღვიძათ.

მტაცე ხელები გაშლილ თმაში, ღამით მეჩვენე

და როცა შენში კითხვებს დავსვამ ხმალი დააგდე,

ხოლო ფარი კი შეინახე სამახსოვროდ, საწვიმრად, ჩრდილად

და ჩემს სტუმრობას გადაარქვი სახელი ძველი,

უწოდე მას ის, რაც გენატრება, ღია კარი, სიმწიფე, სევდა…

 

5

ძველია შენი შესასვლელი, ანფასი, სახე

და საცალფეხო ქუჩების მსგავსად,

რუკაზე ვჩანდით, რეალურად ვეღარსად გვნახე.

მარტივიც იყო ისევ შენი კარიდან გასვლა.

პარალელი ხარ, ოდნავ მრუდე, ოდნავ ნაცვეთიც,

თვალებს დაითხრი სამუდამოდ თუ მიგატოვეს,

როგორც მტირალი, ახალგაზრდა საქმრო-საცოლე

და ვეღარავინ ვერ შეარყევს შენს სიმარტოვეს.

ხის ქვეშ დამშვენდი, გამოთალე ვაზა, ქოთანი,

თიხის ჭურჭელი გარეთ გადგი, მსხვრევას ერიდე…

ცოტა დაგაკლდა დარდამდე და ალბათ ოხვრამდე,

მე კი შენს სიტყვებს სმენადახშული მაინც ველოდი.

 

6

და აი ისიც, შენი ბოლო, შენი საწყისი,

საიდან დაიწყებ მასში შესვლას, ამას აქვს აზრი

ხოლო როდესაც კარს მიღებ და მთხოვ რომ ჩამოვჯდე,

ვხედავ თუ როგორ მიმეორებ იმ იგავივით,

რომელიც ერთ დროს, ბავშვობაში, დედამ მიამბო,

და ასე ცდილობ გამიხსენო, გახსნა უჯრები,

ხელი გამიშვა, ნება მომცე ავირჩიო თვითონ ოთახი

და შენ კი მხოლოდ მიმითითო ზურგიან სკამზე,

რომელიც უკვე ბევრჯერ გატყდა და შეაკეთე.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share