Jump to content
×
×
  • Create New...

საერთაშორისო განათლების პროექტებზე დახარჯული 27 მილიონი და აპლიკანტები, რომლებიც ქვეყანაში ცოდნის რეალიზებას ვერ ახერხებენ


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

2016-2019  წლებში საერთშორისო განათლების პროგრამებზე სახელმწიფომ  27 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა,  ბენეფიციარები ნაწილმა კი ქვეყანაში საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის რეალიზება ვერ მოახერხა. ასეთ დასკვნას აკეთებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელმაც აღნიშნულ წლებში განათლების სამინისტროს და მისივე სსიპ-ის განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობა შეისწვალა.

პროგამის მიზანი საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზაცია და მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსების ზრდაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ცენტრის მიერ დაფინანსებული ბენეფიციარები საქართველოში უნდა დაბრუნდნენ და დასაქმდნენ. აუდიტის სამსახურის  მიერ მოპოვებული ინფორმაციის ანალიზიდან ჩანს, რომ 85 ბენეფიციარის მიერ მიღებული ცოდნის რეალიზება არ ხდება ქვეყანაში. მათგან 31 არის 2014-2015 წლების იმ პროგრამების ბენეფიციარი, სადაც მათი დასაქმების ვალდებულებას სახელმწიფო იღებდა.

2014-2019 წლებში ცენტრმა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 800-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა. პროგრამის ბიუჯეტმა ამ პერიოდში 33,456,451 ლარი იყო. 2016-2019 წლებში ქვეპროგრამის დამტკიცებულმა ბიუჯეტმა შეადგინა 27,085,000 ლარი, ხოლო 2020 წელს ბიუჯეტი განსაზღვრული იყო 6,980,000 ლარით.

აუდიტის მიზანს წარმოადგენდა შეეფასებინა რამდენად პროდუქტიული და ეფექტიანია საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ − განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებები.

აუდიტის კითხვები ასეთი იყო: 1. რამდენად სათანადოდ არის დაგეგმილი პროგრამები? 1.1 რამდენად თანხვედრაშია გაცემული გრანტები ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან? 1.2 რამდენად პროდუქტიულად ხორციელდება ბენეფიციარებისთვის საყოფაცხოვრებო თანხების ანაზღაურება? 2. რამდენად ეფექტიანად ხორციელდება პროგრამები? 2.1 რამდენად ადეკვატურად ხორციელდება ცენტრის მიერ კანდიდატთა შერჩევა? 2.2 რამდენად უწყობს ხელს სისტემაში განხორციელებული ღონისძიებები გრანტის მომპოვებელს მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზებას?

აუდიტის ჯგუფმა მოკვლევის ფარგლებში გააანალიზა დაფინანსებული აპლიკანტების მონაცემთა ბაზები და შეისწავლა შერჩეული 108 ბენეფიციარის გრანტის შესახებ ხელშეკრულებები.  ჯგუფმა ასევე განახორციელა ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო ხარჯების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხების ანალიზი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურიდან მოიპოვა ინფორმაცია ცენტრის 640 ბენეფიციარის მიერ ქვეყნის საზღვრის კვეთისა და 2020 წელს საქართველოში დასაქმების ადგილების შესახებ.

გამოკვეთილი მიგნებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფო სახსრებს არაეფექტურად ხარჯავს.

„კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლისა და ქვეყანაში დაბრუნების დასადგენად, ცენტრი არ ახორციელებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციას ან/და ინფორმაციის მოძიებას, მონიტორინგის სხვა მექანიზმების გამოყენებით. ასევე ცენტრის მიერ დაფინანსებული ბენეფიციარების 30%-ის მიერ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზება არ ხდება, რაც ეწინააღმდეგება პროგრამის ძირითად მიზანს და მიუთითებს პროგრამისა და გამოყოფილი ფინანსური რესურსების არაეფექტიანად მართვაზე“, -ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

დოკუმენტში დეტალურადაა გაანალიზებული შედეგების მონიტორინგის ნაკლოვანებები, რომელიც EDU.ARIS.GE-მ ამოკრიბა:

შედეგების შეფასებისა და კურსდამთავრებულთა მონიტორინგის ნაკლოვანებები

განათლების საერთაშორისო ცენტრის გრანტის მიმღების ვალდებულება ცენტრისა და სახელმწიფოს წინაშე წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა პროგრამის მიზანი − საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზება, უცვლელია. 2014-2015 წლებისა და 2015-2016 წლების ბენეფიციარები იღებდნენ ვალდებულებას, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, მინიმუმ, 3 წლის განმავლობაში დასაქმდებოდნენ საქართველოში, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სფეროში/დაწესებულებაში. ცენტრმა პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული 134 ბენეფიციარიდან დასაქმება მხოლოდ 13 ბენეფიციარს შესთავაზა.

2016-2017 სასწავლო წლიდან ბენეფიციარებისთვის სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება შეიცვალა შემდეგნაირად: ბენეფიციარი ვალდებულია დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წელი და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში. თუმცა, აღნიშნული პირობა მოქმედებს საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ბენეფიციარებისთვის, ხოლო საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამის და საფრანგეთის სამაგისტრო პროგრამების ბენეფიციარებისთვის გაწერილია განსხვავებული ვალდებულება. კერძოდ, მათთვის არ არის განსაზღვრული სწავლის დასრულების შემდგომ ქვეყანაში დაბრუნების ვადა, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარებს.

აუდიტის პერიოდისათვის ცენტრს არ ჰქონდა განხორციელებული ბენეფიციართა მხრიდან ვალდებულების შესრულების სისტემური მონიტორინგი. მონიტორინგის წესი ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცდა 2019 წლის 24 ოქტომბერს. 26 დოკუმენტი არ არის დეტალური და მასში არ არის გაწერილი მონიტორინგის პროცედურები და ვადები. ცენტრი ბენეფიციარებისგან ითხოვს დიპლომის და დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას.

2015-2018 წლებში დაფინანსებულ კურსდამთავრებულთაგან აუდიტის ჯგუფმა შეარჩია 29 სტუდენტი, რომელთაც ცენტრის მიერ უფიქსირდებოდათ ვალდებულების ერთ-ერთი ნაწილის შეუსრულებლობა და შეისწავლა მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. შერჩეული ბენეფიციარებიდან აუდიტის პერიოდში ცენტრში სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ჰქონდა 8 ბენეფიციარს, ხოლო 3 შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო საქმისწარმოება. 8-დან 6 ბენეფიციარზე ცენტრის მიერ ანაზღაურებულმა თანხის ოდენობამ შეადგინა 701,302 ლარი. ცენტრის მიერ სათანადოდ არ ხორციელდება ვალდებულების შესრულების პერიოდული მონიტორინგი დასაქმების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიმართულებით.

2015-2018 წლებში ცენტრში დასაქმების ცნობა წარმოდგენილი აქვს 138 ბენეფიციარს. ამ პირებიდან 52 მათგანს − 38%-ს, 2020 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში არც ერთ თვეში არ უფიქსირდება შემოსავალი ხელფასის ან მომსახურების ანაზღაურების სახით. გარდა ამისა, ფიქსირდება 6 ისეთი შემთხვევა, როდესაც ბენეფიციარის მიერ ცენტრში წარმოდგენილია ცნობა დასაქმების შესახებ და იმ პერიოდში აღნიშნული პიროვნება არ იმყოფებოდა ქვეყანაში. აღნიშნულ ბენეფიციარებს ხელშეკრულების მიხედვით არ მოეთხოვებოდათ ქვეყანაში 3 წლით დაყოვნება, თუმცა აღსანიშნავია ფაქტების ერთმანეთთან შეუსაბამობა.

მსგავსი შემთხვევების არსებობა მიუთითებს, რომ ცენტრს არ აქვს დანერგილი სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულების ეფექტიანი მონიტორინგის შესაძლებლობას. ცენტრი ბენეფიციართა მიერ ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, არ თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მაგალითად, შემოსავლების სამსახურთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. გარე წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ცენტრს ექნებოდა შესაძლებლობა განეხორციელებინა სათანადო მონიტორინგი, რამდენად ეფექტიანად და პროდუქტიულად არის მიმართული ფინანსური სახსრები ბენეფიციარებზე და შეეფასებინა პროგრამის მიზნების მიღწევის პროგრესი.

აუდიტის ჯგუფმა გააანალიზა 2020 წლის პირველი 6 თვის ინფორმაცია ცენტრის ბენეფიციარების დასაქმების მაჩვენებლის შესახებ. შეირჩა ცენტრის მიერ დაფინანსებული 288 ბენეფიციარი, რომლებსაც სწავლა ჰქონდა დასრულებული და აუდიტის პერიოდში უნდა ყოფილიყვნენ დასაქმებულნი. 2020 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, 101 მათგანს (35%-ს) არც ერთ თვეში არ მიუღია შემოსავალი ხელფასის ან/და მომსახურების ანაზღაურების სახით. შედეგად, სათანადოდ არ არის მიღწეული პროგრამის ძირითადი მიზანი − არ ხდება სახელმწიფოს სახსრებით დაფინანსებულ ბენეფიციართა მიერ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზება.

პროგამის მიზანია საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზაცია და მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსების ზრდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ცენტრის მიერ დაფინანსებული ბენეფიციარები უნდა დაბრუნდნენ და დასაქმდნენ ქვეყანაში. ინფორმაციის ანალიზიდან ჩანს, რომ 85 ბენეფიციარის მიერ მიღებული ცოდნის რეალიზება არ ხდება ქვეყანაში. მათგან 31 არის 2014-2015 წლების იმ პროგრამების ბენეფიციარი, სადაც სახელმწიფო იღებდა მათი დასაქმების ვალდებულებას. ვინაიდან ვერ შესრულდა აღნიშნული პირობა, შეუძლებელია ამ ბენეფიციარებზე მიმართული დაფინანსების დაბრუნება სახელმწიფოს მიერ (21 ბენეფიციარზე გადარიცხულია 2,074,106 ლარი).

33 ბენეფიციარის შემთხვევაში, ხელშეკრულებებში არ არის გაწერილი სწავლის დასრულების შემდგომ ქვეყანაში დაბრუნების ვადები, რაც აფერხებს ვალდებულების დარღვევის იდენტიფიცირების პროცესს და ბენეფიციარებს აძლევს შესაძლებლობას განუსაზღვრელი დროით გადაავადონ ქვეყანაში დაბრუნება და დასაქმება. აღნიშნული პირებიდან 21 ბენეფიციარზე სახელმწიფოს ანაზღაურებული აქვს 1,795,387 ლარი, ხოლო 12 ბენეფიციარზე მიმართული ფინანსური რესურსის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ვინაიდან ისინი ერთობლივი პროგრამების მონაწილეები არიან და ყველა ბენეფიციარის თანხა ირიცხება ერთიანად.

ცენტრის 21 ბენეფიციარიდან, რომელთაც დარღვეული აქვთ ქვეყანაში 3-წლიანი დაყოვნების ვალდებულება და მათზე მიმართულია 1,065,872 ლარი, 8 ბენეფიციარის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, 4 ბენეფიციარის მიერ დარღვევის ფაქტი ცენტრს აქვს დაფიქსირებული, თუმცა სასამართლოში სარჩელი არ არის შეტანილი.

ზემოთ განხილული შემთხვევები მიუთითებს ბენეფიციართა სწავლის დასაფინანსებლად მიმართული თანხების არაეფექტიანად ხარჯვაზე.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია დააბრუნოს ცენტრიდან მიღებული დაფინანსება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. 2018-2020 წლებში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბენეფიციარის მხრიდან დასაბრუნებელი იყო 523,675 ლარი, დაბრუნდა 271,328.27 ლარი (52%).

2017 წლიდან ბენეფიციართან გაფორმებულ ხელშეკრულებაში განსაზღვრულია გრანტის მიმღების მხრიდან საგრანტო თანხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის უფლებამოსილება. მიუხედავად ამისა, ცენტრს აღნიშნული უფლება არ აქვს გამოყენებული და არ მომხდარა პირგასამტეხლოს დაკისრება.

ცენტრის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების მიზნით, არ განხორციელებულა შესაბამისი კვლევა ან ანალიზი მისი დაარსებიდან აუდიტის პერიოდამდე. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა ცენტრის შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტი. მათი რეკომენდაციის მიხედვით, მიზანშეწონილი იყო პროგრამის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შეფასების მიზნით ცენტრს შეემუშავებინა შესაბამისი კრიტერიუმები და განეხორციელებინა კვლევა, თუმცა აღნიშნული რეკომენდაცია ცენტრს არ შეუსრულებია.

საერთო ჯამში, განხორციელებული მოკვლევის შედეგად, აუდიტის სამსახურს განათლების საერთშორისო ცენტრის საქმიანობის შესახებ შემდეგი სახის მიგნებები აქვს:

ცენტრის მიერ დასაფინანსებელი პრიორიტეტული მიმართულებები არ ეფუძნება სისტემურ კვლევას, ამასთანავე, სამინისტრო არ მონაწილეობს აღნიშნული მიმართულებების ფორმირებაში. განათლების სისტემაში არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით;

ცენტრს არ აქვს შემუშავებული სტუდენტთა საზღვარგარეთ საჭირო საყოფაცხოვრებო თანხების განსაზღვრის მეთოდოლოგია. კომისია თითოეული ქვეყნისთვის ამტკიცებს ზღვრულ ოდენობას, თუმცა არ არსებობს კალკულაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთანავე, 2016 წლიდან არ განხორციელებულა ზღვრული ოდენობის კორექტირება სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით. განსხვავებულია ერთსა და იმავე ქვეყანასა და პერიოდში, სხვადასხვა სტუდენტზე ამ მიზნით გაცემული დაფინანსება;

ცენტრს არ აქვს გაწერილი კომისიის წევრების შერჩევის კრიტერიუმები და მეთოდოლოგია. კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები არ არის დეტალური, იძლევა განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას და საჭიროებს დამატებით განმარტებას. შედეგად, კომისიის წევრების მიერ კონკურსანტთა შეფასების პროცესში გამოყენებულია არათანაბარი მიდგომები;

ცენტრში დანერგილი მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს კონკურსის მესამე ეტაპის − აპლიკანტთა გასაუბრების პროცესის სრულად აღდგენის შესაძლებლობას, რაც ხელს უშლის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და ამცირებს სანდოობას;

ცენტრისა და სამინისტროს მიერ არ არის დანერგილი შეფასებისა და მონიტორინგის საკმარისი მექანიზმები. კერძოდ, ცენტრს ეფექტიანობის შეფასების მიზნით არ ჩაუტარებია სათანადო კვლევა და ანალიზი. ამასთანავე, სამინისტროს არ შეუსწავლია ცენტრის საქმიანობა გამოყოფილი ფინანსური რესურსების პროდუქტიული და ეფექტიანი ხარჯვისა და დასახული მიზნების მიღწევის შესაფასებლად. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლისა და ქვეყანაში დაბრუნების დასადგენად, ცენტრი არ ახორციელებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციას ან/და ინფორმაციის მოძიებას, მონიტორინგის სხვა მექანიზმების გამოყენებით;

ცენტრის მიერ დაფინანსებული ბენეფიციარების 30%-ის მიერ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზება არ ხდება, რაც ეწინააღმდეგება პროგრამის ძირითად მიზანს და მიუთითებს პროგრამისა და გამოყოფილი ფინანსური რესურსების არაეფექტიანად მართვაზე.

შეგახსენებთ, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა.

2-მილიონამდე ღირებულების დაუსაბუთებელი პროექტები და 20-ათასიანი სამივლინებო ხარჯი – აუდიტმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის 2017-2019 წლების საქმიანობა შეისწავლა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share