Jump to content
×
×
  • Create New...

„მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია“ – გოგო, რომელიც მზადაა მთელი ცხოვრება მასწავლებლის პროფესიის გაუმჯობესებას მიუძღვნას


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ადამიანი, რომელზეც დღეს უნდა გიამბოთ, აუცილებლად გახდება თქვენი ინსპირაციის წყარო, რადგან მიუხედავად საკმაოდ მცირე ასაკისა, მან შეძლო მიეღწია იმისთვის, რისთვისაც, წესით, ბევრად მეტი წელია საჭირო. 31 წლის ასაკში მოასწრო ორი პროფესიის ათვისება, განათლების სამ ქვეყანაში მიღება, უამრავ პროგრამასა და კონკურსში გამარჯვება და რაც მთავარია, შეძლო ის, რომ ეპოვა საყვარელი საქმე, რომელსაც გულსა და სულს უძღვნის.

ეს ადამიანი ეკატერინე დაფქვიაშვილია. განვლილი ცხოვრების მანძილზე, პროფესიული კუთხით, მიიღო მრავალფეროვანი და საინტერესო გამოცდილება, არ შეუშინდა გამოწვევებსა და თამამ ცვლილებებს. შედეგად, ეკატერინე ახლა სწორედ იმ საქმიანობითაა დაკავებული, რაც მისი მოწოდებაა და მუშაობას მთელს დროსა და ენერგიას უთმობს. მისი მიზანი კი, მასწავლებლის პროფესიის ხელშეწყობა და განვითარებაა და ამბობს, რომ მზადაა მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება ამ მიზნის შესრულებას მოახმაროს.

წარმატებული სტარტი

მისი აქტიური და მრავალფეროვანი ბუნება ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გამოჩნდა, სადაც არა მხოლოდ წარმატებულ მოსწავლედ ითვლებოდა, არამედ სრულად იყო ჩართული ყველანაირ აქტივობაში, რის საშუალებასაც სასკოლო ცხოვრება იძლეოდა – ეს იქნებოდა სხვადასხვა სახისა და ხასიათის ღონისძიება, საქველმოქმედო საქმიანობა, მოსწავლეთა კონკურსებში მონაწილეობა თუ ა.შ. ამგვარმა აქტიურმა სასკოლო ცხოვრებამ დიდწილად განაპირობა მისი ხასიათი, შრომისმოყვარე, მაქსიმუმზე ორიენტირებული, მებრძოლი ბუნება.

სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა. მისი სურვილი არაბული ენის შესწავლა იყო, რადგან აღმოსავლური კულტურა იტაცებდა. მაშინ, როცა აბიტურიენტების აბსოლუტურ უმეტესობაში პოპულარობით სულ სხვა სპეციალობები სარგებლობდნენ, ეკატერინეს არჩევანი ბევრისთვის გასაკვირი იყო. თუმცა, არა მისთვის. ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით გაიარა და გრანტიც აიღო. უფრო მეტიც, სწავლის ოთხივე წლის განმავლობაში პრეზიდენტის სტიპენდიითაც სარგებლობდა, რომელიც საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენდა და რომელიც განსაკუთრებულად აქტიურ, აკადემიურად წარმატებულ სტუდენტებს ენიშნებოდათ.

მიუხედავად წარმატებული სტუდენტური სტარტისა, ეკატერინემ მიღწეულით დაკმაყოფილებას კვლავ სიახლის ძიება არჩია და მეორე კურსზე სირიაში, ალეპოს უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით გაემგზავრა. მესამე კურსზე კი, არაბული ენის კონკურსში გამარჯვების შედეგად, სწავლა 1 წლით ეგვიპტის დედაქალაქში, კაიროს უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით განაგრძო. სრულიად განსხვავებულ სამყაროში მოხვედრა ეკატერინესთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოგონებაა და ამბობს, რომ ამ პერიოდმა მას არა მხოლოდ ცოდნა შესძინა არაბულ ენაში, არამედ ასწავლა დამოუკიდებლად ცხოვრება, გაზარდა, როგორც პიროვნება და შეაყვარა აღმოსავლური კულტურა.

„ამ სამყაროთი მოხიბლული ვიყავი. ჩემი განსხვავებული არჩევანი გარშემო ყველას უკვირდა. არც ოჯახი შეხვდა ამ ამბავს გახარებული. თუმცა, აღმოსავლური სამყაროსა და კულტურის მიმართ დიდი ინტერესი მქონდა. ყოველი დღე ჩემთვის აღმოჩენა იყო, სიახლეებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე. მთავარი, რაც იქ ყოფნამ შემძინა, დამოუკიდებლად ცხოვრების სწავლა იყო. ყველაფრის მარტო მოგვარება მიწევდა და ეს, სრულიად უცხო ქვეყანაში, სადაც ყველაფერი განსხვავებულია, ადვილი არ არის. მაქსიმალურად ვცდილობდი შევრწყმოდი იქაურ საზოგადოებას და მოვრგებოდი იქაურ ტრადიციებს. ამან განაპირობა ის, რომ საქართველოში სრულიად განსხვავებული ადამიანი დავბრუნდი და მეტად დავფიქრდი იმაზე, თუ რა მინდოდა მე“, – ამბობს ეკატერინე.

ახალი საფეხური – „არ მიყვარს, როცა დინებას მივყვები“

მიუხედავად იმისა, რომ საბაკალავრო საფეხური წარმატებით დასრულებაში უზარმაზარი შრომა ჩადო და საკმაო ცოდნა და გამოცდილებაც დააგროვა, რაც მას წარმატებულ კარიერას უქადდა, ეკატერინემ, განათლების სფეროს კიდევ უფრო სიღრმისეული შესწავლა გადაწყვიტა. ამისკენ კი, შეიძლება თქვას, რომ ირიბად იმ მასწავლებლებმა და ლექტორებმა უბიძგეს, რომელთაც მის ცხოვრებაში უდიდესი დადებითი როლი შეასრულეს.

„მასწავლებელს შეუძლია ადამიანის ცხოვრებასა და მის გადაწყვეტილებებში ძალიან დიდი როლი ითამაშოს. მომინდა, რომ მასწავლებლის საქმიანობა, საჭიროებები, შემესწავლა და ეს პროფესია უფრო ახლოდან დამენახა, დავფიქრებულიყავი იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მასწავლებლები იდგნენ და გადავწყვიტე, მაგისტრატურის საფეხური ილიას სახელწიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების ფაკულტეტზე გამეგრძელებინა. ჩემი ეს არჩევანი სიახლის წყურვილით იყო განპირობებული. სიახლე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ მიყვარს, როცა დინებას მივყვები, დინების საწინააღმდეგოდ მცურავ თევზებს, გზადაგზა, მეტი ჟანგბადი და საკვები ხვდებათ. გამოწვევები ყველაზე კარგი საშუალებაა, რათა პროფესიულად და პიროვნულად გავიზარდო და ამის არასოდეს მეშინია. სირთულისგანაც შემიძლია ბევრის სწავლა. მოკლედ, ისევ სრულიად ახალ სამყაროში გადავეშვი და ჩემი მოლოდინები ნამდვილად გამართლდა. მაგისტრატურამ ჩემი მომავალი პროფესია და კარიერა განაპირობა.

მაგისტრატურაში სწავლამ დამანახა თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ჩვენს დროში მასწავლებლები, რა სჭირდებათ მათ თავიანთი პროფესიული გზის სწორად დასაგეგმად და რას უნდა აკეთებდეს ამისათვის სახელმწიფო. მივხვდი, თუ რამდენად დიდი როლი აქვთ მასწავლებლებს გლობალურ ცვლილებებთან გასამკლავებლად. როდესაც ჩვენ საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებაზე ვსაუბრობთ, ან რომელიმე წარმატებული ქვეყნის განათლების სისტემას განვიხილავთ, უნდა გვახსოვდეს, რომ აქ ერთ-ერთი მთავარი რგოლი მასწავლებელია, პანდემიამ კი, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრად დაგვანახა. მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის მუდმივი უსაზღვრო ენერგიისა და ემოციების გაცვლის პროცესი. ამიტომაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმის შესწავლა იყო, თუ რა მექანიზმებს ახორციელებს სახელმწიფო ამ პროფესიის განვითარებისათვის. არაბულ კულტურასთან და განათლებასთან მიმართებით გარკვეული ცოდნა დამიგროვდა, მაგრამ საინტერესო იყო განსხვავებული სახელმწიფოს მაგალითები, რომლებსაც წარმატებული საგანმანათლებლო სისტემები აქვთ“, – ყვება ეკატერინე.

მისმა სამაგისტრო ნაშრომმა, ეკატერინესთვის მოულოდნელად, დიდი წარმატება მოიპოვა. ნაშრომის მთავარი ხაზი სრულიად ინოვაციური იდეა იყო – სკოლებისთვის მხარდამჭერი ჯგუფების შექმნა და მათი როლის გაძლიერება სკოლის განვითარების საქმეში. ეს მოდელი ბევრ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს და ეკატერინემ მიზნად მისი ქართული სკოლებისთვის მორგება დაისახა.

„ნაშრომმა, რომელსაც მე ყოველგვარი ზედმეტი ამბიციის გარეშე ვწერდი, საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან მსგავსი გამოცდილება საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობდა, მწირი იყო. დაიწერა სტატიები და მომზადდა სატელევიზიო რეპორტაჟები. ამხელა გამოხმაურებამ მეტი პასუხისმგებლობით განმაწყო. ამ წამოწყებას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, რადგან საკმაოდ რთულად გამოსაკვლევი და განსახორციელებელი იდეა იყო. თუმცა, საბოლოოდ პროექტი შედგა“, – იხსენებს ეკატერინე.

ნაშრომი შედგა, იდეას ფრთა შეესხა და კონკრეტული სკოლის მხარდამჭერი საზოგადოებაც შეიქმნა, რომელიც დღესაც აქტიურად ფუნქციონირებს და სკოლას ადამიანური თუ ფინანსური რესურსით ეხმარება. ნაშრომის ფარგლებში არაერთი სოციალური პროექტიც დაიგეგმა და გამოკითხვებმა ამ პროექტების წარმატებულობაც ცხადყვეს.

მაგისტრატურის საფეხურზე, ეკატერინესთვის, სამაგისტრო თემა არ ყოფილა ერთადერთი, რამაც მას წარმატება მოუტანა. მისი ნაშრომები რამდენიმე გამოცემაში დაიბეჭდა. ამბობს, რომ მისი ნამუშევრების ამგვარ დაფასებას ვერც კი წარმოიდგენდა.

როცა მუშაობ იქ, სადაც შენი ადგილია, როცა აკეთებ იმას, რაც შენი საქმეა

მაგისტრატურის პირველ კურსზე სწავლის პერიოდშივე ეკატერინე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში დასაქმდა. უკვე 6 წელია, რაც ცენტრის თანამშრომელია. ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე დაწინაურდა და ამჟამად ერთ-ერთი პროგრამის მენეჯერია. ამბობს, რომ პოზიციების ცვლა მას ცენტრის საქმიანობისა და ზოგადად, სისტემის უკეთესად, მრავალი მხრიდან გაცნობაში დაეხმარა. არსებული გამოწვევებიც სრულყოფილად დაინახა და მრავალფეროვანი გამოცდილებაც მიიღო. ის მონაწილეობას იღებდა ცენტრის მიერ წამოწყებულ რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაში. სისტემა გუნდურ მუშაობას, თანამშრომლობას და ლიდერობას ერთად მოითხოვს, რაზეც აზრი ცენტრში მუშაობამ კიდევ უფრო განუმტკიცა.

წარმატებულმა კარიერულმა ზრდამ მას სადოქტორო საფეხურზე ჩაბარებისკენ უბიძგა, რადგან მიხვდა, რომ სფეროს კიდევ უფრო სიღრმისეულად შესწავლა უნდოდა.

„ჩემი სადოქტორო ნაშრომიც მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებების კვლევას ემსახურება. მისი მიზანია მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო სერვისების ეფექტიანობის შესწავლა მოქმედი მასწავლებლების პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით. ვფიქრობ, იგი გამოსადეგი იქნება განათლების სისტემაში დასაქმებული და პოლიტიკის მიმღები პირებისთვის,“ – ყვება ეკატერინე.

კიდევ ერთი აღიარება და გრანტი ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტისგან

„ძალიან კარგი გამოცდილება იყო, ამ პროექტში მონაწილეობა ბევრს ნიშნავდა“ – ასე იწყებს ეკატერინე დაფქვიაშვილი საუბარს პროექტზე, რომლითაც მისი კიდევ ერთი წარმატების ისტორია დაიწყო. საუბარი თავისუფალ უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ სტუდენტურ გრანტზეა, რომელიც საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირებითა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის იყო განკუთვნილი. ეკატერინემ კონკურსში მონაწილეობა მიიღო და ერთ წლიან სასწავლო პროგრამაშიც ჩაერთო, რა დროსაც ადგილობრივი თუ ამერიკელი, კერძოდ, ტეხასელი პროფესორ-მასწავლებლების ლექციები გაიარა.

კურსის დასკვნითი ნაშრომი პრობლემატურ საკითხზე პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებას მოიაზრებდა, რომელიც ეკატერინემ, რაღა თქმა უნდა, განათლების სისტემის გამოწვევებზე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საჭიროებაზე დაწერა. პროგრამის დასრულებისა და სერთიფიკატების გადაცემის დროს კი ეკატერინე სამ გამარჯვებულს შორის გამოცხადდა, რის შედეგადაც თავისუფალი უნივერსიტეტისა და ტეხასის უნივერსიტეტისგან პროფესიული განვითარებისათვის ფინანსური ჯილდო მიიღო, რომელიც პრაღაში საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციაზე საკუთარი კვლევის გასაგზავნად გამოიყენა. კონფერენციის ორგანიზატორებმა იგი მომხსენებლად მიიწვიეს, რის შემდეგაც ნაშრომი ერთ-ერთ საერთაშორისო გამოცემაშიც გამოქვეყნდა.

„ეს ჩემთვის ძალიან დიდი წარმატება და აღიარება იყო”, – ასე აფასებს მორიგ მიღწევას ეკატერინე.
„თავს ვალდებულად მივიჩნევ განათლების სფეროს განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო “
ადამიანს, რომლისთვისაც მარცხი უცხოა, კიდევ არაერთი მიზანი აქვს დასახული. ესაა მიზნები, რომლისგანაც სარგებელს არა მხოლოდ ის, არამედ სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ. ამჟამად ეკატერინეს გეგმებში, პირველ რიგში, საკუთარი სადოქტორო ნაშრომისა და მის ფარგლებში გათვალისწინებული კვლევის დასრულება შედის. პარალელურად, არ გამორიცხავს აკადემიური საქმიანობის დაწყებასაც. ბოლო წლების განმავლობაში იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) მაგისტრატურის სტუდენტებს, მოხალისეობრივად, კვლევის მეთოდებში ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს. იმ სტუდენტთა რაოდენობა კი, რომლებიც ეკატერინეს ლექციებს ესწრებიან, საკმაოდ დიდია. აქედან გამომდინარე, ფიქრობს, რომ პედაგოგიური საქმიანობასა და სწავლებას, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, თავს წარმატებით გაართმევს.

უახლოეს მომავალში სადოქტორო საფეხურისთვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამით სარგებლობას აპირებს და მიიჩნევს, რომ ეს მისი კვლევისთვის წარმატებული ნაბიჯი იქნება.
ისეთი განათლების, გამოცდილებისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანები, როგორიც ეკატერინეა, როგორც წესი, საკუთარი კარიერის განვითარებას უფრო წარმატებულ ქვეყნებში გეგმავენ ხოლმე, სადაც მეტი შანსი და მეტი ბენეფიტია. თუმცა, არა ეკატერინე. უცხოეთში წასვლასა და საქმიანობას იგი მხოლოდ დროებით გეგმად განიხილავს.

“როგორიც უნდა იყოს შემოთავაზება, თუ წავიდოდი, მხოლოდ დროებით, მერე კი აუცილებლად დავბრუნდები სამშობლოში და ჩემს გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს ჩვენს განათლების სფეროს მოვახმარ, რადგან თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩემი თუნდაც მცირედი წვლილი შევიტანო მის განვითარებაში. დღეს ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა და გამოწვევა არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არაა და წინ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა სკოლას, სასკოლო საზოგადოებას, მასწავლებლის პროფესიას ხელი შევუწყოთ და მივუახლოვდეთ იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთაც ასე ხშირად ვახსენებთ ხოლმე“, – დასძენს ეკატერინე.

EDU.ARIS.GE ხშირად წერს წარმატებულ, გამორჩეულ ადამიანებზე, რომელთაც საკუთარი შრომით არცთუ მცირე წვლილი შეაქვთ ქართული საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებაში და ეკატერინე დაფქვიაშვილი უდაოდ იკავებს ერთ-ერთ ღირსეულ ადგილს ასეთ რესპონდენტებს შორის. მისი ყველა მიღწევის ერთ სტატიაში ჩატევა რთულია, თუმცა ერთი რამ ცხადია – წინ კიდევ უფრო მეტი წარმატებაა. წარმატება, რომლის შედეგსაც თითოეული პედაგოგი იგრძნობს.

(R)

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share