Guest Merlin Posted 19 მარტი, 2021 Posted 19 მარტი, 2021 რამდენად მზად არის სასკოლო საზოგადოება, და საერთოდ, ჩვენი განათლების სისტემა მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისთვის? -საგანმანათლებლო შინაარსის გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირება ურთლესი ამოცანაა, რომელიც სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. ჩვენს პედაგოგიურ კულტურაში არ არსებობდა მიზნებზე ორიენტირებული სასკოლო სასწავლო გეგმების შემუშავების ცოდნა და გამოცდილება, ამიტომ ჩნდება კითხვები შეძლებენ თუ არა ქართველი პედაგოგები ამ გეგმის მიხედვით სწავლების დანერგვას. ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის პორტალზე ეროვნული სასწავლო გეგმის (საბაზო საფეხური – მე–7,8,9 კლასები) სამუშაო ვერსია უკვე დევს, რომლის დანერგვის პერიოდი 2018-2024 წლებით განისაზღვრა. რა ტიპის პროგრამებს განეკუთვნება მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა? – ეს კურიკულუმის ტიპის პროგრამაა. კურიკულუმი, როგორც ამ სიტყვის ეტიმოლოგია მოწმობს, მთავარ ყურადღებას ამახვილებს „გზაზე“, რომელიც უნდა განვლოს მოზარდმა, სხვა სიტყვებით, კურიკულუმი ორიენტირებულია მოზარდის განვითარების გზაზე. იგი „გზის გამკვალავ“ საგანმანათლებლო პროგრამად განიხილება, რომელმაც მოზარდი თანამედროვე საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის უნდა მოამზადოს. შესაბამისად, კურიკულუმი გულისხმობს არა საკითხთა დასწავლაზე ორიენტირებულ სწორხაზოვან სასწავლო პროცესს, არამედ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გამოცდილების შემქმნელ პროცესს, რომელიც ხელს შეუწყობს მოზარდთა მრავალმხრივ განვითარებას. თუმცა ჩნდება კითხვები, თუ რას შეცვლის მესამე თაობის ახალი ეროვნული გეგმა სკოლებში და ლიტერატურის სწავლებაში? რა არის ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც მოსწავლეები და მასწავლებლები დგანან? ასევე ითვალისწინებენ თუ არა გეგმის შემუშავებისას მასწავლებლების მოსაზრებას და როგორ არიან ისინი პროცესში ჩართული? ამ კიხვებზე პასუხების გაცემა, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო მასწავლებლების მხრიდან იქნებოდა, თუმცა სტატიაზე მუშაობის პერიოდში ძალიან ბევრმა პედაგოგმა აღნიშნულ პრობლემაზე საუბრისგან თავი შეიკავა. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ღიად პრობლემებზე საუბრი ბევრმა მათგანმა არ ისურვა. არადა, ამ წლების განმავლობაში, რელურად, გეგმის დანერგვის კუთხით სკოლებში რა გაკეთდა მასწავლებლებმა უნდა გვითხრან. თუმცა მათი ღია პოზიცია არ ვიცით, რადგანაც, სავარაუდოდ, არც ერთ მათგანს განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებული გეგმის წინააღმდეგ საჯაროდ გალაშქრება არ სურს. დარგის ექსპერტები კი ამბობენ, რომ გეგმა 2010 დან 2020 წლამდე მივიწყებული იყო და თითქმის ერთი წელია, რაც რაღაცა ძვრები დაიწყო, თუმცა ეს იმდენად მიზერულია, რომ 2024 წლამდე მასწავლებლების მესამედი ამ გეგმის ათვისებას ვერ შეძლებს. პრობლემები კი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოსგან წამოსული ინიციატივების სკოლებს ნაკლებად სჯერათ, რადგან ხედავენ, რომ რამდენიმე წელიწადში ყველაფერი იცვლება და ნამუშევარი წყალში ეყრებათ. ექსპერტები ამბობენ, რომ მასწავლებელს, რომელიც ათეულობით მოსწავლეს ასწავლის და შენ მიზნად უსახავ კომპლექსური დავალებების დაგეგმვას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ამოცანას რეალურად თავი გაართვას. რაც ამ წლების განმავლობაში სამინისტრომ ამ გეგმის დანერგვისთვის გააკეთა ისაა, რომ სკოლებში ახალი რგოლი შექმნა, რომელსაც მხარდამჭერი ჯქუფი ჰქვია და სკოლის ბაზაზე პედაგოგებს რამდენიმე მიმართულებით კონსულტაციებს უწევს. მასწავლებლების უმეტესება მოცემულ დავალებებს აკოპირებს და უმრავლეოსობას მისი შინაარსი არ ესმის. მათი თქმით, პრობლემებია ადამიანური რესურსის მხრივაც, რადგანაც სისტემაში გვყავს მასწავლებლების დიდი ჯგუფი, რომელთაც მოტივაცია არ გააჩნიათ ტექნოლოგიების გამოყენებით ასწავლონ. და კიდევ, არის კი იმდენი პროფესიონალი კადრის რესურსი, რომელიც ქვეყნის ყველა საჯარო სკოლაში შევა და კლიმატს გამოცვლის? მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგები ამ სასწავლო გეგმაზე კრიტიკულად საჯაროდ არ საუბრობენ, არიან მასწავლებლები, რომელბიც სასწავლო გეგმის მხარდამჭერ ჯგუფს განეკუთვნებიან. ამტიომაც მათი თვალით დანახული ახალი სკოლის მოდელი ბევრად უკეთესია, ვიდრე ამაზე დარგის ექსპერტები მიგვითითებენ. ბრიტანულ-ქართული სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ინა იმედაშვილი EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, რომ მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლებში და ქართული ლიტერატურის სწავლებაში ეპოქას შეცვლის. იმედაშვილი ამბობს, რომ იცვლებიან ადამიანები, იცვლება ღირებულებები, ხედვები, საჭიროებები, ის რაც საუკუნის წინ ნორმა იყო, დღეს შესაძლოა, კატეგორიულად მიუღებელი გახდეს. ამიტომ, ცხოვრების ცვლილებასთან ერთად, გარდასახვა განათლებას, სკოლებსა და სწავლებას სჭირდება. შესაბამისად, მასწავლებელი მიიჩნევს, რომ დღევანდელი ბავშვის საჭიროება და საუკუნის წინანდელი ბავშვის საჭიროება განსხვავებულია, ხოლო სწავლების მიზანიც განსხვავებული ხდება. იმედაშვილი გვეუბნება, რომ მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა თანამედროვე ცხოვრებაზე მორგებული იქნება. ინტერნეტის გამოგონებამ მსოფლიო შეცვალა, ამიტომაც ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მიღება მოზარდს მარტივად შეუძლია, შესაბამისად ენციკლოპედიურმა ცოდნამ, ფაქტების დაზეპირებამ – აზრი დაკარგა. ხოლო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ის უნარ-ჩვევები, რაც ადამიანს განსჯაში, ფიქრში, შემოქმედებით აზროვნებაში, სწორი გადაწყვეტილების მიღებასა თუ უბრალოდ მიღებული ინფორმაციის დახარისხებაში დაეხმარება. „დღეს ჩვენი, მასწავლებლების მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვენი მოსწავლე იყოს შემოქმედი, გამომგონებელი, მას უნდა ვასწავლოთ საკუთარ თავში იდეების მოჩხრეკვა და შემდეგ განხორციელება. მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანიც სწორედ ესაა, რომ სკოლებში სწავლება გასცდეს ტექსტების მხოლოდ შინაარსის დონეზე გააზრებას, რომ მოსწავლეებმა წაკითხულის საკუთარ გამოცდილებასთან გააზრება შეძლონ, ცხოვრებასთან დაკავშირება, სიღრმისეულად გააზრება, მსჯელობა, საკუთარი აზრის დასაბუთება და საკითხის მიმართ მრავალმხრივი მიდგომა მოახერხონ. ყველაზე მეტად მომწონს, რომ ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით, მოსწავლეს შესაძლებლობა ეძლევა, მხატვრული ტექსტების შექმნა თავად სცადოს, ან არსებული გააგრძელოს, არჩეული პერსონაჟის ხედვით მოყვეს ამბავს, მოთხრობა კომიქსად აქციოს, ავტორს წერილი მისწეროს, საყვარელი გმირის დღიური შექმნას, ან წარმოსახვითი ინტერვიუ ჩაწეროს, რეპორტაჟი, სტატია დაწეროს, ერთი ჟანრი მეორეთი შეცვალოს და ასე შემდეგ“, – აღნიშნავს იმედაშვილი. EDU.ARIS.GE -ს კითხვაზე, აქამდე რატომ არ იყენებდნენ მასწავლებლები სწავლების ამ მეთოდს ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ პედაგოგების ნაწილი აქამდეც სწავლის ამ მეთოდს მიმართავდა, თუმცა ახლა ამდაგვარი მიდგომები უფრო მასიურად მკვიდრდება. რაც შეეხება სწავლების მეთოდიკაში არსებულ პრობლემებს, იმედაშვილი ამბობს, რომ ხარვეზები არის, თუმცა მთავარია ეს ყველაფერი გამოცდილებად იქცეს. მისი თქმით, ეს სასწავლო გეგმა უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა შემოქმედი თაობის ჩამოყალიბება მოხდეს. თუმცა როდის შეძლებს სრულად განათლების სამინისტრო ამ გეგმის სკოლებში დანერგვას და რას აკეთებს ამისთვის, მასწავლებელი გვეუბნება, რომ სავარაუდოდ, ამას 3 წელი მაინც დასჭირდება, ხოლო ყველაფერი განათლების სამინისტროზე დამოკიდებული ვერ იქნება, რადგანაც მასწავლებლების ენთუზიაზმზე და მოტივაციაზეც ბევრია დამოკიდებული. მასწავლებელი გვარწმუნებს, რომ კომპლექსურმა დავალებებმა, რაც ახალი სკოლის მოდელის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, ბავშვებს სწავლა შეაყვარა, უამრავი მასწავლებელი აღნიშნავს, რომ მოსწონთ, უხარიათ დავალებებზე მუშაობა, სიამოვნებას პოულობენ სწავლებაში, რაც განსაკუთრებით აუცილებელია განათლების მიღების პროცესში. რა თქმა უნდა, დავინტერესდით, რა არის ის დიდი გამოწვევა რის წინაშეც დგას როგორც მასწავლებელი ასევე ბავშვი? ჩვენი რესპოდენტი ინა იმედაშვილი გვეუბნება, რომ ცვლილებებს თან ყოველთვის ემოციები ახლავს, ამიტომ ძირითად გამოწვევად ახლის მიმართ შიშს მიიჩნევს. მასწავლებელი გვეთანხმება, რომ იმ ბავშვებისთვის, რომლებიც აქამდე მსგავს დავალებებს არ ასრულებდნენ, მიჩვეულები იყვნენ მხოლოდ შინაარსის წერასა და თხრობას, შესაძლოა, მათ ცოტა გაუჭირდეთ, მაგრამ კარგი მასწავლებელი ამ პრობლემასაც უნდა გაუმკლავდეს. თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ლომიძე EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა გულისხმობს იმას, რომ მოსწავლე სხვადასხვა საგანში „ცოდნის დაგროვებით“ კი არ იქნება დაკავებული, არამედ ისწავლის იმას, როგორ გამოიყენოს წინარე ცოდნა რაიმე ახლის შესაქმნელად, ის ისწავლის მიღებული ცოდნის კონსტრუირებას, გამოყენებას პრაქტიკულ საქმიანობაში. ამ მიზნის მისაღწევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „იარაღი“ კომპლექსური დავალებაა. მასწავლებელი გვარწმუნებს, რომ ლიტერატურის მაგალითზე თუ განვიხილავთ, სხვაობა, ტრადიციულ მეთოდსა და ახალ მიდგომას შორის საკმაოდ თვალსაჩინოა. მოსწავლე კითხულობს ტექსტს, ამუშავებს კითხვებს, მასწავლებლის დახმარებით ძლევს შინაარსობრივი გააზრების დონეს, და წერს დავალებას – მოკლე შინაარსი, კითხვებზე პასუხი, გმირის დახასიათება, პარაფრაზი, ტექსტის გეგმა, „მოიძიე ინფორმაცია“ ტიპის დავალება და ა.შ. „მოსწავლე ტექსტს შინაარსის გასააზრებლად ან დასამახსოვრებლად კი არ ეცნობა, არამედ, ასე ვთქვათ, „ახალი შემოქმედებითი პროდუქტის“ შესაქმნელად ემზადება და ტექსტი, ამ შემთხვევაში, დამხმარე საშუალებაა. მან სასწავლო მასალა უნდა გაიაზროს, გაითავისოს და მიღებული ცოდნა გამოიყენოს ახლის შესაქმნელად. წინარე ცოდნა, ამ შემთხვევაში, „მკვდარი“ ცნება ან დასამახსოვრებელი ფაქტი კი არაა ( რომელიც მალევე დაავიწყდება), არამედ ახლის შესაქმნელად გამოსაყენებელი მნიშვნელოვანი „საბადოა“. ლიტერატურის სწავლების თვალსაზრისით ნამდვილად ბევრი სასიკეთო ცვლილება უნდა მოჰყვეს რეფორმას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რამდენად იქნება შესაძლებელი ფურცელზე დაწერილის განხორციელება კლასებში“, – აღნიშნავს ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი. ამ სასწავლო გეგმის ერთ-ერთ გამოწვევად ჩვენი რესპონდენტი დანერგვის პროცესს მიიჩნევს, რომელიც უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ლომიძე ამბობს, რომ მასწავლებლებს სპეციალისტები ინტენსიურად ხვდებიან, ასწავლიან და აცნობენ ახალი სკოლის მოდელის მიდგომებს, შეხვედრებზე პროექტში ჩართულ მასწავლებლებს ევალებათ კომპლექსური დავალებების შექმნა, სამინისტრო თანამშრომლობს იმ მასწავლებლებთანაც, რომლებიც კოლეგებს ატრენინგებენ. ამდენად, პროცესს სრულად მართავს სამინისტრო, მიდგომა – ცენტრალიზებულია. ამ შემთხვევაში ისმის კითხვა, რამდენად ექნება მასწავლებელს გათავისებული ის, რაც დაასწავლეს მოკლე ხანში? რამდენად ექნება შინაგანი მოტივაცია, თავად მიუდგეს კონსტრუქტივისტულად მიღებულ ცოდნას და გამოიყენოს პრაქტიკაში? – ამაზე რესპონდენტი გვპასუხობს, რომ გარკვეული გამოწვევების წინაშე მასწავლებლები აუცილებლად დადგებიან. „ვთქვათ, გავითავისე, მოვიწონე და მოვინდომე პროცესის წარმართვა. ამ შემთხვევაში ისმის კითხვა – მაძლევს თუ არა სახელმძღვანელო, სავალდებულო საპროგრამო მასალა და სხვა რესურსები ამის ხარისხიანად განხორციელების საშუალებას? ერთი მხრივ, როგორც არაერთგზის აღინიშნა, მასწავლებელს ენიჭება „სრული თავისუფლება“, მაგრამ „სრული თავისუფლება“ არსებული სავალდებულო საპროგრამო ჩამონათვალის და სახელმძღვანელოების პირობებში რამდენადაა თავისუფლება? აქვს კი მასწავლებელს რეალურად არჩევანი და შეუძლია თუ არა, მაგალითად, მოსწავლის ინტერესებზე მორგებული საკითხავი მასალა შეარჩიოს სავალდებულო საპროგრამოს ნაცვლად ისე, რომ „პროგრამის მოსწრების“ შიში არ ჰქონდეს? რა თქმა უნდა, ამ გამოწვევების წინაშე აუცილებლად დავდგებით“, – ამბობს მასწავლებელი. EDU.ARIS.GE -ს კითხვაზე სჯერა თუ არა, რომ სახელმწიფოსგან ამ გეგმის სკოლებში დანერგაზე მზაობა არის და რა ნაბიჯია, რაც ამისთვის განათლების სამინისტრომ უნდა გადადგას, პედაგოგი გვპასუხობს, რომ მცდელობა ნამდვილად არის, თუმცა ბევრია ასევე დამოკიდებული სკოლებზე და მასწავლებლების მონდომებაზე. მისი აზრით, სამინისტრო შეძლებისდაგავრად ცდილობს, თუმცა რა ვადებში მოხდება ამ გეგმის სრულად დანერგვა ამაზე საუბარი უჭირს. განათლების საკითხების ექსპერტი სიმონ ჯანაშია მასწავლებლებისგან განსხვავებით, ახალი თაობის მესამე სასწავლო გეგმას სკეპტიკურად უყურებს და ეჭვი ეპარება, რომ 2024 წლამდე მასწავლებლების მესამედმა მისი ათვისება შეძლოს. ის მიიჩნევს, რომ ახალ სასწავლო გეგმაში რეალურად არაფერი იცვლება. EDU.ARIS.GE -სთან ჯანაშია ამბობს, რომ მართვის სტრუქტურები, კურიკულუმი, მიზნები და საგნების რაოდენობა არ იცვლება. ასევე არ ხდება მასწავლებლების შეცვლა. მხოლოდ მეთოდები იცვლება, თუ რა პრინციპით უნდა დაგეგმოს მასწავლებელმა გაკვეთილები რათა მოსწავლეებში უფრო სიღრმისეული კომპეტენციები განავითაროს. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ დისკუსია ან ანგარიში იმაზე, რამდენად ან რატომ სჭირდებათ სკოლებს ეს მოდელი, არ ყოფილა. ის ფიქრობს, რომ სახელმწიფოსგან წამოსული ინიციატივების სკოლებს ნაკლებად სჯერათ, რადგან ხედავენ, რომ რამდენიმე წელიწადში ყველაფერი იცვლება და ნამუშევარი წყალში ეყრებათ. ექსპერტი ყურადღებას ადამიანურ რესურსზეც ამახვილებს და ამბობს, რომ სისტემაში გვყავს პედაგოგები, რომლებიც შინაგანად არა არიან იმისთვის განწყობილები, რომ ტექნოლოგეიბის გამოყენებით ასწავლონ. „მასწავლებლების ნაწილი მოცემულ ნამუშევრებს უბრალოდ იღებს და აკოპირებს, რადგანაც მათ დავალებების ძირითადი შინაარსი არ ესმით. ხოლო იმისთვის, რომ სკოლამ საკუთარი გეგმა დანერგოს და შეიმუშავოს, ფინანსებია საჭირო. სკოლებს თავისუფალი თანხა უნდა ჰქონდეს, რათა მასწავლებლების კურსები შეიმუშავოს და მათი გადამზადება მოხდეს. ეს ყველაფერი კი სკოლას უნდა უღირდეს. იმის ნაცვლად, რომ მოთხოვნა სკოლიდან წამოვიდეს, მასწავლებლები ამ გეგმის შესრულებაზე მოტივირებულები იყვნენ, განათლების სამინისტროსგან ეს სავალდებულო პროცესია. ამიტომ სკოლების უმეტესობას ამ გეგმის შესრულება მაინცდამაინც არ უნდა. სამინისტროს მხრიდან არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში არ არის საჯარო არანაირი კვლევა, რომელიც გვეტყვის ამ წლების განმავლობაში რა სახის შედეგს მივაღწიეთ. მქონდა შესაძლებლობა კომფერენციას დავსწრებოდი, სადაც შედეგების განხილვა იყო. მასწავლებლების შედეგებზე, რაღაცა მცირედი ძვრები ჩანს, ხოლო ხელმძღვანელობის მიმართულებით ამბობენ, რომ მიღწევა რაც აქვთ, სკოლის მხარდამჭერი ჯგუფი ანუ მწვრთნელები შეარჩიეს. ეს არის უბრალოდ მიმდინარე პროცესის რაღაცა ინდიკატორი. სკოლებში რეალურად ამით რა შეიცვალა?- არც არაფერი. შედეგები არა აქვთ და ამიტომაც მხოლოდ სკოლის მწვრთნელების შერჩევით ამაყობენ“, – აცახდებს ჯანაშია. მისივე თქმით, ეს გგემა 2010 წლიდან 2020 წლამდე ფაქტობრივად დავიწყებული იყო და რაიმე სერიოზული ძვრები არ ყოფილა. მისი აზრით, იდეა მხოლოდ კი არ უნდა დაწერო და დაამტკიცო, მისი დანერგვაც უნდა შეძლო. ექსპერტი ამბობს, რომ სასწავლო გეგმაში მიზნების განსაზღვრა გზადაგზა უწევთ. ინსტრუმენტებს და მიზნებს ერთდროულად ქმნიან, მერე ისტრუმენტებს ცვლიან და სხვადასხვა თაობის მასწავლებლებს საკითხში გარკვევა ხელახლა უწევთ. „ამ ინიციატივის კიდევ ერთი პრობლემა ისაა რომ სამინისტროს სხვა საქმიანობებთან კორდინირებული არ არის და კომპლექსურად არ უყურებს, რა კომპონენტებისგან შედგება დღესდღეობით მასწავლებლის საქმიანობა. მაგალითისთვის, მასწავლებელს, რომელიც ათეულობით მოსწავლეს ასწავლის, დაუსახო მიზნად კომპლექსური დავალებების დაგეგმვა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ამოცანას რეალურად თავი გაართვას. მგონია, მასწავლებლების რაღაცა ნაწილი სამინისტროს ამ ახალ ინიციატივებს მიიღებს, მაგრამ სხვა საკითხია რეალურად 2024 წლისთვის მასწავლებლების მესამედი ამ გეგმის ახალ მეთოდებს ნაწილობრივ მაინც თუ აითვისებს. გეგმაში ამხელა ძალისხმევის ჩადება რეალურად ღირდა თუ არა, საკითხავი ეს არის“, – დასძენს განათლების მვლევარი. „ახალი სკოლის მოდელით“ გათვალისწინებული ტექნიკა სკოლების ნაწილს ჯერაც არ მიუღია – პროექტზე კი ყოველწლიურად 25-30 მილიონია გამოყოფილი edu.aris.ge-სთვის მოამზადა ელზა პაპოშვილმა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა