Jump to content
×
×
  • Create New...

მოქმედი კომპანიები, რომლებიც ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდნენ


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ნაცისტური გერმანიის სიძლიერეში გადამწყვეტი როლი ქვეყნის ეკონომიკას ჰქონდა. ჰიტლერის რეჟიმთან თანამშრომლობდნენ იმ დროის უმსხვილესი გერმანული და უცხოური კომპანიები, რომლებიც დღესაც წარმატებით განაგრძობენ ოპერირებას მსოფლიო ბაზარზე. 

Kodak

XXI საუკუნის დასაწყისამდე არ იყო ცნობილი, რომ ამერიკული ფოტოტექნიკის მწარმოებელი კომპანია Kodak ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდა. 1941 წელს, როცა აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო, ამერიკულ კომპანიებს გერმანიასთან სავაჭრო ურთიერთობა აეკრძალათ. შედეგად, როგორც ბევრი სხვა საერთაშორისო კომპანიის ფილიალი, Kodak-ის გერმანიის ფილიალიც ნაცისტების გავლენის ქვეშ მოექცა. 

თუმცა, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, Kodak ნაცისტურ გერმანიასთან ნეიტრალურ ქვეყნებში არსებული შვილობილი კომპანიების საშუალებით თანამშრომლობდა. ყველაზე ხშირად ამას პორტუგალიასა და შვეიცარიაში არსებული ფილიალების შუამავლობით ახერხებდა. ამასთან ერთად, Kodak-მა შეინარჩუნა გარკვეული კონტროლი გერმანიის ფილიალზე, რაც ჰიტლერის პირადი ეკონომიკური მრჩევლის – ვილჰელმ კეპლერის დამსახურება იყო. მას აშშ-ის სამხედრო დაზვერვა Kodak Man-ს უწოდებდა, Kodak-თან მისი პერსონალური კავშირებისა და ბიზნესინტერესების გამო. 

ნეიტრალურ ქვეყნებში Kodak-ის შვილობილი კომპანიები დიდი რაოდენობით ფოტოგრაფიულ აღჭურვილობას ყიდულობდნენ ნაცისტური გერმანიისგან, აშშ-ის მოწინააღმდეგისგან. Kodak ამარაგებდა ნაცისტებს ფოტო- და ელექტრომოწყობილობებით, რომელსაც, რა თქმა უნდა, ომში იყენებდნენ. თუმცა, ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტი ის არის, რომ Kodak-ის გერმანიის ფილიალი საკონცენტრაციო ბანაკებიდან 250-ზე მეტ ადამიანს მონურად ამუშავებდა. 

ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, Kodak-მა $500 000 გადარიცხა იმ ადამიანების ოჯახების დახმარების ფონდში, რომლებსაც მონურ პირობებში ამუშავებდნენ ნაცისტური კორპორაციები. მიუხედავად ამისა, კომპანიას ოფიციალურად ბოდიში არ მოუხდია. 

The Associated Press

The Associated Press, იგივე AP გავლენიანი ამერიკული საინფორმაციო და ფოტოსააგენტოა, რომელსაც პულიცერის 54 პრემია აქვს მიღებული. რთული დასაჯერებელია, მაგრამ მას ნაცისტებთან ახლო კავშირი ჰქონდა.

1933 წლიდან, ნაცისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, დაიწყო დიდი ზეწოლა საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაციებზე. ამავე წელს გამოიცა „რედაქტორის კანონი“, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტები მხოლოდ “არიანელები” უნდა ყოფილიყვნენ, ებრაელები კი უნდა გაეთავისუფლებინათ სამსახურებიდან. კანონი ასევე განსაზღვრავდა, რა უნდა დაებეჭდა პრესას. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების უმრავლესობამ ამ პირობების გამო გერმანია დატოვა, მაგრამ AP-მა დარჩენა გადაწყვიტა და სამსახურიდან ებრაელებიც გაათავისუფლა. 

AP-ის გერმანიის ფილიალი მთლიანად მოექცა ნაცისტური რეჟიმის გავლენის ქვეშ. შუცშტაფელის (ნაცისტური პარტიის პარამილიტარისტული ორგანიზაცია) წევრები მის ნიუსრუმში ისხდნენ და დეტალურად ამოწმებდნენ გამოსაქვეყნებელ მასალას. AP მიზანმიმართულად ამარაგებდა მსოფლიოს ფოტოებით, საზოგადოებაში ანტისემიტური განწყობის ჩამოსაყალიბებლად. სწორედ მისი ფოტომასალებია გამოყენებული ისეთ პროპაგანდისტულ წიგნებში, როგორებიცაა The Jews in the USA და The Subhuman.

AP-ს ამ ყველაფრისთვის ბოდიში არ მოუხდია. 2017 წელს გამოაქვეყნა განცხადება და ნაცისტებთან თანამშრომლობა გაამართლა იმით, რომ იგი დანარჩენ მსოფლიოს ნაცისტური რეჟიმის შუაგულიდან აწვდიდა ინფორმაციას. 

Hugo-Boss-Medium.jpg

Hugo Boss

დიზაინერმა ჰუგო ბოსმა საკუთარი ბრენდი 1931 წელს, ნაცისტური რეჟიმის დამყარებამდე ორი წლით ადრე შექმნა და ამავე წელს თავადაც გახდა პარტიის წევრი. იგი ასევე იყო შუცშტაფელის სპონსორი და ყოველთვიური შემწირველი. 

Hugo Boss უნიფორმებს კერავდა ნაცისტური პარტიის სხვადასხვა შტოსა და ორგანიზაციისთვის, ასევე ნაცისტური გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის.  კომპანიაში მონურ პირობებში ამუშავებდნენ როგორც ადამიანებს საკონცენტრაციო ბანაკებიდან, ასევე ტყვეებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ბევრი მათგანი უმძიმესი სამუშაო პირობების გამო გარდაიცვალა, დანარჩენებმა კი საკონცენტრაციო ბანაკებში დაასრულეს სიცოცხლე. ომის შემდეგ თავად ჰუგო ბოსი დააჯარიმეს და კომპანიის ფლობის უფლება ჩამოართვეს. 

1999 წელს Hugo Boss დათანხმდა, კომპენსაცია გადაეხადა იმ ადამიანების ოჯახებისთვის, რომლებსაც მონურ პირობებში ამუშავებდნენ.

bbc-volkswagen.jpg

Volkswagen

Volkswagen ნაცისტურ გერმანიასთან არამხოლოდ თანამშრომლობდა, მეტიც, ის ნაცისტების შექმნილია. 1930-იანი წლების დასაწყისში მანქანის ფლობა დიდი ფუფუნება იყო და მას ყოველი 50-დან ერთი გერმანელი ფლობდა. 1934 წელს ჰიტლერმა ბრძანა, რომ უნდა შექმნილიყო მანქანა ჩვეულებრივი ადამიანებისათვის, რომელიც „ხალხის მანქანის“ სახელით იქნებოდა ცნობილი. გერმანულად Volks ხალხს ნიშნავს, უფრო ზუსტად – გერმანელ ხალხს, ხოლო Wagen – მანქანას. 

ამ მანქანის შესაქმნელად ჰიტლერმა ავტოდიზაინერი ფერდინანდ პორშე და მისი კომპანია დაიქირავა. ყველასათვის ცნობილი Volkswagen Beetle-ის დიზაინი სწორედ მაშინ შეიქმნა. თუმცა, მანქანების დიდი რაოდენობით წარმოება ვერ მოესწრო, რადგან მალე გერმანიამ მეორე მსოფლიო ომი წამოიწყო. ფერდინანდ პორშე ნაცისტებისათვის სამხედრო მანქანების წარმოებაზე გადავიდა. „ხალხის მანქანის“ წარმოებაც გრძელდებოდა, მაგრამ მცირე რაოდენობით, ძირითადად, მაღალი რანგის ადამიანებისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში Volkswagen მონურ პირობებში ამუშავებდა 15 000-ზე მეტ ადამიანს საკონცენტრაციო ბანაკებიდან. მეტიც, Volkswagen-ის მონაწილეობით აშენდა საკონცენტრაციო ბანაკი Arbeitsdorf, სადაც კომპანიაში დასაქმებული ებრაელი მუშახელი ცხოვრობდა. 

1998 წელს Volkswagen დათანხმდა შეექმნა ფონდი, რომელიც დაეხმარებოდა მონური შრომის მსხვერპლ ადამიანებს. 

ეს კომპანიების სრული სია არ არის. ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობაში მხილებულთა სიაში არიან Nestlé, The Coca-Cola Company, Audi, IBM, Swarovski და BMW და სხვა ცნობილი კორპორაციები.

The post მოქმედი კომპანიები, რომლებიც ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდნენ appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share