Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ გვიზიდავს მარსი


Recommended Posts

  • ფორუმელი

შუა ოქტომბრის თბილი ღამეა და ვირჯინიის უნივერსიტეტის მაკკორმიკის ობსერვატორიისკენ მივიწევ ერთ მარადიულ კითხვაზე პასუხის საპოვნელად: ასე რატომ ამოიჩემეს დედამიწის მცხოვრებლებმა მარსი?

ბორცვის წვერზე განლაგებული ობსერვატორიის გუმბათი ღიაა და შემოდგომის წყვდიადში ქარვისფერი შუქი იღვრება. სწორედ აქაური ტელესკოპით დაადასტურეს 1877 წელს ასტრონომებმა მარსის ორი ციცქნა მთვარის – ფობოსის და დეიმოსის აღმოჩენა. დღეს მეც ზუსტად ისე შევძლებ მარსის დანახვას. 

ვირჯინიის უნივერსიტეტის ასტრონომი ედ მერფი პანდემიის გამო საზოგადოებისთვის დაკეტილ ობსერვატორიას საგანგებოდ ესტუმრა, რადგან ამაღამ მარსი განსაკუთრებით დიდად და მკვეთრად გამოჩნდება ცენტრალური ვირჯინიის ცაზე, სადაც ჰაერის ტურბულენტური ნაკადები ზოგჯერ ხელს უშლის ღამის ცაზე დაკვირვებას. 

I8986_20201113_004-1024x576.jpg
STOCK_PIA23378-1024x576.jpg

მაშინ და ახლა
მარსის ბუნდოვანი გამოსახულებების შემხედვარენი, ფიქრობდნენ, რომ მარსელებს საირიგაციო არხები გაჰყავდათ. დღეს იქ Curiosity-ს (მარჯვნივ) მსგავსი მარსმავლები უცხოპლანეტელ მიკრობებს დაეძებენ.

მერფი კიბით ძვრება 1885 წელს აგებულ ხის პლატფორმაზე და გიგანტურ ტელესკოპს თვალშისაცემი ნარინჯისფერი ნათელი წერტილისკენ მიმართავს. ხელსაწყოს შეუჩხიკინებს და პლანეტაც ფოკუსში მოექცევა. „დაელოდეთ, ატმოსფერო რამდენიმე წამით გაიწმინდება და მარსს მკვეთრად დაინახავთ… შემდეგ ისევ გაბუნდოვანდება“, – მითხრა მან კოსმოსური სიუჟეტით გაფორმებული პირბადიდან.

ადგილებს ვცვლით. ტელესკოპში მარსი თავდაყირა, მოვარდისფრო-ატმისფერ სფეროდ ჩანს, რომელიც ხან სიმკვეთრეს იძენს, ხან კი – ბუნდოვანდება, მე კი პარალელურად ვცდილობ, ფურცელზე მისი ჩანახატი გადმოვიტანო – ისე როგორც XIX საუკუნის სწავლულები ცდილობდნენ პლანეტის ლანდშაფტური რუკის შედგენას და მხურვალედ სჯეროდათ, რომ ამ უცხო პლანეტის ზედაპირს განვითარებული ცივილიზაციის ნაკვალევი ეტყობოდა.  

დღეს უკვე ვიცით, რომ ამ პლანეტის ალისფერი ზედაპირი ვეებერთელა საინჟინრო იარებით არ არის დასერილი, თუმცა ადამიანის ინტერესი მარსის მიმართ არ ნელდება. მარსთან ათასწლეულების განმავლობაში ასოცირებული გვყავდა ჩვენი ღვთაებები, ვაკვირდებოდით მის მოძრაობას, ვადგენდით მისი ზედაპირის რუკას. მარსი ჩავაქსოვეთ ჩვენს ხელოვნებაში, სიმღერებში, ლიტერატურასა და კინოში. კოსმოსური ერის დასაწყისიდან დღემდე კი მილიარდობით დოლარის ღირებულების საინჟინრო სასწაულები, 50-ზე მეტი აპარატი გავუგზავნეთ. მრავალმა მათგანმა არ იმუშავა. მარსის მანია კი გრძელდება.

მერფისთან ჩემი შეხვედრის დროს, ოქტომბერში, მარსის ორბიტასა და მის მტვრიან ზედაპირზე 8 კოსმოსური აპარატი მუშაობდა. 2021 წლის თებერვალში კიდევ სამი რობოტი ემისარი შეხვდა მარსს: NASA-ს ფლაგმანი სიცოცხლის მაძიებელი მარსმავალი სახელწოდებით Perseverance (ინგლ. შეუპოვრობა) და ისტორიის შემქმნელი, ჩინეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მისიები.

მაგრამ რატომ? ჩვენთვის ნაცნობ სამყაროებს მარსი არაფრით აღემატება და არც ყველაზე ადვილად მისაღწევია. არც ვენერასავით იდუმალია და არც ისეთი თვალწარმტაცი, როგორებიც იუპიტერი და სატურნი არიან. სავარაუდოდ, მარსზე სიცოცხლის პოვნის ალბათობაც არ არის ყველაზე მაღალი – ეს მზის სისტემის გარე პლანეტების ყინულოვანი ოკეანეების მქონე მთვარეებზე უფრო დასაშვებია.

I8969_181026_00174-1024x576.jpg
I8969_181026_00265-1024x576.jpg

Mastcam-Z-ის აწყობა
Malin Space Science Systems-ის (სან-დიეგო, კალიფორნია) ტექნიკოს ოლავალე ოლუვოს, მარსმავალ Perseverance-ზე დასამონტაჟებელი ორი კამერის, Mast-cam-Z-ის დეტალი უჭირავს, რომელსაც მარსისმაგვარი ტემპერატურული რყევის მქონე სიმულატორში ცდიან (მარჯვნივ). კრეგ კატლერი (ორივე ფოტო)

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პლანეტოლოგის, პოლ ბირნის თქმით, „მარსის წითელი მტვერი ვერ შეედრება დანარჩენ სამყაროებს. ერთი წამითაც არ ვამბობ, რომ მას არ უნდა ვიკვლევდეთ, თუმცა ხმამაღლა ვაცხადებ: მარსს კოსმოსის კვლევის საერთო სტრატეგიაში თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ“.

მარსის მიმზიდველობის მეცნიერული საფუძველი კომპლექსურია და მას მუდმივ ბიძგს აძლევს ზემოხსენებული კოსმოსური აპარატების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და გამოსახულებები. მარსი მარადიული გამოცანაა; მუდამ მისი ამოცნობის ზღვარზე ვართ და ბოლომდე ვერაფერს ვუგებთ. „ეს გახლავთ მსოფლიოს ერთ-ერთი, დროში ყველაზე მეტად გაწელილი აღმოჩენა“, – ამბობს იორკის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი კეტრინ დენინგი, რომლის სპეციალიზაციაა ადამიანური ელემენტები კოსმოსის ათვისებაში.

მარსის უცვლელი პოპულარობის მიზეზი კი მეტად პრიმიტიულია: ჩვენ ხელთ არსებული მარსის მკაფიო სურათის მიუხედავად, მაინც მარტივად წარმოგვიდგენია მარსზე დასახლება. „საკმარისად ცარიელია“, – ამბობს დენინგი. 

ხელში მარსის უხეში ჩანახატი მიჭირავს და ვფიქრობ იმ ათწლეულებზე, რომლებიც ხან მწვანე კაცუნების, ხან მიკრობების ან ადამიანთა დასახლებების ძებნას დავუთმეთ და იმაზე, თუ როგორ ხელახლა იკრებდა ძალას მარსის ციებ-ცხელება ყოველი წარუმატებლობის შემდეგ. ამავე დროს, უამრავი მეცნიერი ვიცი, რომლებიც ჩვენს ოცნებებს და რობოტებს მოუყრიდნენ თავს და მზის სისტემის სხვა პლანეტებისკენ გააქანებდნენ. მეცნიერების შეზღუდული სახსრებისა და მზარდი კონკურენციის ფონზე, სულ მეფიქრება, ნეტავ ოდესმე თუ დავაღწევთ თავს მარსის ხიბლს.

ადამიანი, უძველესი ცივილიზაციებიდან მოყოლებული, აკვირდებოდა მარსს და ცის კამარაზე მისი გადაადგილება რუკაზე გადაჰქონდა. ძვ. წ. III ათასწლეულში ამ „მოხეტიალე ვარსკვლავის“ თვალყურის დევნებისას შუმერებმა მისი ავისმომასწავებელი ფერი ავსულ ღვთაება ნერგალს დაუკავშირეს – ჭირისა და ომის ღმერთს. მისი გადაადგილება და ცვალებადი სიკაშკაშე მეფეებისა თუ ცხენების დაღუპვას ან მოსავლისა და ბრძოლების უბედობას მოასწავებდა.  

ავსტრალიის აბორიგენულ კულტურებშიც ანიჭებენ მნიშვნელობას მის ფერს და აღწერენ, როგორც ალმოდებულს, ან უკავშირებენ კოგოლონგოს – ადგილობრივ წითელკუდა შავ კაკადუს. კოლუმბამდელი მაიას ტომიც რუდუნებით აღრიცხავდა ამ ციური სხეულის მდებარეობას ვარსკვლავების მიმართ და ამას დედამიწაზე სეზონების ცვლილებას უკავშირებდა. ბერძნებმა ეს პლანეტა დაუკავშირეს ომის ღმერთს – არესს, რომელსაც რომაელები მარსს უწოდებდნენ.

1800-იანი წლების შუიდან ტელესკოპმა მარსი მითოლოგიიდან რეალურ სამყაროში გადმოისროლა. როდესაც ფოკუსი გასწორდა, მარსი ერთი ჩვეულებრივი პლანეტა გახდა თავისი ამინდით, ცვალებადი რელიეფით და პოლუსებზე მყინვარული ფარებით – დედამიწასავით. „როგორც კი შეიარაღებული თვალით შევხედეთ მარსს, დინამიკა შევნიშნეთ“, – ამბობს SETI Institute-ის მეცნიერი ნატალი კაბროლი, რომელიც უკვე ათწლეულებია იკვლევს მარსს.

i8969_190722_00120.jpg სუფთა დასაწყისი – Jet Propulsion Laboratory-ის ინჟინრები სტერილურ ოთახში აკალიბრებენ მარსმავალ Perseverance-ის 23 კამერას. ტექნიკოსები მაქსიმალურად ცდილობენ, დედამიწაზე გავრცელებული მიკრობებით არ დააბინძურონ აპარატი, რომლის მისიაც მარსზე სიცოცხლის ნიშნების პოვნაა. სპენსერ ლოუელი

ვიქტორიანული ეპოქის ასტრონომები მარსის ზედაპირის საკუთარ ჩანახატებს ფაქტებად წარადგენდნენ. ერთი ასეთი რუკა 1877 წელს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოხვდა. იტალიელი ასტრონომის, ჯოვანი სკიაპარელის დახატულ მარსზე გამოკვეთილი იყო ტოპოგრაფიული ერთეულები და ლურჯად გაფერადებული ათეულობით არხიდან ამოწვერილი კუნძულები. სკიაპარელიმ საკუთარი რუკა დეტალებით დატვირთა და, ნომენკლატურის წესების დაცვის ნაცვლად, პლანეტის ეგზოტიკურ ადგილებს სახელები ხმელთაშუაზღვისპირული მითოლოგიიდან შეურჩია. 

„ეს მისი მხრიდან მეტად თამამი განაცხადი იყო“, – ამბობს ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის ისტორიული გეოგრაფიის სპეციალისტი მარია ლეინი. „პრაქტიკულად მან თქვა, რომ ყველასგან იმდენად განსხვავებული რამ ნახა, რომ მათ მსგავს სახელებს ვერ გამოიყენებდა“.

როგორც ლეინი ამბობს, ამის გამო სკიაპარელის რუკა დაუყოვნებლივ იქცა ავტორიტეტულად. სამეცნიერო და სახალხო აზრმა ის ჭეშმარიტების ამსახველად გამოაცხადა. მარსის ოცდაათწლიანი მანიის შემდეგ, რომელიც ამას მოჰყვა, უკვე ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს ეპატიებოდა თუ სჯეროდა, რომ გონიერ მარსელებს მთელ პლანეტაზე არხების სისტემა ჰქონდათ გაყვანილი. ეს საყოველთაო აღტაცება მეტწილად ერთ თავისებურ არისტოკრატს, პერსივალ ლოუელსაც უკავშირდება, რომელიც მარსით ძლიერ იყო შეპყრობილი.

მდიდარი ბოსტონელი ლოუელისთვის ასტრონომია მხოლოდ დროებითი გატაცება არ ყოფილა – ის ხარბად ეწაფებოდა სამეცნიერო და პოპულარულ ლიტერატურას. ნაწილობრივ სკიაპარელის რუკებით შთაგონებულს, მასაც სჯეროდა, რომ მარსზე არხების სისტემის არსებობა არამიწიერი ტექნოლოგიის დამსახურება იყო.  ლოუელს სურდა, ობსერვატორიის მშენებლობა მოესწრო 1894 წლის შემოდგომამდე, როდესაც მარსი დედამიწას მაქსიმალურად მოუახლოვდებოდა და მზით განათებულ ზედაპირზე არხების დანახვის საუკეთესო შესაძლებლობა მიეცემოდა. 

ლოუელის ობსერვატორია იმავე წელს აშენდა არიზონაში, ფლაგსტაფის ახლოს ერთ ქარაფზე, რომელსაც ადგილობრივებმა მარსის ბორცვი შეარქვეს. წიწვოვანი ტყით გარშემორტყმულ ობსერვატორიაში ლოუელი ბეჯითად იკვლევდა წითელ პლანეტას. მას ეგონა, სკიაპარელის რუკების სისწორესაც დაადასტურებდა და 116 არხსაც დაამატებდა, რომლებიც თავად დალანდა ტელესკოპით. „რაც მეტჯერ ჩაიხედავ ოკულარში, მით მეტ ხაზს დაინახავ, – ამბობს კაბროლი, – ადამიანის ტვინს სჩვევია ეს“.

ლოუელის შეფასებით, არხების გამყვანი მარსელები უაღრესად გონიერი არსებები იყვნენ, რომელთაც პლანეტის მასშტაბის საინჟინრო ცოდნა ჰქონდათ: კლიმატის გამანადგურებელ ცვლილებასთან გასამკლავებლად ამ უცხოპლანეტელთა მოდგმას უზარმაზარი საირიგაციო არხები გაჰყავდა პოლუსებიდან ეკვატორამდე. ლოუელი თავის დაკვირვებებს ხშირად აქვეყნებდა და მისი შეხედულებები გადამდები იყო. თვით ნიკოლა ტესლამ, ელექტრობის პიონერმაც, აიტაცა მარსის თემა და განაცხადა, რომ მარსიდან მომავალი რადიოსიგნალები დააფიქსირა 1900-იანი წლების დასაწყისში. 

i8969_190723_00173-1024x576.jpg შორსმჭვრეტელი ტექნოლოგია
Perseverance-ის ანძაზე ორი მეტრის სიმაღლეზე დამაგრებული ეს ორი კოლოფი მარსმავლის მთავარი კამერებია, რომლებიც სტერეოხედვას უზრუნველყოფს. „მათი კადრები ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნის, თითქოს საკუთარი ორი თვალით ვხედავთ იქაურობას“, – ამბობს არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერი ჯიმ ბელი. ჩვენგან განსხვავებით, ეს „თვალები“ სხვადასხვა სიგრძის ტალღებს აღიქვამენ.

1907 წელს კი ლოუელის თეორიამ მსხვრევა დაიწყო, ნაწილობრივ მისივე დაფინანსებული პროექტის წყალობით.  იმ წელს ასტრონომებმა ტელესკოპის მეშვეობით მარსის ათასობით ფოტო გადაიღეს და მსოფლიოს წარუდგინეს. ლეინის თქმით, ფოტოგრაფიამ დროთა განმავლობაში ჩაანაცვლა კარტოგრაფიული „ჭეშმარიტება“.  როგორც კი ხალხმა თავად დაინახა ფოტოებსა და რუკებს შორის სხვაობა, ლოუელის რუკებმაც სარწმუნოობა დაკარგა.

და მაინც, XX საუკუნის მიწურულისთვის, მარსი უკვე იყო ნაცნობი, მეზობელი პლანეტა ცვალებადი ლანდშაფტებითა და მცხოვრებლების არსებობის იმედით. დაკვირვების მომდევნო ტალღამ გამოააშკარავა პოლარული მყინვარული საფარის სეზონურად შემცირება-გაფართოება და ეკვატორის მიმართულებით მცოცავი მუქი ლაქა. 1950-იან წლებში ზოგ მეცნიერს მიაჩნდა, რომ ეს დაბურული ადგილები მცენარეული საფარი უნდა ყოფილიყო, რომელიც ხარობდა და იღუპებოდა; მსგავსი თეორიები მაღალი რანგის გამოცემებში ქვეყნდებოდა. ეს სამეცნიერო ციებ-ცხელება საფუძვლად დაედო სამეცნიერო ფანტასტიკის ნამდვილ საგანძურს, დაწყებული ჰ. ჯ. უელსის „სამყაროთა ომებიდან“ რეი ბრედბერის „მარსის ქრონიკებამდე“.

„მარსის რეალური კვლევის დაწყებამდე, 1960-იან წლებამდე, მხოლოდ წარმოსახვის პროდუქტები გვქონდა უხვად“, – ამბობს ენდი უირი, „მარსელის“ ავტორი. „სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორს შეეძლო ეთქვა – მარსზე არაფერი ვიცი, ამიტომ რასაც მინდა, იმას დავწერო“. 

შემდეგ, 1965 წელს,  წითელ პლანეტას NASA-ს კოსმოსურმა ზონდმა Mariner 4-მა ჩაუქროლა. მან მარსის ზედაპირის პირველი ახლო კადრები გადაიღო შავ-თეთრად; პოპკულტურაში დამკვიდრებული ფერადი სურათი კრატერებიანი ლანდშაფტის ხორკლიანმა გამოსახულებამ ჩაანაცვლა. ნანატრ კადრებში პლანეტის არიდული სტერილურობის დანახვა მეტად გამაწბილებელი იყო, თუმცა ადამიანების წარმოსახვაში მარსზე სიცოცხლის არსებობის იდეის ხელახლა გაღვივებას დიდი დრო არ დასჭირვებია. 

COVID-19-ის პანდემიის იზოლაციამ მეტ-ნაკლები წარმოდგენა შემიქმნა იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მარსის შემსწავლელი მეცნიერების სამუშაო დღეები. ჩვეულებრივ, ბევრს ვმოგზაურობ და ამბების დევნა ხან უდაბნოში მიმიყვანს, ხან ჯუნგლებში და ხანაც ზღვის ყინულზე. დღეს მარსის მკვლევრები ობიექტს მხოლოდ ტელესკოპიდან და ეკრანიდან შეისწავლიან. უცხო მიწის ადგილზე შესწავლა ჯერჯერობით დისტანციურად მართვადი მარსმავლების საქმეა. 

ოქტომბრის ერთ დილას ვიდეოზარით დავუკავშირდი SETI Institut-ის თანამშრომელ კაბროლს. მის უკან, ფონზე, მარსის ხედი ჩანდა – ნარინჯისფერ ბურუსში გახვეული ჟანგისფერი პეიზაჟი – მარსის მკვლევრისთვის შესაფერისი.

შემდეგ კაბროლმა ადგილი შეიცვალა. წინა პლანზე გამოჩნდა საბურავის ნაკვალევი, სატვირთო მანქანები და ხასხასა ნარინჯისფერი კარვები. მარსის ნაცვლად კაბროლის საველე კვლევის ადგილს ვხედავ ჩილეს ალტიპლანოში. მას ათეულობით წლის განმავლობაში გადაქექილი აქვს ეს მაღლობი უდაბნო მარსისმაგვარი გარემოს ძიებაში; ის ეძებს სიცოცხლეს ვულკანურ მწვერვალებსა და მაღალმთიან ტბებში იმის წარმოსადგენად, თუ როგორ შეიძლება რობოტმა გაართვას თავი მსგავს დავალებას ათეულობით მილიონი კილომეტრის მოშორებით.

კაბროლი და მარსის შემსწავლელი სხვა თანამედროვე მეცნიერები უნდა უმადლოდნენ Mariner 9-ს, პირველ კოსმოსურ ხომალდს, რომელმაც 1971 წელს მარსის ორბიტა შემოიარა. ხომალდის კამერამ დააფიქსირა უზარმაზარი ვულკანური მწვერვალების ტრიო – Tharsis Montes, რომელიც მხოლოდ Olympus Mons-ს ჩამორჩებოდა ზომით. აღმოსავლეთით მდებარეობდა რიფტული ხეობა – Valles Marineris – არიზონის დიდი კანიონის მსგავსი, თუმცა ცხრაჯერ უფრო გრძელი. 

STOCK_PIA00766-1024x576.jpg
STOCK_PIA17759-1024x576.jpg

(მარცხნივ) მარსზე მოხეტიალე
კოსმოსური ხომალდის მარსამდე მიყვანა ადვილი არ არის და ბევრი ადრეული მისია მარცხით დამთავრდა. 1997 წელს NASA-ს მისია Pathfinder-მა წარმატებით დასვა პირველი ბორბლებიანი აპარატი; პიონერი მარსმავალი Sojourner-ი 2015 წლის ფილმ „მარსელშიც“ მოხვდა. NASA/JPL
(მარჯვნივ) ზედხედი
NASA-ს მარსმავლების გამოგზავნილი ფოტოები, მეცნიერების განვითარების გარდა, რობოტებისადმი საზოგადოების კეთილგანწყობასაც უწყობს ხელს. 2014 წელს Opportunity-მ რამდენიმე გამოსახულებისაგან აწყობილი ეს „სელფი“ გამოგვიგზავნა. მოზაიკური გამოსახულება NASA/JPL/კორნელის უნივერსიტეტი/არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რაც მთავარია, Mariner 9-ის გადაღებულ ათასობით ფოტოზე მეცნიერებმა დაინახეს უძველესი მდინარის მიერ გაჭრილი ხეობები, ჭალები, არხები და დელტები. მათ წყლის ყინულის არსებობის ქიმიური მინიშნებებიც ამოიკითხეს. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ მარსის ეგზოტიკური პეიზაჟები ოდესღაც წყლის დინებამ გამოძერწა.

„უხვადაა გეოლოგიური მტკიცებულებები, რომ მარსზე კლიმატი დღევანდელისგან რადიკალურად განსხვავებული იყო“, – ამბობს ტოკიოს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (Earth-Life Science Institute) მეცნიერი რამზეს რამირესი. ამ მიგნებამ მარსის კვლევის მიმართულება შეცვალა. კაბროლი ამბობს, რომ ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი, სამეცნიერო თავგადასავალი. 

იმის გაგებამ, რომ უძველეს მარსზე დედამიწის მსგავსი სავანე შეიძლებოდა ყოფილიყო, პლანეტის ევოლუციაში მთელი რიგი ახალი კითხვები გააჩინა; ასევე ხელახლა გააღვივა იმის გარკვევის ინტერესი, შეიძლებოდა თუ არა, რომ წარსულში მარსზე სიცოცხლე ყოფილიყო, ან, თუ გაგვიმართლებდა – ახლაც. „გასაოცარია, რომ დღესაც იმავე თემებს ვეხებით, რომლებიც პერსივალ ლოუელისთვისაც იყო ნაცნობი. მხოლოდ, არხების გარეშე“, – ამბობს რიჩ ზურეკი, NASA-ს Jet Propulsion Laboratory (JPL)-ში მარსის პროგრამის მთავარი მეცნიერი.

Mariner 9-ს NASA-მ მალევე მოაყოლა კიდევ უფრო ამბიციური მისია. 1976 წელს მარსის მიწაზე, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, დაეშვა Viking-ის წყვილი აპარატი და ადამიანებმა წითელი პლანეტა უკვე თვალის მზერის დონეზეც დაინახეს. იმ დროისთვის მეცნიერებისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ მარსი სეზონურად არ იმოსებოდა მცენარეულობით; ეს ჩრდილები ვულკანური ქვიშის ქარბუქის შემოქმედება იყო. ისიც იცოდნენ, რომ აღარც წყალი მიჩუხჩუხებდა პლანეტის ზედაპირზე. თუმცა, ჯერ კიდევ უცნობი იყო, არსებობდა თუ არა ნიადაგში სიცოცხლის რამე ფორმა. ამ იმედის დათმობა, სულ ცოტა, ერთ ასტრონომს, კარლ სეიგანს, მაინც არ უნდოდა და სიცოცხლის უფრო დიდ ფორმებსაც არ გამორიცხავდა. 

JPL-ის მთავარი ინჟინერი და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში მოღვაწე ავტორი ჯენტრი ლი იხსენებს: `Viking-ზე მძლავრი განათების დაყენებას ვგეგმავდით, რათა ღამითაც შეგვძლებოდა ფოტოების გადაღება“ იმ შემთხვევისთვის, თუ მარსელები მეღამური არსებები აღმოჩნდებოდნენ. სეიგანისთვის დიდად სამწუხაროდ, Viking-ის გუნდმა გადაწყვიტა, ორივე დასაშვები აპარატიდან მოეხსნა განათება.

Viking-ის ცდებმა მარსზე ვერც მიკრობებს მიაგნო და ვერც ნაკვალევს ქვიშაზე. სამაგიეროდ, ნიადაგში მიაკვლიეს პერქლორატის ნიშნებს – ქიმიურ შენაერთს, რომელსაც ორგანული მოლეკულების განადგურებაც შეუძლია და, პოტენციურად, ნახშირბადზე დაფუძნებული სიცოცხლის ფორმების ნიშანწყლის წაშლაც. „ასე რომ, ნაშთებსაც ვერ მოძებნი, რომ გინდოდეს“, – ამბობს ზურეკი. 

თუმცა Viking-მა გამოაგზავნა ისეთი ლანდშაფტების ფოტოები, რომლებიც დედამიწის ნებისმიერ არიდულ ადგილას შეიძლებოდა ყოფილიყო გადაღებული. მარსის ახალი კადრების შემოდინება მას შემდეგ დაიწყო, რაც NASA-მ პლანეტის ეულ მიწაზე მავალი რამდენიმე აპარატი ერთმანეთის მიყოლებით გაუშვა: Pathfinder-ი 1997 წელს, Spirit-ისა და Opportunity-ს წყვილი 2004 წელს, შემდეგ კი Curiosity 2012 წელს.  ჯამში მათ დაახლოებით 700 000 გამოსახულება გამოაგზავნეს. წითელ მიწაზე მათი ნაკვალევისა თუ კრატერის რკალზე წამოსკუპებული რობოტების „სელფის“ შემხედვარე, ჩვენც ახლა უფრო ადვილად წარმოგვიდგენია თავი მათ ადგილას.

უძველესი მხარეები
2003 წელს მარსმავალმა იპოვა მტკიცებულება, რომ ამ პლანეტაზე ოდესღაც წყალი მიედინებოდა, თუმცა ადრეული კლიმატური პირობები დღემდე მსჯელობის საგანია. ზემოაღნიშნულ კლიმატის ორ უკიდურესობას შეეძლო სითხის უზრუნველყოფა; შესაძლოა, მარსს, აქ ილუსტრირებული ორივე სტადია გაევლო მონაცვლეობით.

MARS_wetwarm_final_CMYK-1024x576.jpg
MARS_Icysand_final_CMYK-2-1024x576.jpg

(მარცხნივ) თბილი და სველი
დედამიწაზე 140C-ის შესაბამისი, თბილი ამინდი წყლის დინებას და წვიმასაც დაუშვებდა. შტორმები მტვრისგანაც გაწმენდდა ჰაერს და ცაც უფრო უღრუბლო იქნებოდა. სველი და კლდოვანი ლანდშაფტი მცენარეულ საფარს ვერ უზრუნველყოფდა.
(მარჯვნივ) ცივი და ყინულოვანი
ანტარქტიდაზე უფრო ცივი ტემპერატურა ნებისმიერ ზედაპირულ წყალს გაყინავდა, მაღლობები ყინულით და თოვლით დაიფარებოდა. ვულკანურ ორთქლსა და ლავას ზოგი რეგიონის ხანმოკლე დროით დათბობა შეეძლო. უძველესი მარსი უფრო რუხი იქნებოდა; დღეს მის მოწითალო ელფერს ნიადაგში ჟანგიანი რკინის შემცველობა განაპირობებს.

 

მანუელ კანალესი და მეთიუ უ. ჩვასტიკი;  NGM-ის თანამშრომლები; ალექსანდერ სტეგმაიერი. ილუსტრაცია: ანტუან კოლინიონი. წყარო: ეშლი პალუმბო, ბრაუნის უნივერსიტეტი; რობინ უორდსუორთი, ჰარვარდის უნივერსიტეტი; NASA

 

სტამბულიდან დაახლოებით 8 საათის სავალზე, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთში, სალდას ტბაზე, ერთი ნავსადგურია. მუქი ფერის ვულკანური ქანების გავლით მბრწყინავი თეთრი ქვიშის სანაპიროზე მოხვდებით. გამჭვირვალე აკვამარინისფერი წყალი მუქ ლურჯში გადაიზრდება ტბის ცენტრში, სადაც სიღრმე 200 მეტრს აღწევს. ეს თითქმის იდეალური თანამედროვე ანალოგია იეზეროს კრატერისა, სადაც NASA-ს მორიგი მარსმავალი სახელწოდებით Perseverance აპირებს უძველესი სიცოცხლის ნაშთების ძიებას.

„ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს თურქეთის მალდივებს უწოდებს“, – ამბობს პერდიუს უნივერსიტეტის მაგისტრანტი ბრედ გარჩინსკი. „შეგიძლიათ თავი იეზეროს სანაპიროზე გასარუჯად წამოწოლილ მიკრობად წარმოიდგინოთ“.

მართალია, იეზერო ახლა დამშრალია, თუმცა რელიეფის გამოძერწილი ფორმები იმაზე მიანიშნებს, რომ კრატერულ ტბას მდინარეები კვებავდა. 3,5 მილიარდზე მეტი წლის წინ, იეზეროში  წყალი, სავარაუდოდ, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან იჭრებოდა და დანალექ შრეებს ტოვებდა მარაოსავით გაშლილ დელტაში, კრატერის კედლებთან ახლოს. დროთა განმავლობაში კრატერი შეივსო და დაიტბორა, რის შემდეგაც წყალი აღმოსავლეთით გაჩენილი ნაპრალიდან გაედინებოდა.

კოსმოსურმა ხომალდმა ორბიტიდან იეზეროს დელტაში ამოიცნო თიხები და კარბონატული მინერალები, რომელთა ფორმირებისთვისაც წყალია საჭირო. სალდას ტბის თეთრი ქვიშაც, მათ მსგავსად, მიკრობიალიტებად წოდებული კარბონატებისგანაა შედგენილი. ამ ქანების სტრუქტურა ორგანულ ნაერთებს ატყვევებს. დედამიწაზე მსგავს პროცესში შექმნილი შრეებიანი სტრუქტურები მიკრობული სიცოცხლის უძველეს მტკიცებულებებს ინახავს. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ იეზეროს კარბონატებიც ასე იქცევიან.

„ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც გვახარებს იეზეროს კრატერის კვლევა“, – ამბობს პერდიუს უნივერსიტეტის მეცნიერი ბრინი ჰორგანი. ამიტომაა, რომ გარჩინსკიც თურქეთში დადის და მარსმავალივით აგროვებს ნიმუშებს – იგი ეძებს ადგილებს, სადაც შესაძლოა შენახული იყოს ბიოსიგნატურები და იმაზეც ფიქრობს, როგორ შეიძლება ისინი გამოიყურებოდნენ Perseverance-ისთვის. ამისათვის მან 40 კგ მასალა მოაგროვა ტბიდან და ჩემოდნით წაიღო შინ.

I8969_181026_00302.jpg მეთაურობა შორიდან – ანჯელა მაგი, Malin Space Science Systems-იდან, მუშაობს 2012 წელს მარსზე დაშვებული Curiosity-ს კამერის ინსტრუქციებზე. მარსის ზედაპირის შესწავლა ადამიანებს დღეს მხოლოდ დისტანციურად შეუძლიათ. მეცნიერები აპროგრამებენ ბრძანებებს მარსზე მომუშავე მათი რობოტი ავატარებისათვის. ფოტო: კრეგ კატლერი

გარჩინსკის მსგავსად, Perseverance-იც შეაგროვებს ქანებს, თუმცა მაქსიმუმ 450 გრამს. მარსმავალზე დამაგრებული კამერები – რომლებიც სხვადასხვა სიგრძის ტალღებს აფიქსირებს – მას ყველაზე საინტერესო ქანების ამოცნობაში დაეხმარება. მარსმავალი ამ ნიმუშებს გადამალავს და მარსზე დატოვებს შემდეგი ხომალდის მოლოდინში, რომელიც მათ დედამიწაზე ჩამოიტანს. აქაურ ლაბორატორიაში კი მეცნიერები, საუკეთესო ხელსაწყოების მეშვეობით, მარსის უძველეს კლიმატს გაშიფრავენ და შესაძლო სიცოცხლის ნიშნებს ამოიკითხავენ.  

ან თუ გაგვიმართლა, Perseverance-ის დახვეწილი კამერები პირველად მოჰკრავენ თვალს განამარხებულ მარსელებს. 

თუკი რამე გვასწავლა მარსმა კაცობრიობას, ისაა, რომ ჩვენ იქ ცხოვრების არარეალისტური ოცნებები გვიტაცებს. ჩვენს იმედებს არხებზე, მცენარეულობასა და მეტეორიტებში გაქვავებულ ნაშთებზე მარსი მუდამ უღიმღამო, უნაყოფო რეალობით პასუხობს. მაშ, რატომღა ვაგზავნით მორიგ კოსმოსურ ხომალდს მარსზე სიცოცხლის საძიებლად – თანაც ცოცხალი ორგანიზმების კი არა, არამედ სიცოცხლის იმ ფორმების ნაშთებისა, რომლებიც შესაძლოა მილიარდობით წლის წინ არსებობდნენ. 

  • STOCK_44644_PIA23623_M34-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • STOCK_43144_PIA20332-1024x575.jpg
    გალერეის გახსნა
  • STOCK_PIA20755-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

მეტი სიმკვეთრე 2019 Curiosity-ს გუნდმა ეს პანორამა ააწყო 4 დღის განმავლობაში გადაღებული ათასზე მეტი კადრისგან, რომლებიც აღბეჭდილია გეილის კრატერში მდებარე შარპის მთიდან.

1139 გამოსახულებისაგან შედგენილი მოზაიკა, NASA/JPL/MALIN SPACE SCIENCE SYSTEMS

კლდოვანი სივრცე 2016 ამ 360-გრადუსიან პანორამაზე აღბეჭდილია დედამიწის მახასიათებელი ნიშნების მქონე გეილის კრატერი – მარსმავალ Curiosity-ს დაშვების ადგილი.

138 გამოსახულებისგან შედგენილი მოზაიკა, NASA/JPL/MALIN SPACE SCIENCE SYSTEMS

მოლივლივე ხედი 2015 Curiosity-ს გადაღებული კადრებისგან შედგენილ პანორამაზე ტალღოვანი დიუნებია გამოსახული. მათ ფერს ქვიშის შემადგენელი მინერალები და დილის შუქჩრდილები განაპირობებს.

14 გამოსახულებისგან შედგენილი მოზაიკა, NASA/JPL/MALIN SPACE SCIENCE SYSTEMS

გააზიარეთ ფოტო
  • STOCK_44644_PIA23623_M34-1024x576.jpg
  • STOCK_43144_PIA20332-1024x575.jpg
  • STOCK_PIA20755-1024x576.jpg
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

მეტი სიმკვეთრე 2019 Curiosity-ს გუნდმა ეს პანორამა ააწყო 4 დღის განმავლობაში გადაღებული ათასზე მეტი კადრისგან, რომლებიც აღბეჭდილია გეილის კრატერში მდებარე შარპის მთიდან.

1139 გამოსახულებისაგან შედგენილი მოზაიკა, NASA/JPL/MALIN SPACE SCIENCE SYSTEMS

კლდოვანი სივრცე 2016 ამ 360-გრადუსიან პანორამაზე აღბეჭდილია დედამიწის მახასიათებელი ნიშნების მქონე გეილის კრატერი – მარსმავალ Curiosity-ს დაშვების ადგილი.

138 გამოსახულებისგან შედგენილი მოზაიკა, NASA/JPL/MALIN SPACE SCIENCE SYSTEMS

მოლივლივე ხედი 2015 Curiosity-ს გადაღებული კადრებისგან შედგენილ პანორამაზე ტალღოვანი დიუნებია გამოსახული. მათ ფერს ქვიშის შემადგენელი მინერალები და დილის შუქჩრდილები განაპირობებს.

14 გამოსახულებისგან შედგენილი მოზაიკა, NASA/JPL/MALIN SPACE SCIENCE SYSTEMS

„ჩვენ. არ. გვიძებნია. სიცოცხლე. მარსზე“, დამარცვლით, ემოციურად ამბობს კაბროლი. „თუ არ გაქვს სათანადო წარმოდგენა გარემოზე, როგორ შეძლებ იქიდან სიცოცხლის ნიშნების ამოკრეფას?!“ Viking-იც კი, რომელიც წესით და რიგით სიცოცხლის მაძიებელი პროგრამა იყო, წარმატების მისაღწევად არასაკმარისი გარემოს ცოდნით შედგენილ ცდებს ატარებდა. 

ის უძველესი ლანდშაფტები დღესაც ადგილზეა და ინახავს როგორც ახალშობილი პლანეტის შესახებ ინფორმაციას, ისე იმ დროის ჩანაწერებსაც, როდესაც სქელ ატმოსფეროში გახვეულ, შედარებით სველ მარსზე შეიძლებოდა სიცოცხლე ყოფილიყო.

„ვიცით, რომ მარსზე არც არხებია, არც პირამიდები, არც უცხო ცივილიზაცია, არც პლასტმასის ჭურჭელი, – ამბობს კაბროლი, – მაგრამ თუ გავარკვევთ, რომ რამე პრებიოტური ნივთიერებები იყო მარსზე მიმოფანტული, შეიძლება ახალი რამ შევიტყოთ სიცოცხლის ევოლუციის შესახებ კლდოვან სანაპიროებზე – მათ შორის ჩვენთან“.

რა მოხდება, თუ Perseverance-ი ვერ მიაგნებს იმის კვალს, რომ იეზეროს მსგავსი ადგილები შეიძლებოდა დასახლებული ყოფილიყო? შევძლებთ კი ოდესმე მარსზე ცხოვრების იდეის დათმობას? ალბათ – ვერა, აღიარებს დევიდ გრინსპუნი, პლანეტოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი.  „ძალიან რთულია იმ მოსაზრების ჩახშობა, რომ მარსი როგორღაც გვიმალავს მასზე სიცოცხლის არსებობას, – ამბობს იგი, – ამის ჯიუტად გვჯერა“. 

STOCK_PIA23777.jpg საველე გამოცდა მარსზე – მარსმავლის წარმატებით მართვა უცხო პლანეტაზე დიდ შრომას მოითხოვს; მეცნიერები დედამიწაზე მარსის მსგავს რელიეფებზე ვარჯიშობენ. JPL-ის მკვლევრები რეიმონდ ფრენსისი და მარშალ ტრაუტმენი (მჯდომარე) 2020 წლის თებერვალში ნევადის ერთი დამშრალი ტბის კალაპოტში ცდიდნენ Perseverance-ისთვის შექმნილ აღჭურვილობას.

გარკვეული თვალსაზრისით, ეს სიჯიუტე ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა იმისა, თუ როგორ გვჭირდება მეგობრობა, იმის ცოდნა, რომ მთელს სამყაროში მარტონი არ ვართ. ადამიანებს გადასარჩენად, ძირითადად, სხვა ადამიანები სჭირდებათ; იქნებ პლანეტარული მასშტაბითაც ასეა. 

„ჩვენ ერთეულად მცხოვრები ხალხი არ ვართ, – ამბობს უირი, – მაკროსკოპულ დონეზე, ჩვენ – კაცობრიობას – მარტო ყოფნა არ გვინდა“.

ნადია დრეიკი ხშირად წერს National Geographic-ისთვის; მისი უკანასკნელი სტატია ეხებოდა დედამიწის მიმართ ასტრონავტების დამოკიდებულების ცვლილებას კოსმოსური მოგზაურობის შემდეგ. კალიფორნიაში მცხოვრებ ფოტოგრაფებს, კრეგ კატლერს და სპენსერ ლოუელს რთული სამეცნიერო ამბების გაცოცხლება უყვართ.

The post რატომ გვიზიდავს მარსი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

4 საათის წინ, Moor said:

მაგრამ რატომ? ჩვენთვის ნაცნობ სამყაროებს მარსი არაფრით აღემატება და არც ყველაზე ადვილად მისაღწევია. არც ვენერასავით იდუმალია და არც ისეთი თვალწარმტაცი, როგორებიც იუპიტერი და სატურნი არიან. სავარაუდოდ, მარსზე სიცოცხლის პოვნის ალბათობაც არ არის ყველაზე მაღალი – ეს მზის სისტემის გარე პლანეტების ყინულოვანი ოკეანეების მქონე მთვარეებზე უფრო დასაშვებია.

 

 

4 საათის წინ, Moor said:

თუკი რამე გვასწავლა მარსმა კაცობრიობას, ისაა, რომ ჩვენ იქ ცხოვრების არარეალისტური ოცნებები გვიტაცებს. ჩვენს იმედებს არხებზე, მცენარეულობასა და მეტეორიტებში გაქვავებულ ნაშთებზე მარსი მუდამ უღიმღამო, უნაყოფო რეალობით პასუხობს. მაშ, რატომღა ვაგზავნით მორიგ კოსმოსურ ხომალდს მარსზე სიცოცხლის საძიებლად – თანაც ცოცხალი ორგანიზმების კი არა, არამედ სიცოცხლის იმ ფორმების ნაშთებისა, რომლებიც შესაძლოა მილიარდობით წლის წინ არსებობდნენ. 

  •  

 

4 საათის წინ, Moor said:

მარსის უცვლელი პოპულარობის მიზეზი კი მეტად პრიმიტიულია: ჩვენ ხელთ არსებული მარსის მკაფიო სურათის მიუხედავად, მაინც მარტივად წარმოგვიდგენია მარსზე დასახლება. „საკმარისად ცარიელია“, – ამბობს დენინგი. 

 

ილონ მასკს დაუმალეთ ეს სტატია :cuga:

Share on other sites

  • ფორუმელი

კაი სტატია იყო. რა ამბები ყოფილა თურმე მარსის ირგვლივ და არაფერი ვიცოდი. ჰაააჰ!

მარსი პირველ რიგში სფეის ტურიზმის და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი " ვაიდა რა ხდება" ბე გაგმაა ძააალიან შორსმჭვრეტელი ბიძია ბაბუებისთვის, ერთ ბუნკერსაც მოხოდავენ ეგენი მანდ. მოიცათ რამდენიმე ათწლეული! 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share