Jump to content
×
×
  • Create New...

ნიკა ჯორჯანელი – თერმოსკრინინგი და სხვა ლექსები


Recommended Posts

  • ფორუმელი

http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/03/jorjaneli-8567.jpg

ძალზე სევდიანი ლიტერატურა

ადრე თუ გვიან

ყველა გადის ამას უკლებლივ –

რეალისტები,

ფანტასტები,

ნიჰილისტები,

მყვინთავები

თუ სერფერები,

მკერავნი თუ გიტარისტები.

 

მოუსწრებს ის დღე თითოეულს.

ის დღე, რომელიც

ჰგავს საყინულეს.

ის დღე, რომელიც

წინებს არა ჰგავს.

 

თითქოსდა სხვენში ჩამომხრჩვალი აღმოაჩინე.

დგახარ და ხედავ –

შენს დღეს თავი ჩამოუხრჩვია.

შენ ცოცხალი ხარ,

შენი დღე კი

ჩამომხრჩვალი კიდია თოკზე

და არც წერილი

არ უგდია უკანასკნელი,

არც არაფერი აშავია

სიკვდილისწინა.

 

და ცხოვრების მთელი მშვენება

უჩინარდება

მოქნეული თაგვის კუდივით,

და ნავარდობენ ობობები

აბლაბუდებში,

როგორც ღრუბლებში ფრინველები,

და თითქოს მიწის ზედაპირზე სხვა დასაყრდენი,

გარდა ამავე ზედაპირის,

აღარ შემოგრჩა.

 

მუხლი გეჭრება,

ჩამოდიხარ სხვენიდან ძლივს-ძლივს,

და, ვინც კიბეზე შემოგხვდება, ვერ დაინახავს,

რომ გულზე დღე გაქვს, უსიცოცხლო,

ეს წუთია ჩამოხსნილი მკვრივი ყულფიდან,

ახუტებული,

და საათს გკითხავს სხვათა შორის,

მაგრამ მაინც თითქოს იმიტომ,

რომ სწორედ ახლა,

როცა დაბლა ისე ჩადიხარ,

თითქოს საფლავში ჩადიოდე ძირგავარდნილში,

დრო დგება ძალზე

სევდიანი

ლიტერატურის,

სევდიანის ისე საშინლად,

რომ მწერლებიც კი ირიდებენ

სხვა შემთხვევაში.

 

მკვდრების ძილქუშზე უფრო ღრმაა

მისი თვალები.

მისი მიწამდე ჩამოშლილი და მიწის ქერქის

გამხვრეტი თმები უკანასკნელ გზებზე გრძელია.

ის ჯერ შენს მკვდარ დღეს ზურგზე იდებს,

და მერე,

როცა გაბრუნდება და ზურგს მოგიქცევს

და ისე წავა, რომ ერთხელაც არ მოიხედავს,

აზრზე მოსვლასაც ვეღარ ასწრებ,

რომ ზურგითვე მოეზიდება

და მისი ძველი ჟრიამულით

უკან გიბრუნებს,

თითქოს სიკვდილი გადასწმინდა,

კეთილისმყოფი უკუღმართი დამკრძალავივით.

 

ადრე თუ გვიან

მოგეწევა ისეთი ღამე,

როცა ქუჩაში მომაკვდავი ძაღლის ყმუილი

აღმოჩნდებოდა ერთადერთი ზუსტი აღმწერი

შენი უღმერთოდ სრულყოფილი გულისტკივილის,

რომ არა ძალზე სევდიანი ლიტერატურა;

და ყრუ იქნება ეს ყმუილი რაც უფრო მეტად

და განწირული და საბრალო,

მით უფრო ძნელი იქნებოდა იმის გარჩევა,

ღამეში ძაღლი თუ პირიქით –

რა რაში ყმუის.

 

და როცა უკვე შენ მოკვდები,

შენი დღეები და ღამენი,

რომ მოგკვდომიან და ხელახლა გაგცოცხლებიან,

ლიტერატურას შევედრებენ, ძალზე სევდიანს,

ჭიან სივრცეში უობლესად გაკიდულები,

შენც რომ მათსავით გაგაცოცხლოს,

და ვერაფერს გააგონებენ,

რადგანაც მათი მეპატრონის

ხმას ცნობდა მხოლოდ.

 

MMXX

როდესაც ყველა სახლებშია გამოკეტილი,

თითქოს სახლებშიც არავინაა.

 

და მაშინ გადის თავისსავე თავში სიჩუმე,

როგორც ქალაქის გაუკაცრიელებულ ქუჩაში ირემი,

და არყოფილი ფერის რძესავით

იწყებს ბაღიდან გადადენას სადარბაზოში,

სადარბაზოდან – ისევ ბაღში,

მერე – სხვა ბაღში, გვირაბებში და ასე შემდეგ,

ბეტონზე დასმულ ჩაბნელებულ თვითმფრინავებში.

 

ყური დაუგდე: სადღაც იქ,

შავი ცეცხლივით მოშრიალე მის ფოთლეულში,

ჩინურ მთის კატასავით განაბულა

ძალზე უძალესად გადამდები სენი

და წითელ წვეტებს ნესტრით ილოკავს,

თითქოს იმით თვითკმაყოფილი,

ჯერ არაფერზე რომ არ თქმულა

ერთდროულად ყველგან იმდენი, რამდენიც

მასზე, და რომ მის გამო შეერთებული

შტატების ლიდერის შეშფოთებულ სახეზე

სოლარიუმით სარგებლობის კვალი გაფერმკრთალდა.

 

ნეტავ რას დავლევ,

რანაირი თრობით დავთვრები,

თუ დავლევ ოთხმოცდათხუთმეტპროცენტიან ეთანოლს,

რომელშიც სახლის გასაღების ბოლო ჩავაწე,

ლიფტის ღილაკებს მიჭერილი? – ეს სიტყვები

ხომ შეიძლება დაედოს

კომენდანტის საათის დასრულების მაუწყებელი

ჩიტების ჭიკჭიკს და შექმნილი ნაწარმოები

ორი კვირის წინ დაღუპული კამერუნელი

საქსოფონისტის ხსოვნას მიეძღვნას.

 

დაიწეროს ყველა მსხვერპლის პატივსაცემად

ყველა დროის საუკეთესო ლექსი მთვარეზე!

რომელიც მოჩანს ღრუბლებიდან,

როგორც ღამის საბრალო გული,

სამყაროსავით ფართო ინფარქტით

გადახლეჩილი.

 

დავრჩეთ მოვლენების კურსში,

სადაც გვინდა იქ დავრჩენილვართ,

ოღონდ შინ დავრჩეთ,

ო, შინ დავრჩეთ,

რადგანაც ჩვენი

გარეთ გასვლის შემდეგ მსოფლიო,

როგორიც იყო,

ისეთივე იქნება ზუსტად.

 

მესაფლავე

საცოლე მეუბნება: შეეშვი წერას,

შეეშვი, ბოლო-ბოლო, მაგ სისულელეებს.

კაპიკი შემოსავალი არ გაქვს. ასე როგორ გამოგყვე.

ვფიქრობ, მესაფლავედ დადგე.

ვერც ეგ აგაშენებს, მაგრამ სულ არაფერს სჯობია.

მამაჩემის ამხანაგი სასაფლაოს გამგეა.

ეტყვის მამაჩემი.

 

რა მესაფლავედ დავდგე, რის მესაფლავედ დავდგე,

რაებს ამბობ-მეთქი, ვეუბნები, რა ბუზმა გიკბინა,

ეგეთი რამე რანაირად მოგივიდა თავში.

ან ჩემმა ნაწერმა რა დაგიშავა-მეთქი ასეთი,

მე ხომ სულ შენზე ვწერ-მეთქი,

სულ შენზე.

 

ხოლო საცოლე იძახის: რა შუაშია, რა დამიშავა!

შემოსავალი არ გაქვს, როგორ აპირებ მომიყვანო.

მერე არ მომწონს კიდეც, რა თქმა უნდა,

თანაც ძალიან არ მომწონს

ეგ შენი ეგრეთ წოდებული ნაწერი.

ან აი ვის მოსწონს? მითხარი, აბა, ვის?

დარწმუნებული ვარ, რედაქტორიც არ წაიკითხავს.

მიედ-მოედები, სიკვდილიო, ესა, ისა.

 

ჰოდა, წადი, – მეუბნება მცირე დუმილის შემდეგ, –

და საქმით დაამტკიცე მაგ აკლდამების

და უბედურების სიყვარული.

წადი მესაფლავედ. სხვა რა შეგიძლია.

აბრაამ ლინკოლნი თხრიდა თავის დროზე საფლავებს,

და შენ ვინ ხარ, რომ ითაკილო.

 

რანაირი საცოლე ხარ ჩემი, – ვეუბნები, – რანაირი,

ასეთ რამეებს რომ ლაპარაკობ.

რამ გაგიმწარა ასე ძალიან ენა?

ლინკოლნი რომ მესაფლავე იყო თავის დროზე,

ან ეგ რატომ იცი?

 

რა მესაფლავე დადგება ჩემგან. ზღაპარია.

მესაფლავედ რომ დავმდგარიყავი,

საფლავების გათხრის მაგივრად

გამჭოლ ნაპრალებს გავჭრიდი,

შიგ ჩადებულებს

მიწა რომ ჩაეფრინათ ხოლმე

და ჩაცვენილიყვნენ

იქითა მხრიდან

ცაში.

 

*  *  *

და გამქრალიყოს ყოველგვარი მწარე სიტყვა, ცქერა ამრეზით,

წარეცხილიყოს ხილულიდან ყველა ხარვეზი,

რომელიც ალღოს უხილავის წვდომას უძნელებს.

მიდამოების თვალუწვდენლის

ხასხასა მწვანეს ოქროსფერი ბურუსი ადგეს.

დრო მალამოდ სცხებოდეს ადგილს,

და ჰორიზონტი, მყარზე მყარი, ღრმაზე უღრმესი,

თვალს კიდევ უფრო ატყვევებდეს, ვიდრე ატყვევებს;

ჩრდილს აბრუნებდეს ბავშვი უკან საფეხურებზე,

როგორც შეეძლო ესაია წინასწარმეტყველს;

სულ ერთიანად დაჰკარგვოდეთ ცოდვების ჩამდენთ

უკეთურობის მონდომება; მწვანეში ჩანდნენ

ზღვასავით ლურჯი და ქაფივით თეთრი სახლები.

რომ ვთქვათ სხვაგვარად, ნივთიერი, ხელშესახები

უშფოთველობა დამდგარიყოს ყველგან როდისმე

და დრო ისეთი, არასოდეს რომ აღარა თქვან,

ახალი ჭირი შემოდისო.

იმ ძველ ჭირთაც და დაღალვათაც

შენდობოდეთ და რგებოდეთ რამ საცხოვრისი

მოხუცთა სახლად. და ძველ ხეებს,

ვიდრე ყინვის უძლებდნენ დღეებს,

მხრებით ქარები ვიდრე ათრიონ,

მზე უხაროდეთ,

ჩემი საფლავის ქვასთან მდგომებს, და უქაროდაც

დამშრიალებდნენ, უყვარდიო.

 

თერმოსკრინინგი

– მორჩა და გათავდა, – თქვა

ჟურნალის დირექტორმა. – აღარც ერთი

ნიუსი კოვიდთან დაკავშირებით.

– Prada-მ რომ მამაკაცებს

სანდლებზე წინდების ჩაცმისკენ მოუწოდა,

თემაა, – უკარნახა საინფორმაციოს უფროსმა.

– მოიცა, ეგ როგორ? – დაიბნა

დირექტორი. – სანდლებზე წინდების?

– ჰო, აბა… ორი წლის წინანდელი

ნიუსი კია, მაგრამ არ მახსოვს,

ჩვენთან რომ დღემდე ვინმეს გაეჟღერებინა.

გარეკანზეც შეგვიძლია სათაურის გატანა,

მაგალითად, ასეთის: ჩვენი ბაბუები

მოდას უსწრებდნენ, ანდა:

უსწრებდნენ ჩვენი ბაბუები მოდას, უსწრებდნენ.

– კარგია, – მოიწონა დირექტორმა, – პირველი

ვარიანტი კარგია. ოღონდ “ჩვენი”

ცოტა მეზედმეტება, არ გვინდა

ეს “ჩვენი” და მერე ტექსტში ბებიებიც

აუცილებლად სახსენებელია სადმე,

რომ ბებიებიც უსწრებდნენ მოდას,

რახან ასეთი ბაბუები მოსწონდათ.

 

რა უბედური სიცხეა… – დაიძახა მან უცბად

და შუბლზე ხელისგული დაიდო. –

თუ მე მაქვს სიცხე? ისე,

ყოველი ფეხის გადადგმაზე

ტემპერატურას რომ გიზომავენ,

რა სწორი ტრენდია. სულ იცი,

გაქვს თუ არა.

 

ხელქვეითმა მისწრაფება გამოიჩინა

აფთიაქიდან თერმომეტრის მოსატანად.

სახლში გავიზომავო, გააჩერა დირექტორმა.

 

შუა ივლისის მცხუნვარება

იჭრება შენობების ფანჯრებში,

როგორც კაიუტების გამტვრეულ

კარებში ოკეანის წყალი,

და ისე გახრჩობს,

ბოლომდე ფეხებს რომ არ ფშეკდე,

რომ იხრჩობოდე

და სულ ბოლო მომენტშიღა

შეძლო შესუნთქვა,

რომ იხსენებდე

ძველ შეცოდებებს,

რომელთაც მაშინ სჩადიოდი,

როდესაც ასე არ ცხელოდა,

როდესაც მინიმუმ ასე არ ცხელოდა,

იმიტომ რომ,

როცა ასე ძალიან ცხელა,

რა უნდა სცოდო.

 

არა, შვილო, – ეუბნება

ბაზრის შესასვლელთან

იქაური ადმინისტრაციის თანამშრომელს

შავებიანი მოხუცი ქალი, –

განა შემოვდივარ.

 

აი, შენ ის გაინტერესებს, –

განაგრძობს იგი სლუკუნით,

მაგრამ ხმა ძლივს აგნებს მზით გახურებული

პირსაფრიდან, – შენ ის გაინტერესებს,

სიცხე მაქვს თუ არა,

და იმას რად არ მკითხავ, ხუთი პურის

და ორი თევზის კი არა, ერთი პურის და ერთი

თევზის საყიდელი თანხა მაინც თუ მაქვს,

იმას რად არ მკითხავ,

მაქვს თუ არა საერთოდ რამე,

რაც შეიძლება უფალმა გამიმრავლოს,

რამე მაინც, შვილო,

სიცხის არქონის გარდა.

 

შემოდგომა

სიმწარე ისეთივე ხმით გადადის გულის სარქველებზე,

როგორითაც ტაქსი სათვალთვალო ჭების თავსახურებზე

აგერ თუნდაც ჩემი ქუჩის მყუდროებაში,

ნაადრევ შემოდგომაზე,

მიწა რომ ლოკოკინების დაჭეჭყილი ნიჟარების

ბიჟუტერითაა შემკული,

ხოლო ქალებმა მკვეთრად უკლეს სარკის წინ დგომას

და ისეთნაირად რომ გრილა,

როგორც ნამიან მიხაკებთან

ბავშვის პანაშვიდზე.

 

როგორც ყაჩაღი დანას,

შემოდგომა ხმელ ფოთოლს მაბჯენს ყელზე,

და მაშინვე ხელში ეფშვნება.

 

და ცხოვრება

ისევ გრძელდება.

 

და შემიძლია მივიჩნიო,

რომ ის ყოველგვარ

აზრს და მიზანს მოკლებულია,

და უბრალოდ მისთვის ვიცხოვრო,

ცხოვრებისათვის,

ისეთისთვის,

როგორიც არის,

მაგრამ ეს ხომ იგივეა,

რაც ეხვეოდე ვინმეს მხოლოდ იმიტომ,

რომ მკლავები გაქვს,

ან შემოდგომა გაწუხებდეს

წვიმების გამო.

© არილი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share