Jump to content
×
×
  • Create New...

ქართული მოდა-ევოლუციის პრობლემები


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

12884.jpeg.jpg?itok=7yHyrIqzგიორგი შაღაშვილი. თბილისის მოდის კვირეული. დეკემბერი 2012

facebook sharing button

twitter sharing buttonmessenger sharing buttonwhatsapp sharing button

„არ გვყავს ის პუბლიკა, რომ რაღაც ორიგინალური დაანახო და დაგიფასონ”, – ასე მითხრა ერთ-ერთმა ქართველმა დიზაინერმა, როდესაც ქართულ მოდაში იდეების ნაკლებობაზე ვსაუბრობდით. ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის – მიუხედავად მყარი მითისა ქართველების კარგი გემოვნების შესახებ, ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ცოტა ადამიანი მოიძებნება, რომელიც მოდის სფეროთი ზედაპირულად არ იქნება დაინტერესებული. თუმცა საქართველოში კიდევ უფრო ცოტაა დიზაინერი, რომელიც საზოგადოების ჩაცმის სტილზე თუნდაც სუსტ გავლენას მოახდენს. მართალია – იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ზოგადად ჩამორჩენილია სახელოვნებო პროცესებს, მათი მხრიდან ტრენდის შექმნაზე საუბარი ზედმეტი იქნებოდა. ტენდენციებს ევროპა და ამერიკა განსაზღვრავს და, შესაბამისად, ქართველებისთვისაც ავტორიტეტული მაინც უცხოური მოდის სახლების შემოქმედებაა.

მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ქართული მოდის კვირეულებზე სწორედ ელბაზის, იამამოტოს და სხვათა შემოქმედების პირდაპირ ასლებს ვხედავთ. პრობლემა ისიცაა, რომ ქართველი დიზაინერების ნამუშევრებზე საზოგადოებას მწირი ინფორმაცია აქვს – არ არსებობს პრიალაყდიანი მოდის ჟურნალები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში გააშუქებდნენ მოდის სფეროს.

ქართველ დიზაინერებს კიდევ ერთი პრობლემა აქვთ – ინფრასტრუქტურის არარსებობა. კოლექციის გაკეთება ძალიან ძვირი ჯდება და ხშირია ისეთი შემთხვევებიც, რომ კარგ იდეებს ცუდი მკერავები უღებენ ბოლოს. თუმცა ორიგინალური, ავთენტური იდეების სიჭარბე ამ სფეროში არც შეიმჩნევა. ამას კიდევ ერთ პრობლემატურ საკითხამდე მივყავართ – განათლების ნაკლებობასთან. ჩვენთან მომავალ დიზაინერებს ასწავლიან ადამიანები, ვისაც ამ საქმის მხოლოდ თეორიული ცოდნა აქვთ, რეალურად კი შემოქმედები არასდროს ყოფილან.

როგორც საზოგადოების დაინტერესება მოდის სფეროთი, ისევე დიზაინერების დამოკიდებულება საქმის მიმართ, საკმაოდ ზედაპირულია. თუნდაც ის, რომ ბოლო მოდის კვირეულისთვის კოლექციები ბევრმა ორ კვირაში შეკერა, ძალიან არასერიოზული მიდგომაა. სწორედ ასეთ ფაქტებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა გარკვეულ წრეებში შეხედულება იმის შესახებ, რომ ჩვენთან მოდის კვირეულმა უბრალოდ ე.წ. ივენთის ფუნქცია მიიღო და მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე, რამდენად შეიძლება ოპტიმისტურად ვისაუბროთ ჩვენთან მოდის სფეროს განვითარებაზე?

საინტერესოა, რომ სტატისტიკის სამსახურს არ გააჩნია მონაცემები, თუ როგორ ვითარდებოდა წლების განმავლობაში ქართული მოდის

12887_1.jpegანუკა ქებურია. საქართველოს მოდის კვირეული. აპრილი 2011

ინდუსტრია, რაც, სამწუხაროდ, რეზონულია – ის ხომ, უბრალოდ, არ არსებობს. უამრავი მოდის კვირეულის ჩატარების მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ქართული პროდუქტით უცხოელი ბაიერების დაინტერესება. შესაბამისად, ვერ ჩამოყალიბდა დიზაინერების სტაბილური ჯგუფი, რომელიც კომერციულ წნეხს გაუძლებს და მოდის კვირეულებზე ყოველ სეზონზე აჩვენებს კოლექციას.

საქართველოში სულ რამდენიმე დიზაინერია, ვინც შეძლო უწყვეტ რეჟიმში მუშაობა და ერთგული მომხმარებლის პოვნა. მაგალითად, ავთანდილ ცქვიტინიძე და თამუნა ინგოროყვა. ამასთან, ზოგიერთ დიზაინერს, უბრალოდ, აქაურ მოდის კვირეულებში მონაწილეობა არ აინტერესებს და ურჩევნია თუნდაც პარიზის შოურუმებში აჩვენოს თავისი ნამუშევრები. უმეტესობა კერძო შეკვეთებზე მუშაობს. სეზონური კოლექციების კეთება კი ფუფუნებაა, რომელსაც ეკონომიკური კეთილდღეობა, ხშირ შემთხვევაში, არ მოაქვს.

„სამწუხაროდ, ჩვენთან მოდა, ხშირ შემთხვევაში, გართობაა და არა ბიზნესი. მოდა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ძვირადღირებული სიამოვნებაა. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ არ გვაქვს საკმარისი ცოდნა და რესურსი, რომელიც მისაღებია მსოფლიო ბაზარზე”, – ამბობს სოფო ჭყონია, რომელიც წლებია ამ სფეროს გამოცოცხლებაზე დაუღალავად მუშაობს. სწორედ მისი დამსახურებით, საქართველოს მოდის კვირეულზე ბევრი საინტერესო სტუმარი ჩამოდიოდა, ეწყობოდა მასტერკლასები და ღონისძიებები. მისი დამსახურებაა, რომ ბევრ ახალგაზრდა დიზაინერს აქვს შესაძლებლობა, Be next-ზე საკუთარი შემოქმედება აჩვენოს.

ჭყონია თვლის, რომ მოდის სფეროსთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მთავარია შეიქმნას სკოლები და პროფესიონალებმა მოამზადონ არა მხოლოდ დიზაინერები, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელსაც მოდის სფეროში მოღვაწეობა აინტერესებს, რადგან დიზაინერის უკან პროფესიონალების დიდი გუნდი უნდა იდგეს. „როდესაც გაჩნდება ბევრი კომპეტენტური, ნიჭიერი ადამიანი, მაშინ მათთვის, ვინც ორ დღეში და მხოლოდ თბილისური „შოუსთვის” აკეთებს „კოლექციებს”, უბრალოდ ადგილი აღარ იქნება. დღეს კი მოდის კვირეულები საქართველოში გართობის ერთგვარი ფორმაა და მეტი არაფერი”, – აღნიშნავს ჭყონია, თუმცა, ამდენი უარყოფითი ფაქტორის მიუხედავად, მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი: „ქართველებს საკმაოდ საინტერესო ხედვა აქვთ. თუ მათ ხელის შეწყობა ექნებათ და ქართული სიზარმაცე და ცარიელი ამბიცია არ შეაწუხებთ, ბევრი საინტერესო დიზაინერი შეემატება მსოფლიოს. ამაში დარწმუნებული ვარ. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და არც უსაშველო სიტუაცია არ არის, უბრალოდ, საჭიროა შრომა, ცოდნა და იმის კეთება, რასაც ჰქვია მოდა და მოდის ბიზნესი”.

ახალგაზრდა დიზაინერს, გიორგი ქებურიას, მოდის კვირეულებზე კოლექციები იშვიათად გააქვს. თავისი თაობის დიზაინერებში ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ადამიანია, თუმცა თვლის, რომ ყველა სეზონზე კოლექციების შექმნა საქართველოში არამოგებიანი საქმეა. „ვერ ხდება ტანსაცმლის რეალიზება. სულ ორი მაღაზიაა დიზაინერული სამოსისთვის. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბაიერები არ

12885_1.jpegავთანდილი. თბილისის მოდის კვირეული. დეკემბერი 2012

ჩამოჰყავთ. დაინტერესება თუ წამოვიდა, ყველა ამოძრავდება. პრესა უნდა ჩამოვიდეს ისეთი ქვეყნებიდან, სადაც მოდა მართლა აინტერესებთ. საქართველოს მოდის კვირეულზე კი ჩამოდიოდნენ, მაგრამ იქ ისეთი დიზაინერები იღებდნენ მონაწილეობას, რომ გასაკვირი არ არის მათი მხრიდან ინტერესის ნაკლებობა. იყო დაბლოკვის მცდელობებიც, ზოგიერთ დიზაინერს პირადი ინტერესების გამო არ აძლევდნენ მონაწილეობის მიღების საშუალებას. ისე კი, აქ მთავარი მაინც ფინანსური მხარეა, კვირეულებზე ისინი გამოდიან, ვინც ქმნის გაყიდვად ტანსაცმელს, ახალგაზრდა დიზაინერები კი უფრო შემოქმედები არიან. კომერციული მოდის კეთება, რა თქმა უნდა, მინდა, მაგრამ საქართველოში ამას მგონი აზრი არ აქვს.

დასაწყისში, როცა მოდის კვირეულების ჩატარება დაიწყო, კონკურენცია მართლა იყო – ძალიან შემართულები ვიყავით, რადგან ყველას გვეგონა, რომ ძალიან განვითარდებოდა ეს სფერო. დღეს მოდის კვირეულები ტარდება ხალხისთვის, რომლებიც სინამდვილეში არ არიან ბაიერები და არც კრიტიკოსები. ისინი არიან მოყვარულები, ასე კი მოდა ვერ განვითარდება. სამუშაო გარემო უნდა იყოს, ყველა დიზაინერი თვითონ უნდა ცდილობდეს საკუთარი ჩვენების ორგანიზებას, უნდა ჩამოიყვანონ პროფესიონალები ყველა განხრით. აქ, ელემენტარულად, მაკიაჟს ვერ აკეთებენ, მოდელებმა არ იციან სიარული, განათება არ ვარგა. ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული”.

არის თუ არა ფინანსები პანაცეა? „ბევრი რამ ფინანსებზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბევრ ფულს თუ მოგცემენ, მოდის სფერო სერიოზულად განვითარდება, რისი მაგალითიცაა ისეთი მდიდარი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი ან ყაზახეთი”, – თვლის დიზაინერი სიმონ მაჩაბელი. მისი აზრით, მთავარი ფუნდამენტი მოდის სფეროს განვითარებისთვის საქართველოში არ არსებობდა და ის, რაც დღეს ხდება, ლოგიკურია. „საბჭოთა პერიოდშიც კი მასობრივი მრეწველობა განვითარებული არ ყოფილა. 90-იანებში დაიწყო მოდის სისტემის სიმულაცია, რისი შედეგიცაა არათანმიმდევრული მოდის კვირეულები. მთავარი მიზეზი, რის გამოც ინდუსტრია ვერ ჩამოყალიბდა, მაინც ისაა, რომ რეალურად ქართულ ტანსაცმელზე ჯერ მოთხოვნა არ არის, ქართველების მხრიდანაც კი. ჩემი აზრით, მოდა ფუფუნების და კეთილდღეობის ერთგვარი სინონიმია. მოდა, რომელიც არსებობს დღეს ევროპაში, არის ძალიან მრავალფეროვანი

12886_1.jpegაკა ნანიტაშვილი. საქართველოს მოდის კვირეული. აპრილი 2011

და გაცილებით დემოკრატიული, ვიდრე, ვთქვათ, ორმოცდაათი წლის წინ, მაგრამ იქ ეს დემოკრატიულობა ზოგადად ცხოვრების დონის ამაღლებამ გამოიწვია და არა იმან, რომ მოდამ დაკარგა ელიტისტური თვისება. ჯერ ეს ქვეყანა არ არის იმ დონეზე, რომ სწორად აღიქვას სახელოვნებო პროცესი მოდაში.

ჩვენთან ვიღაცას უნდა, რომ წავიდეს მოდის ჩვენებაზე, რისთვისაც რაღაც ჯგუფი მოაწყობს მოდის ჩვენებას და ამას დაერქმევა მოდა. საქართველოში დიზაინერები არასერიოზულად აღიქვამენ შექმნის პროცესს და მიაჩნიათ, რომ თუ დაიქირავებენ მკერავს, კონსტრუქტორს, სახელოსნოს, ერთ-ორ ჟურნალს დაათვალიერებენ და საზღვარგარეთ წავლენ, ეს უკვე საკმარისია, რომ მოდა აკეთო, ეს კი არასწორი დამოკიდებულებაა. სამხატვრო აკადემია, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებს რაღაც უნარ-ჩვევებს უვითარებს, მაინც ჩარჩენილია გასულ ეპოქაში, იმიტომ რომ იმ მეთოდებით ასწავლიან, რომლებითაც ეს ხელობა არ ისწავლება. უცხოეთში გასწავლიან, როგორ შეკერო კაბა, მაგრამ როგორი კაბა შეკერო, ამაზე არ უნდა მიგითითონ. აქ კი ყველაფერი პირიქითაა”.

ფინანსებზე მეტად, სიმონ მაჩაბელი გამოსავალს არტიზანული ხელოვნების დახვეწაში ხედავს: „60-იან წლებში იტალიაში ძალიან მძიმე ეკონომიკური სიტუაცია იყო, მაგრამ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ქვეყანამ მიაღწია იმას, რომ თუ საუკეთესო რამ არსებობს დიზაინში (ინტერიერის თუ სამოსის), იტალიურია და არა ჩინური. მათთან ხელობას უდიდესი ტრადიცია აქვს, იტალიელებმა შეძლეს ამის აღორძინება და გაცოცხლება. აქ რომ არსებობდეს ძლიერი სახელოვნებო სკოლა, სხვა სიტუაცია იქნებოდა. ჩემი აზრით, საქართველომ მოდის განვითარების სხვა გზა უნდა აირჩიოს. ბევრად მეტი უნდა იმუშაოს იმაზე, რომ აბსოლუტურად თვითმყოფადი, ტრენდისგან თავისუფალი და სხვა ფასეულობებზე დამყარებული დიზაინი შექმნას. საჭიროა დიზაინერები, ვინც შეკერავენ, ვთქვათ, ძალიან კარგ ფეხსაცმელს, რომელიც იმ მომენტისთვის იქნება არატრენდული, მაგრამ, ამავე დროს, იმდენად კარგად გაკეთებული, რომ ეს მომავალში მათთვის წარმატების საწინდარი გახდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კრეატიული ადამიანების დახმარება უფრო საინტერესო საქმე უნდა იყოს, ვიდრე მოკლე ვადებში ერთდღიანი ივენთების მოწყობა”

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   280 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 279 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Facebookexternalhit(1)
    • YandexBot(3)
    • t-90