Jump to content
×
×
  • Create New...

იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ,,ფაუსტი”


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

     e183a4e18390e183a3e183a1.jpg

ლეგენდა ფაუსტის შესახებ შუა საუკუნეების გერმანიაში წარმოიშვა. გადმოცემის თანახმად, ფაუსტი წარმატებული მეცნიერი იყო, რომელიც კარგად ფლობდა თეოლოგიას, ფილოსოფიას და მედიცინასაც, თუმცა საკუთარი მიღწევებით მუდმივ უკმაყოფილებას განიცდიდა. საბოლოოდ მან დადო გარიგება ეშმაკთან, რომელიც მას სრული ცოდნის მოპოვებას დაპირდა. ფაუსტის ლეგენდა გახდა საფუძველი უამრავი ლიტერატურული, თეატრალური, კინომატოგრაფიული და მუსიკალური ნამუშევარისა, რომლებიც ახდენენ მის რეინტერპრეტაციას საუკუნეების განმავლობაში. „ფაუსტი“ და ზედსართავი „ფაუსტისეული“ მიემართება სიტუაციას, რომელშიც ამბიციური ადამიანი უარს ამბობს მორალურ ღირებულებებზე იმისათვის, რომ მიაღწიოს წარმატებასა და მოიხვეჭოს ძალაუფლება განსაზღვრული პერიოდით.

    ფრანკფურტელი მესტამბის, იოჰან შპისის მიერ 1587 წელს გამოცემულ წიგნში ,,დოქტორ ფაუსტის ტრაგიკული ამბავი’’ ფაუსტი წარმოდგენილია როგორც შავი მაგიის მიმდევარი, ცოდვილი, უკეთური, ღვთისგან განდგომილი პიროვნება, რომელიც ეშმაკს დაუკავშირდა. ამის გამო მან სასტიკი სასჯელი დაიმსახურა: მისი სული დემონებმა წარიტაცეს და ჯოჯოხეთში მოხვდა.

    ფაუსტი ადრეული წიგნებიდან – ისევე როგორც  ბალადები, დრამები, ფილმები და თოჯინათა თეატრები, რომლებიც მისგან წამოიშვა – არის სამუდამოდ დაწყევლილი, იმიტომ, რომ ის ადამიანს ამჯობინებს უსაზღვრო ცოდნას; „მან წმინდა წერილი გადადო კარს მიღმა სამუშაო მაგიდის ქვეშ, უარი თქვა თეოლოგიის დოქტორის წოდებაზე, რადგან ამჯობინა მედიცინის დოქტორის სტილი“.  თოჯინების თეატრებში, ამ ლეგენდის მოტივებზე იდგმებოდა სცენები, რომელნიც ძალიან პოპულარული იყო მთელ გერმანიაში XVI საუკუნეში და ხშირად ფაუსტი და მეფისტოფელი დაჰყავდათ ვულგარული მხიარულების ფიგურებამდე.

    დროთა განმავლობაში ფაუსტთან დაკავშირებულმა ლიტერატურამ ღრმა ფილოსოფიური შინაარსი მოიპოვა. მასში გაიშიფრა ფაუსტი ,,თავისი ეპოქის ტიტანური სულისკვეთებით, – თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის მძლე აღმაფრენისა და უსაზღვრო შესაძლებლობათა გამომსახველ სიმბოლოდ’’ (ჯინორია,  1966); ,,ფაუსტი, – რენესანსის ეპოქის გერმანული ხალხური თქმულების გმირი, თავისი თანამედროვე ადამიანის შესაძლებლობებით დაუკმაყოფილებელი სწავლული. რომელმაც ჯერ ,,არწივის ფრთები შეისხა’’, მერე კი სულაც ზებუნებრივ ძალებს, ,,ბოროტ სულს’’ მიმართა, რათა ,,ცისა და მიწის ყველა საფუძველს’’ წვდომოდა, – მსოფლიო პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე ღრმააზროვნული, ყველაზე კეთილშობილური, ყველაზე ადამიანური სახეა. იგი წარმოადგენს ადამიანის ბუნების უდიდებულეს თვისებას: სრულქმნისკენ შეგნებულ-ტიტანურ სწრაფვას ანუ ყოფიერების არსის შეცნობისა და სამყაროს საკუთარ-ადამიანური მიზნებისადმი დამორჩილების ნებას’’ (ჯინორია, 1966); ფაუსტური ცნება, სხვა მკვლევარის დაკვირვებით, ,,ისეთ ზოგად იდეებთანაა გაიგივებული, რომ უკვე ლოგიკური განსაზღვრის წესსაც არ ემორჩილება. კაცობრიობის განვითარებისა და საყოველთაო პროგრესის იდეაში ფაუსტურის ნიშანს ეძებენ. აზროვნების ყოველგვარ წინსვლასა და მიღწევაში – ფაუსტურის ცნებების შინაარსს… ამრიგად, ფაუსტი საყოველთაო პროგრესისა და ჭეშმარიტების ძიების კომპლექსური ლიტერატურული სახეა, რომელიც დემონური გზით ცდილობს დაძლიოს ადამიანური შეზღუდულობა და მიაღწიოს ქვეყნისა და პიროვნების სრულყოფას’’ (კვესელავა, I, 1961); ნ. კაკაბაძის განსაზღვრებით, ,,ფაუსტი მარადიული შემოქმედებითი მაძიებლობის, დაუკმაყოფილებლობის, ჭეშარიტების განუწყვეტელი ძიებისა და შინაგანი გარდაქმნისა თუ განვითარების სიმბოლოა’’;  ო. შპენგლერის თქმით, ,,ფაუსტური ადამიანი’’ წარმოადგენს შემეცნებისა და მოქმედების მეშვეობით საბოლოო მიზნისკენ მუდმივი სწრაფვის განსახიერებას და ა. შ.

     ფაუსტის ისტორიას პოპულარიზაცია გაუწია ინგლისელმა დრამატურგმა ქრისტოფერ მარლოუმ (1564-1593), რომელმაც თავის ცნობილ პიესაში მოგვითხრო დოქტორ ფაუსტის თავგადასავალი. თუმცა ფაუსტის ამბავი, ყველაზე ვრცლად გოთემ აღწერა, რომელიც იყენებდა ძველ წყაროებს, ავსებდა მათ საკუთარი ინტერპრეტაციებით და ცხოვრების ბოლომდე ასწორებდა ამა თუ იმ თავს.

     გოეთეს დრამაში, მეფისტოფელი ეხმარება ფაუსტს მოხიბლოს ლამაზი და უცოდველი გოგო, სახელად გრეტხენი, ვისი ცხოვრებაც სრულიად ინგრევა, როდესაც ის აჩენს ფაუსტის ბუშ ვაჟს. თუმცა გრეტხენს საკუთარი უდანაშაულობა გადაარჩენს ბოლოში და ის შედის სამოთხეში სიკვდილით დასჯის შემდეგ. გოეთეს ინტერპრეტაციაში ფაუსტს გადაარჩენს ღმერთი, (მისთვის ლოცულობს გრეტხენი); თუმცა, ადრეულ ისტორიებში, ფაუსტი არის სამუდამოდ გახრწნილი და სჯერა, რომ შეუძლებელია მისი ცოდვების მიტევება; როდესაც ვადა გადის, ეშმაკს ის მიჰყავს ჯოჯოხეთში.

    რელიგიის ისტორიის ცნობილი მკვლევარი ჰანს იონასი (1903-1993) მიანიშნებდა, რომ მარლოუსა და გოეთეს ფაუსტის პროტოტიპი სიმონ მოგვი უნდა ყოფილიყო. ცნობილია, რომ სიმონ მოგვი ადრეული გნოსტიკური სექტის, სიმონიანელების ლიდერი გახლდათ, რომელსაც პაექრობა პეტრე მოციქულთანაც ჰქონდა (აღწერილია ახალ აღთქმაში). სიმონ მოგვი მეძავ ქალ ელენეში ხედავდა ,,ილიადას’’ პერსონაჟს, როგორც გოეთესთან გვხვდება ელენეს სახის გაცოცხლება. სხვა მკვლევარები აგრეთვე ცდილობდნენ დაესახელებინათ ფაუსტის რეალური პროტოტიპი. ფაუსტის სახეს შესაძლოა კავშირი ჰქონოდა რენესანსის ხანის ცნობილ გერმანელ ფილოსოფოს და ექიმ თეოფრასტე პარაცელსისთან (1493-1541), რომლის ნაწერებში გვხვდება მინიშნება ხელოვნურ ადამიანზე (ჰომუნკულუსი). ზოგი ფაუსტის კავშირს ეძებდა იოჰან გეორგ ფაუსტის (1480-1540) პიროვნებაში, რომელიც ცნობილი ალქიმიკოსი გახლდათ. ფაუსტის შესახებ არსებობს პოლონური გადმოცემებიც, ხოლო პრაღაში დღესაც მიუთითებენ სახლზე, სადაც გადმოცემით ცხოვრობდა ეშმაკთან გარიგებული მეცნიერი.

    ფაუსტის სამი სხვადასხვა პროლოგიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი მესამეა, რომელსაც ,,პროლოგი ცაში’’ ეწოდება. იგი 1797 და 1800 წლებს შორის უნდა დაწერილიყო. ამ პროლოგში უფალი და მეფისტოფელი ფაუსტის სულისათვის დავობენ. აქ აშკარაა ბიბლიიდან იობის წიგნის გავლენა. ძველი აღთქმის ეს ზნეობრივი, ამავდროულად ფილოსოფიური სტილის წიგნი გვიამბობს მართალი იობის ამბავს, რომელსაც თავად ღმერთი უწოდებს წრფელს, ღვთისმოშიშსა და ბოროტებას განრიდებულ კაცს. იობის წიგნში, სატანა იობზე სრულ უფლებას იღებს და ყველა მიწიერ უბედურებას შეჰყრის (დაეღუპება შვილები, გაეფანტება სარჩო-საბადებელი, დაავადდება სენით), თუმცა პირისპირ არასოდეს ეცხადება (აქვე თეოლოგიური შენიშვნა: საკუთრივ ბიბლიაში არსადაა მოთხრობილი როგორ დაეცა ნათლის ანგელოზი და გახდა ბოროტი ძალა, ეშმაკი; ეს ყველაფერი ზეპირი გარდამოცემითაა ცნობილი; ყურანში კი მეორე სურაშია მოთხრობილი ანგელოზის დაცემა (იბლისი), რაც ადამის შექმნას უკავშირდება). მეფისტოფელი უფლისგან უბრალოდ ნებას გამოითხოვს, რომ ფაუსტს უმეგზუროს, ასე ვთქვათ, თანამდევი სული გახდეს. მეფისტოფელის საუბარი დამცინავი ელემენტების შემცველია (განსხვავებით მთავარანგელოზთაგან).

    ერთგვარი სივრცული კონტრასტია, როდესაც მაკროკოსმოსიდან (ღმერთი, ანგელოზები, მეფისტოფელი) მოქმედება ეშვება მიკროკოსმოსში (დედამიწაზე ფაუსტის ვიწრო და ბნელი ოთახი). ფაუსტის მონოლოგში ჩვენ ვეცნობით მთავარი გმირის რთულ და წინააღმდეგობრივ შინაგან სამყაროს. ამ მონაკვეთში იმ ეპოქის გერმანული ყოფის მძაფრი სუნი ტრიალებს. ზოგადად ფაუსტის საუბარში იკვეთება შუა საუკუნეების და რენესანსის ხანის სწავლულის თვალსაწიერი : მინიშნება 4 ელემენტზე, 7 სფეროზე, არისტოტელეს ნატურფილოსიფიაზე, რომელიც კერძო მეცნიერებების გაჩენამდე ერთადერთი საბუნებისმეტყველო ხედვა გახლდათ, აგრეთვე ფაუსტის გატაცება მაგიით, ალქიმიით. იგი ახსენებს ,,სოლომონის კლიტეებს’’, როგორც გრძნეულების შესახებ წიგნებს.

    1800 წლის ახლო ხანებში გოეთემ დაწერა I ნაწილის ის სცენა, რომელშიც ფაუსტსა და მეფისტოფელს შორის პაქტი იდება. გაცილებით ადრე, 1788 წელს კი დაიწერა სცენა ,,გრძნეული დედაბრის სამზარეულო’’, რომელიც პაქტის შემდეგ მოვლენებს ეხება და მასში უპირველესად ფაუსტის გაახალგაზრდავებაა გადმოცემული. თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, ფაუსტი ახალგაზრდა სწავლული იყო, მაგრამ შემდეგ გოეთემ ამჯობინა, რომ საწყის სცენებში თავისი გმირი არა მხოლოდ ცოდნით, არამედ წლებითაც დაეტვირთა, რათა შემდგომში ერთბაშად თავს დამტყდარ ვნებას მეტი სიმძაფრით ეფეთქა.

    უკლებლივ ყველა სცენა, რომელიც გრეტხენის ტრაგიკულ ისტორიას უკავშირდება, დაწერილია 1775 წელს. გრეტხენის მიმართ გაახალგაზრდავებული ფაუსტი ვნებით აღიგზნება, თუმცა თანდათან ვნება გულწრფელ სიყვარულში გადაიზრდება. ამის მიუხედავად, ფაუსტის დამოკიდებულება გრეტხენისადმი ორჭოფულია; კომენტატორთა ნაწილი, არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რომ მეფისტოფელმა ფაუსტთან ბრძოლის ეს მონაკვეთი მორალურად მოიგო, ოღონდ არა ფორმალურად, რადგან დათქმული სიტყვები – ,,შეყოვნდი, წამო’’ – არ გახმიანებულა. ამდენად, ბრძოლა მეორე ნაწილშიც უნდა გაგრძელდეს.

    ,,ფაუსტის’’ მეორე ნაწილი (I ნაწილი დასრულდა გრეტხენის გარდაცვალებით, მისი ,,ცად ამაღლებით’’) აზრთა მკვეთრ სხვადასხვაობას იწვევს. ერთნი მიიჩნევენ, რომ ის პირველ ნაწილზე გაცილებით დაბლა დგას და, არსებითად, შემოქმედებითი მარცხია. სხვანი კი დარწმუნებულნი არიან, რომ ,,ფაუსტის’’ მეორე ნაწილის ბადალი გოეთეს არაფერი დაუწერია.

    მეორე ნაწილის დასაწყისშივე გოეთე ფაუსტს წარმოაჩენს, როგორც ტვირთახსნილს. გზაზე, რომელიც მან უნდა გაიაროს სულიერი ტანჯვის ადგილი აღარაა. ნაწარმოების დიდი ნაწილი ეთმობა მაგიის ძალით გაცოცხლებულ ელენესთან შეუღლების მოტივს (მომდინარეობს ,,ფაუსტის’’ ხალხური ვერსიიდან). ელენეს მოტივი თითქმის დამოუკიდებელი დრამაა, როგორც აღნაგობით, აგრეთვე მოცულობით. ოთხი ვრცელი მოქმედების მანძილზე ჩვენ თვალწინ უცნაური სახეები და ფიგურები ბრუნავენ (ისინი ხან ალეგორიები არიან, ხან კიდევ ცოცხალი მეტაფორები). ფაუსტურ პრობლემატიკას მხოლოდ მეხუთე მოქმედებაში ვუბრუნდებით.

    II ნაწილის მეხუთე მოქმედებაში ჩვენ კვლავ მოხუცებულ ფაუსტს ვხედავთ. იგი უკვე აქტიური მშენებელია, თავისი ცოდნის პრაქტიკაში დამნერგავი (ჯებირების და არხების აგება, ჭაობების ამოშრობა და მასზე წალკოტის გაშენების გეგმა). ადამიანი უნდა ზრუნავდეს, არ უნდა იყოს სულიერ უძრაობაში, რაც გოეთეს აზრით, ყველაზე მძიმე დანაშაულია.

    მართალია ფაუსტი ბევრს შრომობს, მაგრამ მის საქმიანობაში ცოდვაცაა. ცეცხლში ამოიბუგება უწყინარი მოხუცებული ცოლ-ქმარი, რომელთა კარ-მიდამოსაც მან თვალი დაადგა. გოეთე არაა ისეთი ავტორი, რომელსაც ეს პასაჟი დაუფიქრებლობით გაჰპარვოდა. იგი ცხადად გვეუბნება, რომ ფაუსტის ბოლო საქმიანობაც ცოდვისგან ვერ განთავისუფლდა. თითქოს გვახსენდება პირველი ნაწილის ის ადგილი, რომელშიც ეშმაკთან ხელშეკრულებაა დადებული: ,,თუ წამს მიმავალს როდისმე ვეტყვი // შეყოვნდი წამო, ხარ მშვენიერი!’’. მასში წინასწარ ჩადებულია ფაუსტის შეუვალი რწმენა: რასაც ის დაეძებს, აქ, მიწიერ ცხოვრებაში არ იპოვება. ნაწარმოების ფინალში ფაუსტის მიერ თქმული სიტყვები: ,,შეყოვნდი, წამო!’’ – რა ფორმითაც ეს სიტყვები წარმოითქვა: ,,…ასეთი მინდა, რომ ვიხილო ახალი ტომი, // თავისუფალი, თავისუფალ მიწაზე მდგომი. // მაშინ, ო, მაშინ გულავსილია მძლავრი, ხმიერი, // – შეყოვნდი, წამო! – შევძახებდი, – ხარ მშვენიერი!’’

    ,,ფაუსტის’’ ქართულ ენაზე მთარგმნელის, დ. წერედიანის შენიშვნით, ,,გადაწყვეტით ვერც იტყვი: ითვლება წარმოთქმულად თუ არ ითვლება?

    და, საერთოდ, რა შედეგით დამთავრდა ფაუსტის მრავალწლოვანი ჭიდილი მეფისტოფელთან – გაიმარჯვა? დამარცხდა? არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ამ გზაზე მას მისმა უკეთურმა თანამგზავრმა საკმარისზე მეტი ცოდვები დააგროვებინა სულის წასაწყმედად’’.

    თვითონ გოეთეს მიაჩნდა, რომ ბრძოლა არც ერთ მხარეს არ მოუგია, ფაუსტი გამარჯვებული კი არ არის, მხოლოდ შენდობილია. ანგელოზები, რომელნიც მის სულს ზეცად აიტაცებენ აღნიშნავენ, რომ ,,ცოდვილიც იბრძოდა, // ცოდვას არ დანებდა’’. გოეთეს აზრით, ეს არის ყველაზე მეტი, რისი მიღწევაც ამ ქვეყანაზე ადამიანს შეუძლია. ფინალში გოეთე თითქოს აღარ უყურებს სერიოზულად კეთილსა და ბოროტებას შორის დადებულ სანაძლეოს. მისთვის მისაღებია აზრი, რომ სიკეთე და ბოროტება ერთმანეთით არსებობს. ანგელოზთა დასები პირდაპირ აცხადებენ, რომ საუკუნო ნეტარებას სიყვარულის მეოხებით ვეწევით. ფაუსტიც აქ არის, ცისკენ მიემართება, მის ხსნაში გრეტხენის სიყვარულსაც დიდი ნაწილი დაუდვია.

    გოეთეს ,,ფაუსტის’’ გავლენა აშკარაა ბაირონის, პუშკინის, ტურგენევის, დოსტოევსკის შემოქმედებაზე. მ. ბულგაკოვის ,,ოსტატი და მარგარიტა’’ მთლიანად აგებულია ფაუსტურ მოდელზე, სადაც მარგარიტა გრეტხენის განსახიერებაა, ხოლო ოსტატი კი ფაუსტისა. რაც შეეხება რომანის იდუმალ პერსონაჟს – ვოლანდს, მის დახასიათებაში ადვილად ამოიცნობა მეფისტოფელის ნიშნები.

    1947 წელს გამოვიდა თომას მანის გენიალური რომანი ,,დოქტორ ფაუსტუსი’’, რომლის მთავარი გმირიც, კომპოზიტორი ადრიან ლევერკიუნი 30 წლის ვადით დებს პაქტს მეფისტოფელის მსგავს პერსონაჟთან. ეს რომანი მთლიანად სიმბოლურია და გერმანიაში ნაციზმის აღზევებისა და დაცემის გააზრებას წარმოადგენს. ფაუსტური თემატიკა ფიგურირებს პოლ ვალერის, ფერნანდო პესოას, ვაცლავ ჰაველის, უილიამ ფოლკნერის, ვინსენტ ბენეტის, გერტრუდ შტეინის, ჯონ ბენვილის და სხვა ცნობილი მწერლების შემოქმედებაში.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   124 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 124 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(14)
    • Chrome(17)
    • Facebookexternalhit(4)
    • Googlebot(4)