Jump to content
×
×
  • Create New...

ჩარლზ დიკენსის ,,ნიკოლას ნიკლბი”


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

    niklbi.jpgბავშვობიდან განსაკუთრებით მიზიდავდა ვიქტორიანული პერიოდის ინგლისური ლიტერატურა, რომელშიც საინტერესოდაა აღწერილი ადამიანთა ყოფა, – არისტოკრატული  ოჯახებიდან დაწყებული მდაბიო ადამიანების ცხოვრებით დამთავრებული. დღესაც ვფიქრობ, XIX  საუკუნის რეალობას სხვა ხიბლი ჰქონდა. ეტლებითა და ომნიბუსებით სავსე ნისლიანი ლონდონი, კერძო სასწავლებლების პირქუში კედლები და დაჩაგრული გმირის ფიქრები ბუხრის წინ… ესაა ის დიდებული საუკუნე რომელთან გამომეშვიდობებაც გამოიტირა გოლზუორთმა ,,ფორსაიტების საგაში”, ხოლო ინგლისურიყოფიერების ესოდენ დამახასიათებელი სცენა შთამბეჭდავად ახსენა გალაკტიონმა ლექსში შემდეგი სიტყვებით – ,,დიკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება”.

    დიკენსის რომანებში (მათი რაოდენობა ოცს აჭარბებს) ბოროტისა და კეთილის განუწყვეტელი ჭიდილია. მის პროზაში პერსონაჟები მუდმივად განიცდიან ბოროტი, ანგარებიანი ადამიანებისგან შევიწროებას. დოსტოევსკისეული რომანის სათაური რომ გავიხსენოთ დიკენსის სამყარო სავსეა დამცირებული და შეურაცხყოფილი პიროვნებებით. თუმცა, ტოლსტოის მსგავსად, თავად ავტორი არასდროს დასცინის უარყოფით პერსონაჟებს. მკითხველი ვერ ნახავს თეკერეისეულ სარკაზმს, თითქოს ბოროტი ისედაც საცოდავია თავისი ბუნების გამო.  როგორც აღნიშნავს ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი (მთარგმნელობით საქმიანობაში მისი ღვაწლი განუზომელია) ვახტანგ ჭელიძე, ,,არავის არმოუხერხებია იმდროინდელი ინგლისის ისე ცოცხლად და მრავალფეროვნად დახატვა, როგორც დიკენსმა შეძლო. მან გააცოცხლა ყველა კლასის წარმომადგენელი, მაშინდელი საზოგადოების ყოველ საფეხურზე მდგომი წევრი, ღრმად ჩაიხედა ყოველი ადამიანის სულშიდა გმირის სიხარული თუ მწუხარება მკითხველს გაუზიარა”.

     რომანში ვხვდებით ასეთ სიტყვებს: ,,ადვილად შესაძლებელია ადამიანმა საკუთარი ღირსების გრძნობა დაჰკარგოს, როცა იგისაქმეში გართული დიდი ბრბოს უბადრუკ ერთეულს წარმოადგენს, და ეს ბრბო მასყურადღებასაც არ აქცევს. მაგრამ აქედან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიტანოთ დასკვნა, თითქოს ასევე ადვილად შეეძლოს მოიშოროს თავისი სადარდებლის სიდიდისა დამნიშვნელობის მეტად მტკიცე გრძნობა” – მართლაც, ,,ნიკოლას ნიკლბი” ცხოვრებისეული სიძნელეების წინაშე არდანებებისკენ მოუწოდებს ადამიანს. მსგავსი ოპტიმისტური მოწოდებაა რომანის შემდეგი ადგილიც: ,,მოგონება წარსული ბედნიერებისა, რომელსაც ვეღარ დავიბრუნებთ, მტკივნეულია, მაგრამ ნაკლებად მწვავე. საუბედუროდ, ჩვენ სმოგონებებს მუდამ უკავშირდება ბევრი ისეთი რამ, რაზედაც ჩვენ ვგოდებთ, და მრავალი მოქმედება, რასაც შემდეგ მწარედ ვნანობთ ხოლმე. ჩემი აზრით, ყველაზე უფრო ჭრელ ცხოვრებაშიაც კი იმდენი პაწაწინა  მზის სხივია, როცა თვალს გადაავლებთ, რომ არა მგონია ვინმემ (ვისაც მთლად არ დაუკარგავს იმედი) ხალისით დაცალოს ლეთის წყლით სავსე თასი, თუნდაც ამისი შესაძლებლობა მიეცეს”.

    ბავშვობაში ჩვენის სოფლის ბიბლიოთეკას ამშვენებდა ნიკოლას ნიკლბის ძველი გამოცემა. ,,დავით კოპერფილდის” შემდეგ რატომღაც ვერ ვბედავდი ამ ნაწარმოებთან შერკინებას. შემდეგში როდესაც თვალი სათაურებს გადავავლე, უმალ პარალელი ,,დონ კიხოტთან” გავავლე; სერვანტესის მსგავსად, დიკენსიც ამ რომანის ყოველ სათაურში გვამცნობს თუ რაზეიქნება მოთხრობილი ამბავი.  ეპიკური პროზის დიდოსტატი ნიკოლას ნიკლბისთავგადასავალში, ისევე როგორც ბალზაკი თავის გენიალურ რომანებში აღწერ ინგლისურისაზოგადოების რეალისტურ სურათს.

    მამის გარდაცვალების შემდეგ ნიკოლასი  დედასთან და დასთან (კეიტი) ერთად უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდება. ნიკოლასის ბიძა, რალფი, ხარბი ადამიანია, რომელსაც პირადი გამდიდრების გარდა არავითარი მიზანი  არ გააჩნია. იგი მასწავლებლად მოაწყობს ნიკოლასს ერთ კერძო სკოლაში (იორკშირში), და ფიქრობს რომ ამით ძმიშვილს დაეხმარა. სინამდვილეში კი თავიდან მოიშორა, გაარიდა რა ლონდონს. მისტერ სკვირსი, სკოლის მეპატრონე, ბოროტი ადამიანი იყო, რომელიც სასტიკად ექცეოდა მოწაფეებს. ნიკოლასის თვალწინ გადაიშალა საშინელი სურათი.  იგი შეძრწუნდა იმ მეთოდებით, რასაც სკვირსი იყენებდა მშიერ და შეშინებულ ბიჭებთან. განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდა იგი სმაიკს, უთვისტომო მოზარდს, რომლის დაცვასაც ნიკოლასი შეეცდება. იგი ფიზიკურად გაუსწორდება სკვირსს და იორკშირიდან სმაიკთან ერთად წავა. ამის შემდეგ იწყება მისი ამბები ლონდონსა და მის საზღვრებს მიღმა, ასპარეზზე შემოდიან ახალი გმირები, რომელთა ნაწილი ეხმარება მთავარ გმირს, ნაწილიც კი მისთვის და მისი ოჯახისთვის მხოლოდ ზიანის მომტანი აღმოჩნდება. ნიკოლასს ფარულად ეხმარებიან  ბიძის კლერკი (ერთ დროს მდიდარი) ნიუმენ ნოგსი, მოგვიანებით კი ძმები ჩირიბლები. ნიკოლასის დაც არაერთხელ დადგებაგანსაცდელის წინაშე, თუმცა ისიც ახერხებს გადარჩენას. ამ რომანს კეთილი დასასრული აქვს. რუსთაველი რომ გავიხსენოთ, ,,ბოროტსა სძლია კეთილმან” – ყველა ღვარძლიანი ფინალში ხელმოცარული რჩება, სამართლიანობისთვის მებრძოლნი კი გამარჯვებული. მხოლოდ ჯანმრთელობაშერყეული სმაიკი იღუპება, ადამიანი რომელიც სახეა იმ ულმობელი სისტემისა, რომელსაც ესოდენ მძაფრად ამხელს დიკენსი რომანის წინასიტყვაობაში (ცნობილია რომ მწერლის წინააღმდეგ ბევრი კერძო სკოლა ჩიოდა, თუმცა ნათელ ფერებში ასეთ სკოლებს არც დიკენსის თანამედროვენი აღწრდნენ, მაგალითისთვის მკითხველს შ. ბრონტეს ,,ჯეინ ეარიდან” ლოვუდის სკოლას გავახსენებ).

    წმინდა სტილისტური თვალსაზრისით, დიკენსის ეს რომანი საკმაოდ შეკრულია სიუჟეტურად. ავტორს არ დავიწყებია არცერთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, ყველას უბრუნდება ეტაპობრივად და იცავს კლასიკური რომანის პრინციპებს. ამიტომაც ვფიქრობ,  რომანის, როგორც ჟანრის აღორძინების საუკეთესო ეპოქა სწორედ მეცხრამეტე საუკუნე გახლდათ.

    იკითხეთ დიკენსი, რათა მეტად გიყვარდეთ ადამიანები. მისი ყველა ნაწარმოები ხომ ჩვენსავე წარსულიდან მელანქოლიურ ამბებს გვაგონებს, და სევდიანი ქრონიკების მიღმა ოპტიმისტური სულისკვეთებით აღგვძრავს, –ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება! არაფერია ადამიანის სიყვარულზე მაღლა, ამიტომაც დავასრულებ ნიკოლასის სიტყვებით, რომელიც მან სმაიკს მიმართა:

    ,, …შინ წაგიყვანთ-მეთქი რომ გეუბნებით, – განაგრძონიკოლასმა, – მე ჩემს სახლს ვგულისხმობ… რაცაგრეთვე თქვენიც არის. რაღაც განსაზღვრული ოთხიკედელი და სახურავი რომ ჰქონდეს, ღმერთმა იცის, გამიჭირდებოდა მეთქვა, სად მდებარეობს ეს სახლი. მაგრამ ასეთ სახლს არა ვგულისხმობ. მემხედველობაში მაქვს ის ადგილი, სადაც, უკეთესისუქონლობის გამო, ჩემი საყვარელი ადამიანებიიმყოფებიან. და ბოშათა კარავი ან ფარდული რომიყოს ეს ადგილი, სულ ერთია, მაინც ამ ძვირფასისახელით მოვიხსენიებდი. აკი გეუბნებით, ფიქრი ნუგაქვთ-მეთქი, როგორი შიშითაც არ უნდა მოელოდეთჩემი დღევანდელი სახლის ნახვას, იგი არშეგაკრთობთ არც სიდიდითა და არცდიდებულებით”.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   230 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 228 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)
    • JOTO