Jump to content
×
×
  • Create New...

კარლოს რუის საფონის ,,ქარის ჩრდილი’’


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

e183a1e18390e183a4e1839de1839c.jpg ,,…მკითხველზე ყველაზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს პირველი წიგნი, რომელიც გზას სი გულისკენ. ის პირველი მხატვრული სახეები, სიტყვების ექო, რომლებიც გვეგონა, წარსულში მოვიტოვეთ, მთელი ცხოვრება თან გვდევენ და ჩვენს მეხსიერებაში აგებენ სასახლეს, სადაც ადრე თუ გვიან – რამდენი წიგნიც არ უნდა წავიკითხოთ, მას მერე რამდენი სამყაროც არ უნდა აღმოვაჩინით, რამდენიც არ უნდა შევიტყოთ თუ დავივიწყოთ, – უსათუოდ ვბრუნდებით’’ – ვკითხულობთ ესპანელი მწერლის, კარლოს რუის საფონის რომანში ,,ქარის ჩრდილი’’. ეს დიდებული ნაწარმოები ნამდვილად არ ყოფილა ჩემი პირველი წიგნი, მაგრამ შთაბეჭდილებები და მისტიკური განცდა, რაც დამიტოვა, დიდხანს გამყვება.

    წიგნი ,,აუცილებელი საკითხავის’’ სერიით გამოსცა ,,არეტემ’’ და მართლაც ვურჩევდი ყველას, გაეცნოს თანამედროვე ლიტერატურის ამ შედევრს. ესაა საოცარი თავგადასავალი მკითხველის, წიგნის, მწერლისა და ლიტერატურული გმირების შესახებ, ერთგვარი ლაბირინთი წარსულში, ფენიქსის თავგადასავალი, თუ როგორ ხდება მკვდრად შერაცხილის იდუმალი გამოცხადება აწმყოში, ფერფლიდან აღდგინება (პირდაპირი გაგებით) და სიცოცხლის ხალისის კვლავ დაბრუნება. ხულიან კარაქსი არის მწერალი, რომელმაც განახორციელა გალაკტიონის ერთი ლექსის დევიზი:

,,ვინც ღამით დაწვავს შოპენჰაუერს,

რომ უფრო მძაფრად იცხოვროს დღისით’’.

კარაქსმა გადალახა შოპენჰაუერისეული ღამე, ხელში ვიქტორ ჰიუგოს ნაქონი კალამი აიღო და წლების შემდეგ დაწერა ახალი რომანი, რომელიც თავის პატარა მეგობარს, დანიელს გაუგზავნა წარწერით, სადაც ემადლიერებოდა ხელახალი შობისთვის.

    დანიელის მამა ბუკინისტი იყო და თავის ვაჟს ნელ-ნელა ასწავლა ეს საქმე. ერთხელ კი მივიწყებული წიგნების სასაფლაოდან დანიელმა ერთი წიგნი წამოიღო წასაკითხად. ეს გახლდათ ხულიან კარაქსის ,,ქარის ჩრდილი’’, საკმაოდ საინტერესო სიუჟეტის მქონე რომანი, რომელმაც დანიელს არა მხოლოდ წიგნის, არამედმისი ავტორისადმი გაუღვივა ცნობისწადილი. იგი ცდილობს გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა მწერალს გამოქვეყნებული სხვა რომანები. თუმცა, სანამ ამას დაადგენდა, მანამ უჩნდება სურვილი გაერკვია მწერლის ვინაობა. მივიწყებული, ლამის უცნობი მწერლის შესახებ ინფორმაციის მოპოვებამ დანიელი არაერთ ადამიანს შეახვედრა. ხულიან კარაქსის ხსენებული რომანის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი შემორჩენილიყო, რომელიც დანიელის ხელში აღმოჩნდა და არ აპირებდა მის დათმობას. ვინ იყო კარაქსი? ესპანურად წერდა თუ ფრანგულად? მისი რომანები ხომ პარიზში იბეჭდებოდა? საიდან უნდა მოხვედრილიყო ბარსელონელი მწერალი საფრანგეთში. მწერლის აჩრდილს ადევნებულ დანიელს ფერმინი ეხმარება, მამამისის მიერ აყვანილი თანამშრომელი წიგნების მაღაზიაში, საკმაოდ ქარიშხლიანი წარსულის მქონე კაცი, რომელსაც ეჭვის თვალით უყურებდნენ გარშემო. დანიელი შეიტყობს, რომ ხულიან კარაქსი, ცნობილი მექუდის შვილი იყო, თუმცა სხვა ცნობით დედამისს იგი სხვა კაცისგან შეეძინა. ცნობილი ხდება სასწავლებელი, სადაც დიდგვაროვანთა შვილები სწავლობდნენ, რომელშიც ხულიანი გავლენიანი ალდაიას წყალობით მიუღიათ. ერთი ცნობით, გაღატაკებული მწერალი, რომელიც პარიზის ერთ-ერთ ბორდელში ფორტეპიანოზე დაკვრით ირჩენდა თავს, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე მოკლეს დუელში, მეორე ვერსიით კი პარიზიდან დაბრუნებული დაიღუპა ბარსელონაში, სადაც საერთო სამარხში დაასაფლავეს. დანიელთან ერთად მკითხველიც დაეხეტება ბარსელონის ქუჩებში, ფსიქატრიულ საავადმყოფოში (იქ იმყოფებოდა ხულიანის შეყვარებულის, პენელოპეს მოხუცი ძიძა, რომელსაც ბევრი რამ ახსოვდა), ბუკინისტურ მაღაზიებში, იმ სასწავლებლის პანსიონში, სადაც მწერალი და მისი მეგობრები სწავლობდნენ…  მოვლენები იმგვარად ვითარდება, რომ ვხვდებით ჩვენს თვალწინ საოცარი კვანძი გაიხსნება…

    ,,ქარის ჩრდილი’’, როგორც იანიშნებენ ხოლმე თავად მკითხველის ამბავიცაა. დანიელის ცხოვრებაში ხომ ზუსტად იგივე მოვლენები ხდება, რაც ახალგაზრდა კარაქსს დაემართა. მასაც უყვარდება მეგობრის და, რომელიც სხვაზეა დანიშნული, თუმცა ხულიანისგან განსხვავებით, დანიელის ამბავი დაბრკოლებათა გადალახვის შემდეგ, გმირის გამარჯვებაა. ესაა ზღაპრის იდეალის ხორცშესხმა, სადაც ქატო შორს, იქით რჩება, ფქვილი კი ავსებს კეთილთა ბეღელს. თუმცა ხულიანის ამბავიც არაა ბოლომდე უბედური. წეღანაც ვახსენე, და კვლავ ვიტყვი, რომ იგი ჩემს თვალში ფენიქსია, აღმდგარი და კალამმომარჯვებული.

    ,,შემეძლო, შინაარსი მომეყოლა, მაგრამ ეს იგივე იქნებოდა, ტაძარი წვეტით დაგვირგვინებულ ქვების გროვად ამეწერა” – რომანის ეს სიტყვები, საუკეთესოდ ასახავს საფონის დიდებული ქმნილებისადმი ჩვენს დამოკიდებულებას. შეგვიძლია მასზე ვისაუბროთ, მოვყვეთ დეტალურად, მაგრამ მის დასაგემოვნებლად წიგნის წაკითვაზე საუკეთესო საშუალება არ არსებობს.

    სამწუხაროდ კარლოს რუის საფონი 2020 წლის ივნისში გარდაიცვალა 55 წლის ასაკში (იგი ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა 90-იანებიდან). ,,ქარის ჩრდილი’’ გამოცემული ტირაჟით მხოლოდ ,,დონ კიხოტს’’ ჩამოუვარდება (როგორც გვამცნობენ) ესპანურენოვან ლიტერატურაში, რაც მხოლოდ მისი პოპულარობით არ აიხსნება. ესაა წიგნი დაუღალავ ბრძოლაზე, ხელჩაუქნელობაზე, ოპტიმისტურ შემართებაზე. მადლობა მწერალს, მთარგმნელს, გამომცემელს და რომანის პერსონაჟებს.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   196 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 196 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • Facebookexternalhit(2)
    • YandexBot(13)