Jump to content
×
×
  • Create New...

ვეიპორვეივი. სევდა არშემდგარზე


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

‘ახალი წელია, ახალი წელი, უნდა დაიჯერო, რომ სასწაული ხდება!’ სატვირთო მანქანების კოლონა, მორთული ლამფებით, სიბნელისკენ მიდის. ბევრი ჩემ მეგობართაგან, რომლებიც 80-იანების ბოლოს – 90-იანების დასაწყისში დაიბადა, ამბობდა, რომ ეს სარეკლამო რგოლი არის საიმედო მეთოდი ‘საახალწლო განწყობის’ დასაბრუნებლად. ბევრად უფრო საიმედო, ვიდრე მორთული ნაძვის ხე, წინასადღესასწაულო ფასდაკლებები, ფილმი ‘ბედის ირონია’ და თოვლი. შესაძლოა, ჩვენ ვართ პირველი თაობა, რომელიც სარეკლამო რგოლებზე გაიზარდა. ცხადია, დღეს ცოტას თუ მოსწონს კოლა და საეჭვოა მოტყუვდეს სლოგანით, რომელიც უსასრულობას გვპირდება. ის ბრენდები, რომლებიც საკუთარ თავს პატივს სცემენ, უკვე დიდი ხანია თავის სარეკლამო კომპანიებს ბევრად უფრო ‘დამიწებულ’ კონცეპციებზე აგებენ. აქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენ ვართ იმ სამყაროდან, რომელიც გვპირდებოდა ბედნიერებას, რომელსაც მივიღებდით შოკოლადის, სარეცხი მანქანების და ჭურჭლის სარეცხი საშალებების მეშვეობით. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ბავშვობაში ჩვენ შეგვეძლო ისე გვესიამოვნა რეკლამირებული პროდუქციით, როგორც ეს ეკრანზე იყო ნაჩვენები. იდეალური მომხმარებლები ვიყავით.

დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ ის პროდუქცია, რომელიც ვიტრინებს მიღმაა, მონური შრომის შედეგია, თვით პროდუქტის წარმოება და გადამუშავება კი პლანეტისთვის საზიანო პროცესია, ხოლო დიდი კომპანიები უკვე აღარ გვიბიძგებენ თავისი პროდუქციის ასარჩევად, ამის მაგივრად ისინი თვით არჩევანის შესაძლებლობას სპობენ. მოხმარების სიამოვნება ჩვეულებრივი ადამიანისთვის ფაქტობრივად მიუღწეველია. ჩვენ ვცხოვრობთ გამარჯვებული კაპიტალიზმის გლობალურ სოფელში, და ის საერთოდ არ ჰგავს იმ უტოპიურ სამყაროს, რომლის ყიდვას ნაწილ-ნაწილ გვთავაზობდნენ 80-იან და 90-იან წლებში.

მოგონება ამ უტოპიის შესახებ შემონახულია სხვადასხვა (დღეს უმეტესწილად უკვე დრომოჭმული) ტრანსკონტინენტალური კომპანიების ლოგოტიპებში, ადრეულ კომპიუტერულ თამაშებში და ძველ ოპერაციულ სისტემებში, VHS-კასეტებში და ოთხკუთხედი ტელევიზორების ეპოქის მუსიკის ხმებში. ეს ყველაფერი – მასობრივი პროდუქტები და კულტურული მიგნებები – უკვე დიდი ხანია ისტორიის ნაგავსაყრელზეა. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვახსოვს რომ ‘დღესასწაული ჩვენთან მოდის’ – სატვირთო მანქანები ალბათ, უბრალოდ, უამინდობის გამო იგვიანებენ. ამ კოლექტიურმა თანდაყოლმა მოგონებამ ჩვენი თაობის ზოგიერთ ადამიანს აიძულა ისტორიის ვირტუალურ ნაგავსაყრელზე ქექვა დაეწყო და ყველაფერ იმის ამოღებით, რაც წარმოების ზედმეტობა უნდა ყოფილიყო, ახალი კულტურული იდენტობა შეექმნა, რომელსაც ‘vaporwave’ (ვეიპორვეივი) ეწოდა. ვეიპორვეივზე ამბობენ, რომ ის შეიძლება პირველი მუსიკალური ჟანრი იყო, რომელიც ინტერნეტში დაიბადა. და ნამდვილად, ის არა ლოკალური სცენიდან წარმოიქმნა, არამედ სხვადასხვა პატარა ჯგუფებში Reddit-ზე და Tumblr-ზე, სადაც 10-იანი წლების დასაწყისში მომხმარებლები აზიარებდნენ ნახატებს, რომლებიც შეიცავნდნე გლიჩ-არტს (glitch art), დაბალპოლიგონალურ 3დ-მოდელებს, 16-ბიტიან პეიზაჟებს პალმებით, ანტიკურ ქანდაკებებს, ძველისძველ კომპიუტერულ მონიტორებს, Windows 95-ს იკონოგრაფიას, ანიმეს პერსონაჟებს, პოპ-კულტურის ხატებს/გამოსახულებებს (ხშირი იყო Arizona Iced Tea-ს ქილა), ტელეგადაცემების კადრებს და მრავალს სხვას. პალიტრა უმეტესწილად შედგებოდა ფირუზის, მაჯენტას და ციანისგან. ხშირად ნახატებზე იყო წარწერები (მაგ. ‘Where are we ?’). ყველაფერი ეს იმ დიდი ერთიანი რაღაცის ნაწილი გახდა, რასაც შემდგომში ვეიპორვეივს დაარქმევენ. ისევე, როგორც ამ ფენომენის მუსიკალური შემადგენელი, ნახატები უსახოა და ცნობადი კანონიკის მიხედვითაა გაკეთებული. ავტორობას არ აქვს მნიშვნელობა, ხოლო მხატვრის ოსტატობა არა იმაში დევს, რომ საკუთარ თავი გამოხატო, არამედ იმაშინ რომ შენი პატარა წვლილი შეიტანო საერთო ჰომოგენურ ესთეტიკაში (სხვათაშორის, ვეიპორვეივის ყველა ვიზუალურ ელემენტს, იქნება ეს ნახატი, გიფ-გამოსახულება თუ ვიდეო, ერთი ტერმინით მოიხსენიებენ – A E S T H E T I C).

maxresdefault.jpg?w=1024

მომხმარებლების მიმოცვლის საგანი იყო მუსიკაც, რომელიც უსინდისოდ ქურდავდა 80იანი და 90იანი წლების კულტურულ საფლავს, სემპლების გამოყენება კი ‘ნაპოვნი ნივთების’ კონტექსტში იქნა გაყვანილი. ვეიპორვეივი იყენებს მზად მუსიკალურ ერთეულებს: ეს მუსიკა შეიძლება იყო შადეს დავიწყებული ჰიტი, გაზიანი სასმელის სარეკლამო რგოლისთვის დაწერილი კომპოზიცია ან კომპანია Muzak-ის პროდუქცია, რომელიც 21-ე საუკუნის დასაწყისში კაპიტალისტურ ‘სკებში’ და საზოგადოებრივ სივრცეებში იაფი და მარტივი მუსიკის ჩანერგვით იყო დაკავებული (ცხადია, თვითონვე ქმნიდა ასეთ მუსიკას). ეს ‘ნაპოვნი მუსიკა’ განსხვავდება ე.წ. ‘კონკრეტული მუსიკისგან’ (აკადემიური მუსიკის მიმდინარეობა, რომელიც საფრანგეთში გაჩნდა 60-იან წლებში), პირველ რიგში კი, თავისი შინაარსით. თანამედროვე ავტორები ქმნიან ერთიან შენობას – მოჩვენებითი სავაჭრო ცენტრი, ოფისებისთვის განკუთვნილი ცალკე სართულით – ერთგვარი საფლავის ქვა კაპიტალისტური ოპტიმიზმის თავზე. საეჭვოა რომ ეს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ლანდია (თუმცაღა კი ქრონოლოგიურად ჩემი თაობისთვის სწორედ ახალი საუკუნის დასაწყისი ემთხვევა კაპიტალისტური სამოთხის შესახებ არსებული ილუზიების გაფანტვას). ეს ბევრად უფრო პირადი ხასიათის მქონე ლანდია – ბავშვობის ლანდი, კონკრეტულად კი ბავშვობის იმ ნაწილის, რომელიც თავის ბედნიერებას და სიხარულს უკავშირებს ტელევიზორის ეკრანზე მჭახე გამოსახულებებს, ბედნიერება, რომელიც მოვა, როდესაც გაიზრდები, როდესაც მეტს აღარ ივლი სკოლაში (!), სამსახურში მოეწყობი და ყოველთვის გექნება საკმარისი ფული, რომ ნებისმიერი ტრანსფორმერი, საღეჭი რეზინი თუ ფლომასტერი იყიდო, და კომპიუტერთან კი იმდენს ითამაშებ, რამდენიც გენდომება (და განა სხვა რამის გაკეთება შეიძლება ?)

ცხადია, უამრავი ადამიანი, ასაკის მატებასთან ერთად, ცდილობს ამ ოცნების რეალიზებას, მაგრამ ამგვარი ქმედება ხშირად იწვევს ‘უფრო სერიოზული’ თანატოლების დაცინვას. მათთვის, ვისი ბავშვობაც შემდგომში უნივერსიტეტში ხუთწლიანი პერიოდით იყო დამძიმებული, მოგვიანებით კი გასრესილი, წლების განმავლობაში შესასრულებელი, ყველასთვის გაუგებარი ‘სამუშაოთი’, რომელიც საშუალებას იძლეოდა საცხოვრებელი ფართის ქირაობის, მშობლებისგან განცალკევებით, ცნობილია ის რბილი ფანტომური ტკივილი და მივიწყებული ნაივური სიხარული, რომელიც 90-იანი წლების არტეფაქტების დანახვისას ჩნდება. სწორედ ეს ტკივილი და ეს სიხარული არის ვეიპორვეივის მუსიკის შინაარსი და შემადგენელი ნაწილი. ხშირად ამ ჟანრის შესახებ არსებულ მასალაში გვხვდება სიტყვა ‘ნოსტალგია’. მაგრამ რადგანაც საქმე გვაქვს ნოსტალგიასთან უტოპიისადმი, ბევრად უფრო ზუსტი იქნება ჟაკ დერიდას ტერმინი – ‘hauntology’. სსრკ-ს დაშლის შემდეგ გაისმა ფრაზა ‘კომუნიზმი მოკვდა’. ჟაკ დერიდა, მარქსის სიტყვების გახსენებისას (ევროპაში კომუნიზმის მოჩვენება დაწრწის), პასუხობს ‘თუ კომუნიზმი ყოველთვის მოჩვენება/ლანდი იყო, მაშინ რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ის მკვდარია?’. სიტყვა ‘hauntology’ ფონეტიკურად მოგვაგონებს ტერმინს ‘ონტოლოგია’, თუმც ამ სიტყვის ფესვი ინგლისური ზმნა არის – ‘to haunt’. ამ სიტყვის თარგმნა კონტექსტის გარეშე მეტად რთულია, მაგრამ როდესაც მოჩვენება ‘დაწრწის’/’უგზო-უკვლოდ დაეხეტება’, სწორედ ეს ზმნა გამოიყენება. ცნება ‘hauntology’ გულისხმობს მოჩვენებების ყოფიერებას – სოციალურს, კულტურულს, აზრობრივს. თეორეტიკოსი მარკ ფიშერი უკავშირებდა ამ ტერმინს მუსიკას და საუბრობდა hauntologic music-ის შესახებ, თუმცაღა ამ ტერმინს სხვა თაობის შემსრულებელთან ასოცირებდა – მაგ. Burial. დღეს ვეიპორვეივის და hauntologic music -ის კავშირი საკმაოდ აშკარაა. იმ ადამიანებისთვის, რომელთა ბავშვობამაც ჩაიარა მომღიმარე და აღტაცებული სახეების გარემოცვაში, რომლებიც სრული სისულელეების რეკლამირებით იყვნენ დაკავებულნი, შესაძლებელია ნოსტალგია არა იმ სარეკლამო რგოლებზე და არა საკუთრივ პროდუქციაზე, არამედ გულწრფელ რწმენაზე, რომ ეს ბედნიერება შესაძლოა ნამდვილი და მიღწევადი იყოს. ‘კონკრეტული მუსიკის’ ავტორები ამგვარ პროცესებში არასდროს იყვნენ ჩართულნი. ისინი ცდილობდნენ მეორე მსოფლიო ომის საშინელება დაეძლიათ. ის თაობა სხვა გამოწვევას პასუხობდა და არ ჰქონდა შეხება გადამდებ მასკულტურასთან. ამ მხრივ, უფრო მართებული იქნება ვეიპორვეივი დავუკავშიროთ დადას და პოპ-არტს.

ვეიპორვეივი აუტისტური კულტურაა. იმის მაგივრად, რომ სხვებს მოუყვეს მზაკვრული მარკეტინგული მეთოდების შესახებ ან იმ მოწამვლის შესახებ, რომელიც განიცადა ჩვენმა ტვინმა, როდესაც სკოლის პერიოდში ამ ინფორმაციულ ‘გამონაბოლქვს’ მოიხმარდნენ, ვეიპორვეივის შემსრულებელი ამ გამონაბოლქვს წარმოქმნის. ვეიპორვეივი არის ოთახი, რომელიც სავსეა ‘ავეჯით’ – ინფორმაციული ნაგავით. აქ არ არსებობს არანაირი ინდივიდუალისტური შეფასება. ერთადერთი განსხვავება – ხედვა ფოკუსის გარეშე – ობიექტები ერთმანეთს კვეთენ, კარგავენ გააზრებულ ხასიათს, პერიოდულად ჩნდება ღელვის შეგრძნება, რომელიც ეიფორიას ემსგავსება და პირიქით. კრიტიკოსებმა არ იციან, რას უშვება ვეიპორვეივი კაპიტალისტურ უტოპიას – მის დეკონსტრუქციას ახდენს თუ განდიდებას. შესაძლოა, იდეალური ვეიპორვეივ-გმირი არის ის, ვინც არასდროს იღვიძებს ცნობიერში. ის დიდი ხანია ვირტუალურ რეალობაში ცხოვრობს და თავისი შემოქმედებით მხოლოდ რამდენიმე პიქსელს ჰმატებს სხვა, მისი მსგავსი ადამიანების კოლექტიური ქვეცნობიერის უზარმაზარ ტილოს. ისინი ყველანი ჰოლოგრაფიული უტოპიის მაცხოვრებლები არიან.

tumblr_on14pnkxms1w7o474o1_1280.png?w=10

ინტერნეტის და მისი წესრიგის ეპოქამ ვეიპორვეივი შესაძლებელი გახადა. ‘ინტერნეტ-მეკობრეობამ’, ანონიმურობამ და ადრეული ინტერნეტის უპირობო თავისუფლებამ ბიძგი მისცეს ახალი ცნობიერების განვითარებას – ცნობიერება, რომლისთვის ინტელექტუალური საკუთრების იდეა მიუღებელი და აუტანელია. ჯერ კიდევ 100 წლის წინ, ის მხატვრები, რომლებიც რედი-მეიდთან მუშაობდნენ, საზოგადოების კრიტიკას იმსახურებდნენ. დღევანდელი რედი-მეიდს ვერ იყიდი მაღაზიაში, როგორც დუშანის ცნობილი ‘ქუდის საკიდი’ იყო ნაყიდი. დღევანდელი რედი-მეიდი უფასოდ და უსირცხვილოდ არის გადმოწერილი, დიდ სიჩქარეზე, რომელიც გადმოწერის დროს ცხადია უსასრულოდ ნელი ეჩვენებოდათ, რადგანაც პროვაიდერი ჯერაც ვერ ეწევა ადამიანური სურვილის სისწრაფეს. ვეიპორვეივის მუსიკა უფასოდ ვრცელდება ან მცირე თანხის სანაცვლოდ, სხვადასხვა საიტზე, როგორიცაა soundcloud და Bandcamp. ადრე zip-არქივები ალბომებით სხვადასხვა ფაილთა მიმოცვლის სერვისის მეშვეობით ვრცლედებოდა, დღეს ეს უკვე წარსულია. თუ ვეიპორვეივ-არტისტი ფიზიკურ ასლებს უშვებს, როგორც წესი, აუდიო-კასეტები გამოიყენება, უფრო იშვიათად – კომპაქტ-დისკი და ვინილი.

უნდა ითქვას, რომ ვეიპორვეივის გაჩენამდეც არსებობდა მსგავსი მუსიკალური მიმდინარეობა. ამ მოვლენის ყველა შემადგენელი ნაწილი უკვე გვხვდებოდა 70-იან და 80-იან წლებში, თუმც პასტიში, კოლაჟი და ‘ნაპოვნი მუსიკა’ არასდროს არ იყო სათავეში. საეჭვოა, რომ ამგვარი ადრეული ნამუშევრები ვეიპორვეივის პიონერთა მუსიკის საფუძველი ყოფილიყო – თუმც ვინ იცის. იდეები ჰაერში დაფრინავენ. ვეიპორვეივის ათვლის წერტილებად ორი ქვეჟანრი ითვლება – chillwave და hypnagogic pop. აშკარა მსგავსების მიუხედავად, არსებობს დიდი განსხვავება – ეს ორი ქვეჟანრი ჯერ კიდევ საჭიროებს მუსიკოსებს, ავტორს. სემპლების კოლაჟები სინტეზატორების პარტიებით იყო დაბალანსებული, გიტარით და ვოკალისტთა ხმით. ვეიპორვეივი გაექცა ამ პიროვნულობას (რომელსაც ინსტრუმენტად ელექტროგიტარა ჰქონდა) და დაიმალა ‘მოძველებული ცნებების პატრიარქალურ ნაგავსაყრელზე’, სადაც კოლექტიური ქვენცობიერის ნაგლეჯებისგან თოჯინების სახლი ააგო.

folder.jpg?w=1000

ტრადიციისამებრ, ვეიპორვეივი სამი უმთავრესი რელიზით იწყება, მათ შორის პირველი 2010 წელს. დენიელ ლოპატინი, ავტორი პროექტის Oneohtrix Point Never, გამოუშვებს (ყველასთვის მოულოდნელად) 100 კასეტას, რომელზედაც ჩაწერილია ალბომი ‘Chuck Person’s Eccojams Vol.1’. ამ (აწ უკვე ისტორიული) ჩანაწერის ყდას წარმოადგენდა Sega Mega Drive 2-ის საკულტო თამაშის – Ecco the Dolphin-ის კარტრიჯის ფრაგმენტების კოლაჟი.

კარტრიჟის გარეკანის დიზაინი ცნობილ მხატვარს ეკუთვნის – ბორის ვალიეხოს. თამაშში დელფინი ეკკო ცდილობის თავისი მეგობრები გადაარჩინოს, რომლებიც კოსმოსიდან მოსულმა უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს. თამაშის შთაგონების წყარო ჯონ ლილის ნამუშევრები იყო – ფსიქოანალიტიკოსის, ნეირობიოლოგის და ფსიქოდელიური პრეპარატების ენთუზიასტის, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, დელფინთა კომუნიკატიურ შესაძლებლობებს იკვლევდა. ლილი ამტკიცებდა, რომ თავისი ექსპერიმენტების პროცესში მას სხვადასხვა კოსმოსური არსება შეხვდა, რომლებსაც ჰქონდათ კავშირი ე.წ. ‘Earth Coincidence Control Office’-სთან (E.C.C.O). სწორედ ასე გაჩნდა დელფინის სახელიც. ამ ამბავზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ვეიპორვეივის პიონერებისთვის სწორედ ეს იქცა საწყისს წერტილად, სწორედ ამის გამო ისინი საკუთარ ჩანაწერებს ‘eccojams’ ეძახდნენ, რაც ერთგვარი პატივისცემის გამოხატვა იყო დენიელ ლოპატინის ალბომისადმი.

მაშ ასე, რა არის ‘eccojams’ ? ორიგინალში (ზემოთხსენებულ კასეტაზე) ეს იყო ტრეკები, რომლებიც შედგებოდა განცალკევებული, მრავალჯერ განმეორებადი სიმღერების ნაწყვეტებისგან, ისეთი შემსრულებლების, როგორიცაა ჯანეტ ჯეკსონი, კრის დებურგი, Fleetwood Mac და მე-20 საუკუნის პოპ-მუსიკის სხვა წარმომადგენლებისა. სწორედ ეს განმეორადობა წარმოქმნის ‘ექოს’ ეფექტს, რასაც ხაზს უსვავს კიდეც ალბომის სახელიც. მუსიკალურად, ტრეკები შენელებულია და მძლავრი და ხშირი რევერბაციის ეფექტი ადევს, რის გამოც ისმინება, თითქოს სადღაც ჰორიზონტს მიღმაა ან დიდ ცარიელ სივრცეშია. ლოპატინმა სემპლებს ერთი ნოტიც კი არ შეჰმატა. ფაქტობრივად, მთელი ალბომი ერთი დიდი დეფორმირებული კოლაჟია. ამ ჩანაწერს ხშირად მიაკუთვნებენ ‘plunderphonic music’-ს (მუსიკა, რომელიც მთლიანად სემპლებისგან შედგება), რომელიც, თავის მხრივ, ვეიპორვეივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწყისი უნდა იყოს.

თვით ლოპატინს არაფერი მსგავსი არ გაუკეთებია არც ‘Eccojams’-მდე, არც მას შემდეგ, ამ ჩანაწერს კი უბრალოდ ხუმრობა უწოდა. მოგვიანებით ინტერვიუში, მან თქვა რომ დიდი ალბათობით, ყველას ასე იმიტომ მოუნდა ასეთი მუსიკის კეთება, რადგანაც ის ასე ხშირად ყვებოდა, თუ რაოდენ მარტივია ამგვარი რამის გაკეთება. ნებისმიერს შეუძლია თვითონ შექმნას eccojams. ეს ვეიპორვეივს აახლოვებს პანკთან და ჰიპ-ჰოპთან. ‘Chuck Person’s Eccojams Vol. 1’ -ს არ გააჩნდა არანაირი ფილოსოფიური ბექგრაუნდი. ლოპატინი ამბობს, რომ სიმღერების ნაწყვეტებს შემდეგნაირად არჩევდა: თუ სხვისი სიმღერის რომელიმე ფრაგმენტი მოსწონდა, ის მას ჭრიდა და ბევრჯერ იმეორებდა. სემპლების შენელებას უკვე ჰქონდა ადგილი, ერთი წლით ადრე, როდესაც witch-house იბადებოდა, როგორც ჟანრი, და კიდევ უფრო ადრეც: 90-იან წლებში, ტეხასელი DJ Screw სხვადასხვა სემპლეს 60-70 BPM სიჩქარით უკრავდა. ამ მეთოდს ‘Chopped & Screwed’ ეწოდა. რთულია ვეიპორვეივზე ისეთი ინფორმაციის პოვნა, სადაც არაა ნახსენები ეს ტერმინი. ჟანრის პიონერებიც ამას უსვავენ ხაზს. ალბომმა [Eccojams Vol. 1] მსმენელები მოხიბლა მელოდიურობით, რომელიც პოპ-სიმღერებისგან იყო შემორჩენილი და რბილი მელანქოლიურობით, რომელიც მუდმივი განმეორადობით და ჟღერადობის ატმოსფერულობით იყო გამოწვეული. Hauntologic music-ის სხვა ადეპტი, საიმონ რეინოლდზი, წერს, რომ ეს ალბომი ეკუთვნის

“კულტურულ მეხსიერებას და კაპიტალისტურ პროდუქციაზე დამარხულ უტოპიზმს. პირველ რიგში, იმ პროდუქტებს შორის, რომლებიც უკავშირდება მომხმარებლურ ტექნოლოგიურ გამოთვლით და აუდიო/ვიდეო სეგმენტს.”

აშკარაა, რომ ‘Chuck Person’s Eccojams Vol. 1’ ვეიპორვეივის ათვლის წერტილია: სემპლების დამუშავება, გარეკანის გაფორმება, მუსიკა, რომელიც პირველწყაროდ გამოიყენებოდა და ნოსტალგიური შეგრძნება – ეს ვეიპორვეივ-ჩანაწერია. სწორედ ამ რელიზმა მისცა ბიძგი მთელ მიმდინარეობას. თუმც სანამ გადავალთ იმ ლოკალურ პროდიუსერებზე, რომლებიც შთაგონებულნი იყვნენ ლოპატინის ნამუშევარით, უნდა ვახსენოთ სრულიად სხვანაირი მუსიკიდან მოსული ალბომი, რომელმაც ვეიპორვეივის ტექსტუალურ იდეოლოგიას ჩაუყარა საფუძველი. ეს არის 2011 წელს გამოსული ‘Far Side Virtual’ (ჯეიმს ფერარო).

a3454393733_10.jpg?w=1024

ჯეიმს ფერარო ელექტრონული მუსიკის წრეებში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. ‘Far Side Virtual’ მისი 30-ე ალბომი იყო, ამ დროისთვის ის მხოლოდ 25 წლის იყო. თუმც ფერარო არა მარტო თავისი პროდუქტიულობით გამოირჩევა, მის ნაშრომებში ყოველთვის იგრძნობა ბგერისგან წარმოქმნილი ვირტუალური სივრცეები. მისი ბგერა არ არის აბსტრაქტული, მას ყოველთვის გარკვეული კულტურული კოდი გააჩნია. ამგვარი ბგერა-ნიშნების საშუალებით, ფერარო ოსტატურად ქმნის ამა თუ იმ გარემოს და სივრცეს. ფერარო ერთგვარი მუსიკალური კინემატოგრაფისტია. 2010 წელს გამოვიდა მისი კონცეპტუალური ალბომები – ‘Last American Hero’ და ‘Night Dolls with Hairspray’, რომლებიც განეკუთვნება ‘hypnagogic pop’-ს: აქ სემპლები ცოცხალ ინსტრუმენტებთან ერთად გამოიყენება, ხმა თითქოს ძველის ძველი ჩანაწერიდან არის გამორღვეული, რომელზეც უკვე არაერთი ჩანაწერი იყო, კომპოზიციები თითქოს სხვა კომპოზიციებისგან არის დამონტაჟებული (ცხადია, ფაქტობრივად, ეს ხელოვნურად ‘ცუდი’ მონტაჟია). ალბომზე ‘Night Dolls with Hairspray’ ფერარო ბავშვის ხმით მღერის წრიპიანი მოსწავლეების არა-ბავშვურად სასტიკ თავგადასავლებზე. ფერარო დასცინოდა კულტურას, რომელსაც მოზარდებს თავს ახვევენ ჟურნალები და მათი ცხოვრების ბნელ მხარეს გვიჩვენებდა. აქ მისი თვალთახედვა და სარკაზმი მკაფიოდ არის ნაჩვენები. ‘Far Side Virtual’ -ის ირონია ბევრად უფრო შეფარული აღმოჩნდა.

თავდაპირველად ჯეიმსი გეგმავდა რამდენიმე რინგტონის ჩაწერას და ეს მინი-ალბომი სწორედ ასეთი ფორმით გაევრცელებინა. ის ამბობდა, ‘Far Side Virtual’, როგორც არტ-ინსტალაცია, იმ შემთხვევაში შედგებოდა, თუკი ეს მუსიკა გამოყენებულ იქნებოდა როგორც რინგტონები’. ‘ეს მუსიკა უნდა რეალიზდეს (მოსმენილ იქნეს) ისეთი პოსტსტრუქტურალისტური ინსტრუმენტის საშუალებით, როგორიცაა სმარტფონი’, – დასძენდა ფერარო. თუმც ფერარო პროცესში გაერთო და ტრეკები სრულ კომპოზიციებად ჩამოყალიბდა. მოგვიანებით ის იტყვის, რომ არ იყო დარწმუნებული, რომ სხვებისთვის საინტერესო იქნება რინგტონების მინი-ალბომში თანხის გადახდა, ამიტომ გაფართოებული ვერსია ბევრად უფრო ‘მისაღები’ და ‘სიცოცხლისუნარიანი’ უნდა ყოფილიყო.

უტილიტარული მუსიკის დაწერის პროცესში, ჯეიმსმა გადაწყვიტა მაკის სტანდარტულ პროგრამაში ემუშავა – Garage Band-ში და პრინციპულად არ გამოეყენებინა არანაირი სერიოზული ტექნიკა და სოფტი. ჟღერადობა უნდა ყოფილიყო ზომიერად პლასტიკური, უსახო და, ამავდროულად, ულტრათანამედროვე. არ არის შემთხვევითი რომ ალბომის ყდაზე Google Maps-იდან აღებული ქალაქის ფოტოა და ჰაერში მოფარფატე აიპადები. ფერარო ამბობს, რომ მისი შთაგონების ერთ-ერთი წყარო იყვნენ ბავშვები, რომლებსაც ქუჩაში აკვირდებოდა – ისინი იკრიბებოდნენ და ‘რეპავდნენ’ მობილური ტელეფონიდან მომავალი მუსიკის ფონზე.

‘Far Side Virtual’ -ს შეიძლება ეწოდოს ნამუშევარი კაპიტალისტური რეალიზმის სტილში. ასევე ალბომი შეიძლება განვიხილოთ, როგორც კომპანია Muzak-ის გვიანდელი პროდუქციის გადააზრება. ეს კომპანია მცირე თანხის სანაცვლოდ სხვადასხვა ფონურ მუსიკას აწვდიდა სავაჭრო ცენტრებს, ლიფტებს, მოლოდინის დარბაზებს და ა.შ. კომპანიას თავისი ორკესტრი გააჩნდა. ხშირად ისინი ცნობილი სიმღერების ინსტრუმენტალურ ვერსიებს იწერდნენ, რომლის დროს ხმას რომელიმე ინსტრუმენტი ანაცვლებდა. 50-იანი წლების დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტმა, დუაით ეიზენჰაუერმა, ამ მუსიკის ტრანსლირება განახორციელა თეთრ სახლში, ხოლო NASA კი Muzak -ს იყენებდა კოსმოსურ შატლებში ასტრონავტების დასამშვიდებლად და სიჩუმის ამოსავსებად დასვენების დროს.

სამუშაო სივრცეებში Muzak იყენებდა პრინციპს Stimulus Progression. საწარმოო სივრცეებში ირთვებოდა 15 წუთიანი ფონური მუსიკის ბლოკები. ყოველ მომდევნო ბლოკის სიჩქარე და ხმა იზრდებოდა, რასაც, როგორც ვარაუდობდნენ, სამუშაო ტემპის ზრდა უნდა გამოეწვია. დროთა განმავლობაში, ციკლი წყდებოდა, 15 წუთიანი პაუზით, შემდეგ კი თავიდან იწყებოდა. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ დროთა განმავლობაში სიტყვა ‘Muzak’ -მა უარყოფითი კონოტაცია შეიძინა. კომპანიას არაერთხელ უჩივლეს სასამართლოში. ბევრი უარს ამბობდა სავაჭრო ცენტრებში სიარულზე, რადგან მათ ძალზედ აღიზიანებდათ მდორე და უსულო მუსიკა, რომელიც ყველა მხრიდან გადმოედინებოდა. უცნაურია, მაგრამ იაპონიაში Muzak-ის პროდუქციაზე მოთხოვნა მე-20 საუკუნის ბოლომდე არ წყდებოდა.

Muzak თავის თანამედროვეებს ძალზედ აღიზიანებდა, მაგრამ აუდიო-არტეფაქტების ახალგაზრდა მაძიებლებისთვის მას უცნაური შარმი გააჩნდა. შესაძლოა, ის გვახსენებს იმ ბავშვურ მომხმარებლურ ოპტიმიზმს. ‘ლიფტების მუსიკა’ ვეიპორვეივის ერთ-ერთი ქვაკუთხედი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ‘Far Side Virtual’ იყო მცდელობა, წარმოგვედგინა, როგორი იქნებოდა Muzak დღეს (კომპანია დიდი ხანია აღარ უშვებს მუსიკას და გადაერთო კორპორატიული კლიენტებისთვის პლეილისტების შექმნაზე). თვით ფერაროს კი კვლავ სურდა, სერიოზული ტონი ჰქონოდა, როდესაც ალბომი დაახასიათა როგორც ‘რეზინისა და პლასტიკის სიმფონია გლობალური დათბობისათვის, რომელიც მიუძღვნა დიდ წყნარ ოკეანეში არსებულ ჭუჭყის ლაქას’. თუმც კრიტიკოსები არ მოიხსენიებდნენ ალბომს როგორც ანტი-უტოპიურს. საიმონ რეინოლდზი ამბობს, რომ ალბომი გვაბრუნებს 90-იან წლებში არსებულ ოპტიმიზმის ეპოქაში, როდესაც ინტერნეტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების იმედით ვიყავით. მსმენელი დაბნეული იყო – ნუთუ მოხმარების განდიდება ხდება თუ ფერარო მართლაც სარკაზმით უდგება საკითხს, როდესაც ამ 21-ე საუკუნის კრისტალურად სუფთა და ნათელ ნატურმორტს ხატავს ? მუსიკა ნამდვილად ჰაეროვანი გამოდგა. მისი პლასტიკური ჟღერადობა არ გვახვევს თავს არაფერ სერიოზულს. მელოდიები სასიამოვნოდ ისმინება, თუმც ისინი არ აგვეკვიატება. ალბომში უამრავი კომპიუტერული პროგრამის ხმa და ბგერებია გამოყენებული, მათ შორის, სკაიპის. ოპერაციული სისტემების სტანდარტული ხმების გამოყენება მომდევნო წლებში ვეიპორვეივის სახასიათო ნიშანი გახდება. უტოპიასა და ანტი-უტოპიას, იდეალიზმსა და სარკაზმს შორის არსებული ზღვარის გავლება წარმოუდგენლად გვეჩვენება, რაც ამ ტიპის მუსიკაში შემდგომშიც მუდმივად შეგხვდება. ფერარო ალბომის აღქმაზე შემდეგ კომენტარს აკეთებს:

” Far Side Virtual დიდწილად საზოგადოებაში სივრცეს აღნიშნავს, ქცევის რეჟიმს. ყველა ნივთი სინქრონში მოქმედებს: რინგტონები, ბრტყელი ეკრანები, თეატრი, სამზარეულო, მოდა, სუში. მე არ მინდა ამას ‘ვირტუალური რეალობა’ ვუწოდო, მე ამას ‘საპირისპირო ნაპირის ვირტუალობად’ (far side virtual) აღვიქვავ. თუ თქვენ მართლა გსურთ, გაიგოთ ეს ‘საპირისპირო ნაპირი’, დასაწყისისთვის მოუსმინეთ კლოდ დებუსის, შემდეგ გაყინული იოგურტების მაღაზიაში წადით. მერე Apple Store-ში შეიარეთ და ცოტა ხანი იქ დაჰყავით, უმიზნოდ და უმიზეზოდ. შემდეგ კი Starbucks-ში შეაბიჯეთ და იქ სასაჩუქრე ბარათი შეიძინეთ. მათ აქვთ წიგნი Starbucks-ის ისტორიის შესახებ – ისიც იყიდეთ და სახლში წადით. თუ თქვენ ყველაფერ ამას გააკეთებთ, მიხვდებით, რა არის ‘საპირისპირო ნაპირის ვირტუალობა’ – რამე თუ ადამიანები უკვე დიდი ხანია მასში ცხოვრობენ. “


‘Far Side Virtual’ კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს, ხოლო ჟურნალ Wire-მა კი მას წლის ალბომიც კი უწოდა.

ამგვარად, პირველი ორი ჩანაწერი, რომლებმაც განსაზღვრეს ვეიპორვეივის განვითარების ვეკტორი, დიდწილად ანტიპოდები იყვნენ: ერთ მხრივ, პოპ-სიმღერების სიტკბოთი გაჯერებული ლოპატინის ალბომი, სადაც, თითქოს ექო ბავშვობიდან, ‘მარტივი მელოდიების სიხარული’ გვავსებს, მეორე მხრივ კი – stock მუსიკის ინტელექტუალური და გათვლილი კრებული ჯეიმს ფერაროსგან. ეს ალბომები არის ჟანრის გული და გონება. როდესაც ისინი შეერთდნენ, თვითმყოფადი მოვლენა წარმოიშვა. თუმც ითვლება, რომ ყველაზე დიდი პოპულარობა ჟანრს სხვა ალბომის გამოშვებამ მოუტანა – რამონა ანდრე ქსავიეს ‘Floral Shoppe’-მა, შემსრულებლის, რომელიც სხვადასხვა ფსევდონიმს იყენებს, მათ შორის ყველაზე ხშირად Vektroid, თუმც ზემოთ ხსენებული ალბომი Macintosh Plus -ის სახელით გამოუშვა.

9ecad263e5700139d1dd64d70f9a3e9f.jpg?w=9

რამონა ქსავიე არა მხოლოდ მუსიკოსი, არამედ გრაფიკოსიცაა. ელექტრონული მუსიკის წერა მან 2005 წელს დაიწყო. 2011 წლის ივლისში ინტერნეტ-ლეიბლმა Beer on the Rug მისი მცირე ალბომი გამოუშვა, ‘NEW DREAMS LTD’ (ფსევდონიმით Laserdisc Visions).

ალბომში ყველაზე ხშირად სინტეზატორს ვხვდებით, რომელიც მოგვაგონებს განწყობის ასამაღლებელ კორპორატიულ მუსიკას, თვითონ ალბომს კი Windows 95-ის ეპოქის ჟღერადობა აქვს. კომპოზიციების ხანგძლივობა იშვიათად აღწევს 2 წუთს. დიდწილად, ‘NEW DREAMS LTD’ შინაარსბრივად ჯეიმს ფერაროს ‘Far Side Virtual’-ს ჰგავს, თუმც უფრო უხეშად არის შესრულებული. გარეკანზე ბედნიერი აზიელი გოგონა გვხვდება. შემდგომში რამონა ‘NEW DREAMS LTD’-ს იყენებს თავისი სხვა ალბომებს აღსანიშნავად.

რამონა ქსავიე:

” NEW DREAMS LTD – სხვა არაფერია, თუ არა კარიკატურა მასმედიაზე და მის ევოლუციაზე 80-იანი წლების ბოლოსკენ, როდესაც ამერიკაში კომპიუტერული ბუმი დაიწყო. მე მინდოდა ერთგვარი ნაპრალი შემექმნა, რეალობასა და მონაგონს შორის, რადგან ვფიქრობ, სწორედ ამისკენ მიისწრაფვოდნენ მაშინ. თითქოს სამყარო ტოვებდა რეალობას უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში და ეს მაოცებდა. ყველაფერთან ერთად, ეს პროცესები ერთგვარი სიურრეალისტური ტონალობით გამოირჩეოდა – განსაკუთრებით იაპონიაში, და მეც მინდოდა ეს მომენტი დამეფიქსირებინა, რათა დღევანდელი ადამიანი ისევე გავაკვირვო, როგორც უკვირდათ ადრე, იმ დროს. ის, თუ რამდენად ‘ღრმად’ იყვნენ ადამიანები რეკლამაში, მაშინაც კი, შოკისმომგვრელი იყო. ვფიქრობ, შოკის ფაქტორი ასეთი პროცესები მნიშვნელოვანი ელემენტია. მინდოდა LASERDISC VISIONS-ს განყენებული ჟღერადობა ჰქონოდა, თითქოს რაღაც სხვა სამყაროდან, რომელიც ყველასთვის ისმის. არ მინდოდა, რომ ეს ძალზედ ნაცნობი ყოფილიყო. მსურდა ეს ცნობადობა ამეღო და სხვა კონტექსტში ჩამესვა, ისე, რომ თითქოს ყველაფერი მთლად თავის ადგილას არაა. “

მიუხედავად იმისა, რომ რამონა თავის მუსიკას სარკასტულს უწოდებს, ის არ აპირებს მხოლოდ ამით შემოიფარგლოს: ‘პირველ რიგში, იმედი მაქვს, რომ ადამიანები მიხვდებიან, რომ ეს გულწრფელობაა – მინდა, რომ ჩემი ყოფნა იგრძნონ იმაში, რასაც ვაკეთებ, რადგანაც ეს საშუალებას მაძლევს არ გამაჩნდეს ფიზიკური იდენტობა, რომელიც ამ ყველაფრის თანდართული იქნებოდა. ვფიქრობ, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც მუსიკოსებს, გარკვეული ზეგავლენა გვაქვს სამყაროზე. ვფიქრობ, ჩემი შინაგანი ‘მე’-ს გარკვეულ ნაწილს ენატრება ეს საპროტესტო სიმღერები. დღეს ყველაფერი საპროტესტო სიმღერაა, დღეს მგონია რომ ყველაზე ეფექტური სოციალური კომენტარი არის ის, რომელშიც დიალოგი საერთოდ არაა’.

ალბათ, ვეიპორვეივი მართლაც ასეთი კომენტარია. აქ ირონია ძალზედ ნიუანსურია; ვეიპორვეივის მოსმენისას შეიძლება სრულიად არ მიაქციო ყურადღება ამ ყველაფრის იდეოლოგიურ ქვეტექსტს. ‘Floral Shoppe’ -ზე საუბრისას, მუსიკალური ჟურნალისტი ჯეიმს პარკერი აღნიშნავს, რომ ეს ჩანაწერი იმ ვიწრო ჭრილში ხვდება, პოპ-მუსიკისგან მიღებულ გულწრფელ სიამოვნებასა და ამ სიამოვნების ირონიულ გამოსახულებას შორის.

‘Floral Shoppe’ 2011 წლის 9 დეკემბერს გამოვიდა ლეიბლზე ‘Beer on the Rug’. ითვლება, რომ მუსიკალურად და ვიზუალურად სწორედ ამ ალბომმა განსაზღვრა ჟანრი. და მართლაც, ამ ჩანაწერში უკვე ვხვდებით ყველა იმ ნიშან-თვისებას, რომელიც ასეთი სახასიათო გახდება. გარეკანი ვეიპორვეივის ვიზუალური ესთეტიკის ელემენტებს შეიცავს: ანტიკური ბიუსტი, ურბანული ჰორიზონტი დაბალი რეზოლუციით, პრიმიტიული 3D-გრაფიკა. თითქმის ყველა ტრეკს იაპონურენოვანი სახელწოდება აქვს. ზოგადად, რამონა იაპონურ ენას თავის არაერთ პროექტში იყენებს – რასაც სხვებმაც მიბაძეს, როდესაც თავისი ‘ვარიაციების’ კეთება დაიწყეს. იეროგლიფები გახდა ვეიპორვეივის ესთეტიკის ერთ-ერთი ტრენდი. სიმართლე უნდა ითქვას, რომ უმეტესობას არ ესმის იეროგლიფები და საეჭვოა, რომ მუსიკის ამ ჟანრით დაინტერესება მათ შესწავლისკენ უბიძგებს ვინმეს. აქ საინტერესო ეფექტია, რომელიც ნაცნობია საზღვარგარეთიდან მოსული (უმეტესწილად ჩინური) ტექნიკის მომხმარებლებისთვის: ჩვენ ვყიდულობთ პროდუქციას, რომელიც ჩვენთვის გვინდა. გარეკანზე და ინსტრუქციებში ჩვენ ვხვდებით იეროგლიფებს, რომლებიც თითქოს ჩვენთვისაა განკუთვნილი, მაგრამ, ამავდროულად, არავისთვის, რადგან არც არავის შეუძლია წაკითხვა. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ სიცარიელის (მისტიურობის ?) ნიშნის პარადოქსზე სპეკულირებს ზემოთხსენებული ტრენდიც, თუმც ბევრი უფრო მარტივად ხსნის ამ მოვლენას: უცხო დამწერლობა (დასავლეთის მომხმარებლისთვის) ფილტრავს არა-დაინტერესებულ ადამიანებს. ცხადია, ეს სისულელეა, რადგან დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია ტექნიკური მიღწევები, რათა დავაკოპიროთ იაპონური სახელწოდებები, მათი მნიშვნელობის შემეცნების გარეშე.

ალბომის მუსიკალური შემადგენელი რომ განვიხილოთ, აქ შეგხვდება ის, რაც შემდგომში ვეიპორვეივთან გამოიწვევს ასოციაციას: ალბომი წარმოადგენს plunderphonic music-ს (მუსიკა მთლიანად სემპლებისგან), გამოყენებული მუსიკა კი შენელებულია, ხოლო საწყის კომპოზიციებად გამოყენებულია 80-იანი და 90-იანი წლების პოპ-სიმღერები და ის გაურკვეველი რაღაც, რაც მოგვაგონებს ‘ლიფტების მუსიკას’. უმთავრესი კომპონენტი აქ არის ე.წ. სიმღერები ‘უფროსებისთვის’ (adult contemporary), ისეთი შემსრულებლების, როგორიცაა დაიანა როსი, შადე, ჯგუფები Pages, Dancing Fantasy და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტრეკი («ブート») მკაფიოდ წარმოაჩენს, თუ რას უნდა ველოდოთ, ალბომის, შემსრულებლის და, ალბათ, მთელი ჟანრის სავიზიტო ბარათად იქცა მეორე კომპოზიცია, რომელსაც უბრალოდ როგორც ‘420’ -ს მოიხსენიებენ (ორიგინალური სახელწოდება – «リサフランク420 / 現代のコンピュ»). საქმე იმაშია, რომ პირველ ტრეკს ძალზედ ძლიერი ეფექტი აქვს, პირველი მოსმენისას, მუსიკა თითქოს გწყვეტს რეალობას. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ძალზედ ‘მარტივ’ მონტაჟთან გვაქვს საქმე, თუმც აშკარაა, რომ კომპოზიციის ყველა ნაწილის იდეალური ბალანსი არის მიღწეული და მთლიანობაში ჰარმონიულად მუშაობს. შეიძლება ითქვას, რომ ‘ブート’ არც ისე ახლოსაა ვეიპორვეივთან, რადგანაც საწყისს (მეტად უწყინარ) ორიგინალს (‘Tar Baby’ შადეს შესრულებით) ძალზედ აგრესიულად ანადგურებს და ცვლის, პოპ-კულტურასთან ყოველგვარი თამაშის გარეშე. თუმც ყველაფერი ძალიან მალე იცვლება და მეორე ტრეკი უკვე ბევრად ჩამთრევი მელოდიაა, რომელიც მუდმივი განმეორადობის რეჟიმშია, ლოპატინის მსგავსად, თუმც ექოსა და რევერბაციის ზედმეტი და ხშირად სულელური გამოყენების გარეშე. მელოდია, რომლის თავიდან ამოგდებაც შეუძლებელია, დაიანა როსის სიმღერიდან არის აღებული; ერთადერთი, რაც რამონამ გააკეთა – შეანელა, რითიც მსმენელთა სიყვარული და მადლიერება დაიმსახურა, რადგანაც როსის სიმღერა ‘It’s Your Move’ ასეთი პოპულარობით ნამდვილად ვერ სარგებლობდა. ვეიპორვევს (და ამ ალბომს) ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ეს მუსიკა არანაირ შრომას არ საჭიროებს (საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ აიღო სხვისი სიმღერები, მიჭრა-მოჭრა, გაწელო და დაუმატო რევერბერაცია). ცხადია, დიდი შრომი ჩაიდო ორიგინალის შექმნაში (‘It’s Your Move’), თუმც ის ცალკე სინგლადაც კი არ იყო გამოშვებული. ბედის ირონია იმაშია, რომ მუსიკა არ ფასდება იმ შრომით, რომელიც მის შექმნაზეა გაწეული, არამედ იმით, რომ ის არის სწორედ ისეთი, როგორიც არის, და ისმის სწორედ იმ მომენტში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მისგან რაღაც, რაც გვჭირდება. არავის არ ჰქონია წვლილი იმაში, რომ ამა და ამ წლის ზაფხულს ამა და ამ ადგილას თქვენ ჭექა-ქუხილის ხმები გაიგონეთ, მაგრამ ბევრისთვის ეს მეტად სამახსოვრო და, ფაქტობრივად, მუსიკალური განცდა და გამოცდილება იყო. რამონა ქსავიემ თავისი მანიპულაციებით სხვისი მუსიკა ავთენტურ კონტექსტში მოათავსა. სწორედ ამას უწოდეს ვეიპორვეივი.

ვერ ვიტყვით, რომ ‘Floral Shoppe’ საუკეთესო და ორიგინალური ნამუშევარია, თუმც ზუსტი იქნება მას ‘სახასიათო’ და ‘განმაპირობებელი’ ვუწოდოთ. დღეს, მისი გამოსვლიდან 8 წლის შემდეგ, რამონა ჯერ კიდევ ამზადებს მაისურებს მისი ჩანაწერის გარეკანის გამოსახულებით. რამონას მომდევნო ალბომები მსგავსია, თუმც უკვე სცილდება plunderphonic music-ს და სულ უფრო და უფრო ცდილობს, შექმნას და დაწეროს. როდესაც ვეიპორვეივზე ეკითხებიან, რამონა ამბობს, რომ ამ ჟანრს იმ რელიზებს მიაწერდა, რომელიც ‘NEW DREAMS LTD’ -ს სახელით გამოუშვა.

a2781983496_10.jpg?w=1021

არ იქნება უადგილო ადრეული ვეიპორვეივის სხვა რამდენიმე შემსრულებლის ხსენებაც. INTERNET CLUB ჯეიმს ფერაროს იდეების გამგრძელებლად გვესახება. მისი 2012 წლის ალბომი – ‘Redefining the Workspace’ – 21 საუკუნის ‘მუზაკია’. ტრეკების სახელები გვახსენებს ბიზნეს-სტრატეგიების შესახებ სახელმძღვანელოში არსებული თავების სახელებს (‘THE NEXT LEVEL OF INTEGRATION AND OPTIMIZATION, 110%, TIPS AND TRICKS FOR THE NEW WEB MARKETER და ა.შ.). კომპიუტერთან მუშაობისას ეს ჩანაწერი მართლაც ძალზედ სასიამოვნო ფონურ მუსიკად შეიძლება წარმოგვიდგეს – დახუთულ გარემოში უფრო თავისუფლად ვსუნთქვათ, არაკომფორტული სავარძელი ბევრად უფრო რბილი ხდება, ხოლო ჩვენ წარმოსახვაში კი სიმშვიდე სუფევს. ამ მუსიკის სიმშვიდე და ნეტარება ტლაპოში არეკლილი ბიზნეს-ცენტრის კრისტალურად სუფთა გამოსახულებას მოგვაგონებს, ანარეკლს, რომელიც მხოლოდ პერიოდულად იცვლება, მუსიკის მოულოდნელი ‘გაჭედვის’ გამო. თუმცაღა, ეს აუდიო-შხაპი მომენტებში მეტად ცხელიც შეიძლება გახდეს, მძლავრი, ზოგჯერ კი შეუძლებელი ინტენსივობის მქონე, რამდენჯერმე კი თითქოს ფოკუსიც კი იკარგება. მაგრამ ყველაფერი დაბალანსებულია. საწყის მასალად INTERNET CLUB Youtube-ზე არსებული კორპორატიული ვიდეო-რგოლების მუსიკასა და საუნდტრეკებს იყენებს.

ცალკე ადგილი უკავია პროექტს სახელად 骨架的, რომელიც შეიძლება ვთარგმნოთ როგორც ‘ბაზისი’, ‘ჩონჩხი’. მისი ჩანაწერები ჯერ კიდევ 2010 წელს გამოჩნდა ზიპ-არქივების სახით, ხოლო ვეიპორვეივის პოპულარობის დროს კი Bandcamp-ზე აიტვირთა. სოულ-მუსიკის შენელებული, დამახინჯებული სემპლები წარმოადგენს ამ ჟანრის ‘ბნელ’ მხარეს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი ბევრად უფრო მძიმე ელფერს ატარებს და შეიძლება ითქვას, ვეიპორვეივთან ზღვარზე მოიაზრება. ის არა იმდენად ირონიულად უყურებს მოხმარების სამყაროს, არამედ ღიად დასცინის ადამიანთა ცივილიზაციის ამაოებას, შემაწრწუნებელად და შეშლილად. განსაკუთრებულად პოპულარულია მინი-ალბომი, რომელიც პროექტის სახელს ატარებს. გარეკანზე დაბალხარისხიანი სამგანზომილებიანი გრაფიკაა, რომელიც ბალახზე მჯდომს ჩონჩხს გამოსახავს, რთულად გასარჩევი ფუტურისტული ნაგებობების ფონზე სევდას მიცემულს. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ხსენებული 骨架的-სგან მოდის ნაკლებად პოლიტიზირებული, ბევრად უფრო რომანტიული განხრა ვეიპორვეივის, რომელსაც კურირებას უწევს Dream Catalogue, თუმც ამაზე მოგვიანებით.

a1228018084_10.jpg?w=1024

კიდევ ერთი პესიმისტურად განწყობილი პროექტი – Infinity Frequencies. 骨架的-ს მსგავსად, ამ შემსრულებლის მუსიკა თავის საწყისში ნეიტრალური ან ‘სასიამოვნო’ ფონური კორპორატიული მუსიკის ავისმომასწავებელი კოლაჟია. ყველაზე სახასიათო რელიზად შეიძლება ჩაითვალოს ‘Computer Death’. ალბომი ფაქტობრივად მთლიანად შედგება ‘მიუსაფარი’ და ჩაციკლული სემპლებისგან გამიზნულად გაფუჭებული ხარისხით. ორწუთიან ტრეკებს არ გააჩნიათ არც დინამიკა, არც კომპოზიცია. 2014 წელს Infinity Frequencies-მა და სხვა ვეიპორვეივის შემსრულებლებმა მონაწილეობა მიიღეს პირველ ფესტივალში SPF420, რომელიც გაიმართა ვიდეო-კონფერენციის ფორმატში საიტზე turntable.fm, რა დროსაც შემსრულებლები უკრავდნენ (თითოეული თავის სახლში), მსმენელი/მაყურებელი სახლში მონიტორებთან იჯდა და ჩატში აქტიურად განიხილავდა ღონისძიებას. იმ მომენტისთვის ორგანიზატორების ასაკი 20 წელსაც არ აღწევდა.

იმ დროს, როდესაც ქსელში გავრცელდა ტერმინი ‘vaporwave’, ჟანრის თითქმის ყველა პიონერი უკვე განსხვავებული მუსიკის კეთებაზე გადაერთო. ამ მხრივ, შეიძლება დაყოფაც კი მოხდეს, ისინი, ვინც უსახელო ვეიპორვეივს უკრავდნენ და ისინი, ვინც ამ კულტურის ნაწილი მოგვიანებით გახდა, რათა გააზრებულად ემუშავა აღნიშნულ სტილისტიკაში. როგორც ჩანს, პირველი თაობა ვეიპორვეივის ჩარჩოში 1-2 წლით გაჩერდა. ითვლება, რომ ჟაზი სწრაფად ვითარდება და ათი წლის პერიოდში იმ გზას გადის, რომელიც სხვა მუსიკალური ტრადიციებისთვის შეიძლება საუკუნეს ითვლიდეს. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც კულტურული ინტერნეტ-ფენომენი დაიბადა, გაიზარდა და დაბერდა ერთი და იგივე მოსწავლის თვალწინ.

ჟურნალის ‘Dummy Magazine’-ის ვერსიით, სიტყვა ვეიპორვეივი პირველად 2011 წლის ოქტომბერში იყო გამოყენებული ერთ-ერთ მუსიკალურ ბლოგზე. ავტორი hypnagogic pop-ის ჟანრში მოღვაწე რამდენიმე შემსრულებელზე წერდა, თუმც არ იცოდა ამ უკვე მიღებული ტერმინის არსებობის შესახებ და გადაწყვიტა, საკუთარი მოეფიქრებინა. აი ასე, უმეცრობის გამო, გაჩნდა ეს სიტყვა. ინგლისურენოვანი ბლოგერები თვლიან, რომ სიტყვა სასაცილოდ და უაზროდ ჟღერს. თუმც იმას ვერ უარყოფენ, რომ ტერმინი წარმატებული და ზუსტი აღმოჩნდა. გაუაზრებლად თუ გამიზნულად, სიტყვა სხვა ტერმინს ჰგავს ჟღერადობით – vaporware – რაც ფენომენს განსაკუთრებულ სიმძაფრეს და საზრისს ჰმატებს.

რა არის vaporware ? ტერმინი 80-იან წლებში გაჩნდა. კომპიუტერულ ინდუსტრიაში ასე უწოდებდნენ პროდუქციას, რომლის გამოშვება ანონსირებული იყო, მაგრამ რეალურად არ წარმოებულა (როგორც ალტერნატიული ვარიანტი – პროდუქტი გამოშვებული იყო, მაგრამ სრულად არ აკმაყოფილებდა მოლოდინს სხვადასხვა მიზეზების და გამო). თუ ასეთი პროდუქტი არ იყო გამოშვებული, მისი გაუქმების შესახებ განცხადებასაც არ აკეთებდნენ. ჟურნალისტმა სტიუარტ ოლსოპმა 1985 წელს ბილ გეიტსი დააჯილდოვა ‘ოქროს vaporware’-ით, რადგანაც Microsoft-მა ასე გვიან გამოუშვა თავისი ოპერაციული სისტემა. პროდუქციის ადრეული ანონსი დაკავშირებული იყო პოტენციური მყიდველების მოზიდვისა და შეკავებისთვან, რათა კონკურენტთა ანალოგიური (ხშირად უფრო ხარისხიანი) პროდუქციის შეძენისგან აერიდებინათ. 1983 წელს, პრესაში გავრცელებული იყო საოფისე პაკეტის Ovation-ის რეკლამა, თუმც მალე გაირკვა, რომ ის არასდროს არსებობდა. ამგვარად, vaporware-ის ცნების ამოსავალი წერტილი მომხმარებელთა იმედგაცრუება და არაკეთილსინდისიერებაა (ხშირად კი უბრალოდ თაღლითობა), ხოლო vaporwave-ს მუსიკის საწყისში კი რეკლამისადმი ნაივური ნდობაა, განცალკვევებული, განწმენდილი მატერიალურობისგან და განცდისგან, და მოთავსებული ადამიანთა პლეილისტებში, რომლებსაც სრულად გათვითცნობიერებული აქვთ, როგორ ხდება მათი მანიპულირება ვაჭრობის ჰუმანოიდური ლანდების მეშვეობით.

ზოგჯერ სიტყვა vaporwave-ს უკავშირებენ ‘კომუნისტური პარტიის მანიფესტსაც’, კონკრეტულად კი იმ პასაჟს, სადაც მარქსი საუბრობს იმაზე, რომ ყველაფერი მატერიალური ჰაერში გარდაიქმნება. ცხადია, ეს არ ეწინააღმდეგება ვეიპორვეივის საერთო განწყობას, თუმც აშკარაა, რომ უბრალოდ კიდევ ერთი იღბლიანი დამთხვევაა.

მუსიკის ისტორიაში ხშირად მეორდებოდა ერთი და იგივე სცენარი: სადღაც ჩნდება შემსრულებელთა ჯგუფი, რომლებიც განსხვავებულად უკრავენ, იმათთან შედარებით, რაც მოდური გახდა 5 წლის წინ. ჟურნალისტები გამოჰყოფენ რამდენიმე ახალ არტისტს და მათი აღნიშვნისთვის ახალ მუსიკალურ ჟანრს იგონებენ. როგორც წესი, თვითონ შემსრულებლები უარს ამბობენ რაიმე სახის იარლიყზე, მაგრამ ეს სიტყვა (ან სიტყვების კომბინაცია) ხდება ერთგვარი სატყუარა, რომელიც იზიდავს სულ ახალ და ახალ მუსიკოსებს, რომლებიც შთაგონებულნი არიან მიიღონ მონაწილეობა რევოლუციაში თუ არა, მცირე დარბევებში მაინც. ზოგი ცდილობს საკუთარი ინდივიდუალურობა გამოკვეთოს ან რომელიმე ძველ სტილს თავისებურად ინტერპრეტირებს, ზოგი ცდილობს თავისი შემოქმედებით ის მუსიკალური მიმდინარეობა გაამაგრონ და შეინარჩუნონ, რომელმაც თავიდან მიიპყრო მათი ყურადღება.

ამის არაერთი მაგალითია: 70-იანი წლების დასაწყისში Led Zeppelin–ის მუსიკა ხასიათდებოდა როგორც ‘მძიმე მეტალი’, თუმც თვითონ მუსიკოსები ამტკიცებდნენ, რომ როკ-ნ-როლს უკრავდნენ. თუმც ამ ‘სიმძიმის’ იდეისადმი მისწრაფებამ 80-იან წლებში ძლიერი იმპულსი მისცა მრავალსახიერი მძიმე მეტალის ჩამოყალიბებას. კიდევ უფრო უცნაური ისტორია – trip-hop. შინაარსობრივად ეს სახელწოდება არანაირად არ უკავშირდება ისეთ შემსრულებლებს, როგორიცაა Tricky, Massive Attack და Portishead, მეტიც, არსებობდა კიდევ უფრო ზუსტი ტერმინი – Bristol sound, რომელიც ტრიპ-ჰოპის ამ სამი მასტოდონტის სამშობლოზე მიუთითებდა, მაგრამ მიღებული ტერმინი trip-hop გახდა, რომლის მიმზიდველ აურას ნამდვილად ვერ ვუარყოფთ. ფანტასტიურ და ანეკდოტურ სიტუაციას ჰქონდა ადგილი ისეთ ტერმინთან მიმართებაში, როგორიცაა krautrock. საქმე იმაშია, რომ 60-იანი წლების გერმანიაში გაიზარდა თაობა, რომლის ბავშვობაშიც არ არსებობდა ‘მშობლიური კულტურა’. მათი ცხოვრება დაიწყო რეიჰის დაცემის შემდეგ, და მთელი კულტურული მემკვიდრეობა ძირ-ფესვიანად ამოღებულ იქნა გერმანელთა თვალსაწიერიდან. მიუხედავად მდიდარი პრე-ფაშისტური მემკვიდრეობისა, რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანიაში კულტურული ვაკუუმი არსებობდა, რომელიც ამერიკის და ინგლისის მას-კულტურით იყო შევსებული, ისევე როგორც შიდა მეწარმის მიერ ნაჩქარევად გაკეთებული კულტურის მულიაჟი. გარკვეულ ზეგავლენა შეინარჩუნეს გერმანელმა მოდერნისტებმა. გერმანელმა ახალგაზრდებმა, რომლებიც როკ-ნ-როლზე გაიზარდნენ და შტოკჰაუზენი ჯერ კიდევ სტუდენტობისას შეიყვარეს, 60-იანი წლების ბოლოს მეტად თავისებური მუსიკის შექმნა დაიწყეს. 70-იანი წლების დასაწყიში კოლექტივებმა Kraftwerk, Can, Neu!, Kluster, Faust, Tangerine Dream მიიქციეს ამერიკული და ინგლისური პრესის ყურადღება. არასრულფასოვნების კომპლექსის დასახშობად, რომელიც უცხოელ კრიტიკოსებს გააჩნდათ, რომლებიც ფიქრობდნენ რომ ყველაფერი საუკეთესო მხოლოდ ინგლისურენოვან ქვეყნებში იქმნება, გერმანიის კრეატიული მუსიკა ერთ ჟანრში მოაქციეს და აგდებულად უწოდეს krautrock – ‘განსების როკი’, ‘კომბოსტოს როკი’ ან ‘სოფლელების როკი’. გერმანული სიტყვა ‘kraut’ ერთ მხრივ აღნიშნავს ‘კომბოსტოს’, მაგრამ ხშირად გამოიყენება პროვინციალებისადმი, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ჭკუას კარგავენ ჩაშუშული კომბოსტოსგან. თუკი ამ კოლექტივთა მუსიკას განვიხილავთ, აშკარაა, რომ ძალიან ხშირად, მას როკთან არანაირი კავშირი არ აქვს. ერთადერთი, რაც ამ ჯგუფების შემოქმედებას აერთიანებდა – გაბედული იდეები, რომლებიც თავის დროს უსწრებდნენ. ვინ იფიქრებდა, რომ მომავალში ეს ტერმინი შემორჩებოდა, და ზოგიერთი ჯგუფი სიამაყით მიიღებდა ამ ‘ჟანრულ მიკუთვნებას’, რადგანაც გერმანული ჯგუფების ზოგიერთი ნიშან-თვისება გამოიყენეს და ახლა თვლიან, რომ ასეთივე ორიგინალურები არიან.

ვფიქრობ, ეს მაგალითები საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ შეიძლება იქცეს სტილის აღმნიშვნელი ტერმინის გაჩენა მუსიკალური პროცესის კატალიზატორად. თავისი სახელის ‘მიღების’ შემდეგ, ვეიპორვეივიც შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ 2013 და 2014 წელს სტილის ყველაზე ძირეული განახლება მოხდა: გაჩნდა არაერთი ახალი შემსრულებელი და ქვეჟანრი.

6fd67ba2c17c4dcaa58528a630777933.jpg?w=9

ვეიპორვეივის ყველაზე პოპულარულ განშტოებად შეიძლება მივიჩნიოთ future funk. შესაძლებელია, ამ სტილის მოთხოვნადობა გამოწვეულია უპირობო სიხარულით და ვეიპორვეივის კრიტიკული შემადგენელის სრული განულებით, რომელსაც ამ ქვეჟანრში ვხვდებით. Future funk-ში სემპლებად გამოყენებულია მაღალტემპიანი ფანკ-სიმღერები, რომლებიც დამუშავების შემდეგაც არ კარგავენ განწყობას და გახსნილობას. ვეიპორვეივთან ეს ჟანრი დაკავშირებულია იმ მხრივ, რომ აქ ბაზისად კვლავ გამოიყენება სხვისი სიმღერების შენელება და მიჭრა-მოჭრა, ისევე როგორც 80-იანი და 90-იანი წლების სარეკლამო რგოლების კიტჩური და ხალისიანი ესთეტიკისადმი მიბაძვა.

2013 წელს გამოვიდა ალბომი ‘Hit Vibes’ სკაილარ სპენსის ავტორობით, რომელიც ინტერნეტში ცნობილია როგორც Saint Pepsi. ეს ალბომი დღემდე წარმოადგენს future funk-ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს რელიზს. ასევე ძალზედ გავრცელებული გახდა Saint Pepsi-ის კლიპი სიმღერაზე ‘Enjoy Yourself’, რომელიც მთლიანად შედგება 80-იანი წლების მაკდონალდსის რეკლამისგან. ეს სარეკლამო რგოლები ტელევიზიით გადაეცემოდა 1986 წლიდან 1989 წლამდე და თავისთავად მოიცავდნენ გარკვეულ ალუზიებს. რეკლამა სპეკულირებდა ნოსტალგიის გრძნობაზე. წარმოვიდგინოთ: ღამის ცაზე, ღრუბელზე როიალს უზის მომღიმარე კრუნერი სახელად Mac Tonight. მის თავს ნახევარმთვარის ფორმა აქვს. Mac Tonight-ს პიჯაკი აცვია და 50-იანი წლების სათვალეები, ის უკრავს და ღიღინებს სიმღერას, რომელიც კადრს მიღმა ისმის – ეს არის ცნობილი ‘Mack the Knife’ ბობი დარინის შესრულებაში (1959 წ.), თუმც შეცვლილი ტექსტით, რომელიც მიმართულია მომხმარებლების მოზიდვაზე მაკდონალდსში ღამის დროს. აქცია წარმატებული გამოდგა: 80-იანების ახალგაზრდობამ კარგად მიიღო 50-იანების ეს ხატი/გამოსახულება, იმ სიმღერის ფონზე, რომელიც ლუი არმსტრონგის ჯაზ-ჰიტის ქავერ-ვერსიის გადაკეთებული ვარიანტია, მაშინ როდესაც თვითონ ლუი არმსტრონგმა ‘Mack the Knife’ ბერტოლდ ბრეჰტისა და კურტ ვაილის ცნობილი ოპერიდან აიღო (და, სიმართლე ითქვას, ეს რიგი აქ არ სრულდება, მაგრამ არ გვინდა ამაზე). თუმც, საეჭვოა, რომ სკაილარ სპენსმა ეს კულტურული ფრაქტალი გამიზნულად გამოიყენა – ყოველ შემთხვევაში, კლიპში ‘Enjoy Yourself’ ამაზე არანაირი მინიშნება არ არის. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ future funk-ს არ ახასიათებს ვეიპორვეივის ორაზროვნება. დიდ წარმატებას მიაღწიეს ასევე პროექტებმა Young Bae და マクロスMACROSS 82-99, რომლებიც ბაზისად იაპონურ ელექტროფანკს იყენებენ.

ბევრად უფრო გამჭრიახე გონების პატრონები აღმოჩნდნენ შემსრულებლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მიმართლებაზე სახელად mall soft. ეს სტილი წარმოადგენს ხმოვან მონათხრობს იმ უსასრულო და უმისამართო ‘მოგზაურობისა’, რომელიც ხდება სავაჭრო კომპლექსში. ამ მიმდინარეობის მანიფესტად შეიძლება აღვიქვათ 2014 წლის ალბომის ‘Hologram Plaza’, რომლის ავტორია Disconscious (სახელი მეტად ზუსტად ასახავს მუსიკას, რამეთუ ითარგმნება როგორც ‘ქვეცნობიერი’, ‘ცნობიერს მიღმა’). თავის საწყისში, ეს არის ლიფტებისთვის განკუთვნილი მუსიკის კიდევ ერთი დამუშავებული ვარიაცია, თუმც კიდევ უფრო ვიწრო გაგებით – მოლში სასეირნო მუსიკა. Muzak-ის პროდუქციისგან განსხვავებით, ალბომებს soft mall-ის ჟანრში გააჩნიათ ვეიპორვეივისთვის სახასიათო გამჭირვალობა და ჟღერადობის ფოკუსის არარსებობა, რომელიც მოგვაგონებს ჩვეულებრივი ადამიანის სააზროვნო პროცესის განყენებას და ‘გამოთიშვას’ სავაჭრო ცენტრში ბოდიალის შემდეგ. თვით სიტყვა ‘plaza’ (მოედანი) ოდესღაც აღნიშნავდა სივრცეს, სადაც ცხოვრებდა დუღდა – საზოგადოებრივი, კულტურული და ეკონომიკური. დღეს გარკვეული, გარე ატრიბუტები შენარჩუნებულია, თუმც მთელი კომუნიკაცია, კარგია ეს თუ ცუდი, ფორმალიზირებულია, ხოლო ნებისმიერი ‘პლაზის’ უმთავრესი მიზანია კი ადამიანებისგან ფულის გამოწოვა. დღეს ეს სივრცე აღარ ეკუთვნის ხალხს, ის კაპიტალის კონტროლის ქვეშაა, ყველგან მიმდინარეობს დაკვირვება და თვალთვალი. შესაძლოა, ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ არის ‘პლაზა’ ალბომზე ‘ჰოლოგრაფიული’. ის მხოლოდ ნიშანი და მოჩვენებაა. ამ ქვეჟანრის კიდევ ერთ საინტერესო ალბომს წარმოადგენს ‘슈퍼마켓Yes! We’re Open | 식료품groceries’. ეს არის კიდევ ერთი, მაღაზიაში მობოდიალე, ბედნიერი მყიდველის მოჩვენებითი პორტრეტი. Mall soft-ის განწყობას შეიძლება ჯერ კიდევ 1978 წლის ჯორჯ რომეროს ფილმში შევხვდეთ – ‘მიცვალებულთა განთიადი’. ფილმის მოქმედება ხდება ზომბი-აპოკალიფსის დროს. ადამიანთა ჯგუფი შეფარულია უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში, დამშვიდებული და გახარებული, რომ ახლა ყველაფერი აქვთ, რაც შეიძლება დასჭირდეთ. დროთა განმავლობაში, სავაჭრო ცენტრს ყველა მხრიდან ზომბის ხროვა ურტყავს გარს. ერთ-ერთი პერსონაჟი კითხულობს: ‘აქეთ რატომ მოდიან ?’. ‘მათ ახსოვთ, რომ ეს ადგილი მნიშვნელოვანი იყო მათ ცხოვრებაში’, – პასუხობს მეორე. მოგვიანებით, გმირები მიდიან იმ საოცარ დასკვნამდე, რომ მათსა და ზომბის შორის საერთოდ არ არის განსხვავება. ამრიგად, soft mall შეიძლება დახასიათდეს როგორც muzak ზომბის პერსპექტივიდან. ჟურნალისტი Sunbleach Media-დან, დილან კილბი წერს:

” soft mall-ის საწყისები ვეიპორვეივის ყველაზე ადრეულ ძიებებშია, სადაც სავაჭრო ცენტრების, როგორც დიდი, უსულო მოხმარების სივრცეების კონცეპცია წარმოიქმნა, როდესაც ვეიპორვეივი გამოიყენებოდა კაპიტალიზმისა და გლობალიზაციის სოციალური შედეგების შესწავლისას. ასეთი მიდგომა დიდწილად განიფანტა და გაქრა წმინდა მუსიკალური ძიებისა და თვითგამოხატვის წინაშე. “

მართლაც, გაჩენისთავანავე, ვეიპორვეივი მალევე გარდაიქცა ცარიელ ფორმად და სხვა მიმართლებებთან დაიწყო შეზავება (ამის მაგალითია ისეთი პროექტები, როგორიცაა Blank Banshee და Vaporror, სადაც ვეიპორვეივის ხმა შეერთდა trap მუსიკისთვის დამახასიათებელი დასარტყამების ხმასთან). ვეიპორვეივის ხმოვანი და ესთეტიური ნიშან-თვისებები შეიძლება ქლაუდ-რეპშიც (cloud rap) შევამჩნიოთ. ჟანრის ახალი გააზრება გვხვდება ლეიბლის – Dream Catalogue – შემსრულებლებთან, რომლებისთვისაც კრიტიკა და ირონია უკვე აღარ წარმოადგენს ინტერესის ობიექტს. ლეიბლი დაარსებულია შემსრულებლის მიერ, რომელიც ცნობილია როგორ Hong Kong Express. 2014 წელს მან გამოუშვა მისი სადებიუტო მინი-ალბომი ‘浪漫的夢想’ (‘რომანტიული ოცნება’). ეს რელიზი შორს დგას კაპიტალისტურ სამყაროში ცხოვრებაზე რეფლექსიისგან. როგორც თვითონ ავტორი ამბობს, მისი ამოცანა იყო გარკვეული კინემატოგრაფიური განწყობის შექმნა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ Hong Kong Express-ის მუსიკა მარტოობას და რეალობისგან განყენებულობას გამოხატავს. შემსრულებლის თქმით, ალბომი ‘浪漫的夢想’ – ეს არის ‘საიდუმლო და რომანტიული გასეირნება ნეონებით განათებულ ჰონგკონგის ღამეში, მეტროს მატარებლებისა და სწრაფი ავტომანქანების მოძრაობა, სიყვარული, ერთდროულად დაკარგული და მოპოვებული, და კავშირი სულებს შორის’ – ერთგვარი ხმოვანი მელოდრამა. როგორც ჩანს, ინტელექტუალურმა და იდეარუად მომწიფებულმა ფენომენმა ბანალურობაში ვარდნა დაიწყო, თუმც, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ Hong Kong Express-ის სადებიუტო ალბომი მართლაც კარგია და მეტად ატმოსფერულია. ბევრად უფრო საინტერესო და მძლავრი ეფექტი იყო მიღწეული, როდესაც შემსრულებელმა თავისი ძალისხმევა გააერთიანა t e l e p a t h テレパシー能力者-თან. კოლაბორაცის დაერქვა ‘2814’ და 2014 წლიდან 2016 წლამდე 3 მსგავსი ალბომი გამოუშვა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ უკანასკნელი ალბომი სხვებთან შედარებით, აშკარად უფრო სუსტი გამოდგა. პირველ ორ რელიზში (‘2814’ და ‘新しい日の誕生/Birth of a New Day’) ზუსტად დაჭერილი ატმოსფეროა, ტრეკებს დიდი ხანგძლივობა აქვთ, რაც საშუალებას იძლევა, არა მხოლოდ ჩავეშვათ ამ ატმოსფეროში, არამედ სიღრმეში მოვხვდეთ და იქიდან ნელა ამოვყვინთოთ. ალბომზე ფაქტობრივად არ გვხვდება ვოკალი, მხოლოდ ზედმიწევნით შერჩეული სინტეზატორების ხმები, მელოდიების იშვიათი შტრიხები და მძიმე გაფრენა წვიმიან ღამეს. ესთეტიურად ალბომები გაფორმებულია, როგორც ვეიპორვეივი, მაგრამ, როგორც ასეთი, ეს მხოლოდ და მხოლოდ ემბიენტია. და ეს მართლაც ასეა. ამ მუსიკაში ფაქტობრივად აღარაფერი დარჩა ვეიპორვეივისგან – გარდა შთაგონების წყაროსი. ამ ალბომებში სემპლებსაც კი ვერ ვხვდებით, მუსიკა თავიდან არის დაწერილი. ისტორია შეიკრა. ემბიენტის ‘ავტორმა’ ბრაიან ენომ დასაწყისში Windows95-ის მუსიკა დაწერა, ახლა კი იმ ადამიანებმა, რომლებმაც ცალკეული მუსიკალური სამყარო შექმნეს, ზემოთხსენებული ტრეკის ზეგავლენით, თვითონ დაიწყეს ‘აეროპორტების მუსიკის’ კეთება. მეტიც, 2015 წელს, ალბომი ‘新しい日の誕生/Birth of a New Day’ მოსასმენად რეკომენდირებულ ალბომთა სიაში მოხვდა ჟურნალ Rolling Stones-ის მიხედვით ! თვითონ ავტორები ამბობენ, რომ muzak-ისა და 80-90-იანი წლების სიმღერების სემპლებზე უარი თქვეს, მაგრამ შეინარჩუნებს ვეიპორვეივის ვიბრაციები და სიურრეალიზმზე ფოკუსი. ცხადია, ერთი და იგივე შაბლონის ექსპლუატირება უაზროა, განსაკუთრებით თუ არტისტის ფინანსური მდგომარეობა ამაზე არ არის დამოკიდებული.

a0102733853_10.jpg?w=1024

2015 წელს კიდევ ერთი ალბომი მოხვდა რეკომენდირებულთა სიაში – თუმც, სხვა გამოცემის. ჟურნალ Fact-ის 2015 წლის 50 საუკეთესო ალბომში აღმოჩნდა death’s dynamic shroud.wmv-ს ‘I’ll Try Living Like This’. აღნიშნული ალბომი მართლაც ძალზედ საინტერესოა და მრავალფეროვანი. ის შეიძლება ჟანრის სახელმძღვანელოც კი ყოფილიყო – აქ იგრძნობა ვეიპორვეივის საუკეთესო ნაწარმოებების ზეგავლენა – ლოპატინის ‘EccoJams’-ით დაწყებული, mall soft-ით დამთავრებული. ვეიპორვეივის აღიარება მასობრივი ინფორმაციის წყაროებში მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ 2015 წელს კაპიტალისტებმა საკუთარ ხელში გადაწყვიტეს საქმის აღება. როგორც იტყვიან, კაპიტალიზმმა ვეიპორვეივს ის უქნა, რაც ოდესღაც ვეიპორვეივმა კაპიტალიზმს. კაპიტალიზმმა გაქურდა და დააყაჩაღა ვეიპორვეივი. კაპიტალიზმის სამყარომ იხეირა ამ ახალ უცნაურ მოდაზე, მისი არსის მიღმა ჩაიარა, მაშინ როდესაც ვეიპორვეივის შემსრულებლები, ვირტუალური სამარხების გაძარცვის დროს, მიისწრაფვოდნენ ჭეშმარიტებისკენ და არა იმდენად შემოსავლისკენ (ბოლოს და ბოლოს, ის, ვისაც ბავშვობის ნოსტალგიის დახმარებით ფულის გამომუშავება სურდა, არ კავდებოდა ვეიპორვეივით, არამედ დოქტორ პეპერის ხელახალი წარმოება დაიწყო, საღეჭი რეზინების ‘Love is…’, ‘Turbo’, ’90-იანების წვეულებების’ რეგულარულად ჩატარება და ა.შ.).

ხატები/გამოსახულებები, რომლებიც ვეიპორვეივისთვის იყო სახასიათო, სრულიად მოულოდნელ კონტექსტებში გამოჩნდა – ჰიპ-ჰოპის კლიპებში ან იოგის სავარჯიშო ვიდეოებში (მსგავსს განიცდიდა 2012 წელს ვეიპორვეივის მსგავსი ინტერნეტ-ესთეტიკა seapunk, რომელიც რიანამ გამოიყენა SNL შოუში თავისი გამოსვლის დროს). თუმც ყველაზე დიდი მოვლენა ამ მხრივ MTV-ს რებრენდინგი იყო. 2015 წელს არხი გაფორმებული იყო ‘ვეიპორვეივის სტილში’, რაც, ცხადია, საერთოდ არ გულისხმობს, რომ ვეიპორვეივ-შემსრულებელი ეთერში გამოჩნდება ან ნახსენები იქნება.

ზოგიერთი თვლის, რომ ვეიპორვეივი როგორც ჟანრი თავისი გაფორმების საწყის ეტაპზეა, რადგანაც, ჩვეულებისამებრ, ასაკისადმი აპელირებს (ის სულ რაღაც 7 წლისაა!), სხვებისთვის ყველაფერი უკვე დასრულებულია და მივიწყებას მიცემული. ‘დაკარგული მომავლის ნოსტალგია’ ადრეც არსებობდა, ვეიპორვეივის გაჩენამდე (რეტრო-ფუტურიზმი ამ შეგრძნებაზე არის დაფუძნებული) და ეს ნოსტალგია არსად არ გაქრება. ვეიპორვეივი თანამედროვე და კაშკაშა ეპიზოდი იყო ამ გრძნობის ისტორიულ მეტამორფოზულ პროცესში. ჩვენ გაგვიმართლა, რომ გამოჩდნენ ახალგაზრდა და ნიჭიერი შემსრულებლები, რომლებმაც სამყაროს ირეალურობისა და სიცარიელის შეგრძნებას თანამედროვე მუსიკალური ფორმა შესძინეს. ცხადია, ვეიპორვეივის ინსტრუმენტები და მიგნებები სხვა, მოსაზღვრე ჟანრებში გააგრძელებენ არსებობას, მაგრამ ამას საწყისი მიმართულებისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. საინტერესოა თვით პრეცედენტი სოციალური ქსელების ბაზაზე ახალი კულტურული ინდეტობის წარმოქმნისა – სახელების, ფულადი ინვესტირების, უფროსი თაობის დახმარების გარეშე. ამერიკელების მიერ შექმნილმა ვეიპორვეივმა თავისი უნივერსალური კოდი გამოიმუშავა, რომელმაც საშუალება მისცა ამ თამაშის ნაწილი გამხდარიყვნენ ადამიანები, რომელთა სხეულიც სამყაროს სხვადასხვა წერტილში იმყოფებოდა. შესაძლოა, ჩვენ წინაშე ჩაიარა ისტორიაში პირველად აღმოცენებულმა გლობალიზირებულმა ფოლკლორმა, მის ჩრდილში კი ვერ ვხედავთ ახალი ციფრული კულტურის ნერგებს.

aleksey borovetc

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   20 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 20 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • Googlebot(2)