Jump to content
×
×
  • Create New...

აინ რენდი – მწერალი ქალი და ფილოსოფოსი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

img_348233.jpg?w=794

1991 წელს წიგნის კლუბმა “Book of the month” წევრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელი მკითხველების უმრავლესობა ყველაზე გავლენიან წიგნად, ბიბლიის შემდგომ, აინ რენდის magnum opus-ად აღიარებულ წიგნს ასახელებდა.

„ატლანტმა მხრები გაშალა“ 1957 წლის პირმშოა, რომელიც კარგად წარმოაჩენს მაშინდელი საზოგადოების საფიქრალს, პოლიტიკურ პროცესებსა და სოციალურ პრობლემებს.

აინ რენდი (ნამდვილი სახელი ალისა როზენბაუმი) რუსეთში, მდიდარი ებრაელების ოჯახში დაიბადა. 21 წლისამ მოახერხა და საცხოვრებლად ჩავიდა ამერიკაში; იმდენად დიდი იყო ნანახით გამოწვეული შთაბეჭდილება, რომ ქალს მანჰეტენზე „დიდებულების ცრემლები“ წამოსცვივდა. აქედან მოყოლებული იგი ამერიკული საზოგადოების ფართო წრეში შედის, ეცნობა ინტელექტუალურ წრეებს და მისი ძირეული ნაწილი ხდება.

XX საუკუნის 20-იან წლებში ამერიკის ეკონომიკა ძვრებს განიცდის, კაპიტალიზმის ნგრევა გზას უთმობს ახალ მიმართულებას, რომელსაც laissez-faire-ის სახელით იცნობენ. ამერიკელი მაგნატები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები და სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები ერთიანდებიან თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, მეწარმეთა უფლებების დასაცავად, კერძო საკუთრებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშესაწყობად. ამ ნაკადში ხვდება აინ რენდიც, რომელიც მთლიანად იზიარებს ნეოლიბერალურ იდეებს და თავის ნაწარმოებში მხარს უჭერს მათ.

წიგნის მთავარ იდეად, შეგვიძლია გამოვიყენოთ ამონარიდი, რომ ბედნიერება კეთილშობილების წყაროა, სადაც ბედნიერება სიმდიდრის თითქმის სრულად ექვივალენტურია. იგი თვლიდა, რომ ადამიანი ადექვატურად უნდა აღიქვამდეს სამყაროს, რომელშიც მას უწევს ცხოვრება, სწავლობდეს მას და შემდგომ, საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებზე დაყრდნობით, უკეთესობისკენ ცვლიდეს.

კაცობრიობის ისტორიის შესწავლისას მწერალმა დაადგინა, რომ სამყარო თვითგანადგურების ტენდენციებს ავლენს, – ქურდი მდიდრდება, ცრუ ავტორიტეტი ხდება, არაღირებულება – გავლენიანი და სურს ამ ტენდენციებზე მაღლა დადგეს თავადაც და სხვა დანარჩენი კაცობრიობაც, რათა დედამიწა სიყვარულის, სიკეთის, ბედნიერების, თავისუფალი არჩევანის სავანე იყოს. ასეთი სავანის ასაშენებლად მას გამოჰყავს წიგნის მთავარი გმირები, რომლებიც არიან მდიდარი მაგნატების შთამომავლები, წარმატებული ბიზნესმენები, განსაკუთრებულად გონიერი და საუკეთესო თვსებებით შემკული ადამიანები,- მოაზროვნეები, მამაცები, მაძიებლები, გამბედავები, ლამაზები.  მათ შორის გამორჩეულია ჯონ გოლტის პერსონაჟი, მითიური არსების, ატლანტის, თანამედროვე სახე, რომელსაც საკუთარი მხრებით დედამიწის სიმძიმე უტვირთავს და მუდმივ ტანჯვაში კი არ რჩება, არამედ დაუმარცხებელ ბრძოლას უცხადებს სამყაროს გამანადგურებლებს და საკუთარი ბრწყინვალე გონების მეშვეობით ამარცხებს მათ.

წიგნის პერსონაჟები მებრძოლი სულისკვეთებით გამოირჩევიან, რომლებიც არ ნებდებიან და იბრძვიან სამყაროში სინათლის შემოსატანად, ისინი გამოდიან ძალადობისა და მონობის წინააღმდეგ, მზად არიან ღირებულებით სიცოცხლეს მსხვერპლად შეეწირონ. მათი ცხოვრებისეული დევიზია, – ვფიცავ ჩემს სიცოცხლეს და მისდამი ჩემს სიყვარულს, რომ მე არასოდეს ვიცხოვრებ სხვა ადამიანის გულისთვის და არც სხვას მოვთხოვ ჩემთვის არსებობას. ისინი არ ამართლებენ ალტრუიზმს, მორალს და არ ესმით, რა კავშირშია სულიერი ღირებულებები რეალობასთან.

აინ რენდიმ ამ წიგნით თავისი ფილოსოფიური შეხედულებები ფართო საზოგადოებას გააცნო, ხოლო მოგვიანებით ისინი ცალკე, ინდივიდუალურ ფილოსოფიურ მოძღვრებად გამოაცხადა და  ო ბ ი ე ქ ტ ი ვ ი ზ მ ი  უწოდა. ეს მიმდინარეობა სათავეს იღებს იდეიდან, რომ ცოდნა და ღირებულებები ობიექტურია, უფრო სწორად, ობიექტური უნდა იყოს, და რომ ადამიანი თავად უნდა ირჩევდეს ისეთ ღირებულებებს, რომლებიც ამ ცხოვრებაში გამოადგება, რადგან ასე ეძლევა სიცოცხლე და არა უპირობო გადარჩენა, გონება, მაგრამ არა მისი შინაარსი, სხეული, მაგრამ არა მისი შენარჩუნება ავტომატურად. ყველა სულიერს ევალება, რომ იმოქმედოს და სანამ იმოქმედებს, უნდა განსაზღვროს საკუთარი ბუნება, შესაძლებლობები და დაისახოს სწორი გზა და მიზანი.

რენდი ობიექტივიზმს უწოდებდა დედამიწაზე ცხოვრების ფილოსოფიას და უარყოფდა ყველა იმ რწმენას, რაც არსებობის საზღვრებს სცდება. მისი ფილოსოფიური მოძღვრების მთავარი პოსტულატები იყო:

  • თუ ჩვენ ჩვენივე შესაძლებლობების, ჩვენივე გონების იმედი გვექნება და არ მოვითხოვთ მსხვერპლს სხვისგან, მაშინ აღარ გვექნება შეუთავსებელი სურვილები, კონფლიქტები;
  • დაუშვებელია აიძულო ადამიანი უარყოს საკუთარი გონება და მის ნაცვლად თქვენი ნების უზენაესობა აღიაროს;
  • მუქარა ვერ გვაიძულებს მოქმედებას, შიში ჩვენთვის სტიმული არ არის. ჩვენ სიკვდილის თავიდან აცილებას კი არა, სიცოცხლით ტკბობის ცხოვრებას ვესწრაფვით. 

აინ რენდის სჯეროდა, რომ ისტორია მის მოსაზრებებს მხარს დაუჭერდა, ამიტომაც გაშალა ატლანტმა მხრები.

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share