Guest Merlin Posted 9 იანვარი, 2021 Posted 9 იანვარი, 2021 6. დასასრული როდესაც ჯონ ლომ დატოვა საფრანგეთი, ერთი წელიც არ გასულიყო მას მერე, რაც ის პარიზის ყველაზე გავლენიან და პატივცემულ პიროვნებად ითვლებოდა. სულ რაღაც რამდენიმე თვე და ის გახდა ყველასთვის საძულველი ფინანსისტი, რომელსაც ნებისმიერი ფენისა და ასაკის ადამიანი აბრალებდა ქვეყნის გაკოტრებას. არაა გასაკვირი, რომ მის პარიზიდან გაქცევას მყისიერად მოყვა ბევრი, ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსამართლო ჭორის აგორება. მოსალოდნელ ჭორებთან ერთად, რომლებიც მას ფულის მოპარვაში, ბანკის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში და რომში სასახლის[1] ყიდვაში ადანაშაულებდა, იყო ერთიც, რომელიც მას ესპანეთის ბურბონების სასარგებლოდ ანტი-ფრანგულ საქმიანობაშიც სდებდა ბრალს, რაც უშუალოდ მიმართული იყო მისი და რეგენტის ურთიერთობის საბოლოოდ მოსაშლელად. ლოს იმ დღეების წერილები, რომლებშიც ის რეგენტს და თავის შემორჩენილ დიდგვაროვან მეგობრებს დახმარებას სთხოვს, სავსეა თავის მართლებით და გულწრფელი წუხილით. მან, მართლაც, თითქმის სრულიად უფულოდ დატოვა საფრანგეთი, მაშინ როდესაც, თავის დროზე, პარიზში ნახევარი მილიონი ლივრით ჩავიდა[2]. რეგენტი და ბურბონის ჰერცოგი დაეხმარნენ ლოს, უზრუნველყვეს ის ეტლით, დაცვით, მსახურებით, პასპორტებითა და ფულით, რათა მას საზღვარი მალე გადაეკვეთა. საზღვარზე მას მისი მტრის, ფინანსების საბჭოს ყოფილი თავდმჯდომარის მარკიზ დ’არჟანსონის შვილი დახვდა, რომელმაც პასპორტიც და ფულიც წაართვა[3], 24 საათი აყურყუტა საზღვარზე და მხოლოდ შემდეგ გაუშვა. ბრიუსელში ჩასული, ლო ეცადა ინკოგნიტოდ ყოფნას, მაგრამ ხმა მისი საფრანგეთიდან გაქცევის და დანიშნულების ადგილის შესახებ უკვე გავარდნილიყო. შედეგად, ის სწრაფად იცნეს და მან შემდეგი რამდენიმე დღე ბანკეტებსა და შეხვედრებში გაატარა. ეს აღარ ჰგვრიდა მას ყოფილ სიამოვნებას და მან ისესხა (ან თამაშში მოიგო) 200 ლუიდორამდე, რათა სწრაფად დაეტოვებინა ბრიუსელი[4] და იტალიას გამგზავრებულიყო. მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში, ალპების ზამთარში გადალახვა რთული და მეტად რისკიანი იყო, ამიტომ გასაგებია, თუ რამხელა სტრესის და ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა ლო, როდესაც გზის გაგრძელება გადაწყვიტა. ამას ისიც ერთოდა თან, რომ მთელ ევროპაში იყვნენ მიმოფანტული გავლენიანი და დიდგვაროვანი ადამიანები, რომლებმაც დიდი ფული დაკარგეს მისისიპის კომპანიის გამო. ლო ეცადა ინკოგნიტო მგზავრობას, მაგრამ ყველგან ცნობდნენ და სთხოვდნენ ზარალის კომპენსაციას[5]. 21 იანვარს ლო შვილთან ერთად ჩავიდა ვენეციაში, სადაც, საბოლოო ჯამში, სიცოცხლის ბოლომდე დარჩებოდა[6]. მას არ ჰქონდა ეს გათვალისწინებული და არც განდეგილის ცხოვრებას აპირებდა. მიუხედავად მისი კრახისა საფრანგეთში, ის კვლავ გამოჩენილი ფინანსისტის რეპუტაციით სარგებლობდა. რუსეთის მეფემ, დანიის მეფემ, ევროპის ზოგიერთი სხვა ქვეყნის მმართველებმაც შესთავაზეს მათთან გადაბარგება, მაგრამ ლომ ყველა შეთავაზებაზე უარი თქვა. და უარი თქვა არა იმიტომ, რომ დასვენება სურდა ან რწმენა დაკარგა საკუთარ თავში – უარი თქვა, იმიტომ რომ საფრანგეთში დაბრუნებაზე ფიქრობდა. მისი გაქცევა დროული და საჭირო იყო, მაგრამ ის იმედს ინარჩუნებდა, რომ რეგენტი კვლავაც სიმპათიით იყო მისდამი განწყობილი და მას კვლავაც, რაღაც თვალსაზრისით მაინც, სჯეროდა ლოს სისტემის. მას აქტიური მიმოწერა ჰქონდა რეგენტსა და ბურბონის ჰერცოგთან. ერთ-ერთ წერილში ის პრაქტიკულად ემუდარებოდა დაპირების შესრულებას და მისი კუთვნილი ნახევარი მილიონი ლივრის დაბრუნებას. მთელი დანარჩენი თავისი ქონება (მისი მეუღლის სახლის და რამდენიმე სხვა აქტივის გარდა) საფრანგეთში მან, სრულიად ნებაყოფლობით, გადასცა მისისიპის კომპანიას, ამ უკანასკნელის ვალდებულებების დასაფარავად. იმის გათვალისწინებით, რომ ეს დაახლოებით 100 მილიონი ლივრის უძრავი ქონება და აქციები იყო, რთულია (ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში) სერიოზულად იმაზე ლაპარაკი, რომ ლო თაღლითი და აფერისტი იყო. თუმცა ამბები, რომლებიც პარიზიდან მოდიოდა, ხალხს სწორედ ლოს ავ განზრახვებში არწმუნებდა. სამეფო ბანკის მთლიანი ვალდებულებები 2.7 მილიარდი ლივრი აღმოჩნდა, დიდი ნაწილი ამ თანხისა ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე იქნა დაბეჭდილი[7] და ამ ვალდებულებების გასტუმრების ალბათობა ძალიან მცირე იყო. დაიწყო ბანკის საქმიანობის ფართომასშტაბიანი კვლევა[8], გამოძიებულ იქნა ყველა, ვისაც ფლობდა აქციებს, ახალ ანუიტეტებს ან ბანკნოტებს; მათ ამ ფასიანი ქაღალდების ჩაბარება მოსთხოვეს და იმის ახსნაც, თუ საიდან მიიღეს ასეთი თანხები[9]. როგორც აღმოჩნდა, დაზარალებულთა მთლიანი რაოდენობა ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი იყო. აუდიტი მისისიპის კომპანიასაც შეეხო. მას წაერთვა საგადასახადო სისტემისა და ზარაფხანის მართვის უფლება, აქციების რაოდენობა (ძირითადად, კონფისკაციების გზით) თითქმის 2.5-ჯერ შემცირდა და ბანკისგან განსხვავებით, როგორც ადრეც ვთქვი, ამ კომპანიამ კიდევ დიდხანს იარსება. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ ლოს ზარალი ბანკის საქმიანობის შედეგად რამდენიმე მილიონს წარმოადგენდა[10] და ბოლომდე გარკვეული არ იყო, თუ ვისი „დამსახურება“ იყო ამდენი არაუზრუნველყოფილი ბანკნოტის დაბეჭდვა, ლოს დარჩენილი ქონების კონფისკაცია მოხდა და მისი ცოლი[11], ქეთრინ ნოლისი იძულებული იყო მოკრძალებულ სასტუმროში გადასულიყო საცხოვრებლად. ლოს ძმა უილიამი, რომელიც გაქცევას ეცადა, დაიჭირეს და დააპატიმრეს. იდეალისტ ლოს, რომელიც მძიმე ფასს იხდიდა საკუთარი იდეალიზმისა (და პირად საქმეში დაუდევრობისთვის) ორი არჩევანი ჰქონდა – ან უნდა ეცადა საფრანგეთში დაბრუნებას ან წასულიყო ინგლისში, სადაც, რამდენიმე წლის წინ, სამეფო პატიებაც კი, მიიღო იმ ავადსახსენებელი დუელისთვის. ის ერთდროულად ბომბავდა რეგენტს და საბჭოს კრიზისის დაძლევის ახალი გეგმებითა და რეკომენდაციებით[12] და ინგლისში დაბრუნების გზებსაც ეძებდა. 1721 წლის 20 ოქტომბერს ლო დაბრუნდა ლონდონში[13]. ეს რისკიანი ნაბიჯი იყო – ლონდონში დიდად არ ადარდებდათ მისისიპის კომპანია, მაგრამ ლოს სამხრეთის ზღვების კომპანიის კრახიც ბრალდებოდა. გარკვეული დრო გავიდა მანამ, სანამ ის კვლავ მიიღეს ლონდონის საზოგადოებაში, მაგრამ, როგორც კი ის მეფის სკამის სასამართლოს[14] წინაშე წარდგა და მუხლმოდრეკილმა პატიება ითხოვა ედუარდ უილსონი მკვლელობისთვის, ის ცხოვრების მისთვის ჩვეულ რითმს დაუბრუნდა. მისი რეპუტაციის ადამიანთან შეხვედრა ბევრს უნდოდა და მისი პიროვნული შარმი ყველას იპყრობდა. ის ხშირად ხვდებოდა და ესაუბრებოდა მეფეს, დროს ატარებდა უელსის პრინცთან და მეფის სხვა შვილებთან. მაგრამ, ამავე დროს, მისი ცოლი კვლავ ვერ ტოვებდა პარიზს, ურთიერთობა მის, ციხეში მყოფ ძმასთან უკიდურესად დაეძაბა[15], მისი ვალები ვალებად დარჩა და სავალო ციხის რისკი კვლავ დამოკლეს მახვილივით ეკიდა თავზე. მიუხედავად ლოს და მისი კრედიტორების ოპტიმიზმისა, რომ საფრანგეთში მისი დაბრუნდება უბრალოდ დროის ამბავი იყო, პროცესი მეტად გაჭიანურდა. ლონდონში მისი ჩასვლის ორი წლის თავზე, 1723 წლის დეკემბერში ყველაფერი თითქოს მოგვარებული იყო. ლო მალევე უნდა გამგზავრებულიყო პარიზში, ინგლისის პრემიერ-მინისტრის[16] სერ რობერტ უოლპოლის ძმის, მომავალში ე.წ. გოთიკური პროზის ფუძემდებლის, ჰორესის თანხლებით. მაგრამ, როგორც 60-იოდე წლის შემდეგ მეორე დიდი შოტლანდიელი იტყოდა – თაგვთა და კაცთა საუკეთესო გეგმები ხშირად აიბლანდება ხოლმე[17] – 1723 წლის 2 დეკემბერს საფრანგეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრი[18], ორლეანის ჰერცოგი ფილიპე მეორე 49 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. გარკვეულწილად მისი გარდაცვალების ახსნა იმით შეიძლება, რომ შეტევისას ის მისი ერთ-ერთ საყვარლის, მარია ტერეზა დე ფალარისის მკლავებში იმყოფებოდა[19]. და, რა თქმა უნდა, დიდი სტრესით. ლოს იმედი, ოდესმე საფრანგეთში დაბრუნებულიყო, რეგენტთან ერთად მოკვდა. ბურბონის ჰერცოგი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა, აღარ იყო ისე დადებითად განწყობილი ლოს მიმართ და ორლეანის ჰერცოგის დანიშნული პენსიაც კი გაუუქმა. არც ლოს წერილებმა და მუდარებმა შეცვალა რამე – საფრანგეთის კარი მისთვის სამუდამოდ ჩაიკეტა. სასოწარკვეთილმა ლომ უოლპოლს მიმართა, რომელმაც გასაკვირად თბილად მიიღო და დიპლომატურ პოსტსაც დაპირდა. 1725 წლის აგვისტოში ლომ დატოვა ლონდონი და აახენში გაემგზავრა, სადაც უნდა დალოდებოდა ინსტრუქციებს. მისი როლი ფარული ჯაშუში იყო. მისი ჯეიმსბონდისეული კარიერა (ცხადია, ორი ნულის პრივილეგიის გარეშე) უფერულია მის უორენბაფეტისეულ კარიერასთან შედარებით. თუმცა ის საკმაოდ აქტიურად შეერია პოლიტიკურ წრეებს, ეწვია მიუნხენს, რათა ბავარიის ელექტორი მაქსიმილიანი დაერწმუნებინა ბრიტანეთთან კავშირზე[20], ვენის ნაცვლად, ამავე მიზნით შეხვდა სავოიის ელჩს საფრანგეთში, სხვადასხვა კერძო შეხვედრებში შოტლანდიელი კვლავ ცდილობდა თავისი ფინანსური იდეების გავრცელებას. მიუხედავად წარუმატებლობისა და კრახისა, მას მაინც, იდეალისტურად, სჯეროდა თავისი სისტემის. მაქსიმილიანის სიკვდილთან ერთად მისი ჯაშუშური კარიერა მიილია, მან გადადგომის შესახებ წერილი გაუგზავნა ბრიტანეთის მთავრობას და 1726 წელს ვენეციაში დაბრუნდა. კრედიტორები არ ეშვებოდნენ, თუმცა კაზინოებში და თამაშით მოგებული თანხები არაფერი იყო მათ მოთხოვნებთან შედარებით. იმისთვის, რომ ეპოვა რაიმე გზა ოჯახისთვის მემკვიდრეობის დატოვებისა, მან დაიწყო ნახატების ყიდვა. ორი წლის მანძილზე მაგან საკმაოდ დიდი – 500-მდე ნახატის შემცველი – კოლექცია შეაგროვა, სადაც იყო ტიციანის, რაფაელის, ვერონეზეს, მიქელანჯელოს, პუსენის, ჰოლბეინის და ლეონარდოს ნაშრომები. აქაც მან გამოავლინა ის გამჭრიახობა, რაც ყოველთვის[21] ჰქონდა ჰქონდა ბიზნესში. იმ დროს, როდესაც სურათები ოდენ სტატუსის სიმბოლოს წარმოადგენდა და არა ინვესტიციებს, მან პირველმა დაინახა ეს შესაძლებლობა და მისი კოლექცია დღეს, ალბათ, ვერც ერთი კერძო პირისთვის ვერ იქნებოდა ხელმისაწვდომი. ისევე, როგორც ფულის შემთხვევაში, ხელოვნების შემთხვევაშიც ისტორიამ მისი სიმართლე დაადასტურა. ვენეციაში ყველაზე საინტერესო შეხვედრა მას 1728 წლის აგვისტოში ჰქონდა, როდესაც მის სანახავად მივიდა შარლ ლუი დე სეკონდა, ბრედას და მონტესკიოს ბარონი, რომელსაც უბრალოდ შარლ დე მონტესკიოს სახელით ვიცნობთ. 1721 წელს მან ანონიმურად გამოაქვეყნა ეპისტოლური რომანი „სპარსული წერილები“, რომელიც რეგენტობის პერიოდისა და უშუალოდ ლოს სისტემის მძაფრ კრიტიკას წარმოადგენდა. მონტესკიომ, ხანგრძლივი საუბრის შედეგადაც კი ვერ ირწმუნა ლოს სიმართლე, თუმცა განაცხადა, რომ ლოს უფრო უყვარს საკუთარი იდეები, ვიდრე საკუთარი ფული. მისი აზრით, ლო „კვლავ იგივე ადამიანი იყო… რომლის გონება პროექტებით, ხოლო თავი კი, გამოთვლებით იყო სავსე“. მაგრამ ლო აღარ იყო იგივე ადამიანი. ის დარწმუნებული იყო თავის პატიოსნებაში, მაგრამ, როდესაც იმავე წლის ბოლოს გაიგო, რომ მისი ანგარიშების მორიგი აუდიტი დაინიშნა, მან ხელი ჩაიქნია. 1729 წლის თებერვლის ბოლოს ის გაცივდა, გაცივება გადაიზარდა ფილტვების ანთებაში და 1729 წლის 21 მარტს, 57 წლის ასაკში მეთვრამეტე საუკუნის უდიდესი ფინანსისტი, ბევრისთვის შარლატანი, ბევრისთვის კი გენიოსი[22] გარდაიცვალა. ჯონ ლოს საფლავის ქვა ვენეციაში, სან მოიზეს ეკლესიაში[23] (წყარო: Wikimedia Commons) 7. ბოლოსიტყვა: ვინ იყო ჯონ ლო? შექსპირის ტრაგედიაში მარკუს ანტონიუსი კეისარზე ამბობს: ადამიანის ავი საქმე მის შემდეგ ცოცხლობს, კეთილი ხშირად იმარხება იმის ძვლებთანვე[24]. არ მინდა რა, შევადარო ჯონ ლოსა და რომაელი დიქტატორის მასშტაბები, უნდა აღინიშნოს, რომ ისტორია ლოს ისევე მოექცა, როგორც ბრუტუსს უნდოდა მოქცეოდა კეისარს. განსხვავებით კეისრისგან, ლოს თავისი ანტონიუსი არ ჰყოლია და წლების მანძილზე ის მოიაზრებოდა თაღლითად, აფერისტად, მოთამაშედ და მფლანგველად, რომელმაც საკუთარი ინტერესებისა და საკუთარი ჯიბის გასასქელებლად გამოიყენა მთელი ქვეყანა და, საბოლოო ჯამში, გაიქცა ისე, რომ გააღატაკა ქვეყანაც და მისი მოსახლეობაც, თვითონ კი არხეინად გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები ვენეციაში. თავად ადამ სმითი (ვისაც, რა თქმა უნდა, ცალკე პოსტ(ებ)ს დავუთმობ), მეტად აგდებულად უყურებდა ჯონ ლოს და მის სისტემას, არადა ვის, თუ არა ეკონომიკის მამას, უნდა გაეგო სწორად ლოს იდეები[25]. ლოს კრახის შედეგად საფრანგეთმა დიდი ხნის მანძილზე თქვა უარი ბანკებზე და ქაღალდის ფული და დეკრეტული ფულის გამოშვების მისი შემდგომი მცდელობა – ე.წ. რევოლუციური ასიგნატები – ასევე კრახით დასრულდა. საუკუნეზე მეტი გავიდა, სანამ ლოს შესახებ პირველი[26] დადებითი შეფასება ჩნდება – ჩარლზ მაკეის წიგნში „ჩანაწერები ადამიანების განმაცვიფრებელი შეცდომებისა და ბრბოს სიგიჟის შესახებ“[27]. წიგნში, რომელიც ეძღვნება ყველანაირ ბუშტსა და მანიას, ტიტებიდან მოჩვენებებიან სახლებამდე, ის წერს, რომ მიუხედავად საყოველთაოდ ჩამოყალიბებული აზრისა, რომ ჯონ ლო ან გიჟი უნდა ყოფილიყო, ან ნაძირალა, ის, სინამდვილეში მოტყუებული უფრო იყო, ვიდრე მატყუარა, მის წინააღმდეგ შესცოდეს და არა მან შესცოდა. მაკეის აზრით, ლომ ვერ გათვალა, თუ რა ხარბი შეიძლება იყოს სრულიად ერი, რომ ნდობას, უნდობლობის მსგავსად, საზღვარი არ აქვს და რომ ფრანგი ხალხი, გაგიჟებული სიმდიდრით, მოკლავდა ბატს, რომელიც მისთვის ოქროს კვერცხებს დებდა[28]. გამომდინარე შედეგებისთვის, რომლებიც სისტემამ მოუტანა საფრანგეთს, საფრანგეთის მოსახლეობას და თავად ჯონ ლოს და მის ოჯახს, პრინციპში, ცხადია, რომ ჯონ ლო ნამდვილად არ ყოფილა თაღლითი. პირველ რიგში, ის უნდა ითქვა, რომ საფრანგეთის სახელმწიფომ იხეირა ლოს სისტემით – ქვეყნის ვალი მართლაც მნიშვნელოვნად შემცირდა, თუნდაც ინფლაციის ხარჯზე. ქვეყნის მოსახლეობის ღარიბი ნაწილი დაზარალდა – როგორც თავად ლო, რომელმაც, როგორც გახსოვთ, მთელი მისი ფრანგული ქონება დაკარგა[29]. ტერენს ჰაჩისონი, წიგნში „ადამ სმითამდე“[30] წერს, სამხრეთის ზღვების კომპანიისა და მისისიპის კომპანიის ბუშტების შედარება არასწორია – ლო არასდროს ყოფილა კორუმპირებული, განსხვავებით სამხრეთის ზღვების კომპანიის დირექტორებისგან და ის სრულიად მართებულად ამბობდა, რომ ეს უკანასკნელები „მოღვაწეობდნენ ინგლისის წინააღმდეგ“ ხოლო თავად ლო – „საფრანგეთის სასარგებლოდ“[31]. ჰაჩისონი, მაკეის მსგავსად, ამბობს, რომ ლო ზედმეტად მიამიტი გამოდგა იმაში, რაც ეხება მთავრებსა და პოლიტიკოსებს, ბრბოს ფსიქოლოგიას და მის სპეკულაციურ ხასიათს. თუ რამეში იყო ლო დამნაშავე – სწორედ ეს მიამიტობაა. პირადად ჩემთვის ლო ტრაგიკული და წინააღმდეგობრივი ფიგურაა. მას გულწრფელად სჯეროდა თავისი სისტემის, მაგრამ არ გაუთვალისწინებია ამ სისტემის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა (და თვითონაც სცოდავდა ამ მხრივ). წერილებიდან ჩანს, რომ მას ძალიან უყვარდა თავის ცოლი – რომელიც, პრაქტიკულად, მოტაცა ქმარს, 1697 წელს პარიზში პირველი ვიზიტის დროს და მას შემდეგ ერთად ცხოვრობდნენ. და სრულიად ტრაგიკულია, ამიტომ, ის ფაქტი, რომ ლოს პარიზიდან გაქცევის შემდეგ, ქეთრინი და მისი ქალიშვილი, ჯონის საყვარელი შვილი ქეითი, არ გამოუშვეს და სიცოცხლის ბოლომდე აღარ უნახავს. ლოს თეორიული ნაშრომებიდან ჩანს, რომ ის იყო თავისუფლების და მინიმალური რეგულაციების[32] მომხრე ეკონომიკაში – და სისტემის გადასარჩენად დრაკონული და თეორეტიკოსი ლოსთვის სრულიად წარმოუდგენელი აკრძალვების მიღება მოუწია. და ადამიანი, რომელიც ისტორიაში უნდა შესულიყო, როგორც დღევანდელი მონეტარული თეორიის ფუძემდებელი, შევიდა მასში, როგორც თაღლითი და მატყუარა. მეც ამ აზრის ვიყავი, სანამ, ანტუან მერფის სტატიის წყალობით, უკეთ არ გავიცანი ლოს პიროვნებაც, მოსაზრებებიც და ბიოგრაფიაც. და სწორედ ამ უსამართლობის გამოსწორება მინდოდა ამ პოსტებით. [1] სადაც ის, არც მეტი არც ნაკლები, ცოლთან დაშორების მერე, კარდინალი უნდა გამხდარიყო. [2] ლო, ინგლისელ დიპლომატ კროუფორდთან საუბრისას, იხსენებდა, რომ პარიზიდან წასვლამდე რეგენტს სთხოვა ამ ნახევარი მილიონის დაბრუნება და თანხმობაც მიიღო [3] დ’არჟანსონ უმცროსმა იმ რამდენიმე ასეული ლუიდორის, რომელიც ბურბონის ჰერცოგმა პასპორტს მოაყოლა, კონფისკაცია მოახდინა და ლოს პროტესტის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს მისი საკუთარი კანონის აღსრულება იყო – ოქროს და ვერცხლის გატანა ქვეყნიდან ხომ თავად ლომ აკრძალა. [4] საინტერესოა, რომ ბრიუსელში ყოფნისას ის რუსეთის მეფის, პეტრე პირველის წარმომადგენელს შეხვდა, რომელიც რუსეთში ეპატიჟებოდა. ლომ უარი განაცხადა. [5] ასე, მაგალითად, გადმოცემით, კიოლნის ელექტორმა უარი განუცხადა ლოს ცხენებით უზრუნველყოფაზე, სანამ ის ბანკნოტების არ გადაუცვლიდა ოქროში. ლოს, რა თქმა უნდა, მონეტები არ ჰქონდა და მოუწია წერილობითი გარანტიის მიცემა, რომ მომავალში დააკმაყოფილებდა ამ მოთხოვნას. [6] თავდაპირველად, მას რომში სურდა დაბინავება, მაგრამ იმ დროს რომში იაკობიტების პრეტენდენტი, ჯეიმს სტიუარტი ცხოვრობდა და ბრიტანეთის რეზიდენტმა ვენეციაში, ელიზეუს ბერჯესმა მიანიშნა ლოს, რომ მისი პრეტენდენტის მახლობლად ცხოვრება არ იყო მიზანშეწონილი. ლოც ვენეციაში დარჩა. [7] თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, არავინ იცის, ლოს თანხმობით მოხდა ეს თუ მის გარეშე, რეგენტის ან რეგენტის საბჭოს მიერ. [8] მთლიანობაში, აუდიტს რვაასი გამომძიებელი დასჭირდა და ის 9 მილიონი ლივრი დაჯდა [9] თუ ისინი დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ იძლეოდნენ, მათ მკაცრი ჯარიმები და ქონების კონფისკაციაც კი ელოდა; საბოლოო ჯამში ორასამდე ინვესტორი ჯამურად თითქმის 200 მილიონი ლივრით დაჯარიმდა. [10] შეგახსენებთ, რომ თავისი ქონება მან ნებაყოფლობით გადასცა მისისიპის კომპანიის ვალდებულებების დასაფარავად [11] წმინდა ფორმალურად – საყვარელი, დღეს ამას სამოქალაქო ქორწინებას უწოდებდნენ [12] კროუფორდის თქმით, რეგენტმა დადებითად მიიღო ლოს გეგმები, თუმცა, ეშინოდა რა საზოგადოებრივი რეაქციის, ორჭოფობდა ლოს დაბრუნებაზე. [13] სამეფო კარისგან წინასწარი თანხმობის მიღების გარეშე. [14] Court of King’s Bench [15] ჭორები, რომ მან საფრანგეთიდან ბევრი ფული გაიტანა, სწორედ უილიამისგან მოდიოდა, რამაც განაცვიფრა და განარისხა ლო. [16] ფორმალურად, პრემიერ-მინისტრის პოსტი იმ დროს არ არსებობდა და სერ რობერტ უოლპოლი იყო ხაზინის პირველი ლორდი და კანცლერი (the first lord of the Treasury and chancellor of the Exchequer) იყო, მაგრამ, ფაქტობრივად, ეს პრემიერ-მინისტრობის ტოლფასი გახლდათ. [17] The best-laid schemes o’ mice an’ men gang aft agley (ლექსიდან „თაგვს“) [18] ლუი მეთხუთმეტე იმ წელს გახდა სრულწლოვანი და რეგენტი აღარ სჭირდებოდა [19] ანალოგიური ბედი ეწია საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს, ფელიქს ფორს, 1899 წელს. ფრანგები… [20] ბედის კიდევ ერთი სიმუხთლე – ლომ თითქოსდა მიაღწია მოლაპარაკებებში სასურველ შედეგს, მაგრამ რამდენიმე კვირაში მაქსიმილიანი გარდაიცვალა [21] კარგი, თითქმის ყოველთვის [22] ვითომ, ერთი მეორეს აუცილებლად ხელს უნდა უშლიდეს [23] თავდაპირველად, ის სან მარკოს მოედანზე განლაგებულ სან ჯემინიანოს ეკლესიაში დაასაფლავეს. 1807 წელს, როდესაც ვენეცია ნაპოლეონს ეკუთვნოდა, ეს ეკლესია დაანგრიეს. თუმცა, ჯონ ლოს, როგორც არაერთხელ სიცოცხლის მანძილზე, აქაც გაუმართლა – ქალაქის იმდროინდელი გუბერნატორი იყო ლორისტონის მარკიზი ჟაკ ალექსანდრ ბერნარ ლო, ჯონ ლოს ძმის შვილიშვილი. მისი ბრძანებით, ეკლესიის დანგრევამდე ბაბუამისის ძმის ნეშტი გადაიტანეს ახლო მდებარე სან მოიზეს ეკლესიაში, სადაც ის დღემდე განისვენებს. [24] The evil that men do lives after them; The good is oft interred with their bones (იულიუს კეისარი, მოქმედება III, სცენა 2, თარგმანი ივანე მაჩაბლისა). [25] ადამ სმითი სკეპტიკურად და მტრულადაც კი უყურებდა ბანკებს და ქაღალდის ფულს. ეს იყო ეირ ბანკის 1772 წლის კრიზისის დამსახურება, რომელშიც მისმა მფარველმა და ყოფილმა აღსაზრდელმა, ბაკლიუს ჰერცოგმა დიდძალი ფული დაკარგა. [26] ჩემთვის ცნობილი. სრულიად რეალისტურია, რომ ლოს შესახებ დიდძალ ლიტერატურაში, ვინმე გამომრჩენოდა. [27] Memoirs of Extraordinary Popular Delusions and the Madness of Crowds, Charles Mackay, 1841 [28] XIX საუკუნე – მეტაფორების და ხატოვანი ენის სამოთხე [29] როგორც ადრეც ვთქვი, თავად ის ფაქტი, რომ ლო შემოსავლის დაბანდებას ძირითადად საფრანგეთში განლაგებულ უძრავ ქონებაში ახდენდა, საბუთია იმისა, რომ ის არ აპირებდა ფულის სწრაფ მოხვეჭას და გაქცევას, როგორც ნებისმიერი აფერისტი იზამდა. [30] Terence Hutchison – “Before Adam Smith: The Emergence of Political Economy, 1662-1776”, 1988 [31] ციტირებულია ჰაჩისონის მიხედვით [32] უცხოეთთან ვაჭრობაზე გარკვეული რეგულაციების გარდა წყაროები: Desmedt, L., 2005. Money in the” Body Politick”: The Analysis of Trade and Circulation in the Writings of Seventeenth-Century Political Arithmeticians (No. halshs-00068569).Duff, R., JOHN LAW: A LIFETIME’S CONTRIBUTION TO MONETARY ECONOMICS.Gleeson, J., 2012. The moneymaker. Random House.Goetzmann, W.N., 2016. Money changes everything: How finance made civilization possible. Princeton University Press.Hamilton, E.J., 1967. John Law of Lauriston: Banker, Gamester, Merchant, Chief?. The American Economic Review, 57(2), pp.273-282.Hanley, R. and Paganelli, M.P., 2014. Adam Smith on money, mercantilism, and the system of natural liberty. Money and Political Economy in the Enlightenment, Oxford University Studies in the Enlightenment. D. Carey (ed.), Oxford, Voltaire Foundation, Forthcoming.Hu, Y. and Oxley, L., 2017. Exuberance in historical stock prices during the mississippi and south seas bubble episodes.Hutchison, T.W., 1997. Before Adam Smith: the emergence of political economy, 1662-1776. Blackwell.Kaiser, T. E. (1991). Money, Despotism, and Public Opinion in Early Eighteenth-Century France: John Law and the Debate on Royal Credit. The Journal of Modern History, 63(1), 1-28.Kindleberger, C.P., 2015. A financial history of Western Europe. Routledge.Mackay, C., 2012. Extraordinary popular delusions and the madness of crowds. Simon and Schuster.Monroe, A.E., 1923. Monetary Theory before Adam Smith (Vol. 25). Harvard University Press.Martin, F., 2014. Money: The unauthorised biography. Random House.Murphy, A.E. and Murphy, F.E.E.A.E., 1997. John Law: Economic theorist and policy-maker.Murphy, A.E., 2007. Death in Venice–John Law: Art collector, monetary theorist and corporate financier. In Money and Markets (pp. 182-196). Routledge.Murphy, A.E., 2009. The genesis of macroeconomics: new ideas from Sir William Petty to Henry Thornton. Oxford University Press.Oxford University Press on Demand.Rowlands, G., 2014. Dangerous and Dishonest Men: The International Bankers of Louis XIV’s France. Springer.Velde, F.R., 2007. John Law’s System. American Economic Review, 97(2), pp.276-279.Velde, F.R., 2008. French public finance between 1683 and 1726. Government Debts and Financial Markets in Europe, 160.Velde, F.R., 2016. What we learn from a sovereign debt restructuring in France in 1721. Economic Perspectives, 5, pp.1-17.https://voltairefoundation.wordpress.com/2014/05/15/the-trouble-with-money-crashes-recoinage-and-war-in-the-enlightenment/http://www.thebubblebubble.com/mississippi-bubble/https://www.jdsupra.com/legalnews/the-mississippi-company-when-things-get-43962/https://www.winton.com/longer-view/the-mississippi-bubblewww.gfdblog.com/GFD/Blog/mississippi-bubble-how-french-eliminated-all-government-debthttps://www.tcd.ie/Economics/assets/pdf/SER/1998/Fraser_Hosford.html Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა