Guest Merlin Posted 1 თებერვალი, 2021 Posted 1 თებერვალი, 2021 3. მეტალისტი და მონეტარისტი, before it was cool რა თქმა უნდა, ორემი არ ყოფილა პირველი ადამიანი, ვინც ფულის რაობას დაუთმო დრო, მელანი და ეტრატი[1] – სულ რამდენიმე საუკუნე გავიდა ფულის წარმოშობიდან, რაც ძველ საბერძნეთში მისი წარმოშობის ისტორიების და თეორიების შექმნა დაიწყო. შუა საუკუნეების სქოლასტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რაღა თქმა უნდა, არისტოტელეს იდეები. თომა აქვინელმა, რომელმაც, ფაქტობრივად, შეაუღლა[2] ქრისტიანობა და სტაგირიტი[3], ამ უკანასკნელიც ეკონომიკური იდეებიც გაიზიარა და გააზიარა; განსაკუთრებით, იმ ნაწილში, რაც კერძო საკუთრებას, სიმდიდრეს და მევახშეობას ეხებოდა. ამავე ტრადიციას მიყვებოდა ორემის უკვე ნახსენები მასწავლებელი, ჟან ბურიდანიც. მაგრამ ორემი იყო პირველი, ვინც ფულს ცალკე ნაშრომი დაუთმო და არა რამდენიმე აბზაცი ან, თუნდაც, გვერდი, უფრო ზოგადი თემატიკის წიგნში, რითაც საკმაოდ საინტერესო ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი[4]. ის, ასევე, პირველი იყო, ვინც მხოლოდ არისტოტელეს არ ეყრდნობოდა[5]. თავად არისტოტელე ფულის შესახებ ორი განსხვავებული წარმოდგენის საფუძველია: პირველის მიხედვით, ხელისუფალი განსაზღვრავს და უზრუნველყოფს ფულის ღირებულებას, ხოლო მეორის მიხედვით ფულის ღირებულება უკავშირდება იმ ძვირფასი ლითონის ღირებულებას, რომლისგანაც ის დამზადებულია. Doctor Angelicus[6] პირველ წარმოდგენას ემხრობოდა, ხოლო ნომინალისტი ორემი – მეორეს[7]. მეტიც, ორემი აქტიურად უპირისპირდება იდეას, რომ ფულის ღირებულება და რაობა მხოლოდ ხელისუფლის (ზოგჯერ – არცთუ კეთილ) ნებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, ჟან მეორის დაკვეთილი იყო ორემის ტრაქტატი, თუ მან თავისი ნებით გადაწყვიტა მისი დაწერა, მისი დაწერა მეტად დროული იყო – როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, ფილიპ VI ვალუას და მისი შვილის, ჟანის „მონეტარული პოლიტიკა“, რბილად რომ ვთქვათ, ქაოტური იყო. ეს პოლიტიკა მეფეების სრული დისკრეციით ტარდებოდა და ორემის წინასიტყვაობაც, გაკვრით, ამას ეძღვნება: „ზოგი თვლის, რომ ნებისმიერ მეფეს ან ხელისუფალს შეუძლია, საკუთარი ძალაუფლებით, კუთვნილი უფლებითა ან პრეროგატივით თავისუფლად შეცვალოს ფულის მიმოქცევა მის სამეფოში, ისე დაარეგულიროს ის [ფული], როგორც სურს და მიითვისოს შედეგად მიღებული ნებისმიერი მოგება თუ სარგებელი; სხვები კი საწინააღმდეგო აზრის არიან“[8]. ის იმედს გამოთქვამს, რომ მისი ნაშრომის შედეგად „ყველა ექსპერტი[9] ერთ აზრზე დადგება… რომელიც მომგებიანი იქნება როგორც ხელისუფალთათვის, ისე ქვეშევრდომთათვის, და მთლიანად ქვეყნისთვის“. ტრაქტატის პირველი რამდენიმე თავი ეთმობა ფულის ისტორიას – არისტოტელეს[10] მსგავსად, ორემს გამოჰყავს ფულის შექმნის საჭიროება ბარტერის სირთულეებიდან. თუმცა, ის ხაზს უსვამს იმას, რომ ფული მხოლოდ ხელოვნური ინსტრუმენტია, რომელიც შექმნილია, როგორც გაცვლის საშუალება და გაცვლისგან განყენებულად გამოუსადეგარია. ამასთან, ფულის დასამზადებელი მასალა უნდა იყოს მსუბუქი, ადვილად დამუშავებადი და მისი მცირე ოდენობა საკმარისი უნდა იყოს დიდი რაოდენობით საქონლის საყიდლად – საუკეთესო ვარიანტად ორემი ასახელებს ოქროს. მაგრამ ის აქვე სძენს, რომ მასალა საკმარისი ოდენობით უნდა არსებობდეს – თუ ოქრო არაა საკმარისი, ვერცხლი უნდა „დავახმაროთ“ და თუ არც ეს გვყოფნის – მაშინ სპილენძი ან მისი შენადნობი უნდა გამოვიყენოთ[11]. ორემის ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა, რომელიც, დიდი ალბათობით, სრულიად გაუგებარი იქნებოდა შუა საუკუნეების ადამიანებისთვის, ეხება ფულისთვის განკუთვნილი მასალის ოდენობას – „მიზანშეუწონელია, რომ ფულის მასალა უხვად გვქონდეს“. ის არ ახსენებს ინფლაციას, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ სწორედ ამ მიზეზით ბრინჯაო აღარ გამოიყენებოდა, როგორც ფული[12]. სანამ თავისი ტრაქტატის ძირითად კითხვაზე გადავიდოდეს, ორემი ახსენებს მონეტების, მათი ფორმისა და დიზაინის მნიშვნელობას და ხელისუფლის მოვალეობას, მოჭრას მონეტა საზოგადოებისთვის. და შემდეგ სვამს კითხვას: ვინ ფლობს ფულს? მისი პასუხი, რომელიც, შეიძლება ითქვას, ნაშრომის დარჩენილ ნაწილს მოიცავს, თითქოს მარტივია – ხელისუფლის მოვალეობა უზრუნველყოს მონეტის მოჭრა და მისი საკუთარი ბეჭდით/შტამპით მარკირება არ ნიშნავს, რომ ის ამ ფულის მფლობელია. ფული არის ბუნებრივი დოვლათის (იგივე, საქონლის) გაცვლის საშუალება, ამიტომ ფულს ფლობს ის, ვინც ფლობს ამ დოვლათს – თუკი ადამიანი[13] ცვლის თავის საქონელს ან მომსახურებას ფულში, ის ფული მისია. და რადგან უფალმა საკუთრების უფლება არა მხოლოდ ხელისუფალს მისცა, არამედ ნებისმიერ თავისუფალ ადამიანს – ფული ეკუთვნის მთლიანად საზოგადოებას. თუმცა ის დასძენს, რომ, რაკი საზოგადოება აკისრებს ვალდებულებას ხელისუფალს მოჭრას ფული, მას აქვს უფლება მიიღოს გარკვეული ანაზღაურება[14], რომელიც უნდა იყოს ზომიერი და არ აზარალებდეს მთლიანად საზოგადოებას. მერვე თავში ორემი გადადის იმ საკითხზე, რომელმაც გამოიწვია მთლიანად ამ ტრაქტატის დაწერა – ფულის ცვლილებებზე. ის თავიდანვე ამბობს, რომ ფული არ უნდა იცვლებოდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია ან მთლიანად საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნება. მას მოჰყავს საკმაოდ დეტალური კლასიფიკაცია ფულის ცვლილებებისა – ცვლილებები ფორმაში, ლითონების ფარდობაში, ღირებულებასა და დენომინაციაში, ოდენობასა ან წონაში და მასალაში ან ასეთი ცვლილებების რაიმე სახის კომბინაცია[15]. ცვლილებები ფორმაში (დიზაინსა და მარკირებაში) ორემისთვის დასაშვებია, როდესაც ქვეყანაში იზრდება ყალბი ფულის ოდენობა ან ძველი ფული, ცვეთისა და სხვა მიზეზების გამო ფუჭდება. ამ შემთხვევაში მიმოქცევაში არსებული ფული უნდა აიკრძალოს და მოიჭრას ახალი, ახალი დიზაინითა და მარკირებით. სხვა შემთხვევაში ფორმის ცვლილება არასაჭირო და დამაზიანებელია საზოგადოებისთვის. ცვლილებები ლითონების ფარდობაში – რამდენი ერთეული ვერცხლი შეესაბამება ერთ ერთეულ ოქროს – ორემისთვის დასაშვებია იმდენად, რამდენადაც იცვლება „ბუნებრივი ფარდობა“ ამ ორ ლითონს შორის, რომელიც შეიძლება იყოს დამოკიდებული, მაგალითად, ახალი საბადოების აღმოჩენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ხელისუფალი დაადებს ოქროს დაბალ ფასს ვერცხლის ერთეულებში, იყიდის მთელ ოქროს იაფად და შემდეგ დააბრუნებს პირვანდელ თანაფარდობას, ის უბრალოდ მიითვისებს ქვეშევრდომთა ფულს, რაც „უსამართლო გამოძალვა და ფაქტობრივი ტირანია იქნება[16]“. ორემი განსაკუთრებით გმობს ცვლილებებს წონაში – როდესაც ამავდროულად არ იცვლება ფულის ერთეულის დასახელება. მისი აზრით, ხელისუფლის სახელი/მარკირება უნდა იძლეოდეს მონეტის წონისა და სტანდარტის გარანტიას და ამიტომ, „ვერც ერთი სიტყვა გამოხატავს, თუ რამდენად უსამართლო და აღმაშფოთებელია, ხელისუფლისგან განსაკუთრებით, წონის შემცირება დენომინაციის ცვლილების გარეშე“. მასალის ცვლილებაზე საუბრისას, ორემი კვლავ ახსენებს არასაკმარისობის/სიჭარბის პრობლემებს და ასეთ და მხოლოდ ასეთ შემთხვევებში მასალის ცვლილებას დასაშვებად მიიჩნევს. სხვა მხრივ, მასალის შეცვლა, თუნდაც ხელისუფლის მიერ, გაყალბების ტოლფასია და მხოლოდ მთლიანად საზოგადოების თანხმობით უნდა ხდებოდეს[17]. რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ ცვლილებებს? ფული კარგავს თავის, როგორც ღირებულების საზომის ფუნქციას; მისი, როგორც გაცვლის საშუალების გამოყენება რთულდება; მცირდება ვაჭრობის მოცულობა ქვეყნის შიგნით და აღარც უცხოელი ვაჭრები ჩამოდიან. თუ ირღვევა ოქროსა და ვერცხლის თანაფარდობა, ის ლითონი, რომელიც უფრო ძვირად ფასობს, ქვეყანას ტოვებს და ქვეყანაში მხოლოდ ცუდი და ყალბი ფული რჩება[18]. მას შემდეგ, რაც ორემმა დეტალურად აღწერა ყველაფერი, რაც შეიძლება გააკეთოს ხელისუფალმა ფულთან მიმართებაში, ის გადადის იმის დასაბუთებაზე, რომ ასეთი ქმედებები ყოველთვის დაუშვებელი და ტირანულია. პირველ რიგში ის ამბობს – „ერთადერთი და ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება მიითვისოს ხელისუფალმა მონეტის ცვლილების ძალაუფლება, არის მოგება და სარგებელი, რომელიც მან ასე შეიძლება ნახოს“. და ასეთი სარგებელი უსამართლოა, რადგან ის (ყველა ზემოხსენებულ შემთხვევაში) წარმოადგენს გაყალბებას და ტყუილს, რომელიც არ შეიძლება წარმოადგენდეს ხელისუფლის უფლებას. „და თუ ის ტირანის ჩვეულ ტყუილს გვეტყვის, რომ ამას საზოგადოების საკეთილდღეოდ შვრება, არ უნდა დავუჯეროთ, რადგან ასე მან ჩემი ქურთუკი[19] შეიძლება აიღოს და გამოაცხადოს, რომ საზოგადოების კეთილდღეობისთვის სჭირდება“. და არც მცირე ცვლილებებს უნდა დათანხმდეს საზოგადოება, რადგან ხელისუფალი არ გაჩერდება მცირე ცვლილებებზე და საბოლოოდ თავისი ქვეშევრდომების ფულს სრულიად მიითვისებს, რაც იქნება ჭეშმარიტი და აბსოლუტური ტირანია. ორემისთვის, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ტირანისა და ხელისუფლის, ცუდი მთავრობის და კარგი მთავრობის დაპირისპირება. მისთვის მონეტის დეგრადაცია, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, ტირანიის მაჩვენებელია. ის, ასევე, აფრთხილებს მკითხველს – „რადგან მეფის ძალაუფლება, როგორც წესი, მარტივად იზრდება, დიდი სიფრთხილითა და მუდმივი გულისყურით, მეტიც, უკიდურესი კეთილგონიერებითა და სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა ის არ გადაიქცეს ტირანიად“. უტრირება რომ გვინდოდეს, ორემი დღევანდელ მინარქისტებსაც[20] კი შეგვიძლია შევადაროთ – „ხელისუფალმა არ უნდა გაზარდოს თავისი ძალაუფლება ქვეშევრდომებზე, არ უნდა დაბეგროს ზედმეტად, არ უნდა წაართვას საქონელი, უნდა მისცეს უფლებები და არ უნდა ჩაერიოს მათში [ამ უფლებებში]… უნდა მხოლოდ ის ძალაუფლება გამოიყენოს, რომელიც შეზღუდულია კანონითა ან ადათით. რადგან, როგორც არისტოტელე იტყოდა, მცირე რამ უნდა რჩებოდეს მოსამართლისა ან ხელისუფლის დისკრეციაში“. ორემისთვის კანონი უზენაესია[21] და ხელისუფალზე მაღლაც დგას, ხელისუფალი, რომელიც მისსავე შექმნილ კანონს არ ემორჩილება – ტირანია; მხოლოდ ტირანმა შეიძლება ერთდროულად დასაჯოს ყალბი ფულის მჭრელი და თვითონ შეცვალოს ფული. მას სრული აღფრთოვანებით მოჰყავს ნაწყვეტი არისტოტელეს „პოლიტიკიდან“, სპარტელების მეფე თეოპომპუსის შესახებ, რომელმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა მეფის (საკუთარი) ძალაუფლება სპარტაში, და ცოლის საყვედურს, ნუთუ არ რცხვენია, რომ შვილებს უფრო სუსტ მეფობას გადასცემს, უპასუხა – სამაგიეროდ უფრო მუდმივს. ორემი გაკვრით ეხება კიდევ ერთ, იმ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვან და წინააღმდეგობრივ საკითხს – მევახშეობას. ის ეთანხმება არისტოტელეს და თომა აქვინელს იმაში, რომ მევახშეობა არაბუნებრივია, რადგან ფული მხოლოდ ბუნებრივი საქონლის გაცვლისთვის და გამრავლებისთვის უნდა გამოიყენებოდეს და არა საკუთარი თავის. მაგრამ ის აგრძელებს ამ არგუმენტს და ამბობს, რომ თუკი ფულის გაცვლა[22] დასაგმობია და მევახშეობა – ცუდი, ფულის ცვლილება უარესია. ორემის დასაბუთება ისაა, რომ მევახშესა და მის კლიენტს შორის შეთანხმება მათ თავისუფალ ნებაზეა დაფუძნებული, ხოლო ზედმეტი თანხა, რომელსაც კლიენტი მევახშეს უხდის – მათ შორის დადებულ ნებაყოფლობითი კონტრაქტის შედეგია[23]. ამავე დროს, ხელისუფლის მიერ მონეტის დეგრადაცია მისი ქვეშევრდომების ნების საწინააღმდეგოა და, ამდენად, მევახშეობის მსგავსად არაბუნებრივი და მასზე უარესი. გამომდინარე იქიდან, რომ მეფე ჟანი, როგორც ვნახეთ, ხშირად მიმართავდა ფულის გაკეთების ამ გზას, ორემი საკმაოდ რისკავს, როდესაც ამ თავს ასრულებს სიტყვებით „ვეჭვობ, ხომ არ უნდა დაერქვას ამას [ფულის დეგრადაციას] ძარცვა ძალადობის თანხლებით ან თაღლითური გამოძალვა.“ ორემი სრულად არ გამორიცხავს ფულის ცვლილების საჭიროებას – მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ცვლილება მოხდეს მხოლოდ საზოგადოების და არა ხელისუფლის საჭიროებებიდან და თანხმობიდან გამომდინარე, რადგან ფული, როგორც უკვე ითქვა, ეკუთვნის საზოგადოებას და მხოლოდ მას. ასეთ საჭიროებად მას აქტუალური მაგალითი მოჰყავს – ომი ან ხელისუფლის გამოსყიდვა ტყვეობიდან[24]. მნიშვნელოვანია, რომ თუკი მთლიანად საზოგადოება თანხმდება ასეთ ცვლილებაზე – ის მთლიანად იღებს საკუთარ თავზე შედეგს და ვერავინ, ვერც სასულიერო პირი და ვერც დიდგვაროვანი დააღწევს თავს „საფასურის გადახდას“, განსხვავებით იმ შემთხვევებისგან, როდესაც, მაგალითად, ომისთვის საჭირო ფულის შეგროვება გადასახადების დაკისრებით ხდება და შესაძლებელია, საკუთარი პრივილეგიების გამოყენებით გადასახადების გადახდისგან თავის არიდება. მისთვის ფულის ცვლილება უნივერსალურია – და სწორედ ამიტომ ყველა უნდა იყოს თანახმა ასეთი ნაბიჯის გადადგმაზე. ტრაქტატის ბოლო თავებს ორემი უთმობს გაფრთხილებას: ფულის დეგრადაცია ტირანიის ტოლფასია, ხოლო ტირანი, ხელისუფალი, რომლისთვისაც საკუთარი კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ქვეშევრდომებისა, დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას; ქვეყანა კი, რომელსაც ტირანი მართავს – განადგურდება. მისთვის ჭეშმარიტი მეფე ის ხელისუფალია, რომელიც ყოველ თავის ქვეშევრდომზე დიდი და ძლიერია, მაგრამ უფრო სუსტი და ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოება მთლიანად. ბოლო, 26-ე თავში, სადაც ის აცხადებს, რომ ფულის დეგრადაცია პატიოსნების შემლახველია არამხოლოდ ხელისუფლისთვის, არამედ მისი შთამომავლობისთვისაც, ის პირველად ახსენებს ფრანგებს, ამბობს რა „უფალმა დაგვიფაროს იმისგან, რომ ფრანგთა თავისუფალი გულები ისე გადაგვარდეს, რომ ისინი [ფრანგები] ნებით გახდნენ მონები; ამდენად, ფრანგების თავზე მოხვეული მონობა დიდხანს ვერ გასტანს“. მისთვის ფულის დეგრადაცია ტოლფასია ტირანიის, ტირანია კი, მონობის თავზე მოხვევის. ამიტომ ის, ვინც ფულის დეგრადაციას მიჰყოფს ხელს, ქვეყანას საფრთხის წინაშე აყენებს. მთლიანობაში, ორემის ტრაქტატი ერთ კითხვას უპასუხოდ ტოვებს. როგორც ვნახეთ, ის ასკვნის, რომ სუვერენს უნდა შეეზღუდოს შესაძლებლობა ცვალოს ფული მისი სურვილისამებრ და ეს შესაძლებლობა მხოლოდ საზოგადოებას უნდა გააჩნდეს. ამ შესაძლებლობის დაშვებაც კი გულისხმობს გარკვეულ მოქნილობას „მონეტარულ პოლიტიკაში“ – თუკი ქვეყანაში ფულის დეფიციტი იქმნება, უნდა არსებობდეს ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა. ვიღაცას და რაღაცნაირად უნდა შეეძლოს ფულის მიწოდების ცვლილება – მაგრამ ვის და როგორ[25]? – ამაზე ორემი დუმს. და არა მხოლოდ ორემი – ცენტრალური ბანკების შექმნამდე, რომლებიც, იდეალურ ვარიანტში, საზოგადოების წარმომადგენლები არიან, ამ ფუნქციის შესრულება არ ყოფილა ვინმეზე დაკისრებული. ორემი, სავარაუდოდ, არ ყოფილა პირველი მოაზროვნე, რომელიც ხელისუფლის აბსოლუტური ძალაუფლების შეზღუდვაზე წერდა. არც პირველი იყო, ვინც ამ კონტექსტში ფულს და მის დეგრადაციას განიხილავდა. მაგრამ ის პირველი იყო, ვინც დეტალურად განიხილა კავშირი ფულს, ხელისუფალსა და საზოგადოებას შორის; პირველი, ვისთვისაც ფული იყო ინსტრუმენტი, რომელიც ხელისუფალსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის შესწავლაში დაეხმარა; პირველი, რომელიც დაფიქრდა მონეტარული პოლიტიკის რაობაზე (თუნდაც ეს ტერმინი არ ეხსენებინოს); პირველი, რომელმაც მონეტარული სისტემა განიხილა, როგორც ეროვნული ინტერესის საგანი. მას, შესაძლოა, წმინდა ეკონომიკური არგუმენტი ბევრი არ აქვს, მაგრამ ის მნიშვნელობა, რომელსაც ის ანიჭებს მონეტარულ სისტემას და დასკვნა, რომ ეს უკანასკნელი არ უნდა იყოს შემოსავლის წყარო არც ერთი ცალკე აღებული, რაგინდ დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანისთვის – ეს არის ის, რის გამოც ორემი ყოველთვის იქნება ეკონომიკის ისტორიის სათავეებში. და ის ფაქტი, რომ შარლ მეხუთის დროს მონეტარული სისტემა სტაბილური იყო და მეფეს ფულის დეგრადაცია არ უცდია – ორემის საუკეთესო აღიარებაა. [1] ბურიდანის და ორემის დროს ქაღალდი უკვე მეტ-ნაკლებად ფართოდ გამოიყენებოდა ევროპაში (ფაბრიანოში, იტალიაში, მეცამეტე საუკუნის ბოლოსკენ, წელიწადში მილიონობით ფურცელი იწარმოებოდა), თუმცა ეტრატი უფრო ლამაზად ჟღერს. თან, დღესაც კი, ბრიტანეთში საკანონმდებლო აქტები ინახება ეტრატზე. [2] აქვინელი არ ყოფილა პირველი ადამიანი ქრისტიანულ სამყაროში, ვინც ამას ეცადა. დაახლოებით საუკუნე ნახევრით ადრე პიერ აბელარმა სცადა არისტოტელეს რაციონალიზმი შემოეტანა თეოლოგიაში, მაგრამ, როგორც ჩანს, იმდროინდელი ევროპისთვის ეს ნაადრევი იყო და, საბოლოო ჯამში, ის მწვალებლად შერაცხეს. ჩემი აზრით, აბელარი თავისი დროის ყველაზე საინტერესო მოაზროვნე იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეკონომიკაზე არაფერი დაუწერია. [3] ძირძველი ტრადიციაა, ყოველთვის სახელით მოხსენიების მაგივრად, დროდადრო, დაბადების ადგილით მოვიხსენიოთ. აქვინელი, საერთოდ, მხოლოდ ფილოსოფოსს ეძახდა. [4] ამ ტრადიციაში საპატიო ადგილს იკავებს მიკოლაი კოპერნიკი, საკუთარი ტრაქტატით ფულის შესახებ (Monetae cudendae ratio, 1517-1528). სამწუხაროდ, ტრაქტატის ჩემთვის ხელმისაწვდომი ვერსია (ანუ, ინგლისური, ქართული ან რუსული თარგმანი) ვერ მოვიძიე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამდვილად ცალკე პოსტს დაიმსახურებდა, როგორც ეკონომისტი. [5] თუმცა ტექსტში მრავლადაა არისტოტელეს ხსენება და ციტატები. [6] თომა აქვინელის მეტსახელი, ანგელოზური დოქტორი, არ ჟღერს ქართულად მაინცდამაინც ლამაზად, არა და მინდოდა, ჩამეკვეხებინა. [7] იმის განხილვა, თუ რით განსხვავდებოდა აქვინელის, ბურიდანის და სხვა სქოლასტების წარმოდგენა ფულის შესახებ ორემის იდეებისგან, შორს წაგვიყვანს. ამ მოსაზრებების მოკლე მიმოხილვა აქვს, მაგალითად, ანდრე ლაპიდუსს (Lapidus, 1997) ან ადამ ვუდჰაუსს (Woodhouse, 2017). [8] ორემის ტრაქტატის ქართული თარგმანი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ არსებობს. ამდენად, ყველა ციტატა ჩემი თარგმნილია ჩარლზ ჯონსონის ინგლისური თარგმანიდან (Oresme/Johnson, 1956). აქვე აღვნიშნავ, რომ ლათინურ სიტყვას princeps, რომელსაც ჯონსონი თარგმნის, როგორც prince, მე ვთარგმნი როგორც „ხელისუფალი“, მიუხედავად იმისა, რომ მაკიაველის ამ სახელწოდების ტრაქტატი ხშირად ითარგმნება, როგორც „მთავარი“. [9] ლათინურად – omnes prudentes; ორემისთვის სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ტერმინის დეგრადაცია 21-ე საუკუნის საქართველოში… [10] რომელიც, ეკონომიკის საფუძვლების დღევანდელი სახელმძღვანელოების მსგავსად, ცდება. [11] ეკონომისტების ენაზე რომ ვთქვათ, ორემი ამბობს, რომ ეკონომიკა საკმარისად მონეტიზებული უნდა იყოს. [12] ამაში ის ოვიდიუსის „ფასტებს“ ეყრდნობა. [13] ორემი, იმ დროისთვის პოლიტკორექტულად, ამატებს „თუ ის მონა არაა“ [14] ორემი ერთ გადასახდელში აერთიანებს წინა პოსტში ნახსენებ სენიორაჟსა და ბრასაჟს [15] უნდა ითქვას, რომ ორემი განასხვავებს წინა პოსტში ნახსენებ აგრესიულ და თავდაცვით დეგრადაციებს და უკანასკნელის შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს მას. მაგრამ არასდროს – მხოლოდ ხელისუფლის ნებით. [16] სიტყვა ტირანია ტრაქტატში პირველად სწორედ აქ გვხვდება (თავი X); ორემი მას კიდევ ბევრჯერ გამოიყენებს. [17] საინტერესოა, რომ ორემის იდეაა, თუკი მონეტა იჭრება არა სუფთა ლითონისგან, არამედ შენადნობისგან, რომ რაიმე საჯარო ადგილას/ადგილებში ინახებოდეს ასეთი მონეტის ეტალონი (შენადნობის ხარისხისა და მონეტის წონის შესადარებლად), რათა აღიკვეთოს ხელისუფლისგან („უფალმა დაგვიფაროს“ ამატებს ორემი) ან ფულის მჭრელებისგან ფულის გაყალბების მცდელობა. [18] არსებობს მოსაზრება, რომ ორემმა ორი საუკუნით ადრე აღმოაჩინა გრიშემის კანონი – „ცუდი ფული განდევნის კარგს“. კონკრეტულად ეს მონაკვეთი უბრალოდ ოქროს ექსპორტს ეხება და არა იმას, რომ ორი ტიპის მონეტის – კარგის და ცუდის – მიმოქცევის შემთხვევაში, ადამიანები დაიწყებენ კარგი ფულის დაგროვებას და მიმოქცევაში მხოლოდ ცუდი ფული დარჩება. გრიშემის კანონი მართლაც გრიშემამდე იყო ფორმულირებული – ოღონდ კოპერნიკის მიერ. [19] ლათინურ ორიგინალში – ტუნიკა. [20] მცირე მთავრობის მომხრეებს [21] ის წერს „არსებული კანონები, წესები, ადათები თუ განკარგულებები, რომლებიც საზოგადოებაზე ახდენს გავლენას … არ უნდა შეიცვალოს აშკარა საჭიროების გარეშე“. ქვეყანაში ფულის მიმოქცევა და ღირებულება მისთვის ფიქსირებული კანონია. [22] იგივე „ვალუტჩიკობა“ [23] დიახ, ლიბერტარიანელებს უყვართ ორემი. [24] მოგეხსენებათ, იმ პერიოდში მძვინვარებდა ასწლიანი ომი, ხოლო მეფე ჟანი იმყოფებოდა ტყვეობაში ინგლისში და დოფინს დიდძალი გამოსასყიდის შეგროვება მოუწია. [25] ორემს მოჰყავს ციტატა ოსტგოთი ისტორიკოსის, კასიოდორუსის წიგნიდან, რომლის მიხედვითაც, მეფე თეოდორიხმა, როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დადგა, ბრძანა საფლავებში „ჩატანებული“ ოქროსა და ვერცხლის ექსგუმაცია და მონეტების მოჭრა. საეჭვოა, რომ ორემი ამას მონეტარული პოლიტიკის რეკომენდაციად მიიჩნევდეს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა