Jump to content
×
×
  • Create New...

რიჩარდ კანტილიონი – მეწარმე, ბანკირი, ლიდერი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

1. ეკონომისტების აბებე ბიკილა[1]

რიჩარდ/რიშარ[2] კანტილიონის ადგილი ეკონომიკის ისტორიაში ერთი მხრივ ადვილი მოსაძებნია, მეორე მხრივ კი – რთული. ისტორიაში არაა იშვიათი შემთხვევები, როდესაც დიდი მწერალი/პოეტი/კომპოზიტორი სიკვდილის შემდეგ რაღაც ხნის მანძილზე ავიწყდებათ და მხოლოდ მოგვიანებით, ვიღაც მას თავიდან აღმოაჩენს. საუკეთესო მაგალითი, ალბათ, ფელიქს მენდელსონის აღმოჩენილი იოჰან სებასტიან ბახია[3]. კანტილიონმა დაახლოებით მსგავსი ბედი გაიზიარა – მან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ფიზიოკრატებზე, რომლებმაც, თავის მხრივ, არანაკლები გავლენა მოახდინეს ადამ სმითზე. მაგრამ „ეკონომიკის მამა“ მხოლოდ ერთხელ ახსენებს მას – „ერთა დოვლათის“ პირველი წიგნის მერვე თავში და ესაა სულ. მას შემდეგ მისი სახელი დიდად არავის გახსენებია 1881 წლამდე, როდესაც უილიამ სტენლი ჯევონსმა დაწერა სტატია „რიჩარდ კანტილიონი და პოლიტიკური ეკონომიის ეროვნება“[4]. ამ სტატიაში მან განიხილა კანტილიონის ერთადერთი შემორჩენილი ნაშრომი – „ესეი ვაჭრობის ზოგადი ბუნების შესახებ“[5] და დაასკვნა, რომ „კანტილიონის ესე, გაცილებით უფრო მკვეთრად, ვიდრე ნებისმიერი სხვა, ცალკე აღებული ნაწარმოები, წარმოადგენს „პოლიტიკური ეკონომიის აკვანს“. თავად ესეის[6] შინაარსს შემდეგ პოსტს დავუთმობ (შეიძლება მეტსაც – ესეი ვრცელიცაა და საკმაოდ მნიშვნელოვანი), მანამდე კი, ცოტა დრო დავუთმოთ მის ბიოგრაფიას[7], რომლის მიხედვითაც, ლოს ბიოგრაფიის მსგავსად, კარგი ჰოლივუდური თრილერის გადაღება შეიძლება.

image.png?w=259რიჩარდ კანტილიონის ხელმოწერა. მისი პორტრეტი არ არსებობს. წყარო: Wikimedia Commons

განსხვავებით ლოს ბიოგრაფიისგან, კანტილიონის ცხოვრება გაცილებით უფრო იდუმალია. დავიწყოთ იმით, რომ მისი დაბადების წელიც კი არაა ზუსტად ცნობილი – ის დაიბადა ირლანდიის სამხრეთ-დასავლეთში, სოფელ ბალირონანში (კერის საგრაფო). იმ პერიოდში ირლანდიაში, ინგლისსა და შოტლანდიისგან განსხვავებით, საეკლესიო ჩანაწერები არ იწარმოებოდა, ამიტომ მიიჩნევა, რომ ის დაიბადა 1680-1690 წლებში. ანტუან მერფი, იმის საფუძველზე, რომ 1708 წელს კანტილიონმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, ვარაუდობს, რომ ეს მისი სრულწლოვანების მიღწევისას მოხდა და ამდენად კანტილიონი 1687 წელს უნდა დაბადებულიყო. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მას ჰყავდა უფროსი ბიძაშვილი, ასევე რიჩარდ კანტილიონი, რომელსაც სხვადასხვა დოკუმენტებში ახალგაზრდა კანტილიონს (Cantillon Junior) უწოდებენ; ასევე ჰყავდა ძმიშვილი, ისიც რიჩარდ კანტილიონი და 1717 წელს სამივე ეს რიჩარდ კანტილიონი ერთდროულად ცოცხალი იყო[8]. მოკლედ, არეულობაა და მეჩვიდმეტე საუკუნის ოთხმოციანების დეკადა ჩვენი მიზნებისთვის საკმაოდ ზუსტია.

საინტერესოა, რომ კანტილიონის გენეალოგია ბევრად უკეთაა ცნობილი, ვიდრე მისი დაბადების თარიღი. მაგალითად, ცნობილია, რომ მისი წინაპარი უილიამ დამპყრობელთან ერთად[9] გაემგზავრა ნორმანდიიდან ინგლისს; ერთი საუკუნით გვიან კანტილიონები უკვე ირლანდიის დაპყრობაშიც იღებდნენ მონაწილეობას, რის შედეგადაც, საუკუნეების მანძილზე დამკვიდრდნენ კერისა და ლიმერიკში, როგორც მდიდარი მიწათმფლობელები. მეჩვიდმეტე საუკუნის შუაში, სამოქალაქო ომის დროს, როგორც სტიუარტების მომხრეებმა, მათ მიწების დიდი ნაწილი დაკარგეს[10] და, შედეგად, რიჩარდ კანტილიონი შედარებით ღარიბი ფერმერის ოჯახში დაიბადა. მიწა, ტრადიციულად, უფროს ძმას ერგო სამემკვიდროდ და რიჩარდი და მისი უმცროსი ძმა ბერნარდი[11], ბევრ სხვა კათოლიკე ირლანდიელთან ერთად[12], საფრანგეთს გაემგზავრნენ.

ზუსტად არაა ცნობილი, როდის დატოვა კანტილიონმა ირლანდია, მაგრამ 1708 წელს ის იღებს საფრანგეთის მოქალაქეობას, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ის უკვე რამდენიმე წელია მაინც საფრანგეთში ცხოვრობდა. მისი არაკეთილმოსურნე ლედი მერი ჰერბერტი მოგვიანებით ამბობდა, რომ კანტილიონს არასდროს ჰქონია ფეხსაცმელი, სანამ პარიზში ჩამოვიდოდა, რაც მის „ხეპრეობაზე“ ან სიღარიბეზე მიუთითებს.

კანტილიონის კარიერა ფინანსებში დაიწყო მისი ნათესავების, დუბლინელი ბანკირის სერ დენიელ ართურის და ზემოთ ნახსენები ბიძაშვილის, შევალიე რიჩარდ კანტილიონის წყალობით. დენიელ ართური მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ბრიტანეთის მთავრობისთვის, მართავდა რა ფულადი ნაკადების მოძრაობას ესპანეთში, ესპანური მემკვიდრეობის ომის დროს. შევალიემ კი ჯერ კიდევ წინა საუკუნის ბოლოს დააარსა ბანკი პარიზში, 1705 წელს კი დენიელ ართურის აგენტიც[13] გახდა. საბოლოო ჯამში, სწორედ შევალიემ სთხოვა ჩვენ კანტილიონს ემართა ანგარიშები, რომლებითაც ბრიტანელ ტყვეებს საფრანგეთში ფული მიეწოდებოდათ და, შედეგად, კანტილიონმა გაიცნო ჯეიმს ბრიჯესი[14] – ჯარების მთავარი ხაზინადარი[15] და 1711 წელს ესპანეთში ბრიჯესის თანაშემწის, ენტონი ჰამონდის კლერკი გახდა. ბრიჯესმა მალევე დაინახა ახალგაზრდა კანტილიონში ფინანსებისა და მოლაპარაკებების ნიჭი და მისი მფარველობის ქვეშ კანტილიონი სწრაფად წავიდა წინ, როგორც შემოსავლების, ისე საჭირო კონტაქტების დაგროვების კუთხით. თან, მათ შორის კორესპონდენციიდან ჩანს, რომ, თუ თავიდან მათ შორის ურთიერთობა ჩვეულებრივი დამქირავებელ-დაქირავებულის ურთიერთობა იყო, მოგვიანებით ის მეგობრობაში გადაიზარდა; ბრიჯესმა ბევრი ევროპელი ბანკირი გააცნო და საფუძველი ჩაუყარა კანტილიონის ქონებას. 1714 წელს, როდესაც ომის[16] დასრულება მოახლოვებული იყო, კანტილიონმა გადაწყვიტა, ჩასულიყო პარიზში და საბანკო საქმიანობაში ჩართულიყო.

მისი, როგორც ბანკირის კარიერა[17] თვეებს ითვლიდა, როდესაც ინგლისში შეიცვალა დინასტიაც და მთავრობაც. სტიუარტები შეცვალეს ჰანოვერებმა, ხოლო კონსერვატორები[18] კი, ვიგებმა. ამ ყველაფრის შედეგად ჯეიმს ბრიჯესის მეგობარი, გავლენიანი ტორი, ომის მინისტრი[19] ჰენრი სინჯინ, ბოლინგბროკის ვიკონტი[20] იძულებული იყო თავი საფრანგეთისთვის შეეფარებინა. ბრიჯესმა ასესხა ბოლინგბროკს 20,000 გირვანქა, რომელიც „ჩეკის“[21] სახით მისცა და რომელიც უნდა „გაენაღდებინა“ სწორედ კანტილიონის ბანკში. კანტილიონი და ბოლინგბროკი საკმაოდ ახლო მეგობრები გახდნენ და გაძევებულმა ტორიმ ახალგაზრდა ირლანდიელზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა – როგორც იდეოლოგიურად, ისე სოციალურად. სოციალური კუთხით, ბოლინგბროკმა შეიყვანა კანტილიონი იმ ინტელექტუალურ წრეში, სადაც ტრიალებდნენ მონტესკიო, ვოლტერი, ფილოსოფოსი ლევეკ დე პუილი[22], ისტორიკოსი ანრი დე ბულენვილიე[23] და სხვები. იდეოლოგიურად კი, კონსერვატორმა ბოლინგბროკმა განაპირობა კანტილიონის პარადოქსული კონსერვატიზმი – ის მოღვაწეობდა პერიოდში, როდესაც ყალიბდებოდა ახალი ფინანსური კაპიტალიზმი, რომელიც სძაგდა ბოლინგბროკს. ამიტომ, ერთი მხრივ, ის მზად იყო და შესანიშნავადაც გამოიყენა ახალი სისტემის დეფექტები და, ამავე დროს, როგორც ვნახავთ, იყო ამ სისტემის აქტიური მოწინააღმდეგე, როგორც მონეტარული პოლიტიკის, ისე სახელმწიფო ვალის მართვის კუთხით. ჯერ კიდევ ლოს სისტემის ამუშავებამდე, მას მოუწია აქტიური მუშაობა შევალიეს ბანკის გადარჩენაზე და რომ არა მისი ფინანსური ალღო და მართვის უნარები, ბანკი განწირული იყო. კანტილიონმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო საკუთარი ბანკი ჰქონოდა და გარკვეული მოლაპარაკებებისა და ლონდონის ბანკირებისგან ფულის სესხების შემდეგ, 1716 წლის 17 თებერვალს მან გამოისყიდა მისივე გადარჩენილი ბანკი შევალიე რიჩარდ კანტილიონისგან[24]. აღსანიშნავია, რომ სულ მალე, კანტილიონისთვის ჯერ კიდევ უცნობი შოტლანდიელი ემიგრანტი, ჯონ ლო ასევე მიიღებს უფლებას გახსნას საკუთარი ბანკი[25].

უნდა აღინიშნოს, რომ მეთვრამეტე საუკუნის ბანკსა და დღევანდელ ბანკს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა – იმ პერიოდის ბანკი, როგორც წესი, არ იღებდა დეპოზიტს და, ძირითადად, ფულადი ტრანსფერებით იყო დაკავებული. თანაც, მოგეხსენებათ, თუკი ფულის გადარიცხვა დღეს საკმაოდ მარტივია, მეთვრამეტე საუკუნეში ეს რთული და ხშირად სახიფათოც იყო – დღევანდელობისგან განსხვავებით ტრანსფერი ფულის ფიზიკურ გადაადგილებასაც გულისხმობდა. თავად კანტილიონი წერს, რომ „ქალაქ პარიზში ფულის ტრანსპორტირება ერთი ადგილიდან მეორეში, როგორც წესი, ღირს ხუთი სოლი 1,000 ლივრიან ტომსიკაში“, მაგრამ ეს საფასური იზრდება მანძილთან, სანდო კურიერების ნაკლებობასა და ძარცვის რისკთან ერთად – პარიზიდან რუანში, მაგალითად, ეს ხუთი სოლი უკვე ორმოცდაათად იქცევა. გამოსავალი იყო (რასაც კანტილიონი, ასევე, აღნიშნავს) ე.წ. გაცვლის ანგარიშები (bills of exchange[26]) – მის მაგალითში ქალაქ შალონის[27] ღვინის ვაჭრებს უნდა გადაეხადათ წლიური გადასახადი მეფისთვის 50,000 ლივრის ოდენობით და ამავდროულად ისინი ყოველწლიურად პარიზში ყიდდნენ 50,000 ლივრისავე ოდენობის ღვინოს. შესაბამისად, გადასახადის შემგროვებელს აქვს გასაგზავნი ეს თანხა შალონიდან პარიზში, ხოლო ღვინის დისტრიბუტორებს კი პირიქით – პარიზიდან შალონში. გამოსავალია, თითოეულმა დისტრიბუტორმა ამ თანხის თავისი წილი მიიტანოს პარიზში, საფრანგეთის საგადასახადო სამსახურის იმდროინდელ ოფისში, და სანაცვლოდ მიიღოს ზემოხსენებული bill of exchange, რომელსაც ის გადააგზავნის შალონის საგადასახადო სამსახურში, რითაც, ჯამურად, დაიფარება შალონის ღვინის ვაჭრების საგადასახადო ვალდებულებები. თუკი ქალაქებს შორის ფულადი ნაკადები მსხვილია, კერძო ბანკებს გაუჩნდება სტიმული ამ ქალაქებში ფილიალები გახსნან და შუამავლებად იმოქმედონ. ფულის ფიზიკური ტრანსპორტირება მაინც საჭირო იქნება, თუ ნაკადების სრული ურთიერთკომპენსირება[28] არ მოხდა, მაგრამ ეს მხოლოდ ყველა შესაძლო ტრანზაქციის გაბათილების შემდეგ მოხდება და გადასაზიდი მხოლოდ ნაშთიღა დარჩება. სწორედ ეს იყო კანტილიონის, როგორც ბანკირის ძირითადი საქმიანობა და, იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო საქმე მაშინაც, როგორც დღეს, საზღვრებს არ ცნობდა, სწორედ ამიტომ სჭირდებოდა მას მრავალი კონტაქტი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროპის მსხვილ ფინანსურ და სავაჭრო ცენტრებში. ის ამიტომაც აქტიურად ამყარებს კავშირებს ევროპელ ბანკირებთან და ზრდის თავის ბიზნესს. მისი „კონტაქტ-ლისტი“ იზრდება და შეიცავს ბანკირებს პარიზიდან, ლონდონიდან და ამსტერდამიდან, ვაჭრებს ბორდოსა და ნანტიდან; მისი სახელი აღარ უკავშირდება წარუმატებელ ბანკირ შევალიეს და 1718 წლის დასაწყისისთვის მან უკვე დაიმკვიდრა წარმატებული და სანდო ბანკირის სახელი საფრანგეთის მასშტაბით[29]. საქმიანობის მასშტაბის გასაზრდელად მას მსხვილი კლიენტები სჭირდებოდა და იმ პერიოდში არავინ იყო ისე მსხვილი, როგორც ახლახან გარდაქმნილი მისისიპის კომპანიის ხელმძღვანელი, ჯონ ლო. 1718 წელს რიჩარდ კანტილიონი თავის მეგობარს და მფარველს, ჯეიმს ბრიჯესს (იმხანად – უკვე ლორდ კარნარვონს) სთხოვს გაცნობის წერილი მიწეროს ჯონ ლოს.


[1] ეთიოპელი მარათონელი, ცნობილია იმით, რომ თავისი პირველი ოლიმპიური ოქრო მარათონში ფეხშიშველმა მოიგო – სპორტული ფეხსაცმლის ფული უბრალოდ არ ჰქონდა.

[2] თუ ირლანდიელია – რიჩარდ, თუ ფრანგი – რიშარ. აწი რიჩარდზე შევჩერდები.

[3] ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, კანტილიონი ბახს რომ შევადარო. მეტიც, ეკონომიკის ისტორიაში არავინაა ბახის ანალოგი. არც, მაინცდამაინც, სხვა სფეროებში. ჩემი აზრით.

[4] Cantillon, Richard. “The Nationality of Political Economy.’.” Contemporary review (1881): 61.

[5] Essai sur la Nature du Commerce en Général – ორიგინალი გამოიცა ფრანგულად 1755 წელს. ციტატებისთვის მე ვიყენებ ჩენტალ სოსიერის თარგმანს – Cantillon, R., 2010. Essay on Economic Theory, An. Ludwig von Mises Institute.

[6] რადგან კანტილიონის სხვა ნაშრომი ჩვენ არ გვაქვს, ამას უბრალოდ ესეის ვუწოდებ ამიერიდან.

[7] ეს პოსტი, ძირითადად, ეყრდნობა ანტუან მერფის ბიოგრაფიულ წიგნს „რიჩარდ კანტილიონი: მეწარმე და ეკონომისტი“, თუმცა, სხვა წყაროებიც მაქვს გამოყენებული.

[8] მამამისი (ჩვენი რიჩარდის მამა) ცოცხალი რომ ყოფილიყო, კიდევ უფრო გართულდებოდა სიტუაცია – ისიც რიჩარდი იყო. უშრეტი ფანტაზიის ხალხი იყვნენ კანტილიონები.

[9] მერფის ინფორმაციით, გვარი კანტილიონი, სავარაუდოდ, მოდის ფრანგული „chant-de-loup“-დან (მგლის ღმუილი).

[10] რაშიც დიდი წვლილი, სავარაუდოდ, უილიამ პეტის, ერთ-ერთი მომავალი პოსტის გმირს, მიუძღვის.

[11] 1719 წელს ბერნარდი გახდება ერთ-ერთი პირველი ირლანდიელი ემიგრანტი ჩრდილოეთ ამერიკაში, გაუძღვება რა ჯონ ლოს მისისიპის კომპანიის ერთ-ერთ პირველ ექსპედიციას ლუიზიანაში. ჯონ ლოს ისტორია, მოგეხსენებათ, შეგიძლიათ ნახოთ აქ – https://bachetc.wordpress.com/2020/10/15/%e1%83%af%e1%83%9d%e1%83%9c-%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%93%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c/

[12] იაკობიტების (კათოლიკე მეფე ჯეიმს მეორის) დამარცხების შემდეგ ძალიან ბევრი კათოლიკე ირლანდიელი ემიგრაციაში აღმოჩნდა. ესენი არა მხოლოდ ჯარისკაცები იყვნენ (ე.წ. გარეული ბატები), არამედ ვაჭრებიც და ხელოსნებიც. მათ თან საკმაოდ დიდი ოდენობის ფულიც (150,000 გირვანქა, ირლანდიის იმდროინდელი ფულის მასის დაახლოებით ნახევარი) წაიღეს, რომელიც, ძირითადად, კანტილიონის ნათესავის, სერ დანიელ ართურის ბანკში აღმოჩნდა.

[13] საკორესპონდენტო ბანკი

[14] მომავალში – ლორდი კარნარვონი და ჩენდოსის ჰერცოგი, ის ასევე იყო სამხრეთის ზღვების ბუშტის (დავწერ, დავწერ) უმსხვილესი სპეკულატორი.

[15] ინგლისურად – Paymaster of the Forces

[16] სწორედ იმ ომის, რომელმაც დრამატულად გაზარდა საფრანგეთის სახელმწიფო ვალი და ამით შექმნა ჯონ ლოს სისტემის განხორციელების წინაპირობა

[17] მისი სეხნია-მოგვარე შევალიეს ბანკში

[18] ტორიები გრამატიკულად კი სწორია, მაგრამ ყურს ხვდება მაინც

[19] Secretary at War

[20] Henry St John, 1st Viscount Bolingbroke. დიახ, St John სინჯინ იკითხება ინგლისურად. გამოიცანით, როგორ იკითხება Featherstonehaugh (პასუხი პოსტის ბოლო სქოლიოში).

[21] უფრო სწორად, ე.წ. bill of exchange, ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შუა საუკუნეებიდან მოდის და აქტიურად გამოიყენება დღესაც.

[22] Levesque de Pouilly

[23] Henri de Boulainvilliers

[24] თავად შევალიე, ვიზისა და იუსტიციის პალატის საქმიანობის შედეგად, სამწუხაროდ, მაინც გაკოტრდა და 1717 წლის აგვისტოში გარდაიცვალა.

[25] ინფორმაცია საფრანგეთის იმდროინდელი ფინანსური სისტემისა და ჯონ ლოს მისისიპის კომპანიის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ამ და შემდგომ პოსტებში, აქ კი უშუალოდ კანტილიონისა და მისი კარიერისთვის მნიშვნელოვან დეტალებზე გავამახვილებ ყურადღებას.

[26] იხილეთ, ასევე, აქ (სქოლიო 19)

[27] მაშინ – Châlons-sur-Marne, დღეს – Châlons-en-Champagne

[28] „Netting out“-ის უკეთესი თარგმანი ვერ მოვიფიქრე, სამწუხაროდ

[29] ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, კანტილიონისთვის ეს სულაც არ ყოფილა მარტივი ოპერაცია.

Share on other sites

  • ფორუმელი

სათაურისთვის რისპექთ :) 

დაკუნთული ყოფილი მყავს © Mulan
ტოჩინოშინს აქვს მსხვილი ფეხები © საწყალი ოსვალდო რიოსი

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share