Jump to content
×
×
  • Create New...

ნიკო ფიროსმანი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი; დ. 5 აპრილი, 1862, სოფ. მირზაანი ― გ. 1918, თბილისი) — ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი.

250px-niko_pirosmani_1916-1.jpg
niko-pirosmani-e1839ce18398e18399e1839d-

ბიოგრაფია

ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს იღებდა. 1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

უცნობი ისტორიები-ნიკო ფიროსმანი.

შემოქმედება

ფიროსმანის, როგორც მხატვრის აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და შემოქმედების პროპაგანდაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ძმებ ზდანევიჩებს — მხატვარ კირილ და პოეტ ილიას, მხატვრებს მ. ლე დანტიუს, დ. შევარდნაძეს, ლ. გუდიაშვილს, დ. კაკაბაძეს და სხვებს. უფრო გვიან — გ. ლეონიძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა´მისი ბიოგრაფიისათვის.

ფიროსმანაშვილის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა I დიდ გამოფენაზე თბილისში 1918 წელს. 1920-იან წლებში იბეჭდებოდა წერილები პერიოდულ პრესაში, გამოიცა მისდამი მიძღვნილი კრებული. განსაკუთრებით გაცხოველდა ინტერესი ფიროსმანისადმი 50-იან წლების შემდეგ — გამოიცა წიგნები საქართველოში, რუსეთში, უცხოეთში. შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი, დაიწერა მისდამი მიძღვნილი პიესები, მუსიკალური ნაწარმოებები; ფიროსმანის სურათების გამოფენა მოეწყო ყოფილ სსრკ-ის ქალაქებში და დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. თბილისში დაიდგა ფიროსმანის ძეგლი; მხატვრის მშობლიურ სოფელში — მირზაანში — გაიხსნა ფიროსმანის მუზეუმი. მხატვრის ნამუშევართა დიდი ნაწილი ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აგრეთვე ყოფილ სსრკ-ისა და საზღვარგარეთის ზოგ მუზეუმებში, თბილისის ყოფილ სსრკ-ისა და უცხოეთის კერძო კოლექციებში. მის ნაწარმოებთა დიდი ნაწილის ქრონოლოგია დღემდე დაუდგენელია.

a-family-celebration.jpg
9f9cf37b08a77597f604ff8b57cfc968.jpg
257099.jpg
e183a7e183a3e183a0e183abe1839ce18398e183

ფიროსმანის თემატიკას გარკვეული კვალი დაამჩნია იმ სოციალურმა გარემომ, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მხატვარს. მის მხატვრულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომელიც არსებითად, თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების,ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს („ბეგოს კამპანია“, „ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან“, „თავადების ქეიფი მინდვრად“, „ხუთი თავადის ქეიფი“, 1906, ყველა — საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). ზოგჯერ ქეიფის სცენები გაშლილია პეიზაჟის ფონზე („სვირი“, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), ან ჩართულია მრავალფიგურიან „პანორამულ“ კომპოზიციებში („ვირის ხიდი“, „კახეთის ეპოსი“, „ქეიფი რთველში“). თემატიკურად სცენებს ენათესავება ნატურმორტები და აბრები.

ფიროსმანაშვილს იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება („რთველი“, „დღეობა ბოლნისში“, „გლეხის ქალი ვაჟით“, „გლეხკაცი ვაჟით“, „წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცი“, „კალოობა“ – ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი); იშვიათად მიმართავდა ქალაქურ პეიზაჟებს („ბათუმი“, „ფუნიკულორი“ — ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). განსაკუთრებული პოეტური ძალით არის აღბეჭდილი ფიროსმანაშვილის მიერ დახატული ღამის სცენები („არსენალის გორა ღამით“, მოსკოვი, კერძო კოლექცია; „ყაჩაღმა ცხენი მოიპარა“, „დათვი მთვარიან ღამით“ — ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). მკვეთრი სოციალური დახასიათებებით გამოირჩევა ფიროსმანაშვილის მიერ თბილისელი ხელოსნების, მედუქნეების, კინტოების, ბოჰემის წარმომადგენელთა, აგრეთვე მუშების პორტრეტები („გოგონა საჰაერო ბუშტით“,მოსკოვი, კერძო კოლექცია; „მდიდარი კინტოს შვილი“, „მეეზოვე“, „ორი მუშა“, „აქტრისა მარგარიტა“, „ორთაჭალის ტურფები“, „მუშა სოსო“, „მებადური“ — ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). სოციალური დაპირისპირება მკაფიოდ არის ნაჩვენები ცნობილ სურათში „უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით“ (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).

metevze-2.jpg
unnamed-1.jpg

ფიროსმანი ჩვეულებრივ მუშამბაზე წერდა. მის სურათებში ადვილი შესამჩნევია, რომ ავტორს სპეციალური განათლება არ მიუღია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს მხატვრის მიერ შექმნილი სამყაროს მთლიანობას, ერთგვარად ხელს უწყობს კიდეც მისი სურათების მკაფიო თავისებურებების გამოვლენას. ფიროსმანაშვილის სურათების უპირველეს ძალას შეადგენს მათი შინაგანი სიმართლე, უშუალობა, დიდი ექსპრესიულობა, ხასიათის მკაფიო გამოკვეთა. სხვა თვითნასწავლ მხატვართაგან განსხვავებით, ფიროსმანაშვილი მიზნად არ ისახავდა ბუნების ნატურალისტურ იმიტაციას, არ მისდევდა წვრილმანებს, შესწევდა ყველაფერში არსებითის, ტიპურის დანახვისა და განზოგადების უნარი. მისი სურათების კოლორიტი მკაცრია, ზოგჯერ თითქმის მონოქრომული (ბევრი სხვა თვითნასწავლი მხატვრისაგან განსხვავებით, რომლებსაც ფერადების სიჭრელე ხიბლავდა). მათი აგება მოწმობს ავტორის მახვილ კომპოზიციურ ალღოს. ფიგურების განლაგება უმეტესად ფრონტალურია, იერატიკული, სახეები არ გადმოგვცემს კონკრეტულ განწყობილებას; სივრცის გადმოცემა, პროპორციული შეფარდებები რამდენიმე პირობითია; განურჩევლად ზომისა, ფიროსმანაშვილის სურათებს შინაგანი მნიშვნელოვანება და მონუმენტურობა ახასიათებს. ყველა ამ თვისებით ფიროსმანის შემოქმედება ძველ ქართულ კედლის მხატვრობას ენათესავება.

მემკვიდრეობა

როდესაც ფიროსმანს მემკვიდრეობას ვეცნობით, ნათელი ხდება მხატვრის ინტერესთა მრავალფეროვნება, რჩება შთაბეჭდილება, რომ მას სავსებით ჩამოყალიბებული მსოფლგაგება ჰქონდა და შეგნებულად, თანამიმდევრულად ქმნიდა თავის მხატვრულ სამყაროს. ფიროსმანის შემოქმედებამ XX საუკუნის 10-20-იან წლებში მიჯნაზე, როდესაც ხელოვნებაში მწვავედ დაისვა ქართული ეროვნული ფორმის ძიების საკითხი, დიდი გამოძახილი პოვა ქართველ მხატვართა ახალ თაობის წარმომადგენლებში, რომელთაც სამართლიანად მიაჩნდათ, რომ ფიროსმანი ეროვნულ ნიადაგზე ორგანულად აღმოცენებული მხატვარია. დღეს ფიროსმანის შემოქმედება საყოველთაო სახალხო სიყვარულით სარგებლობს.

ქიზიყში სოფ. მირზაანში ფიროსმანის მშობლიურ სახლში ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია განთავსებული.
მირზაანში ყოველწლიურად ოქტომბრის თვეს ტარდება ფიროსმანისადმი მიძღვნილი ფოლკლორული ზეიმი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხალხური ანსამბლების მონაწილეობით.
ნიკო ფიროსმანი გამოსახულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე — 1 ლარიანზე.
ქალაქ სტამბოლში, თურქეთი, პერიოდულად იბეჭდება ორენოვანი ჟურნალი, სახელწოდებით „ფიროსმანი“.

  • afafafafsaf-afafafafafsafaf-afafafafafafფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი.
  • bkk-1.jpg?w=350ჟურნალი ფიროსმანი.
  • 001f-2.jpg?w=768ფიროსმანი საქართველოს სახელმწიფო ვალუტაზე.

საინტერესო ცნობები

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის 146 ნამუშევარია დაცული. 16 ტილო სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გამოფენილი.

2006 წლიდან ფიროსმანის გამოფენამ წარმატებით იმოგზაურა კიევში, სტამბოლში, მინსკში, ვეზელესა და ვილნიუსში. ამ ქვეყნებში მას 350 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა.

2011 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ სოფელ ოზაანში ქვრივიშვილების მარნის კარზე გაკეთებული წარწერა ნიკო ფიროსმანს ეკუთვნის. ექსპერტთა 4-კაციანმა ჯგუფმა ეს დასკვნა 8-თვიანი მუშაობის შემდეგ გამოიტანა. ხელოვნებათმცოდნეები ახლა ქვრივიშვილების ოჯახის გადასაწყვეტილებას ელოდებიან. მათ შეუძლიათ მარნის კარი დაიტოვონ, გაყიდონ ან ნიკო ფიროსმანის მუზეუმს გადასცენ.

2011 წლის 31 მაისს ქართველმა სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას, ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ადრე გაუჩინარებული ტილო – „დაჭრილი ჯარისკაცი“ იპოვეს. ტილოს ჩაუტარდა ექპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ იგი ორიგინალია. იმავე დღეს „დაჭრილი ჯარისკაცი“ საქართველოს ეროვნულ გალერეას გადაეცა.

ფიროსმანის სხვადასხვა ნამუშევრები

1905-e183abe18398e183abe18390-2.jpg?w=34ძიძა.1905 წელი.
1910-1912-e18392e1839de18392e1839de1839cგოგონა საჰაერო ბუშტით,1910-1912 წწ.
1916-e18391e18398e183ade18398-e18395e183ბიჭი ვირზე,1916 წელი.
a-peasant-woman-with-her-son.jpg?w=492ქალი ვაჟით,

წყარო:ბმული,ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები.

⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐

Rating: 9.5 out of 5.
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   16 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 15 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • Googlebot(2)
    • YandexBot(4)
    • Evaoaw