ფორუმელი Moor Posted 4 დეკემბერი, 2020 Posted 4 დეკემბერი, 2020 (პასკალ მერსიეს რომანის – „ღამის მატარებელი ლისაბონისკენ“ მიხედვით) ავტორი: გიორგი მაჭარაშვილი ცხოვრებაში აუცილებლად დგება მომენტი, როცა დღეები ერთმანეთს ემსგავსება, გადის თვეები და ყველაფერი ჩვეულ რიტმში მიდის. რამ შეიძლება შეაცვლევინოს ადამიანს ქცევა? პასუხი მარტივია და ამავდროულად, რთულიც. შემთხვევითობა. აი, რა არის ცვალებადობის მიზეზი. თუმცა რამდენად შესაძლებელია, რომ რაღაც მოვლენამ ადამიანზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს, რომ მან მიატოვოს საკუთარი საქმე, დატოვოს მშობლიური ქალაქი, სადაც წლებია ცხოვრობს და წავიდეს ახალი გამოცდილების საძიებლად? პასკალ მერსიე სწორედ ამ მომენტზე აგებს საკუთარ რომანს, რომელსაც „ღამის მატარებელი ლისაბონისკენ“ ჰქვია და პირველად გერმანულ ენაზე 2004 წელს გამოიცა. გამოცემიდან ძალიან მალევე მოიპოვა პოპულარობა და ზოგი გავლენიანი გამოცემის თანახმად, ის 21-ე საუკუნის საუკეთესო რომანადაა მიჩნეული. მწერალი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ერთი უბრალო მასწავლებელი, გრეგოირუსის სახით, პატივცემული და განათლებული პიროვნება, რომელსაც ცხოვრებაში საკუთარი გზისთვის არასდროს გადაუხვევია, იქცეს მოგზაურად, რომელიც დაბორიალობს სხვის წარსულში და ეძებს „დაკარგულ დროს“-უფრო ზუსტად კი ცხოვრების იმ ნაწილს, რომელში არსებობასაც ჩვენ ვერ ვასწრებთ. ავტორი ამბობს, რომ „ჩვენ მხოლოდ ძალიან პატარა ნაწილს ვიყენებთ იმ ძალებისა, რაც ჩვენშია, ხოლო თუ ეს ასეა, მაშინ რა ემართება დანარჩენს?“ გრეგორიუსი ამაზე სწორედ მაშინ დაფიქრდება, როცა ის უცნობ გოგონას სიკვდილისგან გადაარჩენს (მას ხიდიდან გადახტომა სურს) და შემდგომ ძველ მაღაზიაში ამადეო დე პრადოს წიგნს აღმოაჩენს. მისი შემობრუნების მომენტიც აქ დგება. სიკვდილისგან გოგონას დახსნა მხოლოდ ერთი ფაქტორი გამოდგა გრეგორიუსისთვის, ვინაიდან ის აღმოაჩენს, რომ თურმე ამ სამყაროში მის მსგავსად სხვაც დაეჭვებულა და უთქვამს: „ცხოვრება ეს არაა ჩვენ მიერ განვლილი გზა, არამედ ეს წარმოდგენაა, რომელსაც ჩვენვე ვქმნით.“ ეს აზრები გრეგორიუსის გონებაში ილექება და ამის გამო, ის ყველაფერს მოულოდნელად ტოვებს, მიდის ლისაბონში, მისთვის უცხო ქალაქში, რათა ამოხსნას ამადეო დე პრადოს თავსატეხი, გაარკვიოს მისი ვინაობა და გაიგოს, რა ტიპის ადამიანი იდგა ამ სიტყვების უკან. მატარებელში ის ცდილობს კიდევ უფრო მეტად ჩაწვდეს ამადეო დე პრადოს ხედვას, რომელიც ანტონიუ დი სალაზარის დიქტატურის დროს ექიმი იყო და ერთხელ ტირანი პოლიციის უფროსიც კი იხსნა სიკვდილსგან, რადგანაც ამის გაკეთებას ჰიპოკრატეს ფიცი ავალდებულებდა. იყო ექიმი ეს დიდი პასუხისმგებლობაა. თუნდაც საოპერაციოში შენივე ხალხის მკვლელი იწვეს, ამადეო დე პრადოს აზრით, ეს არაფერს ცვლის. მისთვის უპირველესი მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლეს და მის მოვალეობას აქვს, ხოლო შემდგომ უკვე ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. თუმცა, რთულია ასეთი ადამიანის გაგება. საზოგადოება ვერ ხვდება ამადეოს ამგვარი ქმედების მიზეზს, რის გამოც ერთ დროს პატივცემული ადამიანი, ახლა ლანძღვის ობიექტად გადაიქცევა. პასკალ მერსიე გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ერთი ქმედების გამო ვინმესადმი დამოკიდებულება, თუნდაც მას სინდისი მშვიდი ჰქონდეს და მორალურად ყველაზე მაღლაც იდგეს. პასკალ მერსიე ნაწარმოებში რამდენიმე გარდატეხის წერტილს გვიჩვენებს და მიგვანიშნებს, რომ „იცხოვრო რაღაც მომენტისთვის, კარგად და ლამაზად ჟღერს, თუმცა რაც მეტად ვუახლოვდებით ამ ფრაზის შინაარსს, მით უფრო გაუგებარი ხდება ყოველივე.“ ჩვენ ბურუსში მივდივართ, გზას ვერ ვხედავთ და ისევ პრადოს თუ დავესესხებით, გვახარებს, როცა გზის ბოლოს გვირაბს შევნიშნავთ, მაგრამ ვაი თუ ამ გზის გავლის შემდეგ იქ სინათლის ნაცვლად უკუნი ღამე დაგვიხვდეს? რა ხდება მაშინ? „ღამის მატარებელი ლისაბონისკენ“ დიდი კითხვების რომანია. მათზე მზა პასუხი ჯერ არცერთ ფილოსოფოსს არ გაუცია. ეს შესაძლებლობების წიგნია, იმ დაფარული სურვილებისა და ძალების, რომლებიც ჩვენშია, მაგრამ მათ არსებობის შესახებ არაფერი ვიცით. ავტორმა იცის, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ადამიანია ვალდებული და პასუხისმგებელი საკუთარ გადაწყვეტილებაზე და თუკი ქვეყანაში დიქტატურაა დამყარებული, მაშინ ადამიანებმა უნდა იბრძოლონ, იბრძოლონ იმისთვის, რომ ამ დიდ კითხვებს პასუხი გასცენ, ვინაიდან მათ შესახებ მხოლოდ თავისუფლების დროს გვეძლევა საშუალება ვიფიქროთ (სარტრის ხედვა „ადამიანს მისჯილი აქვს იყოს თავისუფალი“ აქაც ვლინდება) და ამასთან ისიც, რომ თუკი „დიქტატურა მოცემულობაა, მაშინ აჯანყება მოვალეობას წარმოადგენს.“ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა