Jump to content
×
×
  • Create New...

TIFF 2020 – სრჯან გოლუბოვიჩის სოციალური უთანასწორობა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

„მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ მე მათთვის ვიბრძოდი“ – ეს ფილმის მთავარი პერსონაჟის, ნიკოლას სიტყვებია, რომელიც შეგვიძლია მთლიანი სიუჟეტის რეფრენად მივიჩნიოთ.

სრჯან გოლუბოვიჩის მეოთხე სრულმეტრაჟიანი ფილმი „მამა“ – სოციალური კინოს ელემენტებით გვიყვება ამბავს, რომელიც სერბეთის ერთ-ერთ პატარა სოფელში ვითარდება და რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის ისტორია არ არის. მას არც გეოგრაფიული და არც დროითი საზღვრები გააჩნია. ასეთი ისტორიები დღემდე ბევრჯერ გვსმენია და საუბედუროდ, მომავალშიც ბევრჯერ გავიგებთ.

01-16.jpg?resize=650%2C350&ssl=1

მიუხედავად იმისა, რომ ნარატივის მთავარი ხაზი და სათაურიც მამის დომინანტური ხაზითაა შთაგონებული, ფილმი დედის ამბით იწყება, რომელიც უკიდურესი გაჭირვების გამო, ქმრის ყოფილ სამსახურში შვილებთან ერთად მიდის და კუთვნილი ხელფასის დაბრუნებას ითხოვს. მოთხოვნის არ შესრულების შემთხვევაში კი, საკუთარი თავისა და შვილების დაწვით იმუქრება. დრამატურგია გართულებას იმ წამიდან იწყებს, როდესაც ქალი მართლაც ისხამს ბენზინს და ცეცხლს იკიდებს. საბედნიეროდ, ამ ფაქტზე რეაგირებას მალევე ახდენენ გარშემომყოფები და მას სიკვდილს გადაარჩენენ. ეს ამბავი მალე ქალის ქმრის ყურამდეც მიდის და სწორედ აქედან ეცნობა მაყურებელი მამის- ნიკოლას პერსონაჟს, რომელიც ნებისმიერ ყოველდღიურ, ფიზიკურ სამსახურს თანხმდება, რომ პურის ფული მაინც იშოვოს.

02-10.jpg?resize=650%2C350&ssl=1

არსებობისთვის მინიმუმით მცხოვრებ ოჯახს ერთმანეთის გარდა არაფერი გააჩნიათ, მათ არც ელექტროენერგია აქვთ, არც წყალი და საკვების მოსაპოვებლად მუდამ ბრძოლა უწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა, ასე თუ ისე ახერხებს მინიმალური პირობების შემქნას და ყველა პირობის შესრულებას, რაც მას სოციალურმა სამსახურმა შვილების შესანარჩუნებლად დაუწესა, ეს ყველაფერი მხოლოდ ფარსი და დიდი ტყუილი აღმოჩნდება, რადგან ეს ადამიანები ყველაფრის მიუხედავად მაინც იპოვიან მიზეზს, ბავშვები ოჯახს მოსწყვიტონ.

სწორედ ეს ამოუწურავი მიზეზები და მათ მიერ გამოტანილი განაჩენი – ბავშვებისათვის შეუფერებელი საცხოვრებელი პირობები ხდება მიზეზი იმისა, რომ სოციალური სამსახური ღატაკ ნიკოლასა და საკუთარი ქმედების გამო, ფსიქოლოგიურად არამდგრად ადამიანად შერაცხულ დედას შვილებს ართმევენ.

მაყურებლისათვის მალევე ხდება გასაგები, რომ ზემოთხსენებელი სოციალური სამსახურის უფროსი, თითოეული ბავშვის მშობლისათვის წართმევით, საკმაოდ მსხვილ პროცენტს იღებს, ამიტომ მისთვის სულერთია ოჯახის სულიერ-ემოციური მდგომარეობაც, ბავშვების მომავალიც და სხვა ოჯახური ღირებულებებიც.

სასოწარკვეთილ ნიკოლას სხვა გზა არ რჩება და იძულებული ხდება 300 კილომეტრი ფეხით გაიაროს, რათა ბელგრადში ჩავიდეს და გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

03-13.jpg?resize=650%2C350&ssl=1

ძალიან მნიშვნელოვანია ის გზა, რომელსაც ფილმის მთავარი პერსონაჟი გადის და რომელიც მისი რწმენით შვილებს დაუბრუნებს. ამ გზაზე ნიკოლას უამრავი დაბრკოლება ეღობება წინ, შიმშილი, წყურვილი, ფიზიკური სისუსტე, ქურდები, სასოწარკვეთა, უიმედობა… თუმცა  „გოლგოთას გზაზე“ დამდგარ ნიკოლას რეჟისორი იმედის გარეშე არ ტოვებს, რაც ზუსტად მისნაირი ადამიანების მხრიდან მცირე დახმარებებში გამოიხატება, იქნება ეს საკვები, ტრანსპორტი თუ თავშესაფარი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სცენა კი მაშინ იჩენს თავს, როდესაც სრულიად უცხო მამაკაცი მას საკუთარი მანქანით მცირე მანძილის დაფარვას შესთავაზებს და გზაში უსვამს კითხვას – სწამს თუ არა ნიკოლას ღმერთის. მას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. მისი და მისი ოჯახის ტანჯვით სავსე ცხოვრებაში ღმერთი და სასწაული უბრალოდ არ არსებობს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, თუ როგორი დამოკიდებულება იკვეთება ერთ-ერთ ეპიზოდში, რომელშიც ამდენი სიარულისაგან ფიზიკურად დასუსტებული ნიკოლა საავადმყოფოში ამოჰყოფს თავს. იქ კი ერთ-ერთ პაციენტთან მისი დიალოგის დროს ვიგებთ, თუ როგორ მიატოვეს მამა შვილებმა სრულიად გულგრილად და უყურადღებოდ და რომ ოჯახისათვის ასეთ თავგანწირვას სინამდვილეში არანაირი აზრი არ აქვს. ამ ფრაზის დასრულებისთანავე კი კადრი გადადის ქუჩაში, სადაც ქორწილია და კიდევ ერთი ოჯახი იქმნება…

რეჟისორი ირონიით, სატირულად გადმოგვცემს დღევანდელ პოლიტიკურ თუ სოციალურ დამოკიდებულებებს ნიკოლასნაირი ღარიბი და უპოვარი ადამიანების მიმართ. ისინი ერთჯერადი დახმარების იმიტაციას ქმნიან, რათა შემდეგ სოციალურ ქსელებში ფოტო ატვირთონ და ამით ბრბოს დაანახონ, როგორი კეთილები და შემწყნარებლები არიან. ნიკოლამ ისიც არ იცის, რის უფლებას და რა პრიორიტეტებს აძლევს მას კანონი, როგორც მამას. თუმცა მალევე იგებს, რომ მისთვის შვილების კვირაში ერთხელ მონახულება შეიძლება.

05-10.jpg?resize=650%2C350&ssl=1

ძალიან მნიშვნელოვანია ფილმის ფინალი, როდესაც შვილებწართმეული მამის წინ უტიფრად მჯდომი სოციალური სამსახურის უფროსი, ნიკოლას პრესასთან ურთიერთობის გამო კიცხავს, ხაზს უსვამს რომ მისი მდგომარეობის გამო ნიკოლას არაფრის გაკეთება შეუძლია, რომ კორუფცია მასზე ბევრად ძლიერია და რომ ვერანაირი ხერხით ვერ შეძლებს შვილების დაბრუნებას და კიდევ ერთხელ აჩვენებს საკუთარ დომინანტურ ზეგავლენას. ამით ის ხაზს უსვამს, იმას თუ რამდენად უფუნქციო/უპასუხისმგებლო მამაა ნიკოლა.

04-12.jpg?resize=650%2C350&ssl=1

მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი უკვე ისედაც დამძიმებული და გაბრაზებული შეჰყურებს კანონით გამართლებულ სამართლიან უსამართლობას, რეჟისორი არც ამას თვლის საკმარისად და გვაჩვენებს, როგორი მდგომარეობა ხვდება სახლში დაბრუნებულ ნიკოლას. მეზობლებმა მისი სახლიდან ის მცირედიც კი გამოიტანეს და მიისაკუთრეს, რაც მთავარი პერსონაჟის ისედაც უპოვარ ოჯახს გააჩნდა. თუმცა, ამასთან შეგუებას ნიკოლა სულაც არ აპირებს და თითქმის შეუძლებელი სიმშვიდით, თითოეულის სახლში შედის და საკუთარ ნივთებს ცალ-ცალკე იბრუნებს.

The post TIFF 2020 – სრჯან გოლუბოვიჩის სოციალური უთანასწორობა appeared first on filmmaker.ge.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   197 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 196 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Facebookexternalhit(2)
    • Chrome(10)
    • ASIA
    • YandexBot(23)
    • Googlebot(2)