ფორუმელი Moor Posted 18 დეკემბერი, 2020 Posted 18 დეკემბერი, 2020 სალი პოტერის „უვალი გზები“ მთავარი პერსონაჟის – ლეოს ამბავს გვიყვება, რომელსაც ფილმში ხავიერ ბარდემი განასახიერებს. ნამუშევრის მსოფლიო პრემიერა, 2020 წლის 26 თებერვალს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი ძალიან პირადულია რეჟისორისათვის, რადგან პოტერის ძმაც იგივე დაავადებით იტანჯებოდა, რითიც ფილმის მთავარი გმირი. პოტერი მას წლების განმავლობაში გვერდით ედგა და უვლიდა. ნარატივი სამ ერთმანეთისაგან განსხვავებულ ადგილას: ნიუ-იორკში, მექსიკასა და საბერძნეთში ვითარდება და სამი განსხვავებული ისტორიით ფორმირდება, რომლებიც მუდმივად ენაცვლებიან ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, რომ ფილმის მთავარი კითხვაა – რა იქნებოდა რომ? ფილმის დასაწყისში, მოქმედება ნიუ-იორკში ხდება. ლეოს პერსონაჟი ცოლს გაშორებული მამაკაცია, რომელსაც დემენცია აქვს. მასზე ქალიშვილი და მომვლელი ქალი ზრუნავენ. ლეოსთან კონტაქტი ფაქტობრივად შეუძლებელია. სტომატოლოგთან ვიზიტამდე, ხავიერ ბარდემის პერსონაჟის გონება სრულიად სხვა სამყაროში მოგზაურობს. დასტირის ძაღლს, სახელად ნესტორს, რომელიც წლების წინ ავადმყოფობის გამო დააძინეს, მისი ქცევაც ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურია, რაც მოგონებების არეულობაში გამოიხატება. გოგონა ჯიუტად ცდილობს მამის გონებაში არსებული ფაზლების ამოხსნას და მის მიერ წამოსროლილი ფრაზების მნიშვნელობის გაგებას. მოულოდნელად მაყურებელი მექსიკაში მიემგზავრება, სადაც ლეოს ცოლი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა ცოლ-ქმარს შორის არსებული დაძაბულობა და რაღაც საერთო ტკივილი, ჯერჯერობით უცნობია, სინამდვილეში რა მოხდა მისი ცხოვრების ამ ვერსიაში. თუმცა, მალე ვიგებთ, რომ მათ ავტოკატასტროფაში შვილი გარდაეცვალათ. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ვერსიაში ლეოს შვილს, ძაღლის მსგავსად ნესტორი ჰქვია. მამაკაცს ტანჯავს იმაზე ფიქრი, რომ შვილის სიკვდილი მისი ბრალია, რადგან ის მარტო გაუშვა სკოლაში. მაყურებელი ხედავს „მკვდრების დღეზე“ (დღესასწაული მექსიკაში, რომლის დროსაც ოჯახის დაღუპულ წევრებსა და მეგობრებს იხსენებენ) მისულ ლეოსა და მის ცოლს, სადაც შვილის საფლავთან მსხდომნი იხსენებენ, როგორ უყვარდათ და ყვავილებითა და სანთლებით მის სულს პატივს მიაგებენ. მალე კიდევ ერთხელ იცვლება ყველაფერი და ამჯერად საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე აღმოვჩნდებით. აქ ლეო მწერალია, რომელმაც ოჯახი წერის გამო მიატოვა და რომელიც საკუთარი ამბის სწორ დასასრულს ეძებს. ის მალე გოგონას გაიცნობს, რომელიც საკუთარ ქალიშვილს აგონებს. გოგონასთან დიალოგში, კითხვას თუ რამდენად სწორად მიაჩნია ოჯახის დატოვების გადაწყვეტილება, მთავარი პერსონაჟი ვერ პასუხობს. ლეო ვერ წყდება გოგონას, თითქოს ცდილობს, რომ მისი დანაშაული შვილთან მიმართებაში ამ გოგონასთან ასოციაციით გამოასწოროს. ერთ-ერთ სცენაში, ბარდემის გმირი ნავით მიყვება გოგონას, რომელიც გემზე მეგობრებთან ერთად ერთობა, თუმცა მისი ეს ამბავი ტრაგედიით სრულდება. ლეოს საკუთარ ნავში მეორე დილით გარდაცვლილს პოულობენ. კიდევ ერთხელ შეცვლილ ისტორიაში ისევ ნიუ-იორკში გადავდივართ, სადაც ღამით ლეო ჩუმად იპარება სახლიდან. ნიუ-იორკის ქუჩებში უმიზნოდ მოხეტიალე მამაკაცს მალე შეამჩნევენ და სახლში აბრუნებენ. თუმცა, ამ შემთხვევაში კიდევ ერთი ალტერნატიული რეალობა იჩენს თავს, რომელშიც მოლი ორ არჩევანს აკეთებს, პირველი – რჩება მამასთან და მეორე – ტოვებს მას და საკუთარი მიზნების მისაღწევად მიემგზავრება. პოტერის ნარატივის ასეთი აბსტრაქტული იდეა და სამი სრულიად განსხვავებული რეალობა, რომელთაც მხოლოდ ლეო აერთიანებთ, გვიყვება იმ გზებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მთავარმა პერსონაჟმა მისი ცხოვრების თითოეულ ვერსიაში მიიღო. რეჟისორი არ მიგვითითებს რომელი მათგანი შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო რეალური ან უფრო მართალი, თუმცა სამივე ისტორიის ამომავალ წერტილებად მაინც ლეოს შვილები შეიძლება მივიჩნიოთ. ორ ვერსიაში ეს არის გოგონა – მოლი, ხოლო ერთში, ბიჭი – ნესტორი. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ამ სევდიან ამბავში მონაწილე მთავარი გმირის, ესპანელი მსახიობის – ხავიერ ბარდემის კარგი შესრულებაც, რომელიც გულწრფელია და ნამდვილად გვაჯერებს საკუთარი ისტორიის რეალურობასა და ტრაგიზმში. მსახიობმა სცენარის წაკითხვის შემდეგ, ფაქტობრივად სრულიად შეისწავლა დემენციის წარმომავლობა, გამოხატულებები და ზეგავლენა ადამიანის გინებრივ შესაძლებლობებზე. ერთ-ერთ ინტერვიუში ბარდემი იხსენებს: „როდესაც სალიმ სცენარი გადმომიგზავნა ვუთხარი, რომ ალცჰეიმერის დაავადებასთან მებრძოლი პერსონაჟის განსახიერებისათვის ზედმეტად ახალგაზრდა ვიყავი. მაშინ არ ვიცოდი, რომ არსებობდა დემენციის ერთ-ერთი ტიპი (Frontotemporal Dementia), რომელიც 30 წელს გადაცილებულ ადამიანებს შეიძლება დაემართოთ. ეს დაავადება გენეტიკურია. ამ დროს გარკვეული ცვლილებები ხდება ადამიანის ტვინში, ამიტომაც ამის შესახებ უნდა გამეგო. ჩემს თვალწინ სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა. მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი დიდსულოვან, სულგრძელ პაციენტებს, მათ ოჯახებსა და მომვლელებს. ეს ყველაფერი 24/7-ზე სიყვარული იყო. ამ როლის შესრულება ჩემთვის ნამდვილი გამოწვევა იყო. თუმცა, ამავდროულად ძალიან აღელვებული ვიყავი. მენტალური დაავადების თამაში, სრულიად საპირისპიროა უბრალოდ თამაშისა. შენ გჭირდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად მიდიხარ, როგორი იყო შენი წარსული, მომავალი და შენი ქცევაც კი, შენი დიალოგები და ურთიერთობები სხვა მსახიობებთან.“ The post TIFF 2020 – სალი პოტერის პროტაგონისტის სამი განსხვავებული ცხოვრება appeared first on filmmaker.ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა