Jump to content
×
×
  • Create New...

TIFF 2020 – ხრისტოს ნიკუს მოგონებების ანარეკლები


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

„ვაშლები“ ბერძენი რეჟისორის, ხრისტოს ნიკუს სადებიუტო ნამუშევარია, რომლის მსოფლიო პრემიერაც, ვენეციის რიგით 77-ე კინოფესტივალზე შედგა. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი, ყველასათვის კარგად ნაცნობი ოსკაროსანი მსახიობი – ქეით ბლანშეტია.

სიუჟეტი პანდემიური სამყაროს შესახებ გვიყვება, რომელიც ადამიანებში მოულოდნელ ამნეზიას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის თემატიკა, დღევანდელი მსოფლიოსათვის, ამ ეტაპზე სიახლეს ნამდვილად აღარ წარმოადგენს, რეჟისორმა სცენარზე მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო.

011-3.jpg?resize=650%2C350&ssl=1

ფილმის მთავარი პერსონაჟია შუახნის მამაკაცი – არისი, რომელიც სიუჟეტის დასაწყისში, საკუთარი სახლის პატარა უწესრიგო ოთახში, სრულიად მარტოა. სამყაროში, რომელშიც მეხსიერების მოულოდნელი დაკარგვა უკვე სრულიად ჩვეულებრივი რეალობაა, არისს ავტობუსში პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და ყველანაირი საბუთის გარეშე პოულობენ. მამაკაცი ნევროლოგიურ საავადმყოფოში ხვდება, რომელიც იმ პაციენტებს, რომლებსაც არავინ მოაკითხავთ, ცხოვრების სრულიად ცარიელი ფურცლიდან დაწყების შესაძლებლობას აძლევს. მთლიანი ფილმის განმავლობაში, მთავარი გმირი მოძრაობის მცდელობაშია, იმ მოძრაობისა, რომელიც წარსულ ცხოვრებაში დატოვა. თუმცა ეს „დავიწყებული“ შეგრძნებები ისეა  მისი პიროვნების სიღრმეში დალექილი, როგორც ველოსიპედის ტარება, რომელსაც თუ ერთხელ ისწავლი, შენს სხეულს ის ყოველთვის ემახსოვრება.

01-17.jpg?resize=650%2C350&ssl=1

ყოველდღიური ცხოვრებისეული დავალებების შესრულებითა და მათი ფირზე აღბეჭდვით, არისისნაირი „დავიწყებული“ ადამიანები საკუთარი ცხოვრების ახალ ალბომს აწარმოებენ. ახალ ემოციებს, გრძნობებს, თავგადასავლებსა და შეგრძნებებს ქმნიან. დადიან კინოში, უყურებენ საშინელებათა ფილმებს, ცდიან ინტიმურ ურთიერთობებს, აბამენ უცხო ადამიანებთან საუბარს, სეირნობენ, თუმცა ეს ყველაფერი მათ მელანქოლიურ სამყაროს, კიდევ უფრო სევდიანს ხდის. ჩვენი მთავარი გმირი არც ენაწყლიანობით გამოირჩევა, რაც კიდევ უფრო თვალშისაცემია, როდესაც ის კიდევ ერთ მისნაირ პაციენტს – ანას ხვდება. მათი საერთო თავგადასავლები, მანქანის პირველი ავარია, კლუბში ცეკვა, სმა – ორივე პერსონაჟისათვის ზედაპირული, უშინაარსო ქმედებებია, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ კლინიკის პერსონალის დავალებების შესრულებას ემსახურებიან.

022-2.jpg?resize=650%2C350&ssl=1

თუკი ნიკუს სურიეალისტურ-მელანქოლიური და ამოუცნობი ნარატივის ყურებისას, ლანთიმოსის ზეგავლენას იგრძნობთ, არ გაგიკვირდეთ, რადგან ამ უკანასკნელის 2009 წლის ფილმზე – „ეშვი“, ნიკუ მის თანაშემწედ მუშაობდა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ოპერატორული ნამუშევარი, ფერები, დინამიკა და ტონალობა, რომლებიც პერსონაჟებისაგან განსხვავებით უფრო ცოცხალი და მოძრავია, თუმცა მათ მსგავსად ჩამქრალი და უბრალო. ისინი ძალიან კარგად გადმოგვცემენ მეხსიერებადაკარგული საზოგადოების უფერულ, დაცარიელებულ და ნაკლულ ცხოვრებას, რომლებიც პოლაროიდის ფოტოების მეშვეობით, საკუთარი ახალი იდენტობის შექმნას ცდილობენ. ოპერატორი ბარტოზ სვინიარსკის ვიზუალური თხრობა, რომელიც  4:3 ფრეიმის კადრებს იყენებს, „კინემატოგრაფისათვის კულტურულ საბუთს ქმნის“. რაც ნიშნავს იმას, რომ ასეთი კვადრატული კადრები პორტრეტულ გამოსახულებებს მეტ ინტიმურობასა და მოკრძალებულობას მატებენ. ასეთ კადრებში მოხვედრილი პერსონაჟების მნიშვნელობა, მთლიანი ფილმისათვის განსაკუთრებულია, ვინაიდან მასში მოხვედრილ ლანდშაფტს, არ ეძლევა საშუალება პერსონაჟს ეს მნიშვნელობა წაართვას და დაუკარგოს.  

033-2.jpg?resize=650%2C350&ssl=1

ბერძენი რეჟისორის ფილმი, საკუთარი მელანქოლიური ბექგრაუნდით გვაჩვენებს, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება, სურათების ერთობლიობას, ფოტოალბომს ჰგავს. თუმცა, ამ მომენტებს არაფერი აქვთ საერთო ბედნიერებასთან, აღელვებასთან, მკვეთრ შეგრძნებებთან და იმ ემოციებთან, რომლებიც გვაგრძნობინებენ, რომ ცოცხლები ვართ. ფილმი ერთგვარი მცდელობაა, ჩაწვდე პიროვნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და იმის, თუ რამდენად ღირებული და მნიშვნელოვანია ადამიანებისათვის მოგონებები.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის რამოდენიმე ეპიზოდი გვაჩვენებს, რომ არისს  მთლიანი მეხსიერება არ დაუკარგავს, სიუჟეტი მაინც არ გვაძლევს იმის დასკვნის საშუალებას, თუ რამდენად ახსოვდა, ან არ ახსოვდა საკუთარი წარსული სრულად მთავარ პერსონაჟს, ეს აქ უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის.

The post TIFF 2020 – ხრისტოს ნიკუს მოგონებების ანარეკლები appeared first on filmmaker.ge.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   116 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 116 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • YandexBot(16)
    • Googlebot(1)
    • Facebookexternalhit(1)