ფორუმელი Moor Posted 20 დეკემბერი, 2020 Posted 20 დეკემბერი, 2020 “შიში ყველაზე დიდი ცოდვაა”. – დედა ნატალია “კონფერენცია” ივან ი. ტვერდოვსკის დრამაა, რომელიც რუსეთის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე შემაძრწუნებელ ეპიზოდს, დუბროვკის თეატრში, სპექტაკლ “ნორდ-ოსტის” მსვლელობისას მომხდარ ტერაქტს ეხმიანება. ფილმის მთავარი გმირები 17 წლის წინ ტყვედ ჩავარდნილი ადამიანები არიან, რომლებიც ჯერ ტერორისტებს, შემდგომ კი სპეცსამსახურების მიერ გაშვებულ ფენტალინის გაზს გადაურჩნენ, მაგრამ დაკარგეს ოჯახის წევრები. ყველა სხვადასხვა გზით ცდილობს წარსულთან გამკლავებას, ზოგს ეს წარმატებით გამოსდის, ზოგი დღემდე ვეღარ დადის თეატრში, ზოგიც ყველაფერს გაექცა და ახალი ცხოვრების დაწყება სცადა. ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება მთავარი გმირი ნატაშა სავოხინა. ნატაშა ოჯახთან ერთად დუბროვკას თეატრში იმ საბედისწერო დღეს იმყოფებოდა. სპეცოპერაციამ მისი მცირეწლოვანი ვაჟის სიცოცხლე შეიწირა. მან ვერ შეძლო ტრავმასთან გამკლავება, მიატოვა ქმარი და ქალიშვილი და ღვთის სამსახურში ჩადგა – მონაზვნად აღიკვეცა. საბედისწერო ტერაქტიდან 17 წლის თავზე დედა ნატალია ხსოვნის საღამოს მართავს, რომელზეც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მოდის. ფილმის მსვლელობისას ვეცნობით სხვა დაზარალებულებსაც, მათ შორის ერთ-ერთი ნატაშას შვილი გალიაა, რომელიც მშობელს პასუხისმგებლობისგან გაქცევას ვერ პატიობს. შეხვედრაზე ირკვევა რომ მთავარმა გმირმა თეატრიდან პირველივე დღეს გამოაღწია, იგი თვითგადარჩენის ინსტინქტის ტყვეობაში მოექცა, საკუთარ თავს ვერ მოერია და შვილები მიატოვა. მას შემდეგ დედა ნატალიას ერთადერთი გრძნობა ამოძრავებს, უძველესი გრძნობა, პირველყოფილი გრძნობა, რომელიც ადამიანებს თაობიდან თაობაში გადმოეცემა – შიში. ნატაშა გაუჩერებლად გარბის, 17 წელი ის გაურბის ქმარს, შვილს, ტკვილს, პასუხისმგებლობას, ცხოვრებას. ფინალში სავოხინა ცდილობს ყველაფერი გამოასწოროს, მაგრამ შიშთან მარცხდება, რომელიც თრგუნავს თავისუფალ ნებას, სიყვარულს, ყველა იმ გრძნობას, რომელიც ადამიანად გვაქცევს. ტვერდოვსკიმ ტრავმასთან გამკლავებისა და შიშთან ადამიანის უძლურობის თემების პარალელურად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი წამოწია, რომელიც სურათს ლაით მოტივად გასდევს, ეს არის რუსეთის დამოკიდებულება ბოლო წლებში მომხდარი ტრაგედიების მიმართ. ამ დამოკიდებულების განსხეულებას ფილმის ორი პერსონაჟი დაცვის თანამშრომელი და თეატრის ამჟამინდელი დირექტორი წარმოადგენენ. პირველი მათგანი პერიოდულად აფერხებს შეხვედრას და დაზარალებულებს აგრძნობინებს რომ 17 წლის წინ მომხდარ ტერაქტზე ამდენი საუბარი ზედმეტია, მისი დევიზია „დაღამდა, სჯობს სახლებში წახვიდეთ“. რაც შეეხება დირექტორს, იგი ნაწილობრივ თანაუგრძნობს დედა ნატალიას და მის ამხანაგებს, მაგრამ „დაღუპულთა ხსოვნის საღამოს“ მოწყობა მის თეატრში არ სიამოვნებს, ამიტომ დაზარალებულთა შეხვედრას ოფიციალურ საბუთებში „კონფერენციად“ მოიხსენიებს. ბოლო 20 წლის რუსულ კინემატოგრაფს რომ გადავხედოთ არ გვხვდება ფილმები „ნორდ-ოსტზე“, ბესლანზე, კურსკის ტრაგედიაზე, მოსკოვის მეტროპოლიტენი ტერაქტზე, იშვიათად ჩეჩნეთის ომზე, სამაგიეროდ თითქმის ყოველ წელს გამოდის მაღალბიუჯეტიანი ფილმი ტრიუმფალურ გამარჯვებაზე – მეორე მსოფლიო ომზე, იმიტომ რომ „დირექტორს“ საკუთარ „თეატრში“ „კონფერენციები“ არ სჭირდება და აწყობს ის შიში, რომელიც ანადგურებს, აცარიელებს ადამიანებს, ცარიელი ადამიანების მართვა კი გაცილებით მარტივია. The post TIFF 2020 – 17 წელი “ნორდ-ოსტიდან” ანუ “კონფერენცია” appeared first on filmmaker.ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა