Jump to content
×
×
  • Create New...

კინოსამყაროს ახალი დღე – სტრიმინგ სერვისების ჯიჰადი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ფრენკ ჰერბერტის ლეგენდარული ნაწარმოების, “დიუნი”-ს მთავარი პერსონაჟი პოლ ატრეიდესია – შვილი, რომელიც მშობლის მკვლელობისთვის შურს იძიებს, რჩეული რომელიც ხალხს გააერთიანებს და მესია, რომლის სახელითაც ჯიჰადი მთელ გალაქტიკას წალეკავს.

სიმბოლურია, რომ კინოთეატრებსა და სტრიმინგ სერვისებს შორის ომი, “დიუნის” კინოეკრანიზაციით, ახალ ფაზაში გადავიდა. გასულ წელს, კორონა პანდემიის გამო, დენი ვილნიოვის ფილმის პრემიერა გადაიდო. 2020 წლის დეკემბერში კი, “უორნერ ბრაზერსმა” გადაწყვეტილება მიიღო – “დიუნი” და სხვა მსხვილბიუჯეტიანი ფილმები სტრიმინგ პლატფორმა HBO Max-ზე, კინოთეატრების პრემიერის პარალელურად დარელიზდება.

უორნერის ამ გადაწყვეტილებას დენი ვილნიოვის იმედგაცრუება და კრიტიკა მოჰყვა. რეჟისორმა Variety-ში წერილი გამოაქვეყნა, სადაც მთავარ დამნაშავედ “უორნერ ბრაზერსის” მშობელ კომპანია AT&T-ის ასახელებს და მათ კინოსადმი გულგრილობაში ადანაშაულებს. გთავაზობთ წერილიდან საინტერესო ნაწყვეტებს:

“ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული არც კინოსა და არც მაყურებლის სიყვარულით. ეს ტელეკომუნიკაციების გიგანტის გადარჩენისთვის ბრძოლის მცდელობაა. მხოლოდ, AT&T-ის ვალი ასტრონომიულ თანხაზე $150 მილიარდ დოლარზეა ასული. კომპანია უოლ სტრიტზე გადარჩენისთვის იბრძვის და “დიუნი” მისთვის სულ ერთია.  HBO Max-ის დებიუტი ჩავარდა, სტრიმინგ სერვისმა ვერ მოახერხა მოლოდინის გამართლება და ამიტომ AT&T-იმ გადაწყვიტა “უორნერ ბრაზერსი” გაწიროს.

სტრიმინგ სერვისები კინოსა და ტელევიზიის ეკოსისტემისთვის პოზიტიური და ძლიერი დანამატია, მაგრამ მინდა აუდიტორიამ გაიგოს, რომ კინოინდუსტრიას მხოლოდ მსგავსი პლატფორმები ვერ გადაარჩენენ. სტრიმინგ საიტებს კარგი კონტენტის შექმნა შეუძლიათ, მაგრამ არა “დიუნის” მასშტაბების.

“დიუნი” ჩემს კარიერაში საუკეთესო ფილმია. მე და ჩემმა გუნდმა, უნიკალური დიდი ეკრანისთვის განკუთვნილი ატმოსფეროს შექმნას, ცხოვრების სამ წელზე მეტი შევალიეთ. ნამუშევრის გამოსახულება და ხმის დიზაინი ზედმიწევნით კინოთეატრებისთვისაა შექმნილი.

მე ღრმად მწამს, რომ კინოს მომავალი დიდ ეკრანზეა, არ აქვს მნიშვნელობა უოლ სტრიტელი დილეტანტები რას ამბობენ. კინო დიდ ეკრანზე – მეტია ვიდრე ბიზნესი, ის ხელოვნებაა, რომელიც ხალხს აერთიანებს”. – წერს დენი ვილნიოვი.

rev-1-du-06799rv2_high_res_jpeg-1024x636დენი ვილნიოვი და ხავიერ ბარდემი “დიუნის” გადასაღებ მოედანზე

ის რაც დღეს სტრიმინგ სერვისებსა და კინოსამყაროში ხდება, კორონას პანდემიის გამო არ დაწყებულა. სულაც არაა საჭირო იყოთ პოლ ატრეიდესი, რომ კინოს სახელით ჯიჰადის მოახლოება წინასწარ განგეჭვრიტათ. მოდით, დროში უკან დავბრუნდეთ…

XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების ხანა დაიწყო. ტორენტების გამოჩენამ კინოინდუსტრიას პირველი დარტყმა მიაყენა. მეკობრული გზით სერიალებისა და მხატვრული ნამუშევრების გადმოწერას წინ ვერც აშშ-ისა და ვერც ევროპის სამართალდამცველები აღუდგნენ. 2019 წელს, მეკობრული გადმოწერების გამო, მხოლოდ ამერიკის კინოინდუსტრიამ $29 მილიარდი დაკარგა და ეს მაშინ, როდესაც აშშ მეკობრეების წინააღმდეგ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. მაგალითისთვის, ჩინეთში, მხატვრული ფილმი პოტენციური შემოსავლის 90%-ს კარგავს, რუსეთში 79%, ხოლო ესპანეთში 32%-ს. ტორენტებთან და მეკობრეობასთან ომი, დონ კიხოტის ქარის წისქვილებთან ბრძოლას დაემსგავსა, დროის სვლასთან ერთად მეკობრეები ახალ, დახვეწილ გზებს პოულობენ უკანონო მასალის გასავრცელებლად.

Netflix ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მიხვდა, რომ ტრადიციული მეთოდებით ამ ომში ვერაფერს გააწყობდა, სტრიმინგ პლატფორმა ახალ სიმაღლეზე აიყვანა და მელანჟისთვის (უძვირფასესი რესურსი “დიუნის” მიხედვით) ბრძოლაში ახალი გზა აარჩია. თანამედროვე სამყაროს ცხოვრების ტემპი ძალიან სწრაფია, ადამიანები წიგნის კითხვას, დიდქრონომეტრაჟიანი სიუჟეტის ნახვასა, თუ ვრცელი სტატიის გაცნობას ფუფუნებად თვლიან. ინტერნეტში, ახალი ამბების ხანგრძლივობა საგრძნობლად შემცირდა, სიახლე ფაქტობრივად სათაურიღა დარჩა (მომხმარებლების უდიდესი ნაწილი ამბავს, წაკითხვის გარეშე, მხოლოდ სათაურის გამო აზიარებს/ემოციას გამოხატავს). კინოკომპანიების მაღალი შემოსავალი, არა კინოთეატრების მომხმარებელთა ზრდით, არამედ ბილეთების გაძვირებითაა განპირობებული. ნეტფლიქსმა თანამედროვე მომხმარებელს იდეალური „სატყუარა“ შესთავაზა – ადგილი, სადაც ფილმისა თუ სატელევიზიო შოუს ძიება არ გჭირდება, ის კონსიუმერებს უდიდეს კატალოგს სთავაზობს და შემდეგ ძალიან კარგი ალგორითმით (მსგავსი პროდუქტის შემოთავაზება), მათ პლატფორმაზე დაბრუნებას უზრუნველყოფს. სტრიმინგ პლატფორმებმა ნელ-ნელა საკაბელო ტელევიზია ჩაანაცვლა. 2014 წელს, აშშ-ში საკაბელო ან სატელიტურ ტელევიზიას 101 მილიონი ოჯახი იყენებდა, 2020 წელს კი ეს ციფრი 81 მილიონამდე შემცირდა და ექსპერტების პროგნოზით, დროის სვლასთან ერთად, კიდევ უფრო შემცირდება. აშშ-ში, 2019 წელს, ნეტფლიქსის მეთაურობით, სტრიმინგ სერვისებმა, პირველად არსებობის ისტორიაში, მომხმარებლების რაოდენობით საკაბელო ტელევიზიებს გადაასწრეს (დიდ ბრიტანეთში იგივე მოხდა 2018 წელს). სტრიმინგ სერვისების ჯიჰადმა ჯერ DVD/Blu-Ray გააქრო ბაზრიდან და დროსთან ერთად, ტელევიზიაც „მომაკვდავი სახეობად“ აქცია. შესაბამისად, კინოთეატრებს, თუ ახალ რეალობაში გადარჩენა სურთ, მიდგომის შეცვლა მოუწევთ.

ნეტფლიქსი სტრიმინგ სამყაროში აბსოლუტური დომინანტია (203 მილიონი გამომწერი), თუმცა, ბოლო წლებში მას არაერთი კონკურენტი გამოუჩნდა: Hulu, Amazon Prime Video, Disney+, HBO Max, Apple TV+.  ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ახალ სამყაროში ლიდერობისთვის იბრძვიან. 2020 წელს, სტრიმინგ სერვისებზე მოთხოვნა 37%-ით გაიზარდა, ამ სერვისების ბაზრის ჯამურმა ფასმა კი 50 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ექსპერტების აზრით, 2028 წლისთვის ეს რიცხვები 200 მილიარდს გასცდება. მხოლოდ ნეტფლიქსი, 2021 წელს, ვიდეო კონტენტზე $19 მილიარდის დახარჯვას აპირებს.  Disney+ ახალ კონტენტში $12-16 მილიარდს ჩადებს, HBO Max კი 3 მილიარდ დოლარამდე დახარჯავს.

movie-theater-closed-coronavirus.jpg?res

კორონა პანდემიის პირობებში, სტრიმინგ სერვისებმა, ხელში ფაქტობრივად კინოს მომავალი ჩაიგდეს. კინოთეატრები თითქმის ერთი წელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით დახურულია (მცირე გამონაკლისები არსებობს – ახალი ზელანდია, ჩინეთი). პროდიუსერებმა და კინოკომპანიებმა შემოსავლის უმთავრესი წყარო (თითქმის 70%) დაკარგეს. აშშ-ის კინოთეატრების უდიდესი ქსელები გაკოტრების პირას არიან. ამერიკაში, 2019 წელს, მხატვრულმა ფილმებმა $11 მილიარდზე მეტი მოაგროვეს, 2020 წელს კი შემოსავალმა $2 მილიარდს ძლივს გადააჭარბა. პარალელურად, სტრიმინგ პლატფორმებზე, მომხმარებელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება, უფრო მეტი ადამიანი ეჩვევა სახლში, სასურველ დროს, სასურველი ფილმის ყურებას. სტუდიებს ერთადერთი გამოსავალი აქვთ – სტრიმინგ პლატფორმებისთვის ფილმების მიყიდვა/მათთვის პროდუქტის შექმნა. სხვა შემთხვევაში, ისინი ბლოკბასტერების გადაღებას ვეღარ გარისკავენ, ეს ფინანსურად ძალიან სარისკო ნაბიჯი და პოტენციური გაკოტრებისკენ მიმავალი გზა იქნება.

ოდესღაც, სატელევიზიო სერიალებს სერიოზულად არავინ აღიქვამდა. თუმცა, HBO-ს სატელევიზიო რევოლუციამ ყველაფერი შეცვალა. დღეს, სერიალის გადაღება, თუ მასში მონაწილეობა არავის ეთაკილება. შოუების ხარისხმაც საგრძნობლად მოიმატა და მხატვრული ფილმის დონეს, უკვე არაფრით ჩამოუვარდება. ფაქტობრივად მსგავსად ვითარდება სტრიმინგ პლატფორმებიც. უახლოეს წარსულში, მათ ორიგინალურ კონტენტში მონაწილეობა არავის უნდოდა. ბოლო წლებში კი, ნამუშევრები მხოლოდ ნეტფლიქსისთვის, მარტინ სკორსეზემ, ალფონსო კუარონმა, ბონგ ჯუ ჰომ და ნოა ბაუმბახმა შექმნეს.

2.jpg?resize=650%2C350&ssl=1

ჯიჰადი დაწყებულია. ინტერნეტის „პოლ ატრეიდესები“, კინოში დიდ რევოლუციას, ჯერ კიდევ წლების წინ წინასწარმეტყველებდნენ. არის ეს კინოთეატრების დასასრული? რა თქმა უნდა არა. ყოველთვის გამოჩნდება არტისტი, რომელიც სურათს დიდი ეკრანისთვის შექმნის და ხალხი, რომელიც ფულს ამ გამოცდილებისთვის გადაიხდის. შეიძლება მათი რაოდენობა შემცირდეს, შესაძლოა ფილმების ბიუჯეტებიც შეიცვალოს (კინოთეატრებში გამოსული ფილმების 80% მაღალბიუჯეტიანი იყოს, ხოლო საშუალო ბიუჯეტის მქონე ფილმები კინოდან გაქრეს). შესაძლოა პირიქით, ბლოკბასტერების რაოდენობამ იკლოს. დენი ვილნიოვის გულისტკივილი გასაგებია, სურს თავისი შედევრი მაყურებელმა იმ ფორმატში ნახოს, რისთვისაც ის შექმნა. თუმცა, მომავალი უკვე დადგა. კორონა ვირუსმა, ტექნოლოგიებმა და შემოსავლის უსაფრთხო გზამ, კინო ახალ კალაპოტში გადაიყვანა.

„არ უნდა მეშინოდეს. შიში გონების მკვლელია. შიში მცირე სიკვდილია, სრული დავიწყება რომ მოაქვს. მე მას დავანებებ, გაედინოს ჩემზე და ჩემში. და მას მერე, როდესაც შიში გაივლის, შინაგან მზერას მის კვალს მივაპყრობ. შიშის ნავალზე აღარაფერი იქნება.დავრჩები მხოლოდ მე“ – ამბობს „დიუნში“ პოლ ატრეიდესი.

კინომოყვარულებს არ უნდა გვეშინოდეს. კინოს (ამ ფორმით) სიკვდილი ჯერ ადრეა, საჭირო ტექნოლოგია არ არსებობს. მხატვრული ფილმის პოტენციური დასასრული, მისი ვიდეო თამაშებთან საბოლოო სინთეზი იქნება. კინოს მთავარი მტერი კორონა პანდემიაა, სტრიმინგ სერვისები კი, ამ ეტაპზე, ხელოვნების ამ დარგის მხსნელები არიან. მხატვრული ფილმების დიდ ეკრანზე დაბრუნების შემდეგ, ახალი ერა დაიწყება, რომელზეც სხვა დროს, სხვა წერილში ვისაუბრებთ.

The post კინოსამყაროს ახალი დღე – სტრიმინგ სერვისების ჯიჰადი appeared first on filmmaker.ge.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share