Jump to content
×
×
  • Create New...

თორნიკე ბზიავა: ღმერთმა უწყის – კარგი დრო


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ქართველი რეჟისორისა და მსახიობის თორნიკე ბზიავას წერილი ამერიკელი რეჟისორების ძმები სეფდიების შემოქმედებაზე, რომელიც სპეციალურად Filmmaker.ge-სთვის შეიქმნა.


ჯოშ და ბენი სეფდიების ფილმები, მეტწილად ჩრდილოეთ ნიუ იორკის ქუჩების მღვრიე, მიკროკოსმიურ სამყაროში იძირება. ძმების რეჟისორული დუეტი მძიმე რეალობის თემებს ეხება. ისინი ჩაფლულნი არიან თავიანთი საყვარელი, ნაკლებად ცნობილი ქალაქის ქუჩების დაუცხრომელ სიგიჟეებში. განსაკუთრებული, ამ ახალგაზრდა ძმების შემოქმედებაში ისაა, რომ ისინი, თავიანთ ნამდვილ გამოცდილებებს გვიყვებიან, თანაც, ამ მონათხრობის ფორმა, ნელ-ნელა სხვადასხვა კომპონენტით ისე ვითარდება, რომ სტილისტურად ერთგვარ ხელწერასაც კი წარმოადგენს. მათ ხელწერაში გაერთიანებულია ამბავი, დაუვიწყარი პერსონაჟები, მუსიკა და რაც მთავარია ადამიანთა კრიზისი, რომელთაც, თითქოს არ გაუმართლათ, მაგრამ ასეთებად ცხოვრებამ აქცია. სწორედ ამიტომ მომინდა, ორიოდე სიტყვით, დამეწერა ჯოშუა და ბენ სეფდების შემოქმედებაზე.

1-6.jpg?resize=650%2C350კადრი ფილმიდან “ღმერთმა უწყის”

Heaven Knows What – მოგვითხრობს ჰარლიზე, 19 წლის ‘წყალწაღებული ქერა“, ასე მოიხსენიებენ ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორები მთავარ გმირს, რომლის როლსაც  არიელ ჰოლმსი ასრულებს. ის უიმედოდაა შეყვარებული სიმპათიურ, მაგრამ საზიზღარ ილიაზე, რომელსაც  კალებ ლენდრი ჯონსი ასრულებს. ფილმის გახსნისთანავე, ჰარლის ისე უშლიან ნერვებს, რომ ის თავის მოკვლას ვენების გადაჭრით ცდილობს. სცენარს, საფუძვლად ჰოლმსის ცხოვრება უდევს, რომელიც ნამდვილად ცდილობდა თავის მოკვლას. ილიას  პერსონაჟის ცხოვრება სხვის მოდელზეა აგებული, რომელიც კიდევ უფრო ტრაგიკულია. ის იმავე წლის აპრილის ბოლოს, გადაჭარბებული დოზისგან გარდაიცვალა.

ჯოშ სეფდი, Dimond District უბანში „აბირჟავებდა“, როდესაც შემთხვევით არიელ ჰოლმსს შეხვდა. იმ დროს, ის უკვე  თავის სამომავლო ფილმზე, Uncut Gems გამოკვლევებს ატარებდა ამ უბანში.  ჯოშმა შეამჩნია გოგონა,  ‘ახალგაზრდა ანჟელიკა ჰიუსტონის მსგავსი’, რომელსაც თან  ლამაზად და კოხტად ეცვა და უცნაურად ატრიალებდა ხელში მეტროს ბარათს, დღის ხუთ საათზე. მაშინ ჯოში ვერ ხვდებოდა, რომ არიელი მეტადონის კლინიკაში მიემართებოდა.

ჯოში, არიელს ერთი კვირის თავზე შეხვდა და მისი ცხოვრების სიმართლე დეტალურად მაშინვე გაარკვია. „მე მისი მეგობარი გავხდი. კვირაში ერთხელ ვნახულობდი“… ორი თვის შემდეგ, ერთ-ერთი დავალების მიცემისას, არიელი არ გამოცხადდა. აღმოჩნდა, რომ საავადმყოფოში წაუყვანიათ, რადგან თავის მოკვლა სცადა. ჯოშსა და თავის ძმას, გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ‘მეთოდურ რეჟისურას’ გამოიყენებდნენ და მთლიან ჩაიძირებოდნენ გარემოში, რაც მათ ნამდვილად გამოადგებოდათ ამ საქმეში. ორწლინახევრის შემდეგ, ‘მათ საკმაოდ კარგად გააცნობიერეს, თუ ვინ ვის როლს თამაშობდა 47-ე ქუჩის სცენაზე’.

ჯოშის თქმით, თავდაპირველად, ბენი და მათი სცენარისტი-პარტნიორი, რონი ბრონშტეინი ამ თემით ვერაფრით დააინტერესა.  ”მე გეუბნებით თქვენ, ეს გოგონა უნიკალურია,  როგორ უჭირავს თავი, როგორ საუბრობს, როგორია ის  მთლიანობაში”. ამიტომ, ჯოშმა ჰარლის, თავის ცხოვრების ბოლო პერიოდის ამბების დაწერა დაავალა. ჯოში მას, თითო გვერდში გარკვეულ თანხას უხდიდა. ნაწერი საბოლოოდ წიგნად იქცა. ჰოლმსმა გამოუშვა “Mad Love In New York City” – მოთხრობები საკუთარ გაუთვიცნობიერებელ არსებობის შესახებ, როგორც ქუჩაში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, რომელიც ცდილობდა გაემართლებინა საკულტო დამოკიდებულებები ჰეროინსა და ახალგაზრდა სიყვარულზე.

ამის შემდეგ, მიზანი,  წიგნის ფილმად გადაქცევა, ჰოლისთვის წამყვანი როლის მიცემა და მისი ცხოვრების ბოლო 18 თვის ხელახლა შექმნა, მისი, ამ 3 თვის განმავლობაში, აბსოლუტური მობილიზება გახდა.  ჩვენს წინ, ჰოლის, ასი პროცენტით რეალური ცხოვრება გადაიშალა“ – იხსენებდა ჯოშ სეფდი.

ჰარლის დღეები ძირითადად ისეთი ამოცანების გარშემო ტრიალებდა, როგორიც იყო ჩანთის აღება, ოცდაათი დოლარის გამომუშავება, ან მეტროში გასეირნება. მიუხედავად ამისა, მისი ნეო-რეალისტური მოგზაურობის ყოველი მომენტი, ნიუ-იორკის ფერადი ქუჩების ლაბირინთში, გაუსაძლისი დაძაბულობითაა სავსე. ფილმში მრავალჯერაა გამოყენებული გმირების ჯვარედინი საუბრები, რომელიც მეტ ემოციას აძლევს მაყურებელს. ‘’გიყვარვარ? ახლა ჩემთვის თავს მოიკლავდი?!” – ყვირის ილია, როდესაც ის ჰარლის დასერილ მაჯებს უყურებს. მიუხედავად ილიას ეჭვიანობისა,  ცოფიანი  შეურაცხყოფებისა, ჰარლის სიყვარულის ალი არასდროს ცხრება, ის ილიას ყურადღებას იპყრობს ყოველ ჯერზე და ილია ყოველთვის მასთან მირბის, როცა ჰარლის დახმარება სჭირდება.

‘შეიძლება ჩვენც შევუერთდეთ ილიას კულტს, რადგან გვჯერა, რომ მას ჯადოქრობა შეუძლია, რადგან ჰარლიც მისითაა  მოჯადოებული. კრიტიკოსები წერდნენ, რომ მისი ფილმში გამოჩენა ჰგავს ჰიჩკოკის“ რებეკას“. მათი აზრით,  რებეკას აურა, ჰარლის ცხოვრების ჩრდილში იმალება და მისგან გაქცევა არც სურს და არც შეუძლია. „როგორ ფიქრობთ, მასზე სამუდამოდ იქნებით შეყვარებული?” -ჰარლის  ეკითხება მეგობარი მაიკი მას შემდეგ, რაც ილია მას ცუდად ექცევა. იგი მხრებს იჩეჩს იმის საჩვენებლად, რომ საკუთარ გარდაუვალ ბედს, უკვე შეეგუა.  ნიუ-იორკში, უსახლკაროების ცხოვრების ასეთი მკაცრი პორტრეტი საკმაოდ ღრმად რჩება გონებაში მაყურებელს.

მიუხედავად ბუნებრივად სინამდვილის მოყოლისა, ცნობილი კინოკრიტიკოსი NewYork-ის ჟურნალში ფილმზე წერდა, რომ ‘ჯანქების’ და ‘ჰეროინ-ედიქტების’ თემა, როგორც მთავარმა ნარატივმა კინოში, იმდენად ამოწურა თავი, რომ რეჟისორები ეძებენ სხვანაირ ფორმებს და გამოსავალს რათა ახლებურად დაანახონ მაყურებელს რაიმე. მაგალითად არსებობს ბოლო ათწლეულების ფრანგული ფილმების  ვრცელი ჩამონათვალი, რომელშიც რეჟისორები  საკუთარ ჰიპერ-ნატურალისტურ ვიზუალურ სტილს და წარმოდგენებს ფეტიშად აქცევენ.  ეს მსახიობთა ნამუშევრებს ნაკლებად ეხება. მაგრამ ასეთი ფილმები ორიგინალურ ან გასაოცარ ხედვას არ გვთავაზობს’. სეფდიების ნამუშევარი თითქოს ახლოა ამ ტენდენციებთან, მაგრამ ის იმდენად თვითმყოფადია, სტილისტურად ზუსტად წარმოდგენილი, რომ ის განსხვავებულ კინოდ იქცევა და არ გავიწყდება.

ასევე  დოკუმენტური სტილის მსგავსი თხრობით შონ პრაის უილიამსის და რეჟისორის კინემატოგრაფიული ხედვა, მშვენიერ მუსიკასთან ერთად, ძალიან უხდება მონაყოლ ამბავს. “ღმერთმა უწყის“ ნამდვილი, ზუსტი თვალით, მტკივნეულად დანახული ნიუ იორკის უსახლკარო, მუდამ ერთმანეთზე მოძალადე თინეიჯერების პორტრეტია.

2-1.jpg?resize=650%2C350კადრი ფილმიდან “კარგი დრო”

მას შემდეგ, რაც კანის კინოფესტივალის ფარგლებში, პირველად „Good time” ვნახე და შთაბეჭდილებები მეგობარს გავუზიარე, მან ამავე რეჟისორების წინა ფილმის ნახვაც მირჩია, რომელზეც, ირწმუნებოდა, რომ უკეთესი ნამუშევარი იყო. საინტერესოა, როდესაც კარგი რეჟისორის ფილმი მოგეწონება და შემდეგ, მის ადრინდელ ნამუშევარს ნახულობ, თითქოს ერთი „დონით“ ქვემოთ ეშვები და თვალს ადევნებ შემქმნელის წინანდელ მდგომარეობას. ეს განსაკუთრებით სასიამოვნო მაშინაა, როცა იმავე ხელწერასა და ხედვას გრძნობ ნამუშევრებში.

იმ მომენტში, „ღმერთმა უწყის“ უფრო ნატურალური და ნამდვილიც მომეჩვენა, თუმცა, „კარგი დროს“ ერთიანობამ და მრავალმა საინტერესო კომპონენტმა, უფრო მაღალ „დონეზე“ ასვლის სურათი წარმოაჩინა. თითქოს სულ თან დაგყვება განცდა, რომ ფილმში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების მიუხედავად, ამ ორი ძმის ერთმანეთისადმი სიყვარული მაინც მთავარ მოვლენად რჩება, მიუხედავად მათი რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობისა.

„კარგ დროში“, იგი პოპის ჯადოსნური საუნდტრეკი – The Pure and the Damned კი, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანების ტკივილს, განსაკუთრებულად გადმოსცემს და ამ დრამა-ტრაგედიის, იუმორითა და ირონიით მოცულ შემაშფოთებელ სურათს, დაუვიწყარს ხდის. ოპერატორი შონ პრაის უილიამსი, ზუსტად მისდევს რეჟისორთა ხელწერას, რომელიც, გამომსახველობითი ხერხებით,  თითქოს წააგავს წინა ფილმს. ‘კარგ დროში’ ასეთი განათება, ფერები და თავად ამბავი მაგიურ ელფერსაც იძენს.

ფილმის გახსნის მომენტიდან  საოცარი დაძაბულობა შემოდის,  კადრები სავსეა პულსაციითა და რიტმით.  ფილმი,  ნიკის ცივი თერაპიის სესიის დროს, მისი   ნერვიული სახით იხსნება.  კამერა სახეს აფიქსირებს, როდესაც პანიკური ცრემლი ჩამოვარდება. ეს წამება გრძელდება მანამ, სანამ ნიკის ძმა კონი (რობერტ პატისონი) არ იფეთქებს, რომ თან დაიცვას ძმა და თან ნახევრად მოიტაცოს იგი, როგორც საკუთარი დანაშაულის აქსესუარი.

“კარგი დროის” მთავარი გმირი კონი, კრიმინალია, რომელსაც ცუდი ქცევა ჩვევად აქვს. მშვიდი, გულწრფელი საუბარი ამა თუ იმ თემაზე, მისი მომხიბვლელობის ერთ-ერთი ნაწილია. კონის საკუთარი სტილიც აქვს და იქმნება გარკვეული წარმოდგენა, თუ როგორი შეიძლება იყოს  მთავარი გმირი, ასეთი გიჟური ცხოვრების მიღმა.

კონის ვალი აქვს გადასახდელი და ფული აუცილებლად უნდა იშოვოს. ძარცვის დასახული გეგმა თითქოს მარტივია, მაგრამ კონის, სწორედ საკუთარი, გონებრივად არაჯანმრთელი, ინფანტილური ძმის საქმეში ჩართვა უფუჭებს საქმეს. მეტიც, ნიკი, ძმის გამო, ბევრად უარეს ადგილას ხვდება, სადაც გაუგებრობის გამო, მკაცრად უსწორდებიან. კონი იგებს, რომ ნიკი საავადმყოფოშია და მიზნად ცუდად მყოფი ძმის დახსნას ისახავს. ეს გეგმაც სპონტანურია, რაც კიდევ უფრო ძლიერად უსვამს ხაზს კონის ხასიათს. ის ახერხებს პაციენტისა და მისი ეტლის გადატანას პაციენტთა ფურგონში, მაგრამ როდესაც ძმები ქუჩაში აღმოჩნდებიან, წასასვლელი  აღარ აქვთ.  კონი, აკაკუნებს ფერადკანიანთა ოჯახის კარზე, რომელსაც გამოუვალი მდგომარეობის გამო,  შემთხვევით მიადგება. კონი ფლირტაობს, მისით მოხიბლულ, 16-17 წლის  გოგონასთან, რომელთანაც ღამესაც ათევს. შემდეგ კი, როდესაც, მოულოდნელად ყველაფერი  არასწორად ვითარდება, კონი ხვდება თავის სავალალო შეცდომას. ფილმის ეს პასაჟი ზუსტად ასახავს მთავარი გმირის ბუნებასა და სულიერ მდგომარეობას.

This image has an empty alt attribute; its file name is 3-3.jpgძმები სეფდიები

შუაღამისას, თავისი შეშლილი მისიისთვის, ის გასართობ პარკ Adventureland-ში მიდის, ლონგ აილენდზე. იქ კონი სასტიკად ესხმის თავს დაცვის თანამშრომელს (აბდი).  მისი დანაშაულებრივი გეგმები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოახერხებს კონი, ამა თუ იმ სიტუაციაში სხვა ადამიანების ჩაგდებას, არა ძალდატანებით, არამედ ქარიზმით და მშვიდი, დამაჯერებელი საუბრით. კონი განსაკუთრებული ხასიათის ადამიანია, რომელიც ამ უნიკალურ უნარს, მახინჯი და ბოროტი მიზნებისთვის იყენებს, რის საშუალებასაც, მას გარკვეულწილად სხვებიც აძლევენ და შესაძლებელია,  სხვების დახმარების გარეშე, ვერც  ვერაფრისთვის მიეღწია. კონი ამას თითქოს ვერც ხვდება, პირიქით, თავის თავს ის ერთგვარ, დამოუკიდებელ, თვითდაჯერებულ სუპერმენად მიიჩნევს, რომელსაც თითქოს სხვისი დახმარება არ სჭირდება. ის თითქოს ეგომანიაკია, რომელიც ფულის შოვნის აფექტური იდეით შებყრობილი, საკუთარ უნარშეზღუდულ ძმასაც კი ინსტრუმენტად იყენებს. ამავდროულად, დიალოგებში ვხვდებით, რომ მთელი თავისი გიჟური ისტორიების  მიუხედავად, კონი არასდროს ყოფილა ციხეში.

მსგავსი კრიმინალების ცხოვრება, ერთგვარი ნარკოტიკია – მისი მღელვარება. პრაქტიკული საქმიანობის სირთულეებთან ერთად, მათი ცხოვრება დრამატულია, რასაც  დიდი ემოციები მოჰყვება. ისინი, ფაქტობრივად, საკუთარი გამოგონილი სიტუაციების გმირები ან ანტიგმირები ხდებიან, პერსონაჟები. ზოგჯერ ეს ქმედებები გროტესკშიც გადადის, რომლის არქეტონიკა მაღალმხატვრულად გამოხატულია ფილმში. გარდა ამისა, ჩანს ადამიანის, როგორც ახალგაზრდა კრიმინალის სინანული, რომელიც მხოლოდ სასჯელს მოაქვს ხოლმე.

ნიკი, რომელსაც ვერ გაუგია ბედი საით გაიტაცებს, დაუვიწყარი სახეა, რომელზეც თითქოს ის ტკივილია აღბეჭდილი, რომელიც ასეთ ცხოვრებას მოაქვს ხოლმე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ნიკის როლს ბენ სეფდი ასრულებს.
ეს აორმაგებს შემოქმედებით ემოციას, რადგან ჩანაფიქრშივე, ასეთი პერსონაჟის განსახიერება დაუვიწყარ სახეს ტოვებს.

“კარგი დრო”, პოეტურად და მისტიურად ნათქვამი სიმართლის დრამაა, სადაც შეგვიძლია დავინახოთ, თუ რა ხდება დიდი  ქალაქების უცნობ სამეზობლოებში.

საინტერესოა კინო, რომელიც გაცინებს, ზუსტად გამახსოვრდება პერსონაჟები, მათი ქცევები, სიტუაციები, რომლებშიც ისინი ექცევიან და სადაც თანამონაწილე თავადაც ხდები… ასეთი კინო გამახსოვრდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მისი განმეორებით ნახვის სურვილიც გიჩნდება. მსახიობთა ნამუშევარი, საყვარელი ეპიზოდები, თუ მათი ზუსტი მუსიკალური გაფორმება, ძლიერ ემოციებს იწვევს და დიდი ხნით მიჰყვება მაყურებელს. არა იმ ფილმების მსგავსად, რომლებიც უხვადაა ამ ბოლო დროს მსოფლიო კინობაზარზე და გავსებულია ა კლასის ფესტივალებიც. სადაც ყველას ‘რეჟისორი’ ჰქვია, სადაც ამბები სქემატურადაა აგებული, სადაც ავტორები ტყუიან და მხოლოდ გულისგამაწყალებელი თემატიკებით სპეკულირებენ მაყურებელზე, სადაც არაფერია ნაგრძნობი და ვერც იქნება, რადგან მათი შემქმნელები თხზავენ ამბებს, რომელიც არც გაუგიათ არც გამოუკვლევიათ და საერთოდ არც უწყიან რა საჭიროა მათი მოყოლა. მხოლოდ გარკვეული მიზნებისთვის, რომლებიც ერთჯერადია, ხელოვნური და ბოლომდე დაცლილი ემოციისგან, მაგრამ ამას ვიღაც, ავტომატურად მაინც საავტოროს ეძახის. ისე კი ღმერთმა უწყის რა რას შეიძლება უწოდო?! შესაძლებელია ეს უამრავი ნაწარმოების შექმნამაც გამოიწვია ჩვენი ეპოქის  ‘კარგ დროში’.

თორნიკე ბზიავა – 22.02.2021


 

The post თორნიკე ბზიავა: ღმერთმა უწყის – კარგი დრო appeared first on filmmaker.ge.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   174 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 174 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(21)
    • Facebookexternalhit(3)
    • Googlebot(3)