Jump to content
×
×
  • Create New...

მარტინ სკორსეზეს ესე – “მაესტრო. ფედერიკო ფელინი და კინოს დაკარგული მაგია” – ნაწილი II


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, მარტინ სკორსეზემ გამოცემა Harper’s Bazaar-ის მომავალ ნომერში ესე გამოაქვეყნა, რომელიც ლეგენდარულ იტალიელ რეჟისორს, ფედერიკო ფელინის მიუძღვნა.

სკორსეზე ლეგენდარული რეჟისორის კარიერასა და გავლენას აღწერს. ასევე მაღალი ოსტატობით გადმოსცემს იმ უნიკალურ ატმოსფეროს, რომელიც 60-იანი წლების კინოსამყაროში სუფევდა.

მაესტრო

ფედერიკო ფელინი და კინოს დაკარგული მაგია. ნაწილი II

ფელინის ორი ფილმი, რომელმაც ჩემი, როგორც რეჟისორის ჩამოყალიბებაზე იმოქმედა, “დედიკოს ბიჭები” და “8 1/2” არის. პირველში რაღაც მნიშვნელოვანი და ძვირფასი შევამჩნიე, რომელიც ჩემს პირად გამოცდილებას უკავშირდებოდა. მეორემ დამანახა კინოს ძალა, მისი შესაძლებლობები.

ფელინის რიგით მესამე და პირველი დიდი ფილმი, უაღრესად პირადი, “დედიკოს ბიჭები” იტალიაში 1953 წელს, ჩვენთან კი სამი წლის შემდეგ გამოვიდა. სურათი 5 რიმინელი(რიმინი – ფელინის მშობლიური ქალაქი) ახალგაზრდის ისტორიაა: ალბერტო – ალბერტო სორდის შესრულებით, ლეოპოლდო – ლეოპოლდო ტრიესტის შესრულებით, მორალდო, ფელინის ალტერ-ეგო – ფრანკო ინტერლენგის შესრულებით, რიკარდო, რომელსაც რეჟისორის ძმა, რიკარდო ასახიერებს და ფაუსტო – ფრანკო ფარიცის შესრულებით. ისინი დღეებს ბილიარდის თამაშში, გოგოების დევნაში და ყიალში ატარებენ. მათ დიდი იმედები და გეგმები აქვთ. ისინი ბავშვებივით იქცევიან, შესაბამისი დამოკიდებულება აქვთ მშობლებსაც. ცხოვრება კი გრძელდება.

შეგრძნება მქონდა, რომ ამ ბიჭებს საკუთარ სამეზობლოში შევხვედრივარ. სხეულის ენა და იუმორის გრძნობაც კი მეცნო. ფაქტიურად ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, მეც ერთ-ერთი “დედიკოს ბიჭი” ვიყავი. მესმოდა რას გრძნობდა მორალდო, როგორ უნდოდა ჩაკეტილი წრიდან თავის დაღწევა. ფელინიმ ძალიან კარგად დაიჭირა ინფანტილურობა, მოწყენილობა, სევდა, მორიგი ყურადღების გადატანის საშუალების ძიება, მორიგი ეიფორია. ის ერთდროულად გვაძლევს სითბოს, მეგობრობას, ხუმრობას, სევდასა და სასოწარკვეთას. “დედიკოს ბიჭები” მტკივნეულად ლირიული, ტკბილ-მწარე ფილმია, რომელმაც “ბოროტი ქუჩები” შთამაგონა. ეს საუკეთესო ფილმია მშობლიურ ქალაქზე, ნებისმიერ მშობლიურ ქალაქზე.

ყველა რეჟისორს აქვს ფილმი, რომელმაც მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა და მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ჩემთვის ასეთი “8 1/2” არის.

რას აკეთებთ მაშინ, როდესაც ისეთი ფილმი გადაიღეთ, როგორიც “ტკბილი ცხოვრებაა”. ყველა შენ შემოგყურებს, ყველას აინტერესებს შენი სამომავლო გეგმები. იგივე დაემართა ბობ დილანს, როდესაც 60-იანებში “Blonde on Blonde” გამოუშვა. ფელინის და დილანის სიტუაცია ერთნაირია: ისინი ათასობით ადამიანის ცნობიერს შეეხნენ, იზრდება მოლოდინი, მასთან ერთად იზრდება ზეწოლაც. ზეწოლა საზოგადოების, თაყვანისმცემლების, კრიტიკოსებისა და მტრების მხრიდან. მეტის შექმნის მოთხოვნა, წინსვლის მოთხოვნა.

ფელინის და დილანს უნდა გაერისკათ და წინსვლა გაეგრძელებინათ. დილანი ტომას მერტონის მიერ განსაზღვრულ სულიერ სიმარტივეს ეძებდა, რომელიც ვუდსტოკში მომხდარი მოტოავარიის შემდეგ იპოვა – გამოუშვა The Basement Tapes და დაწერა სიმღერები ჯონ უესლი ჰარდინგისთვის.

ფელინიმ “8 1/2” საკუთარ შემოქმედებით კრიზისს მიუძღვნა. ის სარისკო ექსპედიციას ჩაუდგა სათავეში, მოგზაურობას ამოუცნობ ტერიტორიაზე – საკუთარ შინაგან სამყაროში. მისი ალტერ-ეგო გვიდოა, – ცნობილი რეჟისორი, რომელიც კინემატოგრაფიულ ჩიხშია შესული, მხატვარი, რომელიც თავშესაფარს და სიმშვიდეს ეძებს. ის “სამკურნალოდ” ბალნეოლოგიურ კურორტზე მიემგზავრება, სადაც მას საყვარელი, ცოლი, პროდიუსერი, მომავალი ფილმის მსახიობები და თაყვანისმცემლები მოსვენებას არ აძლევენ. ერთერთი დამსვენებელი კინოკრიტიკოსია, მისი აზრით ახალ სცენარში არ იგრძნობა ცენტრალური კონფლიქტი და ფილოსოფიური წინაპირობები. ზეწოლა იზრდება, მისი ბავშვობის მოგონებები, ფანტაზიები და მისწრაფებები ხორცს ისხამს, რთულ სიტუაციაში ერთადერთი დამხმარე კლაუდია კარდინალეს მიერ განსახიერებული მუზაა.

“8 1/2” ფელინის სიზმრებით შეკერილი გობელენია. ისევე, როგორც სიზმარში, ყველაფერი მყარი და განსაზღვრული, ამავდროულად – ბუნდოვანი და ეფემერულია. ტონალობა ხშირად და მკვეთრად იცვლება. მან ფაქტიურად გონებრივი ნაკადის ვიზუალური გამოსახულება და ფორმა შექმნა, რომელიც მაყურებელს განცვიფრებულსა და ფხიზელს ტოვებს. მაესტრო თქვენი თანდასწრებით ფილმს იღებს, ამ მიმართულებით არაერთ რეჟისორს უცდია მუშაობა, მაგრამ ვფიქრობ მიზანს მხოლოდ ფელინიმ მიაღწია. მას ყველა შემოქმედებითი ინსტრუმენტით თამაშის გამბედაობა და თავდაჯერებულობა აღმოაჩნდა და გამოსახულების პლასტიკურობა ქვეცნობიერის დონეზე გააუმჯობესა. ყველაზე უბრალო კადრებშიც კი ამჩნევთ განათების ელემენტს, რომელიც გვიდოს ცნობიერების ანარეკლია. ცოტა ხანში თქვენთვის სულ ერთია სიზმარში ხართ, მოგონებაში თუ რეალობაში. გსურთ დაიკარგოთ და იხეტიალოთ ფელინისთან ერთად, დაემორჩილოთ მის ავტორიტეტს.

სურათი კულმინაციას აღწევს, როდესაც გვიდო აბანოში კარდინალს ხვდება, ეს არის მოგზაურობა მიწისქვეშა სამყაროში, ორაკულის ძიება და იმ თიხასთან დაბრუნება, რომლისგანაც კაცობრიობა წამოვიდა. კამერა მოუსვენრად, ჰიპნოტურად, ბლანტად მოძრაობს და რაღაც გარდაუვალისკენ არის მიმართული. გვიდოს ქვესკნელისკენ მიმავალ გზაზე ადამიანები ხვდებიან, რომლებიც კარდინალთან შეხვედრის წინ მითითებებს აძლევენ, ზოგიც საკუთარი თავისთვის შეწყალების სიტყვას აბარებს. შედის ორთქლით სავსე ოთახში, მღვდელთმსახურის მხოლოდ ჩრდილს ვხედავთ. გვიდო ამბობს, რომ უბედურია, რაზეც კარდინალი პასუხობს – “რატომ უნდა იყო ბედნიერი? ეს არ არის შენი ამოცანა. ვინ გითხრა რომ ამ ქვეყანაზე ბედნიერებისთვის მოვედით”? თითოეული კადრი ამ სცენაში, თითოეული დადგმა, თითოეული ქორეოგრაფია მსახიობებსა და კამერას შორის ძალიან რთულია. ვერც კი წარმოვიდგენ ამ ყველაფრის გადაღება რამდენ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ჩემთვის კარდინალთან შეხვედრა შესანიშნავი ჭეშმარიტებაა “8 1/2”-ის შესახებ. ფელინიმ გადაიღო ფილმი ფილმის შესახებ, რომელიც მხოლოდ ფილმად იარსებებდა, “8 1/2” ვერ იქნებოდა მუსიკალური ნაწარმოები, რომანი ან ლექსი, ვერც ცეკვა, მხოლოდ კინო.

ეფექტი იმდენად დრამატული იყო, რომ ადამიანები “8 1/2”-ის შესახებ კამათს არ წყვეტდნენ. ყველა ჩვენთაგანს საკუთარი ინტერპრეტაცია ჰქონდა, საათობით ვისხედით და თითოეულ სცენას, წამს განვიხილავდით. რა თქმა უნდა ერთი კონკრეტული განმარტებით არ ვკმაყოფილდებოდით, სიზმრის ახსნა მხოლოდ სიზმრის ლოგიკით არის შესაძლებელი. ფილმს არ აქვს განმარტება, რაც ბევრს აწუხებდა. გორ ვიდალმა ერთხელ მომიყვა, თუ რა უთხრა ფელინის: “ფრედ, შემდეგში ნაკლები სიზმარი, შენი მთავარი მიზანი ისტორიის მოყოლა უნდა იყოს”. მაგრამ “8 1/2”-ს არც უნდა ჰქონდეს განმარტება, იმიტომ რომ მხატვრულ პროცესს არ სჭირდება განმარტება, საჭიროა დაუსრულებელი ქმედება. როდესაც დაასრულებთ, სიზიფეს მსგავსად ხელახლა უნდა დაიწყოთ. და როგორც სიზიფემ აღმოაჩინა, ისევე თქვენც უნდა გაიაზროთ, რომ თქვენი მიზანი მთაზე ქვის მარადიული აგორებაა.

ფილმმა რეჟისორებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მისი გავლენით გადაღებულია პოლ მაზურსკის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, ვუდი ალენის “მოგონებები ვარსკვლავურ მტვერზე”, ბობ ფოსის “მთელი ეს ჯაზი”, რომ აღარაფერი ვთქვათ ბროდვეის სპექტაკლზე “9”. როგორც აქამდე გითხარით, თვლა ამერია, იმდენჯერ ვნახე “8 1/2”, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რამხელა გავლენა მოახდინა ჩემზე. ფელინიმ აჩვენა ყველას რას ნიშნავს იყო ხელოვანი, გქონდეს ხელოვნების შექმნის განუსაზღვრელი სურვილი. “8 1/2” კინოსადმი სიყვარულის გამოხატვის უდიდესი ამბავია.

“ტკბილი ცხოვრების” შემდეგ გაგრძელება რთულია, “8 1/2” შემდეგ – წარმოუდგენელი. საშუალო სიგრძის ფილმ “ტობი დემიტში” ფელინიმ საკუთარი ჰალუცინაციური გამოსახულებები სამართებელივით გალესა. ფილმი ჯოჯოხეთში ინსტინქტურ ვარდნას ჰგავს. “სატირიკონში” მან რაღაც უპრეცედენტო შექმნა – ძველი სამყაროს ფრესკა, რომელიც რეჟისორის თქმით “გაუკუღმართებული სამეცნიერო ფანტასტიკაა”. ნახევრადბიოგრაფიული “ამარკორდი”, რომლის მოქმედება რიმინიში, ფაშისტურ პერიოდში ვითარდება, დღეს მისი ერთერთი ყველაზე დაფასებული ნამუშევარია(მაგალითად “ამარკორდი” ჰოუ სიაო-სიენის საყვარელი ფილმია), თუმცა ის ნაკლებად თამამია ვიდრე წინა ნამუშევრები. მიუხედავად ამისა, სურათი საოცარი ხილვებით არის აღსავსე(მოვიხიბლე იტალო კალვინოს შეფასებით, მისი აზრით “ამარკორდი” მუსოლინის პერიოდის იტალიის პორტრეტია, აქამდე ეს აზრი თავში არ მომსვლია). “ამარკორდის” შემდეგ, ყოველ მომდევნო ნამუშევარში იგრძნობოდა ფელინის ბრწყინვალების ნაწილაკი განსაკუთრებით “კაზანოვაში”. ყინულივით ცივი ფილმი, გაცილებით ცივი, ვიდრე დანტეს ჯოჯოხეთის ნებისმიერი წრე, შესანიშნავი და სტილიზებული, ჭეშმარიტად აკრძალული გამოცდილება. ეს იყო გარდამტეხი პერიოდი ფელინისთვის, მთლიანობაში 70-იანების ბოლო და 80-იანების დასაწყისი მრავალი რეჟისორისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, გარდამტეხი აღმოჩნდა. ჩვენი ამხანაგობის შეგრძნება თითქოს მოირყა და ჩამოიშალა, ცალკეულ კუნძულებად დავიშალეთ და ფილმების კეთება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დავიწყეთ.

Satiricon.jpg?resize=650%2C350

ფედერიკოს იმდენად კარგად ვიცნობდი, რომ მისთვის მეგობარი მეწოდა. პირველად 1970 წელს შევხვდით, როდესაც იტალიაში გავემგზავრე, ჩემი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ერთერთ ფესტივალზე მოხვდა. ფელინის ოფისს დავუკავშირდი და ნახევარსაათიანი შეხვედრა მომიწყვეს. თბილი და გულითადი ადამიანი აღმოჩნდა. ვაღიარე, რომ მასთან შეხვედრისთვისა და სიქსტეს კაპელის სანახავად ბოლო დღე მოვიტოვე, გაეცინა. “ხედავ ფედერიკო, შენც მოსაწყენი ხელოვნების ნიმუში გახდი”. – უთხრა ასისტენტმა. დავარწმუნე, რომ მოსაწყენი არასდროს ყოფილა, ასევე ვკითხე, კარგი ლაზანია სად ცხვებოდა, შესანიშნავი რესტორანი მირჩია – ფელინიმ მსოფლიოს საუკეთესო რესტორნები იცოდა.

რამდენიმე წლის შემდეგ, რომში გადავსახლდი და ფელინის უფრო ხშირად ვნახულობდი. ვხვდებოდით და საჭმელად მივდიოდით. ის ნამდვილი შოუმენი იყო და სანახაობა არასდროს სრულდებოდა. თითქოს ათობით ორკესტრს ერთდროულად ხელმძღვანელობდა. მშობლებთან ერთად “ქალთა ქალაქის” გადასაღებ მოედანს ვეწვიე, ის დარბოდა, ზოგს სთხოვდა, ზოგსაც უბრძანებდა, განუწყვეტლივ ოხუნჯობდა და სურათის ყოველ ელემენტს ბოლო დეტალამდე ასწორებდა, უსასრულო მოძრაობის მორევში საკუთარ ხედვას ხორცს ასხამდა. წასვლისას მამამ მითხრა: “მეგონა ფელინისთან ფოტო უნდა გადაგვეღო”. რაზეც ვუპასუხე: “გადავიღეთ კიდევაც”! მათ მოვლენათა სისწრაფის გამო უბრალოდ ვერ შეამჩნიეს.

სიცოცხლის ბოლო წლებში, ვცდილობდი მისი “მთვარის ხმა” აშშ-ში გამევრცელებინა. პროდიუსერებთან მუშაობის რთული წლები ჰქონდა, მათ გრანდიოზული ფელინი უნდოდათ, მაესტრომ კი რაღაც უფრო მედიტაციური და მკრთალი გადაიღო. არც ერთი დისტრიბუტორი არ დაინტერესდა, ვერ ვიჯერებდი, როდესაც გავიგე, რომ ნიუ-იორკის ყველაზე დამოუკიდებელი კინოთეატრებიც კი უარს ამბობდნენ ფილმის შეძენაზე. ძველი ფილმები კი ბატონო, მაგრამ ახალი(ავტორისთვის უკანასკნელი) არა. მოგვიანებით ფელინის დოკუმენტური პროექტისთვის ფინანსების მოპოვებაში დავეხმარე. სურათი კინოსფეროში მოღვაწე ადამიანების – მსახიობების, ოპერატორების, პროდიუსერების, მენეჯერების პორტრეტებისგან უნდა აწყობილიყო(ფელინის ჩანაფიქრის მიხედვით ლოკაციები სახელოვან რესტორნებთან ახლოს უნდა ყოფილიყო). სამწუხაროდ ის გადაღებების დაწყებამდე გარდაიცვალა. მახსოვს ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბარი. ხმა დასუსტებული ჰქონდა, შეიძლება ითქვას ქრებოდა. სევდიანი მოსასმენი იყო, როგორ ილეოდა უაღრესად დიდი ცხოვრებისეული ძალის მქონე ადამიანი.

კინოს მნიშვნელობა და ადგილი ჩვენს კულტურაში რადიკალურად შეიცვალა. გასაკვირი არ არის, რომ ისეთი ღმერთები, როგორებიც გოდარი, ბერგმანი, კუბრიკი და ფელინი იყვნენ, დროსთან ერთად ჩრდილში მოექცნენ. დღეს კინობიზნესს ვერ ვენდობით. კინობიზნესში, რომელიც დღეს ვიზუალური გართობის ბიზნესია, აქცენტი კეთდება სიტყვა “ბიზნესზე”, ფილმის ღირებულება კი მასზე დახარჯული თანხით განისაზღვრება. ასე რომ “განთიადითა” და “გზით” დაწყებული, “2001: კოსმოსური ოდისეით” დამთავრებული, გენიალური ნამუშევრები სტრიმინგ პლატფორმებზე, შეკუმშული ფორმით, “არტ ფილმის” კატეგორიაშია ჩაკარგული. ვინც ვიცით კინო და მისი ისტორია, ვალდებულნი ვართ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიაროთ ცოდნა და სიყვარული. უნდა ვაგრძნობინოთ ამჟამინდელ კანონიერ მფლობელებს, რომ მათ ხელში არსებული ფილმები გაცილებით ძვირფასი და მეტია, ვიდრე უბრალოდ საკუთრება, რომელსაც გამოიყენებ და შემდეგ თაროზე შემოდებ. ხსენებული სურათები ჩვენი კულტურის განძია და შესაბამის მოპყრობას იმსახურებენ.

ასევე ვფიქრობ, რომ უნდა დავაზუსტოთ რა არის კინო და რა – არა. შეგვიძლია ფედერიკო ფელინით დავიწყოთ. მის ფილმებზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ერთი რამ ნათელია – ფელინი კინოა, ვინაიდან მისი ნამუშევრები ხელოვნების ფორმას განსაზღვრავს.

ამავე თემაზე:

The post მარტინ სკორსეზეს ესე – “მაესტრო. ფედერიკო ფელინი და კინოს დაკარგული მაგია” – ნაწილი II appeared first on filmmaker.ge.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   230 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 229 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(19)
    • ASIA
    • Facebookexternalhit(2)