Jump to content
×
×
  • Create New...

ლევან პაატაშვილის მოგონებები – ბავშობა, ახალგაზრდობა და სტუდენტობა


Recommended Posts

  • ფორუმელი

ლევან პაატაშვილი 1926 წლის 12 მარტს, თბილისში დაიბადა. ოპერატორის პროფესიის დაუფლებამდე სწავლობდა არქიტექტურას, პირველმა პროფესიამ მისი გამოსახულების წყობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. 1954 წელს დაამთავრა ВГИК-ის ოპერატორის ფაკულტეტი. პირველივე სურათში, “სხვისი შვილები”, პაატაშვილმა ბრწყინვალე ოპერატორის ნიჭი გამოავლინა, თენგიზ აბულაძის ფილმმა ჰელსინკის, ლონდონის და თეირანის ფესტივალების გამარჯვებული გახდა.

მეორე ნამუშევრისთვის, “დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, ოპერატორმა პერსონალური ჯილდო მინსკის ფესტივალზე მიიღო. იყო დამდგმელი ოპერატორი ფილმებისა “ერთი ცის ქვეშ“, “თოჯინები იცინიან“. 1964 წელს კარიერა კინოსტუდია „Мосфильм”-ში გააგრძელა. მუშაობდა ფილმებზე “ნახვამდის ბიჭებო”, “გაქცევა”, “რომანსი შეყვარებულებზე”, “ციმბირიადა”. 1980 წელს დაუბრუნდა “ქართულ ფილმს”, ოპერატორად მუშაობდა სურათებზე “ცისფერი მთები”, “რობინზონიადა”, “ნეილონის ნაძვის ხე”, “თეთრი ბაირაღები”.

პაატაშვილი იმ ოპერატორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც მკაცრად აკონტროლებს კადრის კომპოზიციას, უპირატესობას ლაკონურ თავშეკავებას ანიჭებს და არასდროს ტყუვდება სანახაობრივი დეტალებით, რომლებიც სრული ვიზუალური კონსტრუქციიდან ამოვარდნილია. მის ფილმოგრაფიაში, თითოეული სურათი რადიკალურად განსხვავდება სტილით, გამოსახულების გადაწყვეტით, მოვლენების ოპარატორული ხედვითა და მოქმედების ატმოსფეროთი.

2006 წელს ლევან პაატაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი “ნახევარი საუკუნე ლეონარდოს კედელთან” გამოვიდა. წარმოგიდგენთ ნაწყვეტებს ლეგენდარული ოპერატორის მემუარებიდან.

წიგნი კანისა და ბერლინის კინოფესტივალების გამარჯვებული რეჟისორის, ანდრეი კონჩალოვსკის სიტყვებით იწყება:

„ლიოვა პაატაშვილთან ერთად ორ ჩემთვის ძალზედ ძვირფასს ფილმზე – “რომანსი შეყვარებულებზე” და “ციმბირიადაზე” ვიმუშავე. ორივე ფილმის ქრონომეტრაჟი დიდია, მარტივი მისახვედრია, მათ გადაღებას ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დავუთმე. წარმოდგენა არ მაქვს როგორი გამოვიდოდა ეს სურათები, კინოს ერთგული შემოქმედი და ოსტატი რომ არ დამდგომოდა გვერდში.

მრავალ ბრწყინვალე და გენიალურ ოპერატორთან მიმუშავია – პასკუალინო დე სანტისი, ტონინო დელი კოლი, გიორგი რერბერგი, მაგრამ კონკრეტულად ამ ორ ფილმს ვერც ერთი მათგანი ვერ გადაიღებდა. ურთულესი საქმის გაკეთება, ერთადერთ ადამიანს, ლევან პაატაშვილს შეეძლო. მხოლოდ ოსტატობა საკმარისი არ არის, საჭიროა თავგანწირვა, რისკისთვის მზაობა, საგულდაგულო პედანტობა და გამჭრიახობა“.

1-3.jpg?resize=650%2C350კადრი ანდრეი კანჩალოვსკის ფილმიდან “ციმბირიადა”

ავტორის წინასიტყვაობა

“ინსტიტუტში ჩასაბარებლად რომ ვემზადებოდი კინოს შესახებ ძალიან ზოგადი წარმოდგენები მქონდა. მხოლოდ წლების შემდეგ, როდესაც რამდენიმე ფილმი გადავიღე მივხვდი რამდენად საინტერესო და შემოქმედებით პროფესია მაქვს.

კინო თავისი არსით სახვითი ხელოვნებაა, შესაბამისად ოპერატორების პროფესია შეუცვლელია. ამ მემუარებს იმიტომ ვწერ, რომ ჩემი დრო წავიდა, დრო, როდესაც საქმის პროფესიონალი კარგი ტექნიკის, ოპტიკისა და ფირის გარეშე მუშაობდა. წინააღმდეგობებისა და სირთულეების მიუხედავად იყო ბევრი იდეები. სწორედ ამ წინააღმდეგობების გადალახვის ხარჯზე, ჩემი თაობის ოპერატორები, საკუთარი საქმის ნამდვილი ოსტატები გახდნენ.

რასაც მე მკითხველს ვთავაზობ ეს არის დაგროვებული გამოცდილება, მოთხრობა იმის შესახებ თუ როგორ ვხედავდით გამოსახულებას და რა წვლილი მიგვიძღვის კინოენის განვითარებაში.

ბავშვობა და სიყმაწვილე

ოპერატორობამდე შორი გზა გავიარე. ყველაფერი რასაც მივაღწიე, ჩემი სამშობლოს, მისი ბუნების და ადამიანების დამსახურებაა. მარკ შაგალი ამბობდა: “თითოეულ მხატვარს აქვს სამშობლო, მშობლიური ქალაქი, მიუხედავად იმისა, რომ მასზე შემდგომში სხვა გარემოებებიც მოქმედებს, მთავარი შტრიხი, სურნელი, მისი სამშობლოდან მოდის”.

1926 წელს, თბილისში გამნაღმველების ქუჩაზე, გოლოვინის (შემდგომში რუსთაველის) პროსპექტთან ახლოს დავიბადე.

ბავშვობის ერთერთი მთავარი შთაბეჭდილება ოპერის თეატრია. უბნის ბიჭებთან ერთად დღის სპექტაკლებს ვესწრებოდი. თეატრი მიზიდავდა არამხოლოდ მსახიობების თამაშის, არამედ სანახაობრივი საოპერო და საბალეტო დადგმების გამოც. სალაროში ჩვენი ახლო ნათესავი, თამარ ბაგრატიონ-მუხრანელი მუშაობდა, შესაბამისად ოპერაში უფასოდ დავდიოდით.

ბებიაჩემი ანასტასია ჭავჭავაძე უძველესი გვარის წარმომადგენელი იყო. ის ხშირად მახსენდება, მისი და ჩემი მშობლების სახეები თვალწინ მიდგას. ეს იყვნენ წმინდა ადამიანები, ისინი მთელი ცხოვრება შრომობდნენ და მზრდიდნენ კეთილშობილების, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის პრინციპებით. ამ პრინციპებით ვცხოვრობ დღემდე.

მამა, გიორგი პაატაშვილი დედაზე ასაკოვანი იყო. ცხოვრების განმავლობაში ბევრი იმოგზაურა, მრავალი პროფესია მოსინჯა, საბოლოოდ საქართველოში, მშობლიურ თელავში დაბრუნდა. რუსულ კინემატოგრაფში მიღებული გამოცდილების ხარჯზე ადგილობრივ კინოთეატრში მუნჯი ფილმების ჩვენებებს მიჰყო ხელი.

მამა ხშირად სახლში არ იყო, დედა ბევრს მუშაობდა, მე კი თავადის ქალი ბებია მზრდიდა. ადრე ყვარელში, თავისი ნათესავის, ილია ჭავჭავაძის მახლობლად ცხოვრობდა. ამბობენ, ახალგაზრდობაში ბებია ძალიან ლამაზი იყო. მასზე შეყვარებული იყო კოტე მარჯანიშვილი, სწორედ ბებიის სახლში დადგა რამდენიმე სამოყვარულო სპექტაკლი, სანამ თეატრისა და კინოს ცნობილი რეჟისორი გახდებოდა. ანასტასია საბოლოოდ ჩემმა ბაბუამ, გაღარიბებულმა თავადმა, ლადო ჯავახიშვილმა მოხიბლა. ბაბუა კარგად არ მახსოვს, პატარა ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა, მაგრამ როგორც მიყვებიან ძალიან ვუყვარდი. მოგვიანებით ჩვენი სახლი დაანგრიეს და მამადავითის უბანში გადაგვასახლეს. თვალწინ მიდგას მამადავითი, ძველი ტრამვაი, რევოლუციამდე ბელგიელების მიერ აშენებული ფუნიკულორი, წმინდა დავითის ეკლესია და პანთეონი, რომელშიც ცნობილი ქართველი მწერლები, პოეტები და მეცნიერები არიან დასვენებულნი.

ახალი ადგილი დიდი და პატარა ეზოებისგან შეკერილ მრავალეროვან ხალიჩას მოგაგონებდათ. აქ ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ ქართველები, სომხები, რუსები, ქურთები, ებრაელები და ბერძნები. არავინ კეტავდა სახლის კარებს. ეზოებს ხშირად სტუმრობდნენ მოხეტიალე მუსიკოსები, ილუზიონისტები, მაწვნისა და ნავთის გამყიდველები. ვაჭრებისა და მოსახლეების ურთიერთობას ბავშვები სახლების სახურავებიდან და სარდაფებიდან ვაკვირდებოდით.

8 წლის ვიყავი, როდესაც “ჯადოსნური ფარანი” მაჩუქეს. პირველად ვნახე ქსოვილის ნაჭერზე მინათებული გამოსახულება. პოპულარული ზღაპრების დიაპოზიტივები ქსოვილზე ცოცხლდებოდა, მაგრამ მეზობლის ბავშვს ციგურები ჰქონდა, რომლებმაც მომაჯადოვა. გაცვლა მომენტალურად მოხდა, ქსოვილზე ნახატების ჩვენება უკვე ვიცოდი, ციგურები კი ახალი ხილი იყო და უფრო მაინტერესებდა. ციგურები ცოტა ხანში ახალმა გატაცებამ, ველოსიპედმა ჩაანაცვლა. ერთხელ ველოსიპედით კატაობისას კინაღამ სასიკვდილოდ დავილეწე და შეშინებულმა მშობლებმა ფოტოაპარატი “ფოტოკორ 9×12” მაჩუქეს. ეს იყო პირველი აპარატი, რომლითაც გამოსახულება ფირზე გადავიტანე. მიუხედავად იმისა, რომ საოცარი პროცესი იყო, მაინც ქუჩაში ბიჭებთან ერთად სირბილი და სპორტული აქტივობები მიზიდავდა.

ჩვენი სახლის მოპირდაპირედ, ოთხსართულიან შენობაში ერთი სერიოზული და თავშეკავებული ბიჭი, მარლენი ცხოვრობდა. ჩვენთან ერთად იშვიათად თამაშობდა, სულ ჩაფიქრებული დადიოდა. საყოველთაო დაპატიმრებების პერიოდში მარლენის მამა დაიჭირეს და ბიჭი ბებიასთან გადასახლდა. წლების შემდეგ, სტუდენტობის პერიოდში, ინსტიტუტის შენობაში ერთ ფიგურას მივაქციე ყურადღება, მისი ცხვირი და სათვალე მეცნო. მასთან მივედი და ვკითხე, “მარლენ ხუციევი ხომ არ ხარ”? ძალიან გულითადი შეხვედრა გამოგვივიდა. ინსტიტუტში ბევრი ქართველი სწავლობდა – თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე, ლევან შენგელია, დიმა მესხიევი, გიორგი კალატოზიშვილი.

ინსტიტუტი

ინსტიტუტში ოპერატორული ხელოვნების მკაცრი აკადემიური კურსი გავიარე. თავიდან ფოტოხელოვნება შეგვასწავლეს. სასწავლო პროგრამის გარდა დიდ გამოცდილებას ვიღებდით რეჟისორებისგან, მსახიობებისგან და სხვა მომიჯნავე პროფესიების წარმომადგენლებისგან. სერგეი ენზენშტეინი არ დამხვდა, მაგრამ გენიოსი რეჟისორის სული ინსტიტუტში ჯერ კიდევ სუფევდა, ყველგან იგრძნობოდა მისი გავლენა. ВГИК-ის ატმოსფერო კინოს არსის გაგებაში დამეხმარა, რომელსაც ათწლეულების მანძილზე დიდოსტატები აყალიბებდნენ. სწორედ ეს ატმოსფერო იყო ჩვენთვის ყველაზე დიდი მასწავლებელი. შესაბამისი პირობების არქონის გამო სტუდენტები ფილმის გადასაღებად 3-4 კაციან ჯგუფებად ერთიანდებოდნენ. ჩვენი მასწავლებელი ბორის ვოლჩეკი გახლდათ. კინოს მისი და მიხაილ რომის ფილმებით ვსწავლობდით. გვაჩვევდნენ ღრმად აზროვნებას, ნამდვილისა და ყალბის გარჩევას.

%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%90%E1%

ინსტიტუტში სამხედრო კათედრაც გავიარე. მესამე კურსის შემდეგ სავალდებულო შეკრებაზე წარგვგზავნეს და სასწავლებელი უმცროსი ლეიტენანტების წოდებით დავასრულეთ. საინტერესო და მხიარული გამოცდილება მივიღეთ.

სტუდენტობის პერიოდში გრიგორი კოზინცევის “ბელინსკიზე” მოგვიწია მუშაობა, ოპერატორი მარკ მაგიდსონი იყო. სწორედ “ბელინსკის” გადაღებებზე გავიაზრე, რამდენად დამოკიდებულია კინო ბუნების ჭირვეულობაზე. ერთერთი ეპიზოდი მზიანი ამინდის პირობებში უნდა გადაგვეღო. დილიდან წვიმდა, პროგნოზი კარგს არაფერს გვპირდებოდა, გამიკვირდა როდესაც ჯგუფი მაინც დაიძრა გადასაღები მოედნისკენ. ადგილზე მივედით, კოკისპირულად წვიმდა. თითქმის მთელი დღე მანქანებში გავატარეთ. საღამოს წვიმამ სრულიად მოულოდნელად გადაიღო, გადასაღებ მოედანზე თითქოს განგაში გამოცხადდა, ყველა საკუთარი ადგილისკენ გაიქანა. მაგიდსონი კამერის ლინზას შეერწყა, ის ერთ სცენას იღებდა და შემდეგი სცენისთვის მითითებებს იძლეოდა. ეს ყველაფერი ძალიან მცირე დროში ჩამავალი მზის ფონზე გაკეთდა.

სტუდენტურ წლებში ძალიან დავინტერესდი ვან გოგით და მოდილიანით, მათი შემოქმედება გამოცანებითა და საიდუმლოებებით არის აღსავსე. მესამე კურსზე ვსწავლობდი, როდესაც თბილისი-მოსკოვის მატარებელში ლადო გუდიაშვილი შემხვდა. თავისი შვილის სანახავად მიემგზავრებოდა, რომელიც ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა. გამიხარდა, რომ ბრწყინვალე მხატვრის გაცნობის საშუალება მომეცა. მოგვიანებით მის წიგნში წავიკითხე, რომ მოდილიანის კარგად იცნობდა და ორი გენიოსი პარიზულ კაფე “როტონდაში” ხშირად ხვდებოდა ერთმანეთს.

სწავლა დასასრულს უახლოვდებოდა, დიპლომზე ფიქრი უნდა დამეწყო. ბულგარელ ოპერატორთან სტოიან ზლიჩკინთან და რეჟისორ ვიქტორ ზაქთან ერთად შავთეთრი დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად ტალინში გავემგზავრეთ.

როდესაც გადაღებული მასალა ტალინელ დოკუმენტალისტებს ვაჩვენებთ გაოცებულნი დარჩნენ, მშვენიერი ტალინი იმ დროისთვის კინოში არაერთხელ იყო ნაჩვენები, მაგრამ ჩვენი პერსპექტივით დანახული ქალაქი თავად ამ ქალაქის მაცხოვრებელთათვისაც კი უცხო და საინტერესო აღმოჩნდა. ყველაზე საინტერესო კადრები კი კინოსტუდიასთან ახლოს გადავიღეთ…

გაგრძელება იქნება

The post ლევან პაატაშვილის მოგონებები – ბავშობა, ახალგაზრდობა და სტუდენტობა appeared first on filmmaker.ge.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   13 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 12 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • Googlebot(2)
    • YandexBot(2)
    • Seth