Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

Screen-Shot-2021-03-16-at-6.17.10-PM-780

საქართველომ „წინ უნდა წაწიოს მნიშვნელოვანი რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც საარჩევნო და სასამართლო სისტემებსაც უნდა მოიცავდეს“, – განაცხადა ჟუზებ ბორელმა, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დღეს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა არა მხოლოდ ხელს უწყობს ძლიერ დემოკრატიას, არამედ ინვესტორებსაც იზიდავს, რასაც შედეგად ეკონომიკური ზრდა მოყვება“, – განაცხადა ბორელმა და დასძინა, რომ „საზოგადოების ნდობის მოპოვების მიზნით, საქართველომ უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით აღებული ვალდებულებები, მათ შორის, განახორციელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის რეფორმა“.

ბრიფინგს წინ უძღოდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-6 შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმა, კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომი ეკონომიკური გაჯანსაღება, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებისა და კავკასიის რეგიონში სტაბილურობის საკითხები განიხილეს. შეხვედრა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟუზებ ბორელის თავმჯდომარეობით გაიმართა, საქართველოს დელეგაციას კი – პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდა ოლივერ ვარჰეიც, ევროკომისარი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში. 

პრესკონფერენციაზე ჟუზებ ბორელმა თქვა, რომ ასოცირების საბჭოს წლევანდელი შეხვედრა საქართველოსთვის „მნიშვნელოვან მომენტში“, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების ფონზე იმართება და რომ არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსასვლელად ყველა პოლიტიკურმა აქტორმა საერთო ენა უნდა გამონახოს“.

დიპლომატი საქართველოს პოლიტიკური კრიზისში ევროკავშირის მედიაციის საკითხსაც შეეხო. ბორელის თქმით, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი „მზადაა კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პროგრესისთვის და იგივე უნდა გააკეთოს ოპოზიციამაც“.

„ნება მომეცით, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით ხაზი გავუსვა, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოსავლის მოძებნაში მმართველ პარტიას და ხელისუფლებას აკისრია“, – განაცხადა ბორელმა და ამასთან, ოპოზიციის გასაგონადაც დასძინა, რომ საპარლამენტო ბოიკოტი დემოკრატიასა და პოლიტიკურ პლურალიზმს ხელს არ უწყობს.

 

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა „საქართველოს მზადყოფნა, რომ შეუერთდეს ევროკავშირს, როგორც ძლიერი, სანდო და დემოკრატიული პარტნიორი“. „საქართველო დემოკრატიის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს არასტაბილურ გეოპოლიტიკურ რეგიონში“, – განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზად არის რეფორმების „რთული, თუმცა მნიშვნელოვანი გზა“ გაიაროს. მან აღნიშნა, რომ მთავრობის დაპირება, 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობა მოითხოვოს, „ძლიერი მოტივაციაა ჩვენთვის, ყველა საჭირო პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმა განვახორციელოთ“. პრემიერმა ასევე თქვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ორი კვირის წინანდელი სტუმრობა თბილისში „ევროკავშირის საქართველოსადმი ერთგულების მკაფიო ნიშანია“.

მისივე თქმით, საქართველოს „ეტაპობრივი და სრული ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე შემდგომი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება“ ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების დამყარების საქმეში. „საქართველო ევროკავშირისთვის კარიბჭეა აზიისკენ. ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ, როგორც ევროპის ალტერნატიულმა სატრანსპორტო კვანძმა და ენერგომარშრუტმა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, ასოცირების საბჭოს შეხვედრაზე მან „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების“ საკითხიც განიხილა. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიებში ორგანიზაციის ჩართულობის „სასიცოცხლო მნიშვნელობასაც“.

ბრიფინგზე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმაც ისაუბრა. „თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ რეფორმების ტემპი შეინარჩუნოს და ევროკავშირის სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაახლოება განაგრძოს“, თქვა ვაეჰეიმ. იგი მიესალმა სახელმწიფო შესყიდვებისა და შრომის კანონმდებლობის დარგში ქვეყნის მიღწეულ პროგრესს, თუმცა ქვეყანას სასამართლოს სისტემისა და კანონის უზენაესობის შემდგომი რეფორმების გატარებისაკენაც მოუწოდა.

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას, ევროკომისარმა მხარეებს კონსტრუქციული დიალოგისაკენ მოუწოდა, რაც მისი თქმით, ქვეყანას უნდა დაეხმაროს ისეთი გამოსავალი გამოძებნოს, რომელიც კონსტიტუციის და დემოკრატიული პრინციპების შესაბამისი იქნება.

„ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ამას უნდა დავეფუძნოთ“, – განაცხადა ვარჰეიმ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის ევროპაში საქართველოს ექსპორტის დივერსიფიკაცია მოახდინოს. „ჩვენ უფრო დიდი და უფრო ხელმისაწვდომი ხიდები უნდა ავაშენოთ საქართველოს და ევროპას შორის, განსაკუთრებით როცა საქმე შავ ზღვაზე, როგორც სავაჭრო მარშრუტზე, წვდომას ეხება“, დასძინა მან.

ასოცირების საბჭოს შეხვედრამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბორელთან და ვარჰეისთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე, რუსულ ოკუპაციასა და კოვიდ-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ასევე წაიკითხეთ: 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

16 მარტს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ცნობად მიიღეს ის პროგრესი, რომელიც ასოცირების საბჭოს 2019 წლის მარტში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ იქნა მიღწეული. ასოცირების საბჭოს თავმჯდომარეობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე დაესწრო სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.

აღნიშნა რა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „კონკურენტული იყო და რომ, მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები“, საბჭომ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, „ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმის გზით“.

ასოცირების საბჭომ სინანული გამოთქვა „საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გაღრმავების“ გამო და განაცხადა, რომ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშემ გააგრძელოს მუშაობა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მედიაციის პირობებში, რათა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში“, კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოხდეს პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაცია და გაგრძელდეს რეფორმები.

ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა „მტკიცე მხარდაჭერა“ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. საბჭომ შეშფოთება გამოხატა „რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის ხელმოწერის, ისევე როგორც სხვა ნაბიჯების გამო, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ და მოუწოდა მოსკოვს, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად.

საბჭომ მოუწოდა საქართველოს, რომ კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან „არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით“. ის მიესალმა საქართველოს მხრიდან გაწეულ უწყვეტ ძალისხმევას უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დარღვევების აღმოსაფხვრელად.

ასოცირების საბჭო მიესალმა ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში „მიღწეულ პროგრესს“, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ გაწეულ „მნიშვნელოვან სამუშაოს“. მან მოუწოდა, გააგრძელოს ძალისხმევა ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტურად განხორციელების მიზნით და უზრუნველყოს ყველა უმცირესობის წარმომადგენელთა დაცვა და გენდერული თანასწორობა.

ორივე მხარე მიესალმა „საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს“. „ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ ევროკავშირში საექსპორტო პოტენციალის მქონე სხვა პროდუქტების იდენტიფიცირებაზე, რაშიც ევროკავშირს შეუძლია დახმარების გაწევა“, – ნათქვამია პრესრელიზში. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში“.

ასოცირების საბჭო მიესალმა „საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს შრომის ინსპექტირების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში, იმისათვის რომ მეტად გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები და ამ სფეროში არსებული გამოწვევები გადაიჭრას საერთაშორისო და ევროპული შრომითი სტანდარტების შესაბამისად“.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 შეხვედრის შემდგომი ერთობლივი პრესრელიზი

ბრიუსელი, 16/03/2021 - 18:04, UNIQUE ID: 210316_19

Press releases

2021 წლის 16 მარტს გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრა. ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიში და შეაფასა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული მდგომარეობა ასოცირების საბჭოს 2019 წლის მარტში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, რომ ერთობლივად გააგრძელებენ ასოცირების შეთანხმებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას.  ასოცირების საბჭო მიესალმა არსებული უმაღლესი დონის დიალოგის ხარისხსა და სიხშირეს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მის შედეგებზე აქტიური მუშაობა. ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი, გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება. ასოცირების საბჭო მიესალმა 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომლის მიზანია ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, განხორციელებისთვის პრიორიტეტების დასახვა. საქართველომ წარმოადგინა თავისი გეგმები 2024 წლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომ წინსვლასთან დაკავშირებით.

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს პროგრესს ევროპულ გზაზე, მათ შორის COVID-19-ის გამოწვევების ფონზე და აღიარა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა როგორც ვირუსის შეკავების, ისევე მიზნობრივი სოციალური დახმარების უზრუნველყოფის კუთხით. ორივე მხარემ აღიარა COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის სწრაფი დახმარების გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოსთვის, როგორც სოლიდარობის თვალსაჩინო ნიშანი.

ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა უწყვეტი ვალდებულება, ხელშესახები სარგებელი მოუტანონ საქართველოს მოქალაქეებს თანამშრომლობის ძირითად სფეროებში: ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა; დაკავშირებულობა, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატური ცვლილებები; მობილობისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერება.

ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და რომ, მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ საარჩევნო გარემოს განსამტკიცებლად და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის ხელსაყრელი გარემოს გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით  გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმის გზით.

ასოცირების საბჭომ სინანული გამოთქვა საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გაღრმავების გამო. ევროკავშირმა მოუწოდა მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი გადაწყვეტისკენ და ყველა მხარეს ძალისხმევის გაძლიერებისკენ, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და გაერთიანება საერთო მიზნების იდენტიფიკაციისა და შეთანხმების ირგვლივ. ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშემ გააგრძელოს მუშაობა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მედიაციის პირობებში, რათა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.

ასოცირების საბჭომ განმეორებით მოუწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, იმისათვის, რომ  კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოხდეს პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაცია  და გაგრძელდეს რეფორმები. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაციის  და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება. 

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კანონის უზენაესობისა და პენიტენციალურ სფეროებში რეფორმების განხორციელების კუთხით. საბჭომ ასევე აღნიშნა რამდენიმე სფერო, სადაც შემდგომი წინსვლაა საჭირო, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კუთხით. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მზაობას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საკითხებში.

ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა ისარგებლა მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით შენგენის ქვეყნებში. ის მიესალმა საქართველოს მხრიდან გაწეულ უწყვეტ ძალისხმევას უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დარღვევების აღმოსაფხვრელად, მათ შორის, საქართველოს კანონში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” განხორციელებულ უახლეს ცვლილებებს და ხაზი გაუსვა მისი ეფექტურად განხორციელების მნიშვნელობას. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს მუდმივი ძალისხმევა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულების მიზნით,  განსაკუთრებით ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების ახლახანს შემცირებული რაოდენობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, რომ კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ორივე მხარე მიესალმა საქართველოსა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) შორის ხელმოწერილ განახლებულ სამუშაო შეთანხმებას და ქვეყნის მიერ მიგრაციის ევროპულ ქსელში დამკვირვებლის სტატუსის მიღებას.

ასოცირების საბჭო მიესალმა  ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოს. ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ძალისხმევა ამ მიმართულებით და მოუწოდა, გააგრძელოს ძალისხმევა ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტურად განხორციელების მიზნით და უზრუნველყოს ყველა უმცირესობის წარმომადგენელთა დაცვა და გენდერული თანასწორობა. საბჭომ განმეორებით დაადასტურა ერთგულება ადამიანის უფლებების უნივერსალობის პრინციპისადმი, განურჩევლად რელიგიისა თუ რწმენისა, რასისა, ეთნიკური წარმოშობისა, სქესისა, ენისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, შესაძლებლობისა და სხვა. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს  მნიშვნელოვან პროგრესს შრომის ინსპექტირების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში, იმისათვის რომ მეტად გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები და ამ სფეროში არსებული გამოწვევები გადაიჭრას საერთაშორისო და ევროპული შრომითი სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, საუბარი შეეხო ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.

ორივე მხარე მიესალმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს. ევროკავშირი რჩება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად. ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ ევროკავშირში საექსპორტო პოტენციალის მქონე სხვა პროდუქტების იდენტიფიცირებაზე, რაშიც ევროკავშირს შეუძლია დახმარების გაწევა. ორივე მხარე მიესალმა სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ხაზი გაუსვა საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას. ასოცირების საბჭო მიესალმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების 2021-2025 წლების ახალი სტრატეგიის შემუშავების მიზნით მიმდინარე მუშაობას და ევროკავშირის მხარემ დაადასტურა მზაობა, რომ მხარი დაუჭიროს მის განხორციელებას.

ასოცირების საბჭო მიესალმა 2020 წლის ნოემბერში საქართველოსთვის მაკროფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში ტრანშების გამოყოფას და მოუწოდა ქვეყანას გააგრძელოს დარჩენილი შეთანხმებული ზომების გატარება, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში COVID მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემა (აქედან 75 მილიონი ევრო 2020 წელს გაიცა). ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს უზრუნველყოს უკვე განხორციელებული რეფორმების მდგრადობა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.

ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სტრატეგიული როლი ენერგეტიკის, ტრანსპორტის და დაკავშირებულობის სფეროში და რეგიონში მისი, როგორც ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკური ჰაბის, მზარდი ფუნქცია. ევროკავშირმა გამოთქვა მზაობა, გააგრძელოს ინტენსიური თანამშრომლობა საქართველოსთან დაკავშირებულობის დღის წესრიგის ფარგლებში, მათ შორის ძირითადი ინდიკატიური ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ეტაპობრივი განხორციელების გზით, რაც  ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო ვაჭრობის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს შავ ზღვაზე დაკავშირებულობის განვითარების მნიშვნელობას. ევროკავშირმა ცნობად მიიღო საქართველოს თხოვნა შავ ზღვაზე დაკავშირებულობის გაუმჯობესების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში დახმარების თაობაზე.

ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც  ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების ევროკავშირის ბაზრებზე მიწოდების პროცესში, კერძოდ სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის გავლით, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაკავშირებადობას გააძლიერებს. ევროკავშირმა დაადასტურა მზაობა, განაგრძოს საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა, საკვანძო სფეროებში საკანონმდებლო რეფორმებზე დაყრდნობით. ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო სექტორის გაძლიერების კუთხით, რათა გაუმჯობესდეს საცხოვრებელი პირობები სოფლად . ასოცირების საბჭომ აღნიშნა სამოქალაქო თავდაცვის სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში, და ხაზი გაუსვა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ასოცირების საბჭომ აღნიშნა 2019 წლის ოქტომბერში უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრის დროს განხილული საკითხები და ხაზი გაუსვა შემდეგი შეხვედრის ორგანიზებას ამ ფორმატში. ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის კრიზისული მართვის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მიერ გაწეული წვლილისთვის  და გამოთქვა მზაობა, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებაში.

ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ჩათვლით. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერის ნათელი გამოხატულებაა.

ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, სახელმწიფოთაშორის საქმეზე, რომელიც ეხებოდა 2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შედეგებს, რომლითაც დაასკვნა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, რომელიც „ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე”, დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე დებულება.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გადამწყვეტ მნიშვნელობას, 2008 წლის აგვისტოს საქართველო - რუსეთის კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებზე რეაგირებისა და მათი გადაჭრის მიზნით. საბჭომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სრულყოფილი და ეფექტიანი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები (IPRMs) უმნიშვნელოვანესია ადგილზე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველსაყოფად. ამასთან დაკავშირებით, საბჭო მიესალმა ერგნეთის IPRM შეხვედრების განახლებას და ხაზი გაუსვა გალის IPRM განახლების გადამწყვეტ მნიშვნელობას.

საბჭომ შეშფოთება გამოხატა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის ხელმოწერის, ისევე როგორც სხვა ნაბიჯების გამო, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის / სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, განსაკუთრებით მილიტარიზაციის გაძლიერებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, „გამშვები პუნქტების” გრძელვადიანი ჩაკეტვით. შეშფოთების საგანს ასევე წარმოადგენს ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაცია , თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მათ შორის ჯანდაცვისა  და სხვა სოციალურ მომსახურებაზე წვდომის მიზნით, თვითნებური დაკავებები, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების დარღვევა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მუდმივი დაბრკოლებები, და არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფა. ამასთან დაკავშირებით, ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს.

ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, კერძოდ, თავისი სამხედრო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებული ყველა დაბრკოლების მოხსნა. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისიის მანდატის შესაბამისად. ასოცირების საბჭომ ასევე მოუწოდა, რომ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მექანიზმებისთვისაც უზრუნველყოფილ იქნეს წვდომა.

ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფ ხაზებზე ხალხთაშორისი კონტაქტებისა და  ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მხარდაჭერის მნიშვნელობა. ამ თვალსაზრისით, ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივისადმი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

ევროკავშირმა უაღრესად დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური მონაწილეობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივ ფორმატში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე უწყვეტი რეფორმები უაღრესად მნიშვნელოვანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წარმატებისა და წელს მოგვიანებით დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის.

ასოცირების საბჭოს თავმჯდომარეობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

 

 
Share on other sites

ძნელად მოსავლელ ბავშვებს რო დასდევენ ხოლმე მშობლები, ეგეთ პონტში გავიჩითეთ ფაქტიურად :D

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   285 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 283 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • YandexBot(4)
    • Googlebot(2)