Jump to content
×
×
  • Create New...

ხაზი მთებში


Recommended Posts

  • ფორუმელი

პაკისტანის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ჯგუფის მაიორი აბდულ ბილალი, თავის გუნდთან ერთად, ყარაყორუმის მთების სიღრმეში, გაშიშვლებული კლდოვანი ქანების ქვეშ ჩამალულა. 1989 წლის 30 აპრილი იდგა, ნაშუადღევის მძიმე თოვლი 11 მამაკაცის გარშემო დახვავებულიყო. ზღვის დონიდან ექვსნახევარ კილომეტრზე მაღლა მყოფი კაცები გაიშვიათებულ ჰაერს ეწაფებოდნენ. ერთი შეხედვით მთამსვლელები გეგონებოდათ, სანამ კამუფლაჟის თეთრ ქურთუკებსა და მხრებზე შემოგდებულ ავტომატებს დაინახავდით.

პრინციპში, მთამსვლელებს ამ ადგილის ძალიანაც შეშურდებოდათ: აქედან მსოფლიოს ყველაზე კოლოსალური მთების პანორამა იშლება. ჰორიზონტზე K2, მსოფლიოს მეორე უმაღლესი წერტილი ამოშვერილიყო, ჩრდილო-დასავლეთით 80 კილომეტრში. ყინულოვანი მწვერვალების უმეტესობა დაულაშქრავი და უსახელო დარჩა, რუკაზე კი ისინი მხოლოდ მათი სიმაღლის შესაბამისი (ფუტებში) რიცხვებითაა მონიშნული.

ამ მწვერვალზე, ნიშნულით 22 158  (6754 მეტრი), ასასვლელად ზვავით დაფარული კლდისა და ყინულის ზედაპირის გადალახვა იყო საჭირო. აქ ამოსვლისას ოთხი კაცი დაიღუპა. საბედნიეროდ, ბილალის გუნდი ვერტმფრენმა ამოიყვანა. ისინი თოკით სათითაოდ ჩამოცოცდნენ, სანამ ვერტმფრენები გაუხშოებულ, გაყინულ ატმოსფეროში ფარფატებდნენ. გუნდი მწვერვალიდან 450 მეტრით ქვემოთ ჩამოსვეს. მათ ერთი კვირა დასჭირდათ თოკების დასამაგრებლად, ზედა ნაწილის დასაზვერად და ამ გადამწყვეტი მომენტისთვის მოსამზადებლად.

რამდენიმე მათგანმა გუნდს უსაფრთხოებისთვის თოკში ჩაბმა შესთავაზა. „თუ ჩავებმებით და რომელიმე ჩვენგანს ესვრიან, ყველანი ჩავვარდებით, – უთხრა მათ ბილალმა, – დაიმაგრეთ წრიაპები, მაგრამ თოკები არ გვინდა“. საბოლოოდ შეამოწმეს, რომ მათი იარაღი არ ყოფილიყო გაყინული, შემდეგ კი, ზუსტად დაისის წინ, ზურგში მოზუზუნე ქარით, ბილალმა გუნდი ერთ რიგად ჩაამწკრივა და ისინი თხემს გაუყვნენ მწვერვალისკენ.

უცბად სახელდახელოდ მოწყობილ სათვალთვალო პუნქტში ორი ინდოელი გუშაგის მუქი, მზისგან დამწვარი სახე გამოჩნდა. ბილალმა ურდუზე გასძახა: „თქვენ პაკისტანის არმიის ჯარისკაცების ალყაში ხართ. დაყარეთ იარაღი“.

ორი ინდოელი თოვლის კედლის უკან გაუჩინარდა. ბილალმა გააგრძელა: „ინდოეთის არმიამ თქვენი აქ გამოგზავნით სასიკვდილო განაჩენი გამოგიტანათ!“ შემდეგ კი AK-47-ების გადატენის უტყუარი, ორმაგი ჩხაკუნი გაიგო.

„უმიზეზოდ მკვლელები არ ვყოფილვართ“, – ამბობს ბილალი სამი ათწლეულის შემდეგ, როდესაც ამ ამბავს თავის სახლში, რავალპინდიში, იხსენებს. „უბრალოდ გვინდოდა, ჩვენი ტერიტორია შეგვენარჩუნებინა. დაგვეცვა ნებისმიერ ფასად… ეს იყო ჩვენი პატრიოტული მოვალეობა“. იგი დარწმუნებულია, რომ ინდოელებმა პირველებმა ისროლეს. ბილალმა და მისმა გუნდმა საპასუხო ცეცხლი გახსნა. ერთ-ერთი ინდოელი დაეცა.

პაკისტანელებმა ცეცხლი შეწყვიტეს და ბილალმა მეორე ინდოელს გასძახა: „დატოვე ეს ადგილი… ტყვედ არ აგიყვანთ და არც ზურგში გესვრით“. ინდოელი ჯარისკაცი ადგა და ბილალმა თვალი მიადევნა, თუ როგორი გაჭირვებითა და ქოშინით გაუყვა გზას, სანამ ნისლში გაუჩინარდებოდა.

პაკისტანისა და ინდოეთის გარეთ ეს ამბავი თითქმის არავის სმენია, არადა „22 158-იანი მწვერვალის ბრძოლას“ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ისტორიაში: ეს ზღვის დონიდან უმაღლესი სასიკვდილო სახმელეთო შერკინებაა.

28 წლის შემდეგ ფოტოგრაფი კორი რიჩარდსი და მე ფეხების ფრატუნით მივლასლასებთ შვეულმფრენის მოედნის დატკეპნილ თოვლზე, ბრძოლის ადგილიდან 7 კილომეტრში. როგორც პროფესიულ მთამსვლელებს, ყარაყორუმის მწვერვალები ორივეს დალაშქრული გვქონდა და გვესმოდა, რამოდენა ძალისხმევა და უნარებია საჭირო აქ გადასარჩენად.

სამ ათწლეულზე მეტია, რაც ინდოეთი და პაკისტანი ახალგაზრდა ჯარისკაცებს აგზავნიან ამ გაუსაძლის პირობებში. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში ამ შორეულ, უკაცრიელ, უდაბურ გარემოში ცხოვრობენ. დამკვირვებლები ამ შერკინებას სიაჩენის მყინვარის კონფლიქტად იხსენიებენ – სახელი ყინულის იმ ვეებერთელა საბურველის გამო შეერქვა, რომელიც პაკისტანის, ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვრების გადაკვეთის ადგილს ფარავს.

1984 წლიდან ორივე მხარეს ათასობით მსხვერპლი ჰყავდა. 2003 წელს ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდნენ, თუმცა აქ ყოველ წელს რამდენიმე ათეული ჯარისკაცი მაინც იხოცება – მეწყრის, ზვავის, ვერტმფრენის ჩამოვარდნის, მთის დაავადების, ემბოლიისა და სხვა მიზეზების გამო. და მაინც, ყოველ წელს ინდოელი და პაკისტანელი ჯარისკაცები აქ სიხარულით მსახურობენ. „ეს განსაკუთრებულ ღირსებად ითვლება“, – მითხრა ერთმა პაკისტანელმა.

MM8478_171027_04548.jpg პაკისტანელი ჯარისკაცები ცლიან Mi-17 ვერტმფრენს პაიჯუს ადმინისტრაციულ პოსტზე. მათ აქვთ ისეთი სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტები, როგორებიცაა საავიაციო საწვავის ცილინდრები, სამშენებლო არმატურა და კვერცხები.

კონფლიქტზე უამრავი წიგნი, საინფორმაციო და სამეცნიერო სტატია დაიწერა. ხშირად ავტორები შენიშნავენ, რამდენად აბსურდულია არმიებისთვის ასეთი გამოუსადეგარი ტერიტორიისთვის ბრძოლა. ზოგადი დაშვებაა, რომ ორი ჯიუტი, სიძულვილით დაბრმავებული მტერი ყველაფერს გააკეთებს ერთმანეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჩამოაყალიბა სტივენ პ. კოენმა, ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა. მან სიაჩენის კონფლიქტი შერაცხა, როგორც „ორი მელოტი კაცის კინკლაობა სავარცხლის გამო“.

მაგრამ შესაძლებელია, რომ სათანადოდ არ აგვიხსნია გარემოებები, რომლებმაც ორ მელოტ კაცს ჩხუბისკენ უბიძგა. უკანასკნელი ოთხი წელია, ახლახან გასაჯაროებულ დოკუმენტებს ვიკვლევ და ინდოეთში, პაკისტანსა და აშშ-ში სახელმწიფო მოხელეებს, მკვლევრებსა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს ვესაუბრები. ჩემი მიზანია, სიაჩენის საგისთვის მნიშვნელოვანი საიდუმლოება გამოვააშკარავო. ახლა კი კორი და მე პაკისტანში ჩამოვედით, რომ თავად ვნახოთ, რამოდენა ამბავი შეიძლება მოჰყვეს ერთი შეხედვით მარტივ აქტს – რუკაზე ხაზის გავლებას.

გეოგრაფი

1968 წლის 27 ივნისს, ბილალისა და მისი გუნდის მწვერვალ 22 158-ზე ასვლამდე 21 წლით ადრე, „გეოგრაფის ოფისმა“, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვაშინგტონის სათავო ოფისის სიღრმეებში დამალულმა განყოფილებამ, „ეარგრამ A-1245“ მიიღო. გზავნილი ბოლოს ასისტენტ-გეოგრაფის, 45 წლის რობერტ დ. ჰოჯსონის, მაგიდაზე მოხვდა.

წერილს ხელს აწერდა უილიამ უეზერსბი, აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიუ-დელიში. გზავნილი ასე იწყებოდა: „არაერთხელ… ინდოეთის მთავრობამ ფორმალური პროტესტი გამოთქვა საელჩოს მიმართ აშშ-ის სამთავრობო რუკების თაობაზე, რომლებიც ინდოეთში გავრცელდა და რომლებზეც ქაშმირი „სადავოდაა“ მონიშნული ან გარკვეულწილად ინდოეთისგანაა განცალკევებული“. ბოლოში ავტორი ითხოვდა დაკვალიანებას იმაზე, თუ როგორ წარმოეჩინათ ინდოეთის საზღვრები ამერიკულ რუკებზე.

ინდოეთისა და პაკისტანისთვის – „გაყოფის“ (ესაა ბრიტანეთის ინდოეთის დაშლისა და გახლეჩის აღსანიშნავი ოფიციალური ტერმინი) პერიოდის სისხლისღვრიდან აღმოცენებული ქვეყნებისთვის – რუკები ეროვნული იდენტობის საკითხი იყო, ხოლო ჰოჯსონისა და „გეოგრაფის ოფისის“ სხვა თანამშრომლებისთვის ეს უბრალო პროფესიული საქმიანობა გახლდათ.

ყოველ წელს აშშ-ის მთავრობა ათასობით რუკას გამოსცემდა – არაერთი შეფასებით, ის რუკების უდიდესი გამომცემელი იყო მსოფლიოში. საერთაშორისო პოლიტიკური საზღვრების გავლების პასუხისმგებლობა „გეოგრაფის ოფისს“ ეკისრებოდა.

ეს მისია ოფისს საკმაო გავლენას აძლევდა აშშ-ის მთავრობის შორეულ განშტოებებზე, მათ შორის თავდაცვის დეპარტამენტსა და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოზე. აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკის მიხედვით, ოფისს საბოლოო სიტყვა ეთქმოდა მსოფლიოს პოლიტიკური საზღვრების განლაგებაში. შედეგად, ის განსაზღვრავდა, თუ როგორ ხედავდნენ სხვა ქვეყნები სახელმწიფო საზღვრებს. ეს, ასევე, ნიშნავდა იმას, რომ ქვეყნებს შორის არსებული, აშშ-ის მიერ აღიარებული დაახლოებით 325 საზღვრიდან ყველაზე საკამათო კარტოგრაფიულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ჰოჯსონსა და მის თანაგუნდელ გეოგრაფებს უწევდათ. ამ თავსატეხების გადაჭრას სჭირდებოდა ტოპოგრაფის სიზუსტე და სამეცნიერო მკვლევრისთვის დამახასიათებელი თანმიმდევრულობა.

ამას „საზღვრების აღდგენა“ ჰქვია, გვიხსნის დეივ ლინთიკუმი, ენთუზიაზმით სავსე, წვერულვაშიანი მამაკაცი. ის ახლახან გავიდა პენსიაზე მას შემდეგ, რაც ცენტრალური სადაზვერვო ბიუროსა და „გეოგრაფის ოფისში“ კარტოგრაფად 30 წელი იმუშავა. „ხაზებს ჩვენს გემოზე არ ვხატავთ. ჩვენ იმ საზღვრებს აღვადგენთ, რომლებიც 1870 ან 1910, ან ნებისმიერ წელს გაავლეს ძველ რუკებზე, ძველი შეთანხმებებით“.

დღეს ლინთიკუმი და მისი თანამედროვეები თავიანთი საქმის დიდ ნაწილს მაღალი რეზოლუციის სატელიტურ გამოსახულებებში კირკიტს უთმობენ. შედარებისთვის, ჰოჯსონმა, ყოფილმა საზღვაო ქვეითი არმიის ჯარისკაცმა, კარიერა „რუკების დევნაში“ გაატარა, სანამ 1950-1957 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტს გერმანიაში ჰყავდა გაგზავნილი. რუკის დევნა გულისხმობდა ადგილობრივ მაგისტრატებთან მისვლას, ქაღალდის რუკების ნესტიან არქივებში ქექვასა და ქალაქებისა თუ გეოგრაფიული ორიენტირების ფიზიკურად სტუმრობასა და მათი ადგილმდებარეობის დადასტურებას. ცივი ომის ადრეულ პერიოდში კარტოგრაფიულ შეცდომას შეეძლო კატაკლიზმური შედეგი გამოეწვია: კონფლიქტის შემთხვევაში აშშ-ის თვითმფრინავები შეიძლებოდა სხვა ქალაქის ან ქვეყნის დასაბომბად გაეშვათ, თუკი რუკა რამდენიმე კილომეტრით მაინც ცდებოდა, ან ადგილის დასახელება განსხვავებულად ეწერა.

MM8478_171022_00300-1024x576.jpgსარფარანგას პოლიგონზე, სკარდუს მახლობლად, პაკისტანელი ჯარისკაცები G3A3 იარაღს ასუფთავებენ და ბანანებს მიირთმევენ საბრძოლო წვრთნის დროს.

ლინთიკუმს ძალიან კარგად ესმის, რამდენად მარტივია შეცდომის დაშვება. ათი წლის წინ ნიკარაგუასა და კოსტა-რიკას შორის საზღვრის გავლება დაავალეს სან-ხუანის მდინარის გაყოლებაზე კარიბის ზღვამდე. მან საზღვარი მდინარის ძველი და არა ახალი კალაპოტის მიხედვით გაავლო და რამდენიმეკილომეტრიანი კუნძული შეცდომით ნიკარაგუას მიანიჭა. Google Maps-მაც ლინთიკუმის საზღვარი გამოიყენა და მალე ნიკარაგუამ კუნძულის დასაკავებლად 50 ჯარისკაციც გაგზავნა.

„სამსახურში ჩემი კოლეგები და მე ხანდახან ვეუბნებით ხოლმე ერთმანეთს, მაგალითად, საზღვრის ამ პატარა მონაკვეთს რას უკირკიტებო და ორი კვირის შემდეგ ჰოი, საოცრებავ, აღმოჩნდება, რომ ეს პაწაწინა ადგილი ძალიან რელევანტური ან უაღრესად მნიშვნელოვანია“, – ამბობს ლინთიკუმი.

ჰოჯსონისთვის, სამწუხაროდ, მის მაგიდაზე „ეარგრამ A-1245-ის“ სახით ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული გეოპოლიტიკური და სასაზღვრო პრობლემები დაგროვდა – „კარტოგრაფიული ჯოჯოხეთი“, როგორც ერთმა გეოგრაფმა თქვა – ქაშმირზე დავა.

II მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბრიტანელებმა ინდოეთის სუბკონტინენტის მართვის სადავეები დათმეს, მათ მალევე გადაწყვიტეს, რეგიონი ორ ქვეყნად ორი დომინანტური რელიგიის მიხედვით გაეყოთ: ინდოეთი – ინდუსებს და პაკისტანი – მუსლიმანებს.

1947 წლის 15 აგვისტოს, შუაღამემ რომ ჩამოკრა, ინდოეთმა და პაკისტანმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. როდესაც მილიონობით შეშინებულმა ადამიანმა თავიანთი რელიგიის წარმომადგენლებთან გადასასვლელად საზღვრის გადაკვეთა დაიწყო, კონფლიქტიც გაჩაღდა.

მთიან სამეფოს – ოფიციალურად ჯამუსა და ქაშმირის შტატს – თავისი განსაკუთრებული დილემა გაუჩნდა. აქაური მოსახლეობა ძირითადად მუსლიმანური იყო, თუმცა ქაშმირს ინდუსი მაჰარაჯა მართავდა. ქაშმირს ნება დართეს, თავად აერჩია, რომელ ქვეყანას შეუერთდებოდა. მიუხედავად ამისა, დამოუკიდებლობიდან რამდენიმე კვირაში პუშტუნების მილიცია, პაკისტანის ახალბედა არმიის მხარდაჭერით, სრინგარში მაჰარაჯის სასახლისკენ გაემართა ქაშმირის პაკისტანისთვის შემოსაერთებლად. მაჰარაჯა შეშინდა და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ინდოეთში შესვლის შესახებ. ინდოეთმა სამხედრო საჰაერო გადასხმით უპასუხა და მილიცია შეაჩერა. რამდენიმე კვირაში ორ ახალ ქვეყანას შორის ომი დაიწყო.

MM8478_171104_09982.jpg ზოგიერთი ტიპის რელიეფის გადაკვეთისას უსაფრთხოებისთვის თოკებს იბამენ. აქ პაკისტანის 323-ე ბრიგადის ჯარისკაცები ერთმანეთს ჩაებნენ, რომ რომელიმე მათგანი 5300 მეტრზე გიონგის მყინვარის გადაკვეთისას ყინულოვან უფსკრულში არ დაიკარგოს.

როდესაც კონფლიქტი ჩაწყნარდა, მოწინააღმდეგეთა არმიები ერთმანეთს შეხვდნენ მთებში, ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე, რომელიც ქაშმირის შუაგულში გადიოდა. 1949 წელს გაეროს შუამავლობით სამშვიდობო ხელშეკრულება შედგა და ინდოეთიდან და პაკისტანიდან სამხედრო გეოდეზისტების ჯგუფები გაეროს მეთვალყურეობით ცეცხლის შეწყვეტის ხაზის დასადგენად გაეშურნენ. გავიდა წლები, პროგრესი კი არ ყოფილა. ბოლოს, 1962 წელს, ჩინეთის სამხედრო ძალებმა აქსაიჩინი აიღეს, მაღლობი უდაბნო ქაშმირის აღმოსავლეთ ნაწილში, ამან კი კიდევ უფრო გაართულა საზღვრის საკითხი.

როდესაც 1968 წელს უეზერსბის წერილი მოვიდა, ჰოჯსონს ეს რთული შეკითხვა უნდა გადაეჭრა: როგორ უნდა ასახოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს არეულ-დარეულობა თავის რუკაზე? ინდოეთის წარმომადგენლებისთვის რომ დაეჯერებინა, მთელი ქაშმირი ინდოეთს ეკუთვნოდა მაჰარაჯის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე. თუ პაკისტანის ვერსიით, გაეროს 47-ე რეზოლუციას ირწმუნებდა, ქაშმირი ცალკე ერთეული იყო და ჯერაც საჯარო რეფერენდუმს ელოდებოდა იმის გადასაწყვეტად, თუ რომელ ქვეყანას შეერთებოდა. თუ რეალურ სიტუაციას შეხედავდა, ორად გახლეჩილ ქაშმირს დაინახავდა, ინდოეთისა და პაკისტანის ჯარების დე ფაქტო იურისდიქციის ქვეშ, ჩინეთის მიერ კონტროლირებული პატარა მონაკვეთით.

1960-იანი წლების განმავლობაში ინდოეთის დიპლომატები აპროტესტებდნენ იმას, რომ აშშ-ის რუკებში ქაშმირი ოკუპირებულ ან ინდოეთისგან განცალკევებულ ტერიტორიად იყო წარმოდგენილი.

ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფის შემდეგ აშშ და პაკისტანი ცივი ომის მოკავშირეები გახდნენ და, სავარაუდოდ, აშშ ასეთ უთანხმოებაში უპირატესობას პაკისტანს მიანიჭებდა, თუმცა დღემდე არც ერთი დოკუმენტი არ ავლენს, რომ „გეოგრაფის ოფისზე“ ასეთმა პოლიტიკურმა ფაქტორებმა იქონია გავლენა. 1968 წლისთვის ჰოჯსონი უკვე ჩართული იყო ბევრ სენსიტიურ სასაზღვრო საკითხში. „მას რეპუტაცია ჰქონდა, ყველაფერს პირდაპირ ამბობდა“, – თქვა ბობ სმითმა, რომელიც ჰოჯსონმა სამსახურში 1975 წელს აიყვანა.

ქაშმირის ცეცხლის შეწყვეტის ხაზს კიდევ ერთი პრობლემა ჰქონდა: ის სრულად არ ჰყოფდა ინდოეთსა და პაკისტანს. ერთ-ერთ კოორდინატზე, რომელსაც დემარკაციის დროს NJ9842 შეარქვეს, ხაზი უცბად წყდებოდა ჩინეთის საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში. ასეთი ჩიხი უნიკალურია მსოფლიო გეოგრაფიაში.

გეოდეზისტების ჯგუფს ჰქონდა კიდევაც საკმარისი მიზეზი, რომ ხაზი არ გაეგრძელებინა. ეს უკანასკნელი 60 კილომეტრი უსწორმასწორო ყარაყორუმის შუაგულში გადიოდა. აქ არც მუდმივი მოსახლეობა იყო დასაცავი, არც ბუნებრივი რესურსები გამოსაყენებელი; აქაურობა სამხედრო ინფრასტრუქტურის ასაშენებლადაც მიუდგომელი იყო. მკაფიო ხაზის მაგივრად, საბოლოო საზავო დოკუმენტები NJ9842-ის მიღმა მონაკვეთზე მხოლოდ ბუნდოვან ცნობებს იძლეოდა: „…იქიდან ჩრდილოეთით მყინვარებამდე“.

სინამდვილეში, NJ9842-ის ჩრდილოეთით ბევრი მყინვარი ხვდებოდა, „მაშინ ეს რუკაზე ცარიელი სივრცესავით იყო“, – ამბობს ლინთიკუმი. „1949 წელს ყველა მხარისთვის აბსურდული იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ ამ მიწის გამო ოდესმე იბრძოლებდნენ“.

1968 წლის ზაფხულში, ჰოჯსონმა გაიარა კონსულტაცია სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა ოფისებთან, იმის დასადგენად, თუ როგორ გამოეჩინა ცეცხლის შეწყვეტის ხაზი – მათ შორის, როგორ გადაეწყვიტა 60-კილომეტრიანი წყვეტის შემაწუხებელი პრობლემა.

MM8478_171029_06107.jpg პაკისტანის არმიის პენჯაბის პოლკისთვის გორა I-ში, თითქმის 4200 მეტრ სიმაღლეზე, კრიკეტი განტვირთვისა და ვარჯიშის საშუალებაა. ჰორიზონტზე მაშერბრუმი, 7821-მეტრიანი მწვერვალი და ყარაყორუმის ქედის ნაწილი, ყინულისა და თოვლის საფარველიდან კიაფობს.

17 სექტემბერს, უეზერსბის წერილის მიღებიდან თითქმის სამ თვეში, ჰოჯსონმა საპასუხო წერილი შეადგინა, რომელიც 2014 წლამდე გასაიდუმლოებული იყო. „დეპარტამენტმა დიდი ხანია გაიაზრა ინდოეთის საერთაშორისო საზღვრების რუკის შედგენის სირთულეები, ინდოეთის მთავრობის განაწყენებისა და ამასთანავე   ამერიკული პოზიციების დასუსტების გარეშე“, – ასე იწყებოდა წერილი.

შემდეგ უკვე მტკიცე, ავტორიტეტული ენით ჰოჯსონმა ჩამოაყალიბა, როგორ უნდა წარმოედგინათ ცეცხლის შეწყვეტის ხაზი აშშ-ის ყველა ოფიციალურ რუკაზე. აქვე ეწერა: „ბოლოს, ცეცხლის შეწყვეტის ხაზი უნდა გაგრძელდეს ყარაყორუმის უღელტეხილამდე, რომ ეს ორი ქვეყანა ზუსტად „გაიმიჯნოს“.

ამ ერთი წინადადებით ჰოჯსონმა შექმნა სწორი ხაზი ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, რომელიც დათოვლილ მთებსა და მაღალ უდაბნოს კვეთდა და NJ9842-ს ყარაყორუმის უღელტეხილთან, ჩინეთის საზღვარზე აბრეშუმის გზის უძველეს მონაკვეთთან აკავშირებდა.

არავინ იცის, რატომ გააკეთა ეს ჰოჯსონმა. მას წერილში ახსნა-განმარტება არ დაურთავს და ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არც ჩანაწერები უპოვიათ. და მაინც, სავარაუდოა, რომ თავისი „სი-სტრიტის“ ოფისიდან მან ცალსახა პრაქტიკული მიზეზები დაინახა.

1963 წელს პაკისტანმა და ჩინეთმა ორმხრივი ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც ქაშმირის საზიარო საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეს ყარაყორუმის უღელტეხილთან აწესებდა, რის გამოც ბევრმა დამკვირვებელმა ივარაუდა, რომ სწორედ ეს იქნებოდა ინდოეთი-პაკისტანის საზღვრის ლოგიკური ბოლო წერტილი. მიუხედავად ამისა, რადგან ინდოეთს ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობა არ მიუღია, ლინთიკუმის თქმით, „ამას არ ჰქონდა კანონიერი ძალა“.

ლინთიკუმის ვარაუდით, კარტოგრაფის სკრუპულოზურმა სურვილმა, ბუნდოვანება გადაეჭრა, თავისი როლი ითამაშა. „ზოგ ადამიანს სრულყოფილების სინდრომი – ან სრულყოფილებით შეპყრობა – ახასიათებს და სურს, ყველა სიცარიელე ამოავსოს“. ეს ორი ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტის ხაზს სრულად რომ „გაემიჯნა“, როგორც ჰოჯსონს ეწერა, ის ჩინეთამდე უნდა მისულიყო, რომ დასრულებული საზღვარი შეექმნა – და ყარაყორუმის უღელტეხილი ყველაზე მარტივად ამოცნობადი წერტილი იყო ამ გაყოფის ხაზზე.

და მაინც, ჰოჯსონს, თითქოს, ესმოდა, რომ მის მიერ საზღვრის ამგვარი ცვლილება დავის საგანი გახდებოდა. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მისამართით დაწერილ წერილში იგი მათ მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებდა. „გვირჩევნია, ცვლილება ეტაპობრივად განხორციელდეს, რომ შესაძლო საერთაშორისო გართულებები მინიმუმამდე დავიყვანოთ“, – წერდა იგი.

ჰოჯსონის იმედი, დაემალა პოლიტიკის ცვლილებები, ალბათ, ზედმეტად ოპტიმისტური იყო. „მისთვის ხომ წესით ცალსახა უნდა ყოფილიყო, – ამბობს ლინთიკუმი, – რომ მალე გამოქვეყნდებოდა არაერთი რუკა, ზოგი საჯაროდაც გაიყიდებოდა, და მისი ახალი პოლიტიკის ტექსტი ვიზუალურად გამომზეურდებოდა“.

MM8478_171022_00386.jpg პაკისტანელი ჯარისკაცები 37-მილიმეტრიანი ზენიტური იარაღის გამოყენებას სწავლობენ. შეტაკება 2003 წელს დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, თუმცა რეგიონში ათასობით ჯარისკაცი ახლაც მობილიზებულია.

მთამსვლელი

ჩემი ცოლი და მე რომ დავქორწინდით, პირველი წარმატებული ასვლების საძიებლად ინდოეთში, ნუბრას ხეობაში, სიაჩენის გარშემო ინდოეთის ჯარის სამხედრო ზონის მახლობლად, გავემგზავრეთ. ჩვენ – და ყველა ის მთამსვლელი, რომელიც რეგიონს უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ესტუმრა – ბულ კუმარის კვალდაკვალ მივდიოდით.

87 წლის, აპრეხილი, ჭაღარა წარბებისა და ბოხი, ხორხისმიერი სიცილის მქონე, დაახლოებით 165 სანტიმეტრის სიმაღლის ნარინდერ ბულ კუმარს, ლეგენდარული სამხედრო კარიერის მანძილზე მრავალი თავგადასავალი გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ფეხის ოთხი თითი ყინვის გამო ჰქონდა დაკარგული, კუმარი 1960-იან და 1970-იან წლებში რამდენიმე ამბიციურ  სამთო ექსპედიციას გაუძღვა, მათ შორის ევერესტზე. ამასობაში მან ინდოეთის ჯარში პოლკოვნიკის წოდებაც მიიღო.

კუმარი შარშან დეკემბერში გარდაიცვალა, თუმცა მანამდე, დელიში შეხვედრისას, ორ გერმანელ მოგზაურზე მომითხრო. გერმანელები მას 1977 წელს სიაჩენიდან ჩამომავალ მდინარე ნუბრაზე პირველი ჩამოსვლის შეთავაზებით მიადგნენ. კუმარმა მოგვიანებით მემუარებში დაწერა, რომ ერთ-ერთმა გერმანელმა გეგმის წარმოსადგენად რუკა გაშალა. „რუკას შევხედე და თვალი გამიშტერდა“. გერმანელს ჰკითხა, სად იშოვა ეს რუკა, მან კი უპასუხა, რომ ეს ამერიკული რუკა იყო, რომელსაც მთელ მსოფლიოში იყენებდნენ.

კუმარმა არაფერი თქვა, თუმცა პრობლემამ მალევე მოჭრა თვალი: „კონტროლის ხაზი, რომელსაც მაშინ ცეცხლის შეწყვეტის ხაზს უწოდებდნენ და რომელიც NJ9842 წერტილზე წყდებოდა, მავნებლურად, შემთხვევით ან განზრახ იყო შეცვლილი“.

აი, ასე აღმოაჩინა კუმარმა ჰოჯსონის ხაზი.

ამ აღმოჩენაზე გენერალ-ლეიტენანტ მ.ლ. ჩიბერს, ინდოეთის სამხედრო ოპერაციების მაშინდელ დირექტორს, აცნობა. პაკისტანი ათასობით კვადრატულ კილომეტრს იკავებს, დაიგრგვინა მან, „ჩვენ კი წარმოდგენაც არ გვაქვს!“ ეს ეჭვები გამყარდა, როდესაც კუმარმა და ჩიბერმა „ამერიკული სამთო ჟურნალისგან“ გაიგეს, რომ იაპონელ მთამსვლელთა გუნდი პაკისტანის ჯარის კაპიტნის თანხლებით ზედა სიაჩენზე ორი ზაფხულით ადრე იმყოფებოდა. კუმარმა სიტუაციის დასაზვერად სამთო ექსპედიციად შეფარული საპატრულო ოპერაციის წინადადება წამოაყენა. 1970-იანი და 1980-იანი წლების დასაწყისში კიდევ ბევრი საპატრულო ოპერაცია განხორციელდა, ამასობაში კი პაკისტანმა მყინვარზე კიდევ რამდენიმე სამთო ექსპედიციის ნებართვა გასცა. 1983 წლის აგვისტოში პაკისტანის ჯარმა ინდოეთის არმიას ოფიციალური საპროტესტო წერილი მისწერა: „მოსთხოვეთ თქვენს ჯარს, სასწრაფოდ დატოვონ NJ9842-ისა და ყარაყორუმის უღელტეხილის NE7410 შემაერთებელი საკონტროლო ხაზის სამხრეთი. ჩემს ჯარს სიფრთხილისკენ მოვუწოდე, თუმცა, თუ ტერიტორიის დატოვებას დაიგვიანებთ, მძიმე სიტუაცია შეიქმნება“.

პაკისტანის ჯარი ახლა უკვე ჰოჯსონის გავლებულ ხაზს ოფიციალურ საზღვრად აცხადებდა. ამ დროისთვის ეს ხაზი უკვე მრავალი სააგენტოს გამოცემულ ათობით რუკაზე ჩანდა და ყველას აშშ-ის სახელმწიფოს ბეჭედი ერტყა. ასეთი იყო „გეოგრაფის ოფისის“ ჩუმი გავლენა – საზღვარი კომერციულ გამომცემლობებშიც დამკვიდრდა. 1981 წლის დასაწყისში ის უკვე National Geographic-ის მსოფლიო ატლასზეც გამოჩნდა – ორი სანტიმეტრის წყვეტილი ხაზი (National Geographic-მა ამ ხაზის ატლასებში დაბეჭდვა 2020 წელს შეწყვიტა).

მაგრამ რობერტ ჰოჯსონი ვერ მოესწრო ამ ხაზის გარშემო განვითარებულ დაძაბულობას. 1979 წლის დეკემბერში – კუმარის ექსპედიციის შესახებ ცნობების გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში – ჰოჯსონი, რომელიც უკვე „გეოგრაფის ოფისს“ ხელმძღვანელობდა, გულის შეტევით გარდაიცვალა. ის 56 წლის იყო.

ჯარისკაცი

1984 წლის 13 აპრილს ინდოეთის ჯარმა „ოპერაცია მეგჰადუტა“ დაიწყო. ვერტმფრენმა ჯარისკაცთა ოცეული ბილაფონდ-ლას დასაკავებლად ჩამოსვა. მალე ინდოეთმა კიდევ ორი უღელტეხილი დაიკავა. ამგვარი მოძრაობებით ინდოეთი სალტოროს ქედს აკონტროლებდა. აქაურობა მოგვიანებით სიაჩენის მყინვარისა და მახლობელი მყინვარებისთვის ბრძოლის ფრონტის ხაზი გახდებოდა. ამან განსაზღვრა, ასევე, სამხედრო ავანპოსტების განლაგება, რაც დღევანდელ გამოუვალ მდგომარეობაში თამაშობს როლს.

სიაჩენის კონფლიქტის ფრონტის ხაზის ამბებს ხშირად პატრიოტიზმის რომანტიკულ იდეებს მიაწერენ, მაგრამ ასეთ სიმაღლეზე კვირების ან თვეების გატარება ნამდვილად არაა რომანტიკული. ზღვის დონიდან დაახლოებით 5500 მეტრზე ადამიანის ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობით დაშლას იწყებს. გარკვეული დროის შემდეგ სიკვდილი გარდაუვალია.

MM8478_171029_06552-1024x576.jpgგორა I-ის პოსტთან მოვლილი ბილიკი ქვის სალოცავ ადგილთან მიდის. „ოჯახებთან ჩვენს სირთულეებზე არ ვლაპარაკობთ, – ამბობს ერთი ჯარისკაცი, – ვეუბნებით, რომ ბედნიერები ვართ და ცხოვრება მოგვწონს“.

არადა, სიაჩენსა და ირგვლივ მდებარე მყინვარებზე ორ ჯარს ასზე მეტი მუდმივი პოსტი უჭირავს მაღალ სიმაღლეზე. ამ ბანაკების შენარჩუნებას საოცარი ლოგისტიკური ძალისხმევა სჭირდება – მათ შორის ერთდროულად რამდენიმე ასეული სამთო ექსპედიციის ორგანიზება და მათი მუდმივი უზრუნველყოფა.

2011 წელს კორი რიჩარდსი გაშერბრუმ II-ის ზამთრის ექსპედიციის დროს პაკისტანის ერთ-ერთი ავანპოსტის სიახლოვეში დაბანაკდა. აქ მან ჩამოვარდნილი ვერტმფრენის გაყინული ნაშთები და სპარტანულ ბანაკებში მცხოვრები ცნობისმოყვარე ჯარისკაცების ოცეული ნახა.

ნაწილობრივ ამ შეხვედრამ გვიბიძგა, პაკისტანის მთავრობისთვის სიაჩენის ფრონტის ხაზზე ცხოვრების შესახებ რეპორტაჟის მომზადების უფლება გვეთხოვა. წლების განმავლობაში ეს მარშრუტი სხვა ჟურნალისტებმაც გაიარეს. როდესაც მათი ზოგიერთი ბაზის შემოვლისას პირველ რამდენიმე ბრიფინგს დავესწარით, ცხადი იყო, რომ პაკისტანის ჯარს სტუმრებისთვის მოსაყოლად გამზადებული სცენარი ჰქონდა.

„არახელსაყრელი ვითარების მიუხედავად, „K2-ის მცველები“ მსოფლიოში ყველაზე მაღალ სამხედრო პოზიციებს ამყარებენ“, – გვითხრა კაპიტანმა 62-ე ბრიგადიდან. „ეს კარგი ჩასამატებელი დეტალია თქვენს სტატიაში“.

62-ელების მომარაგების ხაზი ქალაქ სკარდუში მათი შტაბ-ბინიდან იწყება, ბრალდუს ხეობას ჭრის და კონვეის უნაგირასთან მთავრდება, უღელტეხილთან, რომელიც თითქმის 6000 მეტრს სწვდება. ბოლო მონაკვეთის გავლა მხოლოდ ფეხით ან ვერტმფრენით შეიძლება. ჯარმა ფეხით წაგვიყვანა, რომ აკლიმატიზება მოგვესწრო.

„თქვენთვის ეს გართობაა, მაგრამ ჩვენ ამას ყოველდღე ვაკეთებთ“, – მითხრა ერთმა ჯარისკაცმა სიარულის პირველ დილას. როდესაც პაიჯუს სახელით ცნობილ ბანაკს მივადექით, სახსრები და ფეხები გვტკიოდა.

საცხოვრებელი პირობები აქ შედარებით კომფორტულია. გენერატორი და სატელიტური თეფშები აქაურებს გარე სამყაროსთან აკავშირებს. ოფიცრების განყოფილებაში პატარა ტელევიზორსაც კი უკავშირდება და საღამოობით გართობის საშუალებას იძლევა.

„ტელევიზორში სამოტივაციო ფილმებს ვუყურებთ“, – გვითხრა ერთმა კაცმა. „მაგალითად, „რემბოს“?“ – ხუმრობით ჰკითხა კორიმ.

„ზუსტად“, – უპასუხა კაცმა სერიოზული სახით.

სხვა პოსტებზე საქმე ასე მარტივად არაა. ურდუკასში, პატარა ავანპოსტზე, ქაფპლასტის სამი ასაწყობი იგლუ დაახლოებით 4000 მეტრის სიმაღლის საოცარ ქანდარაზე დგას და აქ მხოლოდ ოთხი ჯარისკაცი ცხოვრობს. „ძალიან მოსაწყენია“, – წაიჩურჩულა ერთმა ჯარისკაცმა როტისა და მოშუშული ქათმის კერძის ჭამისას. „არც მობილურია, არც ფილმები“. ბანაკს ნავთის ასობით კანისტრა არტყია გარს – ეს ჯარისკაცებისთვის სასიცოცხლო სითხეა, რომლითაც ამზადებენ საჭმელს და თბებიან. თითოეულ თავშესაფარში ყველაფერი ჭვარტლითაა დაფარული. აქ ფუფუნების ერთადერთი საგანი ნასვარია – საღეჭი თამბაქოს უხეში ვარიანტი – და ლუდო – „პაჩისის“ პაკისტანური ვერსია, რომელსაც ხელნაკეთ დაფებზე თამაშობენ. „თუ ოფიცრებიც აქ არიან, უფრო კომფორტულია“, – თქვა ერთმა ჯარისკაცმა.

MM8478_171103_09672.jpg ჯარისკაცები ყინულით დაფარულ ხეობაში მიდიან გაიარისკენ, სადაც მსგავსმა ყინულის ველმა 2012 წელს პაკისტანის ბატალიონის შტაბ-ბინიდან 800 მეტრით მაღლა ზვავი წარმოქმნა. ყინულმა ბანაკი მოიცვა და 140 ადამიანი შეიწირა.

2003 წლამდე ეს ორი მხარე ერთმანეთს ხშირად `უგზავნიდა“ არტილერიასა და სნაიპერის ტყვიებს, მაგრამ 2003-ში მიღებული ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების გამო ჯარისკაცებს ერთმანეთის ყურებისა და გადარჩენის მეტი არაფერი დარჩენიათ. „ეს საფეხბურთო მატჩივითაა“, – მითხრა კიდევ ერთმა კაპიტანმა ფრონტის ხაზზე. „როგორც წესი, წითელი დროშის აღმართვით ვაფრთხილებთ ხოლმე: „გთხოვთ, შეწყვიტეთ, რასაც აკეთებთ, მზად ვართ, ვისროლოთ“. ისინიც თეთრ დროშას აღმართავენ და ამით გვეუბნებიან: „კარგი, ვჩერდებით“. ამის იქით ყოველი დღე სიგარეტებით, ჩაის ჭიქებით, ფრენბურთისა და კრიკეტის თამაშით, ლოცვითა და სახლის საქმეებით გააქვთ.

35-წლიანი სამთო ომის შედეგად ინდოეთმა და პაკისტანმა ასეთ გარემოში ჯარისკაცების მოვლა ისწავლეს. არმიის ექიმებმა დაადგინეს, რომ თოვლიან პოსტებზე უმოძრაოდ დიდი ხნის გატარების შედეგად ხშირია ნახშირჟანგით მოწამვლა და ემბოლია. ჯარისკაცებს ახლა ყოველდღე ვარჯიში მოეთხოვებათ. „ყველა სტანდარტული სამოქმედო პროცედურა მკაცრადაა გაწერილი“, – თქვა ერთმა პოლკოვნიკმა.

ვინც გავიცანით, იმ ჯარისკაცთა დიდ ნაწილს უკვე ნანახი ჰქონდა ბრძოლა პაკისტანის ტომობრივ ზონებში ავღანეთის საზღვართან – ეს პაკისტანის მთავრობის მიერ ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლის ერთ-ერთი მაგალითია. „აქ ბუნებას ვებრძვით, ბუნება კი მოულოდნელობებითაა სავსე“, – თქვა ექიმმა ნაღვლიანად. „ადამიანები უფრო მარტივები არიან“.

1985 წლის შემოდგომაზე, ინდოეთის მიერ სიაჩენის აღებიდან ერთზე მეტი წლის და ჰოჯსონის საზღვრის გამოქვეყნებიდან 17 წლის შემდეგ, ინდოელმა დიპლომატმა ოფიციალური მოთხოვნა გააგზავნა. წერილი სახელმწიფო დეპარტამენტის მაშინდელი „გეოგრაფის“, ჯორჯ დემკოს, მაგიდაზე მოხვდა.

ერთზე მეტი წელი გავიდა და დემკომ რუკის დირექტივა შეცვალა: „გეოგრაფის ოფისმა“ განიხილა ინდოეთი-პაკისტანის საზღვრის წარმოჩენის გზები აშშ-ის რუკებზე და დააფიქსირა „შეუსაბამობა [რუკის გამომცემელი სამთავრობო] სააგენტოების მიერ საზღვრის წარმოჩენასა და კატეგორიზაციაში“. ამის შესასწორებლად, დემკო წერდა, რომ „წინა კარტოგრაფიული პრაქტიკისგან განსხვავებით, ცეცხლის შეწყვეტის ხაზი არ გაიჭიმება ყარაყორუმის უღელტეხილამდე“.

MM8478_171028_05369.jpg ურდუკასში, ბალტოროს მყინვარის ზემოთ, 4000 მეტრზე, ოთხი ჯარისკაცი პოსტს ამაგრებს. აქაურობა მათთვის მოსაწყენია, მაგრამ პაკისტანის არმია თავს დისციპლინით იწონებს. „როდესაც გვეუბნებიან, მთაზე ადიო, ჩვენი პასუხია: „არის, სერ!“ – ამბობს ერთი ოფიცერი. ადმინისტრაციული პოსტები ლოგისტიკური მომარაგების ხაზის გასწვრივაა განლაგებული, ხოლო სადამკვირვებლო პოსტები – ფრონტის ხაზზე ან მის მახლობლად, ხედით მოწინააღმდეგისკენ.

ჰოჯსონის ხაზი წაშალეს. საზღვარი აშშ-ის რუკებიდან გააქრეს, მაგრამ „გეოგრაფის ოფისმა“ არ გააკეთა კომენტარი იმაზე, თუ საერთოდ რატომ გაჩნდა ეს ხაზი.

დემკოს შესწორებიდან რამდენიმე წელიწადში რობერტ ვირსინგმა, მკვლევარმა, რომელიც თვალყურს ადევნებდა სიაჩენის კონფლიქტს, იმ ხაზის გამოკვლევა დაიწყო, რომელიც ჯერ გამოჩნდა, შემდეგ კი გაქრა აშშ-ის რუკებიდან. ვირსინგმა შეიტყო, რომ ინდოეთის მთავრობამ ახსნა-განმარტება მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ, ვირსინგმა სახელმწიფო დეპარტამენტსა და თავდაცვის კარტოგრაფიულ სააგენტოს წერილები მისწერა და რუკაზე დატანილი საზღვრის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

1992 წელს დემკოს შემცვლელმა, უილიამ ვუდმა, პასუხი გასცა. „აშშ-ის პოლიტიკის ნაწილი არასოდეს ყოფილა, წარმოეჩინა რამე ტიპის საზღვარი NJ9842-სა და ჩინეთის საზღვარს შორის არსებულ ტერიტორიაზე“, – წერდა იგი. ვირსინგს ძიება აღარ გაუგრძელებია.

შედეგი

პაკისტანის მთავრობის წარმომადგენლები კორის და მე არ დაგვთანხმდნენ ფრონტის ხაზთან მიახლოვებაზე, სადაც წერტილ NJ9842-ს შევავლებდით თვალს.

სანაცვლოდ სხვა ადგილის ნახვა შემოგვთავაზეს. ჯიპებში ჩავსხედით და გრუნტის გზას გავუყევით ბილაფონდის გამოქვაბულებიანი ხეობისკენ. ლოდებით სავსე ვაკეზე გავჩერდით.

სწორედ ამ ადგილას განიცადა უმძიმესი მარცხი 2012 წლის 7 აპრილს, სანამ დილის 2:30 საათი გახდებოდა, პაკისტანის ჯარმა სიაჩენის კონფლიქტში, თუმცა ამაში ინდოეთის ხელი არ ერია. ბატალიონის შტაბ-ბინასთან ვეებერთელა მეწყერი დაეშვა. ორნახევარი კილომეტრის მოშორებით, საარტილერიო ბაზაში, ჯარისკაცებმა ძლიერი გრუხუნი დააფიქსირეს.

„ამას ვერც წარმოვიდგენდით“, – თქვა გენერალ-მაიორმა საქიბ მეჰმუდ მალიკმა. რამდენიმე ათეულ შენობაში გამწესებული 140 კაცი 30 მეტრის სისქის ქვამ, ყინულმა და თოვლმა დაფარა. პირველი გვამის პოვნას რამდენიმე თვე დასჭირდა.

კორი და მე გზას მივიკვლევდით ნანგრევების ჯერაც საშიშ, არასტაბილურ ველზე, სადაც უხეში ნიშნები დაედგათ იმის საჩვენებლად, თუ სად იდგა ყაზარმის შენობები – თითოეულს ეწერა, რამდენი სხეული იპოვეს იქ.

„აქ მოსვლისას უცნაური შეგრძნება გვეუფლება, თუმცა ეს სიამაყის ამბავია“, – გვითხრა ერთმა ოფიცერმა. მე კი ვფიქრობდი: ეს ხალხი ერთი გეოგრაფის შეცდომის გამო ხომ არ დაიღუპა?

ჰოჯსონის ხაზმა „ნამდვილად ითამაშა როლი ომის წინაპირობის შექმნაში. მან ომი არ გამოიწვია, მაგრამ წვლილი ნამდვილად შეიტანა“, – ამბობს დეივ ლინთიკუმი. „იმასაც ამბობდნენ, რომ ამის მტკიცებულება იპოვეს“, – იხსენებს იგი სახელმწიფო დეპარტამენტის არქივში ჰოჯსონის წერილის პოვნის მომენტს.

ვირსინგიც ფიქრობს, რომ საზღვარმა კონფლიქტში როლი ითამაშა, თუმცა დასძენს: „არანაირი საფუძველი არ მაქვს, ვიფიქრო, ვინმემ განზრახ გადასცა ეს ტერიტორია პაკისტანს“. ის არც იმას ფიქრობს, რომ სამშვიდობო შეთანხმება მალე შედგება. „ჩემი მეგობრები ამბობენ, სიაჩენის მყინვარი საერთაშორისო სამშვიდობო პარკად უნდა გადაკეთდესო“, – ამბობს ის და დასძენს, რომ უკანასკნელმა მოვლენებმა, მათ შორის ძალადობამ ქაშმირში და საზღვრისპირა დაძაბულობამ ინდოეთსა და ჩინეთს შორის, აჩვენა: ახლო მომავალში ნაკლებ სავარაუდოა პრობლემის მშვიდობიანი გადაჭრა. 

„სიტყვა „ირაციონალური“ ხშირად მხვდება ინდოეთ-პაკისტანის ურთიერთობებზე სამეცნიერო მსჯელობაში“, – ამბობს ვირსინგი. „იმას, რაც ინდოეთსა და პაკისტანს შორის ხდება, მათ ემოციებთან არ ვაკავშირებ… ვფიქრობ, რომ მათ აქვთ ამ ყველაფრისთვის საკმარისი მიზეზი, მათ შორის, სტრატეგიული… თან თუ ამ რეგიონში საზღვრების სიმყიფეს გავითვალისწინებთ“.

მართლაც, სანამ კაცობრიობა ჩვენი პლანეტის მრავალკუთხედებად დაყოფას აგრძელებს, გარდაუვალია, რომ ზოგიერთ ხაზს დავა მოჰყვება და აბდულ ბილალისა და ბულ კუმარის მსგავს ადამიანებს მათ დასაცავად გაგზავნიან. გეოგრაფიას თავისი წესები აქვს.

რედაქტორის შენიშვნა: National Geographic-მა ინდოეთის ჯარს სთხოვა, ჩვენი გუნდისთვის ინდოეთის მიერ კონტროლირებად სიაჩენის მყინვარზე სტუმრობის ნება დაერთო. ჯარმა უარი განაცხადა.

ფრედი უილკინსონმა 2020 წლის ივლისის გამოცემაში დაწერა ევერესტზე მეტეოსადგურის დამონტაჟების შესახებ. კორი რიჩარდსის ოკავანგოს დელტის ფოტოები 2017 წლის ნოემბრის გამოცემაში დაიბეჭდა.

The post ხაზი მთებში appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share