ფორუმელი Moor Posted 14 მარტი, 2021 Posted 14 მარტი, 2021 http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/03/shiolashvili-83459.jpg შემოდგომის მდინარე წელსაც შევალ ამ ცივ წყალში. შემოდგომის წყალში. შევალ და ზაფხულის ცხელ ამბებს მოვუყვები, მომლოდინე მკლავებით შევალ და შემცივნულით გამოვალ. რადგან კიდევ ერთხელ დავინახავ, რომ არაფერი შეუძლია შემოდგომის მდინარეს – ცივად მოსმენის და ცივად გამოცილების გარდა. არაფერი შეუძლია, გარდა იმისა რომ გულიდან ჩამოგხსნას და ტალღებს შეურიოს შენი ამბები. ისე, სხვათაშორის შეურიოს. ახლაც ასე იზამს. რაში ვანაღვლებ. ახლაც ცივად გადამივლის ტერფებზე და იმასაც კი ვერ შეამჩნევს რომ თვალები სავსე მაქვს მდინარეებით, მუცელი სავსე მაქვს მდინარეებთ, მოგონებებიც სავსე მაქვს მდინარეებით და ეს მდინარეები მიმარბენინებენ მისკენ! წესით თითონ უნდა შემოვიდეს ჩემში სხეულით მის დაუბადებელ შვილებს ვატარებ, ჩემში გამომწყდეულებმა ლამის წამლეკონ, ლამის დამაგლიჯონ ძარღვები და კაპილარები. წესით თვითონ უნდა შემოვიდეს ჩემში და ამ ზაფხულგამოვლილ მდინარეებს მოუსმინოს. ესენი ზეპირად მსწავლობენ და ჩემს ამბებსაც ლექსებივით მოუყვებიან. მოუყვებიან რომ მეც, როგორც ყველას წელსაც მზიანი ზაფხული მქონდა, მეც ზუსტად იქ მიღალატეს, სადაც წუთით თვალს მოვატყუე, ზუსტად იმან მიღალატა, ვინც გულზე ვერცხლისფერი სიმებით მივიბი, ზუსტად იქ წავიქეცი, სადაც გზა საგანგებოდ მოვასწორე და იქ წამოვდექი, სადაც ყველაზე ღრმა იყო უფსკრული! არადა, რამდენის იღბალია ასეთი, თანაც ზაფხულის მზეების შემდეგ, როცა ცხოვრება ტანში თბილ ამბებს გვისახლებს და მერე, შემოდგომის ამინდებში ცივი დედამდინარისკენ მიგვარბენინებს რომ ჩვენი აბობოქრებული ამბები მის ჩქეფებში ჩაკარგოს, გამოგვაშვებინოს სხეულიდან თვეობით ნატარები მდინარე-ამბები და ასე შეგვახსენოს რომ შემოდგომის ტალღები ჩვენი მარადიული განაჩენია. ჰაერი ეს ფანჯარა დიდი ხნის წინ დაიხურა. მას შემდეგ, რაც ზღაპრების მოყოლა დავასრულე და რეალურ ამბებში შევაბიჯე. მას შემდეგ, რაც შვილები გაიზარდნენ და საკუთარი ცხოვრება დაიწყეს, – საკუთარი წიგნები აღმოაჩინეს და საკუთარი ფილმები, ხოლო დედის ზღაპრები გულის კუნჭულში დამარხეს და გადაივიწყეს. ვსხედვართ ყველა ერთ ოთახში და ვამჩნევთ რომ ჰაერი დამძიმდა, ერთდროულად ირევა ერთმანეთში კეთილი ტყუილები და მკაცრი სიმართლე. ვსხედვართ ყველა ერთ ოთახში და ვამჩნევთ, როგორ დამძიმდა ჰაერი, როგორ დამძიმდა ეს ნაცხოვრები ჰაერი და როგორ შეგვცვლიდა ყველას ფანჯრის გამოღება, ფანჯრის ერთადერთხელ გამოღება და გადახედვა იმ დედამიწისკენ, რომელსაც წარსულის გემო აქვს, რომელიც ელოდება ფანჯრიდან გაშვებულ სუფთა ქაღალდის მტრედებს და სჯერა რომ თუ შევიყვარებთ, ჰაერთან ერთად ზღაპრის გემოც დაგვიბრუნდება. ირონია არადა ისეთი უშნოა ეს ცხვრებით დასახლებული სამოთხე, აღარ ვიცი, რა მოვუხერხო ჩემს მხედველობას. დადიან ცხვრები, სიჩუმეს და სუნს ერთმანეთში ურევენ და ხანდახან ერთმანეთიც ერთმანეთში ერევათ. მე კი რა ვქნა, როცა გაზრდილი შემოვედი ამ ფარაში, ვლაპარაკობ, მაგრამ ვის რას გავაგებინებ. გამარჯობათ, ცხვრებო, არც კი იცით, რომ შესაძლებელია გასცუროთ მდინარე და ყველა ჭუჭყი მდინარეს გაატანოთ, და ყველა სირცხვილი მდინარეს გაატანოთ, და ყველა უსიტყვობა მდინარეს გაატანოთ, ისეთი მიმტევებელია მდინარე! გამარჯობათ ცხვრებო, სანამ თქვენ ძოვდით, მე ვისწავლე დუმილის დამარცხება, მე ვისწავლე შიმშილის დამარცხება, მე ვისწავლე სიამის დამარცხებაც და ახლა, როცა გარედან გიყურებთ, როცა ფარაში მდგომი მაინც გარედან გიყურებთ შეგიძლიათ ბალახივით ღეჭოთ ჩემი ირონია. ზღვა აი ჩემი სიყვარული, სამშობლოდ დაბადებული სიყვარული, წინაპრის ძვლებით შემოღობილი სიყვარული, წინაპრის ლეგენდებით ნაკვები სიყვარული, მუხის ფოთლებით ავსებული სიყვარული მუხის ფოთლებივით მოშრიალე სიყვარული, ორ დიდ მუჭაში ჩავტიე და ტალღებს მივანდე. აი, გულიდან გამოვდევნე ყველა მდინარე, აი, ბაგიდან გამოვდევნე ყველა მდინარე, აი, ხსოვნიდან გამოვდევნე ყველა მდინარე და ზღვისაკენ ვუკარი პირი! ზღვა იქცა ჩემი მოთმინების უხმო მსაჯულად და დიდ მეგობრად, მენდობა და გულამდე მიშვებს, მეც, ასე სადა, ცარიელი და გარუჯული ვკოცნი მის კაბას და ტუჩებზე მეკრობა ქვიშა, და ვწვები მისი გულის ფსკერზე, და ვეძებ ჩემი სამშობლოს საზღვრებს და ვიბრუნებ წართმეულ მიწას ნიჟარის სუნთქვად, ხავსის სუნთქვად, და ასე თხემით ტერფამდე მტკივა ძველი ტანი და ძვლები მეწვის. აი ჩემი სიყვარული. აი ჩემი მოთმინება. ზღვას ქვიშად ჰქონდეს. წასვლა სამოგზაუროდ ალბათ წავალ გაზაფხულზე სამოგზაუროდ. იქნება წვიმიანი დილა, როგორც იცის ხოლმე გაზაფხულმა – წვიმით დაიწყებს და მზით და ვარსკვლავებით გააგრძელებს. ამოვალაგებ წარსულს ჩანთიდან. (ადგილს გავანთავისუფლებ ახალი ამბებისთვის), მაჯაზე დავიხვევ ყოველ მოგონებას, რაც კი უცხო ქვეყნებთან მაკავშირებს – ყოველი ქუჩის და ყოველი სანაპიროს სურნელს, ყოველ სასიყვარულო ისტორიას, ყოველ ღალატით დამთავრებულ მეგობრობას, ყოველ წუთს, რომელშიც სუვენირები შევიძინე, ან მოსაკითხი ბარათები მეგობრებისთვის, მაჯაზე დავიხვევ და უხილავი საათივით გავუფრთხილდები, იწიკწიკოს. არ მოვიხსნი. თან წავიყოლებ. ჩავალაგებ ჩანთას ხელახლა: ჩავდებ ცხოვრების გამოცდილებას, ცვალებადი ამინდების შეგუების უნარს, ცოტა აღტაცებას, ცოტა გულგრილობას, ცოტა ცნობისმოყვარეობას, ღია გულს და გაფართოებულ თვალებს, – მოკლედ რომ ვთქვა, სიცოცხლის სიყვარულს! და სანამ ჩანთას შევკრავ თმაზე სავარცხელს გადავისვამ, წვიმიან ამინდს გავხედავ და ვიტყვი: – რა კარგია, რომ ასე გგავარ გაზაფხულო – წვიმით ვიწყებ და ცნობისმოყვარე ვარსკვლავებით ვამთავრებ. © არილი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა