Jump to content
×
×
  • Create New...

ლია სტურუა – მუდმივი ექსპოზიცია და სხვა ლექსები


Recommended Posts

  • ფორუმელი

http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/03/lia-sturua-35-700x524.jpg

იქნები სადამდე?

ტკივილი რომ გათავდება

და შვების მომენტი დადგება,

ძალიანაც ნუ გაიგრძელებ!

მოგენატრა რძეში ჩამხობილი

მარწყვის ჟრუანტელი,

ნელთბილი ყურადღება კი არა,

ინტერესის გავარვარებული მზე!

მაგრამ შენი ნაცნობი კაცები

რუსთაველზე ხეებივით დგანან

(ასეთი შეღავათიანი რეინკარნაცია)

და ალერგიული კენწეროებიდან გაფრთხილებენ:

– ილუზიასთან თამაში

მკაცრი რეალიზმით თავდება,

რაც გინდა ქვიშის საათები

ჩაიმტვრიო თავში,

რძის ბოთლები მკერდში,

დრო კი დგას, მაგრამ

დაბუჟებული ფეხებიდან ჭიანჭველები

გულთან აღარ ადიან,

როცა ვინმე მოგეწონება…

იქნები მანამდე, სანამ

შეგიძლია აუღლო ზმნა:

მე მტკივა, შენ გტკივა, და თუ მას აღარ ტკივა,

ამ შემთხვევაში არავითარი მეტაფორა!

გრამატიკა გაბატონდება

 

მუდმივი ექსპოზიცია

ასე დამხატა –

ბუნდოვანი მიწა ფეხქვეშ,

ცა აშკარა. თოვლის ან წვიმის აქსესუარი

აღარ მჭირდება მის დასანახად,

რეისების რეალიზმი ხელშესახებად.

ეს მე მეშინია, რომელიმე სული

ზედმეტად არ გამოვქაჩო

და ასიმეტრიით გამოწვეული ნევროზი

არ დამატყდეს თავზე,

მავიწყდება, რომ დახატული ვარ,

მნახველებმა, კიდევ, რეფლექტორი

ჩამირთეს მუცელში

ელექტრობას თავისი კანონები აქვს,

დაუკითხავად ვერ მოუკვდები…

და ჩემმა ხასიათმა

ამ გამათბობელთან შეთანხმებით

მოკლე ჩართვა რომ გამოაგდოს?

მუზეუმის ქრესტომათიულ მუცელში

ნამდვილ ცეცხლს ვინ დაუშვებს

და ხანძრის დეკორაციას ააშენებენ

იქ ვერმოხვედრილები,

მე კედლიდან ჩამომიყვანენ,

ზეთის საღებავი მეტკინება

ამდენმა მისტიკამ, იქნებ,

წვიმაში გასვლაც იგულისხმოს,

ყველაზე სქელ მონასმებში

ალუბლის ყვავილების ჩაკვეხება

და ისევ კედელზე დაბრუნება,

მაინც, კარგი მხატვრის დახატული ვარ

 

* * *

როცა ისეთ ცას ეხები,

რომ ხელებზე

ლურჯი საღებავი გრჩება,

ამაში იმდენი ღმერთია,

სიტყვით ვერ ჩაერევი,

მარტო პიეტეტით, რომელიც

გაგღუნავს და ჰიმნოგრაფიაში ჩაგდებს,

სადაც ყველაფერი აშენებულია:

ქარი – ხეების ხერხემალზე,

ღმერთი – მინანქრის სახედარზე,

ლექსი – ურითმო ჰარმონიაზე…

ეს – ჩემი ურითმობა აბუჟებს კბილებს,

ყურის ნიჟარებს, სადაფს გააცლის

და ორკესტრის ორმოებად აქცევს…

დანარჩენი ლურჯი რაღას მოვახმარო?

ინტიმურ ლირიკას?

არიან ბედის ნებიერები,

ამ საღებავს პირზე ისვამენ

და სიტყვებს უყვართ

ჩემისთანებს ქარსა და წვიმაში

უფრო უმართლებს.

როცა ღმერთი სევდიანია…

 

* * *

სანამ ცხოვრება თავგადასავალია

და არა ავტობიოგრაფია,

ქაღალდის გემოთი პირში,

სანამ გყავს კაცი, რომლის მხრებიდან

გეზრდება ხელები (იხ. ტექსტი ჩემი

მცენარეული წარმოშობის შესახებ)

თუ არ მიჯერებენ, ვაყვირებ ამ ტექსტს,

თორემ, აბა, საიდან ლექსი?

აქეთ-იქით ეპითეტები,

შუაში, კუზივით, მეტაფორა

რა თავგადასავლებს ინახავს?

პადაგრით დათრგუნულს,

თუ ჰეგზამეტრით წაქეზებულს?

დავიწყებული სამშობლო

მოსალოდნელზე ვიწროა, ჩემი ხე მოჭრეს,

საიდანაც აყვავებული ხელები ამომდიოდა,

კი, გარშემო გონიერი კონსტრუქციები,

სიყვარულის ინსტრუმენტები, მაგრამ

არავინ ისეთი, ქონგურებიან გვერდებში

რომ ჩავეზარდო და არ იყოს ზღვარი,

არც წერტილი!

მსგავსი პორტრეტები აღარ იხატება!

უფრო ჯგუფური ფოტოები ინტერიერში

ამ სქემაში ვერ ეწერები?

წადი, სადმე გზისპირას აყვავდი,

რომელიმე ხე დაგამტვერიანებს

ყოველგვარი ემოციის გარეშე,

შეიძლება, რაღაც შეუხედავი

ბუჩქიც კი გააჩინო,

მაგრამ არც ერთი კაცის მხრებიდან

აყვავებული ხელები აღარ ამოგივა.

 

სამამულო და სხვა ომები

საშაქრე მიტყდება და გაჭრილი თითებიდან

ფაიფურის ფრჩხილები ამომდის –

პატარა შიდა ომებისთვის,

კალიგრაფის ხელწერით შეტანილებისთვის

ოჯახურ ანალებში

კიდევ, სისხლი და ყურძენი თანაბრად,

შიგადაშიგ, ასიმეტრია –

ამ ქვეყანას ტაძრის პრინციპით

აშენებდნენ…

მე რომ ფაიფურის ომები წავაგო,

გენეტიკა ისეთ სამამულოს ამომიგდებს,

სადაც მიწის თითო სანტიმეტრი

თითო ბავშვია!

საბავშვო ბაღები და საჯარო სკოლები

ვერცხლის ხერხემლით არიან,

როგორც მთვარე და რძე

ამასაც შეჭამს და

სამართლიანი ომის სტატუსს მიიღებს.

ობიექტურ სიმართლეს, ზოგჯერ,

ოთხი კედლის ხასიათი აქვს:

სულ ცდილობს, საქციელი არ ჩამადენინოს,

მაგ. საშაქრეები ვამტვრიო

და სიტკბოზე ბავშვები მოვიდნენ,

ჰარმონიაში ივარჯიშონ,

მაღალ დო-ს მიწვდნენ!

უკედლობაც ტაძრის პრინციპით

შენდება…

 

* * *

მივდივარ. ბნელა აქაც და იქაც,

მაგრამ იქ დამხვდებიან: თუნდაც, ის,

კბილები რომ ჩაუმტვრიეს

და ოქროსი ჩაისვა. როგორ ანათებს!

იმასაც, ავტობუსმა კედელზე რომ

მიასრისა, წითელი გეორგინები

უვარდება მუცლიდან, ქმარი ყოყმანობს,

ცაში ოჯახი არ გამოდის,

ყველა მარტო ზის,

ყველა თავის ფროიდს კითხულობს…

აბა რა ვუყო ამ გამაყრუებელ წითელს?

დედაჩემს ხმაში შუშის ნოტები უჩნდება,

მაგრამ ეს ხომ ყვავილი არაა,

ფოტოაპარატს დაუმიზნებ

და ობიექტივიდან

ვან გოგი გამოფრინდება

პოეზიამ ასეთი ჩიტებიც იცის!

მერე თავშეკავებული სამოთხე?

გიჟის პალიტრასავით ჭრელი ჯოჯოხეთი?

მიკერძოებული მკითხველი

სუფთა შუბლებით მიტევს, „ტაბულა რაზებით“.

რა დავაწერო ზედ?

რომ ტყუილი სამშობლოა?

დამიჯერებენ?

 

სიცხე

პირქვე ჩავემხეთ ივლისში

სიცხე 2020!

ვგავართ ერთმანეთს: ორი ხელი,

ორი ფეხი, ანთროპოლოგიური ტიპი

საერთო, ოღონდ, იმას

სხვა ნახატი აქვს შუბლზე,

ძვირადღირებული ფლომასტერებით,

მე – მუქთი გრაფიკა

იძულებით დავარცხნილი ნერვების.

შავ-თეთრ ზაფხულს ვინ დაინახავს?

წითელი ფლომასტერი თუ არ მათხოვეს,

ან სისხლი არ გამოვიდინე

(ჰემოგლობინი, მაინც, მაღალი მაქვს)

და ეს გამოწვევა თვალწინ არ ვუფრიალე

დალაგებულ ადამიანებს. გამოვიდნენ არენაზე!

მათ თავისი კანონები აქვთ – კონსტიტუციური,

მე – ვერსიფიკაციული, ბოლო მუსიკა –

შავი ონკოლოგიური თავებიდან

მარწყვის ბუჩქების ამოყვანა,

რამდენიმე ნერვიული ლექსი,

მაგრამ ჩემს ანტაგონისტს

უკვე სერიოზული რუკა ახატია შუბლზე,

მე – ბემოლებით მოპირკეთებული სამშობლო.

 

© არილი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   298 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 298 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(3)