Guest Merlin Posted 14 მარტი, 2021 Posted 14 მარტი, 2021 ჩვეულებრივ დიდ მარხვაში უნდა შევიკავოთ თავი ხორცისა და ხორცის პროდუქტებისაგან, ყველისა და რძის პროდუქტებისაგან, კვერცხისა და თევზეულისაგან. http://www.ambioni.ge/files/sioni-2.jpg არ არის დაშვებული ღვინისა და სხვა სპირტიანი სასმელების დალევაც. კარგი იქნება თუ ვისარგებლებთ დიდი მარხვის საერთო შემართებით და დავთმობთ სიგარეტს და სხვა მავნე ჩვევებს. დამწყებთათვის სასურველია, რომ მთელი მარხვის განმავლობაში არ მიიღონ ხორცი და ხორცის პროდუქტები, თავი შეიკავონ ღვინისა და სხვა სპირტიანი სასმელებისაგან. რძის პროდუქტები და კვერცხი შეუძლიათ მიიღონ გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, რომელთა სრული მარხვით დაცვა კარგი იქნება. ვინც პირველად აპირებს მარხვის შენახვას და ვისაც სურს მარხვის გამკაცრება, უნდა მიმართონ მოძღვარს რჩევა-დარიგებისა და ლოცვა-კურთხევისათვის. თუ ავადმყოფობისა და სხვა მიზეზთა გამო არ შეუძლია სრული მარხვის შენახვა, მიმართოს მოძღვარს და ის შეურჩევს მარხვის უვნებელ ზომას. დიდი მარხვის პირველი შვიდეული განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა. ჩვეულებრივ საკვები უზეთოდ მზადდება და მცირდება მისი მიღების რაოდენობა. დამწყებთათვის საკმარისია სრულად დაიცვან მარხვა, ყოველგვარი გამკაცრების გარეშე. დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათიდან ხუთშაბათამდე დიდი მწუხრის შემდეგ იკითხება წმ. ანდრია კრიტელის სინანულის კანონი. დიდი მარხვის ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს სრულდება პირველშეწირულის ლიტურგია. სხვა სადაგ დღეებში წირვა არ ტარდება. დიდმარხვის I შაბათს აღინიშნება ხსენება წმ. დიდმოწამე თეოდორე ტირონისა. ამ დღეს ტაძრებში იკურთხება კოლიო. წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის აღსრულებიდან 50 წლის შემდეგ იმპერატორმა იულიანე განდგომილმა, რომელსაც სურდა დიდმარხვის ჩაშლა, პირველ შვიდეულში გასცა ბრძანება, რომ ყოველდღე, მთელი კვირის განმავლობაში, ესხურებინათ ნაკერპავი სისხლი ყველანაირ სურსათ-სანოვაგეზე, რომელსაც ბაზარში გამოიტანდნენ. ამ დროს წმ. თეოდორე გამოეცხადა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსს და მოუწოდა მას ეცნობებინა ყოველი ქრისტიანისათვის, რათა მათ არ ეყიდათ ბაზარზე გამოტანილი შებილწული საკვები და ეჭამათ მხოლოდ კოლიო, ანუ თაფლით შეზავებული მოხარშული ხორბალი. ამ მოვლენის აღსანიშნავად მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის პირველ შაბათს აღასრულებს წმიდა თეოდორე ტირონისადმი სავედრებელ კანონს და აკურთხებს კოლიოს (წანდილს). ამ დღეს სრულდება იოანე ოქროპირის წირვა. დიდი მარხვის I კვირას აღინიშნება მართლმადიდებლობის ზეიმი, დღე როდესაც საბოლოოდ გაიმარჯვა მართლმადიდებლობამ და დაიგმო ხატმებრძოლობა. სრულდება ბასილი დიდის წირვა. შაბათსა და კვირას მკაცრი მარხვა არ შეიძლება. დასაშვებია ცოტაოდენი ღვინის შესმა. დიდი მარხვის II, III და IV შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეებია. იკურთხება საკურთხი. სრულდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა. დიდი მარხვის II კვირას ვიხსენიებთ წმიდა გრიგოლ პალამას, თესალონიკელ ეპისკოპოსს. სრულდება ბასილი დიდის წირვა. III კვირას ჯვარის თაყვანისცემის კვირა ეწოდება. ამ დღეს შუა ტაძარში დაესვენება ცხოველსმყოფელი ჯვარი და მისი საპატივცემო წირვა-ლოცვა აღევლინება. სრულდება წმ. ბასილი დიდის წირვა. 25 მარტს (ახალი სტილით 7 აპრილს) აღინიშნება ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ხსნილია თევზითა და ღვინით. დიდი მარხვის IV კვირას არის ხსენება ღირსისა მამისა იოანე კიბისაღმწერელისა, რომელმაც აღწერა სათნოებათა კიბე აღმავალი ზეცად. სრულდება წმიდა ბასილი დიდის წირვა. დიდი მარხვის V შაბათს დაუჯდომლის შაბათი ეწოდება. ამ დღეს იკითხება ღვთისმშობლის დაუჯდომელი გალობა, რომელიც დაწესებულია მოსახსენებლად კონსტანტინეპოლში აღვლენილი საყოველთაო და გულმხურვალე ლოცვისა, რომელიც შეისმინა დედამ ღვთისა და მისი შუამდგომლობით შეწყდა ღვთის რისხვა. სრულდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა. დიდი მარხვის V კვირას ვიხსენებთ ღირს დედა მარიამ მეგვიპტელს, რომელიც თავდაპირველად უწმინდური და თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ ღვთის მადლითა და ღვთისმშობლის შემწეობით ირწმუნა ღმერთი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი წმიდანი გახდა. სრულდება წმიდა ბასილი დიდის წირვა. VI შაბათს ლაზარეს შაბათი ჰქვია. ამ დღეს ვდღესასწაულობთ მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას (წაიკითხეთ იოანეს სახარების მე-11 თავი). ტარდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა. ხსნილია თევზითა და ღვინით. VI კვირა – ბზობაა, ანუ იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ტაძრებში იკურთხება ბზა. ხსნილია თევზითა და ღვინით. სრულდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა. დიდ მარხვას მოსდევს ვნების შვიდეული. მარხვა კვლავ უფრო მკაცრი ხდება, განსაკუთრებით დიდ პარასკევს – იესო ქრისტეს ვნებათა ხსენების დღეს. დიდი ორშაბათიდან დიდ ხუთშაბათამდე ტაძარში იკითხება ოთხივე სახარება მთლიანად. ორშაბათიდან ოთხშაბათამდე სრულდება პირველშეწირულის ლიტურგია, დიდ ხუთშაბათს წმიდა ბასილი დიდის წირვა. ხუთშაბათის შემდეგ აღარ ითქმის ეფრემ ასურის ლოცვა. „მახარებელი“ №7 ჭულევის მონასტერი, 2001 წ. წყარო: http://www.orthodoxy.ge Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა