Jump to content
×
×
  • Create New...

ფსიქიატრი თუ ფსიქოთერაპევტი – ვის უნდა მივმართოთ?


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

რამდენად გავრცელებულია მენტალური პრობლემები? როგორ უნდა ვმართოთ ისინი? რა შედეგები მოაქვს დაავადების იგნორირებას ან მკურნალობის გადავადებას? ვის უნდა ვთხოვოთ დახმარება? რა მეთოდებით მკურნალობენ ადამიანებს ფსიქიატრები? ფსიქოთერაპევტები? რა არის CBT და რით განსხვავდება იგი ტრადიციული ფსიქოთერაპიისგან? ამ და სხვა კითხვებს სტატიაში ვუპასუხებთ.

10 მარ, 15:36
 
tbl.ge/5gfh
დაკოპირდა

2017 წლის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 10.7%-ს ერთი ან მეტი მენტალური პრობლემა აწუხებს. ამ ტიპის დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებული შფოთვითი აშლილობაა, რომელსაც დეპრესია, ალკოჰოლიზმი, ნარკოდამოკიდებულება და ბიპოლარული აშლილობა მოჰყვება. 

ისედაც მძიმე სიტუაცია ბოლო 1 წლის განმავლობაში კიდევ უფრო დამძიმდა. კორონავირუსის პანდემიამ არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ ფსიქოსოციალური კრიზისიც დაგვატეხა თავს. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30%-ზე მეტი ეპიდემიასთან დაკავშირებული დეპრესიით ან შფოთვითი აშლილობით იტანჯება.

იგნორირებულ მენტალურ პრობლემებს ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება შეუძლიათ. ხშირად ამ პრობლემებით დატანჯული ადამიანები გამოსავალს ალკოჰოლში, ნარკოტიკულ თრობასა და სხვა თვითდამაზიანებელ აქტივობებში ხედავენ. მენტალური პრობლემების უგულებელყოფა დროთა განმავლობაში მდგომარეობის გაუარესებას იწვევს, ამიტომ, დახმარების დროულად თხოვნა გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. 

მკურნალობის ეფექტურობაზე სტატისტიკაც მიუთითებს. მაგალითად, შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, დეპრესიით დაავადებულთა 80%-ის მდგომარეობა მკურნალობის დაწყებიდან 4-6 კვირაში უმჯობესდება, იმის მიუხედავად, თუ რას მოვიაზრებთ მკურნალობაში – ფსიქოთერაპიას, მედიკამენტებს თუ მათ კომბინაციას. 

თუმცა, დახმარების თხოვნასა და მკურნალობის დაწყებას თან სირთულეები ახლავს. მაგალითად, ვის უნდა მივმართოთ? ალბათ, გვსმენია, რომ ამ პრობლემებზე ფსიქიატრები და ფსიქოლოგები მუშაობენ, მაგრამ რა მეთოდებს იყენებს თითოეული მათგანი? რომელია ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი? წამლები უნდა ვსვათ თუ სავარძელში მოკალათებულმა საკუთარი ბავშვობა გავიხსენოთ? როგორც ყოველთვის, პასუხები ინდივიდუალურ შემთხვევებზეა დამოკიდებული. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობა, სიმპტომები, მკურნალობის მიზანი და პიროვნული შეხედულებებიც კი. 

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრები და ფსიქოთერაპევტები იმ საერთო მიზანს ემსახურებიან, რასაც პაციენტის გამოჯანმრთელება ჰქვია, მათ შორის არსებითი განსხვავებებია.

 

განათლების მიმართულება, ხანგრძლივობა და მოთხოვნილებები განსხვავებულია

იმისათვის, რომ კანდიდატი საქართველოში სერტიფიცირებული ფსიქიატრი გახდეს, თავდაპირველად, 6-წლიანი საბაკალავრო პროგრამა უნდა დაასრულოს და დიპლომირებული მედიკოსის(MD) სტატუსი მოიპოვოს. ამის შემდეგ მან ფსიქიატრიის რეზიდენტურაში 3 წელი უნდა გაატაროს, სადაც უშუალო შეხება ექნება მენტალური პრობლემების მქონე პაციენტებთან. რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ კანდიდატს ფსიქიატრის სასერტიფიკაციო გამოცდა ელის, რომლის წარმატებით ჩაბარების შემდეგაც მას დამოუკიდებლად მუშაობის ლიცენზია მიეცემა. 

ფსიქიატრისგან განსხვავებით, ფსიქოთერაპევტს დიპლომირებული მედიკოსის სტატუსის ქონა არ მოეთხოვება. როგორც წესი, ფსიქოთერაპევტები ფსიქოლოგის ბაკალავრის ხარისხს ფლობენ, თუმცა, ფსიქოთერაპიის ქართული საზოგადოება "დენდრონის" მიხედვით, დასაშვებია ბაკალავრის ხარისხის სხვა მეცნიერებებში მოპოვებაც, როგორიცაა მედიცინა, სოციალური მეცნიერებები და ა.შ. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ კანდიდატი ვალდებულია, გაიაროს პოსტდიპლომური ფსიქოთერაპიული განათლების კურსი, რომელიც, როგორც წესი, 4 წელიწადს გრძელდება და ფსიქოთერაპევტული საქმიანობის ლიცენზიის აღებით სრულდება. 

 

კიდევ უფრო განსხვავებულია მკურნალობის მეთოდები

საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფსიქიატრებიცა და ფსიქოთერაპევტებიც აქტიურად მიმართავენ თერაპიას, რაც პაციენტის მოსმენას, საკვანძო კითხვების დასმას, მათი მდგომარეობის შეფასებასა და ავადმყოფობის ისტორიის შედგენას გულისხმობს. 

განსხვავება მკურნალობის მეთოდებშია. ფსიქიატრები, პირველყოვლისა, ექიმები არიან და კარგად ერკვევიან ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებში. ამიტომ, კონკრეტული დიაგნოზის დასმამდე, ისინი ხშირად მიმართავენ ე.წ. გამორიცხვის მეთოდს, რაც სხვა, პოტენციური დაავადების გამორიცხვას გულისხმობს. მაგალითად, ფსიქიატრები თავიანთ პაციენტებს ხშირად სთხოვენ ენდოკრინოლოგიური გამოკვლევების ჩატარებას, რადგან მენტალური პრობლემების გამოწვევა ჰორმონალურ დარღვევებსაც შეუძლია.

მას შემდეგ, რაც ფსიქიატრი დეპრესიის, შფოთვის ან სხვა ფსიქიატრიული დაავადების დიაგნოზს დასვამს, იგი პაციენტს წამლებს უნიშნავს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ექიმი. განსხვავებულ სიტუაციებში ფსიქიატრმა განწყობის, მადისა და ენერგიის მოსამატებლად, შესაძლოა, ანტიდეპრესანტები დანიშნოს. ან, განსაკუთრებულად ძლიერი შფოთვის ფონზე – დამამშვიდებელი საშუალებები. როგორც წესი, დანიშნულება კონკრეტულ პერიოდზე გაიცემა – 2 კვირიდან 1 წლამდე, ან უფრო მეტი ხნითაც. ფსიქიატრები აქტიურად არიან ჩართული მკურნალობის პროცესში – თუ რომელიმე პრეპარატს პაციენტისთვის უსიამოვნო გვერდითი მოვლენები აქვს, ერთობლივი გადაწყვეტილებით, მხარეები მის სხვა წამლით ჩანაცვლებაზე თანხმდებიან. 

შესაძლოა, ფსიქიატრის მიერ გამოწერილი მედიკამენტების კურსის დასრულების შემდეგ პაციენტს ყველა პრობლემა მოეხსნას და ჯანმრთელ ცხოვრებას დაუბრუნდეს ან მისი მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდეს, რომ ექიმმა მას წამლებით მკურნალობის ნაცვლად თერაპიის გავლა შესთავაზოს და ფსიქოთერაპევტთან გადაამისამართოს. 

ფსიქოთერაპევტები ადამიანის ქცევებს, ფიქრებს, ცხოვრების წესსა და კოგნიტურ აპარატს აკვირდებიან. როგორც წესი, თერაპიული მკურნალობა 45-55 წუთიან სეანსებად მიმდინარეობს, კვირაში ერთხელ ან რამდენჯერმე. სეანსების დროს ფსიქოთერაპევტი ეცდება, პაციენტის ფსიქოტიპი შეისწავლოს, მის ფიქრებს, ქცევებს, ცხოვრების წესს, ძილისა და კვების რეჟიმებსა და სხვა დეტალებს დააკვირდეს, რაც მათ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებათ. 

ფსიქოთერაპიაში რამდენიმე განსხვავებული მიმართულება არსებობს, რომელთაგან ორი განსაკუთრებით პოპულარულია: 

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია(CBT)

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების მიხედვით, CBT ორ ძირითად დაშვებას ეფუძნება:

  • ადამიანის ქცევა და ემოცია გავლენას ახდენს მის აზრებზე
  • ადამიანის აზრები განსაზღვრავს მის ემოციებსა და ქცევას 

"ის, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს და როგორ ინტერპრეტაციას უკეთებს გარკვეულ მოვლენას ადამიანი, განაპირობებს იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც უყალიბდება მას ამა თუ იმ მოვლენის მიმართ". – განმარტავს ფსიქოთერაპევტი ნატო სარჯველაძე.

ფსიქოლოგის თქმით, ეს ემოციები, თავის მხრივ,  დაკავშირებულია გარკვეულ აზროვნებით და ქცევით პატერნებთან. დეპრესიის ფონზე, როდესაც ხდება საკუთარი თავის ნეგატიურად შეფასება, აზროვნებითი პროცესები ხდება რუმინაციული. ამ დროს ადამიანის ფიქრები მუდმივად უბრუნდება წარსულის მოვლენებს და ცდილობს მათ განმეორებით გადამუშავებას – "რატომ დამემართა ეს მე? ასე არ უნდა მოვქცეულიყავი! უკეთ უნდა გამეთვალა სიტუაცია..". ამგვარი რუმინაციული აზროვნება დაკავშირებულია ნეგატიურ ემოციებთან და დეპრესიულ განწყობასთან. რაც უფრო ღრმავდება დეპრესიული მდგომარეობა, მით უფრო რუმინაციული ხდება აზროვნება, რაც, თავის მხრივ, აღრმავებს დეპრესიას. შედეგად კი მანკიერ წრეს ვიღებთ.

CBT-ის პროცესში თერაპევტი პაციენტს, წინასწარ გაწერილ და საერთაშორისოდ აღიარებულ პროტოკოლზე დაყრდნობით, საკუთარ ფიქრებზე კონტროლის დაბრუნებაში ეხმარება, რეალობასა და წარმოდგენებს შორის განსხვავების დანახვას ასწავლის, რაც, საბოლოოდ, პაციენტის ქცევებში უნდა აისახოს. ჯანსაღი ქცევები კი ჯანსაღ ფიქრებს ბადებს და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში CBT-ის ერთი კურსი 12-15 სეანსს გულისხმობს. 

ანალიტიკური, ე.წ. იუნგიანური თერაპია

ფსიქოთერაპიის ამ ტიპს იდეალურად ასახავს პოპკულტურაში გავრცელებული იკონური სიტუაცია, სადაც პაციენტი ფსიქოლოგის ოთახში, დივანზეა წამოწოლილი და საკუთარ პრობლემებზე საუბრობს. ამ ტიპის თერაპიის პროცესში ფსიქოთერაპევტი ეცდება ადამიანის წარსულს გაეცნოს, იმ მოვლენებს ჩაუღრმავდეს, რომლებსაც პაციენტის ფსიქიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს. საბოლოოდ იუნგიანური პრაქტიკის მიმდევარი თერაპევტის მიზანია, პაციენტს საკუთარი თავი გააცნოს, გაააზრებინოს ის პრობლემები, ტრავმები და მოგონებები, რომლებიც დღეს გამოვლენილი პრობლემების საფუძვლებია. როგორც წესი, ანალიტიკური ფსიქოთერაპია ბევრად ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე CBT. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ამ მეთოდს წლების განმავლობაში იყენებენ.

მიუხედავად განსხვავებებისა, ორივე მეთოდი საერთაშორისოდ აპრობირებული, გავრცელებული და წარმატებულია. მკურნალობის დაწყებისას ყველაზე მნიშვნელოვანი ისეთი თერაპევტის შერჩევაა, რომელთანაც პაციენტი თავს კომფორტულად და მშვიდად იგრძნობს. 

 

რომელს მივმართოთ?

თითქმის შეუძლებელია, საკუთარ პრობლემაზე დაყრდნობით "შევარჩიოთ" წამლებით მკურნალობა გვირჩევნია თუ სავარძელში მოკალათება და ბავშვობაზე საუბარი – ბოლოს და ბოლოს ამას პროფესიონალის ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. სწორედ ამიტომ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ მეთოდს ავირჩევთ დასაწყისისთვის. ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების ერთ-ერთი მოვალეობა ისიცაა, რომ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ, პაციენტს შესაბამისი მკურნალობის გზა შესთავაზონ. მაგალითად, თუ თქვენი პრობლემის გამო ფსიქიატრთან მიხედვით, სავსებით შესაძლებელია, რომ მან, თქვენი მოსმენის შემდეგ, აგიხსნათ, რომ მედიკამენტები არ გჭირდებათ, ფსიქოთერაპევტთან გადაგამისამართოთ. თანაბრად სავარაუდოა საპირისპირო სცენარიც. 

ყველაზე მნიშვნელოვანი მკურნალობის დაწყებაა, სწორ მიმართულებას კი პროფესიონალები გირჩევენ. ამის მიუხედავად, არსებობს რამდენიმე ტიპის პრობლემა, რომლისთვისაც წინასწარ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომელი მეთოდი იქნება შესაფერისი:

  • თუ გსურთ, რომ კონკრეტული პრობლემა ადამიანთან პირისპირ საუბრით მოაგვაროთ, თქვენს გრძნობებსა და განცდებზე ისაუბროთ, დაგროვილი ბრაზი ან სევდა გამოათავისუფლოთ, მაშინ, ალბათ, ჯობს იუნგიანელი ფსიქოთერაპევტით დაიწყოთ.
  • თუ ფიქრობთ, რომ თქვენი სიმპტომები გაუსაძლისია და ყოველდღიური აქტივობების შესრულებაც კი უდიდეს სტრესს იწვევს, სავარაუდოდ, მწვავე ფონის მოსახსნელად მედიკამენტების კურსი დაგჭირდებათ და ჯობს, ფსიქიატრთან გაიაროთ კონსულტაცია.
  • თუ მენტალურ სტრესს ოჯახთან, საყვარელ ადამიანთან ან მეგობართან გაუარესებული ურთიერთობა იწვევს, სავარაუდოა, რომ მისი მოგვარება წამლების გარეშე, ფსიქოთერაპიითაც იქნება შესაძლებელი.
  • თუ შფოთვის ან დეპრესიის სიმპტომებს უჩივით, მაგრამ გამოვლინება ძალიან მწვავე არ არის, შეგიძლიათ CBT სცადოთ. 
  • თუ საქმე ისეთ მძიმე დაავადებებს ეხება, როგორიცაა შიზოფრენია ან ბიპოლარული აშლილობა, თავდაპირველად, აუცილებლად ფსიქიატრით უნდა დაიწყოთ. 

და ბოლოს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მენტალური პრობლემების იგნორირება და მკურნალობის გადავადება სიტუაციას მხოლოდ აუარესებს. რაც უფრო მალე დავიწყებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ფიქრს, მით უფრო მარტივი იქნება სიტუაციის მართვა და გამოჯანმრთელება, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს დიაგნოზი. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმაა, მკურნალობის მეთოდს კი პროფესიონალები შეგირჩევენ. 

Share on other sites

  • ფორუმელი

გიორგი ბერულავა ძაან კარგი ფსიქიატრია.

თუ ვინმეს დაგჭირდებათ კონსულტაცია, ვუწევ რეკომენდაციას.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share