Guest Merlin Posted 12 მარტი, 2021 Posted 12 მარტი, 2021 ავტორი: მაია ბლიაძე, გეოგრაფიის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის განათლებაზე კოვიდპანდემიამ არა მხოლოდ გავლენა მოახდინა, არამედ რადიკალურად შეცვალა იგი. მაშინაც კი, როცა საბოლოოდ გამოვალთ ამ სიტუაციიდან, სავარაუდოდ, ვერაფერი ვეღარ დააბრუნებს პედაგოგიკას წინანდელ ფორმატში. საინტერესოა, რა გველის მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში? შევეცდები მოკლედ მიმოვიხილო რეალობა და პერსპექტივები. ეფექტიანი სწავლება – როგორია ის ახლა? კრიზისმა გვაიძულა გადაგვეხედა ან შეგვეცვალა ის საფუძვლები, რომელზეც იდგა განათლება. ტექნოლოგიების სწავლებამ, რომელიც მომავლის განათლების ფორმად მოიაზრებოდა, ასევე შეიცვალა თავისი პირვანდელი არსი და დანიშნულება. ამიტომ საჭიროა დავუბრუნდეთ გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზანთან, რომელიც გულისხმობს ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფას და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნას ყველასათვის. ამ მიზნის შესაბამისად, 2030 წლისათვის მდგრადი განვითარების ფუნდამენტი განათლების თანასწორობის შესაძლებლობა გახდება: ხარისხიანი განათლება მიღწევადი უნდა იყოს ყველა სოციალური ფენის ბავშვებისთვის. არსებობს მითი, რომ ტექნოლოგიები სწავლების ყველაზე მოწინავე ინსტრუმენტია. ის განსაკუთრებით გაძლიერდა და დიდი როლი დაეკისრა პანდემიის დროს, როცა მსოფლიოში თითქმის ყველა სკოლა იძულებული გახდა დისტანციურ სწავლებაზე გადასულიყო. თავდაპირველად ითვლებოდა, რომ ყველა ონლაინ-რესურსი, ინტერაქტიური პანელები, ციფრული სენსორები STEAM-განათლებისთვის, კონფერენციის სისტემები და სხვა ახალი ინსტრუმენტები მასწავლებელს დაეხმარებოდა, რომ მოსწავლეებისთვის სკოლის გარეშე განათლება უფრო საინტერესოდ წარმოეჩინა. ეს საკმაოდ ფუტურისტული იდეაა. მაშინ როცა გვესმის დისტანციური სწავლება, ჩვენ წარმოვიდგენთ ვირტუალური რეალობის აღსაქმელი სათვალით მორგებულ და მეცნიერებით გატაცებულ მოსწავლეს, მაგრამ როგორც ბოლო თვეების განმავლობაში აღმოჩნდა, რეალობა სრულიად სხვაა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაციები იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა გზას მიმართავდნენ გაკვეთილებზე დასასწრებად. მაგალითად, ერთი პერუელი ბიჭუნა გაკვეთილებს რომ დასწრებოდა მშენებლობაზე დადიოდა, რადგან სახლში ელექტროენერგია არ ჰქონდა; ასევე კარგად გვახსოვს ქართველი პატარა ბიჭის, 11 წლის ალექსანდრე წოწკოლაურის ამბავიც, რომელიც სოფელ ხევისჭალაში ერთადერთი მოსწავლეა და გაკვეთილებზე დასასწრებად, ისეთ ადგილს ეძებდა, სადაც ინტერნეტი იჭერდა, ხოლო როცა მიაგნო მამასთან ერთად სახელდახელო ქოხიც ააშენა. ამიტომაც, არ შეიძლება საუბარი საყოველთაო ონლაინ-განათლებაზე, თუ ინტერნეტი ჯერ კიდევ ყველას არა აქვს. ქვეყნებში, სადაც ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემები არსებობდა, დისტანციური სწავლება მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფითა და უფრო მარტივად მიღწევადი რესურსების, მაგ; ტელევიზიისა და რადიოს აქტიური გამოყენებით შემოიფარგლა. ზოგან სადაც ინტერნეტი პრობლემას არ წარმოადგენდა, დისტანტმა სწრაფად მოიკიდა ფეხი, თუმცა ხშირად სტიქიურად და სათანადო ორგანიზაციების ჩარევის გარეშე. ბუნებრივია, შეუძლებელია რომ ამას გავლენა არ მოეხდინა პედაგოგიკაზე – სწავლების ფორმატი შეიცვალა და გახდა მონოლოგური ან ლექციური. მართალია, ეს ძალიან მოუქნელი მიდგომაა, თუმცა მოსწავლეთა დიდ რაოდენობასთან ურთიერთობის საშუალებას იძლევა. დისტანტი – საჩუქარი თუ წყევლა? თუ დისტანციურ სწავლებას ლექციებს მოვაშორებთ, მაშინ მის ამ ტიპის სწავლების საფუძვლად მხოლოდ პროექტული სწავლება დარჩება. მასწავლებელი მოსწავლებს აძლევს კვლევით სამუშაოს ან მრავალკითხვიანი ამოცანას, რომელიც დამოუკიდებლად მოსწავლემ უნდა შეასრულოს, ამოხსნას. ასეთი მიდგომა, ერთის მხრივ, შესაძლოა მოსწავლეს დაეხმაროს ნაშრომის შესრულებისას გაიხსნას, გამოავლინოს შემოქმედებითობა, კრეატიულობა და თავი აარიდოს შაბლონებს, ხოლო მეორეს მხრივ, პროექტები ადამიანისგან მოითხოვს თვითორგანიზებულობას და კონტროლს, რითაც ყველა მოსწავლე ვერ დაიკვეხნის. ამიტომ, დისტანტი ასწავლის მოსწავლეებს თვითმოტივაციას და დავალებების გააზრებულად შესრულებას. მეორეს მხრივ, დისტანტის დროს იკარგება სოციალური ელემენტი. ამიტომ საჭიროა გვახსოვდეს, რომ განათლება – არა მხოლოდ ცოდნის შეძენა-დაგროვებაა, არამედ საკუთარი კომუნიკაციური უნარების განვითარების შესაძლებლობაც. ამიტომ, სოციალური კონტაქტების გარეშე სწავლება არასრულყოფილია. გარდა ამისა, იზოლაციას შეუძლია ფსიქიკურ პრობლემების წარმოქმნაც: სიმარტოვე და სტრესი მნიშვნელოვნად მოქმედებს მოსწავლის სწავლასა და განვითარებაზე. რაც შეეხება მასწავლებელს, მისთის პანდემია არა მხოლოდ სტრესი, არამედ ასევე „გადაწვის“ რისკიცაა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა განაცხდა კიდეც, რომ თუ იგი კორონავირუსს გადაურჩებოდა და არ მოკვდებოდა, მას ონლაინსწავლება, არანორმირებული სამუშაო დღე და კოლოსალური სამუშაო დატვირთვა მოუღებდა ბოლოს. დისტანტი – ეს ხომ მხოლოდ დავალებების გაგზავნა-მიღება არაა, ის ასევე სოციალური კონსტრუქციაა, რომელიც ნეგატიურად არ უნდა ზემოქმედებდეს მის მონაწილეებზე. როგორ ვასწავლოთ ხარისხიანად დისტანციურად? დასაწყისისთვის საჭიროა განისაზღვროს მოსწავლეთა „ სტრესის“ ხარისხი და მოხდეს სწავლების დიფერენცირება, რომ ბავშვები რომლებიც ჩამორჩნენ სწავლის პროცესს კორონავირუსის შედეგების გამო, შეძლონ დაეწიონ თანაკლასელებს. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებლებმა დროებით უნდა შეცვალონ მიდგომები, ტრადიციული ტესტირება და შეფასება. შუალედური თუ შემაჯამებელი დავალებების ჩატარება ახლა უფრო რთულია. ზოგჯერ კი – შეუძლებელიც. ამიტომ, პედაგოგებს მოუწიათ და მოუწევთ იპოვონ ცოდნის შეფასების ახალი ფორმატები. თითოეულ კლასზე მორგებული შეფასების უნიკალური სისტემის შემუშავება კი, საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. ამავე დროს, იგი დიდ დროს მოითხოვს, თუმცა დაგვეხმარება მოსწავლე სასურველ შედეგამდე მივიყვანოთ. სავარაუდოდ, მომავალში მოსწავლეთა შეფასება უფრო პერსონალიზირებული გახდება. დისტანციური სწავლების პირობებში მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ჰიბრიდული სწავლებაა. ამ ფორმატში მასწავლებელს გააჩნია და იყენებს, როგორც დასწრებული, ისე დაუსწრებელი სწავლების ინსტრუმენტებს. თუმცა არის კიდევ HyFleх (hybrid flexible) – სწავლების ფორმატი, რომელიც უმაღლესი განათლების დამკვიდრებასთან ერთად გაჩნდა და დასწრებული და ონლაინ სწავლების კომბინაციაა, ამასთან ყველა მეცადინეობა ტარდება , როგორც საკლასო ოთახში, ისე დისტანციურად, თუმცა „ონლაინ სტუდენტები“ ლექციებისა და გაკვეთილების მხოლოდ ჩანაწერებს ნახულობენ. HyFlex-ში ყველაზე მთავარი ისაა, რომ არჩევანს მოსწავლე აკეთებს: იგი თვითონ წყვეტს, რომელ ფორმატში სურს ლექციის მოსმენა, ან დავალების შესრულება. ამიტომ საჭიროა, რომ მოსწავლემ და მასწავლებელმაც სწავლების ის ფორმა აირჩიონ, რომელიც მათთვის მისაღები და მარტივად გამოსაყენებელია. მაშასადამე, სწავლება ამჟამად და გრძელვადიან პერსპექტივაშიც ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული რომ იყოს, საჭიროა: როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს მივცეთ წვდომა ერთიან სისტემაზე, რომელსაც ნერგავს სახელმწიფო და სკოლა; ვაღიაროთ, რომ თითოეული მოსწავლე ამჟამად იმყოფება თავისი სწავლების უნიკალურ ეტაპზე და შესაძლოა საჭიროებდეს ინდივიდუალურ მხარდაჭერას; ოპერატიულად იქნეს შემუშავებული და განმარტებული მოსწავლეებისთვის შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც მისცემთ მათ საშუალებას თავად გააკონტროლონ საკუთარი სწავლების პროცესი და გაუჩენს სწავლის მოტივაციას; მხარი დავუჭიროთ მოსწავლეებს და მასწავლებლებს ემოციური კუთხით. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა