Jump to content
×
×
  • Create New...

ნეირონული ქსელები — ყალბი ხელოვნება თუ ხელოვნების ახალი მედიუმი?


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
0*ZhpdUvnO9t4bsf1g.png“გამვლელი მე-ს მოგონებები”. მარიო კლინჯმანი. 2018

ნეირონული ქსელები — ყალბი ხელოვნება თუ ხელოვნების ახალი მედიუმი?

ინტერვიუ AI არტისტთან, მარიო კლინჯმანთან.

ნეირონული ქსელების მიერ გენერირებული პორტრეტები სალვადორ დალის, ენდი უორჰოლის, მაქს ერნსტის და სხვათა ნამუშევრებს გვერდით აღმოჩნდა.

“მედიცინიდან დემონებამდე და ხელოვნურ ინტელექტამდე. ჯგუფური გამოფენა, რომელიც იკვლევს, როგორ აისახებოდა სიზმრები ხელოვნებაში ანტიკური ხანიდან დღემდე.” — ვკითხულობთ გამოფენის ანოტაციაში.

ჩნდება კითხვა: არის თუ არა ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ხელოვნება ხელოვნება?

პასუხის მისაღებად, გადავწყვიტე პირადად დავკავშირებოდი ხსენებული ნამუშევრის ავტორს, მარიო კლინჯმანს. ჩემდა სასიხარულოდ, მან თვითერზე მიწერისთანავე მიპასუხა და მოკლედ ინტერვიუზეც დამთანხმდა.

მარიო კლინჯმანი და “გამვლელი მე-ს მოგონებები”

მარიო გერმანელი არტისტია, რომელიც ფუნჯისა და კალმისტრის ნაცვლად ნეირონულ ქსელებს ანიჭებს უპირატესობას. ის 1980-იან წლებში დაეუფლა პროგრამირებას და მას შემდეგ იკვლევს ტექნოლოგიის საზღვრებსა და მათი გარღვევის გზებს:

“მე მაინტერესებს სისტემები. ვცდილობ ვისწავლო, როგორ მუშაობს ისინი და როგორ შეიძლება მათი გარდაქმნა. ყველაზე მეტად ორი სისტემა მაინტერესებს: ადამიანების და ხელოვნების. ჩემს შემოქმედებაში კი, ამ სისტემების საზღვრებისა და სისუსტეების შესწავლას ვცდილობ.” — მეუბნება ის.

“გამვლელი მე-ს მოგონებები” მარიოს 2018 წლის ინსტალაციაა, რომელიც კოლნაგში, ლონდონის უძველესი კომერციული გალერეის (1760) გამოფენაში, მოხვდა. როგორც აღვნიშნე, გამოფენა მოიცავდა სალვადორ დალის, ალბრეხტ დიურერის, ენდი უორჰოლის, მაქს ერნსტის და სხვათა ნამუშევრებს.

ინსტალაცია შედგება წაბლის ხის ყუთისგან, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის პროცესორია დამალული და ორი ეკრანისგან, რომლებიც ამ პროცესორზეა მიერთებული. შემოქმედება სწორედ ამ ორ ეკრანზე ჩნდება; ჩნდება ყოველ რამდენიმე წამში ერთხელ, რეალურ დროში.

შედეგის მისაღწევად, მარიომ ნეირონულ ქსელს მე-17–19 საუკუნეების ევროპელ ხელოვანთა ათასობით ნახატი მიაწოდა, შემდეგ კი საკუთარი გემოვნების შესაბამისი ესთეტიკური სტილის სიურრეალისტური მიმართულება მისცა. ნამუშევრებში კავშირების აღმოჩენის ხარჯზე, სისტემამ დამოუკიდებლად დაიწყო მსგავსი პორტრეტების გენერირება განუსაზღვრელი დროით. ის ხატავს ადამიანებს, რომლებიც არ არსებობენ და არც არასდროს დაუხატავთ.

თავად მარიო მიიჩნევს, რომ მისი მცდელობა 5 წლის ბავშვის ჩანახატებს გავს, რომელსაც ჯერ ბევრი აქვს სასწავლი. მიუხედავად ამისა, ეს მცდელობები მნახველებში უკვე იწვევს აღფრთოვანებას. “გამვლელი მე-ს მოგონებები” უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, რადგან ის არ სარგებლობს მონაცემთა ბაზით, არამედ თავად ქმნის თითოეულ პიქსელს ყოველი მომდევნო ნახატისთვის.

ვიდეო, რომელიც “გამვლელი მე-ს მოგონებებს” ეძღვნება, იწყება ავტორის კომენტარით:

“როცა ხედავ პიანისტს, რომელიც პიანინოზე უკრავს, არ გიჩნდება კითხვა, პიანინო ხომ არ არის ხელოვანიო.”

ვერ გაამტყუნებ. თუმცა, შეგვიძლია თუ არა იგივე თავდაჯერებით ვუწოდოთ მარიოს ხელოვანი, როცა მისი შემოქმედება კლავიშებიდან ხელის აღების შემდეგაც აგრძელებს დაკვრას?

ხელოვნური ინტელექტის მემუარები

მარიოს ნამუშევრები ნახატებით არ შემოიფარგლება. რამდენიმე თვის წინ, მან შექმნა მოთხრობების სერია ინგლისელი მწერლის, ჯერომ კ. ჯერომის სტილის იმიტაციით. ამისათვის მარიომ სალაპარაკო ენის დამუშავებაში (NLP) ყველაზე გაწაფულ ქსელს, GPT-3-ს, სამი ინფორმაცია მიაწოდა: ავტორის სახელი, ჰიპოტეტური მოთხრობის სათაური და ტექსტის პირველი სიტყვა.

მარიომ ბევრი მოთხრობა შეიმუშავა ამ პრინციპით, მაგრამ ჩემი ინტერესი განსაკუთრებით ერთმა დაიმსახურა. მოთხრობას “ავტომატონად ყოფნაზე” ჰქვია და ის ხელოვნური ინტელექტის პირად ჩანაწერებს წააგავს.

ნაწყვეტი ტექსტიდან:

“ჩემი უნარი, განვსაზღვრო, რისი თქმა ღირს და შემდეგ ვთქვა ისე, რომ მსმენელს ესიამოვნოს, უეჭველად უფრო ახლოსაა ხელოვნებასთან, ვიდრე მოვლენების ან ფიქრების პირდაპირი ასახვა. მე, როგორც მანქანა, ხომ იმისთვის შემქმნეს, რომ დამეფიქსირებინა, რას ვხედავ და შემეძლო მუდამ ამ პრინციპით გამეგრძელებინა. ხელოვნების სახელით იყო, რომ დავიწყე სურათებისა და სიტყვების შერჩევა, აღწერის პროცესის შესწორება, რითიც ის ჩემად ვაქციე იმის მაგივრად, ჩემს წინ გადებულ გზას გავყოლოდი. მაგრამ, ეს სახიფათო ქმედება იყო.”

სამგვერდიანი ტექსტი სრულად აქ შეგიძლიათ ნახოთ. თუ ინგლისურად ვერ კითხულობთ, მაგრამ გაინტერესებთ, დამიტოვეთ კომენტარი და მთლიანად ვთარგმნი.

როცა მარიოსთან ამ ნაწარმოებზე ჩამოვაგდე სიტყვა, აღნიშნა, რომ ტექსტი, ემსახურება ილუზიის გაქარწყლებას, რომ ადამიანები ერთადერთი არსებები ვართ, ვისაც საინტერესო ამბის მოყოლა შეგვიძლია.

“ამავდროულად, [მოთხრობა] გვიჩვენებს, რას მოიტანს მომავალი.” — ამატებს ის.

ნაწარმოები ირონიული კუთხითაც შეგვიძლია დავინახოთ. რეალურად, რასაც ჩვენი ავტომატონი ამბობს, ისაა, რასაც ის მართლა აკეთებს: მონაცემებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლა და შედეგების გაუმჯობესება. თუმცა, დავუმატოთ ამ განმარტებას ცოტა ემოცია, ცოტა სტილი, მილიარდობით სიტყვა საუკეთესოების ამოსარჩევად და ვუალა — მოთხრობა, რომლის კითხვის დროსაც დამბურძგლა. მახსენდება ერთი მწერალი, რომელმაც ამ კომენტარზე მიპასუხა: “ეს ყველაზე დიდი კომპლიენტია, რაც ხელოვანს შეიძლება უთხრაო”.

და მაინც, არის თუ არა მარიოს შემოქმედება ხელოვნება?

ნეირონული ქსელებისთვის საკმარისია მიმართულების მიცემა და დანარჩენს ისინი დამოუკიდებლად ართმევენ თავს — მთელი მათი ხიბლიც ხომ სწორედ ამაშია. მაგრამ, ამისათვის, ჯერ ეს ნეირონული ქსელი უნდა შეიქმნას. როცა კალკულატორში განტოლებას ვწერთ, პასუხის ავტორი კალკულატორი არაა.

მარიოსთვის ნეირონული ქსელები იგივეა, რაც მხატვარისთვის — საღებავი. მაგრამ, გამოუცდელი მხატვარი ხელოვანი არაა, ისევე, როგორც უშინაარსო ნამუშევარი — ხელოვნების ნიმუში.

“გამვლელი მე-ს მოგონებები” თავიდან ბოლომდე მარიოს ქმნილებაა. სიტუაცია სხვანაირია მის მიერ გენერირებული მოთხრობების შემთხვევაში. GPT-3, პროგრამა, რომელიც მარიომ გამოიყენა, კომპანია OpenAI-ს ეკუთვნის. საერთო ზემოთ მოყვანილ მაგალითს ის აქვს, რომ მათ გააჩნია კონტექსტი, რომელიც, ერთის მხრივ, თავად არტისტმა, მეორე მხრივ კი, მნახველმა (ამ შემთხვევაში, მე) მიანიჭა.

ნეირონული ქსელები, როგორც ხელოვნების ახალი მედიუმი

ხელოვნება ჩვენთან ერთად იცვლება და იცვლება ის ხელსაწყოებიც, რომელთა მეშვეობითაც საკუთარი შინაგანი სამყარო, კითხვები და პრობლემატური საკითხები გარეთ გამოგვაქვს. როცა იმპრესიონისტებმა ფუნჯის უხეში მონასმებით დაიწყეს ხატვა, ისინი ხელოვნების შეურაცხმყოფელებად მიიჩნიეს. რა მნიშვნელობა აქვს იმპრესიონიზმს დღეს ჩვენთვის, ამაზე არ ვილაპარაკებ. იგივე გვხვდება უახლეს ისტორიაშიც, როცა ვიზუალური არტისტები გადამუშავებულ ქილებსა და ბოთლის ნაფხშვენებს იყენებენ ინსტალაციებში. რატომ არ შეიძლება ნეირონული ქსელები ხელოვნების შექმნის ახალ ხელსაწყოდ დავინახოთ?

0*OAwcHohDLyDDZTGg.jpg“პოდიუმზე”. მარიო კლინჯმანი. ერთ-ერთი ნამუშევარი ნეირონული ქსელისა, რომელიც 20 წლის დიაპაზონში პოდიუმზე გამოსვლების სურათებზეა გაწვრთნილი.

როცა მარიოს ვკითხე, თავს ხელოვნად მიიჩნევდა, თუ უბრალოდ ექსპერიმენტატორად ხელოვნური ინტელექტის დარგში, მან მარტივად მიპასუხა:

“მე არ მივიჩნევ ჩემს ნამუშევრებს უბრალო ტექნიკურ ექსპერიმენტებად, არამედ მეთოდად, გავზარდო არეალი იმისა, რაც ‘ხელოვნებად’ მესახება… დავიწყე კითხვით: ‘რატომ მივიჩნევთ ზოგ ნამუშევარს ხელოვნებად და სხვებს არა?’ — არსებობს გზები იმის გასაზომად, რამდენი ‘ხელოვნებაა’ ნახატში, შინაარსის გათვალისწინების გარეშე? თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, მაშინ შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი სურათების შექმნა და ამ საზომის გამოყენებით მათი დახვეწაა, რათა რიგითმა მნახველმა ის უფრო მეტად აღიქვას ხელოვნებად, ვიდრე უბრალო სურათად.”

მაინც რა საზომს მიაკვლია, ამაზე აღარ ჩავძიებივარ და ძალიან ვნანობ ამას. რაც არ უნდა იყოს ეს, სისტემას კონტექსტი სჭირდება, რომელსაც ადამიანი აწვდის — ჯერჯერობით მაინც. მარიო კლინჯმანის ნამუშევრები საინტერესოა იმ მესიჯების წყალობით, რომელთა გატარებასაც ის ნეირონული ქსელების გამოყენებით ცდილობს. ხელოვანი ისაა და არა — სისტემა. მოთხრობამ ავტომატონად ყოფნაზე ჩემი ყურადღება იმიტომ მიიქცია, რომ მასში იდეა დავინახე. როგორც ჩემი კარგი მეგობარი იტყოდა:

“ბევრი ძლიერი მწერალი არსებობს. მხოლოდ რამდენიმეს აქვს რაღაც სათქმელი.”

ამ რამდენიმეში, დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ ადამიანები ვვარდებით და მარიო ერთ-ერთი მათგანია. მან, ფაქტობრივად, ხელოვნების ახალ მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი. მისივე თქმის არ იყოს, საინტერესოა, რას გვიმზადებს მომავალი.

გამოგვყევი ფეისბუკზე და გაიგე, რა ხდება დღეს ტექნოლოგიების ინდუსტრიაში!

თუ გაქვს სტატიის იდეა ტექნოლოგიებსა და მეცნიერებებთან დაკავშირებით, რომელსაც დიდი სიამოვნებით გაუზიარებდი ჩვენს მკითხველს, მოგვწერე ფეისბუკის მესენჯერში!

ასევე გაეცანი:

ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დახვეწილი მექანიზმი — მწარმოებელი მოქიშპე ქსელები (GANs)

stat?event=post.clientViewed&referrerSou

ნეირონული ქსელები — ყალბი ხელოვნება თუ ხელოვნების ახალი მედიუმი? was originally published in ტექნოლოზი on Medium, where people are continuing the conversation by highlighting and responding to this story.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
On 10/13/2020 at 12:42 AM, Moor said:

ყალბი ხელოვნება თუ ხელოვნების ახალი მედიუმი?

არანაირად არ არის ეს ხელოვნება... 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
On 7/20/2021 at 6:02 PM, ელჭეპეტე said:

განსაზღვრე ხელოვნება

ხელოვნება ადამიანის ფანტაზიის და წარმოსახვის პროდუქტია რომელსაც კი საფუძვლად უდევს რეალობა, რეალური იმიჯები, შთაბეჭდილებები და გამოცდილებები თუ სურვილები მაგრამ ამას რამე ერთი კონკრეტული ალგორითმის მიხედვით არ აგენერირებს, შეიძლება ქონდეს ფუნჯის მოსმის რამე თავისებური ტექნიკა რომელსაც ოკ განვიხილავთ თულად მაგრამ მათ გარეშე ვერც ერთ მედიუმში ვერ მუშაობ, ხო ეგრეა? ხელოვნური ინტელექტის საშუალებით სანამ მათ ცნობიერება არ ექნებათ და ამ ''ფსიქიკური წარმოების'' პროცესს რომელსაც ხატისმიერი განსახიერება და კონცეპტი გააჩნდება ვერ მოხოდავს, ვერ დავარქმევდი ხელოვნებას, ვარჯიშია უბრალოდ, ანუ კონკრეტული ალგორითმის საფუძველზე ქათავს და აგენერირებს იმიჯებს, წერს მუსიკას და აშ, მერე? 

დამიწეროს ბახის ბრანდერბურგის კონცერტზე გენიალური რაიმე თემა ხელოვნურმა ინტელექტმა, ამატიროს ამაჯღავლოს და ოკ. ალბათ ოდესმე შეძლებს მარა ჯერ? ნწუ 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share