Jump to content
×
×
  • Create New...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
bv.jpg 
 
2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები და დავალებათა ტიპები უცვლელი რჩება. რამდენიმე საგანში მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა და  მაქსიმალური ქულა შემცირდება. ეს ცვლილება შეეხება მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს.  
 
 
მათემატიკა
2021 წლის მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი - 51. 
ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო იქნება 3 სთ, მინიმალური ბარიერი კი - არანაკლებ 11 ქულისა (უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ). 
 
 
ფიზიკა და ქიმია 
ფიზიკისა და ქიმიის ტესტებზე სამუშაოდ გამოყოფილი იქნება 3 საათი, ხოლო მაქსიმალური ქულა - 63. 
სხვა საგნების ტესტებში ცვლილებები არ იგეგმება. 2020  წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული საგამოცდო ტესტების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
 
აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ მის ოფიციალურ ვებგვერდზე  და ფეისბუკ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე. ვთხოვთ მასწავლებლებსა და აბიტურიენტებს, რომ  არ ენდონ  სხვა საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულ გადაუმოწმებელ  ინფორმაციას.
 
-
 
ხშირად დასმული კითხვები - ღია კარის დღე
%E1%83%A5%20(1).jpg
 
 
1. რა ცვლილებებია წელს ტესტებთან დაკავშირებით?
2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები და დავალებათა ტიპები უცვლელი რჩება. რამდენიმე საგანში მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა და  მაქსიმალური ქულა შემცირდება. ეს ცვლილება შეეხება მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს.
 
მათემატიკა - 2021 წლის მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი - 51. 
ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო იქნება 3 სთ, მინიმალური ბარიერი კი - არანაკლებ 11 ქულისა (უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ). 
 
ფიზიკა და ქიმია - ფიზიკისა და ქიმიის ტესტებზე სამუშაოდ გამოყოფილი იქნება 3 საათი, ხოლო მაქსიმალური ქულა - 63. 
 
2. მათემატიკის ტესტი წელს გართულდა თუ პირიქით, გამარტივდა ამ ცვლილებების შედეგად?
მათემატიკის ტესტის სირთულე არ შეცვლილა, რადგან დავალებების შემცირების პროპორციულად შემცირდა საგამოცდო დროც. ვეცადეთ, გადაღლის ფაქტორი ყოფილიყო ნაკლები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათემატიკის ტესტი იქნება უფრო ადვილი, ვიდრე გასულ წლებში იყო. 
 
3. რეგისტრაცია როდის დაიწყება და როგორ გავიარო?
რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტში დაიწყება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე. ვადებთან დაკავშირებით დეტალები ყოველ წელს დაახლოებით მარტის პირველ რიცხვებში ქვეყნდება.
 
4. ქიმიის გამოცდაზე ცხრილები დაგვირიგდება?
დიახ, გამოცდაზე დაგირიგდებათ პერიოდულობისა და ხსნადობის ცხრილები. ასევე მეტალთა აქტიურობის მწკრივი.
 
5. ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტიდან ესე ამოიღეს?
არა, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს წელს არანაირი ცვლილება არ შეხებია.
 
6. სად მოვძებნო უმაღლესი სასწავლებლებისა და ფაკულტეტების ჩამონათვალი?
რეგისტრაციის დაწყებისთანავე ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება „ცნობარი აბიტურიენტებისათვის", რომელშიც მითითებულია ყველა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი და სხვა დეტალური ინფორმაცია, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცნოს თითოეული აბიტურიენტი. პროგრამების პირველადი ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
 
7. როგორც ცნობილია, ზოგიერთ  პროგრამაზე ისევ ოთხი საგანი ბარდება, რომელი საგნები იგულისხმება?
უმაღლესმა სასწავლებლებმა (რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ) უკვე განსაზღვრეს, საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია ცენტრის ვებგვერდზე, თუმცა დეკემბრის ბოლომდე უმაღლეს დაწესებულებებს უფლება აქვთ ამ ჩამონათვალში ცვლილებები შეიტანონ. პირველადი ინფორმაცია კი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
 
8. ჯანდაცვის მიმართულებით ნებისმიერ შემთხვევაში ოთხი საგნის ჩაბარება მოუწევს აბიტურიენტს?
ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. ბიოლოგია; 4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.
 
9. რა ხდება იმ პროგრამებზე, რომლებზეც შემოქმედებითი ტური ბარდება?
რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა, გრანტის მოსაპოვებლად კი დამატებით - მათემატიკა ან ისტორია.
 
10. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ისევ ზოგადი უნარების გამოცდა იქნება ჩასაბარებელი?
დიახ, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება.
 
11. როგორ მოხდება გრანტის გაცემა?
გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა, თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი მოითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა - ის ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ერთი კონკურსის ფარგლებში აბსოლუტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგ საგნებში მიღებული შედეგების შესაბამისად: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. ისტორია ან მათემატიკა (მესამე საგანი). მეორე კონკურსისას აბსოლუტური ქულის გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება შემდეგ საგნებში მიღებული შეფასებები: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. უმაღლესი დაწესებულების მიერ განსაზღვრული მეოთხე საგანი. აბიტურიენტი დაფინანსებას მიიღებს იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც იგი აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.
 
12. ჩასაბარებელი საგნებიდან რომელს მიენიჭება პრიორიტეტი გრანტის განაწილებისას?
მაღალი კოეფიციენტი (1.5) მიენიჭება ყველა საგანს, გარდა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, უცხოური ენებისა, რომელთა კოეფიციენტი იქნება 1.
 
13. თუ რომელიმე დამატებით საგანში (მაგალითად, ფიზიკის გამოცდაში) ჩავიჭერი, გრანტის აღების უფლება მაინც მექნება?
დიახ, ისტორიით ან მათემატიკით შეძლებთ გრანტის აღებას და ჩარიცხვების კონკურსშიც იმ სამი საგნით მიიღებთ მონაწილეობას, რომლებიც წარმატებით გექნებათ ჩაბარებული (ცხადია, მხოლოდ იმ პროგრამებზე განიხილება ჩარიცხვის საკითხი, რომლებზეც თქვენ მიერ ჩაბარებული 3 საგანია სავალდებულო).
 
14. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა მათემატიკის გამოცდაც ჩააბარა და ისტორიისაც სხვა ძირითად საგნებთან ერთად?
ამ შემთხვევაში აბიტურიენტი ჩარიცხვებსა და საგრანტო კონკურსში მონაწილეობს იმ საგნის ქულით (მათემატიკა/ისტორია), რომელშიც უკეთეს შედეგს მიიღებს/რომლის საფუძველზეც იგი გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.
 
15. თუ აბიტურიენტი ჩააბარებს დამატებით გამოცდას (მაგალითად, ქიმიას) და ჩაირიცხება იმ პროგრამაზე, რომელზეც ქიმია არ ბარდება, გამოადგება თუ არა მას ამ საგანში მიღებული ქულა?
თუ პროგრამა, რომელზეც აბიტურიენტი ჩაირიცხება, არ ითხოვს იმ დამატებით საგანს, რომელიც მან ჩააბარა, ამ საგნის შედეგს იგი ვერ გამოიყენებს ვერც ჩარიცხვისას და ვერც გრანტის მისაღებად.
 
16. კულინარიის პროგრამაზე რა საგნები ბარდება?
სავარაუდოდ, პროფესიულ ტესტირებას გულისხმობთ - კულინარიაზე ჩასარიცხად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება არ გჭირდებათ. თუ გაინტერესებთ პროფესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით ტესტის ნიმუში და ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე: naec.ge და vet.emis.ge. ბოლოს ეს გამოცდა შემოდგომაზე ჩატარდა, მომდევნო რეგისტრაცია კი,  სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყება. 
 
17. რა ცვლილებები შეეხო და რის ხარჯზეა შემცირებული მათემატიკის ტესტი?
წინა წლებში გამოყენებული მათემატიკის ტესტები შედგებოდა 40 (30 დახურული და 10 ღია ტიპის) დავალებისაგან. ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 59, ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კი - 3 სთ და 40 წთ; მინიმალური ბარიერი - არანაკლებ 12 ქულისა (უნივერსიტეტებს უფლება ჰქონდათ, უფრო მაღალი ბარიერი დაეწესებინათ). 2021 წლის გამოცდისთვის მათემატიკის საგამოცდო ტესტის ფორმატში შემდეგი ცვლილებებია დაგეგმილი: ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი -  51. ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ამოღებული იქნება პლანიმეტრიის 4-ქულიანი დავალება. 
 
18. პლანიმეტრიის დავალება საერთოდ იქნება ამოღებული ტესტიდან?
პლანიმეტრიის დავალებები არ არის ამოღებული ტესტიდან. არც საგამოცდო პროგრამა შეცვლილა. პლანიმეტრიის მხოლოდ ერთი დავალება, კერძოდ, 4 ქულიანი წერითი დავალებაა ამოღებული ტესტიდან. პლანიმეტრიიდან ტესტში იქნება როგორც ღია, ასევე დახურული დავალებები.
 
19. ფიზიკის, ბიოლოგიის, ქართულისა და ინგლისურის ბარიერები თუ შეიცვალა და რამდენია?
მინიმალური ზღვრების პროცენტული მაჩვენებლები არ შეცვლილა. აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
 
20. ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს თუ შეეხება წელს სიახლე და რაზე გავამახვილოთ ყურადღება?
არც ქართული ენისა და ლიტერატურის და არც არჩევითი საგნის - ლიტერატურის ტესტში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება. აბიტურიენტებს შეუძლიათ გაეცნონ ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კრებულს „როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის“. ამ კრებულში დეტალურადაა მოცემული გამოსაცდელებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია. აბიტურიენტებს ვურჩევდი, ყურადღებით გაეცნონ მას. მნიშვნელოვანია  გაითვალისწინოთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი და ყურადღებით გადაიტანოთ დავალებები კონკრეტულად მისთვის გამოყოფილ ადგილას. რაც შეეხება მხატვრული ტექსტის ანალიზს, აბიტურიენტმა გამოცდაზე შემოთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი და მხოლოდ ამ ტექსტის ანალიზი უნდა დაწეროს.  ხშირად აბიტურიენტები ვერ იღებენ სათანადო შეფასებას იმის გამო, რომ გულდასმით არ ეცნობიან ინსტრუქციებს. პირობის ზედმიწევნით დაცვა კი უმნიშვნელოვანესია გამოცდის წარმატებით დაძლევისათვის.
 
21. კონსერვატორიაში ან თეატრალურში გრანტის მოპოვება როგორ შემიძლია?
სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და მათემატიკა ან ისტორია. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ დააწესებს დამატებით გამოცდას (მათემატიკა/ისტორია), აბიტურიენტი უფლებამოსილია სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნებისათვის ჩააბაროს ერთ-ერთი მათგანი.
 
22. როგორც ვიცით, ქიმიის გამოცდას გარკვეული ცვლილებები შეეხო - შემცირდა საგამოცდო დრო და მაქსიმალური ქულა. რის ხარჯზე?
დავალებების რაოდენობის შემცირება იმ პრინციპით მოხდება, რომ საგამოცდო დრო სავსებით საკმარისი იყოს ტესტის შესასრულებლად და, ამასთანავე, შენარჩუნდეს ტესტის სირთულის დონე. ასევე შენარჩუნდება დავალებათა ტიპები, თუმცა მათი რაოდენობა შემცირდება. შემცირდება როგორც არჩევითპასუხებიანი, ასევე ღია დავალებების რაოდენობა. მაგალითად, თუ 75-ქულიან ტესტში იყო 30 არჩევითპასუხებიანი დავალება, 63-ქულიან ტესტში მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, 24 ან 25 იქნება. პროპორციულად შემცირდება ღია დავალებების რაოდენობაც. ბარიერი დარჩება 25%-იანი, თუმცა მაქსიმალური ქულის შემცირებასთან ერთად დაიწევს მინიმალური ქულების რაოდენობაც, კერძოდ, ბარიერის გადასალახად საჭირო იქნება მინიმუმ 16 ქულის დაგროვება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ უფლება, თავად დააწესონ უფრო მაღალი ბარიერი.
 
23. მინიმუმ რამდენი ქულა უნდა ავიღო, რომ გრანტი მოვიპოვო?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შედეგებს აჩვენებენ თქვენი კონკურენტები. 50-60%-იანი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში უკვე შეგვიძლია მინიმალურ დაფინანსებაზე ვიმსჯელოთ.
 
24. თუ გადათეთრება ვერ მოვასწარი, შავი ნაშრომი გასწორდება?
არა, შავი ნაშრომი არ სწორდება. გასწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელზე არსებული, თქვენ მიერ შესრულებული/გადატანილი დავალებები.
 
25. უფასო ფაკულტეტებზე თუ შეგიძლიათ, რომ ისაუბროთ?
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები ყოველ წელს აგვისტოს დასაწყისში მტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ. ამ ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ 2020 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტით. მნიშვნელოვანი ცვლილებები უფასო პროგრამების ჩამონათვალში წინა წელს არ შესულა.
 
26. გამოცდების ონლაინჩატარებას ხომ არ გეგმავთ?
არა, ერთიანი ეროვნული გამოცდების დისტანციურად, ელექტრონული ფორმატით ჩატარება არ იგეგმება.
 
27. ინგლისური ენის ტესტში რამდენი მოსმენის დავალება იქნება?
უცხოური ენის ტესტი ორი მოსმენის დავალებით იწყება. პირველი დავალება შედგება 5 მოკლე ტექსტისგან, მეორე კი - ერთი, შედარებით ვრცელი ტექსტისგან.  დავალების მოსმენა ხდება ორჯერ. ჩვენი რეკომენდაცია: თუ შეკითხვაზე გაგიჭირდათ პასუხის გაცემა პირველი მოსმენით, გადადით მომდევნო კითხვაზე და მეორე მოსმენისას გაეცით მას პასუხი. იხელმძღვანელეთ კრებულებით, რომლებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ უნდა შეასრულოთ დავალებები. კრებულის სანახავად უნდა შეხვიდეთ ცენტრის ვებგვერდზე და ზედა მენიუში ჩამოშალოთ ბმული - ერთიანი ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტებმა ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ არ დაწერონ პასუხების ფურცელზე სახელი და გვარი, ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, ამ შემთხვევაში დავალება არ გასწორდება და შეფასდება ნულით.
 
28. შეიძლება თუ არა ჩავაბარო ორი უცხო ენა, ან როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხო ენა?
 ორ უცხოურ ენას ვერ ჩააბარებთ. აბიტურიენტი ვალდებულია, ჩააბაროს ის უცხოური ენა, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამაზე არის მოთხოვნილი. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ორი ან მეტი უცხოური ენის მითითების შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია, ჩააბაროს დასახელებულთაგან ერთ-ერთი უცხოური ენის გამოცდა, რომელსაც თავად აირჩევს.  
 
29. რომელი საგნით მივიღებ გრანტს, თუ ისტორიასაც ვაბარებ და მათემატიკასაც?
გრანტი სამი საგნის მიხედვით გაიცემა. თუ ისტორია და მათემატიკა, ორივე  ბარდება პროგრამაზე, აბიტურიენტი გრანტს მიიღებს იმ არჩევითი საგნის შედეგით, რომლითაც უკეთესი დაფინანსების მოპოვების შანსი ექნება. გაითვალისწინეთ, რომ აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს ენიჭება წონა. საგამოცდო საგნის წონა ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის საგნებში არის 1, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.5.
 
30. ისტორიის ტესტში თუ შეიცვლება რამე?
ისტორიის გამოცდას წელს ცვლილება არ შეეხება. ტესტი ისევ 60-ქულიანია და საგამოცდო დრო 2 საათი და 40 წუთია. აბიტურიენტებს ვურჩევთ, ყოველთვის ყურადღებით გაეცნონ დავალების პირობას. ხშირად მათ ქულა იმის გამო აკლდებათ, რომ დასმულ კითხვას ძალიან ზოგადად პასუხობენ, როცა პირობა კონკრეტულ პასუხს ითხოვს მათგან. რაც შეეხება მომზადებას, შეუძლიათ გამოიყენონ გრიფირებული (XI-XII კლასების) სახელმძღვანელოები. არც ერთი საკითხი არ სცილდება იმ პროგრამის ჩარჩოებს, რომელსაც ჩვენ ვაქვეყნებთ ცეტრის ვებგვერდზე.
 
 
 
 
 
 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

აბიტურიენტებს 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება უჩვეულო სიტუაციაში უხდებათ და შესაბამისად ყველა ნიუანსზე ნერვიულობენ. მაგალითად როგორი წინადადებებით უნდა დაწერონ გამოცდის ტექსტი, რა ცვლილებებია კონკრეტული საგნის ტესტებში და ა.შ გთავაზობთ ინგლისური ენის გამოცდასთან დაკავშირებით, აბიტურიენტებისგან ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხებს.

თუ იქნება რაიმე სახის ცვლილება ინგლისური ენის გამოცდაზე?

უცხოური ენის ტესტში სიახლეები გასულ წელს შევიდა, შესაბამისად, წელს ამის საჭიროება არ ყოფილა, რადგან ტესტი სტრუქტურულად საკმაოდ დაბალანსებულია. უცხოური ენის ტესტი მოსმენის ორი დავალებით იწყება, რომელიც შედგება 5 მოკლე და ერთი შედარებით ვრცელი ტექსტისაგან. დავალების მოსმენა ხდება ორჯერ. ჩვენი რეკომენდაციაა: თუ შეკითხვაზე გაგიჭირდათ პასუხის გაცემა პირველი მოსმენით, გადადით მომდევნო კითხვაზე და მეორე მოსმენისას გაეცით მას პასუხი.  იხელმძღვანელეთ კრებულებით, რომლებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ უნდა შეასრულოთ დავალებები. აბიტურიენტებმა ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ არ დაწერონ პასუხების ფურცელზე სახელი და გვარი, ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი – ამ შემთხვევაში დავალება არ გასწორდება. წერით დავალებებში ჩვენ ვითხოვთ დაახლოებით 150 სიტყვას, შეგიძლიათ უფრო დიდი ტექსტიც დაწეროთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში იმატებს შეცდომების დაშვების ალბათობაც.

ინგლისური ენის თემაში უპირატესობას რთულად შედგენილ წინადადებებს ანიჭებთ, თუ მარტივად შედგენილს და კონტრარგუმენტები თუ არის საჭირო?

თქვენ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ რთული თანწყობილი და რთული ქვეწყობილი წინადადებები, თუ მაღალი ქულის მიღება გსურთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაწეროთ დაზეპირებული, შაბლონური ფრაზები. ნაწერში უნდა ჩანდეს თქვენი აზროვნება და პირადი დამოკიდებულებები. რაც შეეხება კონტრარგუმენტებს, ამის აუცილებლობა არ არის – რამდენიმე ლოგიკური არგუმენტის მოყვანაც საკმარისი იქნება.

უცხოური ენის მოსმენის დავალებასთან დაკავშირებით აბიტურიენტები ზოგჯერ პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ჩანაწერი კარგად არ ისმის. რამდენად შესაძლებელია, რომ ეს პრობლემა წლევანდელ აბიტურიენტებსაც გვქონდეს?

მოსმენის დავალების ჩასაწერად ცენტრი იწვევს ინგლისურენოვან სპეციალისტებს. ხმის ჩაწერა ხდება სპეციალური აპარატურით მაღალ დონეზე. თუ რომელიმე აბიტურიენტმა ჩათვალა, რომ მოსმენის დავალების გამო პრობლემა შეექმნა (ნებისმიერი მიზეზით), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის თაობაზე მეთვალყურეს, თუმცა ამ ტიპის პრეტენზიები, შეგვიძლია გითხრათ, რომ ძალიან მცირეა. აბიტურიენტს საშუალება აქვს ერთი და იგივე ტექსტი ორჯერ მოისმინოს.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share