Jump to content
×
×
  • Create New...

უძღები შვილის კვირა – საკვირაო ქადაგება (28.02.2021)


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

http://www.ambioni.ge/files/shio-mujiri.png

28 თებერვალს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარშო, უძღები შვილის კვირას, მრევლს ქადაგებით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

“დღეს არის დიდი მარხვის წინ მოსამზადებელი კიდევ ერთი კვირა, რომელსაც ეწოდება უძღები შვილის კვირა, ვინაიდან ყველა ეკლესიაში იკითხება უფალ იესო ქრისტეს იგავი უძღები შვილის შესახებ. ეს იგავი არის ცოდვის არსზე, ადამიანის სინანულზე, ღვთის დიდ სიყვარულსა და მოწყალებაზე.

ერთ კაცს ჰყავდა ორი ძე. უმცროსი შვილი მიდის მამასთან და ეუბნება: „მომეცი ჩემი წილი, რომელიც მეკუთვნის ჩემი სამკვიდრებლიდან, ჩვენი ოჯახიდან და წავალ შენგან. მე წინ მაქვს დიდი ცხოვრება“. ჩვენი სიტყვებით რომ განვავრცოთ, ძე ამბობს: „მე სავსე ვარ ჯან-ღონით, შენ შეიძლება დიდხანს იცოცხლო, მე კი როდემდე ველოდო, როდის მივიღებ ჩემს წილს. ამიტომ მომეცი ყველაფერი, რაც მეკუთვნის; თითქოს შენ აღარ არსებობს, მე წავალ შენგან და ჩემს ცხოვრებას ავაწყობ, მივხედავ“. დაახლოებით ამას ნიშნავს ის სიტყვები, რომელსაც წარმოთქვამს ძე.

მამაც უსრულებს ამ თხოვნას. მოგეხსენებათ, მამაში იგულისხმება მამაზეციერი, ხოლო – ძეებში, შვილებში, ყოველი ჩვენგანი, მთელი კაცობრიობა. სახარების ამ იგავიდან ჩანს, რომ ადამიანს შეუძლია ის ნიჭები, რომელთაც ღმერთი აძლევს, სხვადასხვაგვარად მოიხმაროს. მას აქვს იმის თავისუფლება, რომ უარი უთხრას ღმერთს, განუდგეს მას, მაგრამ იგავი გვასწავლის, რა ემართება შემდეგ ასეთ ადამიანს.

მართლაც, შვილი შეკრებს თავის ქონებას და მიდის შორეულ ქვეყანაში, დასალიერში. ესეც იგავური თხრობის ფორმაა – „შორეული ქვეყანა“ ის ადგილია, სადაც ღმერთი არ არის. ძე, ნაცვლად იმისა, რომ გაემრავლებინა, მთელ ქონებას გაფლანგავს და გაკოტრდება, ხელი მოეცარება. ეს იგავი მოგვითხრობს, თუ რა ემართება ადამიანს, რომელიც ცდილობს თავისი ცხოვრება ღვთის გარეშე მოაწყოს, მიატოვოს ღმერთი და იფიქროს, რომ თავად, ღვთისგან დამოუკიდებლად შეუძლია საკუთარი ცხოვრების მოწყობა. ე.ი. ამ ძეს მოუნდა დამოუკიდებლობა ღვთის გარეშე.

რატომ განაბნია შვილმა ქონება? როგორც სახარება გვასწავლის, იგი „არაწმინდებით ცხოვრობდა“. ამას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკლესიაშიც ხშირად ვხედავთ, განსაკუთრებით – ჩვენ, მოძღვრები.
ძალიან ხშირად მოდიან ეკლესიაში მეტ-ნაკლებად ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ უღმერთოდ, ღვთის კანონების გარეშე იცხოვრეს, შედეგად კი დაენგრათ და გაუკოტრდათ მთელი ცხოვრება. მათ უნდათ გამოსწორება, მაგრამ უკვე გვიანია და აღარ იციან, როგორ გამოასწორონ ეს ყველაფრი; ხვდებიან, რომ მთელი მათი წინა ცხოვრება იყო არასწორი და მცდარი. ჩვენ ამას ვხედავთ ეკლესიაშიც, საერთოდ, ცხოვრებაშიც, ვხედავთ, როგორ გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, როგორი გაუწვრთნელნი არიან შვილები, როგორ აკლიათ ადამიანებს ბედნიერება და ეს ყველაფერი სწორედ ამ მიზეზის გამო ხდება.
სახარება მოგვითხრობს: შემდეგ ისე გაუჭირდა შვილს, რომ უცხო ქვეყანაში მოჯამაგირედ, ღორების მწყემსად დაუდგა ერთ ადგილობრივ კაცს. ისეთი შიმშილი ჩამოვარდა იმ ქვეყანაში, რომ ძე ნატრობდა, ღორების საჭმელი მაინც ეჭამა, მაგრამ ამასაც არ აძლევდნენ, რადგან ესეც ფული ღირდა ამ შორეულ ქვეყანაში.
ძვირფასო ძმებო და დებო, რა ქვეყანაა ეს „შორეული ქვეყანა“? ვიმეორებ, ეს არის ღვთისგან მოშორებული ქვეყანა, ანუ ჯოჯოხეთი, თუ გნებავთ, ის მდგომარეობა, რომელშიც ვარდება, საკუთარ თავს იდგებს ადამიანი, რომელიც ღმერთს უარს ეტყვის და შორდება. ღორები, რომელთაც ძე მწყემსავდა, ადამიანის ვნებებია. ამ ვნებებს ადამიანი მწყემსავს და კვებავს.
რატომ არის ეს ვნებები ღორებს შედარებული? იმიტომ, რომ ვნებები, როგორებიცაა – მრისხანება, სიძვა, ნაყროვანება, სევდა, მოწყინება, ვერცხლისმოყვარეობა და სხვა – გაუმაძღრები არიან. ადამიანს ჰგონია, რომ უნდა დაიკმაყოფილოს ეს ვნებები, რათა თითქოს დაიოკოს ისინი, მაგრამ, სინამდვილეში, ვნებები არასოდეს კმაყოფილდებიან. რაც უფრო იკმაყოფილებს ადამიანი ამ ვნებებს, მით მეტად გაუმაძღარი ხდებიან ისინი. სწორედ ამიტომ არის ღორს შედარებული ვნება. ვნებების დამარცხების ერთადერთი გზა არის ამ ვნებებთან ბრძოლა.

ვნებათა შორის უპირველესი არის ამპარტავნება; ყველა ვნება მისგან მომდინარეობს. მართლაც, ამპარტავნებაა, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ მას შეუძლია ღმერთის გარეშე წარმართოს თავისი ცხოვრება, წარმართოს თავისი ოჯახი, თავისი სახელმწიფო და საზოგადო ცხოვრება, რადგან რაც უნდა ინტელექტუალური იყოს ადამიანი, თუ მას აქვს ასეთი კადნიერება და ამპარტავნება, ის მაინც სისულელემდე მიდის. ასეთი ბევრი ადამიანი ვიცით; შეიძლება ინტელექტუალური იყოს, მაგრამ უბრალო ხალხიც კი ხედავს, როგორი სისულელეები ემართება მრავალ მათგანს. რატომ? იმიტომ, რომ მიზეზი არის ერთი – ისინი უარს ამბობენ ღმერთზე. რა თქმა უნდა, ეს არის სისულელის ნიშანი და არალოგიკური საქციელი, რადგან ღმერთის შექმნილია ცხოვრებაც, ოჯახიც, ყველაფერი.

იგავში ხომ გარკვევით წერია სიტყვები, რომელთაც ძე ამბობს: „რაც მე მეკუთვნის“, ანუ ყველა ნიჭი, რაც მამის – ღმერთის არის. ადამიანი როცა იფიქრებს, რომ ეს მისია, მისი კუთვნილებაა, თავად, დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს ის, რა თქმა უნდა, ამ სისულელემდე მიდის და, საბოლოოდ, სრულიად მარცხდება.
ძეს შორეულ ქვეყანაში ღორების საჭმელიც კი ენატრება. სახარება გვიამბობს: ამ ვითარებას, ასეთ დიდ გაჭირვებას, რომ ეჯახება, იგი გონს მოდის.
რას ნიშნავს ეს? მანამდე არ იყო გონზე? – ძე ხვდება, რომ ის მიზნები, რომლებიც მას აქამდე ჰქონდა, უაზრო, არასწორი იყო და გონს მოდის, ანუ სინანულში ვარდება, ინანიებს თავის სულელურ მიზნებს, რომელთა გამოც მან მამის სახლი დატოვა, ახსენდება ყველაფერი და ამბობს:
„მე აქ შიმშილით ვკვდები, მამაჩემის სახლში კი მოჯამაგირეებსაც თავზე საყრელად აქვთ პური და საჭმელი. მოდი, დავბრუნდები მამაჩემის სახლში, მივალ მასთან და ვეტყვი: – მამა, მოვედი შენთან. მე არ ვარ ღირსი, შენი შვილი მეწოდოს; მიმიღე, როგორც ერთი მოჯამაგირე“.
ასე რომ, ეს კაცი გონს მოდის, მაგრამ აქაც გრძელდება იგავური თხრობა: არ არის საკმარისი მარტო გონს მოსვლა ადამიანისა, გონს მოსვლასთან ერთად, შემდეგ საჭიროა ქმედებაც, ანუ მამასთან მისვლა, ისე, როგორც ძემ გადაწყვიტა წასვლა და თავის დანებება იმ ცხოვრებისათვის, რომლითაც შორეულ ქვეყანაში ცხოვრობდა, მამასთან მისვლა და იმის თქმა, რაც სახარებაში წერია: „ღირსი არ ვარ“.
ასეთივე სიტყვები მოვისმინეთ წინა კვირას წაკითხული სახარებიდან „მეზვერისა და ფარისველის იგავში“, როცა მეზვერე ამბობს: „ღირსი არ ვარ, ზეცაში ავიხედო“. აქაც იმავეს ვკითხულობთ, გრძელდება მომზადება დიდი მარხვისთვის, რომ „ღირსი არ ვარ, შენი შვილი მეწოდოს“ და ძე გონს მოდის.
რამ მოიყვანა იგი გონს? – დიდმა გასაჭირმა და განსაცდელმა. ერთი მხრივ, ცუდია გასაჭირი, განსაცდელი, შიმშილი, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეიძლება გახდეს საწინდარი გონს მოსვლისა, ადამიანი ხედავს, რა დაკარგა, რა არის ნამდვილი ფასეულობა, საით უნდა წავიდეს, სად არის ის სიცოცხლე, ძე იწყებს მართებულ აზროვნებას და ფიქრობს, რომ ღირსი არ არის, ღვთის შვილი ეწოდოს. იგი გამოსწორდა, ანუ გაცოცხლდა ადამიანი. თქვენ ხომ კარგად გესმით – ის მარტო საჭმლისთვის კი არ მიდის მამასთან, არამედ იგავი გვიამბობს სინანულის შესახებ, რომელიც გულისხმობს ყველაფერს.

და აი, ნახეთ, როგორ ეგებება მას მამა! როგორი მოსიყვარულია ღმერთი ყველა ცოდვილი, ყველა დაცემული ადამიანის მიმართ! ძე რომ ბრუნდება, მამა დაინახავს მას თავისი ეზოდან, იცნობს და პირველი გაიქცევა შვილის შესაგებებლად; არ ელოდება, რომ ის მოვა შინ, არამედ თავად გარბის პირველი, მოეხვევა, გულში ჩაიკრავს, ეფერება, კოცნის, ძე კი იმეორებს სიტყვებს: „მამა, მე არ ვარ ღირსი, შენი შვილი მეწოდოს, მიმიღე ერთ-ერთ შენს რიგით მოჯამაგირედ“.

რა თქმა უნდა, მამას არ შეუძლია, მოჯამაგირედ მიიღოს იგი, რადგან მისი შვილია, რაც უნდა დაცემული და ცოდვილი იყოს ადამიანი, მასში მაინც შენარჩუნებულია ღვთის ხატება, ღვთის შვილება, როგორც მოცემულობა, როგორც იმედი გადარჩენისა, სინანულისა და აღდგინებისა. ასე რომ, მამას – ღმერთს – არ შეუძლია შენ მოჯამაგირედ დაგაყენოს.

აი, ასეთ საოცარ იგავს ვკითხულობთ სახარებაში. შემდეგ მამა ამბობს: „გამოიტანეთ სამოსელი პირველი და ჩააცვით მას“, ანუ საუკეთესო სამოსელი, რადგან დაძონძილი და გაუბედურებლი ბრუნდება შვილი. „გაუკეთეთ მას ბეჭედი ხელზე“ – თქვენ იცით, ძველად არ იყო პირადობის მოწმობები, ბეჭედი, ბეჭდის დაბრუნება იყო ნიშანი ამ შვილობის ღირსებისა. „ჩააცვით ფეხსაცმელი და დაკალით „ჭამებული“ – ნასუქი ხბო, მოზვერი, რომ გავმართოთ ნადიმი“, – ამბობს მამა.

მართლაც, მამა მართავს ნადიმს. აქ ხატოვნად არის გადმოცემული ღვთისა და მონანული ცოდვილის შეხვედრის სიხარული. სახარებაში ვკითხულობთ, რომ უფალს სიხარულის გამოსახატავად არაერთგზის გამოუყენებია ნადიმის მაგალითი და აქაც ამბობს, რომ შვილის შესახვედრად მამამ ნადიმი გამართა.
მრიგად, ასეთი საოცარი იგავია დღეს სახარებაში მოთხრობილი. ეს არის იგავი სინანულზე – რა არის ჭეშმარიტი გზა ადამიანის გადარჩენისთვის, თუ ადამიანს უნდა, რა თქმა უნდა. არავინ აძალებდა უძღებ შვილს, როცა ის მამისეული სახლიდან მიდიოდა, მაგრამ არც არავინ იჭერდა, არავინ უთხრა, არ წასულიყო. როდესაც გაუჭირდა და შიმშილობა დაიწყო, ასევე არავინ დააძალა, დაბრუნებულიყო მამის სახლში. ეს ყველაფერი ნებაყოფლობითი იყო. ეს ადგილიც ამას გულისხმობს: ვისაც უნდა, მისთვის არის ეს ყველაფერი და ეს ნადიმი გამზადებული.

ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი სახარებიდან ჩანს, თუ რა არის მთავარი აზრი ცხოვრებისა. სწორედ ეს არის აზრი, რომ მოხდეს შეხვედრა მონანული ცოდვილისა და უფლისა, ჩვენი შეხვედრა მამასთან ისე, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენი ცხოვრება მუდმივად გაგრძელდეს მამა ღმერთთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან ერთად; წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ცხოვრებაც უაზრობა იქნება, როგორი უაზროც იყო უძღები შვილის მთელი საქმიანობა.

გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

დღეს ჩვენც ცოდვილები, სახარებისეული უძღები შვილები ვართ, ამიტომ ინებოს უფალმა, ამ განწყობით დავიწყოთ დიდმარხვა, ნამდვილად მოვინანიოთ და ვეცადოთ, ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ, მოვინანიოთ, რომ ისე არ ვცხოვრობდით, როგორც ღმერთის შვილს უნდა ეცხოვრა სინამდვილეში. მხოლოდ ის არ მოვინანიოთ, რომ რაღაც არ ვჭამეთ, ან ზედმეტი ვჭამეთ, ან სადღაც არასწორად დავდექით და რაღაც სათანადოდ ვერ წავიკითხეთ, ჩვენ თითქოს კოღოს ვწურავთ, პიტნაკს და ცერეცოს ვწონით და ვითვლით, ამ დროს კი არ ვამბობთ მთავარს, რომ „ჩვენი ცხოვრებით, აზროვნებით არ ვარ შვილი, ამიტომ არ ვარ ღირსი, შვილი მეწოდოს და მიმიღე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მონა და მსახური“. ეს არის საწინდარი, რომ უფალი დაგვიბრუნებს შვილობის ღირსებას.

ამრიგად, უძღები შვილის იგავში ჩანს, თუ რა არის სათნო მამაზეციერისთვის, რა უნდა მას ჩვენგან, რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო-ვეყოთ უფალსა ჩვენსა – მამასა და ძესა და სულსა წმინდასა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!“

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share