Jump to content
×
×
  • Create New...

„გაცვლითი პროგრამა ცხოვრებაში საუკეთესო, განუმეორებელ მოგონებებს ტოვებს“ – ილიაუნის სტუდენტის მონათხრობი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ზურა ცირამუა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან MBA-ზე სწავლის გაგრძელების შემდეგ გაცვლითი პროგრამით უფსალას უნივერსიტეტში მოხვდა. ზურა შვედეთში ცხოვრებისა და სწავლის გამოცდილებას გვიზიარებს, ავლებს პარალელებს ქართულ და შვედურ მიდგომებს შორის. როგორც აღნიშნავს, გაცვლითი პროგრამები ის შესაძლებლობაა, რაც ყველა სტუდენტმა უყოყმანოდ, ნებისიერ ფასად უნდა გამოიყენოს.

„უფსალას უნივერსიტეტი რეიტინგით საუკეთესოა შვედეთში და მსოფლიოს ტოპ ასეულიდან ერთ-ერთია.

იქ სწავლის პერიოდში ვმუშაობდი ბევრ სხვადასხვა სამსახურში, ბევრ პროექტსა და სტარტაპზე. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ის გამოცდილება, რაც გაცვლითი პროგრამით დავაგროვე, ძალიან დამეხმარება მომავალში, როგორც კარიერულ წინსვლაში, ისე პიროვნულადაც.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვსწავლობდი 4 საგანს: გლობალურ ფირმას, საერთაშორისო ბიზნესს, ბიზნესის კვლევის მეცნიერულ მეთოდებს, ბიზნესანალიზსა და მენეჯერულ გადაწყვეტილებებს. თითოეულ საგანს ნამდვილი პროფესიონალები მასწავლიდნენ. ლექციებს მეტწილად სხვადასხვა წიგნებისა თუ პუბლიკაციების ავტორები გვიკითხავდნენ.

სიმართლე გითხრათ, მსგავსება ჩვენს განათლების სისტემასთან ალბათ მინიმალურია.

ორ მთავარ განსხვავებას გამოვყოფ: ჩვენთან საგნებს ირჩევ და მთელი სემესტრის განმავლობაში სწავლობ. შვედეთში იღებ გარკვეული რაოდენობით საგნებს და სწავლობ რაღაც პერიოდის განმავლობაში. ერთის დასრულების შემდეგ მოდის მეორე საგნის დრო და ა.შ.

ერთ საგანს ერთი ლექტორი არ გიკითხავს. თემების მიხედვით იცვლებიან ლექტორები. მგონია, რომ ეს უზრუნველყოფს სწავლების მაღალ ხარისხს, რადგან თითოეულ თემას, საკითხს, ამ მიმართულებით სპეციალიზებულ პროფესიონალთან გადიხარ.

ასევე განსხვავებულია შეფასების სისტემა, ჩვენთან თუ 100-ქულიანია შეფასება, იქ რეალურად მხოლოდ 3 შეფასებაა: ჩაჭრა, ჩაბარება და წარჩინებით ჩაბარება. შესაბამისად, არავინ ან ძალიან მცირე ნაწილი ცდილობს მხოლოდ ქულებისთვის “დაზუთხვას”, რაც ჩვენთან ხშირია. იქ უფრო რეალური ცოდნისთვის სწავლობენ.

სწავლა რთულია, მაგრამ ჩაჭრის შემთხვევაში, შეგიძლია ორჯერ, სამჯერ ხელახლა ჩააბარო. მთელი სისტემა ისეა აწყობილი, რომ ცოდნა მიიღო და საგნის ჩაბარება შეძლო. ასევე განსხვავებულია სტუდენტების დონეც, რაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

უფსალას უნივერსიტეტში სტუდენტი დავალებებს აუცილებლად წერს, აუცილებლად სწავლობს. მთავარი საკითხია, რამდენად კარგად გამოსდის ეს, რამდენად პროდუქტიულია, უნარიანი, ნებისყოფიანი და შეუძლია თუ არა წნეხს გაუძლოს. სტუდენტს ყოველდღე დაახლოებით 70–80 გვერდი მაინც აქვს წასაკითხი.

ყველაზე საინტერესო საგანს Business Analysis and Managerial Action ერქვა – ბიზნესის ანალიზი და მენეჯერული გადაწყვეტილებები. ღრმად გავიარეთ ადამიანის გადაწყვეტილებების მიზეზები. გვიწევდა უამრავის სტატიისა და მასალის წაკითხვა და საგნის სიღრმისეულად შესწავლა.

გარდა სწავლისა, ჩემი გამოცდილება გამორჩეული იმ ადამიანებმა გახადეს, რომლებთანაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დავმეგობრდი. 12-13 ადამიანი პრაქტიკულად ოჯახივით ვცხოვრობდით, დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებდით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ერთ-ერთ ნაცნობობას – გოგოს, რომელიც გავიცანი წვეულებაზე. მისმა საქციელმა ერთდროულად გამაკვირვა და გამახარა. მისი მშობლები საქართველოში ცხოვრობენ სამსახურის გამო, ამიტომ მასაც ხშირად უწევდა საქართველოში ყოფნა და თავს უფრო ქართველად თვლიდა, ვიდრე შვედად. საქართველოს ისტორიას იდეალურად იცნობდა. შვედეთში ასეთი ადამიანის ნახვა ნამდვილად სასიამოვნო იყო.

ყველა სტუდენტს ვურჩევ, რომ ის შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი გვთავაზობს გაცვლითი პროგრამების სახით, აუცილებლად გამოიყენოს. თუ სხვანაირად არ გამოდის, მიატოვეთ სამსახური, უარი თქვით კომფორტზე და აუცილებლად წადით. არაფრის შეგეშინდეთ. უმეტეს შემთხვევაში, გაცვლითი პროგრამა ცხოვრებაში საუკეთესო, განუმეორებელ მოგონებებს ტოვებს და გამოცდილებას გვძენს. უკან სხვა ადამიანი დაბრუნდებით, უფრო თავდაჯერებული, საკუთარ თავში დარწმუნებული, პიროვნულად გაზრდილი, უამრავი მოგონებითა და მეგობრით სავსე და ეს თქვენ ცხოვრებაში წარმატებას მოიტანს”, – ყვება ილიაუნის წარჩინებული სტუდენტი.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   314 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 314 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(2)
    • Chrome(15)
    • YandexBot(1)