Jump to content
×
×
  • Create New...

სკოლებში სამედიცინო პუნქტების ასამუშავებლად 31 მილიონი, შემდგომ წლებში კი 9,5 მლნ ლარი იქნება საჭირო – ახალი დეტალები


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

როგორც ცნობილია, “ზოგადი განათლების შესახებ კანონში” ცვლილება იგეგმება, რომელიც ყველა საჯარო და კერძო სკოლას სამედიცინო პუნქტის ქონას ავალდებულებს. ინიციატივა წინა მოწვევის პარლამენტმა დაარეგისტრირა და მე-10 მოწვევის პარლამენტი მას ახლა დაამტკიცებს.

„კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სკოლებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებას სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება ყველა სკოლაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებაზე და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მათ აღჭურვაზე. გარდა ამისა, სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობის ვალდებულება უნდა გავრცელდეს კერძო სკოლებზეც“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დოკუმენტის თანახმად, დღეისათვის, საჯარო სკოლის 2500 შენობიდან სამედიცინო კაბინეტი 532-ში ფუნქციონირებს, სადაც დასაქმებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი. ასევე, დღეის მდგომარეობით, სკოლის ექიმი სკოლის შტატგარეშე თანამშრომელია, რომლის ანაზღაურება შეადგენს 395 ლარს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე წერია, რომ ცვლილება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის როგორც შემოსავლით,  ასევე ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, საჯარო და კერძო სკოლების სამედიცინო პუნქტებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი მიიღებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ანაზღაურებას და შესაბამისად გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს, რაც სამედიცინო პუნქტების ყველა სკოლაში ამოქმედების შემდეგ წელიწადში დაახლოებით 224 000 ლარია.

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, როგორც კანონპროექტში წერია, 2023 წლის პირველ იანვრამდე, სამედიცინო პუნქტები უნდა შეიქმნას საჯარო სკოლის 2000 შენობაში (ზოგიერთ საჯარო სკოლას გააჩნია ორი შენობა. მათ შორის არის რამდენიმე სკოლა, რომელთა შენობები ერთმანეთისაგან საკმაო მანძილით არის დაშორებული, რის გამოც საჭირო იქნება ორი სამედიცინო პუნქტი). თითოეული სამედიცინო პუნქტის აღჭურვას ესაჭიროება საშუალოდ 5000 ლარი, რომელშიც შედის ინვენტარი (მაგიდა, სკამები, კარადა, სპეციალური ინვენტარი და ა. შ.) აგრეთვე აუცილებელი სამედიცინო პრეპარატები.

„შესაბამისად, დარჩენილი შენობების სამედიცინო პუნქტებით აღჭურვისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით საჭირო იქნება დაახლოებით 10 000 000 ლარის გამოყოფა. ამ თანხით სამედიცინო პუნქტების შექმნა და აღჭურვა მოხდება ეტაპობრივად ორი წლის განმავლობაში, 2021 და 2022 წლებში“, – ვკითხულობთ კანონპროექტში.

პარლამენტის დეპუტატის, კანონპროექტის წარმდგენი და მომხსენებელი ლადო კახაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროსთან გავლილი და შეთანხმებულია ყველა ის პუნქტი, რომელიც ამ პროექტის ფინანსურ მხარეს შეეხება.

„ფინანსთა სამინისტროსთან გავლილი და შეთანხმებულია ყველა ის პუნქტი, რომელიც ამ პროექტის ფინანსურ მხარეს შეეხება. ერთჯერადი დანახარჯი შეადგენს 31,7 მილიონ ლარს, რომელშიც შედის ამ ორივე წლის პოტენციალის ათვისება. სახელფასო ფონდი შეადგენს 9,2 მილიონ ლარს, რომელიც ჯერ-ჯერობით მესმის რომ მოკრძალებულია”, – განაცხადა ლადო კახაძემ კანონპროექტის მეორე მოსმენაზე.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურებისათვის საჭირო ფინანსებს, კანონპროექტის ავტორების გათვლით, მცირეკონტინგენტიან სკოლაში შესაძლებელია დასაქმდეს სამედიცინო პერსონალის ერთი წარმომადგენელი. შრომის ანაზღაურებისათვის საჭირო სახსრების ოდენობა, თუ თითოეულ შენობაში დასაქმდება ერთი პირი, შეადგენს საშუალოდ 9 480 000 ლარს წელიწადში.

„კანონპროექტით გათვალისწინებული სამედიცინო პუნქტების ყველა საჯარო სკოლაში ფუნქციონირებისათვის საჭიროა საშუალოდ 19 480 000 ლარი. აქედან დაახლოებით 10 000 000 ლარი ერთჯერადი ხარჯია. შემდეგ წლებში საჭირო იქნება მხოლოდ ინვენტარისა და მედიკამენტების განახლების ხარჯები. 9 480 000 ლარი საჭირო იქნება ყოველ საბიუჯეტო წელს სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურებისათვის“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

როგორც ინიციატივის ავტორები ვარაუდობენ, 2021 წელს 2000 შენობიდან სავარაუდოდ მხოლოდ 30-40% – ში მოხერხდება სამედიცინო პუნქტის შექმნა და პერსონალის შერჩევა, ვინაიდან დასამტკიცებელი იქნება სამედიცინო პერსონალის სტანდარტი და სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესი. შემდეგ 2022 წელს კი, ყველა შენობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამედიცინო პუნქტით. შესაბამისად, ორ წელიწადში უნდა დაიხარჯოს დაახლოებით 19 480 000 მლნ ლარი. ხოლო მესამე და შემდგომ წლებში მხოლოდ 9 480 000 ლარი, სამედიცინო პერსონალის ხელფასებისათვის.

კანონპროექტს ფინანსური გავლენა კერძო სკოლებზეც ექნება, ვინაიდან მათ საკუთარი სახსრებით მოუწევთ სამედიცინო პუნქტის მოწყობა და აღჭურვა, ასევე სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურებაც.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს პარლამენტის განათლების კომიტეტმა დღეს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ერთხმად მიიღო. მესამე მოსმენა უკვე პლენარულ სხდომაზე გაიმართება და საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს დაამტკიცებს.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   31 all people including: 1 წევრი, 4 ანონიმური, 26 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • Googlebot(3)
    • YandexBot(3)
    • t-90